მთავარი,სიახლეები

რატომ დაგვიანდა ყოფილი ფოსტის ადგილზე სასტუმროს ოფიციალურად გახსნა

25.04.2017
რატომ დაგვიანდა ყოფილი ფოსტის ადგილზე სასტუმროს ოფიციალურად გახსნა

ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI“-ის ოფიციალურად გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. კომპანია „აქთივ ბათუმის“ გენერალური მენეჯერის, მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, „მიმდინარეობს სამუშაოები შენობის რემონტის დასრულებაზე და ზაფხულის სეზონამდე ვაპირებთ სასტუმროს გახსნას, ასე ვთქვათ, სამთავრობო დონეზე. წმინდა ტექნიკური დეტალები გვაქვს დარჩენილი, რასაც მალე დავასრულებთ“.

მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, შენობა ექსპლუატაციაში გაშვებულია, მუშაობს კაზინო „პრინცესა“ და გასული წლის 23 დეკემბრიდან სასტუმროც ფუნქციონირებს. 146-ადგილიან სასტუმროს აქ კომპანია Wyndham Hotel Group-ი ამუშავებს; დასაქმებულია 470 ადამიანი, აქედან 300 კაზინოში, 170 კი – სასტუმროში.

რაც შეეხება პანდუსს, რის გამოც ბარათაშვილის ქუჩაზე ტროტუარი ქვეითებისთვის ფაქტობრივად ჩაიკეტა, მამუკა ზაქარაძე ამბობს, რომ ეს პრობლემაც მალე გადაიჭრება: „პანდუსის დემონტაჟი არ მოხდება, უბრალოდ, ტროტუარი გაფართოვდება“.

სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში გასული წლის აგვისტოში იგეგმებოდა, თუმცა, მამუკა ზაქარაძის თქმით, „იყო პროექტის ცვლილება, შიდა დიზაინს ვგულისხმობ და ამას, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, დასჭირდა იმაზე მეტი დრო, ვიდრე ჩვენ გავთვალეთ“.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი ფოსტის შენობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ 2010 წელს ოფშორულ ზონაში ამავე წელს დაფუძნებულ კომპანიას „აქთივ ბათუმს“ 2 მილიონ 500 ათას დოლარად მიჰყიდა.

კომპანიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ახალმა ხელისუფლებამაც გამოიჩინა – რამდენჯერმე აპატიეს და გადაუწიეს ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმროს გასხნის ვადა.

2016 წლის იანვარში ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ დაასრულებდა. კომპანიამ, რომელმაც მშენებლობა უნდა დაასრულოს, მთელი ქონება [რაც „ფოსტის“ ადგილზეა] იპოთეკით დატვირთა.

ქონების მეპატრონე კვლავაც კომპანია „აქთივ ბათუმია“. „აქთივ ბათუმმა“ ახალი სასტუმროს ასაშენებლად ექვს მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: