როგორ უნდა დატოვოთ ყველა ჯგუფი ფეისბუქზე ერთდროულად

ფეისბუქის მომხმარებლებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფებში ავტომატური დამატება. ზოგიერთი მომხმარებელი ასობით ჯგუფის წევრია და ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს ამ ჯგუფში გავრცელებულ პოსტებზე.

ფეისბუქის ფუნქციებში არ არის ყველა ან რამდენიმე ჯგუფის ერთდროულად დატოვების ფუნქცია, რის გამოც ფეისბუქის მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას.

ამ პრობლემის გადაწყვეტის გზამკვლევი ვიდეო YouTube-ზე მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა. ვიდეოს ავრცელებს i LOVE YOUTUBE-ის სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი.

ინსტრუქცია მარტივია, Google Chrome-ის ბრაუზერით უნდა გახსნათ თქვენი ფეისბუქგვერდი, ხოლო მეორე ფანჯარაში გახსენით მისამართი chrome.google.com . მისამართზე გადასვლის შემდეგ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ Toolkit For Facebook და დაამატოთ [ADD TO CHROME].

ტუტორიალი 1

ტუტორიალი 2

დამატების შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება სიმბოლო, რომელზეც გადახვალთ და აირჩევთ ფუნქციას – Removal Tools. აქ უკვე სხვადასხვა ფუნქცია, რომლებიც შეგიძლიათ აირჩიოთ. მათ შორისაა: Unlike All Facebook Pages [აღარ მომწონს ყველა ჯგუფი], Unfriend All Facebook Friends [ყველა მეგობრის წაშლა], Leave All Facebook Groups [ყველა ჯგუფის დატოვება], Unfollow All Facebook Friends [ყველა მეგობრის გამოწერის გაუქმება] და სხვა. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა აირჩიოთ Leave All Facebook Groups – „ყველა ჯგუფის დატოვება“.

ტუტირიალი3

ტუტორიალი4

ამის შემდეგ გადახვალთ ფეისბუქგვერდზე და დაეთანხმებით მოთხოვნას. რამდენიმე წუთში თქვენ ყველა ჯგუფს ერთდროულად დატოვებთ. აღსანიშნავია, რომ ეს ხერხი არ იძლევა რომელიმე ჯგუფის გამორჩევის  შესაძლებლობას, ამიტომ თქვენთვის სასურველ ჯგუფებში ხელახლა უნდა გაწევრიანდეთ.

ტუტორიალი ბოლო

 

შიდა აუდიტის დასკვნა “აჭარის ტელევიზიაში”

“მაუწყებელში არსებული საბიუჯეტო კონტროლის სისტემები არაეფექტურია” – წერია დასკვნაში, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს” შიდა აუდიტმა დადო. ახალ დასკვნაში აქცენტირებულია მაუწყებლის ბიუჯეტი, რომელიც ჯერ კიდევ მუხლობრივად იწერება და არ არსებობს მისი პროგრამული ნაწილი. გარდა ამისა, გამიჯნული არ არის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტი. აუდიტი ხაზს უსვამს ზოგად პრინციპს, რომ მუხლობრივი ბიუჯეტით ძირითადად ხარჯების გათვალისწინება ხდება, პროგრამულით კი წინასწარ ხდება იმის განსაზღვრა, რამდენად ეფექტური იქნება ესა თუ ის ხარჯი.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს მუხლობრივი ბიუჯეტის კონტროლის არაეფექტურობაზეც: “კონტროლის მექანიზმების უმეტესობა მექანიკურია და აღმოჩენითი ხასიათის… ავტომატური და პრევენციული კონტროლის მექანიზმები მაუწყებლის შიგნით პრაქტიკულად არ არსებობს” – აღნიშნულია დასკვნაში.

“მართალია, პროგრამული ბიუჯეტი დღემდე არ გვაქვს. ეს უნდა მოეთხოვა მრჩეველთა საბჭოს,” – ამბობს “ბათუმელებთან” სოსო სტურუა, “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორი. სტურუას თქმით, ახლაც ტელევიზიის მომავალი წლის ბიუჯეტი მუხლობრივად იწერება, მაგრამ წლის ბოლომდე იგი დაიხვეწება და პროგრამულად დამუშავდება მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით.

“დავაგვიანეთ რეაგირება…. მაგრამ ეს არ იყო შეცდომა. ჩვენ გვინდოდა, თანმიმდევრულად გვემოქმედა,” – გვითხრა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალურად ტელევიზიის დირექციისთვის არ მიუმართავთ, რომ პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა იყო მოთხოვნა: “თუმცა საჯარო შეხვედრების დროს მუდმივად იყო ამაზე საუბარი. მომავალი წლის ბიუჯეტი ნამდვილად პროგრამული ხასიათის იქნება”

შიდა აუდიტის დასკვნაში ასევე წერია: “მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ არ არის დამტკიცებული ბიუჯეტის ფორმირების პრინციპები, პრაქტიკული მომზადების, პროექტის წარდგენის და განხილვისა, ცვლილებების შეტანის, შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესი”.

“მრჩეველთა  საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე განისაზღვრა მენეჯმენტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტის შემოტანის, განხილვისა და გადაწვეტილების მიღების პროცედურები,” – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

მას აუდიტის წინა დასკვნაზეც ვესაუბრეთ, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა და იქ სატენდერო პირობების დარღვევები იყო დაფიქსირებული. მაშინ იმედაიშვილმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის ტელევიზიის სამსახურების წერილობით პასუხებს დაელოდებოდა. დღეს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ აუდიტის პირველ დასკვნაში მთავარი რეკომენდაციების შესრულება იყო, რადგან შიდა აუდიტის დასკვნა მარტში პირველად დაიდო.

“ჩვენ მივიღეთ პასუხები ტელევიზიის სხვადასხვა სამსახურიდან. მათ გაიზიარეს აუდიტის შენიშნები და დირექციამ საყვედური გამოუცხადა ორ ხელმძღვანელ პირს. არ ვიცი, რამდენად საკმარისი იყო ეს რეაგირება,”- ამბობს ნატა იმედაიშვილი.

რეაგირებას საკმარისად მიიჩნევს სოსო სტურუაც, “აჭარის ტელევიზიის” დირექტორი: “დარღვევები ვისაც ეხებოდა, მას გამოვუცხადეთ საყვედური. დაველოდებით შემდეგ დასკვნებს…”

როგორია ავტობანის მშენებლობის ხარისხი

“ავტობანი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,” – განაცხადა დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა. მან ბრიფინგზე ავტობანის ქობულეთის მონაკვეთის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც დაფიქსირებულია ქვების ცვენა

“სოფლების: ციხისძირის, შუაღელეს, დაგვისა და ბობოყვათის მონაკვეთზე ყოველი წვიმის შემდეგ ხდება ქვის ცვენა და საფრთხეს უქმნის ამ სოფლების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ასევე სკოლის მოსწავლეებს,” – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

ქვის ცვენის პრობლემას ადასტურებენ გზების სახელმწიფო დერპარტამენტშიც: „რაც ჭრილებია სიმაღლეზე, დაიყრება ნოყიერი მიწა, რომელზეც მცენარეები ხარობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ დაითესება ბალახი, რაც  ყველაზე კარგი დამცავი საშუალებაა. აქ ასევე კეთდება არხები, იმ ჭრილებზე რომ არ მოხდეს წყლის გადადენა და მიწის და ქვაღორღის მეორე გზაზე ჩატანა”, – უთხრა “ბათუმელებს” ზურაბ სიხარულიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორმა.

თამაზ ბაკურიძის თქმით, პრობლემაა მაგისტრალზე ასასვლელებიც. მაგალითად მან სოფელი კვირიკე მოიყვანა, რომლის მოსახლეობაც მაგისტრალზე მოსახვედრად მოშორებით, სოფელ გვარაში უნდა ჩავიდნენ. ზურაბ სიხარულიძის განმარტებით მაგისტრალზე ამოსასვლელებიც და გზაგამტარებიც პროექტის შესაბამისად კეთდება.

gza 2
ქობულეთის შემოვლითი გზა

იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულის საქმე

იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის გუშინ, 6 სექტემბერს, ღამით, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულს უკვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. იზოლატორიდან გამოსული სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამოძიების დროულად დაწყებას ითხოვს იმის გასარკვევად, გადაამატეს თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას პოლიციელებმა.

“მოქალაქე აცხადებს, რომ მას დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა იარაღის ჩაუდეს და შემდეგ სცემეს. ერთი შეხედვით, აღენიშნება გარკვეული სახის დაზიანებები თვალის და მუხლის არეში, ასევე – ნაჭდევები ზურგზე. ჩვენი მოთხოვნაა უსწრაფესად დაიწყოს გამოძიება იმისთვის, რომ დადგინდეს, რა მოხდა რეალურად,” – უთხრა ციალა ქათამიძემ “ბათუმელებს”, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

ციალა ქათამიძემ ნახა დოკუმენტებიც, რომლის მიხედვითაც გუშინ მინდია ოჯახიშვილი იზოლატორმა არ მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოჯახიშვილის ახლობლებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურმა “ბათუმელებს” დაუდასტურა, რომ მინდია ოჯახიშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 125-ე მუხლითაც, რაც ცემას გულისხმობს. ის თავდაპირველად მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დააკავეს.

“ბათუმელების” კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულზე, შსს-ს პრესსამსახურმა არ გვიპასუხა.

ოჯახის ახლობლების თქმით, მინდია ოჯახიშვილს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ქვეყნის დატოვებას სთხოვდნენ. ნათესავებს აქვთ მეორე ვერსიაც, რომ მინდია მთავარი მოწმე იყო ერთი პირის საქმეში, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკების მოხმარებას ედავებოდა და სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

mindias axloblebi
მინდია ოჯახიშვილის ახლობლების წინასწარი დაკავების იზოლატორთან

გამოხმაურება არმაზ ახვლედიანის განცხადებაზე

ბათუმის 69-ე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი ძველი ბულვარის” ერთ-ერთი წევრი, ნანა მეგრელიძე გამოეხმაურა. მან კატეგორიულად უარყო არმაზ ახვლედიანის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობა. არმაზ ახვლედიანის თქმით, შტაბი რამდენიმე წევრმა ზეწოლის შედეგად დატოვა, მათ შორის, ნანა მეგრელიძემ.

„არმაზ ახვლედიანის სურვილი იყო, ვყოფილიყავი მის გუნდში, მაგრამ მისთვის ამის თანხმობა არ მიმიცია. არმაზს მხოლოდ ქალაქიდან ვიცნობდი და წელს შემხვდა, ის ჩემი ძმის მეგობარია. რადგან ჩემთან შეხვედრა მოითხოვა, შევხვდი ორჯერ ინტერესის გამო. მისი პოლიტიკური შეხედულებები ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა და კონკრეტული პასუხი მისთვის არ მითქვამს,” – ამბობს ნანა მეგრელიძე.

“ბათუმელებთან” სატელეფონო საუბრის დროს ნანა მეგრელიძემ არ გამორიცხა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა: “კერძო კომპანიაში ვმუშაობ ამჟამად და ზოგადად ბევრი შემოთავაზება მაქვს პოლიტიკოსებისგან, მაგრამ ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერი მაქვს”.

ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის: ღურტის, დიაკონიძეების, ოქრუაშვილების, ვაშლოვანის, სხალთის და კვატიის მოსახლეობა ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ექვსგვერდიან მიმართვაში ვრცლადაა აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც ამ სოფლების მოსახლეობას შეექმნა ხულოში ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ,

“როცა აფეთქება იყო, სახლები ირყეოდა, მოსახლეობაში ცუდი განწყობა უფრო და უფრო მკვიდრდებოდა, სიღრმეში შესვლის შემდეგ სახლები ირხეოდა. როცა მიმართეს და სთხოვეს, უფრო ნაკლები დოზით აეფეთქებინათ, მოსახლეობას უგზავნიდნენ რაღაც გაუგებარ დიაგრამებს, გრაფიკებს ინგლისურ ენაზე და პასუხობდნენ, რომ თქვენთან ჩვენი აფეთქება ზიანის მომტანი არააო. არადა, ზოგი სახლი მართლაც დაზიანდა.

ჰაერი მოიწამლა, რადგან მიწისქვეშა აფეთქებების დენთით გაჟღენთილი გრუნტი გზებზე დაყარეს და იმით გზები შეაკეთეს. მტვერმა შეაწუხა ხალხი, ავდარში – წებოვანმა ტალახმა, მდინარეებში ჩაიღვარა თევზისთვის მომწამვლელი წყალი” – აღნიშნულია წერილში.

ეკოლოგიური პრობლემების გრადა, წერილში საუბარია კომპენსაციების გაცემის წესზე: “კომპენსაციის სახით ზოგან ფულიც დაარიგეს, მაგრამ კომპენსაციების გაცემა ლოტოს გათამაშებას უფრო ჰგავდა, კაბინეტებიდან არც კი გამოსულან რიგიანად, რომ მდგომარეობა სრულყოფილად შეესწავლათ… არ შეიძლება თბილისში, კაბინეტში ვინმე იჯდეს და აქ ხალხს სპეცრაზმი მიუსიოს იმისთვის, რომ ხალხმა მამული, კუთხე, აოხრებისგან დაიცვას.“

წერილში, რომელსაც 300–მდე ადამიანი აწერს ხელს, ჩამოთვლილია კითხვები, რომლებზე პასუხიც აინტერესებს მოსახლეობას:

”რას აკეთებდა ამ პერიოდში გარემოს დაცვის სამინისტრო ან ახლა რას აკეთებს? როგორ უნდა იმართლოს თავი იუსტიციის სამინისტრომ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის გამო, როდესაც მიწაზე კერძო საკუთრების მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა და მისი აღიარება 2016 წლის 1 სექტემბრიდანაა ძალაში?!

რომელi კომისიით ხდება ამ კომპენსაციების გაცემა, ვისი განკარგულებებით? კაბინეტებიდან, ადგილზე ვითარების გარკვევის გარეშე რატომ წერენ კომპენსაციებს?

ვინაა ეს ხალხი, რა კომპანიაა ასეთი, რომ მან ჩვენი ხეობის ეკოლოგიის მოსპობის ხარჯზე მილიონები აკეთოს 50 წელი? ვინ დგას ამ კომპანიის უკან, სად დარეგისტრირდნენ, ვინ აფინანსებს მათ, საქართველოში ვინ უწყობს მათ ხელს?!

გვირაბიდან გამოტანილი გრუნტი გზებზე იყრება, დენთის ნამწვით გაჟღენთილი მიწის წვენი კი მდინარეში ჩაედინება ავდარში, ხოლო დარში მტვერი ჰაერს, ბალახს, მცენარეებს, ხეხილს და ადამიანებს წამლავს. ფსიქოლოგიურ ცდებს ატარებენ ჩვენზე?“

ხელმომწერები ზურაბ პატარაძეს სთხოვენ საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და პუნქტებად უყალიბებენ მოთხოვნებს. მოთხოვნები შეეხება აჭარაში არსებული ყველა ჰესის მშენებლობის შეჩერებას, იმ დრომდე, სანამ სპეციალური კომისია არ შეისწავლის აღნიშნულ საქმეს; კერძოდ, მოსახლეობა მოუუთხოვს, გამოიკვლიონ ჰესის მშენებელი კომპანიების საქმიანობა; მოსახლეობას აუნაზღაურდეს ზარალი; შენარჩუნდეს და აღდგეს სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობა და ა.შ.

“ბათუმელები” დაუკავშირდა სოფელ ოქრუაშვილების მცხოვრებ რომან თავართქილაძეს, რომელმაც წერილი აჭარის მთავრობის კანცელარიაში შეიტანა. ის ამბობს რომ აჭარაში არსებულს ყველა სამთავრობო უწყებას მიმართეს, მაგრამ რეაგირება აქამდე არ ყოფილა. იგი ამბობს, რომ მოსახლეობას ზურაბ პატარაძის დახმარების იმედი მაინც აქვს: “ჩვენც ვიცით რომ არსებობს სხვა ინსტანციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცვლები, მაგრამ, რადგან ბატონი ზურაბ პატარაძე, რომელიც ახლახანს დაინიშნა, ჩვენი უშუალო ხელმძღვანელია, არ გვინდა გვერდი აუაროთ მას. მისი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ მოგვიგვარებს პრობლემას.”

რომან თავართქილაძე გვიყვება, რომ გასულ წელს იმავე პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებით მართეს არჩილ ხაბაძესაც, თუმცა, რა ბედი ეწია მათ განცხადებას, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიგო, როცა ხელახლა მივიდა მთავრობის კანცელარიაში, ამჯერად ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარიძისათვის ღია წერილის გადასაცემად: “გასულ წელს მივწერეთ ბატონ არჩილ ხბაძეს, მაგრამ, პასუხი ჩვენამდე არ მოსულა. სამი თვის შემდეგ დავრეკე, ამოვლენო, ადგილზე შეამოწმებელნ სიტუაციასო, ასეთი იყო პასუხი. არავინ არ ამოსულა. ორი დღის წინ, ბატონი ზურაბ პატარაძის წერილი რომ ჩავაბარე კანცელარიაში, მაშინ შევახსენე ძველი განცხადება, მოძებნეს და აღმოჩნდა, რომ განცხადება გადამისამართებული იყო ფინანსთა სამინისტროს სახელზე. ჩვენთან კი არავინ არ ამოსულა.”

ხულოს სოფლების მოსახლეობამ ანალოგიური წერილი გაგზავნა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახელზეც.

პროფესიული გადამზადების პროგრამა 86 ბენეფიციარმა გაიარა

7 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ დასაქმების სააგენტოს 2016 წლის ქვეპროგრამის – პროფესიული გადამზადების შედეგების ანგარიში წარადგინეს. როგორც ანგარიშის წარდგენისას განაცხადეს, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსი 86 ბენეფიციარმა დაასრულა. აქედან 16 ბენეფიციარი პრაქტიკას სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში გადის, ხოლო 70 კურსდამთავრებულიდან 41 (57%) დასაქმდა.

აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის, თემურ კახიძის თქმით, რადგან უმუშევრობის ერთერთ გამომწვევი მიზეზი ნაკლებად კვალიფიციური მუშახელია შრომის ბაზარზე, დასაქმების სააგენტომ განახორციელა პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 86 ბენეფიციარი გადამზადდა.

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში სწავლება განხორციელდა ელექტროშემდუღებლის, კონდიტერის, მზარეულის, მძიმე ტექნიკის ოპერატორის, სარესტორნო საქმის მწარმოებლის, სასტუმრო საქმის მწარმოებლის, სტილისტისა და აირალოვანი შემდუღებლის სპეციალობებზე. სწავლება, ასევე ითვალისწინებდა უცხო ენების (რუსული, ინგლისური) შემსწავლელ კურსებსა და საწარმოო პრაქტიკის გავლას.

„პროგრამა ითვალისწინებდა არა მხოლოდ სასწავლო კურსს, არამედ საწარმოო პრაქტიკას. შესაბამისად შედეგიც სახეზეა – 70 კურსდამთავრებულიდან 57% უკვე დასაქმებულია. ეს პროგრამის შესრულების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია“ – აღნიშნავს თემურ კახიძე. მისივე თქმით ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ადმინისტრირება სრულად გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაციას ამ შემთხვევაში „დემოკრატიის ინსტიტუტს.“

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს არამარტო პროფესიული და უცხო ენების სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები არამედ დემოკრატიის ინტიტუტის მიერ ორგანიზებული მცირე საქმიანობის ბიზნესის გაძლიერებისა და დამსაქმებელთან კომუნიკაციის ტრენინგების სერტიფიკატებიც გადაეცათ.

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფციარებს საჩუქრად პროფესიული განვითარებისათვის საჭირო სახელმძღვანელოები და სამუშაო ინვენტარი გადასცა, რომელიც მათ გამოადგებათ სამუშაოს დაწყებაში.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამების მენეჯერი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და უზრუნველყოფს აჭარაში დასაქმების სისტემების ამოქმედებას.

„მემორანდუმი თავის თავში გულისხმობდა ხელშეწყობას ორივე მხრიდან. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვეცადეთ რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიგვეღწია“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა აიტაია ამბობს, კურსის გავლის შემდეგ სასურველი შეგედი მიიღო: „როგორც მზარეულმა კვალიფიკაცია ავიმაღლე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როგორც პროფესიონალ მზარეულს, მომავალში უფრო მეტი შემოთავაზება მექნება.“

ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და დასაქმების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეწირე და მიიღე

ქველმოქმედება პოლიტიკურად და „ოცნების“ ხელისუფლება

2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ხუთ მილიონამდე ლარი მიიღო. სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად დეველოპერები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად. მათგან ბევრმა ბედი პოლიტიკაშიც სცადა ან ახლა აპირებს.

დეველოპერების შემდეგ სახელისუფლებო გუნდის მსხვილ შემწირველებად სატრანსპორტო და საკომუნიკაციო, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე კომპანიები ფიქსირდებიან. მათგან ზოგიერთის მოტივაცია პოლიტიკაში მოსვლის სურვილს უკავშირდება, ზოგიერთს კი ამაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

ბიზნესმენმა გიორგი კილაძემ 2016 წლის ივლისში „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა. ის სამი კომპანიის მეწილე, რვა კომპანიის პარტნიორი და ორი კომპანიის დირექტორია. მათ შორისაა შპს „ვარზია“, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე თერთმეტჯერ მოიგო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ტენდერი. ჯამში ამ კომპანიამ საფინანსო ანალიტიკური სამსახურისგან 2 მილიონ 640 ათას 435 ლარის დაკვეთა მიიღო [შესყიდვა პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდებოდა]. კომპანიას გიორგი კილაძე ერთპიროვნულად ფლობს. „ბათუმელები“ ბიზნესმენს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა იმაზე, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა, როცა მან სახელისუფლებო პარტიის ანგარიშზე 50 ათასი ლარი ჩარიცხა, გიორგი კილაძემ საუბარი არ ისურვა.

გოჩა ენუქიძე კი მათ შორისაა, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მან „ნაციონალურ მოძრაობას„ 60 ათასი ლარი შესწირა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 55 ათასი ლარი ჩარიცხა. ენუქიძე ოცზე მეტი კომპანიის პარტნიორი და თანამფლობელია, მათ შორის რამდენიმე, სახელმწიფოსგან მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს იღებს.

გოჩა ენუქიძე ამ მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარეა. ის პარლამენტში ამბროლაურის მაჟორიტარად `ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. პარლამენტში შესვლიდან რამდენიმე თვეში მან პარტია დატოვა. ახლა ის პარლამენტში მესამე ვადით შესასვლელად „ქართული ოცნების“ სახელით იბრძოლებს.

გოჩა ენუქიძე, რომელიც რუსეთის უმსხვილესი საერთაშორისო ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ბრენდის ქვეშ საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელია, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008 წლიდან გახდა, როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი. ის ამჯერად სახელისუფლებო გუნდმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე „ლუკოილის“ სტრატეგიული პარტნიორი – შპს „იბერკომპანის“, ასევე, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“, „კია მოტორს ჯორჯიას“ და კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელია.

გოჩა ენუქიძის ერთ-ერთმა კომპანიამ – „კაუკასუს მოტორსმა“ 2013 წლიდან დღემდე სატრანსპორტო ხელსაწყოებითა და დამხმარე საშუალებით მომსახურებაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერი 24-ჯერ მოიგო და ის მიწოდების ამ სფეროს ერთგვარ მონოპოლისტად იქცა.

2013 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში სახელმწიფო უწყებებისგან 10 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა მიიღო. ამ დროის განმავლობაში „კავკასუს მოტორსმა“ მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტები გააფორმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გზების დეპარტამენტთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან, სატყეო სააგენტოსთან. ამ კომპანიამ მიიღო ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ასევე, საქართველოს რკინიგზის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაკვეთები.

ენუქიძის კიდევ ერთი კომპანია „ვივი“ 2011-2012 წლებში ინტენსიურად იგებდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს. 2011-2012 წლებში სახელმწიფო უწყებებისგან დაკვეთებს ხშირად იღებდა მისი კიდევ ერთი კომპანია „ავტო სტილი“. 2013 წელს ამ კომპანიამ დაკვეთა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, შპს მყარი ნარჩენების კომპანიისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და აჭარის კულტურის ცენტრისგანაც მიიღო. შპს „კავკასუს მოტორსი“ გოჩა ენუქიძემ 2011 წელს ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მიხეილ ალხანიშვილთან ერთად დააარსა, ისინი კომპანიის 33-33%-იან წილს იყოფდნენ. ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია.

55 ათასი ლარი შესწირა მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა. შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი შპს „ბუმჯორჯიას“ წილის 50%-ის მფლობელი და იურიდიული კომპანიის დირექტორია.

60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ „ჩაჩავას კლინიკის“ დირექტორმა ელგუჯა გოცირიძემ, ის ფლობს ასევე შპს „საქცივპროდუქტს“. ელგუჯა გოცირიძე საქართველოს პრემიერმა ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

50 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ ბიზნესმენმა მიხეილ ჯაფარიძემ. ის ოცამდე კომპანიის დამფუძნებელი და თანამფლობელია, მათ შორისაა შპს „რეალგაზი“, სადაც პარტნიორად გიორგი კილაძეც ფიქსირდება, ის კომპანიის 25 პროცენტის მფლობელია. გიორგი კილაძე და ელგუჯა გოცირიძე კიდევ რამდენიმე კომპანიის თანამფლობელებად ფიქსირდებიან. ის ფლობს ღვინის და ასევე სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელ სახლებს აშენებენ.

2016 წლის ივნისში 59 ათასი ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას“ ბიზნესმენმა გიორგი გაბუნიამ. ის ექვსი კომპანიის თანამფლობელია. მისი კომპანიები სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობენ და იგებენ კიდეც, თუმცა სტატისტიკურად ტენდერი მათთვის არასასურველი შედეგით უფრო მეტჯერ დასრულდა, ვიდრე პირიქით. რას შეცვლის პარტიის ანგარიშზე ბიზნესმენის შენატანი, ეს მომავალში გამოჩნდება.

55 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ ზვიად ბრეგვაძემ. ის შპს „ადვოკატის“ 51%-ის მფლობელია.

„ქართულ ოცნებას„ 2012 წელს 50 ათასი, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 20 ათასი ლარი შესწირა შპს „ელიტა ბურჯის“ დირექტორმა თენგიზ გვაზავამ, „ელიტა ბურჯი„ საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. გარდა ამისა, თენგიზ გვაზავა „ჯეოფერტის“ დირექტორია. ეს კომპანია სასუქების წარმოებაზე მუშაობს.
„ქართულ ოცნებას“ მსხვილ თანხას ინტენსიურად სწირავენ „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელებიც.

2014 წელს სახელისუფლებო პარტიას დიდი თანხა შესწირეს დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებლებმაც. ზაზა ზოიძემ „ოცნებას 40“ ათასი ლარი შესწირა. მან 2012 წელს 60 ათასი ლარი ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ ანგარიშზეც გადარიცხა. 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ კომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ელგუჯა ლომინეიშვილმა. ის „ორბთან“ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის გარდა „ბათუმი სითი პარკს“ ფლობს. „ორბის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ კი მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. „ალიანსი ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი ბიწაძემ სახელისუფლებო პარტიას 60 ათასი ლარი შეწირა.

40 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ შპს „ორბი ბეტონის“ დირექტორმა და კომპანიის წილის 50%-ის მფლობელმა მალხაზ ბერიძემ. ის პარალელურად შპს „მშენებელი 2“-სა და შპს „ნიუ თაიმის“ დამფუძნებელია. თავად ფლობს „ნიუთაიმის“ მთლიან წილსაც. „ორბი ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიაა და ამჟამად მშენებლობას, კომპანიის ინფორმაციით, 550 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე აწარმოებს.

ssss

აკაკი სონგულიამ ოცნებას 20 ათასი ლარი შესწირა. ის ბათუმის ცენტრში სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ არსებულ ნაკვეთს აჭარის მთავრობისგან პირდაპირი მიყიდვის წესით, 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით, ითხოვს. სონგულია აჭარის მთავრობას ამ ადგილზე 100-ნომრიანი სასტუმროს აშენებას ჰპირდება.

სასტუმროს აშენების იდეაზე წინა მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აკაკი სონგულიამ [ის იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსი. მან 2012 წელს 25 ათასი ლარი „საქართველო არ იყიდებას“ ჩაურიცხა] აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს წერილობით აცნობა და წინადადების განხილვა სთხოვა. ამ წერილის მიხედვით, ინვესტორს აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა პირდაპირი წესით, 1 კვ/მ-ის 300 აშშ დოლარად სურს [ჯამში 3263 კვ/მ] და ძირითად პირობასთან ერთად ინვესტორი მთავრობას სხვა ვალდებულებების აღებასაც ჰპირდება.

მიწის ნაკვეთის ათვისებასთან დაკავშირებით ინვესტორის წინადადების განხილვაზე მოსაზრების დაფიქსირების თხოვნით ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს, თავის მხრივ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც მიმართა. საპასუხო წერილში ჩანს, რომ ბათუმის მერი თანახმაა იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო თანხის მთლიანი ოდენობა – 978 900 ამერიკული დოლარი კომპანიის მიერ ჩაირიცხება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. რეესტრის 20 ივლისის ამონაწერის მიხედვით კი, ეს ტერიტორია უკვე აჭარის საკუთრებაშია, რაც ქონების გასხვისების მთავარი წინაპირობაა.

საერთო ჯამში, 2016 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 4 მილიონ 693 ათას 315 ლარი მიიღო. აქედან 2 მილიონზე მეტი ლარი სახელისუფლებო პარტიას ივლისში ჩაერიცხა.

„ოცნების“ შემწირველი პოლიტიკოსები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს 60 ათასი ლარი, 2014 წელს – 50 ათასი, ხოლო 2016 წელს 2500 ლარი შესწირა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კი „ქართულ ოცნებას“ 2012-2015 წლებში, ჯამში, 20 ათასი ლარი შესწირა.

გასულ წელს 5 ათასი ლარი შესწირა მმართველ პარტიას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
პარტიის შემწირველებში არ ფიქსირდება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და არც ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ასევე პარტის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი.

ჩნდება თუ არა ეჭვი გარიგებაზე, როცა მმართველ პარტიას ფულს სწირავენ? ლევან ნატროშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საარჩევნო პროექტების მენეჯერი ამბობს, რომ ცალსახად ამაზე საუბარი რთულია: „თუმცა, ეჭვები ყოველთვის არსებობს, რომ პირი, რომელიც სწირავს პარტიას და შემდეგ სახელმწიფო უწყებებისგან იგებს კონტრაქტებს. ტენდერი კიდევ ნაკლებად პრობლემურია. უფრო პრობლემურია პირდაპირი შესყიდვა, ტენდერის გარეშე. ამ საკითხის მიმართ კანონის დონეზე მიდგომა და დარღვევად ჩათვლა რთულია, თუ არ დადასტურდა, რომ გარიგებას ჰქონდა ადგილი. ზოგადად, ცუდი ტენდენციაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, პარტიის ფუნქციონირებასაც შემოწირულობის განხორციელება სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია კორუფციის რისკები მაქსიმალურად შემცირდეს და კონტრაქტის მიღების სანაცვლოდ არ გაკეთდეს შემოწირულობები.“

აგრო-საინვესტიციო სესხი – ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგროსექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უპრეცედენტო პროდუქტს – აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

20 000-ლარიდან 600 000-აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს   მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიათ. სესხის  პროცენტს  ნაწილობრივ ან სრულად დაფარავს  სახელმწიფო.  სესხის  ძირის გადახდას  კი ფერმერი  მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა.

ვის შეუძლია ისარგებლოს აგრო-საინვესტიციო სესხით, როგორია სესხის პირობები და  რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო სესხის მისაღებად, თემაზე თიბისი ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსს, ვეფხვია ლომინაშვილს ვესაუბრეთ.

 რატომ არის თიბისი ბანკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროდუქტი, აგრო-საინვესტიციო სესხი უპრეცედენტო?

ვეფხვია ლომინაშვილი
ვეფხვია ლომინაშვილი

დღეს ბანკების მიდგომა სოფლის მეურნეობის დარგის დაფინასებისას  სტანდარტულია. თუ ფერმერს სურს თავის მეურნეობაში განახორციელოს გრძლევადიანი ინვესტიციები და ამისათვის ესაჭიროება კრედიტი, მას უნდა გააჩნდეს სტაბილური შემოსავლები, რომელიც უზრუნველყოფს აღებული სესხის დაფარვას შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, საშეღავათო პერიოდი, რის განმავლობაშიც ფერმერს შეუძლია არ განახორცელოს სესხზე დაფარვები, არ აღემატება 11 თვეს. თუ საქმე გვაქვს ისეთი ინვესტიციების განხორციელებასთან, რომლისგანაც ეკონომიკური სარგებლის მიღება რამდენიმე წლის შემდეგ არის შესაძლებელი, მაშინ გამოდის, რომ 11 თვიანი საშეღავათო პერიოდი ფერმერისთვის არარელევანტურია და აღებული სესხის სიმძიმე მის მეურნეობას შესაძლოა საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვეს. ესეც რომ არა, თუ დღეს ფერმერს არ გააჩნია საკმარისი შემოსავლები, შესაძლოა მან საერთოდ ვერ მიიღოს ფინანსური ინსტიტუტიდან იმ ოდენობის კრედიტი, რაც მსგავსი სახის ინვესტიციების განსახორცელებლადაა საჭირო.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ეს მიდგომა და ფულადი საკრედიტო რესურსი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და მომხიბვლელი გაგვეხადა. ანუ, მიგვეცა ფერმერებისთვის საშუალება აეღოთ იმ მოცულობის სესხი, რაც განსახორციელებელი ინვესტიციებისთვისაა საჭირო და ამავდროულად, ჰქონოდათ შესაძლებლობა სესხის გადახდა დაეწყოთ მაშინ, როდესაც განხორციელებული ინვესტიცებიდან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდნენ.

აგრო-საინვესტიციო სესხის უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ჩვენ გათვლებს ვაკეთებთ არა მიმდინარე, არამედ მომავალში მისაღებ შემოსავლებზე და ამავდროულად, ფერმერს ვაძლევთ იმ ოდენობის საშეღავათო პერიოდს, რა პერიოდიც საჭიროა განხორციელებული ინვესტიციებიდან სარგებლის მისაღებად. მარტივად რომ ვთქვათ, ფერმერი სესხის ძირის და მასზე დარიცხული პროცენტის ეტაპობრივ გადახდას იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შემოსავლის მიღებას დაიწყებს.

 რამდენად მარტივია აგროსაინვესტიციო სესხის აღება და რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ფერმერმა ამ სესხით სარგებლობისთვის?

როგორც აღვნიშნე, ამ პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკი არ ითხოვს დაინტერესებული პირისგან  არსებული შემოსავლების დადასტურებას, რაც თავის მხრივ სესხის დამტკიცების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. აგრო-საინვესტიციო სესხით დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს  მრავალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლის გამოცდილება და საკუთრებაში უნდა ფლობდეს მინიმუმ 1 ჰექტარ იმ მიწის ნაკვეთს, რა ნაკვეთზეც ნარგავების გაშენება იგეგმება.

სესხის ასაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ თიბისი ბანკის სერვის ცენტრებს, სადაც გამოკითხვის საფუძველზე მოხდება იმის დადგენა, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული გასაშენებელი კულტურა რეგიონის კლიმატური ზონისა და ნიადაგისათვის, ფლობს თუ არა ფერმერი სრულად ინფორმაციას გასაწევ აგროღონისძიებებსა და მათი ჩატარების ვადებზე, დაგეგმილ დანახარჯებსა და მოსალოდნელ მოსავლიანობაზე. თითოეული პროექტის დაგეგმვა მოხდება აგრო-საინვესტიციო სესხის აღებით დაინტერესებულ პირთან ერთად და განხილული იქნება ინდივიდუალურად, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

როგორი პირობებით გაიცემა აგრო-საინვესტიციო სესხი?

აგრო-საინვესტიციო სესხი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაიცემა, რაც გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას. ამ ეტაპზე სესხი გაიცემა აშშ დოლარში. სესხის მინიმალური მოცულობა 20,000 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარია, ხოლო მაქსიმალური 600,000 აშშ დოლარი. თანადაფინანსების პერიოდში, სესხის საპროცენტო განაკვეთი ფერმერისათვის 0 %-დან იქნება. თანადაფინანსების და ასევე, საშეღავათო პერიოდი, რის განმავლობაშიც ფერმერი არ განახორციელებს სესხის ძირის დაფარვას, დამოკიდებული იქნება გასაშენებელ კულტურაზე და ის არ იქნება იმ ვადაზე ნაკლები, რა ვადაც საჭიროა იმისათვის, რომ ნარგავები მსხმოიარობაში შევიდეს და გაშენებულმა ბაღმა შემოსავლის მიღება დაიწყოს.  ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, სესხის ძირს და მასზე დარიცხულ პროცენტს, რომელიც დღეს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები იქნება, სრულად დაფარავს ფერმერი გაშენებული ბაღიდან მიღებული შემოსავლებით. რაც შეეხება სესხის მაქსიმალურ ვადას, ესეც ბუნებრივია, დამოკიდებულია გასაშენებელ კულტურაზე. ჩვენ მივცემთ ფერმერს სესხს იმ ვადით, რა ვადაშიც ის შეძლებს გაშენებული ბაღიდან მიღებული შემოსავლებით აღებული აგრო-საინვესტიციო სესხის დაფარვას.

მოითხოვება თუ არა რაიმე სახის ქონების დაგირავება აგროსაინვესტიციო სესხის მისაღებად?

 ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვემარტივებია უზრუნველყოფის მოთხოვნა აგრო- საინვესტიციო სესხზე, რათა იგი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო დაინტერესებულ პირთათვის. ძირითადად ვითხოვთ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვას, რა ნაკვეთზეც უნდა გაშენდეს მრავალწლიანი ნარგავები. იშვიათ შემთხვევებში, გასაცემი ტრანშის (სესხის ნაწილის) მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბანკმა მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით სხვა სახის უზრუნველყოფის მიღებაზე.

კონკრეტულად რა მიზნობრიობითაა შესაძლებელი  აგრო-საინვესტიციო სესხის აღება?

 აგრო -საინვესტიციო სესხით შესაძლებელია ყველა იმ აგროღონისძიების დაფინანსება, რაც საჭიროა მრავალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლისათვის მის მსხმოიარობაში შესვლამდე. ეს ღონისძიებებია ნიადაგის მომზადება, ნერგების შეძენა-დარგვა, სარწყავი სისტემის შეძენა-მონტაჟი, ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების მოვლა და ა.შ.

თითოეული მიზნობრიობისათვის გამოიყოფა კონკრეტული მოცულობის ტრანში აგრო ვადების და ჩასატარებელი აგროღონისძიების ღირებულების შესაბამისად.

თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მოთხოვნაა დაინტერსებულ პირს გააჩნდეს მრავალწლიანი ნარაგვების გაშენება-მოვლის გამოცდილება. შესაძლებელია თუ არა პირმა, რომელსაც ასეთი გამოცდილება გააჩნია, მაგრამ საკუთრებაში არ ფლობს სათანადო მიწის ნაკვეთს აგრო- საინვესტიციო სესხით შეიძინოს მიწის ნაკვეთი და მასზე გააშენოს კონკრეტული კულტურა?

 აგრო საინვესტიციო სესხი მიწის შეძენის მიზნობრიობით არ გაიცემა. ჩვენ შეგვიძლია დაინტერესებულ პირს, თუ მას შესაბამისი შემოსავლები გააჩნია, შევთავაზოთ სტანდარტული კრედიტი მიწის შეძენის მიზნობრიობით. ხოლო პარალელურად, აგრო საინვესტიციო სესხი უკვე შეძენილ მიწაზე მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად.

 თუ დაინტერესებულ პირს უკვე აქვს აღებული სხვა სესხები, მაგალითად სამომხმარებლო ან იპოთეკური, შესაძლებელია თუ არა მან ისარგებლოს აგრო-საინვესტიციო სესხით?

 შესაძლებელია, თუ დაინტერსებული პირი დაგვიანებების გარეშე იხდის აღებულ კრედიტებს, აქვს კარგი საკრედიტო ისტორია და გააჩნია საკმარისი შემოსავლები მათ დასაფარად. ამასთან ერთად, აგრო-საინვესტიციო სესხის მისაღებად იგი უნდა აკმაყოფილბდეს იმ კრიტერიუმებს, რაზეც უკვე მოგახსენეთ.

 სოფლის მეურნების სამინისტროს მიერ ინიცირებულია პროექტი „დანერგე მომავალი“, შესაძლებელია თუ არა აგრო -საინვესტიციო სესხთან ერთად ფერმერმა ისარგებლოს ამ პროექტით?

 რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს კიდევ უფრო შეამცირებს იმ დანახარჯებს, რისი გაწევაც ფერმერს მოუწევს მრავალწლიანი ნარაგავის გასაშენებლად, ვინაიდან პროექტი „დანერგე მომავალი“ იძლევა საშუალებას დაფინანსდეს ნერგების ღირებულების 70 %-მდე და სარწავი სისტემის ღირებულების 50 %-მდე.

 აგრო-საინვესტიციო სესხი, როგორც თქვენ ახსენეთ, მრავალწლიან ნარგავებზეა გათვლილი,  რატომ შეირჩა ვაშლის, თხილის, კაკლისა და კივის ბაღები?

მრავალწლიანი ნარგავებიდან ამ ეტაპისათვის შევარჩიეთ ის კულტურები, რომელთა გაშენებაზე გაწეული ინვესტიცია ფერმერისთვის ეკონომიკურად გამართლებულია და მიღებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია, როგორც ადგილობრივ, ასევე ქვეყნის გარეთ ბაზრებზე. პირველ რიგში, ხელს შევუწყობთ და დავაფინასებთ ვაშლის ინტენსიურ და ნახევრადინტენსიურ ბაღების, კივის, თხილის და ნამყენი ნერგით კაკლის ბაღების გაშენებას. კივი, თხილი და კაკალი სოფლის მეურნეობის დარგის საექსპორტო პროდუქტებია, ხოლო სასაქონლო სახის ვაშლზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც მაღალია, რადგან შიდა ბაზრის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტით იფარება. ჩვენ ვაგრძელებთ კვლევას და ახლო მომავალში  ჩამოთვლილ კულტურებს შესაძლოა სხვა კულტურებიც დავამატოთ.

როგორ ფიქრობთ, თიბისი ბანკის აგრო საინვესტიციო სესხი წაახალისებს მიწით სარგებლობას მათთვის, ვისაც გამოუყენებელი მიწის ნაკვეთები აქვთ?

 დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დიახ. ფულად საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდა ყოველთვის ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების განხორცელების წახალისებას.

მცირე სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, ათეული წლების წინ მარტო ხილის წარმოება 650 – 700 ათას ტონას შეადგენდა, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ხილის მაქსიმალური წარმოება 230 ათას ტონამდეა. ამ პროექტის საშუალებით ვფიქრობთ,  გაიზრდება ახალი თანამედროვე ბაღების და პლანტაციის ფართობები. ფერმერებს მიეცემათ საშუალება, მოკლე დროში აითვისონ მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად დაგეგმილი ფართობები და გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად აწარმოონ მაღალშემოსავლიანი პროდუქტები. ცალსახაა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული ფართობების გამასივებას.

როგორც ცნობილია, თიბისი ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს აგრობიზნესის განვითარების მიმართულებით, აგრო-საინვესტიციო სესხის  გარდა, კიდევ რა პროდუქტებს სთავაზობს თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს?

აგრო-საინვესტიციო  სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია  სახელმწიფო პროგრამებში – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში”. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე  320 მლნ  მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.

რატომ ვერ სრულდება ლერმონტოვის ქუჩის რეაბილიტაცია

ლერმონტოვის ქუჩა ნაწილ-ნაწილ ისევ გადათხრილია, მათ შორის, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ. საუბარია იმ მონაკვეთებზე, სადაც ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს, მაგრამ იქ არ მუშაობენ სპეციალისტები, არც მძიმე ტექნიკა.

“ბათუმელები” ამ თემაზე მიმდინარე წლის ივნისში წერდა. მაშინ ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში, ჯაბა ტუღუშმა  უთხრა, რომ მიმდინარეობდა უკვე რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემის ტესტირება და თუკი ხარვეზი არ აღმოჩნდებოდა, ქუჩაზე ასფალტს დააგებდნენ.

“მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ქუჩაზეც მთლიანად მოწესრიგდეს სანიაღვრე სისტემა და შემდეგ დაიგოს ასფალტის საფარი,” – გვითხრა დღს ჯაბა ტუღუშმა. მისი ინფორმაციით, მერიას ლერმონტოვის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელიც 9 სექტემბერს დასრულდება: “აქამდე რატომ არ გამოცხადდა, ან ახლა რატომ მიიღო მერმა ეს გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით. ალბათ დანაზოგები გაჩნდა და მერიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პირველი რიგის ამოცანაა. სანიაღვრე არ ჰქონდა მოწესრიგებული ამ ქუჩას და ეს გაკეთდება. ორჯერ ხომ არ უნდა გაკეთდეს ერთი და იგივე ქუჩა? როდის დასრულდება სამუშაოები, ჯერ არ ვიცით,” – ამბობს ჯაბა ტუღუში.

არმაზ ახვლედიანი: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწევს პასუხის გაცემა

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “ოდეერებთან” ერთად ჩემი შტაბის კოორდინატორს შეხვდა და აიძულა შტაბის დატოვება,” – ამბობს არმაზ ახვლედიანი. ის პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამჟამად ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ირაკლი ქონიაძემ მასთან შტაბში მუშაობა ივლისის ბოლოს დაიწყო: “აგვისტოს დასაწყისში შეხვდა მას ზურაბ პატარაძე და აიძულებდა მუშაობის შეწყვეტას. მაშინ ირაკლი თავად მესაუბრა ამის შესახებ. რამდენიმე დღეში მას ისევ შეხვდა, ან ტელეფონით ესაუბრა პატარაძე, ზუსტად არ ვიცი და ქონიაძემ შტაბი დატოვა განმარტებების გარეშე”.

ირაკლი ქონიაძემ “ბათუმელებთან” უარყო ეს ინფორმაცია. ამბობს, რომ არმაზ ახვლედიანთან კომუნიკაცია მხოლოდ 2012 წელს ჰქონდა წინასაარჩევნოდ: “მაშინ ვეხმარებოდი “ქართულ ოცნებას” აჭარის მაღალმთიანეთში. იქ კარგი კონტაქტები მაქვს. წელს საერთოდ არ ვყოფილვარ არმაზ ახვლედიანის საარჩევნო შტაბში. უკვე მესამე წელია ბათუმის პორტში ვმუშაობ და საერთოდ არ ვეხები პოლიტიკას”.

“აღარაფერი მიკვირს. ყველა ადამიანს არ შეუძლია გაუძლოს შიშს და ზეწოლას,” – ამბობს არმაზ ახვლედიანი: “ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაისში შტაბის კიდევ ერთ თანამაშრომელს, ნანა მეგრელიძეს ბიზნესმენი შალვა ბრეუსი შეხვდა და “ქართული ოცნების” შტაბის უფროსად დანიშვნა შესთავაზა. ნანაც აღარ მუშაობს ჩემთან. სუს-ი ასევე ახდენს ზეწოლას ბიზნესმენებზე, ვისაც ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება სურთ. ბუნებრივია, მათ სახელებს ვერ გეტყვით გასაგები მიზეზების გამო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა…”

ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ დრომდე არმაზ ახვლედიანის ბრალდებებს არ გამოხმაურებია.

გუშინ, 6 სექტემებერს, სასტუმრო “ლე პორტის” საკონფერენციო დარბაზში ბათუმის მაჟორიტარული დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა პარლამენტში არმაზ ახვლედიანმა წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ მწერალი დათო ტურაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ალეკო ელისაშვილი და სხვა ცნობილი სახეები. არმაზ ახვლედიანმა საარჩევნო შტაბის წევრებზე ზეწოლის შესახებ კამპანიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ისაუბრა ჟურნალისტებთან.

armazi 2
ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია. როინ გუნდაძის ფოტო

ქედის ხილის საწარმო პროდუქციის ჩინეთში გატანას გეგმავს

ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ შპს „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ქედაში გასულ წელს გახსნა და პირველი პროდუქცია იმავე წელს, ჯემების, მურაბებისა და საწებლის სახით გამოუშვა. საწარმომ დღემდე ასეულობით ტონა ხილი გადაამუშავა. საწარმოში დამზადებული პროდუქცია ქართული ბაზრის გარდა უცხოეთშიც გააქვთ.

„ნენას“ მენეჯერი გოჩა გათენაძე ამბობს, რომ საწარმოს სრული დატვირთვით მუშაობისას საათში მინიმუმ ერთი ტონა ხილის გადამუშავება შეუძლია, თუმცა ამ დროისთვის ქარხანა სრული დატვირთვით არ მუშაობს, რადგანაც აქ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაა.

„ვამზადებთ ვაშლის, მსხლის, მოცვის, კივის, კაკლის, ქლიავის, მანდარინის, ლეღვის, ფეიჰოას, კომშის, შინდის მურაბებსა და ჯემებს, ასევე საწებელსა და ფელამუშს. გასულ წელს მარტო 80 ტონა მანდარინი გადავამუშავეთ, წელს პირველად კაკლის მურაბა დავამზადეთ, სულ 8 000 ქილა, საწებლის დასამზადებლად კი წელს 105 ტონა ტყემალი გადამუშავდა,“ – ამბობს გოჩა გათენაძე.

საწარმოს მენეჯერის თქმით, „ნენას“ საწარმოში დამზადებული პროდუქციიდან ყველაზე კარგად ლეღვის, მოცვის, კომშის, კივისა და შინდის მურაბები იყიდება, მყიდველს განსაკუთრებით ქაცვის მურაბა მოსწონს: `რაც გავაკეთეთ, თითქმის ყველა გაიყიდა, ნაკლებად მოთხოვნადი აღმოჩნდა მანდარინის მურაბა, საწებელზე მოთხოვნა გაზაფხულზე დიდია, ფელამუშს კი, ძირითადად, შეკვეთის შესაბამისად ვამზადებთ.“

საწარმოში საუკეთესო ხილს მურაბების დასამზადებლად იყენებენ, გადარჩეული ხილით კი ჯემებს ამზადებენ, თუმცა „ნენაში“ დამზადებული ჯემი, საწარმოს მენეჯერის თქმით, ნაკლებად მოთხოვნადია ბაზარზე. ამ დროისთვის საწარმოში ასეულობით ქილა ჯემია დასაწყობებული.

„ახალი ქარხანაა, ერთი წლის განმავლობაში საწარმო მოგებას ვერ მოიტანს, ამას დრო სჭირდება, ბაზრის შესწავლა, კვლევა, თუ რა ოდენობის პროდუქციის გაყიდვას შეძლებ და შესაბამისად იმდენს დაამზადებ, რომ არ დაგრჩეს გასაყიდი,“- ამბობს გოჩა გათენაძე.
ქედაში დამზადებული პროდუქცია ქართული ბაზრის გარდა უცხოეთშიც გადის: „ჩეხეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში შევიტანეთ, უახლოეს დღეებში პროდუქციას ჩინეთში შევიტანთ, გასაგზავნი პროდუქცია გამზადებული გვაქვს,“ – ამბობს მენეჯერი.

მურაბების, ჯემებისა თუ საწებლის დასამზადებლად ხეხილი აქ ძირითადად საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩამოაქვთ. კითხვაზე, რა სარგებელი ნახა მთიანმა აჭარამ საწარმოს გახსნით, „ნენაში“ პასუხობენ, რომ საწარმოში 38 ადამიანია დასაქმებული და ყველა მათგანი ქედელია. რაც შეეხება ხილის რეალიზაციას, ქედელ გლეხებს ხილის საწარმოში ჩაბარებას რომ ბათუმში ჩატანა ურჩევნიათ, ამას გოჩა გათენაძეც ადასტურებს:

„როდესაც გლეხს ბათუმში ჩატანილ ხილში 5 თეთრით მეტს უხდიან, მას ურჩევნია იქ ჩაიტანოს და გადამყიდველს მიყიდოს, ეს მისი არჩევანია.“ იგი სხვა მიზეზებზეც საუბრობს: „ზარალზე რომ არ იმუშაოს საწარმომ, მინიმუმ 5 ტონა ხილი უნდა იყოს, საწარმო რომ ავამუშაოთ. ადგილობრივ მოსახლეობას რომ დაელოდო ხილის მისაღებად, 5 ტონა ხილის შეგროვებას დღეები დასჭირება. მაცივარი გვაქვს, რომელიც 300 ტონა ხილს ინახავს, თუმცა 10 დღის განმავლობაში შეიძლება ხილის შენახვა, მერე ლპობას იწყებს, აქ არც იმ ოდენობის ხეხილია, ამიტომ ხილი გორიდან შემოგვაქვს,“ – ამბობს გოჩა გათენაძე.

`ნენას~ მიერ წარმოებული პროდუქციიდან ყველაზე ძვირი – 3,5 ლარი კაკლის მურაბაა (250 გრ). შედარებით იაფია ქლიავის, მოცვის, კივისა და მანდარინის მურაბა – 2,80 ლარი 350-გრამი. ამავე ოდენობის ლეღვისა და კივის მურაბა და მოცვის ჯემი 4,1 ლარი ღირს. რაც შეეხება საწებელს, მისი ფასი 1,80 (301 გრ) და 2.50 ლარია (500 გრ).

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე

მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განიხილავს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა ქალს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ სცემა. შემთხვევა გონიოს პლაჟზე 26 აგვისტოს მოხდა.

„თამარ ხაჭაპურიძე ნაპირზე იმყოფებოდა და გადაფურთხა, მაგრამ არა იმის გამო, რომ მოსამართლისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. მოსამართლემ ეს აღიქვა შეურაცხყოფად და შეიგინა ქალის მისამართით,“ – გვიყვება გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია სასამართლოში თამარისა და მისი მეუღლის – კახაბერ ხაჩიძის ინტერესებს იცავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გვაჩვენეს მობილურით გადაღებული ვიდეოჩანაწერი. კადრში ჩანს ზღვაში მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის და თამარ ხაჭაპურიძის 13 წლის შვილის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი, ფიზიკური დაპირისპირება, რაც გაშველებით სრულდება.

ასევე არსებობს სხვა ვიდეოკადრი, სადაც თამარ ხაჭაპურიძე გაშველების შემდეგ პლაჟზე ზის და მოსამართლის მიმართ გამოხატავს პროტესტს.

გიორგი ხიმშიაშვილი: „ამ მომენტს მიიჩნევს გამოძიება სიცოცხლის მოსპობის მუქარად მოსამართლის მიმართ. ეს არ იყო მუქარა. რადგან თამარ ხაჭაპურიძეს რომ სდომოდა რაიმეს გაკეთება, მოსამართლე ისევ პლაჟზე იჯდა, სადაც უამრავი ქვაა… ჩემი მარწმუნებლის თქმით, ზღვაში გაშველების შემდეგ, ისინი პლაჟზე დაბრუნდნენ და დედამ შეამჩნია, რომ შვილს ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ორი კბილიც მორყეული ჰქონდა. ამის შემდეგ გამოხატა თამარმა მოსამართლის მიმართ ემოცია და დაურეკა პოლიციას.“

გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე
პოლიცია გონიოს პლაჟზე მივიდა. იმავე დღეს არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თამარ ხაჭაპურიძემ და მისმა მეუღლემ პოლიციას ჩვენება მისცეს, ხოლო არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგიც ჯერ უცნობია. იმავე დღეს, ღამის სამის ათ წუთზე, ცოლ-ქმარი თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დააკავეს.

საფუძველი გიორგი მიქაუტაძის სატელეფონო ზარი იყო. მას შემდეგ, რაც გონიოს პლაჟზე პოლიციელები გამოჩენილან, პოლიციაში მოსამართლესაც დაურეკავს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ორგანიზებულად დამემუქრნენო. პროკურატურამ იმავე 26 აგვისტოს ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეუცვალა და საქმე გაგრძელდა 365-ე მუხლის მიხედვით, რაც მოსამართლის მიმართ სოცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით. ეს მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაახლოებით ერთი წლის წინ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს განუხილავს თამარ ხაჭაპურიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომლის შემდეგაც სოციალურ ქსელში ხაჭაპურიძემ საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს.
„საქმეში მოიპოვება „ფეისბუქის“ საჯარო გვერდის დათვალიერების ოქმი და თამარ ხაჭაპურიძის 2015 წლის 13 სექტემბრის სტატია/პოსტი, რომლითაც დადგენილია, რომ ბრალდებული შეურაცხყოფის მიყენების გზით ცდილობდა გიორგი მიქაუტაძის სამოსამართლეო საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენას..“ – ვკითხულობთ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიერ ხელმოწერილ განჩინებაში.

„ეს პოსტი არის, რა თქმა უნდა, არაეთიკური და მიუღებელი, მაგრამ თუ ამ პოსტის გამო მიქაუტაძე თვლიდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დევნას ან პატივისა და ღირსების შელახვას, მაშინ მას ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა სტატუსში მოყვანილი ფაქტების უარყოფა, რომელიც ლახავდა მის ღირსებას, როგორც მოსამართლის. ის პოსტი მუქარას არ შეიცავდა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

საიაში მიიჩნევენ, რომ თამარ ხაჭაპურიძის მიმართ სასამართლო იყო რეპრესიული, რადგან საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ავლენს გამოძიების არაობიექტურობას, ხოლო უკანონო დაკავება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა. პირიქით, ცოლ-ქმარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა [კახაბერ ხაჩიძე ამ დროისთვის პატიმრობაში აღარ იმყოფება. მას მოსამართლემ 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის უზრუნველყოფის შემდეგაც გათავისუფლდა].

„როდესაც გამოძიება იწყება ოფიციალური წესით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის~ მიხედვით, უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძველი, რომ ძიება შეწყდეს. ამ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ძიება არ შეწყვეტილა, მაგრამ არც მიმდინარეობს ცემის ფაქტზე. თუ ადგილი ჰქონდა სხვა დანაშაულს და ეს გამოიკვეთა, მაშინ გამოძიება უნდა გაიყოს და დაიწყოს ცალკე გამოძიება,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის განჩინებიდან ვიგებთ, რომ გამოძიებას ძიების დასრულებამდე დაუდგენია, რომ ცოლ-ქმარმა ვერსია მოიფიქრა და ამ გზით გამოძიების შეცდომაში შეყვანა სცადა. ამონარიდი განჩინებიდან: „ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძის მიერ ჰქონდა ადგილი გამოძიების არასწორი გზით წაყვანის მცდელობას, როდესაც შეტყობინება გააკეთა პოლიციაში და შემდეგ თავის მეუღლესთან წინასწარი მოფიქრებული ვერსიით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, თითქოს დაზარალებულმა გიორგი მიქაუტაძემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული გარემოება ნამდვილად ადასტურებს ბრალდებულის მისწრაფებას, ხელი შეუშალოს ობიექტურ გამოძიებას…“

ამავე განჩინებაში არ არის დასახელებული კონკრეტული მიზეზი, რის გამო ჩათვალა გამოძიებამ და შემდეგ დაადასტურა მოსამართლემ, რომ თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის დაუყონებლივი დაკავების აუცილებლობა არსებობდა.
წინასწარი პატიმრობის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს. საჩივარში ხაზგასმულია საფრთხეც, რომ თუკი დაკავება მხოლოდ სუბიექტური განწყობით მოხდება, ეს მწვანე შუქს უნთებს სამართალდამცველებს თვითნებობისთვის:

„დაკავების მომენტში საქმეში არ მოიპოვებოდა ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც წარმოშობდა მიმალვის საფრთხის, თუნდაც ვარაუდის საფუძველს, არა თუ დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებათა სტანდარტს… სასამართლო განჩინების გარეშე დაკავების საფუძვლად მითითებულია, რომ იგი შეიძლება მიიმალოს. როცა დაკავების საფუძვლად მიმალვაზეა საუბარი, ის დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით, რომლებიც შექმნის დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებათა სტანდარტს, რაზეც საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე ვერ სცდებოდა პროკურორის ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო განჩინების გარეშე პირის დაკავებას… საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის თავისუფლებაში ჩარევა ვერ მოხდება იმგვარი ეჭვის საფუძველზე, რომელიც ემყარება მხოლოდ სუბიექტურ განწყობას. ამგვარი მიდგომა იქნებოდა მწვანე შუქი თვითნებობისათვის“.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კომენტარზე უარს ამბობს. გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ კი მიიჩნევს, რომ: „ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგის მიმართ გამოიჩინა პატივისცემა კანონის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მოსამართლე კანონით უნდა ხელმძღვანელობდეს“.

„მეტრო მეფისგან“ კუთვნილ თანხებს ითხოვენ

საპროტესტო აქცია „მეტრო სითის“ მიმდებარედ დღეს შპს „ნინოს“ თანამშრომლებმა გამართეს. ისინი კომპანია „მეტრო მეფისგან“  შპს „ნინოზე“ გასაცემი კუთვნილი თანხის ანაზღაურებას ითხოვენ.

„ჯერ კიდევ, 29 ივლისის საპროტესტო აქციაზე, თანამშრომლები [მშენებლები] აცხადებდნენ, რომ უხარისხო საჭმელს მიირთმევდნენ. მოთხოვნა კომპანიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შეუჩერა  საჭმლის მიმწოდებელ ქვეკონტრაქტორ შპს „ნინოს“ ხელშეკრულება… ერთდროულად არ მოხერხდებოდა  თანხის გადახდა, პირველ რიგში უნდა გადაგვერიცხა ხელფასები და ეს რომ მომხდარიყო, ამისთვის ვთხოვეთ ქვეკონტრაქტორ კომპანიის დირექტორს მოსულიყო და შესაბამის ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. მაგრამ მან ეს არ გააკეთა.“ – ამბობს რაულ კახაძე, „მეტრო მეფის“ დირექტორი.

„თუ მათ არ მოსწონდათ ჩვენს მიერ მიწოდებული საჭმელი, ორი წლის განმავლობაში, ან თავად როგორ ჭამდნენ, ან კიდევ მუშებს როგორ აჭმევდნენ.“ – ამბობს ნინო გოგიტიძე, შპს „ნინოს“ დირექტორი.

„მხოლოდ ხელფასების გადახდას არ ვითხოვთ, უნდა გადაგვიხადონ ის დავალიანებაც, რაც ჯამში 460 ათას 300 ლარს შეადგენს. ეს დავალიანება გადაიხადოს და ჩვენ აქ აღარ მოვალთ.“ – ამბობს ლამზირა შარაბიძე, შპს „ნინოს“ თანამშრომელი.

14247781_1171806092892582_1544652370_o
აქცია „მეტრო სითის“ მიმდებარედ / ფოტო: როინ გუნდაძე

რაულ კახაძის თქმით, ამ შემთხვევაში „ნინოს“ ხელმძღვანელობა თანამშრომლებს იყენებს: „არც ერთი თანამშრომლის ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა. რომ არ დაზარალებულიყვნენ შპს „ნინოს“ თანამშრომლები, ჩვენ დავიბარეთ და მათთვის უნდა აგვენაზღაურებინა კუთვნილი ხელფასები, თუმცა უარი მივიღეთ. ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ თანამშრომლები ხელფასებს არ აიღებდნენ და აქციებითაც დაიმუქრნენ“.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ ორი დღის განმავლობაში არ მოხდება ხელფასების [საუბარია 25 000 ლარზე] და ზემოთ აღნიშნული 460 ათას 300 ლარის გადმორიცხვა, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბებიან.

14215557_1171807816225743_402661088_o
აქცია „მეტრო სითის“ მიმდებარედ / ფოტო: როინ გუნდაძე

ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „ხშირად, სადაც აქციაზე მივალ, ყველგან ისმის ერთიდაიგივე – არასათანადო სამუშაო პირობები, ხელშეკრულებების არარსებობა, არანორმირებული სამუშაო  საათები, არაადამიანიური კვება, მოქცევა და დამოკიდებულება. განსაკუთრებით უცხოურ კომპანიებში. სახელმწფომ ვერ შეძლო ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა რომ დაცული იყოს ადგილობრივი მუშა ხელი.“

„ფოტოდღეები“ ბათუმში პოლონურ და სამხრეთ კორეულ ფოტოგრაფიაზე აქცენტებით

„ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომელიც ორ ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას ერთი პროექტის ფარგლებში აერთიანებს. ფესტივალი ბათუმში 10 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.

ოთხი დღის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში სამი გამოფენა, სამი მასტერკლასი, სამი ღამის ფოტოჩვენება და ორი პრეზენტაცია ჩატარდება ბათუმის საგამოფენო სივრცეებში: „თიბისი ბანკის“ გალერეაში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.

ფოტოგრაფები: ტომაშ ლაზარი [პოლონეთი], აჰლამ შიბლი [პალესტინა] და კენგ ჯუკი [სამხრეთ კორეა] იქნებიან წელს ფესტივალის მთავარი სტუმრები. გამოფენების პარალელურად ისინი წინასწარ შერჩეული პირებისათვის მასტერკლასებს ჩაატარებენ. მასტერკლასის მთავარი თემები წელს ქუჩის ფოტოგრაფია, გადაღების ტექნიკური მხარე და საჯარო სივრცეების ათვისებაა.

ფესტივალი 10 სექტემბერს, 12 საათზე, ტომაშ ლაზარის მასტერკლასით დაიწყება ხელოვნების უნივერსიტეტში, თუმცა პირველი გამოფენა – „ტერიტორია/სივრცე“ – წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში, იმავე დღეს, საღამოს 7 საათზე „თიბისი ბანკის“ გალარეაში გაიხსნება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

11 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [მის: ზ. გამსახურდიას ქ. 1/5] ირანელი ფოტოგრაფი, ალი აკბარ შირჯიანი წაიკითხავს ლექციას თემაზე – „უცნობი რეალობის თეორია“, ლექციის დასრულების შემდეგ კი მისი ფოტოპროექტის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

12 სექტემბერს, საღამოს 6 საათიდან თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ტომაშ ლაზარს მოუსმენენ, რომელიც პოლონურ ფოტოგრაფიას მიმოიხილავს. ლექციის დასრულებისთანავე დამსწრეებს საშუალება ექნებათ თავად ტომაშ ლაზარის ნამუშევრებს გაეცნონ. „ცხოვრება, როგორც თეატრი“ – ასე ეწოდება პოლონელი ფოტოგრაფის გამოფენას. ლექციასა და გამოფენაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

იმავე დღეს, 12 სექტემბერს, საღამოს ათის ნახევარზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სუონის [სამხრეთ კორეა] საერთაშორისო ფოტოფესტივალის ღამის ჩვენება გაიმართება.

13 სექტემბერს, საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე ფესტივალის დამსწრეებს აჭარის სახელმწიფო მუზეუმში [მის: ზ. გორგილაძის №8] საოჯახო ფოტოარქივის დათვალიერების საშუალება ექნებათ. „მოგონებები შუშის ნეგატივებზე“ ალხაიძეების საოჯახო არქივია. გამოფენის კურატორები არიან ლილი მამაცაშვილი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) და ანა რიაბოშენკო (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო). გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

14 სექტემბერს, ფესტივალის ბოლო დღეს, 15 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში საფესტივალო ტურს ფესტივალის ორგანიზატორები, ირაკლი ძნელაძე და კატერინა რადჩენკო წარმოადგენენ, საღამოს, 21: 30 საათზე კი, იმავე ადგილას, ფესტივალის – „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეების“ კოლექციის ღამის ჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალს – „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“ – საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ფესტივალი ორ ქვეყანაში, საქართველოსა და უკრაინაში იმართება. ოდესაში – აპრილში, ხოლო სექტემბერში – ბათუმში.

ფესტივალის პარტნიორები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, „თიბისი ბანკი“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, საზოგადეობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ნეტგაზეთი, ბათუმელები, რადიო აჭარა, ინფობათუმი, კონოთეატრი აპოლო. 2016 წლის ფესტივალი „Check in Georgia”-ს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრით ნომერი ორ პარტიას მიენიჭა – N31 „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ [ეს პარტია პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დამოუკდიებლად იბრძოლებს], ხოლო მეორე პოლიტიკური გაერთიანება არის „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ და მისი რიგითი ნომერია – 32.

საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების პარალელურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მიენიჭათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიანიჭა.

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის:

№1 – საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
№3 – საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
№6- „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“;
№7 – „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“;
№8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,
№9 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“;
№10 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
№11 – „სახალხო ხელისუფლება“;
№14 – „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“;
№16 – „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“
№17 – „საქართველო“;
№19 – საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“;
№23 – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“;
№25 – „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი“;
№26 – „ეროვნული ფორუმი“;
№27 – „ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“;
№31 – „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“
№32 – „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“
№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 25 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიანიჭა.

საქველმოქმედო გამოფენა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობის გამო ჩაიშალა

გოგიტა მურცხვალაძე, საქველმოქმედო ფონდი „ღვთის შვილების“ თავმჯდომარე

საქველმოქმედო ფონდი „ღვთის შვილები“ 2013 წლის იანვარშ იჩამოყალიბდა. ფონდის მიზანია აჭარის ავტონომიის მასშტაბით მოიძიოს და აღრიცხოს შშმ სტატუსის მქონე ბავშვები, მათი შემდგომი დახმარების მიზნით.

ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს დედებზე და შვილებზე. დაარსებიდან დღემდე ვატარებთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, კონცერტებს, შემოსული თანხები თანაბრად ნაწილდება თითოეულ ოჯახზე.

ფონდის დაარსებდან დღემდე „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში, თბილისში, წელიწადში ორჯერ ვატარებთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს. გამოფენაში აქტიურად არიან ჩართულები ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი მხატვრები, აჭარის, აფხაზეთის და იმერეთის მხატვართა კავშირები. საოცარია მათი მხარდაჭერა და თანადგომა, გამოფენებზე სხვადასხვა დროს პატრონაჟი გაუწევიათ ცნობილ პიროვნებებსა და სამინისტროებს.

მიმდინარე წლის 18 აპრილისთვის დაგეგმილი მქონდა წინასააღდგომო გამოფენა. პატრონაჟის გასაწევად დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს. გამოფენა წარმატებული უნდა ყოფილიყო, გამოფენაზე ველოდით სამინისტროს თავისი თანამშრომლებითა და გენშტაბით, სამხედრო ატაშეებით, ელჩებით, სამინისტროსთან მომუშავე ბიზნეს სექტორით. ამ მოლოდინს ისიც განაპირობებდა, რომ გამოფენაზე ძალიან ცნობილმა მხატვრებმა შემოგვწირეს ნამუშევრები, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი შშმ სტატუსის ბავშების დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

სამინისტრო დაგვთანხმდა პატრონაჟი გაეწია ამ გამოფენისთვის, ჩვენი ძირითადი თხოვნა პრესის უზრუნველყოფა და ზემოთჩამოთვლილი კონტინგენტის მოწვევა იყო. სამინისტრომ თხოვნაც გადმოგვცა, რომ ფონდის ბავშვების გარდა დახმარება გაგვეწია 12 ოჯახზე, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავდათ დაღუპული სამშვიდობო მისიებსა და 2008 წლის ომში, ჩემთვის რა თქმა უნდა მისაღები იყო შემოთავაზება.

თუმცა იმედები გაგვიცრუვდა. 18 აპრილს, გამოფენაზე, სამინისტროდან მოვიდა მხოლოდ 10-12 ადამიანი, მოიყვანეს ყველა ტელევიზია და გააპიარეს საკუთარი თავი, ინტერვიუები უხვად დაარიგეს: რომ ეხმარებიან ფონდს და ეხმარებიან დაქვრივებულ ოჯახებს და ა.შ. არ ყოფილან არც მინისტრი და არც მინისტრის მოადგილეები, არც ატაშეები, არც ელჩები და არც გენერლები, საერთოდ არავინ ჰყავდათ მოწვეული. გამოფენა ჩაიშალა. გამოფენის მოსამზადებლად საკმაოდ სერიოზულ ხარჯები გავწიეთ. მინდა ვკითხო თინა ხიდაშელს, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, ვინ აანაზღაურებს ფონდის ხარჯებს, რაში დასჭირდათ ამ ბედკრული ოჯახების მოტყუება. ამ ამბის შემდეგ ვცადე ხმა მიმეწვდინა თინა ხიდაშელისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 110,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, აგვისტოში, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 110,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით მხოლოდ ერთ თვეში 22 539 ვიზიტორმა ისარგებლა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია სამი თვის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის ზაფხულში აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში სტუმართა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109,10%-ით გაიზარდა. სულ, 2016 წლის ივნის-აგვისტოში ტურისტული ცენტრების მომსახურებით 49 198 -მა ვიზიტორთა ისარგებლა.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს განახლებული რუკები, გზამკვლევები და სერვისები შესთავაზა. მათ შორისაა მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტები – მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი, ასევე ქედა-შუახევის ღვინისა და გასტრონომიული მარშრუტები. საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა. ესენია მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი, ქედის სიგარა თუ ჯემები, მურაბები და ფელამუში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრები აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმში აქვს. წელს, არსებულ ცენტრებს ორი საინფორმაცო სტენდი ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებშიც დაემატა. რეგიონის სტუმრებს აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება საბაგიროსა და აეროპორტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

აჭარაში სულ 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრია. მათგან 4 ბათუმში მდებარეობს. აჭარაში არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ბიუჯეტი წელს, მთლიანობაში, 208 200 ლარს შეადგენს.

„რესპუბლიკელების“ პარტიული სიის პირველი ათეული უმაღლესი საბჭოს არჩევნებში

„რესპუბლიკურმა“ პარტიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სია წარადგინა.

პირველ ნომრად სიაში, როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილია.

მეორე ნომერი უმაღლესი საბჭოს წევრი და განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინია. ის ამავდროულად არის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმის 70-ე ოლქში.

სიის მესამე ნომერი ლარისა ანდღულაძეა. ის პროფესიით ეკონომისტია და ლექციებს კითხულობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მეოთხე ნომრად ბათუმის საკრებულოს წევრი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ამადროულად პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაურ ახვლედიანია.

მეხუთე ნომერი ლევან ხინიკაძეა, ქობულეთის საკრებულოს წევრი და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ამავე საარჩევნო ოლქში.

მეექვსე ნომერია მარინა მახარაძე, პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მეშვიდე ნომერია პარტიის წევრი, ბათუმის 22-ე სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე. ის პარტიამ ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კადიდატადაც წარადგინა.

მერვე ნომრად სიაში დემურ მსახურაძეა, ის პარალელურად პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია ხულოს, ქედისა და შუახევის ოლქში.

მეცხრე ნომერია ასმათ დიასამიძე – პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრი.

მეათე ნომერია პარტიის წევრი ზაზა ჩავლეიშვილი, ის პროფესიით ინჟინერია.

პარტიულ სიაში ყოველი მესამე ქალია.

პროექტი უმაღლესი საბჭოს შენობასთან და გასაიდუმლოებული ინვესტორი

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 7 ჰექტრამდე მიწის ფართობი გადასცა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ქონება [მიწის ნაკვეთები] ესაჭიროება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“.

კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ვის მიერ უნდა განხორციელდეს, რა ფორმით და ა.შ. ინფორმაცია „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

პასუხში აღნიშნულია, რომ სამინისტროს 2016 წლის 20 ივლისის შესაბამისი წერილით მიმართა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა.

„საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში იგეგმება ქობულეთის მუნიციპალიტეტში „დაბა ჩაქვი-აღმაშენებლის მე-3 შესახვევის“ [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან მისასვლელი] საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. აუცილებელია ამ გზის სავალი ნაწილის გაფართოება. გზის გასაფართოებლად საჭირო ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ გაატაროთ შესაბამისი ზომები, რათა მითითებული მიწის ნაკვეთები გადმოეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში შემდგომში გზის რეაბილიტაციის მიზნით,“ – ეს არის გზების დეპარტამენტის 20 ივლისის წერილი, რომელსაც ხელს გიორგი რომანაძე აწერს დეპარტამენტის უფროსის რანგში.

გიორგი რომანაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“.

„ბათუმელები“ გიორგი რომანაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შვებულებაში იმყოფება, ფაქტობრივად, უკვე პოლიტიკაშია, აღნიშნულ პროექტზე ვერაფერს გვეტყვის და უმჯობესია დავუკავშირდეთ დეპარტამენტს.

გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აღნიშნული გზის პროექტთან მათ შეხება არ აქვთ: „უმაღლეს საბჭოსთან არის მიგინეიშვილის, წერეთლის და სხვა ქუჩები, რომლებიც გავარემონტეთ აჭარის ბიუჯეტის სახსრებით, ჯამში 2,5 კმ/მდე მონაკვეთი. აღმაშენებლის მე-3 შესახვევს ჩვენ არ ვაკეთებთ. ვფიქრობთ, აღმაშენებლის მე-2 და მე-3 ჩიხების რეკონსტრუქციას, ისიც მომავალი წლისთვის“.

რა ღირებულებისაა პროექტი, რა ჯდება გზის რეკონსტრუქცია, გამოცხადდება თუ არა ტენდერი და/ან ვინ შეასრულებს სამუშაოებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, გზების დეპარტამენტში და აჭარის მთავრობაში არ გაასაჯაროვეს. ინფორმაცია არ აქვთ ქობულეთის გამგეობაშიც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა აღნიშნულ სამუშაოებს რომელიმე ბიზნესმენს გააკეთებინებს თავისივე ფულით და ასეთი ბიზნესმენი/კომპანია უკვე შერჩეულიც კი ჰყავს. შესაბამისად, ამ გზის რეაბილიტაციაზე აჭარის ბიუჯეტიდან ფული აღარ დაიხარჯება. ეს იქნება ბიზნესმენის „საჩუქარი“, თუ მას რაიმეს სანაცვლოდ შეთავაზებენ, ჯერ გაურკვეველია.

დაპროექტებული გზა, ცენტრალური მაგისტრალიდან, უმაღლეს საბჭოსთან მისასვლელ გზას ემთხვევა, შემდეგ გარს უვლის საბჭოს შენობას და ჩადის სოფელ ხალაში მისასვლელ გზამდე და მას უერთდება. სწორედ ამ გზის გაფართოებაზე, მოასფალტებასა და განათებაზეა საუბარი. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე წელს გზის რეკონსტრუქცია ადგილობრივი მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მომავალში ხელისუფლებას გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარების უფლებას აღარ მისცემდნენ.

„მონოპიესების ფესტივალი“ ბათუმში

დღეს, ექვს სექტემბერს ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება. ფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება და დღეში ორ მონოსპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. ორგანიზაცია „Art Way“ მონოპიესების ფესტივალს ბათუმში მესამედ ატარებს.

წელს ფესტივალს ორი უცხოელი მონაწილე – უკრაინელი დრამატურგი და აზერბაიჯანელი რეჟისორი ჰყავს. მათ ქართველ მსახიობთან ერთად საერთო ჯგუფი შექმნეს, ბიუჯეტის სიმცირის გამო საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ საქართველოში და ფესტივალზეც სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორები – ნინო ჩხაიძე და ოთარ ქათამაძე ამბობენ, რომ ყველანაირად ეცდებიან, მომავალ წელს უკვე ფესტივალი საერთაშორისო გახდეს და მისი დაფინანსებაც ადგილობრივმა მთავრობამ პროგრამულ ბიუჯეტში გაითვალისწინოს. მანამდე კი ფესტივალი წინა წლებთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტით – 9 280 ლარითა და ენთუზიაზმით იმართება. ორგანიზატორებმა ფესტივალისთვის ამ თანხის მოძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსის მეშვეობით მოახერხეს.

უკრაინელი დრამატურგის მონოპიესა ორგანიზატორებმა საკუთარი ძალებით თარგმნეს და მომავალში, თუკი ფესტივალის საერთაშორისო გახდება, ყველა მონოპიესის ქართულად დადგმას გეგმავენ.

„ბიუჯეტის 80% მონაწილეთა ბათუმში ჩამოყვანისა და დაბინავების ხარჯებზე მიდის, დანარჩენი თანხა ორი მოწვეული კრიტიკოსისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებასა და ტრანსპორტირების ხარჯებზე ნაწილდება“, – გვიხსნის ნინო ჩხაიძე. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული იყო ხუთი დრამატურგის მონოპიესის წარმოდგენა, თუმცა ბევრი მსურველის გამო წინა წლების მსგავსად წელსაც დაამატეს ორი დრამატურგი: „ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მონოპიესებზე, მთავარი სწორედ ეს არის, ამიტომ ჩვენ ვარჩევთ და ვიწვევთ დრამატურგებს, ისინი კი თავად ირჩევენ რეჟისორს, რომელსაც მოჰყავს მსახიობი. შესაბამისად ჯგუფში სამი ადამიანია, თუმცა ისეც ხდება, რომ დრამატურგი თავად ითავსებს რეჟისორის ფუნქციას“.

როგორც ოთარ ქათამაძე გვიხსნის, ფესტივალის მონაწილეები ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობენ ერთგვარ ლაბორატორიაში, სადაც მუშაობენ, რეპეტიციებს გადიან, ქმნიან ან ცვლიან მონოპიესების ტექსტებს. წელს ასეთი ადგილი გონიოში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროა. ოთარ ქათამაძის თქმით, ეს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთი ჯგუფის ჩამოყვანა, რომელიც დამწყებმა თბილისელმა დრამატურგმა შექმნა, ვერ მოხერხდა, რადგან „თანხა არ გვეყო და შევთანხმდით, რომ თბილისში იმუშავებენ და ფესტივალის მიმდინარეობის დროს შემოგვიერთდებიან“, – დანანებით აღნიშნა ოთარ ქათამაძემ.

ორგანიზატორების თქმით, მონოპიესები ფესტივალისთვის სპეციალურად იწერება, ან არსებულს პირველად საგანგებოდ დგამენ.
„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული დრამატურგიის განვითარებას და ვცდილობთ, კონკრეტულად მონოპიესები გახდეს აქტუალური. დღესდღეობით საქართველოში ფაქტობრივად არ ბეჭდავენ ახალ დრამატურგებს, მათ არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ და ვინაიდან და რადგანაც ქართული დრამატურგია ავითარებს ქართულ თეატრს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მისახედია სწორედ დრამატურგია. მონოპიესების კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ დიდ ფინანსურ რესურს არ მოითხოვს და დრამატურგს, რომელსაც ყოველთვის ჰყავს ერთი მეგობარი რეჟისორი და რეჟისორი, რომელსაც ასევე შეუძლია ერთი მსახიობის პოვნა, აძლევს საშუალებას საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედება აჩვენოს საზოგადოებას“, – ამბობს ოთარ ქათამაძე, მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. იგი დასძენს, რომ არის შემთხვევები, როდესაც დრამატურგი ორგანიზატორებს სთხოვს დახმარებას რეჟისორის შერჩევაში: „მაგალითად, წელს ლია ლიქოკელმა გვთხოვა მისი პიესისთვის რეჟისორის შერჩევა და ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ ამ მხრივ, ვცდილობთ დრამატურგებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი“!.

ნინო ჩხაიძის განმარტებით, ფესტივალი კარგ შესაძლებლობას აძლევს ხელოვანებს გაიცნონ ერთმანეთი და ასევე გააცნონ საკუთარი შემოქმედება თეატრალური სფეროს სხვა წარმომადგენლებს:

„წინა წლებში საკუთარი სურვილით ჩამოდიოდნენ კრიტიკოსები, თეატრმცოდნეები თუ ლიტერატურათმცოდნეები და წერდნენ რეცენზიებს, რომლებსაც აქვეყნებდნენ სხვადასხვა გამოცემაში. წელს უკვე ორი მათგანი ოფიციალურად გვყავს მოწვეული, ისინი ყველა სპექტაკლზე მოამზადებენ რეცენზიას და ბოლოს მთლიანად ფესტივალს შეაფასებენ. ასევე ბოლოს გამოვა მონოპიესების კრებულიც, რაც ქართული ლიტერატურისთვის კარგი შენაძენი იქნება“, – ამბობს ნინო ჩხაიძე და აღნიშნავს, რომ გასულ წელს უკვე გამოიცა პირველი ორი წლის ფესტივალებზე წარმოდგენილი მონოპიესების კრებული, სადაც 11 მონოპიესა შევიდა.

ორგანიზატორების თქმით მონოსპექტაკლები ბათუმში, სხვადასხვა სივრცეში გაიმართება და არ იქნება მხოლოდ თეატრის სცენაზე წარმოდგენილი. როგორც ოთარ ქათამაძე ამბობს, მონოპიესებმა სოციალური დატვირთვა შეიძინა და დრამატურგებისთვის სხვადასხვა პრობლემატურ თემაზე საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანისათვის თეატრის სცენა უკვე აღარ იყო საუკეთესო საშუალება:

„რადგანაც ეს გახდა რაღაც ტიპის სოციალური პლატფორმა, ჩვენ გადავინაცვლეთ ღია ცის ქვეშ, პარკინგებზე, მშენებლობებზე… თავისუფალი სივრცეების ათვისება მოხდა, რაც კიდევ უფრო კარგია. თან ადგილებს მონაწილეებთან ერთად ვარჩევთ და ვცდილობთ იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული და მისაწვდომი ყველასთვის“, – ამბობს ოთარ ქათამაძე.

„სულ შვიდი მონოსპექტაკლი დაიდგმება, მაგრამ რადგან ღია ცის ქვეშაც გვაქვს დაგეგმილი წარმოდგენა, დროის ეს შუალედი, 6-11 სექტემბრამდე, ავიღეთ, უამინდობის შემთხვევაში გადადება რომ მოვახერხოთ. რაც შეეხება იმას, რომ დღეში ორი მონოსპექტაკლია დაგეგმილი, სივრცეები და გრაფიკი ისეა შერჩეული, რომ მაქსიმუმ ათი წუთის დაშორებით იყოს ერთმანეთისგან, ასე რომ მაყურებელს ორივე მათგანის ნახვა შეეძლება“, – გვიხსნის ნინო ჩხაიძე.

ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ფესტივალით დაინტერესება იზრდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ორგანიზატორებს აძლევს მოტივაციას, რომ გაორმაგებული ძალებით ეცადონ მომავალი წლისთვის ქალაქის პროგრამულ ბიუჯეტში ფესტივალის შეტანას და მის საერთაშორისო დონეზე ჩატარებას: „თავიდან ასე იყო საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალიც და როცა დაინახეს, რომ გაამართლა, ჩასვეს ბიუჯეტში… იმედი გვაქვს, ჩვენც შევძლებთ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი დღეს ჩვენი საზოგადოებისა და თეატრალური სფეროს განვითარებისათვის“.

იხილეთ ინფორმაცია ფესტივალის გრაფიკის შესახებ.

ფოტო: მონოპიესების ფესტივალი 2014

საქართველოში განქორწინებების რაოდენობა იზრდება

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი წლების მიხედვით მატულობს. თუ 2008 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით განქორწინებულთა რაოდენობა 3 189 იყო, 2014 წლის მონაცემებით, განქორწინებულთა რაოდენობამ 9 119 მიაღწია. თითქმის იგივე რაოდენობა – 9 112 განქორწინება დარეგისტრირდა გასულ წელსაც.

2015 წელს რეგიონების მიხედვით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში იყო, – 3 601 წყვილი განქორწინდა,  შემდეგ იმერეთში, – 1 409, მესამე ადგილზე კი ქვემო ქართლია, – 1 013 წყვილი განქორწინდა.

2015 წელს,  განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ წყვილებს შორის დაფიქსირდა, რომელთა ქორწინების ხანგრძლივობა 0-იდან 4 წელი იყო, (2 973 განქორწინებული) ან 20 წელი და ზემოთ (2,009 განქორწინებული).

 

განქორწინების მაჩვენებელი წლების მიხედვით:

 

რაოდენობა                       %

2008 3 189 0.7
2009 4 030 0.9
2010 4 726 1.1
2011 5 850 1.3
2012 7 136 1.6
2013 8 089 1.8
2014 9 119 2.4
2015 9 112 2.5

თხილნარის მოსახლეობა გამგეობის წინ საპროტესტო აქციას მართავს

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მოსახლეობა გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს. სოფლის მაცხოვრებლები გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ჩამოწოლილი მეწყერი გამო საშიშროება ემუქრება 12 ოჯახს.

„სოფელში მეწყერია ჩამოწოლილი და გაჩნდა ახალი კერებიც. მთელი სოფელი რთულ მდგომარეობაშია. გზა არ გაუწმენდიათ, მეწყერი მომდგარია ორსართულიან კორპუსთან და არც გეოლოგები მოსულან და არც არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ ამ დრომდე“ – გვეუბნება აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიშა ბოლქვაძე, რომელსაც ტელეფონით ვესაუბრეთ.

გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის გასაწმენდად ტექნიკა დღეს გაიგზავნება:  „ამ დროისთვის სხვაგან მუშაობენ და როცა დაასრულებენ კვლევას, გეოლოგებიც გაიგზავნებიან“ – უთხრეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.

ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა

დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა.  პროექტის განხორციელებისთვის ბათუმის მერიამ 62 500 ლარი გამოყო. ჟიული შარტავას სკულპტურის ავტორი გიორგი შხვაცაბაიაა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  მთავრობის წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ახლობლები.

ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სეპარატისტებმა დახვრიტეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქალაქში გაიხსნა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი. ეს ის ადამიანია, რომელიც ბოლო წუთებამდე იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას“-განაცხადა აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

მემორიალის გახსნას ჟიული შარტავას ახლობლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, მემორიალის გახსნა მნიშვნენლოვანია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომ ახსოვდეთ ჟიული შარტავა და არა მარტო ის,  ყველა ადამიანი, ვინც  მასთან ერთად იბრძოდა“.

მემორიალის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებზე ბათუმის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. სატენდერო თანხა კი 96 ათას 650 ლარი იყო.

ჟიული შარტავას მემორიალი ბათუმში
ჟიული შარტავას მემორიალი ბათუმში

კონკურსი უსკოში

აჭარის  უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს, აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტურ პოზიციებზე.

უსკოს  საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს:

კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, პარტიული კუთვნილება, იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება სადაც სურს წარმომადგენლობა და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);

ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ასლი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს: პარტიის წევრი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საკადრო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ არაუგვიანეს 2016 წლის 6 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. (მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ N2, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).

N79 ბათუმის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში აირჩევა არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. N81 ქობულეთისა და N83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში უმაღლესი საარჩევნო კომისია ირჩევს თითო წარმომადგენელს. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობას ახორციელებს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების საქმიანობა დაფინანსდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, ერთჯერადად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

დეტალური ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების შესახებ (უფლება-მოვალეობები) იხილეთ უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე WWW.SEC.GE

 

 

აგვისტოს ომის ვეტერანი შსს-სგან ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს

რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ვეფხვია აბაშიძე ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ვეფხვია აბაშიძემ სამუშაო ადგილი კერძო დაცვის სამსახურში იპოვა, სადაც ცნობა ნასამართლეობის შესახებ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა რომ დასაქმდეს. თუმცა ის ცნობას შესაბამისი უწყებიდან ვერ იღებს.

“სამხედრო სამსახურში კონტრაქტი 2010 წელს შემიწყვიტეს. მას შემდეგ უმუშევარ ვარ,” – გვიყვება ვეფხვია აბაშიძე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმდინარე წლის ივლისში მიმართა, საიდანაც წერილობითი პასუხი არ მიუღია: “სააგანტოში მითხრეს, რომ გაურკვეველია, ძველი საქმე, რასაც გედავებოდნენ, დასრულებულია თუ არაო. საქმის ნომერი მომცეს და მითხრეს, რომ ამ საქმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებიდან უნდა გამომეთხოვა, სადაც ძიება მიმდინარეობდა”.

ვეფხვია აბაშიძე პოლიციის მესამე განყოფილებას 2005 წელს დაუკავებია, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და გაათავისუფლეს. ვეფხვიამ იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი გვაჩვენა, რომელიც 2008 წლით თარიღდება და აღნიშნულია, რომ ვეფხვია აბაშიძე ნასამართლევი არ არის. ეს დოკუმენტი 2008 წლის 20 თებერვალსაა ხელმოწერილი. ამ დროს მან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური დაიწყო და ომის მონაწილეც გახდა.

ომის ვეტერანმა გვაჩვენა წერილიც, რომლითაც ვეფხვია პოლიციის მესამე განყოფილებას სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია იმ საქმეზე, რომლის ნომერიც შსს-ში მისცეს. წერილი პოლიციას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ჩაუბარებია. ერთ თვეზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად, ვეფხვიას პოლიციისგან პასუხი არ მიუღია.

“საქმე გვაქვსკანონმდებლობის უხეშ დარღვევასთან, რადგან პირს არ აძლევენ მის შესახებ დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც უნდა გაიცეს დაუყონებლივ,”-  ამბობს ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი. ეს ორგანიზაცია ვეფხვიას ინტერესებს იცავს.

ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ წინა კვირის პარასკევს ის ამ თემაზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის მოადგილეს, ჯემალ ცეცხლაძესაც შეხვდა: “გვითხრა, რომ აუცილებლად დღის ბოლოს მივიღებდით პასუხს და თუ ამ მონაცემს ვერ იპოვიდნენ, შესაბამისი პირის პასუხისმგბელობა დადგებოდა. ამ დრომდე პასუხი ჩვენ არ მიგვიღია”

ანა ბერძენიშვილმა დღეს, 4 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც მიმართა წერილობით: “მას შეუძლია განცხადების საფუძველზე დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და სამართალდარღვევა დაადგინოს”. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” არ გამორიცხავს ვეფხვია აბაშიძის საქმეზე სასამართლოს მიმართოს – ქმედების დავალდებულების და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ვეფხვიას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ოჯახს თურქეთში სეზონურად მუშაობით არჩენს. სოციალური დახმარება კი დროებით შეწყვეტილი აქვს: “სოციალური დახმარება საერთოდ მე რატომ უნდა მჭირდებოდეს? სახელმწიფოს იქეთ უნდა დავეხმარო, ოღონდ მომცეს ამის შესაძლებლობა. დახმარება შემიწყვიტეს, რადგან შემწეობის მიღებიდან ოთხი წელი გავიდა და ოჯახი ხელახლა უნდა გადაამოწმონ,” – ამბობს ვეფხვია აბაშიძე.

ვეფხვია აბაშიძის საქმეზე ინფორმაციას „ბათუმელები“  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან ელოდება.

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა 8 სექტემბრამდეა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის, უსკოში რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, პარტიული სიები 8 სექტემბერს 18:00 საათამდე უნდა რადაგნონ.

სიების გადამოწმების პროცესი ათი დღის ვადაში, 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

უსკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უსკოში პარტიული სია მხოლოდ ერთ პარტიას , – „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“-ს “ აქვს წარმოდგენილი.

დისკუსია – ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები

დისკუსია  თემაზე: „ხულოს მუნიციპალიტეტის  2017  წლის  პრიორიტეტები“, დაბა ხულოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ორგანიზებით  გაიმართა .

დავით  ლოსაბერიძე -ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან:

დავით ლოცაბერიძე
დავით ლოცაბერიძე

თემა  ძალიან  დიდია და  შევეცდები  ზოგადი  ხედვები  და  პრობლემები  ჩამოვაყალიბო იმ  შესაძლებლობებზე  რაც  არსებობს  და  გაჩნდა  ასოცირების  ხელშეკრულების  შემდეგ.   ეს  არის  ინსტრუმენტები,  რომლებსაც  გამოყენება  უნდა.  მათში  მოიაზრება როგორც  ფინანსური ინსტრუმენტები   მხარდამჭერი  საერთაშორისო  პროგრამებიდან,   რომელიც  მუნიციპალიტეტბმაც  შეიძლება   მიიღონ,  ისე  სხვადასხვა  ერთობლივი   სამუშაოები  სახელმწიფოსა და  საერთაშორისო  ორგანიზაციებისა.

ის  რეფორმა,  რომელიც საქართველოში  ამჟამად  მიმდინარეობს,  რიგით  მეხუთეა დამოუკიდებლობის  მოპოვების  შემდეგ.    კარგი  იქნება  გავიხსენოთ    ევროკავშირის  ექსპერტთა  საბჭოს   ბრიტანეთის   წარმომადგენლის   სიტყვები,  რომელიც საქართველოში  ნამყოფი არ არის, მაგრამ მონიტორინგის სისტემაში  მონაწილეობს. მან ხუმრობით  თქვა:  „ქართველები  25  წელია  სამსართულიან  სახლს  აშენებთ, ამ წლების  მანძილზე  4  აგური  დადეთ,  თქვენ  თუ  ასე  გააგრძელეთ  3500  წლის  შემდეგ   ძალიან  კარგი  ქვეყანა  გექნებათ”.  ამით მიგვითითა  იმაზე,  რომ  რაღაცეები  კეთდება.  ყველა  ხელისუფლებას  რაღაც  ნაბიჯები  აქვს  გადადგმული  და  უსამართლობა  იქნება  ეს  არ  დავინახოთ. არის  საზოგადოების,  ადგილობრივი  ჯგუფების, ბიზნესის   ინტერესები,   ეს  ყველაფერი  ნორმალური  პროცესია,  მაგრამ  ჯობია  იყოს  ერთიანი  ჩამოყალიბებული  სტრატეგია  და ეს არის  ის  სფერო,  სადაც  ქართველები   წინ  ვერ  ვართ.

კოდექსის   რამდენიმე  ძირითად  პოსტულატზე  მინდა  ყურადღება  გავამახვილო. ტერიტორიული  ოპტიმიზაციის  საკითხი,  რომელიც  პირველად  დადგა  2006  წლის  შემდგომ,  როცა  სოფლებში  გაუქმდა  თვითმმართველობები,  დაბებში  და  ქალაქებში,  ამან    რესურსების  მობილიზაციის  საშუალება  მისცა  რაიონულ დონეს,   სადაც  ავიდა  თვითმმართველობა,   მაგრამ  მოსახლეობასთან  დაშორება  გამოიწვია.  იქ  სადაც  ხდება  დიდი   ჯგუფების   ინტერესების  დაცვა,  პატარა  ჯგუფები  რჩება  ყურადღების  მიღმა  და  პირიქით.  ამაში მიზანმიმართულად  ვინმეს  ბრალი არ არის,   ყველას   აქვს  ინტერესი,  რომ   თავის სოფელში/ქალაქში  გააკეთოს  რაღაც,  მაგრამ   ფინანსები  არასდროს  არის  საკმარისი, ამიტომ  ტერიტორიული  ოპტიმიზაციის   საკითხი  რაც  დაიწყო  7  თვითმმართველი ქალაქის  გამოყოფით,  გრძელდება.  სახელმწიფო  კომისია  ამაზე მუშაობს  და  ინიციატივები  არის.  აქ  არამარტო  ქალაქების  თვითმმართველობის  სტატუსზეა  საუბარი,  არამედ  მსგავსი  ტიპის  ჰომოგენური მუნიციპალიტეტების  ჩამოყალიბებაზე.  შეიძლება რაღაც სახის მუნიციპალიტეტბში რაღაც  ნაწილი  ცალკე    ჩამოყალიბდეს, ამის  უფლება კანონმდებლობით  არის.

სტრუქტურასთან  დაკავშირებით  სიახლე  იყო  პირდაპირი  არჩევის  წესი,  ამასთან  დაკავშირებითაც  არის  სხვადასხვა  დამოკიდებულება,  სწორია თუ  არასწორია,   იურიდიულად  გამართლებულია  თუ არა?   ევროპის  მაგალითებიდან  ზოგ  ქვეყანაში  არის  ერთი,  ზოგში  მეორე  და  არცერთი არ არის  არადემოკრატიული. მერი  და  გამგებელი  შეიძლება  იყოს  პირდაპირ  არჩეული,  შეიძლება  იყოს  საკრებულოს მიერ  არჩეული,  შეიძლება  იყოს  მოწვეული  მენეჯერი.  აქ  ქარტია  მხოლოდ  ცნობს  3  პრინციპს,  რასაც  თვითმმართველობა  ითვალისწინებს: 1)  უნდა  არსებობდეს,  როგორც  საკუთარი  იურიდული პირი  თავისი  ტერიტორიით;  2)  აუცილებლად  უნდა  ჰყავდეს  წარმომადგენლობით  არჩეული  ორგანო; 3) აუცილებლად  უნდა  ჰქონდეს საკუთარი  შემოსავლები (არა  ტრანსფერები)  და  ბიუჯეტი,  სადაც  პილიტიკას  განსაზღვრავს თვითონ.

დისკუსია ხულოში
დისკუსია ხულოში

ფინანსებთან  დაკავშირებით  ვიცით,  რომ დიდი  ომი იყო  ხელისუფლების  ორ  ბანაკს  შორის,  ერთს  წარმოადგენდა  ფინანსთა  სამინისტრო  და  მეორეს  ინსფრასტრუქტურის  სამინისტრო.  ამ  დაპირისპირებაში  მოხდა  საშემოსავლოს  ნაწილის  დატოვება.  უფლებამოსილებების   გაზრდის  მიმართულებით გამიჯვნა  ქონებისა და  უფლებამოსილებისა  კულტურის  სფეროში.   არის   საუბარი,  რომ  სკოლების   მმართველობა  გადაეცეს  თვითმმართველობებს,  ფინანსებიც  უნდა  გადაეცეს  მუნიციპალიტეტებს, იმიტომ რომ  მან  უკეთ  იცის რა არის  ადგილზე  განსახორციელებელი. ეს  არის გეგმა  ყოველ შემთხვევაში.

თქვენთვის  მშვენივრად  არის  ცნობილი,  რომ  1%  სავალდებულოდ  ჩაიდო მოხელეთა უნარების  გაზრდაში  და ამას  გარდა  დონორი  საერთაშორისო  ორგანიზაციები  მზადყოფნას  გამოთქვამენ  თუ   სურვილი იქნა, რომ  თანადაფინანსებაც  იყოს  მოხელეთა  კვალიფიკაციის  გაზრდისა,  იმიტომ,  რომ   კვალიფიციური  კადრების  სიმცირეა.   ჭირს  კარგი  ფინანსისტის,  იურისტის  გაჩერება  ადგილზე,  როცა   ბევრად  მეტს  უხდიან  ბიზნეს სექტორში.

ორი  რამ  ჯერ  კიდევ  მისაღწევია: 1)   მოსახლეობის  კმაყოფილების  ხარისხი, რამდენად  არის ის  ჩართული ამ  საქმეში და  რამდენად  დაცულია  მისი  ინტერესი;  2)   სერვისების  საკითხი, სადაც  პირველ  ადგილს  იკავებს  საგზაო  ინფრასტრუქტურა – სოფლებში  განსაკუთრებით,    წყალმომარაგების,  სასმელი  და სარწყავი  წყლის  სტრუქტურა,  შემდგომ  მოდის  მყარი  ნარჩენების  გატანა,  საბავშვო  ბაღების დაფინანსების  პროგრამა,   რომელიც  ასევე  დასარეგულირებელია.

დასასრულს  ერთი  რაც  შემიძლია  ვთქვა, არის  ის,  რომ ასოცირების  ხელშეკრულებამ  საქართველოს  გაუხსნა რამდენიმე  დამატებითი  ინსტრუმენტი,  მაგალითისთვის  ერთ-ერთი  რომელზეც  მე ამჟამად  ვმუშაობ, ეს არის  ინტერმუნიციპალური  თანამშრომლობის  პროგრამა.  ვერც  ერთი  მუნიციპალიტეტი,  მარტო  აღებული,   რაც  არ  უნდა  ტრანსფერი  მისცე   ვერ  მოახერხებს  მთლიანად  პრობლემების  გადაჭრას. საქართველომ  მიიღო  საშუალება,  რომ  კონკურსებში  მონაწილეობდეს. ადრე  ამის  შანსი არ ჰქონდა  რადგან  ასოცირებულიც  არ  იყო. როცა ევროკავშირის  წევრი  გავხდებით  მაშინ უფრო  მეტი  შანსი  იქნება. მე  შემიძლია  შევადარო  ეს  პოლონეთს,   როგორც  კი მან ხელი  მოაწერა  ასოცირებას, დაიწყო  ამ  პროგრამებზე  მუშაობა.  ბუნებრივია  არის  პრიორიტეტების  პრობლემა.  შემოდიან   ენერგოეფექტურობის  ფონდები,  ოღონდ  არა  ისე, რომ  ფულს  თვითნ  მისცემენ,  არამედ  ქართულმა  მხარემ,  მუნიციპალიტეტებმა  უნდა  წარადგინონ   პროექტები  და  იმ  კვოტების  ფარგლებში, რაც  გვაქვს  და  ეს  მცირე  არ  არის  თუ  გამოვიყენებთ. რამდენიმე  ასეულ  მილიონ  ევროზეა  საუბარი ყოველწლიურად  მარტო მუნიციპალიტეტებზე.   პოლონეთში   2007-2013  წლებში  გრანტების  სახით  მხოლოდ  თვითმმართველობებმა  სხვა  პროგრამები რომ არ  ჩავთვალოთ, მიიღო  80  მილიარდ   ევროზე  მეტი.  ოღონდ განსხვავებით  ზოგიერთი ქვეყნისგან  ჯიბეში  კი  არ  წაიღეს  ეს  ფული,  განავითარეს  ინფრასტრუქტურა, საკუთარი  ბიზნესები,   შევიდნენ  გერმანიის, საფრანგეთის  ბაზრებზე.

დღეს  საქართველოსთვის  3000-მდე  ჩამონათვალი  არის  ღია  შესასვლელად,   თუ  იქნება  ხარისხი შესაბამისი.  როგორ  იქნება  ეს,  არის  ქვეყნის გადასაწყვეტი, მოახდეს  ამის  ორგანიზებას,  თუ  ვერ  მოახდენს. მე  იმედი  მაქვს  რომ  მაღალმთიანი აჭარა  იქნება  ერთ-ერთი  მოწინავე  ამ პროგრამებში,  ოღონდ  ეს  უნდა  იყოს  მუნიციპალიტეტების  ხედვა.  მთავარი  არის   პრიორიტეტების  განსაზღვრა.

ჯუმბერ   დემეტრაძე: ხულოს საკრებულოს  წევრი,  ფრაქცია „ქართული  ოცნება“:  სახელმწიფო  ქვეყნის  განვითარებისთვის  სხვადასხვა  მიმართულებით  მუშაობს.  მაგალითად, ავიღოთ თუნდაც   მაღალმთიანი  დასახლების  მდგომარეობიდან  გამომდინარე  ის  კანონმდებლობა, რომელიც ახლა იქნა  მიღებული.  ის რომ მაღალმთიანი  რეგიონების  განვითარების  კუთხით  დღეს  მუნიციპალიტეტებს  ზოგადად  გაეხსნათ  ხელ-ფეხი  იმ  შეღავათებით, რომელიც  არის  გაწერილი, ამას  ყველა  ვემხრობით და  ვაღიარებთ.  თუნდაც  მასწავლებელების  სახელფასო  წახალისებები,   რომელიც  სექტემბრიდან  იწყება,  თუნდაც  პირველ, მეორე და  მესამე  შვილზე  გამოყოფილი  დახმარებები;  ის  რომ  მესამე  შვილის  გაჩენაზე  მაღალმთიანი  სოფლის  მაცხოვრებელ  გაჭირვებულ  ოჯახს   2  წლის  განმავლობაში  დაენიშნება  200  ლარი ყოველთვიური   ხელფასის  სახით – ეს  არის  ძალიან  დიდი  შეღავათი.   გარდა  ამისა  ზოგადად  ქვეყანა  მომართულია  იქითკენ,  რომ  განვითარდეს  ინფრასტრუქტურა,   სოფლის  მეურნეობა,  ყველა  სფერო  რომელსაც  ზოგადად   განვითარების  რესურსი  აქვს  ქვეყანაში.

არ  შეიძლება  არ  აღინიშნოს  ის  პროგრამები, რომლებიც  ახლა  დაიწყო  მცირე  მეწარმეების  ხელშეწყობის,  საერთოდ  ბიზესის  წამოწყების. რაც  შეეხება  მუნიციპალიტეტების  მთავარ  პრობლემას   ეს  ძირითადად  არის  გზა,  ინფრასტრუქტურა,  სხვა  შემდგომი  სისტემების  მოწესრიგება,  თუნდაც  კანალიზაცია.

შევეცდები  მოკლედ    ჩამოვთვალო  რაც  გაკეთდა  ხულოს  მუნიციპალიტეტში  2016  წელს,  რადგან  ანალიზი  გარკვეული  სახით  საჭიროა.   დაიგო  9 კმ  ასფალტი,  სადაც  დახარჯულია 2 850 000   ლარი,  ასევე  შიდა  გზებზე   ბეტონი – 7,5  კმ,  სადაც  დახარჯულია  დაახლოებით   ნახევარი  მილიონი  ლარი.  ჩვენი  მუნიციპალიტეტი  ზოგადად  მოიცავს  700კმ  გზას,  ეს  არის  სოფლის  ცენტრებთან   მიმავალი   და  ასევე  მთებში  გადასაადგილებელი  გზები.  რაც  შეეხება  სოფლის  მეურნეობის  კუთხით  დასახულ  პროგრამებს,  ხულოს  მუნიციპალიტეტს  განსაკუთრებული  პრივილეგია  აქვს,  გამომდინარე  იქიდან,  რომ  სოფლის  მეურნეობის    განვითარების  თვალსაზრისით  ერთ-ერთი  პერსპექტივა  არის  ამ  მუნიციპალიტეტში. აქ  ვგულისხმობ   მესაქონლეობას  და  მეურნეობის  სხვა  დარგებს.  ბოლო  2-3  წლის  განმავლობაში აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკიდან   მუნიციპალიტეტში   არის  გადმოცემული   ე.წ  სათიბი  და  სახნავი  მექანიზმები  300  ერთეული,  რძის  გადამამუშავებელი  მანქანები  800  ერთეული,  45 სული   რქოსანი   პირუტყვი  მომრავლების  კუთხით.

ახალი  მეურნეობის  დანერგვა  მუნიციპალიტეტში,  ეს  არის  თხილის,  კაკლის  და  მოცვის  მეურნეობის  განვითარება. ამჟამად  განვითარებულია  25  ჰექტარი  თხილის  მეურნეობა,  16 ჰექტარი  კაკლის,  1  ჰექტარი  მოცვის  მეურნეობა,  რომელიც  პროგრამის  ფარგლებში  დაიწყო  და  რა  თქმა  უნდა  კარგი  შედეგი  აქვს  მას.   გარდა  ამისა  რას  აკეთებს  მუნიციპალიტეტი?   საბედნიეროდ  გაგვეზარდა  ადგილობრივი  შემოსავლები  რაღაც  დონით.  მანამდე  იყო  მინიმალურ  დონეზე,  დაახლოებით  ბიუჯეტის   3-5%,  დღეს  ფაქტობრივად  ჩვენი  ბიუჯეტის  ⅓-ს  წარმოადგენს ადგილობრივი  შემოსავლები. ეს  გვაძლევს  საშაულებას, რომ  ხულოს  მუნიციპალიტეტმა  დანერგოს  ჩამოაყალიბოს და  განავითაროს  ის  მიმართულებები, რომლებიც  ყველაზე  მეტად  ტკივა  ადგილობრივ  მოსახლეობას.

ასლან  ჭანიძე – „თავისუფალ  ჟურნალისტთა სახლი“:  ეს  ზრდა  ხომ   ხულოს  მუნიციპალიტეტში  ჰესების  მშენებლობით არის   გამოწვეული,   თუ  ბიზნეს  სექტორის  განვითარებით?

14107673_1154536584592440_8992071053799889604_o
დისკუსია ხულოში

ჯუმბერ   დემეტრაძე: ძირითადი ნაწილი  არის  ჰესების  მშენებლობის  პროცესიდან  გამომდინარე  და   საკმაო  მოცულობის  ნაწილი  ადგილობრივი  ბიზნესის  განვითარების  კუთხით.

მოვიყვან  მარტივ  მაგალითს: ის  რომ  ხულოს  მუნიციპალიტეტში  რამოდენიმე  წლის  წინ არ  მოედინებოდა  წყალი,  არ  შეიძლებოდა  რაიმე  სახის  მარტივი  ობიექტი  აშენებულიყო.  დღეს   წყლის  სისტემა  თავიდან  ბოლომდე  მოგვარებულია,   ბოლო  2  წლის  განმავლობაში  გაკეთდა  5-6   ავტომობილის  სამრეცხაო,  რაც თავის  მხრივ  აისახა  მოსახლეობაზე.  გარდა  ამისა   ინფრასტრუქტურული  ობიექტების  მიმართ   მაქსიმალურად  ცდილობს  მუნიციპალიტეტი  ჩამოაყალიბოს ის  რესურსი,  რომელიც  პერსპექტივაში  მოგვცემს  დოვლათს.  ასევე  უნდა  ითქვას,  რომ  მთავარი  პრიორიტეტი   არის  განათლება,  კულტურა,  სპორტი.

სპორტის  მიმართულებით  რა  წარმატებაც  აქვს  ეს  ყველამ  იცის  – ბრინჯაოს  მედლის  მფლობელი  გვყავს  უკვე ოლიმპიადაზე.  ამას  გარდა  სკოლამდელი  აღზრდის  11   ახალი  ობიექტი  გვაქვს   ბოლო  2  წლის  განმავლობაში.  რაც  საფუძველს  გვაძლევს  იმისა,  რომ  ხვალ და   ზეგ  ძალიან წარმატებული  თაობა და  საზოგადოება  მივიღოთ.   მუნიციპალიტეტში  რომ  ყველაფერი  არ  ყვავის  ეს  ფაქტია,  გვაქვს  12  მუნიციპალური  პროგრამა,  რომელიც  ელემენტარულად  ამოსუნთქვის  საშუალებას  შეიძლება  აძლევდეს  გაჭირვებულ  მოსახლეობას. აქამდე  იყო  და  დღესაც  არის  უსახლკარობის  პრობლემა  და  ესეც  ფაქტია. ამიტომ  მუნიციპალიტეტმა  შემოიღო  პროგრამა  რომელიც  უსახლკარო  ოჯახს  საშუალებას  აძლევს  მინიმალური  თავშესაფარი  მიიღოს.

კახა დეკანაძე:  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე: ყურადღება მინდა  გავამახვილო  ხულოს განვითარებაზე,  რისი გაკეთება შეიძლება და რა შეცდომებია დაშვებული.  2012 წლის არჩევნების შემდეგ გაკეთებული 9 კილომეტრიანი ასფალტირებული  გზა არაფერს  ნიშნავს. გოდერძის უღელტეხილი ძალიან სწორი პროექტი იყო რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, 75 ათასი ლარის ღირებულების ტურნიკეტები  ამ ხელისუფლებამ მოხსნა გოდერძის უღელტეხილზე და  ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში  გადაიტანა.  325 ათასი ლარი გამოიყო  სანიაღვრე არხების მოწესრიგებისთვის,  მხარი დავუჭირეთ ამ პროექტის შესრულებას მაგრამ ვერ განახორციელეს. კურორტ ბეშუმში ავაშენეთ ამბულატორია, რომელიც დამსვენებლებს მოემსახურებოდა. წელსაც და გასულ წელსაც სასწრაფო ადის ყოველდღიურად და დღეში 30 ლიტრი საწვავი არამიზნობრივად იხარჯება. რაც შეეხება ბაღებს არც  ერთი ბაღი გამართული არ არის. რაიონში ნეპოტიზმია, როგორც სოფლის რწმუნებულები, ასევე საარჩევნო კომისიის წევრები ამ კუთხით შეირჩნენ.  გამგებელსა  და  საკრებულოს თავმჯდომარეს  შორის  არის  დაპირისპირება და მათი ეს  უთანხმოება  გადადის ხალხის უპატივცემულობაში. დღეს ხელისუფლებას არ აქვს მყარი პოზიცია,  ვერ ჩამოყალიბდნენ რუსეთის მიმართულებით არიან თუ პროდასავლურები, ორი თამაშით   ხალხი არის ცოდვა.  ხულოში 2500 ოჯახი   იღებდა  სოციალურ დახმარებას დღეს 1300 ოჯახი იღებს,   ოჯახების უმრავლესობას დაუმსახურებლად შეუჩერეს დახმარება. გამგებელს  ვთხოვეთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის კუთხით რამდენმა ოჯახმა  მიიღო სახნავი ვაუჩერები,  გამგებელმა კი გადაგვამისამართა საკონსულტაციო ცენტრში, ცენტრმა მოგვწერა რომ ამ ინფორმაციის გაცემაზე პასუხსმგებელი გამგეობა იყო.

გამგებელს ასევე ვთხოვეთ ინფორმაცია მოეწოდებინა ხულოში არსებულ სათვალთვალო აპარატებზე და ვკითხეთ თუ რა მიზანს ემსახურებოდა ის. გვიპასუხა, რომ ვიდეოკონტროლი მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით სჭირდებათ და მართვის სისტემა  მის  კაბინეტშია. გამგებელს არ უნდა ქონდეს იმის დრო დაჯდეს კაბინეტში, საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს დააკვირდეს,  ამისთვის დაცვა არსებობს. რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, 325 დღე გამგებლის მძღოლი მივლინებით იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია გემგებელმა მოგვაწოდა.

დისკუსია ხულოში
დისკუსია ხულოში

ოთარ  ცეცხლაძე –  პარტია  „თავისუფალი  დემოკრატები“: წინა  და  მიმდინარე  წლის  პრიორიტეტებში დიდი  განსხვავება  არ  არის  და  თითქმის  ერთი და  იგივეა.  წელს  2  მილიონ  ნახევარზე  მეტი გათვლილია  წყალმომარაგების სისტემის  რეაბილიტაციაზე. ბოლო   10 წლის  განმავლობაში, დაახლოებით  5  მილიონამდე   თანხაა  დახარჯული,   მაგრამ  შორს რომ  არ წავიდეთ, გამგეობის  შენობაში   მესამე  სართულზე  რომ  ამობრძანდეთ,  წყალს  ვერ  ნახავთ.  რაც  შეეხება  ბიუჯეტის  დაგეგმვას, წელს   თითქმის 14  მილიონამდეა   ბიუჯეტი,  როდესაც  2004  წლის  ხულოს რაიონის  ბიუჯეტი   650  000  ლარი იყო.  მე  ვთლი,  რომ  ის  პროპორციულად  კარგად  ვერ  ნაწილდება,  არაფერია  ისეთი  რაც  დაკავშირებული იქნება  ადგილობრივი  შემოსავლების  ზრდასთან.   ამ  წლის   ზრდა   ჩვენგან  აბსოლუტურად  დამოუკიდებლად  მოხდა – ჰესების  მშენებლობამ  გამოიწვია  ქონების  გადასახადის    შემოსვლა  ჩვენს  ბიუჯეტში  და  ეს  ძალიან  კარგია. თუმცა,  ამით  არ  უნდა  ვიყოთ  კმაყოფილი  იმიტომ,  რომ   დაახლოებით  ერთ წელში  დამთავრდება  ჰესების  მშენებლობა და  შემოსავალი  მოიკლებს.  დასაქმებული  ადამიანების  რაოდენობაც  მკვეთრად  შემცირდება.  ჩვენ  გვაქვს  სპეციალური  დეპარტამენტი,  რომელიც  საავტომობილო  გზებსა და   მელიორაციას  ემსახურება, მე  ბოლო 3-4 წლის  განმავლობაში  მათი  გაკეთებული  არხი არ  მინახავს.

ჩვენთან  არ  არის  ისეთი ადგილობრივი   რესურსი,  რომ  რაიონი  განვითარდეს.  ჩეხავენ  ხეებს  და   გააქვთ  თურქეთში, აქ    რომ  არსებობდეს  ავეჯის გადამამუშავებელი საამქრო,  ეს  ბევრად  მეტ  შემოსავალს  მოიტანს.  ეკოლოგიური  კატასტროფის   ზღვარზეა   რაიონი – წყალდიდობები,   როდის  სად  მოხდება  მეწყერი  არავინ  იცის, არ  არის  მიწისქვეშა  ნაგებობები,  სათანადო არხები,  რომ  ეს  წყალი  სადღაც  წავიდეს, მიდის  ყანაში, ეზოში და  წარმოიქმნება მეწყერი.   მაგალითად  ვაშლოვანი,  თხილნარა,  ღორჯომის  ცენტრის  მიმდებარე  ტერიტორია,  ეკოლოგიური  უსაფრთხოების  მიზნით  ერთი თეთრი  არ არის ჩადებული   2017  წლის  ბიუჯეტის პროექტში.    ერთადერთი  რაც  ამუშავდა  ბოლო წლების  განმავლობაში  ეს არის  დიოკნისის რძის გადამამუშავებელი ქარხანა.

იმ  სერვისების  სამსახურებში, რომლებიც ისევ  მთავრობის  ა(ა)იპ-ია,  ძალიან  ბევრი  ცოდვა  ტრიალებს – ნეპოტიზმი,  კორუფცია.   ფერმერმა,   რომელსაც  2 ძროხა ყავს, მიიღო 2  სეპარატორი,  შეგვიძლია მივიდეთ  და  შევამოწმოთ.  ფერმერს კი, რომელსაც  12 ძროხა  ყავს,  იმას  არ  აქვს,  იმიტომ რომ იმ  2 -ძროხიანმა  დაწერა 18  მყავსო,  არავის  შეუმოწმებია  ეს.  ზოგიერთი პროექტის  მიმართ  არის  დიდი  კითხვის  ნიშნები,  პირველი  პირები  ვალდებული არიან მეტი  კონტროლი  დააწესონ. ვისურვებდი  რომ 2017  წლის  პრიორიტეტებში იყოს  რაიონში  პანსიონის  არსებობა,  ამაში  ვგულისხმობ  იმას,  რომ  ცენტრში  იქნება  ერთი  საცხოვრებელი  სადაც  იქნებიან   მოჭიდავე,  მოცეკვავე,  მუსიკის ნიჭით  გამორჩეული  ბავშვები.  იმიტომ,  რომ  84  სოფელში  მუსიკალურ  სასწავლებელს  ვერ  გააკეთებ, იქ  ყველგან  არ  იქნება ჭიდაობის  მწვრთნელი, არადა  ჩვენ  ბევრი  ნიჭიერი  ბავშვი გვყავს.

ჯუმბერ  დემეტრაძე: საკრებულოს  წევრი,  ფრაქცია „ქართული  ოცნება“: ბატონო  ოთარ  მე  გეთანხმებით  რომ დღეს  მუნიციპალიტეტში  ძალიან  გვიჭირს  სანიაღვრე  არხების და  საკანალიზაციო   სისტემის   მოწყობის  მხრივ, მაგრამ   არ  უნდა  დაგვავიწყდეს  რომ 2014-2015  წლებში  დავიწყეთ  ამ  სისტემის  შექმნა და   ჩვენი  ბიუჯეტი  არ  იძლევა  საშუალებას,  რომ  ეს  პრობლემა  1-2 წელში  თავიდან  ბოლომდე  იქნას  მოგვარებული.   რაც  შეეხება  სამასალე   ხე-ტყის  განაწილების  პრობლემას,  კომისია  მიდის  ადგილობრივი  ადმინისტრაციული  ერთეულის  წარმომადგენელთან  ერთად, ამოწმებს  ობიექტს   და  ამის მიხედვით  გამოუყოფს  მასალას.  რაც  შეეხება  წყალს,  5 მილიონი  არ  დახარჯულა,  1 700 000  დაიხარჯა,  ეს  მხოლოდ   დაბის,  ცენტრის  მომარაგებაზე  იყო  გათვლილი. ამავე  დროს  გარკვეული  მიზეზების  გამო  თავი  იჩინა   წყლის  პრობლემამ  დაბის მიმდებარე  ყველა  ადმინისტრაციულ  ერთეულში. მერე  წყლის დებეტის  გადანაწილება  მოუხდა  მუნიციპალიტეტს,  იმიტომ  რომ  ლოკალურად  მომხდარიყო  ამ პრობლემის მოგვარება. აქედან  გამომდინარე  კვლავ  განიცდის  ხულოს მუნიციპალიტეტი  ამ  პრობლემას. მომავალშიც  დაიხარჯება იმიტომ რომ  არა მხოლოდ  ცენტრი  იქნას  დაკმაყოფილებული  არამედ  მთლიანად  მუნიციპალიტეტი.

რაც  შეეხება  კომისიებს  ბატონო  კახა,  კომისია  კომპლექტება  პარტიების  წარმომადგენლებით და  კონკურსით. ეს  კონკურსი  ვინ ჩააბარა  ეს  სხვა  საქმეა. სოციალური  დახმარება  კი არ  შემცირდა,  ამ  სააგენტოს  აქვს  თავისი   მიმართულება,  რომელიც  გარკვეული პერიოდის მერე უნდა გადამოწმდეს, შეუწყდა გარკვეულ ოჯახს რამდენიმე პერიოდით.

დისკუსია ხულოში
დისკუსია ხულოში

ბადრი  გორგაძე – „ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობა“,  ხულოს  საკრებულოს  წევრი: რომელ  განვითარებაზე  ვსაუბრობთ  ხულოს  რაიონში… რქოსანი  პირუტყვი  შემოიყვანეს და  გადასცეს  მამიდაშვილებს, ბიძაშვილებს  და  ა.შ.  ჩვენ  არ  გვისაუბრია   განათლების  სისტემაზე, თქვენ  აღნიშნეთ, რომ  ბევრი  ვერ  წერს გრანტს,  ვერც  დაწერს,  თუ  განათლება  არ  არის  მაღალ  დონეზე.  კარგია  რომ  ბაგა-ბაღები შენდება, მაგრამ  ეს პროექტი  ძალიან  უხარისხოდ  გრძელდება.   ჩვენი რაიონისთვის  უკეთესი  იქნება  თუ  გრანტები  წამოვა  განათლების  სფეროში.  უცხო ენებში  გვაქვს  ძალიან  დიდი  პრობლემა,  არ  გვყავს  სპეციალისტები. მოსწავლე  ან  ვერ  ამთავრებს  სკოლას,  ან  ატესტატს  ვერ იღებს,  ან  გადის  საზღვარგარეთ  სამუშაოდ, ზოგი  ადგილზე  ეგუება  მდგომარეობას. ჩვენ  გვაქვს  ახალგაზრდული ცენტრი  ხულოში,  მაგრამ  ის  მეტწილად  არის  პოლიტიკური  ნაწილი,  სოფლების  ახალგაზრდობასთან  არ  აქვს  ურთიერთობა. ჩვენ  გვყავს   ეკომიგრანტებიც,  რომლებზეც  არსად  არის  თანხა  გამოყოფილი.

მურად  გორგაძე  –  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი: 2012  წელს  ჩვენ სხალთაში ავაშენეთ  7  ბინა, წინა  ხელისუფლებაზე  მაქვს  საუბარი.  ამ  ხელისუფლებამ კი არ  მისცა  გაჭირვებულ  ოჯახებს  ნებართვა,  რომ  იქ  შესახლებულიყვნენ.   შუახევში  აშენდა  საავადმყოფო მაგრამ  ექიმები  არ  არიან, შარშან   ხულოს საავადმყოფოც იხურებოდა. უნდა  შევიმუშავოთ  მექანიზმი  რომ ექიმებს  ხელფასები  გავუზარდოთ, რომ მაღამლთიან რეგიონში  მოსახლეობას  მოემსახურონ.

დავით  ლოსაბერიძე: პრობლემა  არის   საინფორმაციო  ბაზების   არარსებობა,  ბოლო  სრული  აღწერა  ქვეყანაში  და  ქონების  სრული  ინვენტარიზაცია  განხორციელდა კომუნისტების  მმართველობის  დროს.  იმის  მერე აღარ  ჩატრებულა.  ეს  გასაკეთებელია,  7000-მდე  კულტურული ძეგლი  არის  აღრიცხული  სახელმწიფოს  მიერ  და  ამის  ⅔  არის  კიდევ  აღურიცხავი.  საქართველო მეორე  ადგილზეა  ევროპაში   ისტორიული  ძეგლების  სიმჭიდროვით,  ამათგან   უვლის  მხოლოდ  24  ძეგლს.   ბუნებრივია,  დგება  საკითხი  ვინ  უნდა  მიხედოს ამ   ყველაფერს?

არსებობს  ორი  მოსაზრება:   ადგილზე  ჩვენ  რომ  მივცეთ  ძალაუფლება, დაიწყება  ნეპოტიზმი,  კორუფცია,  “არ  ჰყოფნით  კომპეტენცია” – ეს არის  ერთი  ხედვა,  რომ  ადგილზე  არაფერი  უნდა  იმართოს და მას  ყველა  ხელისუფლებაში  ყავს  მომხრეები. მეორე  ხედვა არის ის, რომ  ადგილზე  უნდა  გადაეცეს ძალაუფლება, მაგრამ  როგორ  უნდა  დაიძლიოს  ის  კორუფციის  საფრთხეები,  ნეპოტიზმის მომენტები?  თუ  ცენტრი  გააკონტროლებს,  მაშინ  არის  პოლიტიკური  კონტროლის  საფრთხე.   ეს  პრობლემა  არის აღმოსაველთ  ევროპაშიც.

დისკუსია, რომელიც  ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში მომზადდა, ხულოში  26  აგვისტოს გაიმართა

საია, ჩერნოვეცკის კანდიდატურის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტარობის  კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას სთხოვს.

კიევის ყოფილი მერი, რომელიც რამდენიმე წელია ქობულეთში ცხოვრობს,  2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დეტალურად შეისწავლა პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატის ლეონიდ ჩერნოვეცკის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და გვაქვს  საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის რეგიტრაციას მაჟორიტარობის კანდიდატად, საფუძვლად უდევს დაინტერესებული პირის (ლეონიდ ჩერნოვეცკის) უკანონო მოქმედება, ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეამოწმოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი“-ნათქვამია საიას განცხადებაში.

ლეონიდ ჩერნოვეცკი
ლეონიდ ჩერნოვეცკი

საია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ სამართლებრივ გარემოებებზეც.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. უდავოა, რომ სუბიექტი, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს პარლამენტის წევრი, ვალდებულია აკმაყოფილებდეს იმ ცენზს, რომელიც დადგენილი არის კანონმდებლობით.

ლოგიკურია ასევე ისიც, რომ ქართული ენის ცოდნის სავალდებულობა გამოწვეულია იმ ფუნქციური როლიდან გამომდინარე, რომელსაც ასრულებს პარლამენტის წევრი. ამიტომ წარმოუდგენელია პარალმენტის დეპუტატმა, რომელიც ვერ ფლობს ქართულ ენას აქტიურად განახორციელოს სადეპუტატო მანდატის ფარგლებში მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები.

ლეონიდ ჩერნოვეცკისთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია არაერთი ვიდეო სიუჟეტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს რუსულ ენაზე გამომდინარე აქედან, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი ვერ ფლობს ქართულ ენას, რაც გამორიცხავდა მის რეგისტრაციას მაჟორიტარობის კანდიდატად.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ ქართული ენის ფლობის ფაქტი არ გადაუმოწმებია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს სააარჩევნო კოდექსის 111-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო დაიწყოთ ადმინისტრაციული საქმის წარმოება #81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 27 აგვისტოს N07/2016 განკარგულების კანონიერების შესწავლის მიზნით და განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“.

„ბათუმელები“ ლეონიდ ჩერნოვეცკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ საკითხზე ჯერ–ჯერობით ვერ ისაუბრებენ.

 

ზურაბ პატარაძე თურქ ინვესტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კომპანია Enda Tour da Enda Sport 1995-ის მფლობელს შამილ იაშაჯანს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შამილ იაშაჯანი თურქეთის ბაზარზე 1995 წელს დაარსებული უმსხვილესი კომპანიის მფლობელია, რომელიც ევროპის, აზიის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სპორტული სტადიონებისა და ბაზების მოწყობას ახორციელებს.

მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორის შემოსვლა რეგიონში საერთაშორისო სპორტულ მიმართულებებს გააძლიერებს.

მერიის გადაწყვეტილებები კანონმდებლობის გვერდის ავლით

საკანონმდებლო დათქმა აჭარის მთავრობას ხელს არ უშლის მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზოლში ფართომასშტაბიანი მშენებლობის პირობებით გაასხვისოს. ბათუმის მერიაც პოულობს გამოსავალს ქალაქის მწვანე ზოლში კანონმდებლობით დაუშვებელი მასშტაბის მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად. ამ ყველაფერს ხალხის არჩეული საკრებულოც ეთანხმება. საკითხის განხილვისას საკრებულოს უმრავლესობა ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციის ოდენობაზე უფრო მეტხანს მსჯელობს, ვიდრე იმ ამომრჩეველზე, რომელსაც ინვესტიციაზე მეტად მწვანე ზოლი და სუფთა ჰაერი აინტერესებს.

4221 კვ/მ მიწის ფართობი ანგისის დასახლებაში მდებარე, საკურორტო სარეკრეაციო ზონაში, შპს „ნასკარმა“ სახელმწიფოსგან პირობადებული აუქციონით შეისყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას საზოგადოებრივი ან მომსახურების ობიექტი 18 თვეში უნდა აეშენებინა.
პროექტის მერიაში წარდგენის შემდეგ კი ინვესტორმა აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი საკურორტო სარეკრეაციო ზონაში შეუძენია.

საკურორტო სარეკრეაციო ზონაში კანონმდებლობა იმ მასშტაბის მშენებლობას არ ითვალისწინებდა, რაზეც ინვესტორმა სახელმწიფოსთან ვალდებულება აიღო, კანონმდებლობის მოთხოვნებს არც დაგეგმილი ობიექტის დანიშნულება დაემთხვა.

საკურორტო რეკრეაციულ ზოლში კანონმდებლობა ყველა ტიპის და მასშტაბის ობიექტების მშენებლობას არ უშვებს, შესაძლებელია ნებართვა გაიცეს მხოლოდ მცირე მასშტაბისა და მსუბუქი კონსტრუქციის მქონე მშენებლობებზე, რაც გასართობი ან დასასვენებელი ობიექტის ფუნქციის მატარებელი იქნება.

კანონმდებლობით საკურორტო სარეკრეაციო ზონაში მშენებლობისთვის მაქსიმუმ 1000 მ2 -ის მასშტაბების შენობის აშენებაა დასაშვები, ხოლო მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლედ 12 მეტრია განსაზღვრული. გარდა ამისა, საკურორტო სარეკრეაციო ზონაში დასაშვებია მხოლოდ დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება.

ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის თხოვნით საკრებულომ ამ ზონას სტატუსი შეუცვალა და სარეკრეაციო ზონად გადააკეთა. იმ მიზეზით, რომ სარეკრეაციო ზონაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [K2] კანონმდებლობით არ დგინდება და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია იმსჯელოს და გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა დამკვეთს პროექტზე მშენებლობის ნებართვა – მერიის არქიტექტურულ სამსახურში ასე განმარტავენ.
საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“, კობა ჩხეიძე, რომელმაც საკურორტო სარეკრეაციო ზონის რეკრეაციულ ზონად შეცვლის საკითხს მხარი არ დაუჭირა, მიიჩნევს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახური კანონმდებლობაში ჩანაწერს იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკრეაციო ზონაში K2 კოეფიციენტი არ დგინდება, არასწორი ინტერპრეტაციით კითხულობს:

„მაშინ, როცა საქართველოში ადამიანები იბრძვიან, აქციებს აწყობენ და შიმშილობენ იმისთვის, რომ ქალაქში იყოს უფრო მეტი მწვანე ზოლი და კანონში ჩანაწერის პათოსიც, რომ სარეკრეაციო ზონაში კოეფიციენტი არ დგინდება გულისხმობს, რომ მწვანე ზონა იყოს დაცული, აქ ესმით სხვანაირად. მერიის სპეციალისტებისთვის კოეფიციენტი არ დგინდება ეს ნიშნავს, რამდენსაც მინდა იმდენს დავადგენო, რაც არასწორია.“
ბათუმის მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით: „როგორც მინდა და რამდენსაც მინდა დავადგენ, ასე არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის დადგენილი მიწის ნაკვეთზე კოეფიციენტები, დამკვეთი მოითხოვს და ადმინისტრაციული ორგანო იმსჯელებს, შესაძლებელია თუ არა იმ კოეფიციენტების გამოყენება, რაც მას სურს.“
კითხვაზე, თუ კანონმდებლობით არ დგინდება როგორ იმსჯელებს? – ირაკლი ახალაძე პასუხობს: „გონივრული მსჯელობა ხდება, ქალაქმშენებლობის გეგმა, რეგულაციები, სხივები და ასე შემდეგ.“

რატომ არ გაითვალისწინა ნაკვეთის მდებარეობა და სტატუსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მაშინ, როცა ინვესტორს პირობებზე შეუთანხმდა? – სამინისტროს ეს საკითხი მხედველობიდან გამორჩა მაშინ, როცა მანამდე ერთი წლით ადრე საკრებულომ ამ უბანზე საკურორტო რეკრეაციული ზონის სტატუსი ამავე სამინისტროს თხოვნით მიანიჭა. მაშინ ამ ადგილს და მის მიმდებარე ტერიტორიას აჭარის მთავრობა საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ადგილად განიხილავდა. თუმცა მოგვიანებით სტადიონისთვის სხვა ადგილი შეარჩიეს.

იმ მიზეზით, რომ კონტრაქტორი სახელმწიფოსთან ნაკისრ ვალდებულებებს ვეღარ ასრულდებდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ისევ ბათუმის მერიას მიმართა, ამჯერად ისე შეცვალე სტატუსი, რომ კოტრაქტორმა ვალდებულებები შეასრულოსო.
მერიამ მინისტრის თხოვნა ამჯერადაც გაითვალისწინა. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ ცვლილების მიზეზად შპს `ნასკარის~ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე წამოწყებული მშენებლობისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემის საჭიროება დაასახელა. თან აღნიშნა, რომ „კომპანიამ იქ უკვე დახარჯა 700 000 ლარი და კიდევ მილიონის დახარჯვას აპირებს“. ამ ყველაფერთან ერთად, გამომდინარე იქედან, რომ ინვესტორს მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს და გაფართოებასაც გეგმავს, მერიას პროცედურა უნდა დაეჩქარებინა, შეეძლო სტატუსი სარეკრეაციო საზოგადოებრივ საქმიან ზონადაც შეეცვალა, რასაც სამომავლოდ გეგმავს კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა იყო ის, რომ სტატუსის შეცვლისას კანონმდებლობა მარტივ და მოკლევადიან ადმინისტრაციულ წარმოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ზონის სტატუსი სარეკრეაციო ზოლად გადაკეთების ანუ გამწვანების სასარგებლოდ იცვლება და არა პირიქით.

საკითხის კენჭისყრისას ხელი წინააღმდეგ აწიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და „რესპუბლიკელებმა“. საკრებულოს წევრები ოპოზიციური ფლანგიდან გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში შიშობენ, რომ ქალაქში სარეკრეაციო ზონები აღარ დარჩება.

„ბათუმს უნდა შევუნარჩუნოთ ის მწვანე ზოლები, რომლითაც ეს ქალაქი სუნთქავს, ასეთი ძალიან მცირეა. მხოლოდ ბათუმის ბულვარი არ არის საკმარისი. ვხედავთ, რომ ჰაერი გაჭუჭყიანებულია და ქალაქის მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ბათუმი შეუერთდა კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს სითბური აირების მავნე ზემოქმედებისგან ქალაქის გათავისუფლებას. ასე ხელაღებით ამ ზონების შეცვლა იმიტომ, რომ რომელიღაც ინვესტორი რაღაცის გაკეთებას ფიქრობს, არ შეიძლება. ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალია. დღესაც ხდება ამ ზონების კონკრეტულ ინვესტორზე მორგება,“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი.
ბათუმში კანონმდებლობის გვერდის ავლით სარეკრეაციო ზოლში მშებენლობის წამოწყების ეს პირველი შემთხვევა არ არის, ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიის ზონირების საბჭომ იმსჯელა და დაშვებად მიიჩნია ბათუმის ახალ ბულვარში ამფითეატრის უკან [სარეკრეაციო ზონაში] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მონაკვეთი, რომელიც დღეს ინვესტორის საკუთრებაშია, ამ დასახლებას კაჩინსკების ქუჩასთან, ახალ ბულვარსა და, შესაბამისად, ზღვისპირთან აკავშირებს. ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში კი მთავრობამ სკვერის ნაწილი გაყიდა. სკვერში სადაც მრავალწლიანი მცენარეები იყო გაშენებული, ახლა „Ds grupi “ მრავალსართულიან შენობას აშენებს. ამ მიზნებისტვის ითხოვდა აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასაც, რომელიც ასევე სარეკრეაციო საკურორტო ზონაა.

ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

„საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციით, ახალი სასწავლო წელი ბათუმის საბავშვო ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სწავლის დაწყებამდე ოცდაათი მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან, სარემონტო სამუშაოები 20 საბავშვო ბაღში  (№2, №3, №4, №6, №7, №9, №10, №11, №14, №15, №16, №20, №22, №23, №24, №25, №26, №27, №28) მიმდინარეობს.

„საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბაღები აღჭურვილია საოჯახო ტექნიკით, ავეჯით. „შეტანილია ქსოვილის ნივთები, სათამაშოები, უნიფორმები თანამშრომელებისთვის“.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებიც.

„2 სექტემბერს დაიწყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა გადამზადება, რომელიც დასრულდება დეკემბრის თვის ბოლოს, ტრენინგებს გაივლიან უფროსი აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი, მუსიკის პედაგოგი. აღმზრდელები ტრენინგს გაივლიან  ინკლუზიური განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამაშიც“.

ხელვაჩაურის სოფლებში მეწყერი განმეორდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სწავლობენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იწმინდება სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები „ახალსოფელში შტაბი მუშაობს, სადაც არის პრობლემა და გზებია ჩაკეტილი, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, წმინდება გზები. თხილნარში ჩაკეტილი იყო და გაიხსნა გზები, ახალსოფელში მუშაობენ და მალე გაიხსნება“.

გამგებლის თქმით, მეწყრული პროცესები განმეორდა მახვილაურში, ახალსოფელში ავგიის დამაკავშირებელ გზაზე და სოფელ თხილნარში. „ბარამიძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი და კომისია გავიდა, ამავე სოფელში დუმბაძის სახლთან არის ასევე პრობლემა, ლორთქიფანიძის პჯახიც შესასწავლია და იქაც გავა კომისია. თუ გასასახლებელია ოჯახი ქირით გაგვყავს, ორი ოჯახი კაპრეშუმიდან უკვე გავიყვანეთ, კიდევ რამდენიმე ოჯახის მდგომარეობას სწავლობს კომისია“.

მეწყრული პროცესები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 4 სექტემბრის ძლიერი წვიმის შემდეგ გააქტიურდა.

გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ 17 პროცენტით იმატა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოში 1 851 917 ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,4%-ით აღემატება.

ჯამში, იანვარ-აგვისტოში, ქვეყანაში 4 247 729 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,2%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2016 წლის აგვისტოში საქართველოში 450 003 ტურისტი შემოვიდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 17,3% ით მეტია.

2016 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+2%), აზერბაიჯანიდან (-3%), თურქეთიდან (-42%), რუსეთიდან (+12%), უკრაინიდან (+18%) და ირანიდან (+599%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 27%, 10%, 7% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (28%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (59%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 14%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 11%-იანი ზრდა.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ტურისტი – 1 851 917 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,4%);

ტრანზიტი – 886 289 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,9%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,2%);

სხვა – 1 509 523 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,5%).

რა ფილმებს ვნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე

18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება და 25 სექტემბრამდე გასტანს. რა სიახლეები იქნება წელს ფესტივალზე, ამის შესახებ „ბათუმელები“ კინოფესტივალის მენეჯერს, ზვიად ელიზიანს ესაუბრა.

ზვიად, რა ეტაპზეა კინოფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები?

პროგრამისა და ჟიურის ფორმირება მორჩა, თითქმის მზად არის ფესტივალის პროგრამა და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ფესტივალის მაყურებლისათვის. კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონსკურსო სექციები, ასევე, ახალი ქართული ფილმების არასაკონკურსო ჩვენება, ფილმები დიდოსტატთა კოლექციიდან, გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები და გვაქვს ახალი სექციაც – „შექსპირი კინოში“, შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია დიდი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით. ტრადიციულად გაიმართება კინოჩვენებები ღია ცისქვეშ, ევროპის მოედანზე.

თუ შეგიძლიათ რამდენიმე ფილმი დაგვისახელოთ, რაც, თქვენი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფესტივალის მაყურებლისთვის?

როგორც წესი, ყოველთვის პოპულარულია კინოსექცია – „დიდოსტატთა კოლექცია“. წელს ამ სექციაში ექვს ფილმს ვაჩვენებთ. 2016 წლის კანის კინოფესტივალის ორი საუკეთესო ფილმი იქნება ნაჩვენები წელს ბათუმში, ეს არის ჯიმ ჯარმუშის „პატერსონი“, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ჩვენების თანხმობა და კენ ლოუჩის – „მე ვარ დანიელ ბლეიკი“. ასევე, ვაჩვენებთ ტარკოვკის „სტალკერის“ აღდგენილ ვერსიას. რაც შეეხება საკონსკურსო პროგრამას, დოკუმენტური ფილმების სექციაში იქნება ნაჩვენები „ხსოვნის უნამკოება“, ფილმი ორჰან ფამუქზე, რომელიც საკმაოდ პოპულარული მწერალია საქართველოში და ვფიქრობ, საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ასევე, მხატვრული ფილმების პროგრამაში ნაჩვენები იქნება „სიყვარულის შეერთებული შტატები“, რომლის პრემიერა „ბერლინ ალეზე“ შედგა წელს.

რაც შეეხება პრიზს, რომელსაც ყოველ წელს გადავცემთ ქართველ და უცხოელ რეჟისორსა თუ მსახიობს, წელს პრიზი გადაეცემათ რეჟისორებს: თემურ ბაბლუანს და ვადიმ აბრაშიტოვს.

გასულ წელს კინოფესტივალმა იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ ბათუმს საგანგებოდ კინოფესტივალზე ჩამოსული ნასტასია კინსკი ესტუმრა. წელს უნდა ველოდოთ ასეთ ცნობილ სახეებს კინოფესტივალზე?

კინოფესტივალს ყოველ წელს საინტერესო სტუმრები ჰყავს, თუმცა წელს არ გაგვიკეთებია აქცენტი ვარსკვლავებზე. წინა წელმა გვაჩვენა, რომ არ არის ქალაქი მზად ამისათვის, საამისოდ ფესტივალს არ აქვს შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის არსებობის მანძილზე ბევრი ცნობილი რეჟისორი მოგვიყვანია ბათუმში, იგივე აბას ქიაროსტამი, ნური ბილჯე ჩეილანი, ბელა ტარი, ქშიშტოფ ზანუსი და ა.შ. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ფესტივალის მეგობრების დიდი მხარდაჭერის შედეგად და რეალობაა ის, რომ ამ წუთას ბათუმის საავტორო კინოფესტივალი აკეთებს სამჯერ მეტს იმაზე, ვიდრე ამის რესურსი არსებობს, ფაქტობრივად, ბევრი რამ შესაძლებლობების ზღვარს მიღმა კეთდება. თუ გვინდა კიდევ მეტი, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ თუ არ გაიზრდება ფესტივალის ფინანსური მხარდაჭერა და არ მოგვარდება გარკვეული პრობლემები, ფესტივალის კიდევ უფრო განვითარება ისე შეუძლებელია.

რა პრობლემები აქვს ფესტივალს ძირითადად?

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სივრცეები, რაც ესაჭიროება კინოფესტივალს. ამ ეტაპზე ჩვენ ვაჩვენებთ ფილმებს კინოთეატრ „აპოლოში“, ასევე, ჩვენი რესურსებით დავიწყეთ ღია ჩვენებები ერას მოედანზე და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონსკურსო სექცია გადის სასტუმროს კონფერენსდარბაზში. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ ჯდება საერთაშორისო ფესტივალის ფორმატში. ფესტივალის მასშტაბები რომ გაიზარდოს, პირველ რიგში, სწორედ სივრცეების განვითარებაა საჭირო. კარგი იქნება, რომ მოხდეს თოჯინების თეატრის ფუნქციონალური დატვირთვა, ჩვენ გვქონდა ამის შესახებ საუბარი აჭარის კულტურის სამინისტროსთან, პროექტიც გვქონდა შეტანილი, თუმცა ვერ მოხერხდა განხორციელება. ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ბიუჯეტში არ იყო შეტანილი, თუმცა უამრავი რამ კეთდება, რაც თავიდან არ არის ბიუჯეტში და შემდგომ ხდება კორექტირება. იმედი გვაქვს, მომავალში მოხდება ეს.

ასევე, მერიასთან გვქონდა აპარატურის შეძენის პროექტი, ესეც ვერ გამოვიდა წელს, იმედი გვაქვს მომავალში მივაღწევთ ამას. თუ თოჯინების თეატრი შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება, კარგი იქნება ეს თოჯინების თეატრისთვისაც, რომელსაც შეეძლება თავისუფალ დროს ანიმაციური ფილმები აჩვენოს და კარგი იქნება კინოფესტივალისთვისაც, რომელსაც ექნება სივრცე ფილმების საჩვენებლად. თუ სივრცეები განვითარდება, რაც არ მოითხოვს დიდ თანხას, ეს მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებდა. რაც შეეხება ფესტივალის დაფინანსებას, ფესტივალის მასშტაბი ვერ გაიზრდება ამის გარეშე. ფესტივალს აფინანსებს ბათუმის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, საელჩოები და კერძო სპონსორები. მთლიანი ბიუჯეტი 250 ათასის ფარგლებშია. შავი ზღვისპირა ქვეყნების სხვა, მსგავს ფესტივალებს თუ შევადარებთ, ჩვენი ფესტივალის ბიუჯეტი ათჯერ ნაკლებია. ჩვენი პროგრამა, სტუმრების სტატუსი, არც ერთ ასეთ ფესტივალს არ ჩამორჩება, მაგრამ თუ გვინდა კიდევ უფრო მასშტაბური კინოფესტივალის გაკეთება, ეს უფრო ძლიერი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა.

სარფში მისასვლელი მაგისტრალი გადაკეტილია

„ბათუმელების“ ინფორმაციით სარფში მისასვლელი გზა გადაკეტილია და ავტომანქანების მოძრაობა შეწყვეტილია. მაგისტრალი ჩაკეტილია კვარიათსა და სარფს შორის მონაკვეთში [ჩანჩქერთან].

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი უამინდობაა. „მდინარეს ჩამოაქვს ქვა-ღორღი, წყლის დონე მომატებულია და გადმოდის გზაზე. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიდის მუშაობა გზის გასაწმენდად, რაც გარკვეულწილად ამინდზეცაა დამოკიდებული“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

შენიშვნა: როგორც შსს-მ გვაცნობა, გზა ამ დროისთვის გახსნილია.

Exit mobile version