მთავარი,სიახლეები

რატომ არ აქვს შედეგი სწავლის დაძალებას

24.10.2016 • 3759
რატომ არ აქვს შედეგი სწავლის დაძალებას

რა შეიძლება გახდეს მოზარდისთვის სწავლის მოტივატორი და რა დემოტივატორი? როგორი უნდა იყოს მასწავლებლის ლექსიკა და დამოკიდებულებები მოსწავლის მიმართ და რა ფაქტორები განაპირობებს მოზარდის თავისუფალ არჩევანს სწავლაში? –  ამ თემაზე „ბათუმელებს“  ფსიქოლოგი მარიტა მერკვილაძე ესაუბრა.

ქალბატონო მარიტა, რა შეიძლება იყოს მთავარი მოტივატორი მოზარდისთვის სწავლის დროს და რა ფაქტორები მოქმედებს საპირისპიროდ?

მოტივაციას ქმნის მიზანი და რაც უფრო მიმზიდველია ეს მიზანი, მოტივაციაც უფრო მაღალია. მაგალითად, უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი. მიზანი შეიძლება იყოს უფრო მიზერულიც, ვთქვათ, კეთილგანწყობის მოპოვება კლასში, მშობლისგან ან მასწავლებლისგან შექების სურვილი და ა.შ.

თუკი ბავშვს აძალებენ სწავლას და მშობლისგან ან მასწავლებლისგან ესმის მხოლოდ „უნდა ისწავლო“  და არავინ  აჩვენებს სწავლის მიზანს, მოზარდობაში შესაძლებელია გაჩნდეს პროტესტი და თქვას – „არა“. თუ მშობელი ავტორიტეტია ბავშვისთვის და ეხმარება შვილს სწორი მიგნებების, სწავლის სწორი მიზნების დანახვაში, ეს ყველაფერი დამყარებულია მეგობრობაზე და არა ბრძანებებზე, მაშინ მოზარდის მოტივაცია იზრდება.

მასწავლებლის ქცევაზე თუ არის დამოკიდებული სწავლის მოტივაცია და როგორ არ უნდა მოიქცეს მასწავლებელი მოზარდებთან?

მასწავლებელი იმდენად მოსწონს მოსწავლეს, რამდენაც მასწავლებელს მოსწონს ის. სწავლის მოტივაციას განსაზღვრავს ისიც, აქვს თუ არა მასწავლებელს იმის უნარი, დაინახოს მოსწავლის შრომა. ხშირად, მოზარდი გაკვეთილს იმიტომ ამზადებს, რომ მასწავლებლისგან შექება დაიმსახუროს. თუ ამას მასწავლებელი არ წაახალისებს, მოსწავლისთვის ეს იქნება სწავლის დემოტივატორი.

შექებაში არ იგულისხმება მარტო იმის თქმა „რა ყოჩაღი ხარ“, შეგიძლია ელემენტარულად გამოხატო კმაყოფილება – „დღეს საინტერესო იყო, დაჯექი“. ასეთმა ფრაზამაც კი შეიძლება სწავლის მოტივაცია გაუღვივოს მოსწავლეს.

მასწავლებლის ფრაზებში არ უნდა ფიგურირებდეს შეურაცხმყოფელი სიტყვები. ის, რაც მოზარდის თვითშეფასებას საფრთხეს უქმნის, შესაძლებლია სწავლის სტიმულს ასუსტებდეს. „არ გეკუთვნის“, „ვინ გიწერდა მაღალ ნიშანს“, და ა.შ. ასეთი ფრაზები მოტივაციას საფრთხეს უქმნის. ზოგი ადამიანი იბადება თანაგრძნობის უნარით და შეუძლია განსაზღვროს ესა თუ ის ფრაზა, როგორ იმოქმედებს სხვაზე, ზოგს კი ეს უნარი არ აქვს. ამიტომ, პედაგოგებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ფსიქოლოგიური ტრენინგები.

გარდა მშობლის ან მასწავლებლის დამოკიდებულებისა, განაპირობებს თუ არა სწავლის მოტივაციის გაზრდას ან კლებას სასკოლო გარემო, სამეგობრო წრე?

სწავლის მოტივაციაზე, ბუნებრივია, მოქმედებს სასკოლო გარემოც და თანატოლების აზრიც. თუ თანატოლების გარემოში სწავლის ფაქტორი დაფასებულია, მოზარდიც მოტივირებულია, რომ ისწავლოს და ამით მოიპოვოს ძალაუფლება, მაგრამ თუ სწავლა არის სასაცილოდ ასაგდები თემა თანატოლებში, უკვე პრობლემაა და სკოლამ ან მასწავლებელმა უნდა იმუშაოს ამ გარემოს შესაცვლელად.

სწავლის მოტივაციაზე გავლენას ახდენს ვიზუალური გარემოც. რაც უფრო თანამედროვე, შესაბამისი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი სკოლა, კლასი, მით უფრო გაიზრდება სწავლის მოტივაციაც.

 ცნობილია, რომ ევროპულ სკოლებში, განსაკუთრებით კი ფინეთში, გაცილებით მაღალია სწავლის მოტივაცია და არა მხოლოდ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ან ინფრასტრუქტურის გამო. ამ სკოლებში მაღალია მოსწავლეთა ქცევითი თავისუფლებაც, მაშინ როცა ქართულ სკოლებში ჯერ კიდევ აქტუალურია ფორმის ჩაცმა, გაკვეთილზე წყნარად ჯდომა და ა.შ. როგორც ფიქრობთ, უნდა მიეცეთ თუ არა მოზარდებს უფრო მეტი თავისუფლება კლასში, რომ ამაღლდეს მათი მოტივაცია?

ფინური სკოლები ქცევითი თავისუფლების საუკეთესო მაგალითია და მეც ძალიან მომწონს, თუმცა ამ მოდელის გადმოტანა ქართული სკოლებისთვის რთული იქნება. ჯერ არ არის ქართული საზოგადოება ამისთვის მზად, რადგან გარკვეული ჩვევები, ტემპერამენტი და გამოცდილება გვახასიათებს, რომელსაც ასე მარტივად ვერ შევცვლით. უფრო აქტიური კომუნიკაცია გვიყვარს და შინაგანი ემოციების კონტროლიც უფრო მეტად გვიჭირს. ამიტომ, მსგავსი თავისუფალი სკოლების შექმნა, ბუნებრივია, არის საუკეთესო მოტივატორი სწავლისთვის, მაგრამ ჩვენი რეალობისთვის ნაადრევი.

თუმცა, შესაძლებელია გარკვეული ეტაპების გავლა. როცა მოსწავლეს უნდა აზრის გამოთქმა, მაგრამ მასწავლებელი ეუბნება  – „მოიცა, ჯერ მე ვლაპარაკობ“, ასეთი რეპლიკები არ უნდა ხდებოდეს. თავისუფლება იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ აცადონ ბავშვებს, მოზარდებს აზრის გამოთქმა, იყოს მათი აზრი მიღებული პრიორიტეტად და დაფასებული იყვნენ როგორც ზრდასრული ადამიანები, პიროვნებები. სწორედ ეს აძლევს ბავშვს თავისუფლებას.

ზოგიერთ მასწავლებელს კლასზე კონტროლის დაკარგვის შიში აქვს და მისი ტონი უხეშდება. ეს, რა თქმა უნდა, ამცირებს სწავლის მოტივაციას.  „არ მისმენდი? აბა გაიმეორე რა ვთქვი?“ –  არც ასეთი ფრაზებით უნდა ლაპარაკობდეს მასწავლებელი. ასეთი დეტალები გასათვალისწინებელი, დასამუშავებელია, რადგან ეს ურღვევს ბავშვებს, მოზარდებს თავისუფლებას.

როგორ ფიქრობთ, საგნობრივ გამოცდებზე უნდა იყოს თუ არა აუცილებელი ფსიქოლოგიური საკითხების ჩაბარებაც, რომ მასწავლებლების უფრო სერიოზულად მოეკიდონ ასეთ საკითხებს?

როგორც საგნობრივი ტრენინგები ტარდება, ასევე უნდა ტარდებოდეს ფსიქოლოგიური ტრენინგებიც. რა მეთოდები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა სწავლის პროცესში, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია. ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გააზრება, მისი შეგნებული გამოყენება უნდა მოხდეს და არა ფორმალური მოსმენა. მაშინ იქნება ცვლილებები.

მასწავლებლის ღირებულებებს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის მოტივაციისთვის. თუ მოსწავლისა და მასწავლებლის ღირებულებათა სისტემა ძალიან განსხვავებულია, ეს განწყობა იმ საგანზეც აისახება, რომელსაც ეს პედაგოგი ასწავლის და ესეც შეიძლება გახდეს დემოტივაციის საფუძველი.

გარდა იმისა, რომ მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ შექება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაციის ასამაღლებლად, აუცილებელია სწავლების მეთოდების გადახალისებაც. დავალებები უფრო სახალისო (და არა მარტივი) უნდა გახდეს, რადგან თამაში თითქოს არის მსუბუქი რამ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის. თამაშ-თამაშით სწავლა კი, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე დემონსტრაციული სწავლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: