სიახლეები

ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]

27.10.2016 • 2362
ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]

28 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

ღონისძიებები ევროპის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

14:00 სოფლის ტურიზმის ფესტივალის გახსნა ცეკვა განდაგანით

14:00 – 19:00 სოფლის პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა, ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა, თემატური კონკურსები

14:30- 18:00 მაღალმთიან აჭარაში წარმოებული რძის პროდუქტებისა და კერძების დაგემოვნება ( კაიმაღი, ბორანო, სინორი, აჭარული მდნარი ყველი , ლუდის ყველი, ყურუთი და სხვა)

15:00-17:00 აჭარის საოჯახო ღვინის მარნების კუთხის გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის გამოხდის პროცესის ნახვა

16:00 -19:00 ადგილობრივი თამბაქოს დაჭრის და გოდრის დაწვნის პროცესის ჩვენება

16: 30 – 18:30 მასტერკლასი ქსოვაში, დართვასა და მატყლის ჩეჩვაში

16:00- 20:00 მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ტრადიციული ტკბილეულის პრეზენტაცია – დაგემოვნება

19:00 -21:00 ჯგუფი ASEA SOOL

21:00 – 23:00 ჯგუფი „ეგარი“

ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედნიდან ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მუზეუმში შესვლის მსურველებს ტრანსპორტი დღის ორი საათიდან საღამოს 6 საათამდე, ხოლო ღვინის სახლის სტუმრებს ორი საათიდან ხუთის ნახევრამდე მოემსახურება. ტურისტული ობიექტებზე შესვლა უფასოა და ისინი სტუმრებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობენ.

ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელვაჩაურში, ღია ცის ქვეშ 3000 კვ.მ.-ზეა განთავსებული. მასში აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების ამსახველი ნივთები და მასალებია 15-ზე მეტ თემატურ სივრცეშია წარმოდგენილი. მუზეუმში შესვლა დილის ათის საათიდან საღამოს 6 საათამდე იქნება უფასო.

რაც შეეხება აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლს, ის ქობულეთში მდებარეობს. ღვინის სახლში 15:00 საათიდან სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება ერთსაათიანი სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი ღვინის სახლში არსებულ ყველა სერვისს გაეცნობიან, მონაწილეობას მიიღებენ თონის პურის დაცხობასა და ჭაჭის გამოხდაში. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის სახლში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და საბძოლო ხელოვნების შოუ, რომელსაც „შავფაროსნები“ წარმოადგენენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალის ბიუჯეტი წელს 98 000 ლარია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: