მთავარი,სიახლეები

მოსამართლე ოჯახში ძალადობაზე: ზუსტად იგივე განმეორდა

25.04.2017
მოსამართლე ოჯახში ძალადობაზე: ზუსტად იგივე განმეორდა

ცოლის ცემა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ვ.კ.-ს ედება ბრალად. გასული წლის 28 ოქტომბერს მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანალოგიურ ვითარებაში ოჯახში ძალადობა დაუდასტურა და პირობითი მსჯავრი შეუფარდა. სასჯელის ქვეშ მყოფმა მეუღლეს ისევ სცემა. საქმეს ამჯერად მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

„ზუსტად იგივე განმეორდა განაჩენის შემდეგ…“- თქვა მოსამართლემ, როცა აღმკვეთი ღონისძიების, წინასწარი პატიმრობის შეცვლის საკითხს განიხილავდა. ამ არგუმენტით მან საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე პატიმრობის გაუქმებაზე უარი თქვა.

„ვცნობ“,- მოკლედ მოუჭრა ბრალდებულმა მოსამართლეს კითხვაზე: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ.

დაზარალებული, მისი მშობლები, მეზობლები და 10 წლის გოგო, რომელმაც დედის ცემას უყურა – მოწმეები არიან, თუმცა არც ერთი მათგანის ჩვენებას აღარ მოისმენს მოსამართლე – უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების გამო.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ზუსტად იმავე მოწმეებს სასამართლომ უკვე მოუსმინა, როცა გასულ წელს იმავე ბრალდებულის ოჯახში ძალადობის საქმე განიხილებოდა.

ბრალდებულს დავით კეკელიძე იცავს, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ იურისტი. მისი თქმით, ვ.კ. ცოლთან გაშორებულია და წინა წლის კონფლიქტის შემდეგ მარტო ცხოვრობს.

„იმ საღამოს ნასვამი მივიდა და ბავშვის წაყვანა ითხოვა, კაფეში უნდა ვავახშმოო. ყოფილმა მეუღლემ უარი უთხრა, რის გამოც მოხდა კონფლიქტი,“ – გვიყვება დავით კეკელიძე.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალს ცემის კვალიც ეტყობოდა. დაზიანების ხარისხი ექსპერტმა ისევ ისე შეაფასა, როგორც გასულ წელს – სხეულის დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ, – თქვენ გელოდებათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე“.

მხარეებს შორის ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. პროკურატურის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია ბრალდებულს კიდევ ერთხელ შეუფარდონ პირობითი მსჯავრი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: