მთავარი,სიახლეები

საკრებულო თანახმაა გაზბეტონის ქარხანა ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიზე აშენდეს

25.10.2016
საკრებულო თანახმაა გაზბეტონის ქარხანა  ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიზე აშენდეს

საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ე.წ. გაზბეტონის ქარხნის მშენებლობაზე საკრებულო თანახმაა. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სახლები უნდა აშენებულიყო, ინვესტორი ე.წ. გაზბეტონის ქარხნისა და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობას გეგმავს.

ნაკვეთი [30 000 კვ/მ] შემდგომში პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უკვე გადაეცა. სააგენტოს უფროსის ირაკლი ჩიდრაშვილის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ გაზბეტონის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას, სამაცივრე მეურნეობის შესაბამისი ინფრატრუქტურის მოწყობას და შვიდი მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ბენზეს დასახლებაში ქარხნის მშენებლობით შპს „ვიქტორია გაზბეტონია“ დაინტერესებული. კომპანიის დირექტორი და 75% -ი წილის მფლობელი უკრაინის მოქალაქე ვიქტორია ვარლამოვაა, ხოლო მისი პარტნიორი და კომპანიის 25%- ის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ბეგლარ ანუშიძე. რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2016 წლის ივნისში დააფუძნეს.

წერილის მიხედვით, რომლითაც კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა, ინვესტორი სამომავლოდ, ასევე, ხის პადონების დამამზადებელი საამქროს მოწყობას გეგმავს, რომელიც დაამზადებს ტარას არამხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციის შესაფუთად, არამედ სარეალიზაციოდ. ასევე დაგეგმილია პლასტმასის ყუთების წარმოება, რომლებიც გამოიყენება ხილ-ბისტნეულის შესაფუთად.

ამ ტიპის საწარმოს მშენებლობასა და შემდგომში ფუნქციონირებაზე მხოლოდ მერიის ნებართვა საკმარისი არ არის. საქართველოს კანონმდებლობა მსგავსი პროექტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას და გარემოს დაცვის სამინისტროსგან თანხმობას ითვალისწინებს. არსებობს თუ არა ასეთი ნებართვა ჯერ არავინ იცის. თუმცა, დღეს ბათუმის საკრებულოს უმრავლეობა ნაკვეთის გადაცემა, მისი შემდგომი გასხვისებისა და „გაზბეტონის“ ქარხნის მშენებლობის პირობით, მაინც დათანხმდა. წინააღმდეგ ხელი მხოლოდ ოპოზიციამ აწია.

ბათუმის საკრებულო ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის საკრებულო
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: