მთავარი,სიახლეები

ენმ ხეების გადატანაზე საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს

22.04.2017 • 2090
ენმ ხეების გადატანაზე საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, შეისწავლონ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის აჭარაში ხეების მოთხრითა და გადატანით მიყენებული ზიანი გარემოზე – ამის შესახებ 22 აპრილს ნინო ჯინჭარაძემ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა აჭარაში.

„ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე დამორჩილებით ხდება ჩვენი რეგიონის ბუნების ხელყოფა, დაზიანება და ლანდშაფტის მიზანმიმართულად განადგურება. აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩვენ მივმართეთ ჩვენს რეგიონში და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უწყებას, მათ შორის: აჭარის მთავრობას, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ბათუმის მერს და ა.შ. ამ უწყებებიდან კანონის თანახმად, ათ სამუშაო დღეში უნდა მიგვეღო რაიმე პასუხი მაინც, თუმცა ჩვენს მიმართვას არავითარი პასუხი არ მოჰყოლია, ამიტომაც სხვა გზა არ რჩება და მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძირითადად ბუნებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე და აქვთ კომპეტენცია, შეაფასონ ჩვენს რეგიონში მიმდინარე ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც აზიანებს  ბუნებას და, ასევე, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

ამ მიმართვით გვინდა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოვუწოდოთ და ასევე, მივმართოთ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ყველა თანამოქალაქეს, რომელსაც აწუხებს ხეების გადატანისა და ბუნების დაზიანების ფაქტები, ჩვენთან თანამშრომლობისკენ, რომ გამოვნახოთ როგორმე გზა, შევაჩეროთ ივანიშვილის ახირება და დავიცვათ ჩვენი გარემო“  – განაცხადა ნინო ჯინჭარაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი გაგზავნილ მიმართვას თან ექნება დართული ფოტო და ვიდეომასალა, რაც სპეციალისტებს გაუადვილებს მიყენებული ზიანის შეფასებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: