Batumelebi | პედაგოგის მიერ ქალის ცემა სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა პედაგოგის მიერ ქალის ცემა სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა – Batumelebi
RU | GE  

პედაგოგის მიერ ქალის ცემა სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შუქრი ბრუნჯაძის საქმეზე. მას ქალის ცემა და სხვისი ნივთის დაზიანება დაუდასტურდა. შუქრი ბრუნჯაძე ხულოში, სოფელ ძმაგულას სკოლის პედაგოგია. ის ამ არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ბლოკიდან კენჭს ხელვაჩაურის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა.

საქმის მასალის მიხედვით, შუქრი ბრუნჯაძემ მეზობლებთან დაპირისპირების დროს, საბურავის მოსახსნელი ქანჩით მიაყენა ფიზიკური ტკივილი მეზობლად მცხოვრებ ქალს, ამავდროულად დააზინა სხვისი მანქანის საქარე მინები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, ქალის ცემის ფაქტი შუქრი ბრუნჯაძეს არ დაუდასტურა ხელვაჩაურის სასამართლომ. მოსამართლე ლეილა გურჩიანმა მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც “გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”.

“ეს ნიშნავს იმას, რომ როცა მტკიცებულება ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ბრალდებულის სასარგებლოდ. ამ სტანდარტის დაცვით იმოქმედა ხელვაჩაურის სასამართლომ,” – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის მიიჩნევს, რომ ქუთაისის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეს ახალი მტკიცებულება არ დამატებია და მოსამართლე ვერა დოლიძეს არ დაუსაბუთებია, რას დაეყრდნო გამამტყუნებელი განაჩენი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გარდა.

ხელვაჩაურის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა შუქრი ბრუნჯაძე სხვისი ნივთის  – მანქანის საქარე მინების დაზინების ნაწილში. ადვოკატი თვლის, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა არ გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც ზარალის ოდენობა მხოლოდ 140 ლარია: “მხოლოდ სამოქალაქო წესით შეიძლებოდა ედავა მხარეს ზიანის ანაზღაურებაზე. ეს არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული” .

თავად შუქრი ბრუნჯაძე არ გამორიცხავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდებოდეს. “ფაქტია, რომ ახალი მტკიცებულება არ დამატებია საქმეს და ისე გამამტყუნა ქუთაისის სასამართლოში ვერა დოლიძემ. ის პროკურორ დავით ხარძეიშვილის კურსელია. პროკურორის ინტერესი იყო ჩემი დასჯა,” – ამბობს შუქრი ბრუნჯაძე “ბათუმელებთან”. ის ადასტურებს მეზობლებთან დაპირისპირებას, თუმცა ქალის ცემას გამორიცხავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ცემის გამო შუქრი ბრუნჯაძე 1000 ლარით დააჯარიმა. მხარეს ჯერ არ ჩაბარებია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. შუქრი ბრუნჯაძე მიიჩნევს, რომ მისთვის, როგორც დამსახურებული პედაგოგისთვის, ასეთი გადაწყვეტილება შეურაცხმყოფებელია და აუცილებლად მიმართავს ზემდგომ ინსტანციას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი