მიგრაციის მართვა და გამოწვევები – სემინარი საიაში


29 ივნისს ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალში, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ტრენინგ-სემინარი გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძირითადი მიზანი იყო საიას პროექტის – „მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, საჯარო მოხელეების – ადგილობრივი მთავრობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება. სემინარის თემაა მიგრაცია, არალეგაური მიგრაცია, მიგრანტთა მოლოდინები და არსებული რეალობა. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერაციასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე,“ – აღნიშნა პროექტის ოფიცერმა, ირაკლი ვარშანიძემ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე აუცილებელია საფუძვლიანი კვლევების წარმოება; მკვლევართა ჯგუფის შექმნა და განვითარება; ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესება; არალეგარული მიგრაციის რისკჯგუფებისა და მათზე გავლენის მქონე სუბიექტების ცნობიერების ამაღლება მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის არალეგალური მიგრაციის, გაძევების, ტრეფიკინგისა და თავშესაფრის ძიების თემები.

ირაკლი ვარშანიძის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის ძირითად მიზეზებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული შრომითი მიგრაცია, განვითარებულ ქვეყნებში პროფესიული შრომითი საქმიანობის ნებართვებზე არსებული შეზღუდვა და მიგრაციის ლეგალური გზების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს.

სემინარზე საუბარი შეეხო რეადმისიის შეთანხმებასა და აჭარისა და გურიის რეგიონებში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

2

ირაკლი ვარშანიძე

ირაკლი ვარშანიძის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში მიგრანტთა ჩასვლის მიზანი განსხვავებულია; მაგალითად, საბერძნეთში, იტალიაში, რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებში მიგრანტთა უმრავლესობა შრომითი საქმიანობის მიზნით ჩადის, ხოლო თურქეთში, შრომითი საქმიანობის გარდა, მიგრანტები სასწავლო მიზნითაც მიემგზავრებიან. მიგრაცია ზოგ შემთხვევაში ნებაყოფლობითია, ზოგჯერ კი – იძულებითიც. თურქეთში მიგრაციის ორივე ტიპი შეინიშნება, ხოლო საბერძნეთში, ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებსა და იტალიაში ნებაყოფლობითია.

რაც შეეხება მიგრანტთა სქესის მაჩვენებლებს, თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში ჩასული მიგრანტებიდან უმეტესობა მამაკაცია, ხოლო საბერძნეთში, იტალიასა და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებში მდედრობითი სქესი დომინირებს.

იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ უცხო ქვეყნებს შორის იმიგრაციის მხრივ, რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა. რუსეთიდან ძირითადად ოჯახის გაერთიანებისა და საინვესტიციო მიზნით ჩამოდიან.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ აჭარასა და გურაში სამუშაო მიზნით უკრაინის, სომხეთის, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები ჩამოდიან. რაც შეეხება სწავლას, იმიგრანტთა შორის ინდოეთი დომინირებს.

1

ტრენინგ-სემინარი საიას აჭარის ფილიალში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გულნარა კაკაბაძე არის "ბათუმელების" სტაჟიორი