მთავარი,სიახლეები

2 მილიონამდე ლარი – ხელფასი, დანამატი და პრემია აჭარის მთავრობაში

20.12.2016
2 მილიონამდე ლარი – ხელფასი, დანამატი და პრემია აჭარის მთავრობაში

2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აჭარის მთავრობის აპარატში ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით 2 მილონამდე ლარი გაიცა. აქედან მილიონ 37 ათას 643 ლარი ხელფასის, 519 762 ლარი დანამატის, ხოლო 308 640 ლარი პრემიის სახით. ეს თანხა 118 თანამშრომელზე გადანაწილდა.

დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში აწერს, მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 2016 წლის 15 ივლისიდან ოქტომბრამდე სახელფასო სარგოს სახით 8 353, ხოლო დანამატის სახით 6 264 ლარი მიუღია. მის წინამორბედს, არჩილ ხაბაძეს კი, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია, 2016 წლის იანვრიდან 13 ივლისამდე ხელფასის სახით 21 120 ლარი, ხოლო პრემიის სახით 15 838 ლარი მიუღია.

აპარატის უფროსს გოჩა ჯაშს 2016 წლის პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე ხელფასისა და დანამატის სახით 7 454 ლარი მიუღია.

2016 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე დავით გაბაიძეს, აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ხელფასის სახით 14 016 ლარი, ხოლო დანამატის სახით 8 591 ლარი მიუღია. ის ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.

ინფორმაცია ხელფასის, პრემიისა და დანამტის შესახებ აჭარის მთავრობის აპარატში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვრმა რეზო ხარაზმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

აჭარის მთავრობის აპარატში დასაქმებული 119 ადამიანის ხელფასებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 მილიონ 497 ათას 200 ლარია გათვალისწინებული, ხოლო მომავალი წლისთვის ეს თანხა იზრდება. აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 2 მილიონ 506 ათას 800 ლარია გაწერილი.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, აჭარის მთავრობა საპასუხო კომენტარს ამზადებს და მას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: