კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე

24.10.2016 • 1881
ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ოჯახის უმცროსი წევრი სტუდენტია, საარსებო შემწეობა წელს, იანვარში მოუხსნეს.

გულვარდი ოთხ შვილთან ერთად სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მას ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხრა წლის წინ დაეღუპა. სახლში კარ-ფანჯარა მხოლოდ რამდენიმე ოთახშია. კარებს სხვადასხვა ზომის ხის ძელები აქვს მიკრული.

„შემამოწმონ რა მაქვს, რა გამაჩნია, ერთი ძროხითა და 1000 კვადრატული მიწის ნაკვეთით თავს ვინმე ირჩენს?! სოფელში ყველა გაჭირვებულია, ვინმე თუა დასაქმებული, მხოლოდ პედაგოგია და სოფლის გამგებლები. აქ პენსია ოჯახის შემოსავლად ითვლება, მაგრამ მე არც საპენსიო ასაკი მაქვს, 55 წლის ვარ“, –  გვიყვება გულვარდი მიქელაძე.

შეუბათქაშებელ ოთახში ერთ მხარეს საწოლი და შეშის ღუმელი დგას, მეორე მხარეს – სავარძლებია, მათ შორის კი პატარა მაგიდა და ორი სკამი. საწოლის ზემოთ ხის თაროზე პატარა ტელევიზორია, იატაკს ძველი ლინოლეუმი აფარია, რომელსაც სიცივისგან თავის დასაცავად ძველი, თხელი ხალიჩა აქვს დაფარებული – ეს ცეცხლაძეების მისაღები ოთახია. ოჯახს არც აბაზანა აქვს, სარეცხსა თუ ჭურჭელს გულვარდი წვიმასა და ქარში ეზოში რეცხავს.

„საარსებო შემწეობა ბოლოს გასული წლის დეკემბერში ავიღე. დახმარება იმის გამო მომიხსნეს, რომ ჩემი შვილი თურქეთში გადავიდა სამუშაოდ. არ ვიცოდი  სააგენტოსთვის თუ უნდა მეცნობებინა. არავის უკითხვას იქ რატომ წავიდა, რა პირობებში მუშაობდა. ყველა გაჭირვებული იქ მიდის, თორემ დალხენილი იქ არ წავა სამუშაოდ. როცა დახმარება მომიხსნეს, ვითხოვე მოსულიყვნენ და ხელახლა გადაემოწმებინათ. გადაგვამოწმეს და 103 000-მდე გამიზარდეს ქულა. როცა დახმარებას ვიღებდი, 48 000 ქულა გვქონდა. მას შემდეგ არაფერი შემიძენია, ისევ იმ ორ ოთახში ვცხოვრობთ, სადაც მანამდე ვცხოვრობდით“, – ამბობს გულვარდი.

დიასახლისი ამბობს, რომ მწყობრიდან გამოსული იატაკის შესაკეთებლად სამასალე მერქნის გამოყოფა გამგეობას წერილობით სთხოვა, რაზეც ნებართვა ვერ მიიღო, შესაბამისად, ოჯახი ზამთარს ისევ შესაკეთებელი იატაკითა და ძელებით მიფარებული კარ-ფანჯრებით შეხვდება.

ცხრა წლის წინ ოჯახმა წლების განმავლობაში დაგროვებული თანხით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ბინა იყიდა. თუმცა, ბინის ყიდვიდან რამდენიმე წლის შემდეგ საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა იქ არსებული შვიდივე ბინა გაანადგურდა. გულვარდი ამბობს, რომ კომპენსაცია, რაც სახელმწიფომ როგორც დაზარალებულ ოჯახს ჩაურიცხა, შვილის მკურნალობას მოახმარა.

გულვარდი მიქელაძე

გულვარდი მიქელაძე

„იმ სახლიდან მხოლოდ საფუძველი დარჩა. უმცროსი შვილი გოჩა ახლა მესამე კურსის სტუდენტია, საზღვაო აკადემიაში სწავლობს. სტუდენტი რომ გახდა, ბათუმში დასარჩენი არსად გვქონდა და ნათესავმა ერთოთახიანი ბარაკის ტიპის სახლი დროებით დაუთმო, ისიც მოუწესრიგებელი ოთახი იყო. იქ ცხოვრობდა ჩემი შვილი და იქედან სასწავლებელში ფეხით დადიოდა, სახლში სიცივე, გარეთაც სიცივე და ავად გახდა, დაჩრდილვა მიიღო და ორი წელი ვუმკურნალე, თბილისში დამყავდა. კომპენსაცია, 4 000 ლარი, რაც მთავრობამ ჩამირიცხა, გოჩას მკურნალობას არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს მამა არ ჰყავდა, სწავლის გადასახადი არც სასწავლებელმა დაუფინანსა და არც ხულოს გამგეობამ. გამგეობაში მითხრეს, რადგან სკოლა აქ არ დაუმთავრებია, ვერ დავაფინანსებთო. დამამთავრებელი კლასები გოჩამ ბათუმში ისწავლა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობთ, ბოლო ორი წელი ბათუმში გადავიყვანე სასწავლებლად, ყურან-კურსში (მუსლიმური პანსიონი)  დადიოდა და ხოფაზე სკოლაში სწავლობდა“.

უფულობამ გოჩას ხელი შეუშალა გამოეყენებინა შანსი და მესამე კურსზე პრაქტიკის მიზნით ნაოსნობაში წასულიყო – დოკუმენტები დედის ძმის დახმარებით შეაგროვა, მაგრამ საჭირო თანხის (500 დოლარი) შეგროვება ვეღარ შეძლო.

„გოჩა პრაქტიკით გემზე უნდა წასულიყო, საბუთებისთვის საჭირო თანხა ჩემმა ძმამ მისცა, პედაგოგია, მეზობელ სოფელში ასწავლის, მოიკლო და ჩემს შვილს აჩუქა, ცხოვრება რომ აეწყო. საბუთები გააკეთა და ჩასარიცხი თანხა ვეღარ ვნახეთ, საბუთები დაგვრჩა გაკეთებული. უფროსმა შვილმა, რომელიც თურქეთში იყო წასული, იმდენი ვერ იმუშავა, რომ გოჩას ყოფნოდა, თვითონ გოჩაც თურქეთში გადავიდა თანხის დასაგროვებლად, მაგრამ რამდენიმე დღეში დაურეკეს გემი გადისო და ვეღარ წავიდა“, – გვიყვება გულვარდი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: