მთავარი,სიახლეები

კლიპები აჭარაზე, რომლებიც „ბიბისიზე“ და „ევრონიუსზე“ გავა

30.06.2017
კლიპები აჭარაზე, რომლებიც „ბიბისიზე“ და „ევრონიუსზე“ გავა

„აჭარის ფერები“ – ასე ჰქვია ახალ ვიდეოკლიპს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით გადაიღო სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ. კლიპისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა კომპანიას 125 000 ლარი გადაუხადა გამარტივებული შესყიდვით.

დეპარტამენტის შეკვეთით კიდევ ერთი ახალი კლიპი – „მწვანე აჭარა“ გამოვიდა, რომლის მოსამზადებლადაც ტურიზმის დეპარტამენტმა 35 000 ლარი გადაიხადა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის  4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საერთაშორისო მედიით. ტურიზმის დეპარტამენტს ხუთი ვიდეორგოლის გადაღება აქვს დაგეგმილი, რისთვისაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ჯამში 350 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ამბობს, რომ დეპარტამენტი უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით ხელმძღვანელობს. მისი თქმით, თანხა, რაც დეპარტამენტმა ახალი კლიპისათვის – „აჭარის ფერები“ – გადაიხადა, კლიპის საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მცირეა, შემსრულებელი კომპანიის გამოცდილებიდან და ფასებიდან გამომდინარე. კითხვას, რატომ შეისყიდა კლიპი დეპარტამენტმა გამარტივებული წესით, სულხან ღლონტი ასე პასუხობს:

სულხან ღლონტი

სულხან ღლონტი

„შესყიდვების სააგენტომ გაგვიმარტივა შესყიდვები და ვიყიდეთ გამარტივებულად. კლიპების შემთხვევაში, ძირითადად, სახელწიფო ამ გზას ირჩევს, რადგან აქ არის საქმე არა მხოლოდ ფასზე, არამედ კრეატივზე, ტექნიკურ მახასიათებლებსა და ხარისხზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პროდუქტს მსოფლიოს 16 ქვეყნის ბაზარზე ნახავენ, მათ შორის „ევრონიუსზე“ და „ბიბისიზე“ , რომელთანაც კონტრაქტებს ჩვენ ახლა ვამზადებთ. „მწვანე აჭარა“ და „აჭარის ფერები“ არის პროდუქტი, რომელიც ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს აჭარაში. ეს არის კლიპები, რომლებზეც, პრაქტიკულად ნეგატიური შეფასება არ ყოფილა, არც სოციალურ ქსელში, არც პროფესიონალებში. კლიპი გუშინ დავდეთ და ერთ დღეში ნახა ნახევარ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე, ისე, რომ ჩვენ არც ერთი თეთრი არ დაგვიხარჯავს [ინტერნეტრეკლამისთვის].

ჩვენი რეგიონის მთავარი კონტრიბუტორი არის ტურიზმი, განხორციელებული ინვესტიციების 40 პროცენტი მოდის ტურიზმზე, ყველაფერი რეგიონში უკავშირდება ტურიზმს და ჩვენ, სამწუხაროდ, ტურიზმისთვის არ ვხარჯავთ ბიუჯეტის ერთ პროცენტსაც კი. გვინდა ტურისტი, მაგრამ გვენანება თანხის დახარჯვა კლიპებში, გვინდა ტურისტი, მაგრამ სარეკლამო კამპანიები გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ – სულ ამ დისკუსიაშია საზოგადოება. ჩვენ დაგვხვდა ბიუჯეტი და შევასრულეთ ბიუჯეტი. მე ვთვლი, რომ ძალიან ხარისხიანად“.

სულხან ღლონტი ამბობს, რომ დეპატამენტი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ საერთაშორისო მედიაორგანიზაცისთან, კლიპების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით. ამისათვის დეპარატამენტი 250 000-ზე მეტ  დოლარს დახარჯავს.

„ევრონიუსზე“ მზადდება 11-კვირიანი კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს კლიპის რამდენჯერმე გაშვებას დღის განმავლობაში, ასევე, სიუჟეტებისა და რეპორტაჟების მომზადებას აჭარის შესახებ. ახლა მიდის საუბარი კონტრაქტზე. ასევე საუბარია „ემბისი“-ზე, რომელიც ფარავს არაბულ ქვეყნებს“, – ამბობს სულხან ღლონტი.

დეპარტამენტი კიდევ ერთი კლიპის გადაღებას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს გამოვა და ტურისტებს აჭარაში მოუხმობს ახალი წლის შესახვედრად. ჯამში 2017 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში რეგიონის რეკლამირებისათვის 4, 765, 000  ლარს დახარჯავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: