კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი

20.10.2016 • 3071
სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი

რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ნარკოტესტირებისთვის? – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ არ მოაწოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ კვლევის მიხედვით კი, სახელმწიფო ნარკომომხმარებლის გამოვლენისთვის და შემდეგ მისი დასჯისთვის ყოველწიურად დაახლოებით 18 მილიონს ხარჯს, რეაბილიტაციისთვის – თითქმის არაფერს.

სახელმწიფოს ხარჯი ნარკოტესტირებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ კანონი შეიცვალა, ქუჩაში ნარკოტესტირებისთვის ადამიანების დაკავების პრაქტიკა გრძელდება. შეცვლილი კანონის მიხედვით, ნარკოტესტირება მხოლოდ ნებაყოფლობითია, თუმცა სამართალდამცველებს კვლავ აქვთ „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე პირის დაკავების და მისი 12 საათით განყოფილებაში დატოვების უფლება.

„ყველა ექსპერტიზა ინდივიდუალურია და თავისი მოცულობით, სპეციფიკით, სირთულითა და სიმრავლით განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, კითხვა, თუ რამდენი თანხა იხარჯება სხვადასხვა პირის შემოწმებაზე, დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და შესაბამისად ნარკოლოგიური შემოწმების დანაყოფებს ცალკე გამოყოფილი ბიუჯეტი არ აქვთ. ამდენად სააღრიცხვო სტატისტიკა დეპარტამენტში არ წარმოებს,“ – ნათქვამია წერილში, რომელიც შსს-დან მივიღეთ.

ამავე წერილით უწყებამ მხოლოდ ნარკოტესტირებით გამოვლენილი დადებითი შედეგის რაოდენობა მოგვაწოდა. მონაცემებით ირკვევა, რომ მნიშვნელოვნად მცირდება ნარკოტესტირება საარჩევნო წლებში, მაგალითად:

  • 2012 წელს – 7 627,
  • 2013 წელს – 22 711,
  • 2014 წელს – 14 005,
  • 2015 წელს – 10 894,
  • 2016 წლის პირველ ცხრა თვეში – 6 120.

„არჩევნების დროს ხელისუფლებას არ უნდა იყოს საპროტესტო მუხტი,“ – ამბობს პაატა საბელაშვილი, მოძრაობის „თეთრი ხმაური“ აქტივისტი. ის მიიჩნევს, რომ საარჩევნო წელს ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს ამ კუთხით არსებული საპროტესტო მუხტი შეამციროს: „2013 წელს იყო საპრეზიდენტო არჩევნები და მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ მაშინ მმართველი ძალა რეიტინგს არ უჩიოდა. წელს მონაცემი მკვეთრად შემცირებულია, თუმცა ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ადამიანების იძულებით გაყვანა ნარკოტესტირებაზე აღარ შეუძლიათ და ასევე მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ“.

ნარკოტესტირების ხარჯზე დეტალური კვლევა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ“ 2012 წელს დადო. ამ კვლევის მიხედვით, სახელმწიფოს წლის განმავლობაში ნარკომომხმარებლის გამოვლენა და მისი დასჯა 17 მილიონ 956 647 ლარი უჯდება. ამ ხარჯში შედის პოლიციის და პროკურატურის ადამიანური რესურსის, ასევე ნარკოლოგიური ექსპერტიზა, სასამართლო და პატიმრობის ხარჯი. ამ კვლევის მიხედვით, ერთი ნარკოტესტირება დაახლოებით 35 ლარი ჯდება და წლის განმავლობაში იგი მილიონ 528 ათას ლარს შეადგენს.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღევანდელი მონაცემებით, ერთი ნარკოტესტირების ფასი 40 ლარია. ამ მოცემულობით, შსს-ს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ დადებითი შედეგის გამოსავლენად ნარკოტესტირებებში 2 მილიონ 454 ათასი ლარი დაუხარჯავს.

რამდენს უხდის ნარკომომხმარებელი სახელმწიფოს

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნარკოტესტირებით გამოვლენილი დადებითი შედეგების რაოდენობა 61 357-ს შეადგენს. კანონმდებლობით, ნარკოტიკის მოხმარების პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით 500 ლარით ისჯება, განმეორებისას – 2 ათასი ლარით. ვინაიდან მოწოდებული ციფრებით შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენი პირი დაისაჯა ნარკომოხმარების პირველი ან მეორე შემთხვევის დროს, საერთო მაჩვენებელი ჩვენ მხოლოდ ჯარიმის მინიმალურ ოდენობაზე – 500 ლარზე გავამრავლეთ. გამოდის, რომ 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტში ნარკომომხმარებლებისგან, ყველაზე ცოტა, 30 მილიონ 676 500 ლარი შევიდა.

რას აკეთებს სახელმწიფო ნარკომომხმარებლებისთვის

„დღემდე არ არსებობს ქვეყანაში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ნარკომომხმარებლები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იცხოვრებენ, გაივლიან მკურნალობას, მათთან იმუშავებენ ფსიქოლოგები. რაც მთვარია, იმუშავებენ და შეძლებენ საზოგადოების სრულფასოვან წევრად დაბრუნებას,“ – გვიყვება ზორია წურწუმია, კავშირი „იმედის“ ხელმძღვანელი. ზორიას არაერთხელ უთხოვია ცენტრის გახსნის საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იხსენებს, რომ ბოლოს კითხვა არჩილ თალაკვაძეს საჯარო შეხვედრის დროს ბათუმში დაუსვა.

არჩილ თალაკვაძე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ახლა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ოზურგეთში. „მაშინ შევახსენე, რომ ევროპისკენ მივდივართ თითქოს, მაგრამ რეზოლუციებს არ ვასრულებთ. მითხრა, რომ რეკომენდაციების სრულად გაზიარება ვერ ხდება. როცა დაავალებენ, შემდეგ გააკეთებენ.“

ზორია წურწუმიას თქმით, დღეს სახელმწიფო ნარკომომხმარებელს ალტერნატივას არ სთავაზობს და ჯარიმის გადახდაც მათ ოჯახებს უწევთ: „მხოლოდ მეტადონის პროგრამაში ჩართვა არ არის საკმარისი. აუცილებელია ნარკომომხმარებლების, ან რემისიაში მყოფი პირების რეაბილიტაცია. ეს პროგრამაც დონორებისგან ფინანსდება და ნაწილს თავად ნარკომომხმარებელი იხდის. ეს თვეში 110 ლარია“.

გლობალური ფონდის დაფინანსებით ქვეყანაში მხოლოდ სამი ამბულატორიული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი მოქმედებს: „კამარა“, „საპატრიარქოს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სარეაბილიტაციო განყოფილება. სამივე ცენტრის გამტარუნარიანობა ერთდროულად 300-მდე პირს არ აღემატება.

კვლევითი ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიას“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ცენტრების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გარდა, პრობლემაა ქალთა საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურება: „მაშინ, როდესაც ნარკომომხმარებელი ქალები ორმაგი სოციალური სტიგმის ზეწოლას განიცდიან. ქალი ნარკომომხმარებლები ხშირად ოჯახური ან გენდერული ძალადობის ობიექტები ხდებიან“.

„სახელმწიფოს ნება არის პრობლემა,“ – თვლის ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ზიანის შემცირების პროგრამის მენეჯერი, მარი ჩოხელი. ის გვიყვება, რომ კიდევ ერთი ცენტრი ახლახან გახსნა თბილისში კავშირმა „თანადგომამ“, თუმცა ეს მოცემულობას მაინც ვერ ცვლის: „წინასაარჩევნოდ ჩვენ რამდენიმე პარტიას შევხვდით და ვთხოვეთ მემორანდუმისთვის მოეწერათ ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებდა ნარკოპოლიტიკის გადახედვას. ვინც ხელი მოაწერა, ის პარლამენტში ვერ მოხვდა. „ქართული ოცნებიდან“ ცალკეული წევრები არიან ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერები, მაგრამ პარტიას ოფიციალურად ეს არ გაუფორმებია… ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს რესურსის პრობლემაზე, როცა ვსვამთ კითხვას სარეაბილიტაციო ცენტრების ამოქმედებაზე. ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება ნარკოტესტირებისთვის. ამ თანხით შესაძლებელია დავეხმაროთ ნარკომომხმარებლებს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ქუჩიდან ნარკოტესტირების გასავლელად აღარ მიჰყავთ ადამიანები არათუ ევროპის ქვეყნებში, არამედ თითქმის არსად… ეს არის რეპრესიული მიდგომა“.

რატომ არ შეიძლება მინიმუმ ნარკომომხმარებლებისგან ამოღებული ჯარიმები მათ რეაბილიტაციას  მოხმარდეს? – კითხვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გედევან ფოფხაძეს დავუსვით. ის ნარკოპოლიტიკაზე საუბარს დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: