ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]

28 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

ღონისძიებები ევროპის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

14:00 სოფლის ტურიზმის ფესტივალის გახსნა ცეკვა განდაგანით

14:00 – 19:00 სოფლის პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა, ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა, თემატური კონკურსები

14:30- 18:00 მაღალმთიან აჭარაში წარმოებული რძის პროდუქტებისა და კერძების დაგემოვნება ( კაიმაღი, ბორანო, სინორი, აჭარული მდნარი ყველი , ლუდის ყველი, ყურუთი და სხვა)

15:00-17:00 აჭარის საოჯახო ღვინის მარნების კუთხის გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის გამოხდის პროცესის ნახვა

16:00 -19:00 ადგილობრივი თამბაქოს დაჭრის და გოდრის დაწვნის პროცესის ჩვენება

16: 30 – 18:30 მასტერკლასი ქსოვაში, დართვასა და მატყლის ჩეჩვაში

16:00- 20:00 მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ტრადიციული ტკბილეულის პრეზენტაცია – დაგემოვნება

19:00 -21:00 ჯგუფი ASEA SOOL

21:00 – 23:00 ჯგუფი „ეგარი“

ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედნიდან ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მუზეუმში შესვლის მსურველებს ტრანსპორტი დღის ორი საათიდან საღამოს 6 საათამდე, ხოლო ღვინის სახლის სტუმრებს ორი საათიდან ხუთის ნახევრამდე მოემსახურება. ტურისტული ობიექტებზე შესვლა უფასოა და ისინი სტუმრებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობენ.

ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელვაჩაურში, ღია ცის ქვეშ 3000 კვ.მ.-ზეა განთავსებული. მასში აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების ამსახველი ნივთები და მასალებია 15-ზე მეტ თემატურ სივრცეშია წარმოდგენილი. მუზეუმში შესვლა დილის ათის საათიდან საღამოს 6 საათამდე იქნება უფასო.

რაც შეეხება აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლს, ის ქობულეთში მდებარეობს. ღვინის სახლში 15:00 საათიდან სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება ერთსაათიანი სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი ღვინის სახლში არსებულ ყველა სერვისს გაეცნობიან, მონაწილეობას მიიღებენ თონის პურის დაცხობასა და ჭაჭის გამოხდაში. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის სახლში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და საბძოლო ხელოვნების შოუ, რომელსაც „შავფაროსნები“ წარმოადგენენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალის ბიუჯეტი წელს 98 000 ლარია.

 

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია

ამ დროისთვის პრობლემებია სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებენ. ქართული მხარე ამბობს, რომ პრობლემა თურქეთის მხრიდანა.

ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები გუშინ საღამოს საათებში დაიწყო, რაც გამშვებ პუნქტებზე ქსელების გათიშვამ გამოიწვია.

„ქსელები არა მარტო სარფის საბაჟოზე გაითიშა, არამედ სხვა დანარჩენ გამშვებ პუნქტებზეც. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ჩართულია თურქეთის შესაბამისი სამსახურები, ცდილობენ უახლეს პერიოდში გამოასწრონ აღნიშნული პრობლემა,“ – განაცხადეს საკონსულოში.

ენმ პროკურატურას მიმართავს

დღეს, 27 ოქტომბერს, ენმ-ს ბათუმის ოფისში, 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგი გამართა, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.

ლევან ვარშალომიძის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი საჩივარი შეიტანა უბნებზე, ოლქებშიც და შემდეგ სასამართლოში… ვითხოვდით უბნების ბათილობას, ვითხოვდით კონკრეტულ უბნებზე კონკრეტული ბიულეტენების გადათვლას, არც ერთი ჩვენი მოთხვნა არ დაკმაყოფილდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ვიდეო მასალებით, რომლებიც წარვადგინეთ, მივმართოთ პროკურატურას“.

თავდაცვის სამინისტროს ახალი მედალი – „გიორგი ანწუხელიძე“

თავდაცვის სამინისტროს ახალი უწყებრივი მედლით – „გიორგი ანწუხელიძე“,  დაჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უმცროს, უფროს და მთავარ სერჟანტთა შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს:

  • საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი ინდივიდუალური მამაცობისათვის;
  • სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შესაბამისი ბრძანება თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების, მედლებით დაჯილდოების წესისა და მედლების აღწერილობის დამტკიცების შესახებ, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებია:

  • ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი);
  •  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი);
  •  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი);
  •  ,,სამშობლოსათვის თავდადებული“;
  • ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“;
  • ,,საბრძოლო იარისათვის“;
  • ,,გენერალი კვინიტაძე“;
  • ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“;
  • ,,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“;
  • ,,გენერალი მაზნიაშვილი“;
  • ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის”;
  • ,,დიდგორის ჯვარი“;
  • ,,გიორგი ანწუხელიძე“.

კაპრალი გიორგი ანწუხელიძე აგვისტოს ომის დროს ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მოკლეს. მას პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“

25 წლის ზაკ ჰაუერსი ინგლისური ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მოხალისე მასწავლებელია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლებში ექვს თვეს იმუშავებს. რა გამოწვევებს ხედავს ამერიკელი მოხალისე საქართველოს მთის სკოლებში და რაზე აპირებს მუშაობას? – „ბათუმელები“ ზაკ ჰაუერს გასულ კვირას ესაუბრა.

ამერიკის სამთავრობო პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით იმყოფებით საქართველოში. როგორ მოხვდით ამ პროგრამაში და რატომ გადაწყვიტეთ  საქართველოში ჩამოსვლა?

ეს ამერიკაში ძალიან ცნობილი პროგრამაა. მის შესახებ უნივერსიტეტში გავიგე და გადავწყვიტე ჩავრთულიყავი. პირველად ზამბიაში წასვლა შემომთავაზეს და ორი წელი ვიყავი იქ. რაც შეეხება საქართველოს, ეს ქვეყანა მე თვითონ შევარჩიე, მინდოდა წავსულიყავი პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიმ და შევაჩერე არჩევანი საქართველოზე. ქართული კულტურისა და კერძების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიე, ვნახე ქართული ცეკვა, რამაც ძალიან დამაინტერესა.

„მშვიდობის კორპუსს“ სამი მიზანი აქვს: პირველი მიზანია ადამიანებს დაეხმაროს ენის სწავლაში, მეორე – ადამიანებს ამერიკაზე, ამერიკელ ხალხზე რეალური წარმოდგენა შეუქმნას და მესამე – მოხალისეებმა ამერიკელ ხალხს გააცნონ იმ ქვეყნის რეალური სურათი, სადაც იმყოფებიან. აი, მაგალითად, მე, როდესაც დავბრუნდები ამერიკაში, ამერიკელებს საქართველოს, ქართველ ხალხს გავაცნობ.

ექვსი თვის განმავლობაში ვიმუშავებ შუახევში, ჩემი სამუშაო ვადა მარტში იწურება.

მოხალისეები ძირითადად სკოლებში, არასამთავრობო თუ სოციალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებში მუშაობდნენ. თქვენ რესურსცენტრში უნდა იმუშაოთ. რა გევალებათ, რა უნდა გააკეთოთ?

მე იმით განვსხვავდები სხვა მოხალისეებისგან, რომლებიც ჩემამდე იმყოფებოდნენ საქართველოში, რომ უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი. ძალიან ბევრმა მოხალისემ გამოთქვა სურვილი წამოსულიყო, მაგრამ მათგან მხოლოდ 25-მა პროცენტმა შეძლო პროგრამაში მოხვედრა. არაერთი სპეციალური კურსი გავიარეთ იმისთვის, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ პედაგოგებს, მე ვიმუშავებ პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და რესურსცენტრში, იმის მოგვარებაზე, რა გამოწვევაც დამხვდება.

რა გამოწვევები დაინახეთ?

პედაგოგებს პრაქტიკა არ აქვთ, მოსწავლეები ინგლისურად ვერ საუბრობენ, ძალიან მორცხვები არიან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები დებატ-კლუბებში მონაწილეობით მორცხვობას დაძლევენ.

თქვენი აზრით, არსებული სასწავლო მოდელი რამდენად ეფქტურია?

რიგ სკოლებში ვნახე მხოლოდ ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესი, სხვა საგნების ჩატარების მეთოდი არ მინახავს, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი სწავლების მეთოდოლოგიაზე. მაგრამ რაც ვნახე, ინგლისური ენის სწავლების საგნობრივი მეთოდიდან გამომდინარე, იმის თქმა შემიძლია, რომ ბავშვები ინგლისურად ვერ საუბრობენ, საუბრის მეთოდიკა უცხო ენაში განსავითარებელია, მასწავლებლებლებს ყოველდღიური განვითარება სჭირდებათ.

დადებითი ის არის, რომ სკოლებში მოსწავლეთა მცირე კონტიგენტი საშუალებას გაძლევს მოსწავლესთან ერთი-ერთზე იმუშაო. ეს კარგია, განსაკუთრებით უცხო ენისთვის.

თქვენ უნდა იმუშაოთ შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, სადაც ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტია. არის სკოლები, სადაც ინგლისური ენის პედაგოგები ჰყავთ, მაგრამ გამოცდას ინგლისურ ენაში მოსწავლეები მაინც ვერ აბარებენ. თქვენს როლს როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებაში?

ზაკ ჰაუერსი
ზაკ ჰაუერსი

ამ პრობლემას ბოლომდე ვერ მოვაგვარებ, მაგრამ შესაძლებელია გაუმჯობესება. სკოლის მასწავლებლებს ტრენინგებს ჩავუტარებ უცხო ენის სწავლების მეთოდოლოგიასა და საუბარში გრამატიკის წესების გამოყენებაზე. რაც შეეხება მოსწავლეების ჩართულობასა და განვითარებას,  სკოლების ბაზაზე ვაყალიბებთ სასკოლო კლუბებს. ამ დროისთვის კლუბები ჩამოყალიბებულია დაბა შუახევის, ხიჭაურის, სოფელ ახალდაბისა და ჭალის სკოლებში. კლუბებში დებატებს გაკვეთილების შემდეგ მარტივ თემებზე მოვაწყობთ, დებატები ინგლისურ ენაზე წარიმართება, რაც დაეხმარება მოსწავლეებს საუბარი შეძლონ. თითოეული სკოლის კლუბში შეხვედრა კვირაში ერთხელ გაიმართება. პირველი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, წარმატებული პროექტი იქნება. დებატები გავმართეთ შუახევში, თემაზე – დედა სახლში უნდა იყოს და ბავშვებს ზრდიდეს თუ არა. ერთი მხარე ამტკიცებდა, რომ დედა შვილებს უნდა უვლიდეს და სახლში უნდა იყოს, ხოლო მეორე – საწინააღმდეგოს. ზოგმა მოსწავლემ თავისუფლად გამოთქვა აზრი, ზოგს გაუჭირდა. მაგრამ ეს პირველი იყო და შემდგომში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

სკოლებში, სადაც თქვენ მუშაობთ მატერიალური რესურსი  როგორია?

ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგალითად, ახალდაბის სკოლაში ყველა მატერიალური ბაზაა სწავლებისთვის, არის კომპიუტერებიც. მაგრამ ყურადსაღებია ისიც, რომ თუ მოსწავლეს კალათბურთის თამაშს ასწავლი ისე, რომ მას არ ათამაშებ, არ მოეწონება. თუ მოსწავლეს უცხო ენას დაფაზე წერით, პრაქტიკის გარეშე ასწავლი, მას არ მოუნდება ინგლისურის სწავლა, უნდა ალაპარაკო.

ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი ხართ, თქვენი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე რას ურჩევდით დამწყებ პედაგოგებს?

დიახ, მე ვარ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი, მალე მათემატიკის სერთიფიცირებული მასწავლებელიც გავხდები, ბოლო გამოცდები ზაფხულში მექნება, პოლიტიკურ მეცნიერებათა და კომუნიკაციის მიმართულებითაც უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პედაგოგი საკუთარი თავისადმი მომთხოვნი უნდა იყოს და ყოველდღიურ განვითარებაზე მუშაობდეს. პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ განვითარება არასდროს არ არის საკმარისი, არასდროს არ უნდა მოეშვას. სწავლება რთულია, სირთულეების დასაძლევად კი საკუთარ თავს ბევრი უნდა მოსთხოვო.

რა მოგეწონათ საქართველოში?

ხედები არის საოცარი, განსაკუთრებულად გემრიელი კერძები და ღვინო გაქვთ. არანაირი პრობლემა არ შემქნია, ზოგადად, არ მიყვარს სიცივე, თუმცა აქ არსებული ტემპერატურა ოჰაიოს [სადაც ვცხოვრობ] მსგავსია, ნესტიანია და ამ ყველაფერს შეგუებული ვარ.

დაბრუნდებით საქართველოში?

საქართველო არის ადგილი, სადაც დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ეს მაინც მატერიალურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება „მშვიდობის კორპუსს“, პროგრამით სხვა ქვეყანაში აღარ ვაპირებ წასვლას, ამ კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება უკვე შევიძინე. როდესაც ამერიკაში დავბრუნდები, ვაპირებ პედაგოგიური მუშაობა გავაგრძელო, სკოლაში მოსწავლეებს მათემატიკა შევასწავლო.

ხათუნა ფარტენაძის თარგმანი

„აი ჩემი საქართველო!“

„აი ჩემი საქართველო!“ – ასეა დასათაურებული პირველი კლასის მუსიკის რვეულში საქართველოს რუკა. რუკაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე დატანილია ტერიტორიები, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნების შემადგენლობაშია, მაგალითად: შავშეთი, ლაზეთი და საინგილო.

ყოფილი ლაზეთი და შავშეთი, საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებით, დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში შედის, საინგილო კი – აზერბაიჯანის.

რამდენად სწორია, როცა პირველ კლასიდანვე არასწორ ინფორმაციას ვაწვდით ბავშვებს? – განათლების ექსპერტის რეზო აფხაზავას შეფასებით, თუკი სხვა ქვეყანაც იგივეს გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაში, ეს გაუმართლებელი იქნება.

„სხვამ რომ იგივე გააკეთოს, ნამდვილად არ გვესიამოვნება, ამიტომ ჩვენც იგივეს არ უნდა ვაკეთებდეთ. მით უმეტეს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ერთ ამბავს ვტეხთ, როცა ამ ტერიტორიებს არ უთითებენ, როგორც საქართველოს ტერიტორიას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ლაზეთი, შავშეთი და საინგილოც სხვა ქვეყნების – თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ჩვენი სახელმწიფო აღიარებს ამას. ამიტომ, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.

როცა ამ ტიპის ინფორმაცია არის სახელმძღვანელოში მოცემული, იქვე უნდა იყოს განმარტება, რომ ეს საზღვრები, ვთქვათ, არის გასული საუკუნის, ან ამა და ამ წლის.

სახელმძღვანელოების აქამდე არსებული გრიფირების წესი არ იყო მოქნილი და არ ითვალისწინებდა წიგნების რევიზია-რეცენზირებას. ამ წიგნებს გარე შეფასება საერთოდ არ ჰქონდა. შესაბამისად, ბევრი შეცდომა იპარებოდა, რადგან არ კითხულობდნენ სპეციალისტები.

გრიფირების ახალი წესის შემუშავებისას, სპეციალისტებს გვთხოვეს კომენტარები და  ჩვენც გადავუგზავნეთ, რომ მაქსიმალურად გახსნილი იყოს პროცესი. გარდა ამისა, საგნობრივი სახელმძღვანელო, იქნება ეს ისტორია თუ მათემატიკა, თუკი არსებობს ასეთი, მასწავლებლის საგნობრივ ასოციაცებს უნდა გადაუგზავნონ შესაფასებლად“.

რვეულის ავტორი, სადაც საქართველო „გაფართოებული საზღვრებშია“ დატანილი, მაია ოთიაშვილია.

სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არის გრიფირებული, 2016 წელსაა დაბეჭდილი.

პირველი კლასის მუსიკის სამუშაო რვეული
პირველი კლასის მუსიკის სამუშაო რვეული

ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის ბულვარის დაბრუნებაზე მუშაობის დაწყებას ქალაქის მერია ნოემბრიდან გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე თითქმის ერთი წელია საუბრობენ და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც არსებობს, ბათუმის მერიას ქონების მართვის დაბრუნების კუთხით დღემდე არაფერი გაუკეთებია.

ბათუმის ბულვარი, რომლის ისტორიული ნაწილი – „ძველი ბულვარი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იურიდიულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა ის სამართავად გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „ბათუმის ბულვარს“.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი მუნიციპალიტეტის შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდებიან და მართვის საკითხიც შემდეგ გადაწყდება.

„ალბათ უნდა დააფუძნოს მერიამ ააიპ. შემდეგ რა ქონებაც აქვს ბულვარს, გადაეცემა ამ ახალ ორგანიზაციას და სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ლიკვიდაცია მოხდება. ქონების გადაცემაც სწრაფად განხორციელდება – უზუფრუქტის ხელშეკრულებითაა გადმოცემული და გაუქმდება ეს ხელშეკრულება. ქონება ისედაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა გელა ცინცაძემ.

ზეპირი შეთანხმება ბათუმის მერიას, სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ბულვარის მართვის უფლების მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებაზე მიღწეულია, რაც საზოგადოების მხრიდან ბულვარის დასაცავად რამდენიმეთვიანი აქციების შედეგია. ბათუმის მოსახლეობამ ის ე.წ. „კონცეფცია“ გააპროტესტა, რომლის განხორციელებაც ძველ ბულვარს ავთენტურობას უკარგავდა.

მერიაში აცხადებენ, რომ იყო შეთანხმება მუშაობა ნოემბრიდან დაწყებულიყო, ამიტომ ამ კუთხით ერთი ნაბიჯიც არ არის გადადგმული.

„შეწყდება ყველა ხელშეკრულება, ქონება მართვის უფლებით დაუბრუნდება მერიას  და შეიქმნება ააიპ. მერიას გააჩნია 25 ააიპ-ი თუ შპს და მათ დაემატება ბულვარიც. არც ისე რთული პროცედურაა, მუშაობა დაიწყება ნოემბრიდან. ხელმძღვანელსაც მერი დანიშნავს, ალბათ, საკრებულოსთან შეთანხმებით“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმის ბულვარისგან“ მიღებული ინფორმაციით, ბულვარში 2014-2015 წლებში აჭარის ბიუჯეტიდან 10 208 122 ლარი დაიხარჯა. ამ ორი წლის განმავლობაში ბულვარის შემოსავლებმა 2 მილიონიც კი ვერ შეადგინა. ბულვარი, რომელიც ბათუმის ქონებას განკარგავდა, ქალაქის ბიუჯეტში თანხას არ იხდიდა.

„ბათუმელების“ გათვლებით, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელდება, ბულვარის შემოსავლები მომავალში მთლიანობაში 1 მილიონ 700 ათასზე მეტი ლარი არ იქნება, ბულვარის მოვლა-შენახვის ხარჯი კი მინიმუმ 5 მილიონი.

როგორ უნდა განვითარდეს ზღვისპირა ზოლი ისე, რომ არ მოხდეს ჩარევა ძველ ბულვარში და ამასთან, მეტი შემოსავალი მიიღოს ქალაქმა – ამ საკითხზე მუშაობა ბათუმის მერიასა და საკრებულოს მოუწევს. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა ბათუმის მერიამ სსიპ „ბათუმის ბულვარზე“ გადაცემული ქონება უკან უნდა დაიბრუნოს და თავად განკარგოს.

ბათუმის მერიაში ზაფხულში განაცხადეს, რომ „ტურისტული სეზონი როცა დასრულდება ბულვარში, ამის შემდეგ შეწყდება უზუფრუქტის ხელშეკრულებები“.

ვინ იხეირა ბათილი ბიულეტენებით

ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. კითხვები აქვთ არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დროულად გასაჯაროებისკენ ცესკოს თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 62 680 ბიულეტენი გაბათილდა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 3, 43%-ს შეადგენს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კი 5 829 პროპორციული და 7 282 მაჟორიტარული ბიულეტენი გაბათილდა, რაც ჯამში 13 111 ბიულეტენია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები შესაძლოა გადამწყვეტიც ყოფილიყო ცალკეული პარტიისთვის.

გაბათილებული ბიულეტენები ერთ-ერთი თემაა, რასაც პროპორციულ არჩევნებში ბარიერგადალახული მეორე პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არგუმენტად იშველიებს, როცა გარკვეულ უბნებზე სავარაუდო გაყალბებაზე საუბრობს და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს. ამ საარჩევნო უბნებს შორისაა ისეთი უბნებიც, სადაც დაწერილ ოქმებში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შეიტანეს. თუმცა, ხელახალ გადათვლაზე საოლქო-საარჩევნო კომისია უმეტესწილად უარს ამბობს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომაც. რამდენიმე საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე, რომელიც ბათუმის 69-ოლქში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატია, „ბათუმელების“ კითხვას, რა გაძლევთ საფუძველს ივარაუდოთ, რომ კომისიამ თქვენთვის სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტენები გააბათილა? – პასუხობს, რომ „იქ, სადაც კომისიამ ხმათა რაოდენობა მოსულ ამომრჩეველთან შედარებით 200-ით გაზარდა, ნებისმიერ ეჭვს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი და ლოგიკურია მოთხოვნა მონაცემების გადამოწმებაზე.“
გადამოწმების საფუძველი ვერც ბათუმის საოლქო კომისიაში დაინახეს და ვერც სასამართლოში.

მაგალითისთვის: #69.79.09 საუბნო ოქმის მიხედვით, კომისიამ ბათილად 31 [მაჟორიტარული] ბიულეტენი მიიჩნია. ამ უბანზე არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული 1317 ამომრჩევლიდან 652 მიიღო. კანდიდატებისთვის მიცემულ ხმებს თუ შევკრებთ ბათილი ბიულეტენების ჩათვლით, ეს ციფრი [დაფიქსირებული ხმების რაოდენობა მისულ ამომრჩევლთან მიმართებაში] 200-ით გაიზრდება.

„მე ვიცი ჩემი წევრებისა და დამკვირვებლებისგან, რომლებიც უბნებზე მუშაობდნენ, რომ ბათილების უმეტესობა იყო ბიულეტენები, სადაც ორი კანდიდატი იყო შემოხაზული, ერთ-ერთი მე ვიყავი. ჩვენ გვაქვს ვიდეოები გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ბიულეტენებს ითვლიან და იქვე უდევთ კალამი, ვერ მოახერხებდნენ მეორე კანდიდატის შეგნებულად შემოხაზვას, რომ გაეფუჭებინათ ბიულეტენები? – თუ ასეა და ვერ მოახერხეს, გადავთვალოთ და ვნახოთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

გადათვლას რამდენიმე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვდნენ, მათ არც ბათილი ბიულეტენების ზრდის ტენდენცია მოსწონთ, თუმცა კონკრეტული ადრესატების შესაძლო ბრალეულობაზე საუბრისგან თავი შეიკავეს:

„სწორედ ამიტომ ვითხოვდით გარკვეული უბნების გადათვლას, რომ მსგავსი კითხვითი ნიშნები, რაც არსებობდა ამა თუ იმ უბანზე, თუნდაც ბათილი ბიულტენების ოდენობასთან დაკავშირებით, მოხსნილიყო დღის წესრიგიდან. ჩვენ ვიცით შემთხვევები, როცა თავმჯდომარე თავად იღებდა გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რომელი ბიულეტენი იყო ბათილი. ჩვენ მივუთითეთ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო კომისიას და მან ეს გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომისიის გადაწყვეტილებები არ იყოს ტენდენციური. კომისია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებებს რომ იღებდა და სხვა პარტიასთან მიმართებაში მსგავს ბიულეტენს აბათილებდა, ამის ალბათობას ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა, ჩვენს დამკვირვებლებს ტენდენციურ მიდგომაზე საჩივარი არ დაუწერიათ“, – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი.

წინასწარი მონაცემების მიხედვით (18 ოქტომბრის მდგომარეობით), 2016 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3,43%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4,11%-ია. საბოლოო მონაცემები საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ დაიდება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე 12 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა მონაცემი დროულად გაასაჯაროოს და გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებით შეკითხვებსაც უპასუხოს.

ცესკომ პრეზიდენტის პრესსპიკერს დღის მეორე ნახევარში უპასუხა. თამარ ჟვანიას უწყებამ მონაცემები განაახლა და ახალი სტატისტიკა წარმოადგინა.
სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაცილებით მეტი, 2 მილიონ 215 ათას 661-ი მოქალაქე მივიდა, მაშინ პროპორციულ ნაწილში 62 ათას 874 ბიულეტენი გაბათილდა, რაც ხმების 2,84% იყო. 8 ოქტომბერს კი საარჩევნო ყუთთან უფრო ცოტა ამომრჩეველი – 1 825 054 მოქალაქე მივიდა. გაბათილებული ბიულეტენის ოდენობა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე, პროპორციულ ნაწილში, თითქმის 2012 წლის იდენტურია – 62 680, რაც ამჯერად პროცენტულად უფრო მეტი, – 3,43%-ია, მაჟორიტარულში კი – 4, 11%.

ცენტრალური საარჩვენო კომისია საბოლოო მონაცემებს არჩევნებიდან 19 დღის შემდეგ, 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

არჩევნების მეორე ტური – 30 ოქტომბერი

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალას მანდატების საერთო რაოდენობის, ანუ 150-ის 3/4 ესაჭიროება, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას“ 67 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27,  ხოლო  „პატრიოტთა ალიანსს“ – ექვსი. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები 5 ოლქში ვერ გაიმარჯვებენ, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში აღარ ეყოლება. თუ გაიმარჯვებენ, მმართველ პარტიას ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეეძლება ქვეყნის კონსტიტუციაში. რა არჩევანი აქვს მოქალაქეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სასარგებლოდ? – „ბათუმელები“ კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრა.

ბატონო მალხაზ, ერთ კვირაში გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ქართულ ოცნებას აქვს შანსი საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. არის თუ არა ეს სახიფათო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის?

რა თქმა უნდა, ეს სახიფათოა თეორიულად ნებისმიერი ქვეყნისთვის და მით უმეტეს ჩვენი რეალობისთვის. საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვიტა და, პირველ რიგში, კონსტიტუციის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ერთ პარტიას. მაკონტროლებელი, ანუ შემაკავებელი ამ უმრავლესობას არ ეყოლება.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება უჩვეულო მოვლენაა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველოში არსებული მახინჯი და უსამართლო საარჩევნო სისტემით, 48%-იანი ნდობის პირობებში შესაძლებელია მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს სისტემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. იყო დაპირებები, რომ თითქოს ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა შეეცვალა, მაგრამ, საბოლოოდ, ამ ძალამაც მანიპულაციით ისარგებლა.

ეს მაჩვენებელი რეალურად ამომრჩევლის ნებას არ შეესაბამება. ხელისუფლება და კონსტიტუციური მმართველობა, ზოგადად, ნიშნავს შეზღუდულ ძალაუფლებას, მაგრამ შემზღუდავი ახალ ხელისუფლებას არავინ ეყოლება.

ეს შემზღუდავი ძალა ხომ შეიძლება გახდეს ნაციონალური მოძრაობა“?  

„ნაციონალური მოძრაობა“ არანაირად არ იქნება შემზღუდავი. საკონსტიტუციო უმრავლესობის დამაბალანსებელი უნდა იყოს სხვადასხვა პარტია. დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. თუ დავუშვებთ თეორიულად, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ მოიგებს რამდენიმე ოლქს, ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ძალა თავისი პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენებს მოპოვებულ მანდატებს პარლამენტში, როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდგება.

ორივე მოცემულობა თანაბრად პრობლემურია? არ ფიქრობთ, რომ ალტერნატივა არსებობს?

მე, პირადად, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საკონსტიტუცუო უმრავლესობის არშექმნის გამო ხმა უნდა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური ძალა ვერ იქნება უმრავლესობის შემაკავებელი. `ნაციონალური მოძრაობა~ გამოიყენებს ამას მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს ქვეყნისა და მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის არსებული ვითარება და, რა თქმა უნდა, ცუდია… ახლა ერთადერთი – სიტყვაზე უნდა ვენდოთ „ოცნების“ ლიდერებს, რომ ისინი საყოველთაო კონსესუსის გზით შეიტანენ კონსტიტუციაში ცვლილებებს. ეს მხოლოდ დაპირებაა.

დღემდე კონსტიტუციური კომისიაც არ შექმნილა. ყველა მთავრობა იმას ამბობდა, რომ თანხმობა იყო ამოსავალი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა კონსენსუსი. ეს, უბრალოდ, კარგი სიტყვებია. პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს ცვლილებები საბოლოოდ. ვთქვათ, არ დაეთანხმნენ პარტიები ცვლილებებს, როგორ ფიქრობთ, უმრავლესობა უკან დაიხევს? პირდაპირ აცხადებენ უკვე, რომ უნდა გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. გახსოვთ, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი რომ მივიდა პრეზიდენტთან და კონსტიტუცია წაუკითხა… ვეტოს უფლება ჩამოვართვათო, ამასაც კი ამბობდნენ. მოკლედ საფრთხე ძალიან რეალურია.

როგორ შეიძლება ამ პროცესში საზოგადოების აზრი ანგარიშგასაწევი გახდეს?

ამ ვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლი იზრდება. ვფიქრობ, „ოცნების“ გუნდი არც ისე ძლიერადაა შეკავშირებული, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს საზოგადოების მხრიდან წამოსულ კრიტიკას, თუკი ავტოკრატიის დამყარების მცდელობას მივიღებთ.

რა უნდა ქნას მოქალაქემ არჩევნების მეორე ტურზე, ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება რომ მიიღოს?

მოქალაქე აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ მე, პირადად, ვფიქრობ, რომ მეორე ტური ვერაფერს ცვლის. მე, როგორც მოქალაქე, ვაპირებ, აქტიურად შევეწინააღმდეგო ხელისუფლებას, თუკი ისინი ქვეყნისთვის სახიფათო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მეორე ტურის ამბავი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. მოქალაქეები კიდევ უფრო ნიჰილისტურად არიან განწყობილი პოლიტიკური პროცესის მიმართ. ვფიქრობ, მეორე ტურში კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე.

მოპარული კომპიუტერი, რომელიც დაზარალებულმა სახლში იპოვა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კიწმარიშვილი დამნაშავედ სცნო კერძო საკუთრების ხელყოფაში. ამ პირებს გამოძიება სხვადასხვა ნივთთან ერთად, კომპიუტერის ძარცვას ედავებოდა, რომელიც საბოლოოდ დაზარალებულმა გოგონებმა სახლში აღმოაჩინეს. სასამართლო პროცესების პარალელურად დაკავებულების ახლობლებმა პროკურატურასთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები შეიჭრნენ სხვის კერძო ბინაში და კომპიუტერი წაიღეს. სასამართლოს წინა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გოგომ მოსამართლეს უთხრა, რომ კომპიუტერი იმავე დღეს ოპოვეს, მაგრამ წაღებული იყო სუნამო, ფული და მაჯის საათი. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ თუკი ეს ნივთები ბრალდებულებმა დაზარალებულების თანდასწრებით წაიღეს, ეს ქურდობაა და არა ძარცვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ძარცვის ნაწილში. ადვოკატ მამუკა ზოიძის შეფასებით, სწორედ ამის გამო შეცვალა მოსამართლემ კვალიფიკაცია და ძარცვის ნაცვლად კერძო საკუთრების ხელყოფის მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმეში წარმოდგენილი იყო ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც დაზარალებულების ბინაში ბრალდებულების შესვლის ფაქტს ადასტურებდა.

პედაგოგის მიერ ქალის ცემა სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შუქრი ბრუნჯაძის საქმეზე. მას ქალის ცემა და სხვისი ნივთის დაზიანება დაუდასტურდა. შუქრი ბრუნჯაძე ხულოში, სოფელ ძმაგულას სკოლის პედაგოგია. ის ამ არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ბლოკიდან კენჭს ხელვაჩაურის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა.

საქმის მასალის მიხედვით, შუქრი ბრუნჯაძემ მეზობლებთან დაპირისპირების დროს, საბურავის მოსახსნელი ქანჩით მიაყენა ფიზიკური ტკივილი მეზობლად მცხოვრებ ქალს, ამავდროულად დააზინა სხვისი მანქანის საქარე მინები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, ქალის ცემის ფაქტი შუქრი ბრუნჯაძეს არ დაუდასტურა ხელვაჩაურის სასამართლომ. მოსამართლე ლეილა გურჩიანმა მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც “გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”.

“ეს ნიშნავს იმას, რომ როცა მტკიცებულება ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ბრალდებულის სასარგებლოდ. ამ სტანდარტის დაცვით იმოქმედა ხელვაჩაურის სასამართლომ,” – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის მიიჩნევს, რომ ქუთაისის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეს ახალი მტკიცებულება არ დამატებია და მოსამართლე ვერა დოლიძეს არ დაუსაბუთებია, რას დაეყრდნო გამამტყუნებელი განაჩენი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გარდა.

ხელვაჩაურის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა შუქრი ბრუნჯაძე სხვისი ნივთის  – მანქანის საქარე მინების დაზინების ნაწილში. ადვოკატი თვლის, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა არ გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც ზარალის ოდენობა მხოლოდ 140 ლარია: “მხოლოდ სამოქალაქო წესით შეიძლებოდა ედავა მხარეს ზიანის ანაზღაურებაზე. ეს არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული” .

თავად შუქრი ბრუნჯაძე არ გამორიცხავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდებოდეს. “ფაქტია, რომ ახალი მტკიცებულება არ დამატებია საქმეს და ისე გამამტყუნა ქუთაისის სასამართლოში ვერა დოლიძემ. ის პროკურორ დავით ხარძეიშვილის კურსელია. პროკურორის ინტერესი იყო ჩემი დასჯა,” – ამბობს შუქრი ბრუნჯაძე “ბათუმელებთან”. ის ადასტურებს მეზობლებთან დაპირისპირებას, თუმცა ქალის ცემას გამორიცხავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ცემის გამო შუქრი ბრუნჯაძე 1000 ლარით დააჯარიმა. მხარეს ჯერ არ ჩაბარებია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. შუქრი ბრუნჯაძე მიიჩნევს, რომ მისთვის, როგორც დამსახურებული პედაგოგისთვის, ასეთი გადაწყვეტილება შეურაცხმყოფებელია და აუცილებლად მიმართავს ზემდგომ ინსტანციას.

 

 

აჭარაში 7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე შეიცვალა

ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა. ოფიციალურად თითოეულმა თავმჯდომარემ თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ უბნებში რამდენიმე საჩივარი დაიწერა, თუმცა ოლქში ცვლილებებს საჩივრების რაოდენობას არ უკავშირებენ.

“სხვა უბნებზეც ხომ იყო დარღვევები, იქ რატომ არ შეიცვალა თავმჯდომარე? თავისით დაწერეს განცხადებები და წავიდნენ,” – ამბობს “ბათუმელებთან” ციალა შავაძე, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი თქმით, უბნის თავმჯდომარეების პოსტის დატოვების მიზეზი სხვადასხვაა: ” ზოგი ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში დარჩა წასასვლელი, ზოგმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა წასვლის მიზეზად. მაგალითად, 69-ე მაჟორიტარული ოლქის მე-9 უბნის თავმჯდომარემ თქვა, რომ რთული სიტუაცია იყო მასთან უბანზე და აღარ შემიძლიაო…“

მე-9 უბნის გარდა, კომისიის თავმჯდომარეები ასევე შეცვალეს ბათუმის 68-ე მაჟორიტარული ოლქის 33-ე, 105-ე, 46-ე და მე-18 უბნებზე.

46-ე, ანუ ხალას საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ცესკოც. აქ აღნიშნუშნულია, რომ კომისიის თავმჯდომარის უფლებისისლების შეწყვეტა დაკავშირებულია ვიდეოკადრებთან, რომელიც “ნაციონალიურმა მოძრაობამ”გაავრცელა.

ორი კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა ხელვაჩაურში – 38-ე და მე-40 უბნებში. ოლქის თავმჯდომარემ, ომარ ვარშანიძემ გვითხრა, რომ თავმჯდომარეებმა თავისით დაწერეს განცხადებები და წავიდნენ: “ორივე ოლქის მიერ იყო დანიშნული. შესაბამისად, ჩვენ წარვადგინეთ ახალი თავმჯდომარეები ამ საუბნო კომისიებში”.

აჭარის მაღალმთიანეთსა და ქობულეთში არცერთი უბნის კომისიის თავმჯდომარეს არ გასჩენია თანამდებობის დატოვების სურვილი.

როგორც ოლქში “ბათუმელებს” უთხრეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები არჩევნების პირველი ტურის ჩატარებისთვის ხელფასის სახით ხელზე 404 ლარს მიიღებენ. რამდენი დაემატება ამ თანხას მეორე ტურიდან, ჯერ უცნობია. ხელფასის ოდენობა განისაზღვრება ოლქების მიერ შემაჯემებელი ოქმების გამოცემის დღის ჩათვლით.

ამავე თემაზე:

ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით

 

მატარებლის დაჯახებით დაღუპული რკინიგზელის ოჯახი სიცოცხლის დაზღვევის თანხას ვერ იღებს

როსტომ მამულაძეს სამი წლის წინ ბათუმში მატარებელმა გადაუარა. მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა როსტომის ოჯახს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სადაზღვევო კომპანიიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს უთხრეს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როსტომ მამულაძის გარდაცვალება ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო თუ არა. გამოძიება დღემდე გრძელდება.

„18 წელი რკინიგზაში მუშაობდა ჩემი ქმარი, მეისრე იყო,“ – გვიყვება დარიკო გაბროშიძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ის პერიოდულად ეცნობა საქმის მასალებს. თვლის, რომ პროკურატურა შეგნებულად აჭიანურებს გამოძიების დასრულებას.

დარიკომ ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც 55 წლის როსტომ მამულაძე 2013 წლის 16 აგვისტოს დილით ფხიზელი იყო და მას მნიშვნელოვნად გამოხატული ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებდა: „ადრე დილით ლიანდაგებს შორის იდგა თურმე, როცა მოულოდნელად დაეჯახა მატარებელი. ეს მოხდა რკინიგზის დეპოში, პორტთან ახლოს… ოჯახმა ვიცით, ვინც იყო მემანქანე. მასთან მოლაპარაკებაც გვქონდა, რომ ფინანსურად დაგვეხმარებოდა და ჩვენ საჩივარს გამოვითხოვდით. მერე მისმა ადვოკატმა ათქმევინა უარი…“

საქმეში არსებობს თავად რკინიგზის სამსახურის მოკვლევა, რომლის მიხედვითაც როსტომ ბერიძის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. „გამომძიებელი პაატა ცეცხლაძეა. მეუბნება, ვერ ხერხდება იმის დადგენა, უშუალოდ ვინ არის დამნაშავეო. მთავარ პროკურორთან ვითხოვ შეხვედრას, მაგრამ არ მახვედრებენ,“ – ამბობს დარიკო გაბროშიძე.

გამოძიების დასრულებამდე ოჯახი სიცოცხლის დაზღვევასაც ვერ იღებს. ამის შესახებ დარიკოს სადაზღვეო კომპანია „ირაოში“ უთხრეს, სადაც როსტომ ბერიძის სიცოცხლე, როგორც „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლის, 3 ათასს ლარად იყო დაზღვეული. სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ნებისმიერ შემთხვევაში გარდაცვალების დადგომის დროს ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას. ამ ჩანაწერის პარალელურად, ხელშეკრულებაში „გამონაკლისებიც“ ყოფილა გაწერილი, სადაც ჩამოთვლილია სხვადასხვა შემთხვევა, როცა არ გადაიხდის კომპანია სიცოცხლის დაზღვევით გაწერილ კომპენსაციას.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ხელშეკრულებაში მოცემული სადავო ნორმები სასამართლომ უნდა განიხილოს: „არ შეიძლება ერთი და იგივე ხელშეკრულების ორი ნორმა ერთმანეთს ეწინააღმდეგობოდეს და იყოს ურთერთგამომრიცხავი. მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს – ის შეიძლება იყოს ნორმის განმარტების ერთადერთი წყარო. სასამართლომ უნდა თქვას, რომელ ნორმას მიენიჭოს უპირატესობა… გარდაცვალებიდან უკვე გასულია სამი წელი და იწურება კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ დარეჯან გაბროშიძეს, როგორც მემკვიდრეს, ჯერ კიდევ აქვს დრო მიმართოს სასამართლოს, რადგან ხანდაზმულობის ვადა აითვლება მემკვიდრეს მოწმობის ოფიციალური მიღებიდან, ანუ პირის გარდაცვალებიდან 6 თვეში“.

იურისტი კანონით დაშვებულ გამონაკლისზეც ამახვილებს ყურადღებას. „თვითმკვლელობის შემთხვევაში სიცოცხლის დაზღვევით გათვალისწინებული კომპენსაცია არ გაიცემა. მხოლოდ ამ კუთხითაა დაკონკრეტებული კანონი, დანარჩენი შეთანხმების საგანია,“ – განმარტავს გიორგი ხიმშიაშვილი.

რატომ უფორმებენ ადამიანებს ხელშეკრულებას ურთირგამორციხავი ნორმებით? – კითხვით სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ მივმართეთ. კომპანიის ოპერატორმა გვითხრა, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე დაგვირეკავდა პასუხისმგებელი პირი, თუმცა კვირის ბოლომდე არავინ შეგვხმიანებია. ოპერატორმა სიცოცხლის დაზღვევის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა და გვითხრა, რომ სიცოცხლის დაზღვევა მხოლოდ კორპორატიული დაზღვევის შემთხვევაშია შესაძლებელია და პირობები ინდივიდუალურად განიხილება. ასევე სიცოცხლის დაზღვევა არის ჯანმრთელობის დაზღვევის შემადგენელი ნაწილი და ის არ ფორმდება ცალკე.

„პრაქტიკა არის რთული, რადგან 2010 წლიდან გარდაცვალების მოწმობაში აღარ იწერება გარდაცვალების მიზეზი. ადრე ამას წერდა უბნის ექიმი, ან სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც შეესწრებოდა გარდაცვალების ფაქტს,“ – გვიყვება სოფო ალექსიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. მისი დაკვირვებით მთავარი პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობაა, რადგან უმრავლესობამ არ იცის, რომ ექსპერტიზა გარდაცვლილის დაკრძალვამდე უნდა ჩატარდეს. ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, რასაც ყველა სადაზღვეო კომპანია ითხოვს: „თითქმის ყველა სიცოცხლის დაზღვევას ახლავს თავისი პირობა, მაგალითად, ზოგიერთი არ გადაიხდის კომპენსაციას, თუკი პირი გარდაიცვლება ფილტვის კიბოთი, ან სექსუალური გზით გადამდები დაავადებით და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა მემკვიდრემ მოითხოვა კომპენსაცია დაკრძალვის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ მოიპოვოს გვამის ექსჰუმაციის უფლება. ექსპერტიზის ჩატარება დამატებით ფინანსურ ხარჯთანაა დაკავშირებული.“

„გარდაცვალების მიზეზის დადგენა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ღირს 250 ლარი,“ – გვითხრეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აქვე განგვიმარტეს, რომ თითო სპეციალური ექსპერტის დამატების ფასი 85 ლარია. რაც შეეხება გვამის ექსჰუმაციას – ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა მემკვიდრეს მინიმუმ 800 ლარი დაუჯდება: „დანარჩენი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, კონკრეტულ ექსპერტთან უნდა შეათანხმოთ…“

სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

„რატომაც არა, მაქვს ამბიცია, კი. ორი შემთხვევა ძალიან კარგია – მინისტრი და მოადგილეც,“ – ასე პასუხობს დეპუტატი კაკო ძნელაძე „ბათუმელების“ შეკითხვას: დაპირდნენ თუ არა მას თანამდებობას აჭარის მთავრობაში. დეპუტატები „ოცნებიდან“ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ვიდრე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, ძველები აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელი პოზიციების დასაკავებლად ემზადებიან.

„იმიტომ უნდა დავსაქმდეთ მთავრობაში, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ეს ძალიან გამოგვადგება,“ – ამგვარად დაგვისაბუთა ალეკო ჩიტიშვილმა უმაღლესი საბჭოდან მთავრობაში გადაბარგების აუცილებლობა. ის უმაღლეს საბჭოში თავდაპირველად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობდა, გადაყენების შემდეგ კი, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობდა.

ალეკო ჩიტიშვილი თვლის, რომ პარტიამ უნდა დააფასოს ის ადამიანები, ვინც თავიდან მოყვებოდა ამ მოძრაობას და ასეც მოხდება. მან „ბათუმელებს“ დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას აპირებს: „ერთ-ერთი ვარიანტი არის ეს, მაგრამ არაფერი გადაწყვეტილი ჯერ არაა… საუბრები ამის შესახებ იყო პარტიის შიგნით. სადაც დავჭირდები პარტიას, იქ ვიქნები. მე, პირადად, ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ“.

ნებისმიერ სამსახურზე არაა თანახმა ანზორ თხილაიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე. ის „თავისუფალ დემოკრატებს“ მას შემდეგ გაემიჯნა, როცა ირაკლი ალასანიამ სახელისუფლო კოალიცია დატოვა: „მეუბნებიან, რომ მთავრობაში ვიქნები სადმე და არ ვიცი ჯერ, სად და როგორ. ჯერჯერობით კონკრეტიკაზე არაა საუბარი, მაგრამ დეპარტამენტზე უფრო დაბალი დონე რომ არ იქნება, ეს ვიცი.“

ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსობას აპირებს [სამმართველოს უფროსი აქამდე ვახტანგ წულაძე იყო, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ბათუმის 68-ე ოლქში].

ანზორ თხილაიშვილმა არც ის გვითხრა, ვინ განიხილავს დეპუტატების მთავრობაში გადანაწილების საქმეს და სად განიხილება ეს თემა. პასუხი მოკლე მივიღეთ: „პარტიის მონახაზია ეს“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ერთადერთია უმაღლეს საბჭოში, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. სხვა კომისიების თავმჯდომარეები მმართველ გუნდს აღარ წარმოადგენდნენ, შესაბამისად, დანარჩენებზე ზრუნვა „ქართულ ოცნებას“ აღარ მოუწევს.

მთავრობაში გადასასვლელად ემზადება აკაკი ძნელაძეც. იგი ხელმძღვანელობდა ფრაქციას – „ქართული ოცნება – თავისუფლება“. თვლის, რომ ერთი დეპუტატის პირობაზე, ბევრი საქმის გაკეთება შეძლო. მაგალითისთვის დეპუტატს ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია მოჰყავს. ამაყობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება შეძლო მისი ფონდიდან დაფინანსების გამოყოფის აუცილებლობაში: „თეატრი ჩემი ურთიერთობებით გავაკეთე. სხვებსაც ჰქონდათ ურთიერთობა „ქართუ ფონდთან“, მაგრამ მე გავაკეთე…. დავარწმუნე თუნდაც, რომ ამის გაკეთება აუცილებელი იყო“.

თავის გამინისტრების შესაძლებლობას აკაკი ძნელაძე ბიუჯეტის ხარჯზე სხვადასხვა პროექტის განხორციელებით ამართლებს, მათ შორისაა: მცირე თეატრის მოწყობა, საბაევის და მწერალთა სახლების რესტავრაცია, მუსიკალური ფესტივალები და ფრანგულ ჟურნალში აჭარაზე სტატიის გამოქვეყნებაც კი.

„მთავრობაში გადასვლის შესახებ საუბარი მქონდა ყველა დონეზე, მათ შორის ზურაბ პატარაძესთან [აჭარის მთავრობის თავმჯდომარე]. მისგან მივიღე პასუხი, რომ ამ თემაზე შესაძლოა დადებითი პასუხი იყოს… მოდით, ჯერ ყველაფერი დალაგდეს, ჩატარდეს არჩევნები, შეიკრიბოს უმაღლესი საბჭო და შემდეგ ყველაფერი გაირკვევა,“ – ამბობს კაკო ძნელაძე, რომელიც საკუთარ თავს განათლების სამინისტროში ხედავს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, განათლების მინისტრობა სურს ავთანდილ ბერიძესაც, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. მან „ბათუმელებს“ კომენტარზე ამჯერადაც უარი უთხრა.

რამდენად ლოგიკურია ყოფილი დეპუტატების აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაწილება იმ ფონზე, რა სამუშაოც შეასრულა უმაღლესმა საბჭომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და იმის გათვალისწინებით, როცა მმართველმა პარტიამ ვერც ერთი მათგანის საჭიროება ახალ უმაღლეს საბჭოში ვერ დაინახა? – ნათია აფხაზავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თვლის, რომ ეს დამოკიდებულება სწორედაც რომ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს:

„უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი, რადგან ყველასთვის ცხადია, რაც გააკეთა წინა მოწვევის უმაღლესმა საბჭომ. მსგავსი დამოკიდებულება, როცა დეპუტატებს აქვთ გარანტირებული ადგილები, არის ძალიან რეგრესული და საზიანო. ეს მეტყველებს ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. როცა ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში აღარ არიან ეს სახეები და მერე მთავაზობ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიას არ აქვს ლოგიკური განვითარება. როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მთავრობაში ჩვენ გვჭირდება ახალი სახეები, რადგან რეგიონს საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს სწორედ იმის გამოც, რაც წინა მოწვევის უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ ვერ გააკეთა“.

როგორ ინაწილებს თანამდებობებს ახალი შემადგენლობა – კონკრეტიკა ახალი მოწვევის დეპუტატებს ჯერ არ სურთ, თუმცა სურვილების გამხელა არც აქ უჭირთ. აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი, მაგალითად, ადასტურებს, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე განათლების კომისიის თავმჯდომარეობა უნდა, ან უხელმძღვანელებს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიას. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობაზე არ ამბობს უარს გიორგი რომანაძე, გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე. იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დავით გაბაიძე განიხილება, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „ალბათ, იმიტომ ამბობენ, რომ პროფესიით იურისტი ვარ. ამ თემაზე საუბარი ჯერ არ გვქონია,“ – გვითხრა დავით გაბაიძემ.

ახალი მოწვევის დეპუტატებმა პრაქტიკულად დაგვიდასტურეს, რომ ავთანდილ ბერიძის სავარძელს ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი და აჭარის ჩანდაცვის ყოფილი მინისტრი. თავად ნუგზარ სურმანიძემ კი გვითხრა, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე ჯერ არ ჰქონია.

შსს: სარფში 223 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1979 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის  ჩხრეკისას, 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7166 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 27 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გოდერძის უღელტეხილზე თოვს

დღეს, 25 ოქტომბერს გოდერძის უღელტეხილზე მოთოვა.

„შპს გოდერძის“ დირექტორის ჯემალ ბოლქვაძის ინფორმაციით, თოვლის საფარმა 15 სანტიმეტს მიაღწია, თუმცა სათხილამურო სეზონი ჯერ ვერ გაიხსნება.

„ოქტომბერ-ნოემბერში არის სეზონისთვის წყნარი პერიოდი. ამ დროს მხოლოდ ველოსიპედებით მოძრავი ტურისტები თუ შემოივლიან, რომლებიც გოდერძის უღელტეხილის გავლით მიდიან აღმოსავლეთიდან დასავლეთში და დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში. თუ დაუღამდებათ, რჩებიან ერთი ღამით.

ის ტურისტები, რომლებიც სათხილამუროდ ამოდიან, ჯერჯერობით, არ გვყავს, რადგან სათხილამურო სეზონისთვის თოვლის საფარი უნდა აღწევდეს 1.5 მეტრს. ეს თოვლი სასრიალოდ არ გამოდგება. სეზონის გახსნა იგეგმება დეკემბრის დასაწყისში. თუ ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეგვიწყო, შესაძლოა ნოემბრის შუა რიცხვებშიც გავხსნათ“, – ამბობს ჯემალ ბოლქვაძე.

გოდერძის უღელტეხილი დღეს ფოტო: გიორგი ლომია
გოდერძის უღელტეხილი დღეს
ფოტო: გიორგი ლომია

14691089_981061105339607_4576927331798867696_n

მსჯელობა ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე

ბათუმის მერია USAID-ის დახმარებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი გენგემის შემუშავებამდე ძველი ბათუმის ტერიტორიაზე – მელიქიშვილის ქუჩის ჩათვლით მშენებლობებზე ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. ეს პოზიცია მათ დღეს მერიაში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას დააფიქსირეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მერიის ჯგუფთან ერთად, USAID-ის წარმომადგენელი მანუჩარ მახათაძე შეხვდა. მან ისაუბრა სამუშაოს იმ ნაწილზე, რაც უკვე დასრულებულია და იმ ნაწილზე, რაც ჯერ კიდევ შესასრულებელია. მანუჩარ მახათაძე დაინტერესდა თუ რა მოსაზრებები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს გენგემასთან დაკავშირებით.

მერიის ინფორმაციით, წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარებით დავალებაზე მუშაობა ჯგუფმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს, რის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე. ტექნიკური პირობები კი მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით უნდა შემუშავდეს.

მანუჩარ მახათაძის განმარტებით, გენგემის შემუშავებას რვა თვიდან ერთ წლამდე პერიოდი შეიძლება დასჭირდეს. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძველ ბათუმში – მელიქიშვილის ქუჩამდე და გონიოს ციხის მიმდებარედ დაცვის ზონის შექმნა და მშენებლობაზე მორატორიუმი მოითხოვეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია გეგემის მომზადების დაფინანსების საკითხი. ამასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხი არც საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს აქვს. ის შეხვედრაზე თითქმის ერთი საათის დაგვიანებით მივიდა. მანუჩარ მახათაძის თქმით კი, „ასეთი დონის დოკუმენტს არც ერთი დონორი ორგანიზაცია არ აფინანსებს“.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები იმითაც დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა გარანტია, რომ ამ დოკუმენტს მერია საკრებულოს ნამდვილად წარუდგენს და მას საკრებულო დაამტკიცებს, ან მის დამტკიცებაზე იმსჯელებს მაინც. მითუმეტეს, რომ მსაგავსი გამოცდილება მსგავსი ტიპის დოკუმენტთან დაკავშირებით უკვე არსებობს. მერიას ჯერ კიდევ არ გაუტანია სხდომაზე განსახილველად კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ მოზადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპოტიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტი.

გენგეგმის შემუშავება ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მერი 2014 წელს აირჩიეს. მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები ისევ გაიმართება.

ქობულეთის გამგებელი ქალაქის წყალმომარაგების საკითხს გამოეხმაურა

batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „ქობულეთი უწყვეტი წყალმომარაგების გარეშე“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა.  

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით „ტრანსფორმატორის დაზიანების გამო ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგებას პრობლემა არ შექმნია. პირდაპირი შესყიდვის წესით სატრანსფორმატორო ზეთის შესყიდვა კი შპს „ქობულეთის წყალმა“ მოითხოვა მხოლოდ იმის გამო, რომ სარეზერვო ტრანსფორმატორი იყოს მუშა მდგომარეობაში, სამომავლოდ, შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად“.

საკრებულო თანახმაა გაზბეტონის ქარხანა ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიზე აშენდეს

საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ე.წ. გაზბეტონის ქარხნის მშენებლობაზე საკრებულო თანახმაა. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სახლები უნდა აშენებულიყო, ინვესტორი ე.წ. გაზბეტონის ქარხნისა და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობას გეგმავს.

ნაკვეთი [30 000 კვ/მ] შემდგომში პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უკვე გადაეცა. სააგენტოს უფროსის ირაკლი ჩიდრაშვილის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ გაზბეტონის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას, სამაცივრე მეურნეობის შესაბამისი ინფრატრუქტურის მოწყობას და შვიდი მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ბენზეს დასახლებაში ქარხნის მშენებლობით შპს „ვიქტორია გაზბეტონია“ დაინტერესებული. კომპანიის დირექტორი და 75% -ი წილის მფლობელი უკრაინის მოქალაქე ვიქტორია ვარლამოვაა, ხოლო მისი პარტნიორი და კომპანიის 25%- ის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ბეგლარ ანუშიძე. რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2016 წლის ივნისში დააფუძნეს.

წერილის მიხედვით, რომლითაც კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა, ინვესტორი სამომავლოდ, ასევე, ხის პადონების დამამზადებელი საამქროს მოწყობას გეგმავს, რომელიც დაამზადებს ტარას არამხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციის შესაფუთად, არამედ სარეალიზაციოდ. ასევე დაგეგმილია პლასტმასის ყუთების წარმოება, რომლებიც გამოიყენება ხილ-ბისტნეულის შესაფუთად.

ამ ტიპის საწარმოს მშენებლობასა და შემდგომში ფუნქციონირებაზე მხოლოდ მერიის ნებართვა საკმარისი არ არის. საქართველოს კანონმდებლობა მსგავსი პროექტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას და გარემოს დაცვის სამინისტროსგან თანხმობას ითვალისწინებს. არსებობს თუ არა ასეთი ნებართვა ჯერ არავინ იცის. თუმცა, დღეს ბათუმის საკრებულოს უმრავლეობა ნაკვეთის გადაცემა, მისი შემდგომი გასხვისებისა და „გაზბეტონის“ ქარხნის მშენებლობის პირობით, მაინც დათანხმდა. წინააღმდეგ ხელი მხოლოდ ოპოზიციამ აწია.

ბათუმის საკრებულო ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის საკრებულო
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ლიბერალური ფრთის მარცხი

„ისინი მოწყდნენ რეალობას… არ ჰქონდათ მკაფიო გზავნილები და ვერ მოახერხეს ამომრჩევლის მობილიზება,“ – ასე ხსნის ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ლიბერალური პოლიტიკური ძალების პარლამენტს მიღმა დარჩენას. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამ შედეგის დადგომას ძირითადად პაატა ბურჭულაძისა და მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გააქტიურებას უკავშირებს, რამაც ლიბერალი ამომრჩეველი კიდევ უფრო ნიჰილისტურად განაწყო და სახლში გამოკეტა. „არა. ეს არ ყოფილა ლიბერალური ფრთის მარცხი, ეს იყო პოლიტიკის მარცხი საქართველოში,“ – გვითხრა „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა.

ვის მისცა ხმა ლიბერალმა ამომრჩეველმა?

„ქვეყანაში ლიბერალური იდეების მხარდამჭერი არის დაახლოებით 10-12 პროცენტი, ამის ნახევარი მოვიდა არჩევნებზე, ანუ 6 პროცენტი ჯამში მივიღეთ ლიბერალურმა ძალებმა. საერთოდ, არჩევნებზე ამომრჩევლის 50 პროცენტი არ მოსულა, ეს ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პრობლემაა, ამ კუთხით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,“ – გვიყვება ლევან ბერძენიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის რაოდენობა წელს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო და მოიცავდა მეტწილად ლიბერალებს, კიდევ უფრო ნიჰილისტურად განეწყო პოლიტიკის მიმართ:

„რამდენიმე ფაქტორი იყო. ერთი მხრივ, ეს იყო პიროვნული ფაქტორები. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პაატა ბურჭულაძეს, რომელიც დაჯდა მესამე პოლიტიკური ძალის ნიშაზე და თავდაპირველად გააჩინა ალტერნატივის განცდა. შემდეგ მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, დაასამარა მოლოდინები. „რესპუბლიკელების“ თქმის არ იყოს, მართლა საფრთხობელას როლში იყო მიხეილ სააკაშვილიც, რამაც კიდევ უფრო მეტად მოახდინა პოლარიზება პოლიტიკური ველის, რაც გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა. შედეგად, იმ ადამიანებმა, ვინც განაწყენებული იყო „ოცნებაზე“, მაინც ამ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირეს მხარი „ნაციონალების“ შიშით.“

მოულოდნელი არ ყოფილა მომავალი პარლამენტი ლიბერალური ძალების გარეშე ფილოსოფოს გიორგი მაისურაძისთვის. მას მიაჩნია, რომ სოციალური ჩაგვრის დროს ფართო გასაქანი ეძლევა პოპულიზმს, ხოლო ლიბერალურმა ძალებმა ადამიანები პრობლემებში მდგომი ვერ დაინახეს: „რესპუბლიკელებს“ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რა იყო ეს ლოზუნგი „გავთავისუფლდეთ“? მძიმე სოციალური ფონის დროს ძალიან გაუგებარია ეს გზავნილი. რაღაც თვალსაზრისით, ქედმაღლურიც კი მეჩვენა… ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ არჩევნებზე მთავარი ფაქტორი იყო მიხეილ სააკაშვილი – ლიბერალურების მხარდამჭერმა ამომრჩეველმაც შიშით „ოცნებას“ მისცა ხმა. ასე მოხდა 90-იან წლებშიც. მაშინ ზოგიერთმა ზვიად გამსახურდიას შიშით „კომუნისტურ პარტიას“ მისცა ხმა, იმის მიუხედავად, რომ სულაც არ იყო ამ პარტიის ამომრჩეველი“.

რა გზავნილები ჰქონდათ ლიბერალურ ძალებს

„მესიჯ ბოქსი აშკარად არ იყო აქტიური,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი სხვადასხვა სახის უმცირესობა იყო, გამყოფი ხაზი არ ჩანდა: „რადგან, მაგალითად, „რესპუბლიკელები“ არ ნებდებოდნენ მხოლოდ უმცირესობაზე აქცენტირებას. ისინი მუშაობდნენ უმრავლესობაზეც, რაც არ გამოდის… გარდა ამისა, იყო პროგრამები, მაგრამ ის არ ემყარებოდა საზოგადოებრივ კონსენსუსს. გამოჩნდა, რომ რეალურად რა უნდა ადამიანს – ეს ამ პარტიებმა არ იცოდნენ. ამას სჭირდება ფინანსები და მუშაობა. შესაძლოა, რა პრობლემაც აწუხებს ბათუმელს, ეს განსხვავდება ხელვაჩაურში მცხოვრების პრობლემისგან“.

მხოლოდ მემარჯვენე ძალების არსებობის პრობლემას უსვამს ხაზს ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე. მას მიაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში სიღარიბეზე თვალის დახუჭვა და მხოლოდ მემარჯვენე გზავნილებზე გაყოლა, არ გამოვა: „ასე უფრო მემარჯვენე პოპულიზმი იკიდებს ფეხს და ამის ნათელი დადასტურებაა ირმა ინაშვილი. ცუდს ვერაფერს ვიტყვი: პრინციპში, ვინც იმუშავა ამომრჩეველთან, ასე ვთქვათ, არ ითაკილა აქტიურობა, მათ შორის, ქუჩაში, იყო „პატრიოტთა ალიანსი“.

„ამას სჭირდება გაანალიზება და დრო. ახლა ვერ გეტყვით, რა იყო შეცდომა… ამხელა ამბავი დაგვემართა და ვიღაცამ უკვე ერთ წუთში იცის ამის პასუხი, ასე არ არის,“ _ გვიყვება ლევან ბერძენიშვილი. ის მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი იყო ფული, რომელიც „რესპუბლიკელებს“ არ ჰქონდათ: „შემოწირულობა იყო ნული ლარი. ნული ლარით წარმოუდგენელია ამაზე უკეთესი შედეგის დადება, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ შეცდომებზე. არც კოორდინატორების, არც სააგიტაციო მასალის საშუალება ჩვენ არ გვქონდა. შესაბამისად, საარჩევნო კამპანია წესიერად არ ჩაგვიტარებია. გასაგებია ჩვენი ამბები. გაუგებარია, მაგალითად, მილიონი რომ დახარჯა ბურჭულაძემ, ის რომ ვერ მოხვდა…“

კითხვაზე, არის თუ არა ასევე პრობლემა, როცა პარტიის დაფინანსების სურვილი არ უჩნდება არც ერთ ბიზნესმენს? ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ დააშინა. საუბრის ბოლოს, როცა მას სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ, გვითხრა, რომ ბიზნესმენებთან ურთიერთობებისა და ფინანსური რესურსების კუთხით პარტია უნდა გააქტიურდეს. ეს „რესპუბლიკელების“ ამოცანაა.

უნდა გაერთიანებულიყვნენ თუ არა ლიბერალი პოლიტიკოსები?

„ნამდვილად არ გამოჩნდა ეს“, – დარწმუნებულია ლევან ბერძენიშვილი: „ერთად რომ დავენახეთ, მერე იტყოდნენ, ალასანიას კი მივცემდი ხმას, მაგრამ თინა ხიდაშელი რომ უდგას გვერდით, ამიტომ აღარ მინდაო, ან პირიქით. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავიდანვე თქვეს, რომ უნდოდათ მარტო ყოფნა. გაერთიანება კი ორივე პარტიას უნდა უნდოდეს. ან როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ერთად ყოფნა, როცა დღე არ გავიდოდა, გია ცაგარეიშვილს „რესპუბლიკელები“ არ გაელანძღა. იმათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ 50 პროცენტს და კიდევ მეტს მიიღებდნენ, ამიტომაა ახლა იქ ასეთი ამბები. ჩვენი პარტია რატომ არ იშლება?… ჩვენ მოგებაზეც და წაგებაზეც გვაქვს რეაქცია. ამ შენიშვნას მივიღებდით სიამოვნებით და ვიტყოდით, რომ შეგვეშალა, მაგრამ ჩვენ არ შეგვშლია, ასეთი ამოცანა არ ყოფილა.

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი: „ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ, რადგან მეტ-ნაკლებად ერთნაირი ამომრჩეველი ჰყავთ. ვიცი ოჯახები, სადაც ეს ხმები გაიყო „თავისუფალ დემოკრატებს“ და „რესპუბლიკელებს“ შორის. მათი ამომრჩეველი არის სპეციფიკური.“

„პრობლემა იყო ლიბერალურ ძალებს შორის დაქსაქსულობა,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. ის ამბობს, რომ არათუ პარტიები, არამედ, ზოგადად, ლიბერალური ჯგუფები ქვეყანაში მიზანმიმართულად არ მუშაობდნენ: „სხვა პარტიებს ჰქონდათ სხვადასხვა ქსელი, გარდა იმისა, რომ ჰქონდათ აქციები და ასე შემდეგ. „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდა საკუთარი ტელევიზიაც კი. ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, მათ ჰყავდათ მხარდამჭერი ტელევიზია.“

მომავალი

გიორგი მაისურაძე: „ეს იყო არა მხოლოდ კონკრეტული ლიბერალური პოლიტიკური ძალების, არამედ მთლიანად ლიბერალური ფრთის მარცხი… ახლა კიდევ უფრო მეტ შინაარს იძენს სამოქალაქო აქტივიზმის როლი. მე ნაკლებად მჯერა, რომ ის პარტიები, ვინც პარლამენტში მოხვდა, რომელიმე ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებებზე და ლიბერალური პოლიტიკის კეთებაზე“.

ლევან ბერძენიშვილი კი მიიჩნევს, რომ ლიბერალური შეხედულების მქონე რამდენიმე დეპუტატი მაინც იქნება პარლამენტში. ის უფრო მეტ საფრთხეს საკონსტიტუციო უმრავლესობაში ხედავს, რადგან „ეს ისეთი საშიში სათამაშოა, რომელსაც როგორ ითამაშებენ, ჯერ არ ვიცით“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები პარტიის სადავეების გადაცემას ახალგაზრდებისთვის აპირებენ. ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ძველი სახეები საზოგადოებას მოსწყინდა, მაგრამ „იდეები ვერ მოაბეზრებს ვერავის თავს, მისი ერთგული ხარ, ან – არ ხარ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიბერალებს ეკუთვნით მომავალი“.

ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით

„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და ეს უმეტესწილად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. საოლქო კომისიის მსჯელობა საჩივრებთან დაკავშირებით „ყავაზე მკითხაობას ჰგავდა“, –  ასე აფასებენ კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობას. 2016 წელს საარჩევნო მოხელეების სწავლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა, ხოლო თავად ცესკოს ბიუჯეტი 76 მილიონი ლარია [საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის ჩათვლით]. აქედან 40 მილიონი ლარი ხელფასებში იხარჯება.

წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ბიუჯეტი 38 მილიონ 136 230 ლარია. აქედან 21 მილიონ 027 522 ლარი ამ დაწესებულების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯებია. გარდა ამისა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების უზრუნველსაყოფად ცესკომ სახელმწიფოსგან დამატებით 30 მილიონ 888 046 ლარი მიიღო, აქედან 20 მილიონ 707 739 ლარი საარჩევნო მოხელეების ხელფასებისთვის გაითვალისწინეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 13-წევრიანია, აქედან ექვსი მუდმივმ¬ოქმედი წევრია, შვიდი კი პარტიების წარმომადგენელი. იმავე პრინციპითაა დაკომპლექტებული ოლქებიც, – ხუთ წევრს მუდმივად უხდის ცესკო ხელფასს, ხოლო დროებით წევრებს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. მათ ემატება ასევე დამხმარე პერსონალი და აპარატის თანამშრომლები [ბუღალტერი, იურისტი, დამლაგებელი, მძღოლი], რომელთა რაოდენობა ჯამში 700 პირს აღ¬წევს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სულ 73-მა საოლქო და 3702-მა საუბნო კომისიამ იმუშავა.

ხელფასები და პრემიები

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის ორ კვარტალში ცესკოს 13 წევრზე ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით 556 689 ლარი, ცესკოს აპარატის თანამდებობის პირებზე [დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები] 192 620 ლარი, ხოლო ცესკოს დეპარტამენტების სპეციალისტებზე ჯამურად მილიონ 824 914 ლარი გაიცა. კანონმდებლობა არჩევნების წელს ცესკოს წევრებსა და თანამშრომლებზე ხელფასების გაორმაგებას ითვალისწინებს.

თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

ცესკოს მიერ წელს გაცემული ხელფასების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯერ არ გამოუთხოვია. თვითმმართველობის ბოლო არჩევნების წელს [2014] კი, ცესკოს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს, თავმჯდომარეს ხელფასის სახით თვეში 10 100 ლარი აქვს აღებული, რასაც ემატება პრემია ან დანამატი. გარკვეულ თვეებში თამარ ჟვანიას [2014 წელს ოთხჯერ] შემოსავალი თვეში 20 000 ლარსაც აჭარბებს. ბოლო არჩევნების წელს ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება ჯამში 154 484 ლარია.

2015 წლის [არასაარჩევნო წელი] იანვარ-ნოემბრის პერიოდში ცესკოს თავმჯდომარემ უფრო ნაკლები – 100780 ლარი გამოიმუშავა. თამარ ჟვანიას ხელფასი არასაარჩევნო წელს 5 500 ლარია, რასაც ემატება იმავე ოდენობის ყოველთვიური დანამატი.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ, 2014 წელს 132 083 ლარი გამოიმუშავა. ხოლო 2015-ში, არასაარჩევნო წელს [იანვარი-ნოემბერი], ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჯამში, 85 820 ლარი აუღია. არასაარჩევნო წელს გიორგი შარაბიძის ხელფასი 4700 ლარია, ამას ემატება ყოველთვიური დანამატი იმავე ოდენობით ან პრემია. პრემია გიორგი შარაბიძემ 2015 წელს ხუთჯერ მიიღო [პრემიასთან ერთად დანამატის მიღება არ ფიქსირდება].

ცესკოს საშტატო ნუსხაში 95 პირი ჰყავს, მათ შორისაა კომისიის 13 წევრი. კომისიის თითოეული წევრის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 3 900 ლარით განისაზღვრება; დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 3 000 ლარია; განყოფილების უფროსის _ 2 300 ლარი.

ცესკოს მიერ პრემიისა და დანამატების გადანაწილებაზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2016 წლის მაისში კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია:

„… მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ცესკოს წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა; განისაზღვროს პრემიის და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ოდენობა თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით; უნდა შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიების და დანამატების ოდენობა; პრემიებით თუ დანამატებით წახალისებას არ უნდა ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი. ის უნდა წარმოადგენდეს იშვიათ შემთხვევას, განსაკუთრებული დამსახურებისთვის; საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ უნდა ხდებოდეს დანამატის გაცემა; ცესკო თითოეული წევრის თანამდებობრივი სარგოს, პრემიის და დანამატის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, ისევე როგორც ეს არის ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილის და მდივნის შემთხვევაში.“

ცესკოს კვალიფიკაცია

ბათუმის #69.69.01 უბანზე კომისიამ ხმები საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების უხეში დარღვევით დათვალა. დათვლის პროცესის დაწყებამდე კომისიამ არ დალუქა სამაგიდო სია და გამოუყენებელი ბიულეტენები. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ბიულეტენები აღემატებოდა სამაგიდო სიებში დაფიქსირებული ხელმოწერების რაოდენობას.

დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა – „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ [საია] შესაბამისი საჩივრებით საოლქო კომისიას მიმართეს. ისინი ოქმის ბათილობას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ. საოლქო კომისია მხოლოდ თავმჯდომარისა და მოადგილისთვის დისციპლინარული სასჯელის დაკისრებით შემოიფარგლა. ორივე ორგანიზაცია დავას სასამართლოში აგრძელებს.

დისციპლინარული სასჯელის დაკისრება არ გამორიცხავს დამრღვევი პირების თუნდაც ამ არჩევნების მეორე ტურში კომისიაში ხელმძღვანელად მუშაობას. საქართველოში არსებობს პრაქტიკა, როცა სასჯელდაკისრებული პირები კომისიების ხელმძღვანელებად დანიშნეს.

#69.70.58 უბნის შემაჯამებელ ოქმზე არ იყო დაფიქსირებული კომისიის წევრების ხელმოწერები. სამაგიდო სიაში არსებული ხელმოწერები კი საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ბიულეტენების რაოდენობას არ დაემთხვა – ყუთში უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე უბანზე მოვიდა ამომრჩეველი. გარდა ამისა, კომისიამ შემაჯამებელ ოქმში ციფრები ისე გადაასწორა, რომ არ მოამზადეს სათანადო ოქმი. ოლქმა ამ უბნის შედეგების ხელახალი გადათვლა გადაწყვიტა. გადათვლისას კომისიის საუბნო წევრებმა შეცდომები დამკვირვებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლით ახსნეს.

ჯამში მხოლოდ ბათუმის ოლქში უხეში დარღვევების გამო საია შვიდი საუბნო კომისიის ოქმის ბათილობას და ხელახალ გადათვლას, ხოლო „სამართლიანი არჩევნები“ რვა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვდა. საჩივრების განხილვისას დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენციის ნაკლებობაზე გააკეთეს აქცენტი.

„იქცეოდნენ არაადეკვატურად, უბნებზე იყო ქაოსი; კომისიის მდივანმა ვერ შეძლო შემაჯამებელი ოქმის შევსება; არ არეგისტრირებდნენ საჩივრებს, გადადიოდნენ შეურაცხყოფაზე, დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან და ჩვენს ერთ-ერთ დამკვირვებელს დაუხიეს საჩივარი“, – განმარტა სხდომაზე მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა საჩივრების განიხილვის დროს.

საიამ დარღვევები იმ საარჩევნო უბნების ოქმებშიც აღმოაჩინა, სადაც ორგანიზაციას დამკვირვებელი არ ჰყოლია: მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმები განთავსდა, საიამ ციფრები შეაჯამა და აღმოაჩინა, რომ შვიდ ოქმში ბალანსი არ იყო შედგენილი.

„საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის პრობლემა დღის წესრიგში იდგა თითქმის ყველა არჩევნებზე, რაც ჩატარებულა საქართველოში, მაგრამ მეტი სიმძაფრით ეს ამ არჩევნებზე გამოჩნდა. საუბნო კომისიების წევრებს ვერ მოვთხოვთ უმაღლეს იურიდიულ განათლებას, მაგრამ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მომზადებული ხვდება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებს, რამდენად გამოხატავს იგი მზაობას გადაამზადოს და ასწავლოს მოხელეებს საარჩევნო კანონმდებლობის ანი-ბანი. ვის უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა? – ოლქი არის ის სუბიექტი, რომელმაც დააკომპლექტა საუბნო კომისიები და აიღო მათზე პასუხისმგებლობა. ტრენინგები ჩაუტარდათ კიდეც… ამ არჩევნებს ჩრდილი სწორედ საუბნო-საარჩევნო კომისიების კვალიფიკაციის დაბალმა დონემ მიაყენა. საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებიც კი საუბრობენ კომისიის წევრების დაბალი კომპეტენციით გამოწვეულ პრობლემებზე“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2016 წლის 6 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოში ხუთასზე მეტი საჩივარი შევიდა.

ვინ არის პასუხისმგებელი საარჩევნო მოხელის კვლიფიკაციაზე

საუბნო-საარჩევნო კომისიის ექვს წევრს საოლქო კომისია ირჩევს, დანარჩენ შვიდ წევრს კი კვალიფიციური პარტიები. იმავე პრინციპით აკომპლექტებს ცესკო საოლქო კომისიას. არსებული პრაქტიკით, ოლქებში უპირატესობა არ მიანიჭეს პირებს, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა ცესკომ სერტიფიკატით დაუდასტურა, სპეციალური გამოცდის ჩაბარების შემდეგ. დანიშნეს ისეთი პირები, ვისაც არ ჰქონდა მსგავსი სერტიფიკატი.

დამკვირვებელი ორგანიზაციები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობის მიზეზად ცესკოს და საოლქო კომისიის მიერ საარჩევნო მოხელეების პოლიტიკური სიმპათიების საფუძველზე შერჩევას ასახელებენ. მათი მოსაზრებით, სწორედ ამიტომ არა აქვს შედეგი სასწავლო ცენტრის არსებობას და ამიტომაც ვერ ახერხებს ცესკო მოხელეთა მომზადებას.

ცესკო საოლქო კომისიებს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებით რომ აკომპლექტებს, ამაზე „ბათუმელებმა“ არჩევნებამდეც დაწერა:

ბათუმის #79 საოლქო კომისიას ხელმძღვანელობს ცესკოს მიერ შერჩეული პირი ციალა შავაძე, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. სამი ახალი წევრი ჰყავს ქედის #80 საოლქო-საარჩევნო კომისიასაც. „ბათუმელებმა“ ასევე დაადასტურა ორი მათგანის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი. თემურ ბერიძე წინა არჩევნებში ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, ირინა ბერიძე კი მმართველ კოალიციაში შემავალ „ეროვნულ ფორუმს“. ახალი თავმჯდომარე ჰყავს შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიასაც. ამ თანამდებობაზე თამაზ ტაკიძე დათა ზოიძემ ჩაანაცვლა. წინა არჩევნებზე ის შუახევის ოლქში კოალიციაში შემავალ პარტია „მრეწველებს“ წარმოადგენდა. შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი წევრები გახდნენ გიორგი მაკარაძე და ნერიმან დიასამიძე. გიორგი მაკარაძე წინა არჩევნებზე ამავე ოლქში „რესპუბლიკელებს“ წარმოადგენდა, ხოლო ნერიმან დიასამიძე ოლქის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ორი ახალი წევრი ჰყავს ხულოს საარჩევნო ოლქსაც – თამარ ქამადაძე, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამავე ოლქის წევრი იყო კოალიციაში შემავალი „კონსერვატორებიდან.“

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო კომისიების მიერ საუბნო კომისიების წევრების შერჩევამდე ქობულეთში პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს სია. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო `ქართული ოცნების~ შტაბში შედგენილი იმ პირთა სია, რომლებიც ოლქს უბნებში კომისიის წევრებად უნდა შეერჩია. საოლქო კომისიამ ინფორმაცია უარყო, თუმცა კომისიის მიერ შერჩეული პირების სახელები და გვარები, წინასწარ გავრცელებულ სიაში არსებულ სახელებსა და გვარებს დაემთხვა. უმეტეს შემთხვევაში საუბნო კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იყო საოლქო კომისიის მიერ შერჩეული პირი ან „ქართული ოცნების~ წარმომადგენელი“. საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორი შემთხვევა ფიქსირდება, როცა საუბნო კომისიას სხვა პარტიის წარმომადგენელმა უხელმძღვანელა.

შეფასება

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ცესკოს კომპეტენციის განხილვა მაშინ დაიწყო, როცა ცესკომ დააყოვნა მონაცემების გამოქვეყნება „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე 8 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს მუშაობას ასე აფასებს: „ვერ ვიტყვი, რომ ცესკომ ძალიან გააჭიანურა შედეგების დათვლა. თითქმის სრული სურათი ძალიან მალე გვქონდა, თუმცა 10 ოქტომბერს იყო იმის განცდა, რომ რაღაც სხვა პროცენტები ითვლებოდა. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია კითხვები. საეჭვო იყო სწორედ ის მონაკვეთი, როდესაც წესით უნდა გამოთვლილიყო პროცენტი, მაგრამ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ რაიმე ხელოვნურ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. ზოგადად, ცესკოს ყველაზე ნაკლებად აქვს კომპეტენციის პრობლემა, თუმცა ქვედა დონის კომისიებში უფრო მეტი კითხვები რჩება კომპეტენციასთან დაკავშირებით. კითხვები ჩნდება ასევე მათ შერჩევასთან დაკავშირებითაც“.

ქობულეთი უწყვეტი წყალმომარაგების გარეშე

ქალაქი ქობულეთი 60 ლიტრი სატრანსფორმატორო ზეთის გამო უწყვეტი წყალმომარაგების გარშეა დარჩენილი. შპს „ქობულეთის წყალის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ 8 ჭაბურღილიდან ამჟამად მუშაობს მხოლოდ 2, რაც „ვერ უზრუნველყოფს ქალაქს სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებით“.

„ქობულეთის წყალი“-ს სათავე ნაგებობაზე გაგვაჩნია 8 ერთეული ჭაბურღილი, რომელზეც დამონტაჟებულია 120 კუბ. მ. ტუმბო, რომელზეც დამოტაჟებულია 32 კილოვატიანი ელექტრო ძრავები. აღნიშნულ ძრავებს ელ. ენერგია მიეწოდება 2 ძალოვანი 250 კვა 10/04 სიმძლავრის ტრანსფორმატორით, რომელთაგან ერთ-ერთი 2016 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა მწყობრიდან და სასწრაფოდ საჭიროებს ზეთის დამატებას“ – ამ შინაარსის წერილით კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს 20 ოქტომბერს მიმართა და 60 ლიტრი სატრანსფორმატორო ზეთის, ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის ნებართვა ითხოვა.

„ქობულეთის წყალი“ აცხადებს, რომ ტრანსფორმატორი შემოწმებული იყო შესაბამისი კომპეტენტური ლაბორატორიის მიერ, რითაც დადგინდა რომ იმ დროისათვის ტრანფორმატორი იყო გამართული და მუშაობდა ნორმალურად, აქედან გამომდინარე ვერ განსაზღვრავდნენ აღნიშნულ პრობლებას: „2016 წლის 13 ოქტომბერს, შევადგინეთ დეფექტური აქტი, მოვიძიეთ სავარაუდო მიმწოდებელი, რომელმაც წარმოგვიდგინა ინვოისი და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოგვაწვდის ტრანსფორმატორის ზეთს 1-2 დღის განმავლობაში“.

სააგენტოს პასუხის ვადა დღეს ეწურება. თანხმობის შემთხვევაში „ქობულეთის წყალი“ 60 ლიტრ სატრანსფორმატორო ზეთს 360 ლარად შეისყიდის.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და იარაღით გატაცება

ზაზა თავაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 20 ოქტომბერს აირჩიეს ამავე სასამართლოს მოსამართლეებმა. მის თავმჯდომარედ დანიშვნას რვა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დანიშნა. სწორედ მაშინ გადასცა მას სახელმწიფომ საკუთრებაში ბინა ბათუმში, რომელიც თავმჯდომარეობამდე 5 თვით ადრე, 2016 წლის მაისში 250 000 დოლარად გაყიდა.

ზაზა თავაძის კარიერა

ზაზა თავაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს 41 წლის თავმჯდომარე ზესტაფონში დაიბადა. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 2007 წელს, როცა ის გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.

მოსამართლეობამდე, 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ზაზა თავაძე უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს გაამწესა. თავმჯდომარედ დანიშვნამდე ის გიორგი პაპუაშვილის მოადგილე იყო.

ზაზა თავაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უძღოდა წინ – ის იმ ხუთ მოსამართლეთაგან ერთ-ერთია, რომლებმაც 2016 წლის 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს ზოგიერთი საქმის, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმის „დაჩქარებული ტემპით“ განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ზაზა თავაძემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათთვის „ყველა საქმე ერთი და იგივეა“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს და ევროსასამართლოს პრაქტიკას იშველიებს. „სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმი. მაგალითად, იმ საქმეებს, რომლებზეც ადამიანები ციხეში სხედან, სტრასბურგი უფრო დაჩქარებული ტემპით განიხილავს“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„ისეთი ტიპის საქმე, როგორიც არის კაბელების საქმე, როდესაც ადამიანები ციხეში სხედან, სადაც, საზოგადოებაში არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაცია უფრო ძლიერია, საკონსტიტუციო სასამართლოს უფრო სწრაფად რომ განეხილა, არ მოვიდოდა წინააღმდეგობაში სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ჩემი აზრით, ასეც უნდა მომხდარიყო. ის ხელოვნური შეფერხებები, რაც ჩნდებოდა სასამართლოში და რომელშიც მონაწილეობდა თავაძე, ძალიან ცუდად მოქმედებდა სასამართლოს იმიჯზე“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა თავმჯდომარის არჩევის დროს რატომ მიანიჭეს უპირატესობა ზაზა თავაძეს და არა, ვთქვათ, მის კონკურენტ ირინა იმერლიშვილს. „თავის დროზე რა დამსახურებების და რა ნიშნის გამო გახდა ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ახლა რა მონაცემებზე დაყრდნობით იქნა არჩეული, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს ინტერესი“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2020 წლის 30 მარტამდე იქნება. მას, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს, იმუნიტეტი დაიცავს.

ზაზა თავაძის ქონება

პირველი ქონება, რომელიც 2007 წელს ზაზა თავაძემ თავის ქონებრივ დეკლარაციაში ასახა, არის ბინა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, რომელიც მომავალ მოსამართლეს 50 ათას ლარად აქვს შეფასებული. ეს ბინა ზაზა თავაძემ 2011 წელს გაყიდა 37 000 დოლარად.

ზაზა თავაძეს ქონებრივ დეკლარაციაში 250 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე გამოჩნდა 2009 წელს. ეს ქონება მოსამართლის მეუღლის, თეა ძოწენიძის სახელზეა რეგისტრირებული. არც ამ წლის და არც სხვა წლების ქონებრივ დელარაციაში არსად ჩანს, რომ მოსამართლის მეუღლე მუშაობს. მას არც რაიმე სახის შემოსავალი აქვს ხელფასის სახით მიღებული. მართალია, 2009 წლის დეკლარაციის ჩანაწერით, თეა ძოწენიძე 25%-ს ფლობს რესტორან „ევრაზიაში“, თუმცა, ეს ჩანაწერი შემდეგი წლების დეკლარაციაში აღარ გვხვდება. შესაბამისად, გაუგებარია, გაყიდა მოსამართლის მეუღლემ თავისი წილები ბიზნესში, თუ ჯერ კიდევ ფლობს. თავად ზაზა თავაძე იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
მინისტრის მოადგილის რანგში მას ხელფასისა და პრემიის სახით 82 116 ლარი მიუღია. აქედან 19 500 ლარი ხუთ ცეცხლსასროლ იარაღში აქვს გადახდილი.

მომდევნო წლის დეკლარაციაში, ზაზა თავაძის ქონებას არსებითი ცვლილება არ განუცდია, მის ოჯახს ისევ ორი ბინა აქვს საკუთრებაში. შემდეგ წელს, ბათუმში ჩამოსვლის, ანუ მოსამართლედ დანიშვნის ეტაპზე, მას ქონების სახით ერთი ბინა დაემატა – ბათუმის ბულვარის შესასვლელთან, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის #1-ში მოსამართლეს 110 კვადრატულ მეტრი ფართობის ბინა სახელმწიფომ აჩუქა.

„ბათუმელების“ არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, ეს სწორედ ის ბინაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩამოართვა ასლან აბაშიძის ქალიშვილს – დიანა აბაშიძეს. 2016 წლის მაისში, ზაზა თავაძემ სახელმწიფოსგან ნაჩუქარი ბინა და ასევე, იგივე მისამართზე არსებული სხვენი, რომელიც 2012 წელს თავად უყიდია მოსამართლეს, 250 000 დოლარად გაყიდა. ბინის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია და შემოსავლები სასამართლოს თავმჯდომარეს ასახული აქვს მიმდინარე წლის დასაწყისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში.

ზაზა თავაძე, მისი წინამორბედი თავმჯდომარის – გიორგი პაპუაშვილისგან განსხვავებით, ჩამორთმეულ ბინასთან დაკავშირებულ სკანდალში არასოდეს გახვეულა. თუ გიორგი პაპუაშვილს [პაპუაშვილისთვის გადაცემული ბინა სახელმწიფომ მოქალაქე როლანდ ბლადაძეს ჩამოართვა] ბოლო წლებია ყოფილი მესაკუთრე ინტენსიურად თხოვს ქონების უკან დაბრუნებას და საპროტესტო აქციებსაც მართავს, ზაზა თავაძეს მსგავსი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მან, ასევე გიორგი პაპუაშვილისგან განსხვავებით, ბინის გაყიდვაც სკანდალის გარეშე მოახერხა [იგივეს აპირებდა გიორგი პაპუაშვილიც, მაგრამ მას საჯარო რეესტრმა ნასყიდობის ხელშეკრულების ცნობაზე უარი უთხრა და გასხვისების პროცესი დროებით შეაჩერა. გიორგი პაპუაშვილი თვლის, რომ რეესტრი უკანონოდ მოიქცა].

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბინების ახალი მფლობელი ბათუმში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ორი სხვა პირია. თუმცა, თავად თავმჯდომარეც ჯერ ისევ იგივე მისამართზეა რეგისტრირებული. შესაბამისად, უცნობია ზაზა თავაძე ქირაობს ყოფილ საკუთრებას, თუ რის საფუძველზე ინარჩუნებს რეგისტრაციას იგივე მისამართზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში „ბათუმელებს“ თავმჯდომარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადეს, რომ „ის საკუთარი სახსრებით აპირებს ბინის დაქირავებას ბათუმში“.

რაც შეეხება სხვა ქონებას – კიდევ ერთი, 122 კვადრატული მეტრი ბინა, რომელიც ასევე 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ზაზა თავაძეს ასახული, მდებარეობს თბილისში თ. მაყაშვილის ქუჩაზე. ამ ბინაში მოსამართლეს 131 000 ამერიკულ დოლარი გადაუხდია. შემდეგი წლების დეკლარაციაში ზაზა თავაძეს ამ ბინის გაყიდვის შესახებ არაფერი უწერია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ზაზა თავაძეს ეს ბინა გაუსხვისებია ვინმე თამრიკო ძოწენიძეზე. არის თუ არა ეს უკანასკნელი მოსამართლის მეუღლის ოჯახის წევრი, „ბათუმელებს“ არ გაურკვევია.

იგივე მისამართზე, ოღონდ ამჯერად სხვა ნომერში, ზაზა თავაძის ცოლმა, თეა ძოწენიძემ კიდევ ერთი – 125 კვადრატული მეტრი ბინა წელს, მარტში იყიდა 140 000 დოლარად.

ზაზა თავაძის ცეცხლსასროლი იარაღები

თავისი შემოსავლიდან 19 500 ლარი ზაზა თავაძეს 2009 წელს ცეცხლსასროლ იარაღებში, მათ შორის სნაიპერულ შაშხანაში აქვს გადახდილი. ოთხი წლის შემდეგ ზაზა თავაძემ თავისი ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი გადაცვალა გაცილებით ძვირადღირებულ ერთ სანადირო თოფში [James Purdey and sons], რომლის ფასიც, როგორც თავად ზაზა თავაძე წერს, არის 25 000 დოლარი. კიდევ ერთი იარაღი [karabini-Sig Sauer 716 Patrol] 10 000 ლარად ზაზა თავაძეს შარშან უყიდია.
zaza tavadze

შემოსავლები და ბანკის ვალები

ზაზა თავაძეს ბოლო 10 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით, ჯამურად, 750 687 ლარი აქვს მიღებული.

2015 წლის მდგომარეობით ზაზა თავაძე იხდის სესხს, რომელიც საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პერიოდში აქვს აღებული. სესხის ოდენობა არის 180 000 ლარი და 100 000 დოლარი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მეუღლეს, თეონა ძოწენიძეს კი პირიქით – „პროკრედიტ ბანკში“, მიმდინარე ანაბარზე 180 000 ამერიკული დოლარი აქვს. მოსამართლის მეუღლეს ასევე ნაღდი ფულის სახით ფლობს 150 000 ამერიკულ დოლარს. მიმდინარე OFFSET-ის სადებეტო ანგარიშზე 27 000 დოლარი აქვს თავად ზაზა თავაძესაც.

ზაზა თავაძეს, როგორც თავმჯდომარის მოადგილეს, ხელფასის სახით გასულ წელს 120 552 ლარი აქვს მიღებული.

ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანია დაშავებული.

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები გადაყვანილნი არიან ქობულეთის საავადმყოფოში და მათ ამ დროისთვის ოპერაცია უტარდებათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს. ნათია კაპანაძეს ბორდის ოთხი წევრიდან მხარი სამმა დაუჭირა, ერთი ხმა კი გაბათილდა.

დირექტორობის კანდიდატებს კენჭი მეორედ უყარეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველი კენჭიყრით დღეს ვერ აირჩიეს.  

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველი კენჭიყრით ვერ აირჩიეს.  კენჭისყრა  აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.  პირველი კენჭისყრის შედეგად მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ვერ აირჩია. ოთხი ხმიდან, ორი ხმა ნათია კაპანაძემ მიიღო, ერთი ხმა  გიორგი მოისწრაფიშვილმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

დირექტორობის  კანდიდატებთან გასაუბრება  გუშინ და დღეს, 23-24 ოქტომბერს მიმდინარეობდა.  ტელევიზისა და რადიოს დირექტორს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ირჩევს. საბჭოში ამჟამად სულ ოთხი წევრია.

ნახევარ საათში გადაწყდება, კენჭისყრის განმეორებითი პროცედურა დღეს გაიმართება თუ უახლოეს დღეებში. ამჯერად, კონკურსში მხოლოდ ორი კანდიდატი: ნათია კაპანაძე და გიორგი მოისწრაფიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.  დირექტორის ასარჩევად სამი ხმაა საჭირო.

კონკურსში სულ შვიდი კანდიდატი მონაწილეობდა, სამი კანდიდატი  – თამილა დოლიძე, გიორგი გიორგაძე და თემურ დიასამიძე კი,  კონკურსს, დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო გამოეთიშნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა კონკურსში შემდეგი პირები მონაწილეობდნენ:

  1. სოსო სტურუა – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი დირექტორი;
  2. გიორგი მოისწრაფიშვილი- საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი;
  3. ვლადიმერ ჭელიძე – ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “იბერია და იბერიელების” წამყვანი;
  4. დავით ჩხარტიშვილი – ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  5. ფირუზ ბოლქვაძე – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  6. დავით დიასამიძე – რეჟისორი;
  7. ნათია კაპანაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მენეჯერი, მედიაექსპერტი.

ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

ქედის გამგეობის ინფორმაციით, ერთი საათის წინ, სოფელ ცხმორისში, მდინარე აჭარისწყალში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა. ორი მგზავრი დაიღუპა, ერთი მათგანის მდინარიდან ამოყვანა კი მაშველებმა შეძლეს და ახლა იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველოს და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მდინარიდან ამოტანილია ჯიპის მარკის ავტომობილიც. დაღუპულები გადაყვანილი არიან პროზექტურაში.

შსს ინფორმაციით,  გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ოჯახის უმცროსი წევრი სტუდენტია, საარსებო შემწეობა წელს, იანვარში მოუხსნეს.

გულვარდი ოთხ შვილთან ერთად სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მას ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხრა წლის წინ დაეღუპა. სახლში კარ-ფანჯარა მხოლოდ რამდენიმე ოთახშია. კარებს სხვადასხვა ზომის ხის ძელები აქვს მიკრული.

„შემამოწმონ რა მაქვს, რა გამაჩნია, ერთი ძროხითა და 1000 კვადრატული მიწის ნაკვეთით თავს ვინმე ირჩენს?! სოფელში ყველა გაჭირვებულია, ვინმე თუა დასაქმებული, მხოლოდ პედაგოგია და სოფლის გამგებლები. აქ პენსია ოჯახის შემოსავლად ითვლება, მაგრამ მე არც საპენსიო ასაკი მაქვს, 55 წლის ვარ“, –  გვიყვება გულვარდი მიქელაძე.

შეუბათქაშებელ ოთახში ერთ მხარეს საწოლი და შეშის ღუმელი დგას, მეორე მხარეს – სავარძლებია, მათ შორის კი პატარა მაგიდა და ორი სკამი. საწოლის ზემოთ ხის თაროზე პატარა ტელევიზორია, იატაკს ძველი ლინოლეუმი აფარია, რომელსაც სიცივისგან თავის დასაცავად ძველი, თხელი ხალიჩა აქვს დაფარებული – ეს ცეცხლაძეების მისაღები ოთახია. ოჯახს არც აბაზანა აქვს, სარეცხსა თუ ჭურჭელს გულვარდი წვიმასა და ქარში ეზოში რეცხავს.

„საარსებო შემწეობა ბოლოს გასული წლის დეკემბერში ავიღე. დახმარება იმის გამო მომიხსნეს, რომ ჩემი შვილი თურქეთში გადავიდა სამუშაოდ. არ ვიცოდი  სააგენტოსთვის თუ უნდა მეცნობებინა. არავის უკითხვას იქ რატომ წავიდა, რა პირობებში მუშაობდა. ყველა გაჭირვებული იქ მიდის, თორემ დალხენილი იქ არ წავა სამუშაოდ. როცა დახმარება მომიხსნეს, ვითხოვე მოსულიყვნენ და ხელახლა გადაემოწმებინათ. გადაგვამოწმეს და 103 000-მდე გამიზარდეს ქულა. როცა დახმარებას ვიღებდი, 48 000 ქულა გვქონდა. მას შემდეგ არაფერი შემიძენია, ისევ იმ ორ ოთახში ვცხოვრობთ, სადაც მანამდე ვცხოვრობდით“, – ამბობს გულვარდი.

დიასახლისი ამბობს, რომ მწყობრიდან გამოსული იატაკის შესაკეთებლად სამასალე მერქნის გამოყოფა გამგეობას წერილობით სთხოვა, რაზეც ნებართვა ვერ მიიღო, შესაბამისად, ოჯახი ზამთარს ისევ შესაკეთებელი იატაკითა და ძელებით მიფარებული კარ-ფანჯრებით შეხვდება.

ცხრა წლის წინ ოჯახმა წლების განმავლობაში დაგროვებული თანხით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ბინა იყიდა. თუმცა, ბინის ყიდვიდან რამდენიმე წლის შემდეგ საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა იქ არსებული შვიდივე ბინა გაანადგურდა. გულვარდი ამბობს, რომ კომპენსაცია, რაც სახელმწიფომ როგორც დაზარალებულ ოჯახს ჩაურიცხა, შვილის მკურნალობას მოახმარა.

გულვარდი მიქელაძე
გულვარდი მიქელაძე

„იმ სახლიდან მხოლოდ საფუძველი დარჩა. უმცროსი შვილი გოჩა ახლა მესამე კურსის სტუდენტია, საზღვაო აკადემიაში სწავლობს. სტუდენტი რომ გახდა, ბათუმში დასარჩენი არსად გვქონდა და ნათესავმა ერთოთახიანი ბარაკის ტიპის სახლი დროებით დაუთმო, ისიც მოუწესრიგებელი ოთახი იყო. იქ ცხოვრობდა ჩემი შვილი და იქედან სასწავლებელში ფეხით დადიოდა, სახლში სიცივე, გარეთაც სიცივე და ავად გახდა, დაჩრდილვა მიიღო და ორი წელი ვუმკურნალე, თბილისში დამყავდა. კომპენსაცია, 4 000 ლარი, რაც მთავრობამ ჩამირიცხა, გოჩას მკურნალობას არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს მამა არ ჰყავდა, სწავლის გადასახადი არც სასწავლებელმა დაუფინანსა და არც ხულოს გამგეობამ. გამგეობაში მითხრეს, რადგან სკოლა აქ არ დაუმთავრებია, ვერ დავაფინანსებთო. დამამთავრებელი კლასები გოჩამ ბათუმში ისწავლა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობთ, ბოლო ორი წელი ბათუმში გადავიყვანე სასწავლებლად, ყურან-კურსში (მუსლიმური პანსიონი)  დადიოდა და ხოფაზე სკოლაში სწავლობდა“.

უფულობამ გოჩას ხელი შეუშალა გამოეყენებინა შანსი და მესამე კურსზე პრაქტიკის მიზნით ნაოსნობაში წასულიყო – დოკუმენტები დედის ძმის დახმარებით შეაგროვა, მაგრამ საჭირო თანხის (500 დოლარი) შეგროვება ვეღარ შეძლო.

„გოჩა პრაქტიკით გემზე უნდა წასულიყო, საბუთებისთვის საჭირო თანხა ჩემმა ძმამ მისცა, პედაგოგია, მეზობელ სოფელში ასწავლის, მოიკლო და ჩემს შვილს აჩუქა, ცხოვრება რომ აეწყო. საბუთები გააკეთა და ჩასარიცხი თანხა ვეღარ ვნახეთ, საბუთები დაგვრჩა გაკეთებული. უფროსმა შვილმა, რომელიც თურქეთში იყო წასული, იმდენი ვერ იმუშავა, რომ გოჩას ყოფნოდა, თვითონ გოჩაც თურქეთში გადავიდა თანხის დასაგროვებლად, მაგრამ რამდენიმე დღეში დაურეკეს გემი გადისო და ვეღარ წავიდა“, – გვიყვება გულვარდი.

რას შეცვლის ლიდერი დირექტორი სკოლაში

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, სკოლის დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ. პროექტი – „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“  სამწლიანია და სამი მოდულისგან შედგება: 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები, ეფექტური დირექტორი  –  თეორიიდან პრაქტიკისკენ და დირექტორი როგორც მენეჯერი, ადამიანური რესურსები, დროის მენეჯმენტი და სამართლებრივი საკითხები. კურსი 14-მილიონიანი პროექტის ფარგლებში ტარდება. აძლევს თუ არა დღევანდელი სკოლა დირექტორს ლიდერობის შესაძლებლობებს? ამ თემაზე „ბათუმელებს“ მე-13 საჯარო სკოლის ტრენერი დირექტორი, დათო ჩხაიძე ესაუბრა.

ბატონო დათო, რა მოეთხოვება ლიდერ დირექტორს და სკოლებში დღეს არსებული მდგომარეობა თუ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თეორიული უნარები პრაქტიკაში ეფექტურად განახორციელოს?

ერთი-ორი სიტყვით ამის ჩამოყალიბება რთული იქნება. წლების განმავლობაში სკოლაში ტრაფარეტული სასწავლო გეგმა დგებოდა, ამჯერად კი დირექტორმა სკოლის კონკრეტული საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. კონკრეტულ მახასიათებლებზე უნდა შეადგინოს სასწავლო გეგმა. ამას სჭირდება ბევრი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.  გარდა ამისა, თუკი წლების წინ დირექტორი არ ესწრებოდა გაკვეთილებს და არ ჰქონდა სასწავლო პროცესზე რეალური ინფორმაცია, დღეს უკვე დირექტორი ვერ იქნება წარმატებული და ლიდერი, თუკი მან არ იცის რა ხდება სკოლაში. თუ ადრე ყურადღება გამახვილებული იყო დირექტორზე, როგორც ფინანსურ მენეჯერზე, ახლა საუბარია იმაზე, რომ სკოლის დირექტორმა მენეჯერობის გარდა კარგად უნდა იცოდეს სასწავლო პროცესი და რაც მთავარია, უნდა იყოს ლიდერი. დღეს დირექტორი ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი დაკვირვების ფორმები და შეძლოს კომუნიკაცია მასწავლებელთან, მოსწავლესთან და ა.შ. წლების წინ ეს ფუნქციები ჰქონდათ სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელებს.

რას შეცვლის დირექტორის დასწრება საგაკვეთილო პროცესზე, თუკი მას არ შეუძლია არაკვალიფიციური მასწავლებლის სკოლიდან დათხოვნა?

გაკვეთილზე დასწრების მიზანი არ არის მასწავლებლის შეფასება, მასწავლებლის კომპეტენცია ფასდება გამოცდებით. მთავარი არის ის, რომ დირექტორმა უნდა იცოდეს რა სჭირდება საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებას, რაში უნდა გაიხარჯოს სკოლის თანხები. თუ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის შესაძლებლობები არ არის გამოვლენილი, ესე იგი, მასწავლებლის მუშაობა არ არის სწორი. დირექტორი უნდა დაეხმაროს მასწავლებელს მიზნის მიღწევაში, მასწავლებელი კი მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში. ამის დასადგენად ბევრი ფორმა არსებობს, დირექტორს შეუძლია პრობლემები მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად განიხილოს და ასეთი საკითხები მოაგვაროს.

 საგნობრივი გამოცდების შედეგების მიხედვით, მასწავლებლების დიდი ნაწილი ვერ აბარებს იმ საგანში გამოცდას, რომელსაც ასწავლის. თუკი დირექტორს არ აკმაყოფილებს პედაგოგის კომპეტენცია და არც აქვს სამართლებრივი ბერკეტი მისი სკოლიდან გაშვების, როგორ უნდა გახდეს დირექტორი ლიდერი ან წარმატებული?

როგორ არ აქვს ბერკეტი? სწორედ ამისთვის არის საჭირო სასწავლო პროცესის დაკვირვება. თუკი პედაგოგი რაღაცას ვერ აკეთებს, აცდენს გაკვეთილებს, სისტემატურად არღვევს შინაგანაწესს, მიეცემა გაფრთხილება ერთხელ, ორჯერ და შემდეგ მისი საკითხი განიხილება პედსაბჭოზე. შემდეგ მიიღებს დირექტორი გადაწყვეტილებას. 5-6 მასწავლებელია ამ მიზეზებით გათავისუფლებული სხვადასხვა სკოლიდან.

 თქვენ ამბობთ, რომ ტრენინგების მთავარი მიზანი არის სკოლა გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს, რომ საკლასო ოთახში არ უნდა იყოს 25-ზე მეტი მოსწავლე. ამის თაობაზე პედაგოგებსაც აქვთ პრეტენზია  ამბობენ, რომ კლასში, სადაც 40 მოსწავლე ზის, გაკვეთილი ვერ იქნება ყველა ბავშვზე ორიენტირებული. შეძლებს ლიდერი დირექტორი ამ პრობლემის მოგვარებას და როგორ?

ძალიან კარგად მიწვდება ყველა ბავშვს. არის ამის უამრავი მეთოდი, კონკრეტული მაგალითები და სწავლობენ, თუ როგორ უნდა ჩაატარო ასეთ გარემოში გაკვეთილები.  ზუსტად ამას ასწავლის ეს სამივე მოდული – გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოსწავლის თავისუბურება, აღქმის უნარები და გაკვეთილი დაიგეგმოს ამის მიხედვით. მასწავლებლების ნაწილმა თანამედროვე მიდგომები ნაკლებად იცის, თუმცა მერწმუნეთ, სისტემატური ტრენინგები იძლევა ეფექტს. ცვლილებები სწრაფად არ იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში შედეგი ექნება. ჩვენ გვახსოვს სკოლა, როცა მასწავლებელი ხელკეტებით შედიოდა გაკვეთილზე და ურტყამდა მოსწავლეებს, იყო ლანძაღვა და გინება. ეს ნამდვილად აღარ არის.

თუმცა, გაჩნდა გულგრილობა. მოსწავლეებისგან არაერთხელ მსმენია, რომ მასწავლებელი გაკვეთილს ახსნის და არ აინტერესებს გაიგე თუ არა.

ამ შემთხვევაში, მთავარია, მასწავლებელს ხელი შევუწყოთ, რადგან სკოლაში ისედაც პრობლემაა მასწავლებლების მიყვანა – არ არიან იმდენი, რამდენიც საჭიროა. ერთ-ერთი სკოლისთვის ვეძებდით მათემატიკის მასწავლებელს და ვერ ვიპოვეთ. ახალგაზრდებს კი საერთოდ არ უნდათ სკოლაში შესვლა.

 სოციალურ ქსელებში პირიქით ამბობენ, ბევრი მასწავლებელი წერს, რომ მუშაობას ვერ იწყებს კვალიფიკაციის მიუხედავად, რადგან ვაკანსია, ფაქტობრივად, არ არის.

ჩემს სკოლაში ახლა მივიღეთ ხუთი ახალგაზრდა მასწავლებელი. ბევრი პირველკლასელი მოვიდა და საჭირო გახდა კლასის დამატება. პროექტი მოვიგეთ, რომლის ფარგლებშიც ავიყვანეთ სამი სპეციალური მასწავლებელი, ერთი ხელოვნების პედაგოგი და ფსიქოლოგი. სწორედ ამიტომ არის საჭირო დირექტორის დასწრება გაკვეთილებზე, რომ ზუსტად განსაზღვროს, რითი შეიძლება დაეხმაროს მასწავლებელს.

აჭარაში ტურისტების რაოდენობა 11,34 პროცენტით გაიზარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის რვა თვის მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა აჭარაში 11, 34 პროცენტით არის  გაზრდილი. „რაც 227, 342 უცხოელ ტურისტს გულისხმობს“.

„საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 9 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 76,55% გაიზარდა, რაც 114 169 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს“-ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ოფიციალური წყაროს ცნობით, გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 30 468 ვიზიტორი შემოვიდა. „ციფრი 7,5 -ჯერ აღემატება (23 230) გასულ წლის ანალოგიურ პერიოდს და მათი ძირითადი ნაწილი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.

ლიდერობს ისრაელიც, საიდანაც ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 371% -ით გაიზარდა (23 236). მათი დიდი უმრავლესობა კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა (22 803).

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეგიონში 76%-ითაა(3270) გაზრდილი საუდის არაბეთიდან  და  279% ით(1483) არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან“.

 

ლაზერული ეპილაცია სამმაგი ეფექტით, 30%-იანი ფასდაკლებით

რატომ უნდა ეწვიოთ  „სოფიეს“

ბათუმი, ფიროსმანის #1ა – თუ თმის შეჭრა, კანის მოვლა ან ეპილაციის გაკეთება გადაწყვიტეთ და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიღება გსურთ შეღავათიანა ფასად, ეს მისამართი აუცლებლად უნდა დაიმახსოვროთ. სწორედ აქ მდებარეობს სილამაზის სალონი „სოფიე”, სადაც თქვენს გარეგნობაზე, ჯანმრთელობასა და განწყობაზე პროფესიონალები იზრუნებენ.

ლაზერული ეპილაცია, სახის მოვლა, ნიღბები, მანიკური, პედიკური, თმის შეჭრა, საქორწინო ვარცხნილობა, მაკიაჟი – „სოფიე” ყველა იმ სერვისს გთავაზობთ, რაც თავს განსაკუთრებით მომხიბვლელად გაგრძნობინებთ. შემოდგომის სუსხიან დღეებში კი, როცა სითბო და კარგი გარემო განსაკუთრებით გვჭირდება, „სოფიეში” 30 %-იანი, საშემოდგომო ფასდაკლება გელით:

  •  ლაზერული ეპილაცია – „ALMA LAZER SOPRANO PLATINUM“  – სამი ლაზერული სხივის (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი) ერთდროული მოქმედება, რომელიც იდეალურად გლუვი და ჯამრთელი კანის გარანტიაა.
  • სახის მოვლა – წმენდა, პილინგი, ნიღბები – ფრანგული ბრენდის „სოსკინ“- ის უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.

სილამაზის სალონ „სოფიეში” შეხვალთ თუ არა, პირველ რიგში თქვენს ყურადღებას კედელზე გამოფენილი სერტიფიკატები მიიქცევს, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენს გარეგნობაზე პროფესიონალები იზრუნებენ.
ეპილაციას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის პრობლემური თემაა, „სოფიეში“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ ეპილაციას სალონში უახლესი, 2016 წელს გამოშვებული აპარატით – „სოპრანო აის პლატინიუმით“ აკეთებენ, რომელიც აჭარაში ერთადერთია.

ლაზერული ეპილაზია ALMA LAZER SOPRANO PLATINUM - ით
ლაზერული ეპილაზია ALMA LAZER SOPRANO PLATINUM-ით

„ეპილაციის პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და ძალიან შედეგიანი, იქედან გამომდინარე, რომ აპარატი ერთდროულად სამი სხივით მუშაობს: ალექსანდრიტით, დიოდითა და ნეოდიუმით, შედეგად კი ვიღებთ სრულყოფილ ეფექტს, ჯანმრთელ და სუფთა კანს შავი წერტილების, გაუხეშებული თმის ძირების ნარჩენების გარეშე“ – განმარტავს ,,სოფიეს“ ეპილაციის სპეციალისტი ეკატერინე ცქიტიშვილი.

ეკატერინე ცქიტიშვილი და სოფიო აჟიბა
ეკატერინე ცქიტიშვილი და სოფიო აჟიბა

შემოდგომაზე ტემპერატურის ცვლილება პირველ რიგში სახის კანზე აისახება, ამიტომ კანის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „სოფიეში” თქვენი სახის კანის სიჯანსაღესა და გაახალგაზრდავებაზე საუკეთესო, ფრანგული კოსმეტიკით იზრუნებენ.

სტერილიზაციის აპარატი სალონში - აქ გარდა თქვენი სილამაზისა ზრუნავენ იმაზეც, რომ ყველა პროცედურა იყოს უსაფრთხო
სტერილიზაციის აპარატი სალონში – აქ გარდა თქვენი სილამაზისა ზრუნავენ იმაზეც, რომ ყველა პროცედურა იყოს უსაფრთხო

„ ჩვენ ვმუშაობთ ფრანგული კოსმეტიკური კომპანიის, „სოსკინის“ პროდუქციით. სხვადასხვა პროცედურას ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს, ესაა გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, პილინგი, ნიღბები, მათ შორის ე.წ. „ოქროს ნიღაბი” რომელიც კანს ელასტურობასა და ჯანსაღ ფერს სძენს, სახის გაწმენდა აპარატით და ასე შემდეგ. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია არის იმის გარანტია, რომ კანი პროცედურის დასრულებისთანავე იძენს ახალ სიცოცხლეს, ქრება სიწითლე კანზე და პაციენტი ჯანმრთელი კანით გადის სალონიდან” – ამბობს „სოფიეს” კოსმეტოლოგი ნინო ცეცხლაძე.

უმაღლესი ხარისხის პროდუქცია არის იმის გარანტია, რომ კანი პროცედურის დასრულებისთანავე იძენს ახალ სიცოცხლეს, ქრება სიწითლე კანზე და პაციენტი ჯანმრთელი კანით გადის სალონიდან
უმაღლესი ხარისხის პროდუქცია არის იმის გარანტია, რომ კანი პროცედურის დასრულებისთანავე იძენს ახალ სიცოცხლეს, ქრება სიწითლე კანზე და პაციენტი ჯანმრთელი კანით გადის სალონიდან.

მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, „სოფიე” ინტერიერითაც დაგამახსოვრებთ თავს. აქ ყველაფერი იმაზეა მორგებული, რომ თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. სალონის დამფუძნებელი, სოფიო აჟიბა ამბობს, რომ მათი მიზანიც სწორედ ეს იყო: „გვინდოდა შეგვექმნა განსხვავებული გარემო, რომელიც იქნებოდა უფრო მყუდრო და თბილი, სახლივით, ამიტომ ავირჩიეთ ვინტაჟის სტილი, რომელიც უფრო კომფორტულია”.

მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, „სოფიე” ინტერიერითაც დაგამახსოვრებთ თავს.
მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, „სოფიე” ინტერიერითაც დაგამახსოვრებთ თავს.

სოფიო პროფესიით პედაგოგია. სილამაზის სალონის გახსნა მისი ოცნება იყო, ამიტომაც „სოფიეს“ გახსნაზე და საუკეთესო პირობების შექმნაზე ბევრი იზრუნა: „მინდა, რომ ჩვენ ქალაქში ქალები იყვნენ უფრო ლამაზები და მიმზიდველები, საამისოდ კი მათ კომფორტულ პირობებს, მაღალი ხარისხის მომსახურებას და შეღავათიან ფასებს ვთავაზობთ”.

მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, „სოფიე” ინტერიერითაც დაგამახსოვრებთ თავს.
მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, „სოფიე” ინტერიერითაც დაგამახსოვრებთ თავს.

უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება? ისარგებლეთ საშემოდგომო, 30 პროცენტიანი ფასდაკლებით, დარეკეთ და ჩაეწერეთ: 555-00-10-90 & (422) 24-24-49.

,,სოფიე“ იზრუნებს თქვენს სილამაზეზე!

logo

 

“იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

კომპანიის სახელწოდება, რომელსაც ბათუმის მერია ეძებს, არის „კონვენტ ჯორჯია“. ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ მან მოიგო ბათუმის მერიიის მიერ გამოცხადებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის ტენდერი. კომპანიამ არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. მშენებლობაზე დასაქმებული პირები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათ ხუთი თვის ხელფასი აქვთ ასაღები, რაც დაახლოებით 18 ათასი ლარია. ბათუმის მერიას ამ კომპანიისთვის 1 894 785 ლარი აქვს გადახდილი.

ბათუმის მერიამ კომპანია  „კონვენტ ჯორჯიას“ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაუკვეთა, რისთვისაც 4 მილიონ 279 ათას 990 ლარის გადახდას აპირებდა. მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების შესასყიდად, მერიას ასევე დამატებით გადახდილი აქვს 251 000 ათასი ლარი. ამის მიუხედავად, კომპანიას მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვისაც კი არ გადაუხდია ხელფასი.

ინდმეწარმე ბეჟან გუნდაძე, რომელიც ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე,  „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [ე. წ. „იაფი სახლი“] მშენებლობაზე მუშაობდა, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას,  „კონვენტ ჯორჯიას“  24 თებერვლის შემდეგ სამშენებლო მასალები არ მიუწოდებია.  „ჩვენ მაინც ვაგრძელებდით მშენებლობას, მოგვქონდა მაღაზიებიდან საქონელი და ვმუშაობდით. ღამის სამ საათამდე მიდიოდა საძირკვლის დასხმა და სხვა სამუშაოები. ჯერ გვეუბნებოდნენ  –  „გვადროვეთ, ბანკიდან გამოგვაქვს თანხა და მოგცემთო“. ასე გავიდა სამი თვე. ბოლოს კომპანიის წარმომადგენლები ტელეფონზეც აღარ გვპასუხობდნენ“, –  გვეუბნება ბეჟან გუნდაძე.

„ბეჟან, მოგვიანებით დამირეკე“, –  ამ შინაარსის ტექსტური შეტყობინება მან  „კონვენტ ჯორჯიას“  წარმომადგენელ ირაკლი ხარაძისგან რამდენიმე თვის წინ მიიღო. ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები არც მშენებელს დაკავშირებიან და არც მუშების ხელფასების დავალიანება დაუფარავთ.

„ჩვენ ვითხოვთ ჩვენს ნაშრომს. მილიონ ლარზე მეტი აქვს წაღებული. ჩვენ ჩაბარებული გვაქვს „ფორმა 2“, რომელიც არის შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტი. ის ვალდებულია ჩვენი ნამუშევარი აგვინაზღაუროს“, –  გვეუბნებიან მშენებლობაზე დასაქმებული პირები.

„მინიმუმ ასი ათას ლარზე მეტი ექნება დავალიანება, რადგან ხელფასების გარდა არის მაღაზიების ვალიც, საიდანაც არმატურა, ბეტონი და სხვა მასალები მოგვქონდა“, –  უთხრეს „ბათუმელებს“ მუშებმა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არც ობიექტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის აქვს ხელფასი გადახდილი.

სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე პროექტის დამკვეთი მხარე, ანუ ბათუმის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზე პასუხისმგებელი ის კომპანიაა, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულება ჰქონდათ მუშებს გაფორმებული“.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით კი დავალიანების დაფარვა სასამართლოს გზით თუ შეიძლება: „პირველ რიგში ამ ადამიანებს კვალიფიციური იურისტის დახმარება ესაჭიროებათ. თუ აღნიშნულ კომპანიას აქვს ქონება, ან ანგარიშზე ერიცხება თანხა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ქონებიდან უნდა მოხდეს შრომითი დავალიანების ანაზღაურება. მანამდე კი მომჩივანმა მხარემ უნდა დააყადაღოს კომპანიის ქონება“.

კომპანიის წარმომადგენლებმა  „ბათუმელების“  სატელეფონო ზარებსაც არ უპასუხეს.

მშენებლობაზე დასაქმებული პირებისთვის „კონვენტ ჯორჯიას“ ხელფასები არ გადაუხდია.
მშენებლობაზე დასაქმებული პირებისთვის „კონვენტ ჯორჯიას“ ხელფასები არ გადაუხდია.

ბათუმის მერია გაუჩინარებულ კომპანიაზე

29 აგვისტოს, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“  მშენებლობა დროებით შეჩერდა, რადგან  „პრობლემა შექმნა იმან, რომ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს აღმოჩნდა 6 და 36 კილოვატიანი კაბელი… საჭირო დარჩა ამ კაბელის გადატანა“.

სამუშაოების შეჩერების მიზეზი ასე განმარტა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნუკრი ხინთიბიძემ, რომელმაც ამის თაობაზე „ბათუმელებს“ ორი თვის წინ განუცხადა. მისი თქმით,  „კონვერტ ჯორჯიას“  უცხოეთში უნდა შეესყიდა ე.წ.  „ქუროები“, რომლითაც კაბელებს გადატანის შემდეგ შეაერთებდნენ.

ნუკრი ხინთიბიძის ინფრომაციით, ეს პროცესი 15 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. 21 ოქტომბრისთვის მერიის იმავე სამსახურში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან კომპანიის წარმომადგენლები მიიმალნენ.

პრობლემა არ მოგვარებულა. იმის შემდეგ კონტაქტი საერთოდ არ გვქონია მაგ ფირმასთან. ყველა საშუალება მოვძებნეთ, რომ კონტაქტები აღგვედგინა კომპანიასთან, მაგრამ არ მოხერხდა მათთან დაკავშირება“, –  აცხადებს ნუკრი ხინთიბიძე.

ნუკრი ხინთიბიძე ასევე ამბობს, რომ მერიამ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეტყობინება გავაგზავნეთ იმ მისამართზე, სადაც კომპანია რეგისტრირებულია. გარდა ამისა, ინფორმაცია გადაგზავნილია შესყიდვების სააგენტოში და კომპანია გადავა შავ სიაში. ამის შემდეგ მერიის მიერ გადარიცხული თანხების უკანდაბრუნების პროცედურა ჩატარდება. ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რომ თავიდან გამოცხადდეს ტენდერი“,  – გვეუბნება ნუკრი ხინთიბიძე.

გადარიცხული 1 894 785 ლარიდან რამდენი ლარი უნდა დაუბრუნოს ბათუმს  „კონვენტ ჯორჯიამ“? –  ამ კითხვაზე მერიას, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება საგარანტიო წერილს, რომელიც აუცილებლად უნდა წარადგინოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ,  „კონვენტ ჯორჯიას“  საგარანტიო წერილი 213 999 ლარზე გაცემული აქვს  „პოინტ ბანკს“, რომელიც რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში. საგარანტიო წერილს ვადა აქვს 2017 წლის 30 მარტამდე.

ბათუმის მერიის ტენდერი

ბათუმის მერიამ ე.წ  „იაფი სახლის“  მშენებლობის შესახებ 2014 წელს განაცხადა. შენობისთვის ტერიტორია ჯავახიშვილის ქუჩაზე #78 ნომერში გამოიყო. მიმდინარე წლის აგვისტოში მერიამ „იაფი სახლის“  სახელმწოდება შეცვალა და მას  „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ დაარქვა.

ბათუმის მერიამ ხელშეკრულება  „ხელმისწავდომი საცხოვრისის“  მშენებლობაზე კომპანია „კონვენტ ჯორჯიასთან“  2015 წლის 15 დეკემბერს გააფორმა. ტენდერის თავდაპირველი ღირებულება იყო 4 430 000 ლარი. ტენდერში მონაწილე კომპანიამ სახლის აშენება ბათუმის მერიას 4 279 990 ლარად შესთავაზა. ხელშეკრულების მიხედვით  „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“  მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი სახლის საძირკველია ჩამოსხმული.

უკვე ყბადაღებული  „იაფი სახლის“  პროექტის განხორციელებას ბათუმის მერია უკვე წლებია, ანუ მას შემდეგ გეგმავს, რაც ქალაქის მერად გიორგი ერმაკოვი აირჩიეს. პროექტთან დაკავშირებით ბევრი ვნებათაღელვაც დაფიქსირებულა. არასამთავრობო სექტორი მუდმივად აკრიტიკებდა მერიის მიდგომას, მათ შორის იმ კრიტერიუმების თაობაზეც, რა ფორმითაც მოქალაქეებისთვის ბინების გადაცემა იგეგმებოდა. არასამთავრობო სექტორი მეტ გამჭვირვალობას ითხოვდა.

ბათუმის მერიის მიდგომას აქტიურად აკრიტიკებდა საკრებულოს წევრი, კობა ჩხეიძეც. კობა ჩხეიძე მაშინ ეჭვობდა, რომ ეს ჰგავდა ტენდერს, რომელიც საგანგებოდ ერთ კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული. საკრებულოს წევრს განსაკუთრებით ის აეჭვებდა, რომ მერია ხაზგასმით  ითხოვდა მონოლითური რკინა-ბეტონის სახლის აშენებას.

„მაეჭვებს ის გარემოება, რომ ბათუმის მერიამ უარი თქვა ტრადიციულ ბეტონის კონსტრუქციაზე, რომელიც ყველაზე აპრობირებული და ადაპტირებულია ბათუმთან. საკრებულოს სამი სხდომის განმავლობაში დაჟინებით ვითხოვდით მერიისგან განმარტებას, თუ რა ტიპის მშენებლობაზე იყო საუბარი და პროექტის ღირებულებას რატომ არ აცხადებდნენ. მაშინ მერიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჰქონდათ მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომელთა სახელებიც არ დაასახელეს. შემდეგ ითქვა, რომ პროექტს მთავრობა ჩუქნიდა ბათუმის მერიას. მე ვიცი აჭარის მთავრობის პროექტების შესახებ და ვითხოვდი ეთქვათ, რომელ პროექტზე იყო საუბარი, რადგან 61 კვადრატული ფართობის ბინები იაფი სახლის

ბენეფიციარებისთვის იქნება რთულად გამოსასყიდი. ასევე მაქვს კითხვა –  კრიტერიუმების მსჯელობის გარეშე, რატომ გაიტანეს პროექტი ტენდერზე? –  და მესამე კითხვა –  რატომ ეს ტექნოლოგია?“ –  აცხადებდა საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე 2015 წლის ოქტომბერში.

კონვენტ ჯორჯიას შესახებ

კომპანია  „კონვენტ ჯორჯია“  2014 წელს შპს  „კონვენტ აზერბაიჯანმა“  დააფუძნა. რეესტრის მონაცემებით მისი იურიდიული მისამართია ვაკე-საბურთალოს რაიონი, მცხეთის ქუჩა #28, მეორე სართული. აღნიშნულ მისამართზე მეორე სართულზე მხოლოდ ორი საცხოვრებელი ბინაა. ადგილზე მისულ  „ბათუმელებს“  არც ერთი ბინის კარები არ გაუღეს.

კონვენტ ჯორჯიას“  აღმასრულებელი დირექტორი დაფუძნების ეტაპზე იყო აზერბაიჯანის მოქალაქე ფაიგ ზამანოვი, მაგრამ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2014 წელს ამ თანამდებობაზე დაინიშნა ანარ ალექბეროვი –  ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც რეესტრის მიხედვით, ამ დრომდე კომპანიის დირექტორია. კომპანიამ რეესტრის 2016 წლის მარტსა და მაისში, ასევე, 17 ოქტომბერს მიმართა სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შესატანად, მაგრამ მისი არც ერთი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული სათანადო დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ხელმისაწვდომი საცხოვრისის“  მშენებლობა არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ავანსად 1 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა.

სასამართლოში დღემდე გრძელდება საქმე, სადაც დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ  შპს „ტონი და კომპანისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები  –  მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩაბარდა. ქალაქის ხელმძღვანელმა ორგანომ დარჩენილი თანხის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანის“ შორის ხელშეკრულება 2013 წელს გაფორმდა „ჟილინის არხის“  სარეაბილიტაციოდ. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ 108 ათასი ლარით განისაზღვრა.

ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულებების შემდეგ მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად შპს „ჰიდრომ“  გაიმარჯვა. ამ კომპანიამაც ვერ შეასრულა  ვალდებულებები, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, აქ უკვე მერიას წინასწარ არ ჰქონდა გადახდილი თანხა და „ჰიდრო“  250 ათასი ლარით დაჯარიმდა.

შემდეგ „ჟილინის არხზე“  შპს „მშენებელი 80“ -მა იმუშავა. ეს კომპანია მერიამ ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია. კომპანიამ მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა არხის რეკონსტრუქცია ამით არ დასრულებულა. ზღვის შესართავთან არხზე სამუშაოები მერიას კვლავ ჩასატარებელი ექნება, არადა ბოლო შესყიდვით სამუშაოებში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

რატომ არ აქვს შედეგი სწავლის დაძალებას

რა შეიძლება გახდეს მოზარდისთვის სწავლის მოტივატორი და რა დემოტივატორი? როგორი უნდა იყოს მასწავლებლის ლექსიკა და დამოკიდებულებები მოსწავლის მიმართ და რა ფაქტორები განაპირობებს მოზარდის თავისუფალ არჩევანს სწავლაში? –  ამ თემაზე „ბათუმელებს“  ფსიქოლოგი მარიტა მერკვილაძე ესაუბრა.

ქალბატონო მარიტა, რა შეიძლება იყოს მთავარი მოტივატორი მოზარდისთვის სწავლის დროს და რა ფაქტორები მოქმედებს საპირისპიროდ?

მოტივაციას ქმნის მიზანი და რაც უფრო მიმზიდველია ეს მიზანი, მოტივაციაც უფრო მაღალია. მაგალითად, უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი. მიზანი შეიძლება იყოს უფრო მიზერულიც, ვთქვათ, კეთილგანწყობის მოპოვება კლასში, მშობლისგან ან მასწავლებლისგან შექების სურვილი და ა.შ.

თუკი ბავშვს აძალებენ სწავლას და მშობლისგან ან მასწავლებლისგან ესმის მხოლოდ „უნდა ისწავლო“  და არავინ  აჩვენებს სწავლის მიზანს, მოზარდობაში შესაძლებელია გაჩნდეს პროტესტი და თქვას – „არა“. თუ მშობელი ავტორიტეტია ბავშვისთვის და ეხმარება შვილს სწორი მიგნებების, სწავლის სწორი მიზნების დანახვაში, ეს ყველაფერი დამყარებულია მეგობრობაზე და არა ბრძანებებზე, მაშინ მოზარდის მოტივაცია იზრდება.

მასწავლებლის ქცევაზე თუ არის დამოკიდებული სწავლის მოტივაცია და როგორ არ უნდა მოიქცეს მასწავლებელი მოზარდებთან?

მასწავლებელი იმდენად მოსწონს მოსწავლეს, რამდენაც მასწავლებელს მოსწონს ის. სწავლის მოტივაციას განსაზღვრავს ისიც, აქვს თუ არა მასწავლებელს იმის უნარი, დაინახოს მოსწავლის შრომა. ხშირად, მოზარდი გაკვეთილს იმიტომ ამზადებს, რომ მასწავლებლისგან შექება დაიმსახუროს. თუ ამას მასწავლებელი არ წაახალისებს, მოსწავლისთვის ეს იქნება სწავლის დემოტივატორი.

შექებაში არ იგულისხმება მარტო იმის თქმა „რა ყოჩაღი ხარ“, შეგიძლია ელემენტარულად გამოხატო კმაყოფილება – „დღეს საინტერესო იყო, დაჯექი“. ასეთმა ფრაზამაც კი შეიძლება სწავლის მოტივაცია გაუღვივოს მოსწავლეს.

მასწავლებლის ფრაზებში არ უნდა ფიგურირებდეს შეურაცხმყოფელი სიტყვები. ის, რაც მოზარდის თვითშეფასებას საფრთხეს უქმნის, შესაძლებლია სწავლის სტიმულს ასუსტებდეს. „არ გეკუთვნის“, „ვინ გიწერდა მაღალ ნიშანს“, და ა.შ. ასეთი ფრაზები მოტივაციას საფრთხეს უქმნის. ზოგი ადამიანი იბადება თანაგრძნობის უნარით და შეუძლია განსაზღვროს ესა თუ ის ფრაზა, როგორ იმოქმედებს სხვაზე, ზოგს კი ეს უნარი არ აქვს. ამიტომ, პედაგოგებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ფსიქოლოგიური ტრენინგები.

გარდა მშობლის ან მასწავლებლის დამოკიდებულებისა, განაპირობებს თუ არა სწავლის მოტივაციის გაზრდას ან კლებას სასკოლო გარემო, სამეგობრო წრე?

სწავლის მოტივაციაზე, ბუნებრივია, მოქმედებს სასკოლო გარემოც და თანატოლების აზრიც. თუ თანატოლების გარემოში სწავლის ფაქტორი დაფასებულია, მოზარდიც მოტივირებულია, რომ ისწავლოს და ამით მოიპოვოს ძალაუფლება, მაგრამ თუ სწავლა არის სასაცილოდ ასაგდები თემა თანატოლებში, უკვე პრობლემაა და სკოლამ ან მასწავლებელმა უნდა იმუშაოს ამ გარემოს შესაცვლელად.

სწავლის მოტივაციაზე გავლენას ახდენს ვიზუალური გარემოც. რაც უფრო თანამედროვე, შესაბამისი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი სკოლა, კლასი, მით უფრო გაიზრდება სწავლის მოტივაციაც.

 ცნობილია, რომ ევროპულ სკოლებში, განსაკუთრებით კი ფინეთში, გაცილებით მაღალია სწავლის მოტივაცია და არა მხოლოდ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ან ინფრასტრუქტურის გამო. ამ სკოლებში მაღალია მოსწავლეთა ქცევითი თავისუფლებაც, მაშინ როცა ქართულ სკოლებში ჯერ კიდევ აქტუალურია ფორმის ჩაცმა, გაკვეთილზე წყნარად ჯდომა და ა.შ. როგორც ფიქრობთ, უნდა მიეცეთ თუ არა მოზარდებს უფრო მეტი თავისუფლება კლასში, რომ ამაღლდეს მათი მოტივაცია?

ფინური სკოლები ქცევითი თავისუფლების საუკეთესო მაგალითია და მეც ძალიან მომწონს, თუმცა ამ მოდელის გადმოტანა ქართული სკოლებისთვის რთული იქნება. ჯერ არ არის ქართული საზოგადოება ამისთვის მზად, რადგან გარკვეული ჩვევები, ტემპერამენტი და გამოცდილება გვახასიათებს, რომელსაც ასე მარტივად ვერ შევცვლით. უფრო აქტიური კომუნიკაცია გვიყვარს და შინაგანი ემოციების კონტროლიც უფრო მეტად გვიჭირს. ამიტომ, მსგავსი თავისუფალი სკოლების შექმნა, ბუნებრივია, არის საუკეთესო მოტივატორი სწავლისთვის, მაგრამ ჩვენი რეალობისთვის ნაადრევი.

თუმცა, შესაძლებელია გარკვეული ეტაპების გავლა. როცა მოსწავლეს უნდა აზრის გამოთქმა, მაგრამ მასწავლებელი ეუბნება  – „მოიცა, ჯერ მე ვლაპარაკობ“, ასეთი რეპლიკები არ უნდა ხდებოდეს. თავისუფლება იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ აცადონ ბავშვებს, მოზარდებს აზრის გამოთქმა, იყოს მათი აზრი მიღებული პრიორიტეტად და დაფასებული იყვნენ როგორც ზრდასრული ადამიანები, პიროვნებები. სწორედ ეს აძლევს ბავშვს თავისუფლებას.

ზოგიერთ მასწავლებელს კლასზე კონტროლის დაკარგვის შიში აქვს და მისი ტონი უხეშდება. ეს, რა თქმა უნდა, ამცირებს სწავლის მოტივაციას.  „არ მისმენდი? აბა გაიმეორე რა ვთქვი?“ –  არც ასეთი ფრაზებით უნდა ლაპარაკობდეს მასწავლებელი. ასეთი დეტალები გასათვალისწინებელი, დასამუშავებელია, რადგან ეს ურღვევს ბავშვებს, მოზარდებს თავისუფლებას.

როგორ ფიქრობთ, საგნობრივ გამოცდებზე უნდა იყოს თუ არა აუცილებელი ფსიქოლოგიური საკითხების ჩაბარებაც, რომ მასწავლებლების უფრო სერიოზულად მოეკიდონ ასეთ საკითხებს?

როგორც საგნობრივი ტრენინგები ტარდება, ასევე უნდა ტარდებოდეს ფსიქოლოგიური ტრენინგებიც. რა მეთოდები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა სწავლის პროცესში, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია. ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გააზრება, მისი შეგნებული გამოყენება უნდა მოხდეს და არა ფორმალური მოსმენა. მაშინ იქნება ცვლილებები.

მასწავლებლის ღირებულებებს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის მოტივაციისთვის. თუ მოსწავლისა და მასწავლებლის ღირებულებათა სისტემა ძალიან განსხვავებულია, ეს განწყობა იმ საგანზეც აისახება, რომელსაც ეს პედაგოგი ასწავლის და ესეც შეიძლება გახდეს დემოტივაციის საფუძველი.

გარდა იმისა, რომ მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ შექება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაციის ასამაღლებლად, აუცილებელია სწავლების მეთოდების გადახალისებაც. დავალებები უფრო სახალისო (და არა მარტივი) უნდა გახდეს, რადგან თამაში თითქოს არის მსუბუქი რამ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის. თამაშ-თამაშით სწავლა კი, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე დემონსტრაციული სწავლება.

რატომ გადაყარეს მშობლებმა ჭიების წამალი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ანტიჰელმინთურ პრეპარატს „ვერმოქსს“ არიგებს. ცენტრის ინფორმაციით, მედიკამენტი მშობლებს უფასოდ ურიგდებათ. ანტიჰელმინთური მედიკამენტის დარიგების საჭიროება კვლევებმა განაპირობა, რითაც დადგინდა, რომ „საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 30 პროცენტი ჰელმინთებით (პარაზიტული ჭიებით) არის დაავადებული“. მედიკამენტი ზოგიერთმა მშობელმა შვილებს არ დაალევინა, ზოგიერთმა კი გადაყარა.

„მასწავლებელმა მომცა ერთი ტაბლეტი. მითხრა ანალიზი აუღე და თუ სჭირდება, მაშინ დაალევინეო. არ მიმიცია ბავშვისთვის, რადგან მეზობელმა მითხრა, ჩემი დისშვილი მაგ წამლით მოიწამლაო. შემეშინდა, რაიმე რეაქცია არ მოეხდინა და აღარ დავალევინე. თანაც ჭიის წამალს რომ აძლევ, დიეტა უნდა დაიცვა, ცხიმიანი საკვები არ შეიძლება“, – გვეუბნება ხელვაჩაურში მცხოვრები მანანა შავაძე.

კიდევ ერთი მშობელი ამბობს, რომ წამალი გადააგდო, რადგან მისი თქმით, „ბავშვები იწამლებიან“.

ერთ-ერთი ბავშვის მშობელი გვეუბნება, რომ მისი შვილი ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში დადის. ანტიჰელმინთური წამალი მას ბაღის მასწავლებელმა მისცა და არა ექთანმა. „პარკიდან ამოიღო და ხელში ჩამიდო. არც პინცეტი გამოუყენებია და არც რაიმეში შეუფუთავს. მე ვიცი, რომ ჭიის წამლის მიღების შემდეგ არ შეიძლება რძის ნაწარმის მიღება. ბავშვს დილით წამალს რომ მივცემ, მერე კი ბაღში რძიან ფაფას მისცემენ, ხომ შეიძლება გული აერიოს? სხვა მშობლებმა არ დაალევინეს და არც მე მიმიცია“, –  გვეუბნება მშობელი.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, ანტიჰელმინთური მედიკამენტი „ვერმოქსი“ იმ პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც დიეტის დაცვა არ სჭირდება. ცენტრში თქვეს, რომ მედიკამენტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს მიაწოდეს და მშობლებისთვის მათ უნდა მიეცათ ინსტრუქციები.

ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგე ნანა თედორაძე ამბობს, რომ მშობლებს, ვინც მედიკამენტის წაღების სურვილი გამოთქვა, წამალი ხელწერილით გაატანეს.

„ჰიგიენური ნორმები წამლის დარიგების დროს დაცული იყო. წამალს ექთანი არიგებდა და ვისაც არ მიჰქონდა, არავის დაუძალებია. ეს ნებაყოფლობითია“, – მბობს ბაღის გამგე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მათთან წამლის ანოტაციაც დატოვა: „არ უთქვამთ, რომ დიეტა იყო საჭირო ან ანალიზები. გვითხრეს, პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია წელიწადში ერთხელ 5-დან 6 წლამდე ბავშვებმა მიიღონო“.

მე-13 საბავშვო ბაღის გამგე ნატო კუნჭულია კი ამბობს, რომ ბავშვებს ანალიზები წამლის დარიგებამდე აუღეს. „ანალიზები აიღეს წინასწარ და ყველა მშობელმა იცოდა, რომ დილით უზმოზე უნდა მიეცათ ბავშვებისთვის“.

იმავეს გვეუბნება ხელვაჩაურის 32-ე საბავშვო ბაღის გამგე დალი სირაბიძეც, სადაც მშობლები ამბობდნენ, რომ წამლის გამოყენების შესახებ კარგად არ იყვნენ ინფორმირებული. „პრეტენზია აქვს ვინმეს? არ ვიცი, წამალი ყველა მშობელმა აიღო“, – გვეუბნება ის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ „ვერმოქსის“ გამოყენების შესახებ ინფორმაცია მშობლებს საბავშვო ბაღში უნდა მიეღოთ. ცენტრის ექიმი, ეპიდემიოლოგი, პარაზიტოლოგი ია დავითაძე ამბობს, რომ მედიკამენტი უსაფრთხოა და ის გართულებებს თითქმის არ იწვევს.

„პარაზიტული ჭიები უფრო მეტ ზიანს აყენებს ბავშვის ორგანიზმს, ვიდრე მისგან გამოწვეული უმნიშვნელო ალერგიული რეაქცია“, –  გვეუბნება ის.

ია დავითაძის თქმით, მედიკამენტის დარიგება გათვალისწინებული იყო გასულ წელსაც. „გამოკვლევები საქართველოს მასშტაბით ჩატარდა შარშან წინ და ჭიებით ინვაზირება გამოკვლეული ბავშვების 30 პროცენტში გამოვლინდა. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით, საქართველოსთვის გამოიყო ეს მედიკამენტი, რომელსაც ახლდა უამრავი ინსტრუქცია“.

პარაზიტოლოგის განმარტებით, „ვერმოქსი“ შვიდი სახეობის პარაზიტზე მოქმედებს, „განსაკუთრებით ენტერობიოზზე, რამელიც გამოვლინდა ბავშვებში კვლევის შედეგად“.

ია დავითაძის თქმით, აღნიშნული მედიკამენტი მხოლოდ 5-დან 9 წლის ასაკის ბავშვებისთვის გაიცემა: „მშობლების ინფორმირება უნდა მომხდარიყო საბავშვო ბაღებში და სკოლებში. ჩვენ მათ მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. ეს არ არის მედიკამენტი, რომელიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღება. ბავშვს წამალი ზიანს არც იმ შემთხვევაში მიაყენებს, თუ ჰელმინთებით არ არის დაავადებული. არც დიეტა სჭირდება.“

წამლის განმეორება ორი კვირის შემდეგ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ მკურნალობის მიზნით ვაძლევთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მედიკამენტი რეგიონებში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაარიგა. „აჭარისთვის 39 ათასი აბია განკუთვნილი“, – გვეუბნება ია დავითაძე.

მედიკამენტების დარიგება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სექტემბერში დაიწყო და ისევ გრძელდება.

მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბრიდან საქართველოში „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.

აღნიშნული რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და სავალდებულოდ შესასრულებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. შესაბამისად, ბილიკები [მაგალითად პარკში, ნაკრძალში, ძეგლებთან და სხვ] ამ რეგლამენტის მიხედვით უნდა დაგეგმარდეს და გამოყენებული უნდა იქნას სწორედ ისეთი ნიშნულები, როგორიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული.

დოკუმენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, აღნიშნულია, რომ „ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე [საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პოლონეთი და სხვა] და იგი წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მოწყობის მეთოდებისა და წესების ერთობლიობას.

რეგლამენტის მიზნებია:

  • საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
  • ადამიანთა უსაფრთხოებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის წინაპირობის შექმნა;
  • საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარების ხელშეწყობა;
  • საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებისათვის მეთოდური საფუძვლების შექმნა.

რეგლამენტი მოთხოვნებს უყენებს ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის პროექტის ავტორებს; ამასთან, არეგულირებს ბილიკის მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის დამზადებისა და გამოყენების წესებს. ტექნიკური რეგულირების ობიექტებს კი წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისთვის  განკუთვნილი შემდეგი ინფრასტრუქტურა:

  • ნიშნული;
  • ნიშნულის ბოძი;
  • მანიშნებელი დაფა;
  • საინფორმაციო ნიშანი;
  • საინფორმაციო დაფა.

650

ტექნიკური რეგლამენტიდან: „ნიშნულის განთავსება უნდა განხორციელდეს გარე გამოყენების, გარემო პირობების მიმართ მედეგი, მაღალი ხარისხის სინთეტიკური საღებავებით.  ნიშნულის მდგრადობის შესანარჩუნებლად, მოსანიშნი ზედაპირი უნდა იყოს სუფთა და მშრალი, საჭიროების შემთხვევაში ის უნდა გაიწმინდოს (ხავსის, მიწის, „ზედმეტი“ ქერქისგან) ნაჭრით, რკინის ჯაგრისით, რანდით, ცულით ან სხვა საჭირო ინვენტარით. გარემოზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციის გათვალისწინებით!
ხის ზედაპირის გასუფთავების პროცესი და ტექნიკა დამოკიდებულია ხის სახეობაზე, მაგალითად ფოთლოვანი ხეების უმეტესობას გლუვი ზედაპირი აქვს და რეკომენდებულია მისი მხოლოდ ნაჭრით გაწმენდა, ის გათლას არ საჭიროებს, ხეებს, რომლებსაც უსწორმასწორო ზედაპირი აქვთ, საჭიროა ჩამოითალოს ისე, რომ არ დაზიანდეს ხის მერქანი. ამისათვის  საჭიროა ხის ფრთხილად გათლა. ხის გასათლელად რეკომენდებულია სპეციალური რანდის ან ცულის გამოყენება, ხოლო  ქვისათვის და გლუვი ზედაპირის მქონე  ხეებისათვის შესაძლებელია გამოიყენოთ რკინის ჯაგრისი, რომელიც კარგად ასუფთავებს ზედაპირს.
 თუ ბილიკის არეალში არ მოიპოვება ნიშნეულისათვის შესაფერისი ზედაპირი, საჭიროა ქვაყრილების მოწყობა, რომლებზეც შემდგომ დაიხატება ნიშნული. აუცილებელი პირობაა, რომ ქვაყრილები მოწყობილი იყოს მოზრდილი ზომის ქვებისგან, მყარად და საიმედოდ [რათა დაცული იყოს მარტივი ჩამოშლილისაგან]“.

რეგლამენტის მიხედვით, საფეხმავლო ბილიკი ეს არის „ბუნებრივ გარემოში გაკვალული ან გაუკვალავი საფეხმავლო გზა, რომელიც შესაძლოა გადიოდეს რელიეფის სხვადასხვა ფორმაზე. ბილიკი შეძლებისდაგვარად უნდა სცდებოდეს სამანქანო გზებს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი წარმოადგენენ – დანიშნულების ადგილებს. საფეხმავლო ბილიკი სხვადასხვა სირთულისაა და იყოფა: მარტივ, საშუალო და რთულ კატეგორიად“.

რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება

„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს თავის ვებგვერდზე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ უახლოეს კვირებში გრიპის შემთხვევათა მატების ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში ძირითადად გავრცელებული იქნება ვირუსი A/H1p, რომელსაც სხვა ქვეტიპებთან შედარებით ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი. ცენტრის ინფორმაციით A/H1p საქართველოსთვის პრედომინანტური იყო 2009, 2010 და 2011 წლებში.

სეზონური გრიპისგან დასაცავად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ვაქცინაცია მიიჩნევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. აქვე აღნიშნულია, რომ ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზე. თანხვედრის შემთხვევაში ვაქცინა ეფექტურია 70-80%-ში 65 წლამდე ასაკის პირებში, ხანშიშესულებში კი – 30-70%-ში.

მას შემდეგ, რაც უკვე დადგენილია 2016 წლის შემოდგომაზე მოსახლეობაში გავრცელებული ვირუსის შტამი – A/H1p, ცნობილია ვაქცინის დასახელებაც, ჰოლანდიური წარმოების INFLUVAC -ი, რომელიც სახელმწიფომ უკვე შეიძინა რისკის ჯგუფებში მყოფი პირების ასაცრელად. შესყიდული ვაქცინის რაოდენობა 20 000 დოზაა.

„უფასო ვაქცინაცია არის გათვალისწინებული მხოლოდ შემდეგი რისკ-ჯგუფებისთვის:  18 წლამდე დიაბეტით დაავადებული ბავშვები, დიალიზზე მყოფი პაციენტები, C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც დღეის მდგომარეობით გადიან მკურნალობის კურსს, AID ინფიცირებულები და სამედიცინო პერსონალი, კერძოდ, მიმღების, რეანიმაციისა და პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები,“ – განმარტავს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ნიჟარაძე. მისი თქმით, მათ, ვისაც სურთ გრიპისაგან თავი ვაქცინით დაიცვან, ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და მასთან კონსულტაციის შემდეგ შეიძინონ ვაქცინა. ვაქცინაცია პოლიკლინიკაში უნდა ჩატარდეს, ოჯახის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

„ვაქცინა არის სხვადასხვა დასახელების და წარმოების, ყველა ვაქცინა, რაც იყიდება აფთიაქებში, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული და აქვს ანტიგენების ის შემცველობა, რა ვირუსიც ცირკულირებს მოცემულ მომენტში,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ვაქცინა მკლავზე კეთდება, ვაქცინის ერთი დოზის საშუალო ფასი 25 ლარია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს ინფორმაციით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს, რომ ორგანიზმმა დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება. ამიტომ სწორედ ოქტომბერ-ნოემბერშია რეკომენდებული ვაქცინის გაკეთება, ორგანიზმი მომზადებული რომ შეხვდეს სეზონს. ვაქცინა ეფექტურია ერთი წლის მანძილზე.

Exit mobile version