ბათუმში მაგნოლიების დარგვა ბულვარის განაშენიანებასთან ერთად დაიწყეს. 1889 წელს ბულვარის განაშენიანების პროექტის ფარგლებში აქ ოცამდე მაგნოლიის ხე დაირგო.
„აჭარაში მაგნოლიები ჩრდილოეთ ამერიკიდანაა ჩამოტანილი. ზღვისპირეთში ძირითადად დიდყვავილა მაგნოლიის (Magnolia grandiflora) სახეობა გვხვდება, რომელიც მაისის ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ყვავილობს,“ – ამბობს ნათელა ვარშანიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბათუმის მერიის თქმით, ამჟამად ბულვარის ტერიტორიაზე ხუთას თვრამეტი მაგნოლიის ხეა.
ყოველწლიურად ბულვარს მაგნოლიის ახალი ხეები ემატება, წელს, მაისის თვეში, ოცი ძირი დაირგო.
მაგნოლიის ხეებს ბულვარის გარდა ბათუმის ქუჩებშიც შეხვდებით. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, მაგნოლიები ძირითადად მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაირგო.
მაგნოლიები, რომლებსაც ექვსი მაისის პარკში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილს ქუჩებზე შეხვდებით, 1906 წელსაა დარგული.
ერთ-ერთი უძველესი მაგნოლია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, სომხურ ეკლესიასთან ახლოს დგას. აქვე გაკეთებულია აბრა წარწერით, რომელიც გვამცნობს, რომ ეს მაგნოლია 1898 წელს ცნობილმა მარინისტმა, ივანე აივაზოვსკიმ დარგო.
ბულვარში ყველაზე პატარა მაგნოლიასაც ნახავთ, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს.
ამ ადგილას მაგნოლია 1888 წლის 25 სექტემბერს დარგო ბათუმში ჩამოსულმა რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე მესამემ. მაგნოლია 2016 წლის იანვარში დიდთოვლობის დროს წაიქცა, თუმცა მის ფესვზე ახალი ნერგი ამოვიდა, რომელმაც გაიხარა.
ბათუმის უძველესი მაგნოლიის წაქცევის ფაქტს 2016 წლის ზამთარში, სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, შოთა გუჯაბიძე წერდა, რომ ძველ ბათუმში მაგნოლიის ფოთოლზე დაწერილ წერილებს შეყვარებულები უგზავნიდნენ ერთმანეთს მარკითა და საფოსტო შტამპით.
დიდყვავილა მაგნოლია მარადმწვანე, ოცდაათი მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს დიდი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი გირჩისებრ ნაყოფედშია მოთავსებული, მოყვითალო ალისფერი თესლი კი ბუდიდან წვრილი ძაფებით ჩამოეკიდება. ხეზე ყვავილები ერთბაშად არ იშლება, არამედ მონაცვლეობით – თითო გაშლილი ყვავილი სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხარობს.
აჭარაში მაგნოლიის სახეობებს შორის „შროშანას ფოთოლა მაგნოლიასაც“ შეხვდებით.
„Liliflora Magnolia (შროშანას ფოთოლა მაგნოლიას), მაგნოლიის აღმოსავლურ-აზიური სახეობაა, რომელიც 1,5 – 2 მეტრი სიმაღლის ბუჩქია და აქვს იისფერი ფოთლები. შროშანას ფოთოლა მაგნოლიას ყვავილობას ადრე გაზაფხულზე იწყებს, აჭარაში ასევე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მაგნოლიის სახეობაა“ – განმარტავს ნათელა ვარშანიძე. მისი თქმით, მაგნოლიებს, დეკორატიულობის გამო, „მცენარეთა სამყაროს არისტოკრატებს“ ეძახიან.