მერიის წინ, გორგილაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოპედს დაეჯახა. მოპედის მძღოლი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს კეფის არეში ჰქონდა ნაფლეთი ჭრილობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს.
რას ფიქრობენ პედაგოგები განათლების მინისტრის მოსაზრებაზე, რომ გამოცდები არ უნდა იყოს მასწავლებლისთვის სავალდებულო? რა ზიანი ადგება განათლების სისტემას დაუსრულებელი რეფორმებით და რამ უნდა განსაზღვროს პედაგოგის კომპეტენცია? თემაზე „ბათუმელებთან“ საჯარო სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს.
ქეთევან გიორგაძე უფროსი კატეგორიის ლიტერატურის მასწავლებელია ბათუმის #6 საჯარო სკოლაში. ის მიიჩნევს, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს თავისი საგანი და არც საგნის ჩაბარება არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. „ჩემი აზრით, საშუალო დონის პედაგოგს მისი ჩაბარება უნდა შეეძლოს, მაგრამ არ უნდა იყოს იერიში მასწავლებელზე – „თუ არ ჩააბარებთ, გაგყრით სკოლიდან“…
ქეთევან გიორგაძის აზრით, როცა პედაგოგი იძულებულია მხოლოდ ხელფასისთვის აკეთოს ის, რაც მის ძალებს აღემატება, ის ვერ შეძლებს კარგი გაკვეთილის ჩატარებას. მეტიც, პედაგოგი, რომელსაც მაღალ კვალიფიკაციასა და ნაყოფიერ გაკვეთილებს სთხოვენ, დღეში სამ გაკვეთილზე მეტს არ უნდა ატარებდეს. „მასწავლებელი გაკვეთილზე ცოცხალი, ენერგიული უნდა იყოს და ასეთი ვერ იქნება, თუკი ის დღეში ხუთ-ექვს გაკვეთილს ატარებს. მაღალი ხარისხის გაკვეთილის ჩატარებისთვის პედაგოგს ანაზღაურებაც მაღალი უნდა ჰქონდეს.“
„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ახერხებენ ამას ის მასწავლებლები, ვინც სქემის მიხედვით წარმატებულად მიიჩნევიან, ქეთევან გიორგაძე ამბობს, რომ ადამიანი ინდივიდუალური არსებაა და ვიღაც ახერხებს, ვიღაც ვერა: „მეც ვცდილობ ბევრი რამ მოვახერხო, თუმცა ეს კიდევ ცალკე საკამათო თემაა.“
ქეთევან გიორგაძის აზრით, დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის ყველაზე დიდი ხარვეზი არასისტემურობაა: „განათლება შინაგან ნათელს ნიშნავს. მე მომეწონა მინისტრის მოსაზრება, როცა მან თქვა, რომ ბავშვის აღზრდა შიგნიდან უნდა დავიწყოთო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისიც წინააღმდეგობაშია, – ვერც სამინისტრო ჩამოყალიბდა ზუსტად რა უნდა, რა მიმართულებას ირჩევს.
ჯერ სახელმწიფომ განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები და როცა ვიღაც ნათლად გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, გავიგებთ და გავაკეთებთ. დაიწყება რეფორმა – შეწყდება, დაიწყება – შეწყდება, ამ ყველაფერს ჩამოუყალიბებელი და იმპულსური სახე აქვს. მინდა ვხედავდე, რომ როცა რამეს მასწავლი, მისი ზუსტი ადაპტირება კი არ უნდა მომთხოვო, შემოქმედებისთვისაც უნდა დამიტოვო ადგილი. ჩემმა თაობამ ბევრი რეფორმა გამოიარა, მაგრამ ბოლომდე არც ერთი არ მისულა“.
ქეთევან გიორგაძის თქმით, ყველაზე მეტ პრობლემას სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოუყალიბებლობა ქმნის: „სახელმწიფო პოლიტიკის აბსურდულობაა ის, როცა ვერ ერკვევი რას გთხოვენ. ჩავაბარე ერთი გამოცდა, შემდეგ ამან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ჩაბარებული მაქვს უნარების გამოცდაც, მაგრამ ბევრი რამ აქაც იყო ხელოვნური. კალკირებული, არაბუნებრივი ენით დაწერილი და ჩვენ გონებაში გვიხდებოდა მისი „თარგმნა“, შინაარსი რომ გაგვეგო. შემდეგ შემოვიდა საგნობრივი გამოცდა – ჩავაბარეთ. ახლა გვეუბნებიან, რომ არც ეს არის საჭირო, ტრენინგები საკმარისიაო. ცხადია, დაბნეული ვარ და ნიჰილისტურად რომ ვიყო განწყობილი ამ ცვლილებების მიმართ, ესეც ბუნებრივია“.
ქეთევან გიორგაძის აზრით, იმისთვის, რომ ხარისხიანი საგანმანათლებლო სისტემა გვქონდეს, საჭიროა თანმიმდევრული და გააზრებული რეფორმები, პედაგოგის კომპეტენციის შეფასებისა და გავნითარების სქემაში კი – ოქროს შუალედის გამონახვა: „ალბათ, უნდა იყოს გამოცდაც, ტრენინგიც, მაგრამ არა მასწავლებლის ტერორი“.
ლელა თედორაძე ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელია. მისი აზრით, კარიერული ზრდა პედაგოგისთვის აუცილებელია, თუმცა „არა ასე მკაცრად, არამედ იოლ ფარგლებში“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს სიმკაცრეში, ლელა თედორაძე ამბობს, რომ საგნობრივი გამოცდების პროცედურა პედაგოგისთვის დამთრგუნველია:
„გამოცდაზე პირველად რომ გავედი, თავი ციხეში მეგონა. სამსაათიანი გამოცდა, მეთვალყურე, კამერები… პროფესიული უნარების გამოცდა ჩავაბარე, საგნობრივი – ვერა. შემდეგ აღარ გავედი, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს რა არის პედაგოგის განვითარებისთვის საჭირო, როგორ უნდა დადგინდეს კომპეტენციის ზღვარი უფრო ეფექტურად და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე“.
პედაგოგის აზრით, მასწავლებლის კომპეტენცია იმით განისაზღვრება, აქვს თუ არა მას გაკვეთილზე ინტერაქტივი. „ჩართული ჰყავს თუ არა მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში, ბავშვები გისმენენ და გპასუხობენ თუ არა, როგორია შედეგი… სოფლის სკოლა გვაქვს, მაგრამ გვყავდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც სკოლის ცოდნით ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში და გრანტიც აიღეს“.
ლელა თედორაძის აზრით, პედაგოგის კომპეტენციის დასადგენად სხვადასხვა მიდგომა უნდა არსებობდეს, თუმცა რა მიდგომებია მისთვის მისაღები, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს: „უნდა მოვიფიქროთ, რადგან გამოცდებით მასწავლებელი ითრგუნება და თავის თავში აღარ არის დარწმუნებული“.
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთინო რუსია ბევრი კოლეგის მსგავსად მიიჩნევს, რომ პედაგოგის განვითარება აუცილებელია, თუმცა კარიერულ სქემაში ბევრი რამ არის დასახვეწი. „2016 წლის მაისში გავიარე ხუთკრედიტიანი ტრენინგები, ჩაბარებული მაქვს საგნობრივი გამოცდაც. სექტემბრისთვის ველოდებოდი, რომ მივიღებდი უფროსი მასწავლებლის სტატუსს და მომემატებოდა ხელფასი. თუმცა, ახლა მეუბნებიან, რომ 2017 წლის მაისამდე ვერ მივიღებ. ხელოვნურად აჭიანურებენ, რომ ეს კრედიტი არ ავიღო“, – გვეუბნება პედაგოგი.
რაც შეეხება საგნობრივ გამოცდებს, ქეთინო რუსიას აზრით, პროფესიონალი პედაგოგისთვის გამოცდა ბარიერს არ უნდა წარმოადგენდეს:
„აქ არაფერია ისეთი, რომ პროფესიონალმა ვერ ჩააბაროს. ის, რაც მოცემულია საგამოცდო საკითხებში, მასწავლებელმა ყველა უნდა იცოდეს. თუმცა, მიმაჩნია, რომ მასწავლებლის ყველაზე კარგი შეფასება გაკვეთილზე დასწრებაა„.
პედაგოგს მიაჩნია, რომ განათლების ხარისხი მხოლოდ მასწავლებელზე არ არის დამოკიდებული, არამედ პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზეც: „საშინელი და გაუგებარი სახელმძღვანელოებია. ვხსნი გაკვეთილს – მოსწავლე ამბობს, რომ ხვდება; მეორე დღეს კი მეუბნება, სახლში რომ წავიკითხე, ვერაფერი გავიგეო. ასე მეორდება ყველა კლასში. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ყველაფერი დასახვეწია. რეფორმები მარტო მასწავლებელზე კი არა, მოსწავლეზეც უნდა იყოს ორიენტირებული“.
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, გამოიდარა.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით არც ერთ სოფელში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, ასევე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
„ძირითადი პრობლემა გვაქვს გზებზე, ყველა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ერთ დღეში ვერ მოვასწრებდით. დღესაც და ხვალაც გაიწმინდება გზები, ძირითადად დარჩენილია სხალთა-ფუშრუკაულის მიმართულებით არსებული მაგისტრალი, მეკეიძეები, ქედლები რიყეთისა და დიოკნისის; ხიხაძირის ხეობას რაც შეეხება, დარჩენილია მხოლოდ სკვანასა და კალოთის მიმართულება და ესეც გაიწმინდება,“ – აცხადებს გამგებელი.
ბესიკ ბაუჩაძის თქმით ხულოს მუნიციპალიტეტის არც ერთ სკოლაში და საბავშვო ბაღში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა და ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში ზვავსაშიში ვითარება არ არის.
რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ზოგან -10 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა, ელექტროენერგია ყველა სოფელს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება: „ამ დროისთვის წაბლანაში, ინწკირვეთში, ნაღვარევსა და ზემო ხევის ცენტრებში შემავალი გზები იწმინდება, აღნიშნულ სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს, ამიტომ ტექნიკასაც უჭირს მუშაობა, მაგრამ ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა სრულად ხვალ გაიწმინდება.“
გამგებლის ინფორმაციით შუახევში არც ერთ სკოლაში და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, ამ დროისთვის არც ზვავსაშიში ვითარება ფიქსირდება.
2017 წლიდან „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამა აჭარის ბიუჯეტიდან [არსებული პროექტის მიხედვით] აღარ დაფინანსდება. ამ პროგრამას მუნიციპალიტეტებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა. პროგრამის მიზანი იყო სოფლის მოსახლეობისთვის მედიცინის დის დონეზე ექიმამდელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდება.
აჭარის მთავრობის განცხადებით „თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სამედიცინო საქმიანობას კოორდინაციას უწევს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის სოფლის ექიმები. თემის სამედიცინო პუნქტების შენობა-ნაგებობები [გარდა სკოლის შენობებისა] და აღჭურვილობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მუნიციპალიტეტები ფარავენ მათ კომუნალურ ხარჯებს, ამარაგებენ საწვავით [შეშით]. საჭიროებისას ახორციელებენ მათ რეაბილიტაციას და აღჭურვას. თემის სამედიცინო პუნქტების მედდებისაგან მომსახურების შესყიდვა და მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინებით. მედდების ყოველდღიურ საქმიანობაზე ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი უწევს. აქედან გამომდინარე სამინისტრომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ 2017 წლიდან ზემოაღნიშნული ქვეპროგრამა განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა“.
მთავრობა მიიჩნევ, რომ ეს „გააუმჯობესებს პროგრამის მართვას, მის განხორციელებაზე კონტროლს, კადრების ადგილზე შერჩევა/დანიშვნის საკითხსა და ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა უფლებების დაცვას. სამინისტრო დაიტოვებს ვალდებულებას, გაუწიოს მუნიციპალიტეტებს ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარება პროგრამის მართვის საკითხებში, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს სამედიცინო მომსახურების მიმდინარეობის საქმიანობის მონიტორინგში“.
„ქვეპროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემასა და მართვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა. მუნიციპალიტეტების 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების პროექტებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული პროგრამა“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში გაგზავნილ წერილში.
„სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება“ 2015 წელს 750 600 ლარით იყო დაფინანსებული აჭარის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს კი – 783 400 ლარით.
„სტრატეგიული განვითარების სამსახური“, – ამ სახელწოდებით ახალი სამსახურისა და შესაბამისად შტატების დამატებას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] ითხოვს. ახალმა სამსახურმა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მოხელეების განათლებისა და უსკოს შესაძლებლობების გაზრდაზე უნდა იმუშაოს.
ამჟამად უსკოს ყოველწლიური ბიუჯეტი [საარჩევნო წლის გარდა] ნახევარ მილიონზე მეტია და იგი მიმდინარე წელს 582 500 ლარს შეადგენს. თუკი უსკოს მოთხოვნას უმაღლესი საბჭო დააკმაყოფილებს, ამ უწყების დაფინანსება წელიწადში 627 200 ლარი იქნება. შესაბამისად, უსკოში დასაქმებულთა რაოდენობაც 19-დან 21-მდე გაიზრდება.
„აქამდეც ვამბობდი, რომ უსკომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს განათლების ფუნქცია. ეს სამსახური უზრუნველყოფს სასწავლო ტრენინგების ჩატარებას, შეადგენს მოდულებს, ასევე უნდა იმუშაოს გრანტების მოძიებაზე, რაც მოხმარდება უსკოს შესაძლებლობის გაძლიერებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უსკოში ამჟამად დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ ამ მიმართულებით საჭირო გამოცდილება.
რატომ არ შეიძლება უსკომ არსებული რესურსი გამოიყენოს, როცა არჩევნებიდან არჩევნებამდე უსკო ფაქტობრივად უფუნქციოდაა, ან რატომ არ შეიძლება გამოცხადდეს რეორგანიზაცია და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები ისე შეირჩეს, რომ ამას შტატების გაზრდა არ დასჭირდეს? – კითხვაზე პარმენ ჯალაღონიამ გვითხრა, რომ რეორგანიზაციაზეც იფიქრებს, თუკი უმაღლესი საბჭო შტატების გაზრდაზე უარს ეტყვის: „ეს უფრო რთული გზაა, მაშინ მინიმუმ სამი სპეციალისტი უნდა გავუშვა სამსახურიდან… ამას შესაბამისი დასაბუთება დასჭირდება“.
უმაღლესი საბჭო უსკოსთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს გადაწყვეტს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 12-18 დეკემბერს, ამავე სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 931 ფაქტი გამოვლინდა.
„შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7 353 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 64 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 103 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 764 შემთხვევა“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ა.ტ. მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს 199 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ 2400 ლარად მიჰყიდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 აბი „ექსტაზი“ და 3 აბი „მდმა“ ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და 40 აბი „ექსტაზი“.
საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 252 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
„გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 20 დეკემბერს დაიწყო. გიორგი ქართველიშვილი 1998 წლიდან პატიმარია. 2012 წელს გათავისუფლებამდე ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი, როცა სასჯელი რვანახევარი წლით გაუზარდეს – გიორგის ციხის ადმინისტრაციისთვის საქმიანობის ხელის შეშლა დაუდასტურა სასამართლომ.
„ვასაჩივრებთ სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მეოთხე ნაწილს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ეს ზომა არასამართლიანია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რომელიც კრძალავს არაჰუმანური სასჯელის გამოყენებას,“- ამბობს ადვოკატი მერაბ ქართველიშვილი.
იურისტის შეფასებით, კანონის ამ ნორმას წინა ხელისუფლება იყენებდა აქტიურად: „როცა არ უნდოდა გარეთ გამოსულიყო კონკრეტული ადამიანი, შეგნებულად შეეძლოთ მოეწყოთ მსგავსი სიტუაცია. ეს საფრთხე იარსებებს ყოველთვის, ვიდრე კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, მოითხოვენ ჩხერეკას საკანში და თუკი პატიმარი ამაზე უარს იტყვის, შესაძლოა, იგივე განაჩენი გამოიტანოს სასამართლომ“.
გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმა რვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს პენიტენციურ დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობისთვის არაერთგზის ხელის შეშლის შემთხვევაში.
გიორგი ქართველიშვილის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.
დღეს, 20 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოხალისე ახალგაზრდებმა სირიაში, ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორის, გიორგი ბოლქვაძის განმარტებით, მსგავსი აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება.
„ჩვენი აქციის მიზანია სოლიდარობა გამოვუცხადოთ ალეპოში ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის სტრუქტურებს, რომ თავადაც გამოხატონ სოლიდარობა, ასევე ვთხოვთ პარლამენტს, რომ ალეპოში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნას ფონდი, გარდა ამისა, ვთხოვთ ბათუმის მერიას, რომ დროებით სოლდარობის ნიშნად ჩააქროს საახალწლო განათებები, რითაც მათი პოზიცია გარკვეულწილად დაფიქსირებული იქნება.“ – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.
ალეპო, რომელიც ოდესღაც სირიის სახელმწიფოს ინდუსტრიული ცენტრი იყო, უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებსა და მის წინააღმდეგ აჯანყებულებს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამ ქალაქში დაბომბვის შედეგად განადგურებულია სკოლები, საავადმყოფოები და ყველა სხვა დაწესებულება. სირიის სამოქალაქო ომში, გაეროს ერთ-ერთი ბოლო მონაცემით, 400 ათასი ადამიანი დაიღუპა.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საქმეს განიხილავს. მოდავე მხარეები ამ დრომდე ერთ ოჯახში ცხოვრობენ: მანანა დ.-მ და ომარ წ.-მ დაახლოებით 10 წლის წინ გააფორმეს სამისდღეშიო ხელშეკრულება, რაც იმას გულისხმობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ომარი მანანას რჩენის ვალდებულებას იღებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მანანას საცხოვრებელ ბინას ომარი მიიღებდა წერეთლის ქუჩაზე.
მანანა დ. ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს. „თვითმხილველი ვარ, ეს ბატონი არის თათღლითი… მან რამდენჯერმე იძალადა მანანაზე და პოლიციის მესამე განყოფილებამ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა კიდეც“, – მიმართა მოსამართლეს ჟანა გ.-მ. ის მანანას ინტერესებს იცავს სასამართლოში. თავად მანანა სასამართლო პროცესს დღეს არ დასწრებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმეების თანდასწრებით მივიდა ომარ წ. თქვა, რომ ბინაში წლების წინ არც კი იცხოვრებოდა, ბანკიდან სესხი, 6 ათასი ლარი გამოიტანა და ამით გაარემონტა ბინა. ირწმუნება, რომ საკვებით, შეშით და მედიკამენტებით უზრუნველყოფს მანანას და მისი პრეტენზია სამართლიანი არ არის.
„საჩივრის მიზეზი არის ის, რომ ეს ქალი ეჭვიანობს ომარზე, მოითხოვს მასთან ინტიმურ ურთიერთობას,“ – უთხრა მოსამართლეს ომარის ადვოკატმა, ირაკლი ზაქარიაძემ. ადვოკატის თქმით, საქმე არსებითად უნდა განიხილოს სასამართლომ და გაირკვეს, ვინ არ შეასრულა სამისდღეშიო ხელშეკრულების პირობა.
„მე ვარ მანანას რეალური შვილი. 18 წლის ვიყავი, როცა დედა გავიცანი“, – გვითხრა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟანა გ.-მ. მისი თქმით, ის დაბადებისთანავე გააშვილეს და ბიოლოგიური დედა მას შემდეგ გაიცნო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა: „ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები ვართ. დედა გავიცანი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მიმიღო… არ უნდოდა ჩემთან ერთად ცხოვრება. ასე გადაწყვიტა თვითონ, რომ ხელშეკრულება ამ კაცთან დაედო. ომარი თავის ცოლ-შვილთან ერთად მანამდე მანანასთან ქირით ცხოვრობდა. ფიზიკური ძალადობის ფაქტებს მეზობლებიც ადასტურებენ“.
ჟანა გ. ამჟამად მანანა დ.-ს ინტერესებს იცავს სასამართლოში. სხვა სამართლებრივი ურთიერთობა მას მანანა დ.-თან არ აქვს.
ელექტროენერგიის ტარიფი 2015 წელს 3,95 თეთრით გაიზარდა. მაშინ გაძვირების მიზეზად დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება დასახელდა. ლარი დოლართან მიმართებაში დღითი დღე უფასურდება. გადახედავენ თუ არა მომავალი წლისთვის დენის ტარიფს და როგორია სემეკის პოზიცია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ ისაუბრა.
ბატონო გოჩა, ბოლო დღეებია მედიაში ინტენსიურად საუბრობენ იმაზე, რომ სემეკი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპირებს. მიღებულია თუ არა დენის გაძვირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება?
დენის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით სემეკისგან არ წამოსულა საუბარი. სემეკი არასდროს არ ამბობს რა მოხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვიტყოდით.
ანუ სემეკში ამაზე არ მიდის საუბარი?
არა, მუშაობა მიდის, რადგან „თელასმა“ და „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ შემოიტანეს სატარიფო განაცხადები აგვისტოს ბოლოს და მათ განაცხადებზე ვმუშაობთ. ამ თვის ბოლოს არის სხდომა ჩანიშნული და ამ სხდომაზე დეპარტამენტი გამოიტანს საკითხს, წარმოადგენს თავის მოსაზრებებს ტარიფებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.
ენერგოკომპანიები რას ასახელებენ ტარიფის ცვლის მიზეზად?
ეს არის გეგმიური განხილვა, – ჩვენ ყოველ წელს ვითვლით ტარიფებს. შარშანაც გადავხედეთ, შარშანწინაც და მომავალ წელსაც გადაიხედება. კომპანიებმა იციან ამის შესახებ და შემოაქვთ სათადარიგო განაცხადები.
მაინც რამდენი თეთრით გაძვირებას ითხოვენ კომპანიები?
რთულია ჯერ ამაზე წინასწარ საუბარი, თუმცა, მოსახლეობისთვის დენის ტარიფის გაძვირება არ იკვეთება. კომერციულ ნაწილში ჩვენ სამი ძაბვის საფეხური გვაქვს და, შესაბამისად, სამივე ძაბვაზე მიმდინარეობს ცალ-ცალკე ანალიზი, მაგრამ როგორ იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. კომპანიებს ევალებათ დადგენილი მეთოდოლოგიით წარმოადგინონ სატარიფო განაცხადები ყოველწლიურად და კომისია ითვლის ამ ტარიფებს. თუ არის დასაკორექტირებელი ფასი, აკორექტირებს, თუ არა, ტოვებს იმავეს.
ტარიფის კორექტირება ლარის კურსს უკავშირდება, თუ სხვა მიზეზები სახელდება კომპანიების მხრიდან?
ჩვენ ტარიფს იმიტომ კი არ ვაკორექტირებთ, რომ ლარის კურსი იცვლება, ჩვენ მაინც დავაკორექტირებდით ტარიფს, ლარის კურსი რომც არ შეცვლილიყო. ეს ყოველწლიურად ხდება… რაღაც კომპონენტები მოქმედებს ტარიფზე თავისთავად, – იცვლება იმპორტის ფასი, ელექტროენერგიის წარმოების ფასი, ახლა ენგურს გაეზარდა ტარიფი. ეს ყველაფერი ახდენს გავლენას გამანაწილებელ კომპანიებზე. შესაბამისად, თუკი ტარიფის კორექტირება მოხდება, პირველი იანვრიდან შევა ძალაში და ერთი წლის ვადით იმოქმედებს.
კახა კალაძემაც განაცხადა, რომ ტარიფი არ გაიზრდება. ტარიფის მატება ან კლება სემეკის მიერ დადგენილ სტანდარტებზეა დამოკიდებული, თუ პოლიტიკურ ნებაზე?
არანაირი პოლიტიკური გავლენები არ არის კომისიაზე, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ითვლის სემეკი და ეს დამოკიდებულია მეთოდოლოგიაზე, რომელიც ასევე კანონის საფუძველზეა დამტკიცებული. მეთოდოლოგიაში გაწერილია ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა დაითვალოს ტარიფები და დეპარტამენტიც შესაბამისად ითვლის.
ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ლექციების კურსი თემაზე, – კულტურა და საზოგადოება“.
დღეს 20 დეკემბერს თემაზე, – „ადამიანის უფლებები და კულტურა“, ლექცია წაიკითხა გეორგ ლომანიმ. მეორე ლექციას კი თემაზე , – „თანამედროვე ხელოვნება და განვთარება“, ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე კითხულობს.
ლექციების კურსი გაგრძელდება ხვალაც. 21 დეკემბერს დაგეგმილია გეორგ ლომანის კიდევ ერთი ლექცია „ადამიანის უფლებები, განათლება და განვითარება“, დღის მეორე ნახევარში კი მამუკა ბერიაშვილის ლექცია „ისტორია როგორც კულტურული ფენომენი ჰეგელის ფილოსოფიის მიხედვით“.
ლექციების ციკლი 19 დეკემბერს დაიწყო, რომელიც განათლების მინისტრმა და პროექტის კოორდინატორმა ინგა შამილიშვილმა გახსნა. კულტურის თეორიაზე ლექცია წაიკითხა პროფესორმა თეო კუბიში და ფილოსოფოსმა თამარ ცოფურაშვილმა თემაზე , – „რელიგიურობა და კულტურული სამყარო“.
22 დეკემბერს კი უნივერსიტეტში დაგეგმილია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ლექციათა ციკლი „ტოლერანტობის სკოლა“, რომლის ფარგლებშიც თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას, „ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები“.
TDI საჯარო ლექციებს ატარებს საქართველოს ექვს უნივერსიტეტში, პროექტის „დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ.
ლექცია/დისკუსიებზე განხილული იქნება ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საკითხები.
TDI საჯარო ლექციის დამსწრეებს მიაწოდებს ინფორმაციას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ბლოგერების კონკურსის შესახებ. კონკურსისთვის „ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ჩემს რეგიონში არსებული გამოწვევები“ მონაწილეებს დაევალებათ ტექსტური ან მულტიმედიური ნამუშევრების მომზადება საკუთარ რეგიონში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გამარჯვებული. ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (პლანშეტი, წიგნის მაღაზიის ვაუჩერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ის ვებგვერდზე.
2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აჭარის მთავრობის აპარატში ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით 2 მილონამდე ლარი გაიცა. აქედან მილიონ 37 ათას 643 ლარი ხელფასის, 519 762 ლარი დანამატის, ხოლო 308 640 ლარი პრემიის სახით. ეს თანხა 118 თანამშრომელზე გადანაწილდა.
დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში აწერს, მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 2016 წლის 15 ივლისიდან ოქტომბრამდე სახელფასო სარგოს სახით 8 353, ხოლო დანამატის სახით 6 264 ლარი მიუღია. მის წინამორბედს, არჩილ ხაბაძეს კი, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია, 2016 წლის იანვრიდან 13 ივლისამდე ხელფასის სახით 21 120 ლარი, ხოლო პრემიის სახით 15 838 ლარი მიუღია.
აპარატის უფროსს გოჩა ჯაშს 2016 წლის პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე ხელფასისა და დანამატის სახით 7 454 ლარი მიუღია.
2016 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე დავით გაბაიძეს, აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ხელფასის სახით 14 016 ლარი, ხოლო დანამატის სახით 8 591 ლარი მიუღია. ის ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.
ინფორმაცია ხელფასის, პრემიისა და დანამტის შესახებ აჭარის მთავრობის აპარატში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვრმა რეზო ხარაზმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.
აჭარის მთავრობის აპარატში დასაქმებული 119 ადამიანის ხელფასებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 მილიონ 497 ათას 200 ლარია გათვალისწინებული, ხოლო მომავალი წლისთვის ეს თანხა იზრდება. აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 2 მილიონ 506 ათას 800 ლარია გაწერილი.
როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, აჭარის მთავრობა საპასუხო კომენტარს ამზადებს და მას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრი, ინგა შამილიშვილი წარუდგინა.
ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი დღემდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
,,ვფიქრობ, ინგა შამილიშვილი არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელ პირს მოეთხოვება: გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობა“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მინისტრის წარდგენისას.
დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც წარუდგნა სამინისტროს თანამშრომლებს.
ზაალ მიქელაძე პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. ბოლო წლებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის სამედიცინო კოორდინატორი. უფრო ადრე ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრები წარადგინა / აჭარის მთავრობის ფოტოები
,,ბატონი ზაალი ბოლო წლებია რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის აჭარის კოორდინატორი გახლდათ. მას ჰქონდა უშუალო შეხება მოსახლეობასთან, სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხალხთან. პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. იგი გახლავთ ძალიან მზრუნველი, გულისხმიერი ადამიანი. ვფიქრობ, ეს თვისებები პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად მას დაეხმარება წარმატებით გაუძღვეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, ეფექტურად განახორციელოს ჯანდაცვის სფეროში ბევრი სასარგებლო და საჭირო პროგრამა“- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა მინისტრის წარდგენისას.
მთავრობის ახალი შემადგენლობა აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დაამტკიცა. მთავრობაში განათლებისა და ჯანდაცვის გარდა კიდევ ორი მინისტრია – ლაშა კომახიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი და რამაზ ბოლქვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრი აკაკი ძნელაძე ისევ უმაღლეს საბჭოში დასაქმდა. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა. ამ კომისიას უმაღლეს საბჭოში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს.
ჯერ-ჯერობით შეთავაზებას ელოდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვის, შემდეგ კი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით მას გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განიხილავენ. ეს თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური რაც სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.
„მე ამ სფეროს კარგად ვიცნობ, რვა წელი ვიმუშავე გარემოს დაცვის მინისტრად აჭარაში და ვიცი რა პრობლემები გვაქვს ამ კუთხით. ამიტომაც, თუ შემომთავაზებენ რა თქმა უნდა დავთანხმდები“- უთხრა „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში ანზორ თხილაიშვილმა.
შეთავაზებას ელოდება ალექსანდრე ჩიტიშვილიც. ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ალექსანდრე ჩიტიშვილმა შესაძლოა დაიკავოს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდეობა აჭარის მთავრობის აპარატში.
შეთავაზებას არ ელოდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ირაკლი ჯაში: „ მე ვინ დამიძახებს 75 წლისა ვარ“.
„ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ვერ დაუკავშირდა. ავთანდილ ბერიძე ტელეფონს არ პასუხობს.
„მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელის განტვირთვის მიზნით საავტომობილო ხიდის მშენებლობა ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით მოითხოვს დასაბუთებას, რადგან აუცილებელია იქ არსებული მრავალსართულიანი ბინების ათვისება, ასევე ჩამოყალიბებული ურბანული ტერიტორიის გადაგეგმარება, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელება კვლევის საგანს წარმოადგენს“ – ესაა აჭარის მთავრობის პოზიცია, რომელსაც თანხა ბიუჯეტში არც ასეთი კვლევისთვის აქვს გათვალისწინებული.
მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელის განტვირთვისა და ხიდის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის აუცილებლობაზე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს შენიშვნებშია საუბარი.
„იმ შემთხვევაში, თუ სრულად ვერ მოხერხდება მშენებლობისათვის საჭირო თანხების გამოყოფა, სასურველია თუ მოხდება ხიდის მშენებლობის პროექტის დაფინანსება“ – აღნიშნული იყო 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს შენიშვნებში.
ბათუმში, მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელი შავშეთის ქუჩაზე, ავტოსადგურთან, ავტომანქანებით ერთ-ერთი გადატვირთული ადგილია ქალაქში, სადაც ხშირად იქმნება საცობი.
დღეს, 20 დეკემბერს, გამთენიისას ეგრეთწოდებულ „ოცნების ქალაქში“ ბაგრატ მახარაძის საცხოვრებელი ქოხი დაიწვა. დაახლოებით 20 კვ/მ ფართობში სამი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა თქმით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა ადგილზე, გამოძახებიდან 35 წუთის შემდეგ მივიდა: „ცეცხლი ახალი მოკიდებული იყო, წყალი რომ ყოფილიყო კი ჩავაქრობდით, თუმცა წყალიც არ მოდიოდა… სახანძროს დავურეკეთ და 35 წუთის შემდეგ მოვიდა, ხანძარი თითქმის ჩამქრალი იყო, არადა, ხელვაჩაურიდან ჩვენთან მოსვლას დაჭირდება მაქსიმუმ ათი წუთი.“
სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის განმარტებით: „სახანძრო სამსახურში გამოძახება დაფიქსირდა 05:45-ზე, ხოლო 06:00 საათზე ხანძარი სრულად იყო ლიკვდირებული.“
დაეხმარებიან თუ არა ბაგრატ მახარაძის ოჯახს? – „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
კომენტარი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ გააკეთა: „აღნიშნული ოჯახი ცხოვრობდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, სახლში, რომელსაც არ აღენიშნება დეფორმაცია, ასევე არ არის სტიქიის ზონაში. ძმები გაიყვნენ, ოჯახს აქვს სოციალური დახმარებაც. ასევე, თავისი განმარტებით არის 2008 წლის ომის მონაწილე. სამართლებრივად, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი არ არის მისი საკუთრება, ამიტომ სამინისტრო, სამწუხაროდ, ვერანაირ დახმარებას ვერ გაუწევს. ეს რომ ყოფილიყო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი, სამინისტრო შესაბამისი პროგრამებით დაეხარებოდა“.
დასახლება – ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ოთხი წლის წინ გაჩნდა ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. აქ თვითნებურად ჩასახლებული ოჯახების რიცხვი დღეისათვის 3 ათასს აღწევს. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ არიან ეკომიგრანტები, უსახლკაროები და ა.შ. აჭარის მთავრობამ მათი საკითხი შეისწავლა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა.
აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებში ეს საკითხიც იყო. აჭარის მთავრობა კი აცხადებს, რომ „ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობის პოლიტიკა სამართლიანი და თანმიმდევრულია. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება და მათთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე სახელმწიფოს დახმარებას არ საჭიროებენ, მათზე მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება“.
ქედის მუნიციპალიტეტის მწირი შემოსავლების გამო ტრანსფერის გაზრდის მოთხოვნის პასუხად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით პროექტების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრანსფერის გაზრდა მომდევნო პერიოდში.
ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერის გაზრდა ერთ-ერთი საკითხი იყო უმაღლესი საბჭოდან მთავრობაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაგზავნილ შენიშვნებში.
2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით ქედის მუნიციპალიტეტისათვის კაპიტალური ტრანსფერის სახით გათვალისწინებულია 3 მილიონი ლარი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის თანახმად ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, საიდანაც სამომავლოდ შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებისათვის დამატებით მოთხოვნილი პროექტების გათვალისწინება“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერის შემდეგ „ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელია ბათუმი-ქედის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის საშუალო წნევის დაახლოებით 30 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც მოხმარდება საორიენტაციოდ 4 600 აბონენტს“.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზსადენის პროექტირების სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ 250 ათას ლარს შეადგენს.
„მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ახლო პერიოდში ვერ ფინანსდება აღნიშნულ მონაკვეთზე გაზსადენის პროექტირება-მშენებლობა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არაა წინააღმდეგი აჭარის მთავრობის მიერ განხორციელდეს საპროექტო სამუშაოების შესყიდვა. პროექტის შესყიდვა გათვალისწინებულია 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში“ – აღნიშნულია აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში, რომელიც მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მომავალი წლის „გაზაფხულისათვის შესაძლებელი იქნება ადიგენი-ხულოს მიმართულებით საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის საკითხის შესწავლა, რომლის მიხედვით პროექტირების სამუშაოებზე შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილებების მიღება“.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი 28 დეკემბერს შეწყდება და 2017 წლის 20 იანვარს განახლდება. გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ხანგრძლივი არდადეგების მიზეზი მშობლების სურვილია.
„გამომდინარე იქედან, რომ ათი დღის გაცდენა ითვლება არასაპატიოდ და კანონი აღსაზრდელის გაშვებას გვავალდებულებს, მშობლების სურვილით გადავწყვიტეთ, რომ არდადეგები გაგვეხანგრძლივებინა. ბათუმში ბავშვების დიდ ნაწილს ბრონქული პრობლემები აქვს, მშობლებს სურვილი აქვთ, ჰაერის გამოცვლის მიზნით ბავშვები ბაკურიანში ან სხვა კურორტებზე გაიყვანონ. გადავწყვიტეთ მშობლების თხოვნა გაგვეთვალისწინებინა,“-გვეუბნება ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.
ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, რადგან გასულ წელს პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, წელს მშობლების სურვილი გაითვალისწინეს.
„გასულ წელს ჩვენ დავდექით პრობლემის წინაშე, რადგან მშობლებმა წაიყვანეს ბავშვები დასასვენებლად, კანონი კი გვავალდებულებს, რომ ათ დღეზე მეტი გაცდენის შემთხვევაში, აღსაზრდელი გავუშვათ ბაღიდან. რადგან ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლებს ხელი შევუწყოთ“.
ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, 28 ივლისს შეწყდება და სექტემბერში ნახლდება.
მერიის ინფორმაციით, ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყება. ევროპის მოედანზე ნაძვის ხის გვერდით გამართულ „სანტას კუთხეში“ დღის 12:00 საათიდან 19:00 საათამდე საბავშვო ღონისძიებები გაიმართება.
„ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ დიდ სცენაზე 20:00 საათიდან 24:00 საათამდე გაიმართება კონცერტი (წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე) 20:00 -21:20 გიგი ადამაშვილი ანსამბლი „ბათუმი“. 21:20- 21:30 ქალაქის მერი მიესალმება საზოგადოებას, შემდეგ კი ანსამბლ „ბათუმის“ მიერ შესრულებულ მუსიკალური ნაწარმოების ფონზე აინთება ნაძვის ხე. 21:35 – 24:00 გაიმართება კონცერტი ლაშა ღლონტის და ავთო აბესლამიძის მონაწილეობით.
26 დეკემბერს ევროპის მოედანზე ასევე წარმოდგენილი იქნება გასართობი ღონისძიებები:
„ ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ „სანტას კუთხეში“ 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება სხვადასხვა სახის საბავშვო ღონისძიებები: 12:00 – 15:00 სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრის გმირები, ოჩოფეხები, ანიმატორები) დასარტყამი ინსტრუმენტები (დრამერები) 15:00 – 19:00 ანიმატორები (საბავშვო აქტივობები) ბასტი-ბუბუ საბავშვო თანამედროვე ცეკვების სტუდია საახაწლო ფონური მუსიკა ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ დიდ სცენაზე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე გაიმართება კონცერტი (წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე) 19:00 – 22:00 ენვერ ხაბაძის ქორეოგრაფიული ანსამბლი ხარება ნანა მესხი ლაშა ღლონტი ნუკა მარგველაშვილი „Asea Sool” (ბათუმის ცოცხალი ბენდი) „Strawberry Fields” (ბათუმის ცოცხალი ბენდი).
27 დეკემბერი:
ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ „სანტას კუთხეში“ 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება სხვადასხვა სახის საბავშვო ღონისძიებები: 12:00 – 15:00 სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრის გმირები, ოჩოფეხები, ანიმატორები) დასარტყამი ინსტრუმენტები (დრამერები) 15:00 – 19:00 ანიმატორები (საბავშვო აქტივობები) საბავშვო სტუდია „მულტი-პულტი” საბავშვო თანამედროვე ცეკვების სტუდია საახაწლო ფონური მუსიკა ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ დიდ სცენაზე 19:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება კონცერტი 19:00 – 20:00 „Groove Phoenix” (ბათუმის ცოცხალი ბენდი).
28 დეკემბერი:
ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ „სანტას კუთხეში“ 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება სხვადასხვა სახის საბავშვო ღონისძიებები: 12:00 – 15:00 სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრის გმირები, ოჩოფეხები, ანიმატორები) დასარტყამი ინსტრუმენტები (დრამერები) 15:00 – 19:00 ანიმატორები (საბავშვო აქტივობები) ლაშა ღლონტის სტუდიის ბავშვები საბავშვო თანამედროვე ცეკვების სტუდია საბავშვო საცეკვაო სტუდია ბასტი-ბუბუ საახალწლო ფონური მუსიკა ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ დიდ სცენაზე 19:00 საათიდან 21:00 საათამდე გაიმართება კონცერტი 19:00-21:00 „ჯეოპლანტი” (ედიშერ ლომაძის ბენდი) ანსამბლი „ბათუმი“.
29 დეკემბერი:
ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ „სანტას კუთხეში“ 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება სხვადასხვა სახის საბავშვო ღონისძიებები: 12:00 – 15:00 სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრის გმირები, ოჩოფეხები, ანიმატორები) დასარტყამი ინსტრუმენტები (დრამერები) 15:00 – 19:00 ანიმატორები (საბავშვო აქტივობები) საბავშვო სტუდია „მულტი-პულტი” საბავშვო თანამედროვე ცეკვების სტუდია საბავშვო საცეკვაო სტუდია საახალწლო ფონური მუსიკა ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ დიდ სცენაზე 19:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება კონცერტი 19:00-20:00 „Four Seasons” (ბათუმის ცოცხალი ბენდი) 30 დეკემბერი ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ „სანტას კუთხეში“ 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება სხვადასხვა სახის საბავშვო ღონისძიებები: 12:00 – 15:00 სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრის გმირები, ოჩოფეხები, ანიმატორები) დასარტყამი ინსტრუმენტები (დრამერები) 15:00 – 19:00 ანიმატორები (საბავშვო აქტივობები) ბასი-ბუბუ საბავშვო საცეკვაო სტუდია საახალწლო ფონური მუსიკა ერას მოედანზე, ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ დიდ სცენაზე 19:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება კონცერტი 19:00 – 20:00 „Sound Lab” (ბათუმის ცოცხალი ბენდი)
31 დეკემბერი:
12:00 საათიდან 19:00 გაიმართება სხვადასხვა სახის საბავშვო ღონისძიებები: 12:00 – 15:00 სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრის გმირები, ოჩოფეხები, ანიმატორები) დასარტყამი ინსტრუმენტები (დრამერები) 15:00 – 19:00 ანიმატორები (საბავშვო აქტივობები) საბავშვო სტუდია „მულტი-პულტი” საბავშვო საცეკვაო სტუდია საახალწლო ფონური მუსიკა ერას მოედანი, ნაძვის ხის გვერდით განთავსებული დიდ სცენაზე დაგეგმილი ღონისძიებები: 19:00-20:00 „Melomaniak” (ბათუმის ცოცხალი ბენდი) 23:00 საათიდან გაიმართება დასკვნითი კონცერტი (წამყვანები სოფო ხალვაში და კახა მიქიაშვილი) 23:00 – 23:55 სასულე ინსტრუმენტები (ბათუმი) ბიგ ბენდი სოფო ხალვაში მაია ჯაბუა 23:55 – 00:00 წამყვანები ( სოფო ხალვაში / კახა მიქიაშვილი)
დროის ა თ ვ ლ ა 00:00 – 03.00 ანსამბლი „ბათუმი“ – მ რ ა ვ ა ლ ჟ ა მ ი ე რ ი სოფო გელოვანი ნიკო ბერიძე აჩიკო გოგიტიძე ნატო მეტონიძე ლიზა ბაგრატიონი გიორგი სუხიტაშვილი მაკა ზამბახიძე სოფო ხალვაში ნინი ბადურაშვილი თაკო გაჩეჩილაძე ბიგ ბენდი / ორკესტრი 02:10 DJ.
7 იანვარს კი ბათუმის ხელოვნების ცენტრში 19:00 საათიდან გაიმართება საშობაო კონცერტი:
ხვალ, 20 დეკემბერს, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციების სერია. ალეკო ელისაშვილი ისაუბრებს თემაზე, – „ქალაქის სივრცითი მახასიათებლები და ისტორია“, ნიკო ნერგაძე კი თემაზე – „მუსიკა ურბანულ სივრცეში“.
პროექტის მიზანი ისტორიული ბათუმის, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ნაწილის, არქიტექტურის მნიშვნელობის აღქმა, გააზრებაა და მუსიკის ადგილი ურბანულ სივრცეში.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ბათუმის მერიის პროგრამის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში.
ალეკო ელისაშვილის ლექცია 18:00 დაიწყება, ნიკო ნერგაძის კი 19:00 საათზე.
ასევე, MokuMoku – ინსტრუმენტული ჰიპ-ჰოპ პროექტის და SVD-ის „ლაივს“.
დღეს 19 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, არც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და არც ქალაქის სკვერებში, არ არის განთავსებული საახალწლო ნაძვის ხეები.
„დილიდან დავდივარ ქალაქში, მაინტერესებდა სადმე თუ მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი და ვერსად ვერ ვნახე. ნაძვის ხე არ დაუდგამთ ევროპის მოედანზეც სადაც, ტრადიციულად ამ დროისთვის უკვე იყო აღმართული.
როგორც ჩანს, ამხანაგ ერმაკოვს დაავიწყდა ნაძვის ხის არსებობა ქალაქ ბათუმში. მინდა შევახსენო, რომ ახალი წლის მოსვლამდე სულ რაღაც 12 დღეა დარჩენილი. ამიტომ მინდა ვკითხო, – სად არის ნაძვის ხე?“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.
ბათუმის მერიის ინფორმაციით კი, წელს საახალწლო ნაძვის ხე ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს აინთება. „გემი არის ბათუმში რეიდზე, დღეს საღამოს სავარაუდოდ დაიწყება ინვენტარის დაცვლა, ხვალ კი დავიწყებთ ნაძვის ხის კონსტრუქციების აგებას. ნაძვის ხე 25 დეკემბერს განათდება“-აცხადებს მერის მოადგილე, ალექსანდრე მითაიშვილი.
დღეს 19 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი უყარეს. 14 ხმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლები უმაღლეს საბჭოში.
აჭარის მთავრობაში განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები შეიცვალა, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებად კი დარჩნენ ისინი, რომლებიც არჩევნებამდე დაინიშნენ.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი გახდა, ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეა; სოფლის მეურნეობის მინისტრად ლაშა კომახიძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ისევ რამაზ ბოლქვაძე რჩება.
დამტკიცებამდე მინისტრობის კანდიდატებს ჯერ კომისიებში მოუსმინეს, შემდეგ კი სხდომაზე.
ახალი წლის დადგომამდე ორი კვირა რჩება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია გაუწევს ორგანიზებას საახალწლო ღონისძიებებს, რადგან ამ მომსახურებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ ნოემბრის ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ, „კრეატივ-ჯგუფმა“ ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა და დისკვალიფიკაცია მიიღო.
საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 340 000 ლარია გამოყოფილი, აქედან ღონისძიებებისთვის საჭირო დეკორაციებისა და ინვენტარის შეძენა-განთავსებაზე 105 755 ლარი დაიხარჯება. ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მერიაში გადაწყვიტეს, რომ ამ მომსახურების შესყიდვა პირდაპირი წესით განახორციელონ, საამისოდ მერიას ჯერ შესყიდვების სამსახურის, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თანხმობა სჭირდება. „ახლა უკვე მთავრობას მივმართავთ, რომ პირდაპირი შესყიდვით დავუდოთ რომელიმე კომპანიას ხელშეკრულება, იქამდე კი ვატარებთ ბაზრის კვლევას, რომლის ფარგლებშიც სამ კომპანიას გავუგზავნით პირობებს და მათგან რომელიც უფრო დაბალ ფასში შემოგვთავაზებს ამ ღონისძიებების ორგანიზებას, მასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას,“ – გვითხრა ჯონი საბაშვილმა, მერიის ა(ა)იპ-ის „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორმა. კითხვაზე, რა ნიშნით შეირჩევა ეს კომპანიები, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ მათთან თანამშრომლობის გამოცდილების ქონა არ არის გადამწყვეტი, მთავარია კომპანია იყოს სანდო და ჰქონდეს დარგში შესაბამისი გამოცდილება. „მიკერძოებული რომ არ ვიყოთ, სულ სხვადასხვა კომპანიებს ვარჩევთ,“ – ამბობს ჯონი საბაშვილი. მისივე განმარტებით, ბაზრის კვლევა დაახლოებით ორ-სამ დღეს მოიცავს. „ორგანიზაციებს ეგრევე ვაწვდით ინფორმაციას, რომ დაგვითვალეთ და მოგვაწოდეთ პასუხი – რა თანხაში შეძლებთ მათ შესრულებას, რომ ვიცოდეთ, შეძლებენ თუ ვერა.“ – განმარტავს ის.
რამდენად მოასწრებს ახალი კომპანია საახალწლოდ ქალაქის იმ ადგილების მორთვას, სადაც კონცერტები უნდა გაიმართოს და ღონისძიებებისთვის მომზადებას, მაშინ, როცა კომპანია „კრეატივ-ჯგუფი“ ვალდებულებების არ აღების ერთ-ერთ მიზეზად დროის სიმცირეს და დეტალებზე მუშაობას ასახელებს?
„რაღაცების გაკეთება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. დროის მომენტიც ერთ-ერთი ფაქტორი იყო ჩვენს შემთხვევაში. სანამ მონაწილეობას მივიღებდით ტენდერში, დრო მანამდეც იყო ჩემთვის ცნობილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დრო არ იყო ცოტა. ტენდერის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება, რადგან იქ კიდევ ერთკვირიანი ვადაა – ხელშეკრულება არ შეიძლება სამი დღით ადრე რომ დადო და სხვა, მთელი რიგი კანონით განსაზღვრული ვადებია გათვალისწინებული,“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ ბიჩინაშვილი. ის მიიჩნევს, რომ ასეთი ღონისძიებებისთვის ტენდერი ზაფხულში ან მინიმუმ ერთი-ორი თვით ადრე მაინც უნდა გამოცხადდეს: „თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი რამის გაკეთება შესაძლოა ბევრად უფრო იაფი დაგიჯდეს, როცა ადრე იწყებ, მაგალითად, მასალას შემოიტან ან სხვა.“
რატომ არ გამოაცხადა მერიამ ტენდერი ნოემბრამდე? ჯონი საბაშვილის თქმით, ამის მიზეზი საახალწლო პროგრამაზე მუშაობაა, რომელშიც ბოლო მომენტამდე შედის ცვლილებები.
ეს არგუმენტი დამაჯერებლად არ მიაჩნია საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სპიკერსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელს, ნათია აფხაზავას. მისი აზრით, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის კოორდინირებული მუშაობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, კულტურის სამინისტროსთან, ტურიზმის დეპარტამენტთან და სხვა უწყებებთან ერთად, ბევრად უფრო ადრე უნდა დაიწყოს:
„ახალი წელი არ არის „მოძრავი დღესასწაული“, რომ ქალაქმა თავისი საბიუჯეტო სახსრები წინასწარ ვერ დაგეგმოს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ის პასუხისმგებელი ორგანოები, თუ აიპი უფრო მიზნობრივად გეგმავდეს ღონისძიებას. ამ პროგრამაზე კოორდინირება და შეთანხმება ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს,“ – ამბობს ნათია.
გასულ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო დეკორაციებისა და ინვენტარის შეძენა-განთავსებაზე მერიის ტენდერი შპს Funday Entertainment-მა მოიგო. „საშუალოდ ერთი კვირა გვქონდა ამ სამუშაოების შესასრულებლად და ამ ვადაში ჩავეტიეთ, თუმცა ცხადია, რაც უფრო ცოტა დროა, უფრო მეტ ადამიანურ რესურსსა და ხარჯს მოითხოვს სამუშაოები. თან გააჩნია როგორ არის გადანაწილებული ეს ვალდებულებები და რა უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ცოტათი მეტი დრო ივენთის გასაკეთებლად – თუ რაღაც ხარვეზი აღმოჩნდა პროცესში, აღმოსაფხვრელად დრო გაქვს,“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი თევდორე მაყაშვილი.
წელს ბათუმში საახალწლო ღონისძიებები და კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვრამდე გაგრძელდება. მოედნის მიმდებარე ტერიტორია, გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე გადაიკეტება და დაიდგმება სხვადასხვა ტიპის გასართობი ატრაქციონები.
ბათუმის ქუჩების, შენობების ფასადებისა და სკვერების საახალწლო მანათობელი აქსესუარებითა და გირლანდებით მორთვა ბათუმის მერიამ ხუთ ოქტომბერს დაიწყო და ჯერ არ დაუსრულებია. მერიამ წელს ახალი მანათობელი კონსტრუქციები შეიძინა, რომლებიც გოგებაშვილის, შ. ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, აბაშიძის, აეროპორტის ახალ გზასა და თამარ მეფის გზატკეცილზე არსებულ წრიულებზე დამონტაჟდება. საახალწლო აქსესუარები ასევე დამონტაჟდება იუსტიციის სახლთან, ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, საბაგიროსთან, ევროპის მოედანსა და შინდისის გმირების სახელობის სკვერში.
ბათუმის მერიამ წელს ახალი ნაძვის ხეც შეიძინა, რომელიც ასევე ახალი 840 ცალი წითელი, ოქროსფერი და მწვანე სათამაშოთი, კენწეროზე კი ოქროსფერი ვარსკვლავით მოირთვება. ბათუმის ახალი ნაძვის ხისა და დეკორაციებისთვის მერიამ ჯამში 256 730 ლარი გადაიხადა.ახალი ნაძვის ხე 2017 წლის დადგომამდე ექვსი დღით ადრე, საზეიმოდ აინთება. მისი სიმაღლე 22 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11 მეტრი იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელი ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირებას“ ეხება. სახალხო დამცველის შეფასებით, ქუჩაში ადამიანების მასობრივად დაკავება და მათი ტესტირებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ანტიკონსტიტუციურია. სარჩელზე მოპასუხეები არიან: საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სახალხო დამცველი ამ უწყებების მიერ გამოცემულ სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც „დასაბუთებული ვარაუდის“ საფუძველზე პოლიციელს აქვს უფლება, პირი დააკავოს და პოლიციის განყოფილებაში ნარკოტესტირებისთვის გადაიყვანოს. გასულ წელს შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით, სამართალდამცველებს აღარ აქვთ უფლება, დაკავებულს ბიოლოგიური მასალის მიცემა აიძულონ. ძალაში რჩება დაკავებულის განყოფილებაში 12 საათის განმავლობაში დაყოვნების უფლება, რასაც პოლიციელები ხშირად იყენებენ.
სარჩელის მიხედვით, ნარკოტესტირების არსებული ფორმა არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-17 მუხლს, რომლის მიხედვითაც „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, ასევე მე-18 მუხლს: „თავისუფლების აღკვეთა, ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე“.
ომბუდსმენის სარჩელში მითითებულია, რომ 2006 წლიდან დღემდე ნარკოტესტირებაზე წარდგენილი პირებიდან მხოლოდ 30 %-ს დაუდასტურდა ნარკოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება. ამავე სარჩელში აქცენტირებულია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მესამე ანგარიში, სადაც წერია: „საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა კვლავ სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს…“.
ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია და ის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბათუმის ბულვარის მართვას 1 მილიონ 55 ათას 400 ლარი მოხმარდება; აქედან 924 ათას 500 ლარი კი ხელფასებში დაიხარჯება. როგორც ამ წელს, ასევე მომავალ წელსაც „ბათუმის ბულვარში“ 94 ადამიანი იქნება დასაქმებული.
ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობას კი 6 მილიონ 534 ათას 900 ლარი მოხმარდება. მიმდინარე წელს კი ამ კუთხით 10 მილიონ 368 ათას 500 ლარი იყო გაწერილი.
დასავლეთ საქართველოში ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მანდარინი საქართველოს აგრობიზნესისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ქვეყანაში მანდარინი, უმეტესწილად, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია: აჭარა (76%), გურია (19%), სამეგრელო და ზემო სვანეთი (4%). მხოლოდ აჭარის რეგიონის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეციტრუსეობით დაკავებულია ჯამში 23 000 ოჯახი, რაც აჭარის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 50%-ს შეადგენს.
ციტრუსების სასურსათო მოხმარება ქვეყანაში წელიწადში საშუალოდ 60-70 ათას ტონას შეადგენს, სადაც 80% მანდარინს უკავია. წლების მიხედვით მოხმარება ცვალებადია და ძირითადად დამოკიდებულია კონკრეტულ წელს ადგილობრივი მოსავლის რაოდენობაზე.
მანდარინის მოსავლის აღების აქტიური პერიოდი ნოემბრიდან იწყება და დეკემბრამდე გრძელდება.
ბოლო წლების განმავლობაში მეციტრუსეობის სექტორის განვითარების მიზნით ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის არ მთავრობის ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა.
2016 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით ექსპორტირებულია რაოდენობის – 17 400 ტონამდე მანდარინი, უკვე გადამუშავებულია 6800 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი.
მიმდინარე წელს ქართული მანდარინის ექსპორტი ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და მოლდოვა. 16 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: რუსეთი – 54.77 % (9568 ტ.); უკრაინა – 29.60 % (5170 ტ.); სომხეთი – 12.65 % (2209 ტ.); ყაზახეთი – 1.56 % (272 ტ.); ყირგიზეთი – 0.68 % (119 ტ.); უზბეკეთი – 0.44 % (77 ტ.); ბელარუსი – 0.11 % (20 ტ.); პოლონეთი 0.11% (20 ტ.); მოლდოვა – 0.06 % (10 ტ.); აზერბაიჯანი – 0.02 % (3ტ.)
2016 წელს მანდარინის ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით არ განხორციელებულა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა 39 ტონა ლიმონის ექსპორტი გერმანიის მიმართულებით, რომლის ღირებულებაც 217 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოდან მანდარინის ექსპორტის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ რაოდენობრივად მანდარინის ექსპორტი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დეკემბერ-იანვარში ფიქსირდება. ფულად გამოსახულებაში კი – ერთი კილოგრამი მანდარინის ექსპორტის ყველაზე მაღალი ფასი თებერვალშია.
ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად წარმართვისა და არასტანდარტული ნაყოფის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. აჭარის არ მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლების მსგავსად, სახელმწიფო ახორციელებს გადამუშავებული მანდარინის სუბსიდირებას ყოველ ერთ კილოგრამ მანდარინზე 0,1 ლარის ოდენობით. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შემფუთავ-დამახარისხებელ საწარმოებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) წარმომადგენლობასთან, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო კომპანიებთან, ციტრუსის ტარა მასალის დამამზადებლებთან, სასაწყობე მეურნეობების წარმომადგენლობებთან, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და სოფლის რწმუნებულებთან, მეციტრუსე ფერმერებთან.
ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და უკვე არსებულ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის მიზნით, ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის არ მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებენ. მათ შორის: 30 ოქტომბერს ჩატარდა ციტრუსის საერთაშორისო ფორუმი და სანფორმაციო ტური, რომელშიც 8 ქვეყნის ციტრუსის ექსპორტიორი 19 მსხვილი კომპანია მონაწილეობდა; შემუშავდა მსხვილი გადამამუშავებელი ქარხნებისა და მცირე შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმოების ორგანიზებული, კოორდინირებული მუშაობის მოდელი, რაც რეგიონში, ერთი თვის განმავლობაში, 20 000 ტონაზე მეტი საექსპორტო ციტრუსის წარმოების – ევროსტანდარტების შესაბამისად პარაფინირების საშუალებას იძლევა; რეგიონში ამოქმედდა ახალი, რიგით მეოთხე და გაძლიერდა უკვე არსებული მსხვილი შემფუთავ-დამხარისხებელი საწარმოები.
ქვეყანაში მანდარინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, აუცილებელია ქართული ციტრუსის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ადგილობრივი ასორტიმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ადრეული სიმწიფის ყინვაგამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების დანერგვას.
აჭარის არ მთავრობის ინიციატივით, ციტრუსის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის, შემუშავების პროცესშია აჭარის რეგიონში მეციტრუსეობის განვითარების სტრატეგია, რომლის თანახმად 2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის აგროსერვისცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ სადემონსტრაციო სანერგე მსხვილ სადედე პლანტაციად გარდაიქმნება, რაც შესაძლებელს გახდის 2017 წელს რეგიონში არსებული ციტრუსის პლანტაციების 100 ჰა ფართობი, ხოლო რამდენიმე წელიწადში 500 ჰა ფართობი ადრეული მსხმოიარობის ციტრუსოვანთა ჯიშებით ჩანაცვლდეს.
მასალა მომზადებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
2017 წელს „შუახევიჰესი“ ოპერირებას იწყებს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“კი სოციალური პროექტების გაგრძელებას მშენებლობის დასრულების შემდგომაც გეგმავს. „შუახევიჰესის“ მშენებლობის დაწყების დღიდან კომპანიის პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარება იყო. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის თანახმად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: განათლება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება. ამ მიზნით, კომპანიამ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
კონფერენცია მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიმართა
ერთი თვის წინ „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გოდერძის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა დააფინანსა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა გამოყო.
კომპანიის ინიციატივითა და აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, 15 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია თემაზე – „ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ახალი შესაძლებლობების განხილვა მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი, „შუახევიჰესის“ ოპერირების დირექტორი ნარეშ თელგუ, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლაშა კომახიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვიმსჯელოთ და გამოვნახოთ ახალი გზები და საშუალებები, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი ტურიზმის განვითარებას მაღალმთიან აჭარაში. შუახევიჰესის მშენებლობა მთავრდება, თუმცა გრძელდება ჩვენი სოციალური პოლიტიკა ოპერირების ბაზაზეც, რაც რეგიონის გრძელვადიანი განვითარების პროცესში ჩვენი მხრიდან აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ჩვენი ახალი განაცხადი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტურიზმის მხარდაჭერაა მაღალმთიან აჭარაში,“ – განაცხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.
რონი სოლბერგი, აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი
„2017 წელს მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება. დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ჩვენ მილიონ ლარამდე სწორედ არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით გავზარდეთ. სააგენტომ მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ტურისტული მარშრუტების შექმნისა და მარკირების, ასევე სხვადასხვა თემატური ფესტივალის ჩატარების კუთხით, თუმცა შემდეგ წელს სააგენტოს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მისი მიზანი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა და ეფექტური თანამშრომლობაა“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა.
კომპანიის ინიციატივა შეაფასეს კონფერენციაში მონაწილე ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებმა.
„მოგეხსენებათ, „აჭარისწყალი ჯორჯია“ არის კომპანია, რომელიც უმსხვილეს ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და წინსვლისათვის, ამასთანავე მათ მიერ ხორციელდება პროექტები, რომლებიც უშუალოდ მიბმულია სოციალურ პასუხისმგებლობასთან და სოფლების განვითარებასთან. ყველაზე კარგი ამავდროულად არის ის, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები,“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა.
მამუკა ბერძენიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კონფერენციაზე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გაწეული საქმიანობა ვრცლად წარმოადგინა „შუახევიჰესის” ოპერირების დირექტორმა ნარეშ თელგუმ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და დაისახა გზები ამ სფეროს განვითარებისთვის. სამუშაო შეხვედრამ შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის.
მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი ორგანიზაცია „იალქანი,“ საქველმოქმედო აქციას – „წერილები თოვლის პაპას“ ანახლებს. პროექტი ორი წლის წინ, მედიის მხარდაჭერით დაიწყო.
„სწორედ მათი დახმარებით მიიღო პროექტმა მასშტაბური სახე მიიღო და მასში აქტიურად ჩაერთნენ როგორც ბიზნესის, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კონკრეტული მოქალაქეები. მათი დახმარებით უკვე ორჯერ ვაჩუქეთ ბავშვებს ჯადოსნური დღესასწაული.
ჩვენი ბენეფიციარი ბავშვები სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან. მათ ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა“-ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.
ორგანიზაცია იალქანი სთხოვს მოქალაქეებს და ორგანიზაციებს ჩაერთონ აქციაში – „წლის საუკეთესო თოვლის პაპა“, წაიკითხონ ბავშვების წერილები, ამობეჭდონ, მიაკრან ეს წერილი კონკრეტული ბავშვისთვის განკუთვნილ საჩუქარს და გააგზავნონ მისამართზე ბათუმი ჭავჭავაძის 27 ბ 16.
„ან გადმორიცხოთ თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია იალქანი-ს ანგარიშზე GE93 TB79 9073 6080 1000 04 მიუთითოთ კონკრეტული ბავშვის სახელი რომელიც მოცემული იქნება წერილში“.
ხვალ 20 დეკემბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე სირიელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელდება.
აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს მთავრობას მიმართავენ:
„ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე და გვსურს, დახმარება გავუწოდოთ დაზარალებულ მოსახლეობას. დაგვეხმარეთ, რომ შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც შეძლებს გაერთიანებას ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, არასამთავრობო ორგანიზაცია ან მოქალაქე, სადაც შეგროვდება ინფორმაცია პირველად საჭიროებებზე და შეძლებისდაგვარად მოხდება კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება. დროებით, გლოვის ნიშნად ჩაქრეს საახალწლო განათებები ქალაქებში“- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.
აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა, რომელსაც დღეს, 19 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს.
წინა მოწვევის საბჭომ მთავრობას დაავალა წარმოედგინა ის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს 2017 წელს.
მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:
ბათუმი – 35 000 000 ლარი;
ქობულეთი – 20 740 000 ლარი;
ხელვაჩაური – 4 827 350 ლარი;
შუახევი – 4 500 000 ლარი;
ხულო – 3 141 500 ლარი;
ქედა – 3 000 000 ლარი.
გთავაზობთ აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს მუნიციპალიტეტებისა და თანხის [ლარში] მითითებით.
ხულოს მუნიციპალიტეტი:
კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია 1,090,500
მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანა 571,000
დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის #1 და #2 შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა 550,000
ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა 180,000
ბეღლეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა 170,000
ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა 170,000
უჩხოს საბავშვო ბაღისა და სოფლის კლუბის შენობის რეაბილიტაცია 130,000
მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში სახანძრო ავზების მოწყობა (პანტნარი, ტუნაძეები, პაქსაძეები, გელაძეები, ჯვარიქეთი, ჩაო, ყინჩაური) 71,200
თაგოში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა 39,000
ძირკვაძეების მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 36,000
რაქვთის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 30,300
გელაურის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 26,000
დაბის სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის შეცვლა 22,000
ქვედა ვაშლოვანში არსებული საერთო სასაფლაოების მავთულბადით შემოკავება 15,900
ტაბახმელის მინი სპორტული მოედნის რემონტი, ხელოვნური საფარის დაგება 15,500
შუახევის მუნიციპალიტეტი:
სხალთის ხეობიდან ფურტიო-ბუთურაული-ნენიისათვის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა 3,767,000
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა 500,000
სასმელი წყლის სათავეებში (ღომა, დღვანი, ხაბელაშვილები) საფილტრი დანადგარების მოწყობა 233,000
ქედის მუნიციპალიტეტი:
დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა 740,000
აწჰესის ტერიტორიის კეთილმოწყობა 700,000
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების და მათში შემავალ სოფლებში კეთილმოწყობითი სამუშაოები (დანდალო, ცხმორისი, წონიარისი, ზვარე, ოქტომბერი, მერისი, პირველი მაისი, მახუნცეთი) 430,000
დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები 378,000
ხარაულა-ჯალაბაშვილების სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა 234,500
სპეცტექნიკის შეძენა (JSB) 200,000
კორომხეთი-კოლოტაურის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა 170,000
სოფელ ორთაბათუმში საბავშვო ბაღის მშენებლობა 945,998
არსებულ წყალსადენებზე მექანიკური კირქლორის სადეზინფექციო საშუალებების დამონტაჟება 456,139
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭარნალში (ნაძალადევის დასახლებაში) წყლის მაგისტრალის კაპტაჟისა და რეზერვუარის მოწყობა 268,966
სოფელ ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქცია 309,330
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალეთში წყლის შემკრები აუზისა და მაგისრტალის მოწყობა 193,709
სოფელ ზანაქიძეებისა და ხელვაჩაურის საზღვარზე (თავკალოს დასახლებაში) 115 ოჯახისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის, 100 ტონიანი რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობა 190,464
ხელვაჩაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა 183,390
სოფელ ზედა ერგეში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალის რეაბლიტაცია 149,956
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ყოფილ დაბა ხელვაჩაურში გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობის სარემონტო სამუშაოები 139,852
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაობი 135,185
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალშენის კულტურის სახლთან არსებული მინი სტადიონის რესტავრაცია 29,723
ქობულეთის მუნიციპალიტეტი:
ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის ტროტუარის მოწყობა (ვერულიძის ქუჩის გადაკვეთიდან აღმაშენებლის პირველი შესახვევის გადაკვეთამდე) 2,270,258
ქ. ქობულეთი, გელაურის უბნის (ვაჟა ფშაველას ქუჩა; პოპოვის ქუჩა; პუშკინის ქუჩა) კეთილმოწყობა 2,045,823
ქალაქ ქობულეთში, კარიერის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოები (III ეტაპი) 1,969,433
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის (მე-2 ეტაპი რეზერვუარისა და შიდა მაგისტრალის) მოწყობა 1,816,690
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლეღვას წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია (II ეტაპი) 1,516,326
ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა ცენტრალურ სასაფლაომდე, მისასვლელი გზის კეთილმოწყობა (II ეტაპი) 949,576
ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა (I ეტაპი) 938,428
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპირომდე გადასასვლელების კეთილმოწყობა (#660-ის მოპირდაპირედ ეკო-პლიაჟის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა; #514-ის მოპირდაპირედ; #520-ის მოპირდაპირედ; #580-ის მოპირდაპირედ; #620-ის მოპირდაპირედ) 917,184
ქ. ქობულეთში, რუსთაველის II შესახვევის კეთილმოწყობა 899,918
4 ერთეული ნაგავმზიდი მანქანის შეძენა 800,000
აჭყვისთავის საბავშვო ბაღის მოწყობა 751,596
სოფ. დაგვას წყალსადენის სისტემის მოწყობა 607,670
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების რეაბილიტაცია (9 აპრილის, აღმაშენებლის #290-ის მოპირდაპირედ ლესელიძის ქუჩის) და ახალი სკვერის მოწყობა (აღმაშენებლის გამზირი 700-ის მოპირდაპირედ) 601,446
ქ. ქობულეთში განსათავსებლად მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელების შეძენა-მონტაჟი 504,900
საჩინოს თემში, სოფელ ზედა აჭყვაში წყალსადენის სათავე ნაგებობის რეზერვუარის და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა (II ეტაპი) 499,293
ქ. ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა 469,920
ქ. ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენის სისტემის მოწყობა 457,478
სოფ. ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მოწყობა 440,000
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის (პირველი ეტაპი სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის) მოწყობა 358,966
ქ. ქობულეთში, სასაფლაოსთან აღმაშენებლის II შესახვევის რეაბილიტაცია 345,214
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოკამერების შეძენა/მონტაჟი 272,500
ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა (საჯარო რეესტრის, გაზკანტორის და ყოფილი სანდასუფთავების) შესასვლელების კეთილმოწყობა 198,195
ქ. ქობულეთში, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა 183,323
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სატუმბო სადგურებისათვის 7 ერთეული ტუმბოს შეძენა/მონტაჟი 175,766
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის წყალსადენის სისტემის მოწყობა 164,601
სოფ. ციხისძირის წყალსადენზე დებეტის გაზრდის სამუშაოები 139,001
ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობის მესამე ეტაპი – გ. ბრწყინვალეს და ბაგრატიონის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩების მონაკვეთების კეთილმოწყობა 7,996,381
ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობის მეორე ეტაპი – დ. თავდადებულის და ლერმონტოვის ქუჩების მონაკვეთების კეთილმოწყობა 5,548,981
ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობის პირველი ეტაპი – ი. ჭავჭავაძის და გ. ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთების კეთილმოწყობა 4,269,183
ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობა (მე-2 ეტაპი, ანდრონიკაშვილის, ბესიკის და ჩაიკოვსკის ქუჩები) 4,180,000
ქალაქის დანარჩენ უბნებში ქუჩების კეთილმოწყობა 2,738,370
ბარცხანის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა 2,718,117
ბონის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა 2,396,903
ქუჩების განათების სამუშაოები 1,786,140
კახაბერის დასახლების ქუჩების სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 1,592,779
მწვანე კონცხის დასახლების ქუჩების სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 750,094
ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“-ს ქვედა პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 580,000
დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს მოწყობა 443,052 ლარი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატრაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის მინისტრობის კანდიდატები გასულ კვირას წარუდგინა. მათგან ორი ახალი კანდიდატი, ორი კი მოქმედი მინისტრია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობები შეინარჩუნეს. ზაალ მიქელაძე ჯანდაცვის, ხოლო ინგა შამილიშვილი განათლების მინისტრად აჭარის მთავრობას მას შემდეგ შეუერთდებიან, როცა მთავრობის დამტკიცებაზე უმაღლესი საბჭო იმსჯელებს. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო დღეს, 19 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.
დასახელებული კანდიდატებიდან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ოთხივეს აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, მან საუკეთესო მენეჯერები შეარჩია. „ბათუმელები“ გასულ კვირას მომავალი მინისტრების გამოცდილების გარდა, მათი ქონებრივი მდგომარეობითაც დაინტერესდა.
ინგა შამილიშვილი
აჭარის განათლების მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამ დრომდე მას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა უკავია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი.
საგანმანათლებლო საქმიანობას ის 1993 წლიდან ეწეოდა და საჯარო მოხელედ არასოდეს უმუშავია, ამიტომაც ქონებრივი დეკლარაცია მას არ აქვს შევსებული. რეესტრის მონაცემებით, მის საკუთრებაში ირიცხება 70 კვ.მ საცხოვრებელი სახლი კურორტ ბეშუმში.
„ერთადერთი, რაც ირიცხება ჩემს სახელზე, ეს არის ბეშუმში არსებული აგარაკი, რომელიც მე მგონი, არ წარმოადგენს ისეთ ქონებას, რაც აჟიტირების საფუძველი შეიძლება გახდეს. სხვა ქონება ჩემს სახელზე არ არის, მე დღემდე დედაჩემის ბინაში ვცხოვრობ. თუკი არ ჩავთვლით ოვერდრაფტსა და საკრედიტო ბარათს, სხვა ისეთი განსაკუთრებული სესხი არ მაქვს და ამით ბედნიერი ვარ“, – თქვა ინგა შამილიშვილმა „ბათუმლებთან“ სატელეფონო საუბარში.
როგორც ბსუ-ს ვებგვერდზეა მითითებული, ინგა შამილიშვილი ფლობს რუსულ ენას კარგად, ხოლო ინგლისურს – ელემენტარულ დონეზე.
ზაალ მიქელაძე
ზაალ მიქელაძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატია. ის პროფესიით ექიმია და ბოლო რამდენიმე წელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის სამედიცინო კოორდინატორი. უფრო ადრე ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა. ზაალ მიქელაძეს ამ დრომდე თანამდებობა ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ ავალდებულებდა. საჯარო რეესტრის მონაცემებში მის სახელზე იძებნება ბინა [56 კვ.მ] ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე. ამ დროისთვის კი ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მამაპაპისეულ სახლში. საკუთარებაში აქვს ავტომანქანა „ჰონდა“ და არ აქვს საბანკო სესხი: „ვცდილობდი ჩემი შემოსავალი ისე გამენაწილებინა, რომ დამატებითი რისკები არ გამეწია არც საკუთარი თავისთვის და არც ოჯახისთვის.“
ლაშა კომახიძე
მიუხედავად იმისა, რომ ლაშა კომახიძე მოქმედი მინისტრია, აჭარის მთავრობაში ისიც ახალი სახეა – სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის მოსვლის შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე ლაშა კომახიძე ჯერ „საზღვაო ბანკის“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტი და შემდეგ საინვესტიციო განყოფილების უფროსი იყო. 2001-2003 წლებში აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანაშემწედ, შემდეგ აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა.
2004-2006 წლებში ლაშა კომახიძე შპს „გორგიას“ მენეჯერის თანამდებობაზე, შემდეგ კი შპს „დეკოს“მენეჯერად მუშაობდა. სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავლილი აქვს ტრენინგები თემაზე: მსხვილი დაკრედიტების სპეციფიკა, მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები; ღირებულებათა ჯაჭვები; სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის პერსპექტივები; სასოფლო ექსტენციის გამოწვევები და თავისებურებები და სხვა.
ასევე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ლაშა კომახიძის მნიშვნელოვანი მიღწევებია საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამები აჭარაში, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო სამეურნეო სექტორის ინსტიტუციონალიზაციაში შეტანილი წვლილი; სასოფლო სამეურნეო ბიზნესის ხელშემწყობი ინსტრუმენტები; აჭარის სახელობო პროფესიების დანერგვაში, ასევე სოფლის განვითარების სტრატეგიაში შეტანილი წვლილი; 2011-2013 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ინსტიტუციონალიზაცია აჭარაში; ბათუმის ბიზნესინკუბატორის შექმნა და წარმატებული ფუნქციონირება.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა კომახიძე ფლობს ბინას ბათუმში, გორგილაძის ქუჩის #86-ში [70.27კვ.მ] და კომერციულ ფართობს [73.70] ამავე მისამართზე. ლაშა კომახიძე ფიქსირდება ასევე შპს „Plastic Card Distribution“-ისა და შპს „K&K“-ის პარტნიორად. მოგვიანებით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მან ეს წილები მინდობით გადასცა სხვა პირს.
ლაშა კომახიძის მეუღლე – მარგალიტა გოგლიძე პედაგოგია. ის „თი ბი სი“ ბანკის ანგარიშზე ფლობს ანაბარს 10 657 ლარის ოდენობით. თავად მინისტრობის კანდიდატი კი დეკლარაციის შევსების მომენტში პირად ანგარიშზე 5000 ლარს ფლობდა. გასულ წელს ლაშა კომახიძეს, როგორც გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერს, 63 532, ხოლო როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კონსულტანტს 8000 ლარი მიუღია.
დეკლარაციაში მეუღლის შემოსავლებში ლაშა კომახიძემ მიუთითა ასევე თანხის გასესხებით მიღებული შემოსავლის შესახებ. მინისტრობის კანდიდატის მეუღლემ გასულ წელს 18 000 ლარი გაასესხა რეგისტრაციის გარეშე. მან ამისგან წლის ბოლოს შემოსავლის სახით 4 617 ლარი მიიღო.
რამაზ ბოლქვაძე
რამაზ ბოლქვაძე მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი არ არის, რომელსაც აჭარის მთავრობაში, მაღალ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც უმუშავია და თანამდებობა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც შეინარჩუნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოადგილის თანამდებობაზე ის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ძირითადად საბიუჯეტო საკითხებს კურირებდა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის თანამდებობიდან წავლის შემდეგ, მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა მას მინისტრობა შესთავაზა.
ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რამაზ ბოლქვაძე მნიშვნელოვანი პროგრამის ავტორია. კერძოდ, აჭარის სახაზინო სამსახურის უფროსად მუშაობის დროს – 2004-2005 წლებში მან დანერგა პროგრამა, რომელმაც ამ სამსახურის მუშაობა უფრო მოქნილი გახადა. სახაზინო სამსახურის ახალი პროგრამით გამარტივდა მანამდე არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამო დროში გაწელილი ფინანსური ტრანზაქციების შესრულება.
რამაზ ბოლქვაძეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკავშირდება. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რანგში მისი მუშაობის შედეგად 2014 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვა პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით განხორციელდა.“
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოადგილის თანამდებობა მას 2012 წლიდან უკავია. მანამდე ის ამავე უწყებაში სახაზინო განყოფილების სპეციალისტი, შემდეგ კი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო.
რამაზ ბოლქვაძის ქონების შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე 2014 წლიდან იძებნება. 2016 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რამაზ ბოლქვაძე საკუთრებაში არ ფლობს უძრავ ქონებას, დანაზოგს, წილებს რომელიმე კერძო ორგანიზაციებში. მიუხედვად ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში რამაზ ბოლვაძემ რამდენიმე სასესხო ვალდებულების შესახებ მიუთითა. მათ შორისაა იპოთეკური სესხი „თი ბი სი“ ბანკისგან 80 000 ლარის ოდენობით [2013 წელი].
მინისტრის თქმით, ამ ფულით მან და მისმა მეუღლემ შეიძინეს ბინა, რომელშიც ახლა ცხოვრობენ.
დეკლარაციაშია მითითებული, რომ მან ამ სესხის დაფარვის მიზნით წელს 12 649 ლარი გადაიხადა. საბოლოოდ კი ეს სესხი 2023 წლამდე უნდა დაფაროს. გასულ წელს რამაზ ბოლქვაძეს სამომხმარებლო სესხიც აუღია 19 280 ლარის ოდენობით „საქართველოს ბანკისგან“. ეს სესხი მან 2019 წლამდე უნდა დაფაროს. მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ორი სესხის შესახებ ფიქსირდება ინფორმაცია, მათ შორის, მისი მეუღლის დიანა გუდაძის სესხი 6 000 ლარის ოდენობით.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რამაზ ბოლქვაძის მეუღლე დიანა გუდაძე ბათუმში, ხიმშიაშვილის #20-ში ფლობს ბინას [60,70კვ.მ] და ასევე 2006 წელს გამოშვებულ ავტომანქანას VOLKSWAGEN Passat-ს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რამაზ ბოლქვაძის, როგორც მინისტრის მოადგილის წლიურმა შემოსავალმა 2015 წელს 42 900, ხოლო მისი მეუღლის, დიანა გუდაძის შემოსავალმა 13 156 ლარი შეადგინა. დიანა გუდაძე 2014 წელს „საქართველოს ბანკში“ ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა, 2016 წლიდან კი უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე მუშაობს.
2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რამაზ ბოლქვაძეს სესხი 2008 წელსაც აუღია. როგორც თავად მიუთითა, მას სასესხო ხელშეკრულება გაუფორმებია მუნიციპალური განვითარების ფონდთან 28 000 ლარზე.
დეკლარაციის მიხედვით, მინისტრსა და მის მეუღლეს ერთადერთი ბინა აქვთ და არც ძვირადღირებული საჩუქრები მიუღიათ. ქონებრივ დეკლარაციაში არ ჩანს, რისთვის დასჭრდა მინისტრობის კანდიდატ რამაზ ბოლქვაძეს ამ ოდენობის სესხის აღება.