Batumelebi | ხანძარი „ოცნების ქალაქში“ ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – Batumelebi
RU | GE  

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

დღეს, 20 დეკემბერს, გამთენიისას ეგრეთწოდებულ „ოცნების ქალაქში“ ბაგრატ მახარაძის საცხოვრებელი ქოხი დაიწვა. დაახლოებით 20 კვ/მ ფართობში სამი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა თქმით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა ადგილზე, გამოძახებიდან 35 წუთის შემდეგ მივიდა: „ცეცხლი ახალი მოკიდებული იყო, წყალი რომ ყოფილიყო კი ჩავაქრობდით, თუმცა წყალიც არ მოდიოდა… სახანძროს დავურეკეთ და 35 წუთის შემდეგ მოვიდა, ხანძარი თითქმის ჩამქრალი იყო, არადა, ხელვაჩაურიდან ჩვენთან მოსვლას დაჭირდება მაქსიმუმ ათი წუთი.“

სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის განმარტებით: „სახანძრო სამსახურში გამოძახება დაფიქსირდა 05:45-ზე, ხოლო 06:00 საათზე ხანძარი სრულად იყო ლიკვდირებული.“

დაეხმარებიან თუ არა ბაგრატ მახარაძის ოჯახს? – „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ გააკეთა: „აღნიშნული ოჯახი ცხოვრობდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, სახლში, რომელსაც არ აღენიშნება დეფორმაცია, ასევე არ არის სტიქიის ზონაში. ძმები გაიყვნენ, ოჯახს აქვს სოციალური დახმარებაც. ასევე, თავისი განმარტებით არის 2008 წლის ომის მონაწილე. სამართლებრივად,  ვინაიდან  აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი არ არის მისი საკუთრება, ამიტომ  სამინისტრო, სამწუხაროდ, ვერანაირ  დახმარებას ვერ გაუწევს. ეს რომ ყოფილიყო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი, სამინისტრო შესაბამისი პროგრამებით დაეხარებოდა“.

დასახლება – ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ოთხი წლის წინ გაჩნდა ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. აქ თვითნებურად ჩასახლებული ოჯახების რიცხვი დღეისათვის 3 ათასს აღწევს. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ არიან ეკომიგრანტები, უსახლკაროები და ა.შ. აჭარის მთავრობამ მათი საკითხი შეისწავლა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა.

აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებში ეს საკითხიც იყო. აჭარის მთავრობა კი აცხადებს, რომ „ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობის პოლიტიკა სამართლიანი და თანმიმდევრულია. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება და მათთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე სახელმწიფოს დახმარებას არ საჭიროებენ, მათზე მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება“.


ამავე თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ ორი ქოხი დაიწვა

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი: როინ გუნდაძე