მთავარი,სიახლეები

რატომ გადაყარეს მშობლებმა ჭიების წამალი

24.10.2016 • 14272
რატომ გადაყარეს მშობლებმა ჭიების წამალი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ანტიჰელმინთურ პრეპარატს „ვერმოქსს“ არიგებს. ცენტრის ინფორმაციით, მედიკამენტი მშობლებს უფასოდ ურიგდებათ. ანტიჰელმინთური მედიკამენტის დარიგების საჭიროება კვლევებმა განაპირობა, რითაც დადგინდა, რომ „საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 30 პროცენტი ჰელმინთებით (პარაზიტული ჭიებით) არის დაავადებული“. მედიკამენტი ზოგიერთმა მშობელმა შვილებს არ დაალევინა, ზოგიერთმა კი გადაყარა.

„მასწავლებელმა მომცა ერთი ტაბლეტი. მითხრა ანალიზი აუღე და თუ სჭირდება, მაშინ დაალევინეო. არ მიმიცია ბავშვისთვის, რადგან მეზობელმა მითხრა, ჩემი დისშვილი მაგ წამლით მოიწამლაო. შემეშინდა, რაიმე რეაქცია არ მოეხდინა და აღარ დავალევინე. თანაც ჭიის წამალს რომ აძლევ, დიეტა უნდა დაიცვა, ცხიმიანი საკვები არ შეიძლება“, – გვეუბნება ხელვაჩაურში მცხოვრები მანანა შავაძე.

კიდევ ერთი მშობელი ამბობს, რომ წამალი გადააგდო, რადგან მისი თქმით, „ბავშვები იწამლებიან“.

ერთ-ერთი ბავშვის მშობელი გვეუბნება, რომ მისი შვილი ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში დადის. ანტიჰელმინთური წამალი მას ბაღის მასწავლებელმა მისცა და არა ექთანმა. „პარკიდან ამოიღო და ხელში ჩამიდო. არც პინცეტი გამოუყენებია და არც რაიმეში შეუფუთავს. მე ვიცი, რომ ჭიის წამლის მიღების შემდეგ არ შეიძლება რძის ნაწარმის მიღება. ბავშვს დილით წამალს რომ მივცემ, მერე კი ბაღში რძიან ფაფას მისცემენ, ხომ შეიძლება გული აერიოს? სხვა მშობლებმა არ დაალევინეს და არც მე მიმიცია“, –  გვეუბნება მშობელი.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, ანტიჰელმინთური მედიკამენტი „ვერმოქსი“ იმ პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც დიეტის დაცვა არ სჭირდება. ცენტრში თქვეს, რომ მედიკამენტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს მიაწოდეს და მშობლებისთვის მათ უნდა მიეცათ ინსტრუქციები.

ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგე ნანა თედორაძე ამბობს, რომ მშობლებს, ვინც მედიკამენტის წაღების სურვილი გამოთქვა, წამალი ხელწერილით გაატანეს.

„ჰიგიენური ნორმები წამლის დარიგების დროს დაცული იყო. წამალს ექთანი არიგებდა და ვისაც არ მიჰქონდა, არავის დაუძალებია. ეს ნებაყოფლობითია“, – მბობს ბაღის გამგე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მათთან წამლის ანოტაციაც დატოვა: „არ უთქვამთ, რომ დიეტა იყო საჭირო ან ანალიზები. გვითხრეს, პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია წელიწადში ერთხელ 5-დან 6 წლამდე ბავშვებმა მიიღონო“.

მე-13 საბავშვო ბაღის გამგე ნატო კუნჭულია კი ამბობს, რომ ბავშვებს ანალიზები წამლის დარიგებამდე აუღეს. „ანალიზები აიღეს წინასწარ და ყველა მშობელმა იცოდა, რომ დილით უზმოზე უნდა მიეცათ ბავშვებისთვის“.

იმავეს გვეუბნება ხელვაჩაურის 32-ე საბავშვო ბაღის გამგე დალი სირაბიძეც, სადაც მშობლები ამბობდნენ, რომ წამლის გამოყენების შესახებ კარგად არ იყვნენ ინფორმირებული. „პრეტენზია აქვს ვინმეს? არ ვიცი, წამალი ყველა მშობელმა აიღო“, – გვეუბნება ის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ „ვერმოქსის“ გამოყენების შესახებ ინფორმაცია მშობლებს საბავშვო ბაღში უნდა მიეღოთ. ცენტრის ექიმი, ეპიდემიოლოგი, პარაზიტოლოგი ია დავითაძე ამბობს, რომ მედიკამენტი უსაფრთხოა და ის გართულებებს თითქმის არ იწვევს.

„პარაზიტული ჭიები უფრო მეტ ზიანს აყენებს ბავშვის ორგანიზმს, ვიდრე მისგან გამოწვეული უმნიშვნელო ალერგიული რეაქცია“, –  გვეუბნება ის.

ია დავითაძის თქმით, მედიკამენტის დარიგება გათვალისწინებული იყო გასულ წელსაც. „გამოკვლევები საქართველოს მასშტაბით ჩატარდა შარშან წინ და ჭიებით ინვაზირება გამოკვლეული ბავშვების 30 პროცენტში გამოვლინდა. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით, საქართველოსთვის გამოიყო ეს მედიკამენტი, რომელსაც ახლდა უამრავი ინსტრუქცია“.

პარაზიტოლოგის განმარტებით, „ვერმოქსი“ შვიდი სახეობის პარაზიტზე მოქმედებს, „განსაკუთრებით ენტერობიოზზე, რამელიც გამოვლინდა ბავშვებში კვლევის შედეგად“.

ია დავითაძის თქმით, აღნიშნული მედიკამენტი მხოლოდ 5-დან 9 წლის ასაკის ბავშვებისთვის გაიცემა: „მშობლების ინფორმირება უნდა მომხდარიყო საბავშვო ბაღებში და სკოლებში. ჩვენ მათ მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. ეს არ არის მედიკამენტი, რომელიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღება. ბავშვს წამალი ზიანს არც იმ შემთხვევაში მიაყენებს, თუ ჰელმინთებით არ არის დაავადებული. არც დიეტა სჭირდება.“

წამლის განმეორება ორი კვირის შემდეგ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ მკურნალობის მიზნით ვაძლევთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მედიკამენტი რეგიონებში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაარიგა. „აჭარისთვის 39 ათასი აბია განკუთვნილი“, – გვეუბნება ია დავითაძე.

მედიკამენტების დარიგება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სექტემბერში დაიწყო და ისევ გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: