კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

მინისტრობის კანდიდატები – გამოცდილება და ქონება

19.12.2016 • 5164
მინისტრობის კანდიდატები – გამოცდილება და ქონება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატრაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის მინისტრობის კანდიდატები გასულ კვირას წარუდგინა. მათგან ორი ახალი კანდიდატი, ორი კი მოქმედი მინისტრია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობები შეინარჩუნეს. ზაალ მიქელაძე ჯანდაცვის, ხოლო ინგა შამილიშვილი განათლების მინისტრად აჭარის მთავრობას მას შემდეგ შეუერთდებიან, როცა მთავრობის დამტკიცებაზე უმაღლესი საბჭო იმსჯელებს. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო დღეს, 19 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.

დასახელებული კანდიდატებიდან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ოთხივეს აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, მან საუკეთესო მენეჯერები შეარჩია. „ბათუმელები“ გასულ კვირას მომავალი მინისტრების გამოცდილების გარდა, მათი ქონებრივი მდგომარეობითაც დაინტერესდა.

ინგა შამილიშვილი

ინგა შამილიშვილი

აჭარის განათლების მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამ დრომდე მას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა უკავია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი.

საგანმანათლებლო საქმიანობას ის 1993 წლიდან ეწეოდა და საჯარო მოხელედ არასოდეს უმუშავია, ამიტომაც ქონებრივი დეკლარაცია მას არ აქვს შევსებული. რეესტრის მონაცემებით, მის საკუთრებაში ირიცხება 70 კვ.მ საცხოვრებელი სახლი კურორტ ბეშუმში.

„ერთადერთი, რაც ირიცხება ჩემს სახელზე, ეს არის ბეშუმში არსებული აგარაკი, რომელიც მე მგონი, არ წარმოადგენს ისეთ ქონებას, რაც აჟიტირების საფუძველი შეიძლება გახდეს. სხვა ქონება ჩემს სახელზე არ არის, მე დღემდე დედაჩემის ბინაში ვცხოვრობ. თუკი არ ჩავთვლით ოვერდრაფტსა და საკრედიტო ბარათს, სხვა ისეთი განსაკუთრებული სესხი არ მაქვს და ამით ბედნიერი ვარ“, – თქვა ინგა შამილიშვილმა „ბათუმლებთან“ სატელეფონო საუბარში.

როგორც ბსუ-ს ვებგვერდზეა მითითებული, ინგა შამილიშვილი ფლობს რუსულ ენას კარგად, ხოლო ინგლისურს – ელემენტარულ დონეზე.

ზაალ მიქელაძე

ზაალ მიქელაძე

ზაალ მიქელაძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატია. ის პროფესიით ექიმია და ბოლო რამდენიმე წელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის სამედიცინო კოორდინატორი. უფრო ადრე ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა. ზაალ მიქელაძეს ამ დრომდე თანამდებობა ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ ავალდებულებდა. საჯარო რეესტრის მონაცემებში მის სახელზე იძებნება ბინა [56 კვ.მ] ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე. ამ დროისთვის კი ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მამაპაპისეულ სახლში. საკუთარებაში აქვს ავტომანქანა „ჰონდა“ და არ აქვს საბანკო სესხი: „ვცდილობდი ჩემი შემოსავალი ისე გამენაწილებინა, რომ დამატებითი რისკები არ გამეწია არც საკუთარი თავისთვის და არც ოჯახისთვის.“

ლაშა კომახიძე

ლაშა კომახიძე

მიუხედავად იმისა, რომ ლაშა კომახიძე მოქმედი მინისტრია, აჭარის მთავრობაში ისიც ახალი სახეა – სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის მოსვლის შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე ლაშა კომახიძე ჯერ „საზღვაო ბანკის“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტი და შემდეგ საინვესტიციო განყოფილების უფროსი იყო. 2001-2003 წლებში აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანაშემწედ, შემდეგ აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა.

2004-2006 წლებში ლაშა კომახიძე შპს „გორგიას“ მენეჯერის თანამდებობაზე, შემდეგ კი შპს „დეკოს“მენეჯერად მუშაობდა. სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავლილი აქვს ტრენინგები თემაზე: მსხვილი დაკრედიტების სპეციფიკა, მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები; ღირებულებათა ჯაჭვები; სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის პერსპექტივები; სასოფლო ექსტენციის გამოწვევები და თავისებურებები და სხვა.

ასევე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ლაშა კომახიძის მნიშვნელოვანი მიღწევებია საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამები აჭარაში, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო სამეურნეო სექტორის ინსტიტუციონალიზაციაში შეტანილი წვლილი; სასოფლო სამეურნეო ბიზნესის ხელშემწყობი ინსტრუმენტები; აჭარის სახელობო პროფესიების დანერგვაში, ასევე სოფლის განვითარების სტრატეგიაში შეტანილი წვლილი; 2011-2013 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ინსტიტუციონალიზაცია აჭარაში; ბათუმის ბიზნესინკუბატორის შექმნა და წარმატებული ფუნქციონირება.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა კომახიძე ფლობს ბინას ბათუმში, გორგილაძის ქუჩის #86-ში [70.27კვ.მ] და კომერციულ ფართობს [73.70] ამავე მისამართზე. ლაშა კომახიძე ფიქსირდება ასევე შპს „Plastic Card Distribution“-ისა და შპს „K&K“-ის პარტნიორად. მოგვიანებით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მან ეს წილები მინდობით გადასცა სხვა პირს.

ლაშა კომახიძის მეუღლე – მარგალიტა გოგლიძე პედაგოგია. ის „თი ბი სი“ ბანკის ანგარიშზე ფლობს ანაბარს 10 657 ლარის ოდენობით. თავად მინისტრობის კანდიდატი კი დეკლარაციის შევსების მომენტში პირად ანგარიშზე 5000 ლარს ფლობდა. გასულ წელს ლაშა კომახიძეს, როგორც გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერს, 63 532, ხოლო როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კონსულტანტს 8000 ლარი მიუღია.

დეკლარაციაში მეუღლის შემოსავლებში ლაშა კომახიძემ მიუთითა ასევე თანხის გასესხებით მიღებული შემოსავლის შესახებ. მინისტრობის კანდიდატის მეუღლემ გასულ წელს 18 000 ლარი გაასესხა რეგისტრაციის გარეშე. მან ამისგან წლის ბოლოს შემოსავლის სახით 4 617 ლარი მიიღო.

რამაზ ბოლქვაძე

რამაზ ბოლქვაძე

რამაზ ბოლქვაძე მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი არ არის, რომელსაც აჭარის მთავრობაში, მაღალ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც უმუშავია და თანამდებობა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც შეინარჩუნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოადგილის თანამდებობაზე ის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ძირითადად საბიუჯეტო საკითხებს კურირებდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის თანამდებობიდან წავლის შემდეგ, მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა მას მინისტრობა შესთავაზა.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რამაზ ბოლქვაძე მნიშვნელოვანი პროგრამის ავტორია. კერძოდ, აჭარის სახაზინო სამსახურის უფროსად მუშაობის დროს – 2004-2005 წლებში მან დანერგა პროგრამა, რომელმაც ამ სამსახურის მუშაობა უფრო მოქნილი გახადა. სახაზინო სამსახურის ახალი პროგრამით გამარტივდა მანამდე არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამო დროში გაწელილი ფინანსური ტრანზაქციების შესრულება.

რამაზ ბოლქვაძეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკავშირდება. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რანგში მისი მუშაობის შედეგად 2014 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვა პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით განხორციელდა.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოადგილის თანამდებობა მას 2012 წლიდან უკავია. მანამდე ის ამავე უწყებაში სახაზინო განყოფილების სპეციალისტი, შემდეგ კი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო.

რამაზ ბოლქვაძის ქონების შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე 2014 წლიდან იძებნება. 2016 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რამაზ ბოლქვაძე საკუთრებაში არ ფლობს უძრავ ქონებას, დანაზოგს, წილებს რომელიმე კერძო ორგანიზაციებში. მიუხედვად ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში რამაზ ბოლვაძემ რამდენიმე სასესხო ვალდებულების შესახებ მიუთითა. მათ შორისაა იპოთეკური სესხი „თი ბი სი“ ბანკისგან 80 000 ლარის ოდენობით [2013 წელი].

მინისტრის თქმით, ამ ფულით მან და მისმა მეუღლემ შეიძინეს ბინა, რომელშიც ახლა ცხოვრობენ.

დეკლარაციაშია მითითებული, რომ მან ამ სესხის დაფარვის მიზნით წელს 12 649 ლარი გადაიხადა. საბოლოოდ კი ეს სესხი 2023 წლამდე უნდა დაფაროს. გასულ წელს რამაზ ბოლქვაძეს სამომხმარებლო სესხიც აუღია 19 280 ლარის ოდენობით „საქართველოს ბანკისგან“. ეს სესხი მან 2019 წლამდე უნდა დაფაროს. მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ორი სესხის შესახებ ფიქსირდება ინფორმაცია, მათ შორის, მისი მეუღლის დიანა გუდაძის სესხი 6 000 ლარის ოდენობით.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რამაზ ბოლქვაძის მეუღლე დიანა გუდაძე ბათუმში, ხიმშიაშვილის #20-ში ფლობს ბინას [60,70კვ.მ] და ასევე 2006 წელს გამოშვებულ ავტომანქანას VOLKSWAGEN Passat-ს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რამაზ ბოლქვაძის, როგორც მინისტრის მოადგილის წლიურმა შემოსავალმა 2015 წელს 42 900, ხოლო მისი მეუღლის, დიანა გუდაძის შემოსავალმა 13 156 ლარი შეადგინა. დიანა გუდაძე 2014 წელს „საქართველოს ბანკში“ ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა, 2016 წლიდან კი უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე მუშაობს.

2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რამაზ ბოლქვაძეს სესხი 2008 წელსაც აუღია. როგორც თავად მიუთითა, მას სასესხო ხელშეკრულება გაუფორმებია მუნიციპალური განვითარების ფონდთან 28 000 ლარზე.

დეკლარაციის მიხედვით, მინისტრსა და მის მეუღლეს ერთადერთი ბინა აქვთ და არც ძვირადღირებული საჩუქრები მიუღიათ. ქონებრივ დეკლარაციაში არ ჩანს, რისთვის დასჭრდა მინისტრობის კანდიდატ რამაზ ბოლქვაძეს ამ ოდენობის სესხის აღება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: