მთავარი,სიახლეები

სასამართლომ მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის განხილვა დაიწყო

25.04.2017 • 3863
სასამართლომ მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის განხილვა დაიწყო

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ორივე მათგანი 23 აპრილს დააკავეს 11-12 მარტის აქციის საქმეზე. ბრალდებულებს მასობრივი არეულობის მოწყობაში ედებათ ბრალი.

საბრალდებო დასკვნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრის აღწერით იწყება. ამის შესახებ ბუხრაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ კონკრეტული მოქალაქეებისთვის შეღავათის გაწევა სთხოვა, ასევე უთხრა, რომ მართვის მოწმობა არ აქვს და ამის მიუხედავად, ავტომანქანით მოძრაობის დროს იგი არ უნდა დააჯარიმონ.

საბრალდებო დასკვნაში პროკურორებს ამ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული ფაქტი, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას დაადასტურებდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ქვებისა და ჯოხების მომარაგებას სთხოვდნენ აქციის მონაწილეებს, “რათა შტურმით აეღოთ პოლიციის შენობა. მათი ქმედება განსაკუთრებით აგრესიული გახდა ღამის პირველი ნახევრიდან…” – წაიკითხა მოსამართლემ ამონარიდი პროკურატურის მიერ მომზადებული დასკვნიდან.

მოსამართლემ ბრალდებულებს მიმართა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

მერაბ ღოღობერიძის ინტერესებს ადვოკატი პაატა შავაძე იცავს, ირაკლი ჩხვირკიას – დავით ჩავლეიშვილი. მათი თქმით, საქმე მრავალტომიანია და ჯერჯერობით მტკიცებულებებს არ გასცნობიან.

“ძირითადად ბრალდება ეყრდნობა ექვსი მოქალაქის ჩვენებას, რომლებიც ამბობენ, რომ მერაბ ღოღობერიძე მათ მოუწოდებდა აქციაზე წასვლისკენ. ეს მოწოდება თავისთავად დანაშაულებრივი არ არის. ეს მოწმეებიც კი, რომლებიც იძულებით ჩაწერეს და ზოგიერთმა არც კი იცოდა, რას აწერდა ხელს, ვერ ადასტურებენ მასობრივი არეულობის მოწყობას,” – გვითხრა სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა პაატა შავაძემ.

საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი. ის ამბობს, რომ რაც ნახა, იქ არსად ჩანს მასობრივი არეულობის მოწყობის ფაქტი.

მოწმეთა ჩვენებებისა და ვიდეოკადრების გარდა საქმეში სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

სასამართლო პროცესზე საქმეს სამი პროკურორი წარმოადგენს: რამაზ შავაძე, ფრიდონ ქარცივაძე და ალექსანდრე ძირკვაძე.

პროკურორები ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. ახლა მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია უნდა მოისმინოს.

IMG_20170425_190235

IMG_20170425_190203

IMG_20170425_185357

IMG_20170425_185223

IMG_20170425_190210

გადაბეჭდვის წესი


ასევე: