ნეტგაზეთი • RU

როდის დასრულდება ხულოს სოფელ აგარაში სკოლის მშენებლობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 2014 წელს დაწყებული საჯარო სკოლის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. მოსწავლეებს სწავლა ისევ, ძველ და ავარიულ შენობაში უწევთ. სკოლაში 92 მოსწავლე ირიცხება და 18 პედაგოგი ასწავლის.

18110086_839606919522070_1548982248_o

სკოლის ძველი შენობა აგარაში სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს

სოფელ აგარაში ოთხსართულიანი [12- კლასიანი] საჯარო სკოლის ასაშენებლად ტენდერი, აჭარის განათლების სამინისტრომ, 2014 წლის 24 ივლისს 1 მილიონ 45 ათას 886 ლარზე გამოაცხადა. სკოლისა და სასპორტო დარბაზის ასაშენებლად სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ ტენდერში ინდ. მეწარმე გოჩა აბაშიძემ გაიმარჯვა, ხელშეკრულება კი სამინისტროსა და მეწარმეს შორის 955 ათას ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულებით სკოლის მშენებლობა 2015 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ მეწარმეს შენობის ჩაბარების ვადა 12 დეკემბრამდე გაუგრძელა.

აგარაში სკოლის შენობის მოსაწყობად ტენდერის გამოცხადება სამინისტროს მეორედ მოუხდა, 2016 წლის 8 ივლისს. ამჯერად, აგარის საჯარო სკოლასთან ერთად ალამბრის, ჩაისუბნის, ქვედა სამების, ბათუმის N3 და N29 საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება სამინისტრომ, „შავ სიაში“ რეგისტრირებულ შპს „ნიკარემსტროი“ -ს საქართველოს ფილიალთან 597 ათას 88 ლარზე 12 აგვისტოს გააფორმა. აგარის სკოლის დასასრულებლად და მასთან ერთად ხუთი სკოლის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულების ვადა სამინისტრომ ამ კომპანიასაც გაუგრძელა – მიმდინარე წლის 30 მაისამდე.

18120228_839606829522079_562215653_oხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე იმედოვნებს, რომ სკოლის ახალ შენობაში სასწავლო პროცესს სექტემბრიდან დაიწყებენ: „ამ დროისთვის აგარის სკოლის მშენებლობის სამუშაოები დასრულებულია. აშენებულია სკოლის 4-სართულიანი შენობა, მიმდინარეობს შიგა მოწყობითი სამუშაოები. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და იქნება ცენტრალური გათბობა. სკოლის მშენებლობის დასრულების გაჭიანურება ყოფილი კომპანიის შეუსრულებელმა სამუშაოებმა გამოიწვია, ხელმეორედ ტენდერის გამოცხადებამ კი პროცესი დროში გაწელა.  რაც შეეხება სასწავლო პროცესს სოფელ აგარაში, ყოფილ სკოლაში გრძელდება, მართალია, სკოლა არ შეესაბამება სასწავლო გარემოს, თუმცა არც ისეთი მდგომარეობაა, რომ  სასწავლო პროცესი სხვაგან გადავიტანოთ, ამ შენობას 2008 წელს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა“.

აგარის სკოლის გარდა, ხულოს რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები მხოლოდ სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს.

18119832_839607242855371_577354738_o

სკოლის მშენებარე ახალი კორპუსი აგარაში / ასლან მგელაძის ფოტოები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი