მთავარი,სიახლეები

მსჯელობა ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე

25.10.2016 • 2395
მსჯელობა ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე

ბათუმის მერია USAID-ის დახმარებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი გენგემის შემუშავებამდე ძველი ბათუმის ტერიტორიაზე – მელიქიშვილის ქუჩის ჩათვლით მშენებლობებზე ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. ეს პოზიცია მათ დღეს მერიაში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას დააფიქსირეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მერიის ჯგუფთან ერთად, USAID-ის წარმომადგენელი მანუჩარ მახათაძე შეხვდა. მან ისაუბრა სამუშაოს იმ ნაწილზე, რაც უკვე დასრულებულია და იმ ნაწილზე, რაც ჯერ კიდევ შესასრულებელია. მანუჩარ მახათაძე დაინტერესდა თუ რა მოსაზრებები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს გენგემასთან დაკავშირებით.

მერიის ინფორმაციით, წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარებით დავალებაზე მუშაობა ჯგუფმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს, რის საფუძველზეც გამოცხადდება კონკურსი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე. ტექნიკური პირობები კი მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით უნდა შემუშავდეს.

მანუჩარ მახათაძის განმარტებით, გენგემის შემუშავებას რვა თვიდან ერთ წლამდე პერიოდი შეიძლება დასჭირდეს. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძველ ბათუმში – მელიქიშვილის ქუჩამდე და გონიოს ციხის მიმდებარედ დაცვის ზონის შექმნა და მშენებლობაზე მორატორიუმი მოითხოვეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია გეგემის მომზადების დაფინანსების საკითხი. ამასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხი არც საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს აქვს. ის შეხვედრაზე თითქმის ერთი საათის დაგვიანებით მივიდა. მანუჩარ მახათაძის თქმით კი, „ასეთი დონის დოკუმენტს არც ერთი დონორი ორგანიზაცია არ აფინანსებს“.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები იმითაც დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა გარანტია, რომ ამ დოკუმენტს მერია საკრებულოს ნამდვილად წარუდგენს და მას საკრებულო დაამტკიცებს, ან მის დამტკიცებაზე იმსჯელებს მაინც. მითუმეტეს, რომ მსაგავსი გამოცდილება მსგავსი ტიპის დოკუმენტთან დაკავშირებით უკვე არსებობს. მერიას ჯერ კიდევ არ გაუტანია სხდომაზე განსახილველად კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ მოზადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპოტიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტი.

გენგეგმის შემუშავება ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მერი 2014 წელს აირჩიეს. მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები ისევ გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: