კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

პროკურორი გელა მახარაძე დააკავეს

26.12.2011 • 3667
პროკურორი გელა მახარაძე დააკავეს

მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა ინფორმაცია, აჭარის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გამომძიებელ გელა მახარაძის დაკავების შესახებ. გელა მახარაძე ის გამომძიებელია, რომელიც 2009 წლიდან „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების ფაქტს უშედეგოდ იძიებდა.

„ბათუმელებმა“ პირველად სწორედ გელა მახარაძეს აცნობა 2011 წლის 20 ნოემბერს იმის შესახებ, რომ იპოვა შანტაჟისტი სპეცსამსახურის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილიმისსავე სახლში და დაუყოვნებელი რეაგირება სთხოვა, რასაც გამომძიებელს კანონიც ავალდებულებდა. ამ შეტყობინებაზე გელა მახარაძეს შემდეგი რეაქცია ჰქონდა: „ხვალ წერილობით მომმართეთ“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გელა მახარაძის დაკავებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ მან რეაგირება არ მოახდინა დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად, რომელიც ჟურნალისტზე ძალადობდა. სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მათი უწყების გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, გელა მახარაძე და მისი სიმამრი, ადვოკატი არჩილ კალანდაძე შემდეგი მოტივით დააკავეს:

„მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით. გამოძიებით დადგენილია, რომ გელა მახარაძემ და მისმა სიმამრმა, არჩილ კალანდაძემ, პატიმრობაში მყოფი ზ. მ-ს ოჯახის წევრები დაარწმუნეს, თითქოსდა პროკურატურაში ქრთამის მიცემის გზით, შეძლებდნენ ზ. მ-ს ბრალდების საქმის მათთვის სასურველი პირობებით მოგვარებას. სანაცვლოდ კი ამ ოჯახისგან მიიღეს ფულადი თანხა, მთლიანობაში 17 000 აშშ დოლარი. საქმეზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი –  12 000 აშშ დოლარი. ორივე ბრალდებული სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. აღკვეთის ღონისძიების სახით, მათ მიმართ გამოყენებულია წინასწარი პატიმრობა“.

განსასჯელი, ვისაც გამოძიების ვერსიით, გელა მახარაძე ფულს სძალავდა, მისი მეზობელია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ გამომძიებელს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გაასამართლებენ, რაც მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი