მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფლებში ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამას მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ

21.12.2016 • 2069
სოფლებში ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამას მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ

2017 წლიდან „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამა აჭარის ბიუჯეტიდან [არსებული პროექტის მიხედვით] აღარ დაფინანსდება. ამ პროგრამას მუნიციპალიტეტებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა. პროგრამის მიზანი იყო  სოფლის მოსახლეობისთვის მედიცინის დის დონეზე ექიმამდელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდება.

აჭარის მთავრობის განცხადებით „თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სამედიცინო საქმიანობას კოორდინაციას უწევს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის სოფლის ექიმები. თემის სამედიცინო პუნქტების შენობა-ნაგებობები [გარდა სკოლის შენობებისა] და აღჭურვილობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მუნიციპალიტეტები ფარავენ მათ კომუნალურ ხარჯებს, ამარაგებენ საწვავით [შეშით]. საჭიროებისას ახორციელებენ მათ რეაბილიტაციას და აღჭურვას. თემის სამედიცინო პუნქტების მედდებისაგან მომსახურების შესყიდვა და მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინებით. მედდების ყოველდღიურ საქმიანობაზე ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი უწევს. აქედან გამომდინარე სამინისტრომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ 2017 წლიდან ზემოაღნიშნული ქვეპროგრამა განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა“.

მთავრობა მიიჩნევ, რომ ეს „გააუმჯობესებს პროგრამის მართვას, მის განხორციელებაზე კონტროლს, კადრების ადგილზე შერჩევა/დანიშვნის საკითხსა და ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა უფლებების დაცვას. სამინისტრო დაიტოვებს ვალდებულებას, გაუწიოს მუნიციპალიტეტებს ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარება პროგრამის მართვის საკითხებში, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს სამედიცინო მომსახურების მიმდინარეობის საქმიანობის მონიტორინგში“.

„ქვეპროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემასა და მართვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა. მუნიციპალიტეტების 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების პროექტებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული პროგრამა“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში გაგზავნილ წერილში.

„სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება“ 2015 წელს 750 600 ლარით იყო დაფინანსებული აჭარის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს კი – 783 400 ლარით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: