მთავარი,სიახლეები

განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

30.06.2017 • 5372
განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

მოსამართლე ირაკლი შავაძეს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღება დაასწრო. პროკურორს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ კონცელიძემ მის ნაცვლად თქვა, რომ ბრალზე საერთოდ უარს ამბობს.

საქმე იაგო ცივაძის ბრალდებას ეხება. ის 2015 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო. სამართალდამცველებმა იარაღი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდება ამ საქმეში კითხვის ნიშნები გააჩინა. დასკვნის მიხედვით, იარაღის შეფუთვაზე დაფიქსირებული თითის ანაბეჭდები არ დაემთხვა ბრალდებულის დნმ-ს. ანაბეჭდი პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის, ე.წ. კონფიდენტის აღმოჩნდა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ შემთხვევით შეეხო იარაღს ბრალდებულის ტაქსში.

საქმეს თავდაპირველად მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. 2015 წლის ბოლოს ეს მოსამართლე ხელვაჩაურში გადაიყვანეს და საქმე ირაკლი შავაძეს დაეწერა. მან საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო.

დღეს, 30 ივნისს, მოსამართლე ირაკლი შავაძეს ბოლო სამუშაო დღე აქვს სისხლის სამართლის კოლეგიაში. ხვალიდან იგი სამოქალაქო საქმეებს განიხილავს. თუკი პროკურორი დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდებოდა, ან დასკვნით სიტყვაზე უარს იტყოდა, მაშინ საქმეს ისევ ახალ მოსამართლეს გადააბარებდნენ.

წინა სასამართლო პროცესზე პროკურორმა ლევან მურვანიძემ დასკვნით სიტყვაზე უარი თქვა. განმარტა, რომ ამისთვის მზად არ იყო და ივლისამდე არც ექნებოდა დრო საბრალდებო სიტყვის სათქმელად. ადვოკატებმა მაშინ თქვეს, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მიღების შესაძლებლობა არსებობდა და პროკურატურა საქმეს მიზანმიმართულად აჭიანურებდა.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორწლიანი დავის შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა იაგო ცივაძის მიმართ შეწყდა.

იაგო ცივაძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატები პაატა შავაძე და პაატა ბოლქვაძე იცავდნენ.

რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ ორწლიანი დავის შემდეგ საქმის შეწყვეტა? – პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ გვითხრა, რომ იმაზე მეტს ვერ გვეტყოდა, რაც სასამართლო სხდომის დარბაზში თქვა.

“იაგო ცივაძის მიმართ დარღვეულია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უფლება,” – ასე შეაფასა პროკურატურის მოულოდნელი გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ პაატა დიასამიძემ – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”იურისტმა. ეს ორგანიზაცია იაგო ცივაძის სასამართლო პროცესებს აკვირდებოდა.

პაატა დიასამიძე ხაზს უსვამს პროკურატურის დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მტკიცებულებები, რაც საქმეში თავად პროკურატურამ წარმოადგინა ვერ აკმაყოფილებდა “გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს”.

ხომ არ აარიდა თავი პროკურატურამ საქმის შეწყვეტით გამამართლებელ განაჩენს? – პაატა დიასამიძე ამბობს, რომ უცნობია, რას გადაწყვეტდა სასამართლო, თუმცა აშკარა იყო, რომ საკმარისი მტკიცებულებები ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენისთვის არ არსებობდა.

იაგო ცივაძეს შეუძლია სამოქალაქო წესით იდავოს პროკურატურის წინააღმდეგ და მოითხოვოს მატერიალური ზიანის მიღება.

“ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, ვიდავებ თუ არა პროკურატურის წინააღმდეგ. რაც მთავარია, ეს პროცესი მორჩა,” – გვითხრა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა იაგო ცივაძემ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: