კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

„აი ჩემი საქართველო!“

27.10.2016 • 3569
„აი ჩემი საქართველო!“

„აი ჩემი საქართველო!“ – ასეა დასათაურებული პირველი კლასის მუსიკის რვეულში საქართველოს რუკა. რუკაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე დატანილია ტერიტორიები, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნების შემადგენლობაშია, მაგალითად: შავშეთი, ლაზეთი და საინგილო.

ყოფილი ლაზეთი და შავშეთი, საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებით, დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში შედის, საინგილო კი – აზერბაიჯანის.

რამდენად სწორია, როცა პირველ კლასიდანვე არასწორ ინფორმაციას ვაწვდით ბავშვებს? – განათლების ექსპერტის რეზო აფხაზავას შეფასებით, თუკი სხვა ქვეყანაც იგივეს გააკეთებს საქართველოსთან მიმართებაში, ეს გაუმართლებელი იქნება.

„სხვამ რომ იგივე გააკეთოს, ნამდვილად არ გვესიამოვნება, ამიტომ ჩვენც იგივეს არ უნდა ვაკეთებდეთ. მით უმეტეს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ერთ ამბავს ვტეხთ, როცა ამ ტერიტორიებს არ უთითებენ, როგორც საქართველოს ტერიტორიას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ლაზეთი, შავშეთი და საინგილოც სხვა ქვეყნების – თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ჩვენი სახელმწიფო აღიარებს ამას. ამიტომ, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.

როცა ამ ტიპის ინფორმაცია არის სახელმძღვანელოში მოცემული, იქვე უნდა იყოს განმარტება, რომ ეს საზღვრები, ვთქვათ, არის გასული საუკუნის, ან ამა და ამ წლის.

სახელმძღვანელოების აქამდე არსებული გრიფირების წესი არ იყო მოქნილი და არ ითვალისწინებდა წიგნების რევიზია-რეცენზირებას. ამ წიგნებს გარე შეფასება საერთოდ არ ჰქონდა. შესაბამისად, ბევრი შეცდომა იპარებოდა, რადგან არ კითხულობდნენ სპეციალისტები.

გრიფირების ახალი წესის შემუშავებისას, სპეციალისტებს გვთხოვეს კომენტარები და  ჩვენც გადავუგზავნეთ, რომ მაქსიმალურად გახსნილი იყოს პროცესი. გარდა ამისა, საგნობრივი სახელმძღვანელო, იქნება ეს ისტორია თუ მათემატიკა, თუკი არსებობს ასეთი, მასწავლებლის საგნობრივ ასოციაცებს უნდა გადაუგზავნონ შესაფასებლად“.

რვეულის ავტორი, სადაც საქართველო „გაფართოებული საზღვრებშია“ დატანილი, მაია ოთიაშვილია.

სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არის გრიფირებული, 2016 წელსაა დაბეჭდილი.

პირველი კლასის მუსიკის სამუშაო რვეული

პირველი კლასის მუსიკის სამუშაო რვეული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: