მთავარი,სიახლეები

„ჩვენი ქალაქები არ არიან მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის“

22.04.2017 • 3886
„ჩვენი ქალაქები არ არიან მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის“

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 126 470 ავტომანქანაა – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც შს სამინისტრომ 20 აპრილს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 16,8 პროცენტით. ავტომანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ავტოავარიების შემთხვევათა რაოდენობა და კიდევ უფრო გადატვირთული ხდება მოძრაობა ქალაქებში. უნდა გახდეს თუ არა ეს სტატისტიკა განხილვის საგანი და საჭიროა თუ არა ცვლილებები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ეკატერინე ლალიაშვილი საუბრობს, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე.

ავტომანქანების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა უნდა გახდეს თუ არა ქალაქებში ინფრასტრუქტურის  ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველი?

როცა ასეთი მზარდი ტენდენციაა, ქვეყანა უნდა დაფიქრდეს.

როდესაც იზრდება გადაადგილების კილომეტრაჟი [უცხოეთში ასე საზღვრავენ ხოლმე], იზრდება იმის ალბათობაც, რომ მოხდება უფრო მეტი საგზაო შემთხვევა, თუმცა არა ყოველთვის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით ოცი წლის წინ როცა გაიზარდა ავტომანქანების რაოდენობა, ამის პარალელურად განახევრდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ავტომანქანების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია საგზაო შემთხვევებთან, თუ სახელმწიფო არის მზად ამისათვის.

ჩვენთან პარკირება, ქალაქის ინფრასტრუქტურა, არ არის მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის. ახსნაც აქვს იმას, თუ რატომ იზრდება ყოველწლიურად მოთხოვნა კერძო ტრანსპორტზე. ეს ძირითადად ხდება იმიტომ, რომ არ არსებობს გადაადგილების კომფორტული საშუალება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით.

სახელმწიფოს მზაობა არ ნიშნავს მხოლოდ ზებრის დახაზვას და მონიშვნების გაკეთებას, მზაობა ნიშნავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფას. უნდა დაისვას ხელისუფლებაში შეკითხვა, როდემდე უნდა იზრდებოდეს ტრანსპორტის რაოდენობა ქვეყანაში, მაშინ როცა იზრდება ქუჩებში საცობებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. ვიღაცამ უნდა დასვას ეს შეკითხვა, მაგრამ რეალურად არ არსებობს ქვეყანაში ამ შეკითხვის დამსმელი და ესაა პრობლემა.

ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც მიაღწია წარმატებას და შეამცირა მსხვერპლი გზაზე, აქვს საკოორდინაციო რგოლი, რომელიც ანალიზს აკეთებს, რა ხდება ამ სფეროში და რეაგირებს გამოწვევებზე. ჩვენთან ერთი წელია დაახლოებით, რაც დავიწყეთ მუშაობა. 2017 წლის სამოქმედო გეგმა გვაქვს საგზაო უსაფრთხოების, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებულ აქტივობებს, მაგრამ მთავარია ამ ყველაფრის მიზანი იყოს ავტოავარიებით გამოწვეული მსხვერპლის შემცირება. ჩვენ არა გვაქვს ეს მიზანი. არგუმენტი იყო ის, რომ რადგან ახლა ვიწყებთ, პირველ წელს  შევისწავლოთ მდგომარეობა და შემდეგი წლიდან დავსახოთ მიზანი.

ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის ამაზე საუბარი ახლა?

რთული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ დაგვიანებული არასდროს არაფერი არ არის. ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ, ეს არის მთავარი. შედარება არ არის წინა წლებთან, იმდენად გააქტიურებული არიან ახლა სამინისტროები, კოორდინაცია დაიწყო უწყებებს შორის, რაც აქამდე არ ყოფილა. ეს მცირე, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ გვინდა მუშაობა უფრო გააქტიურდეს და გვქონდეს კონკრეტული გეგმა.

გაერომ 2010 წელს გამოაცხადა მოქმედების დეკადა, რომლის მიზანია 2020 წლამდე გზებზე მსხვერპლის 50 პროცენტამდე შემცირება. ამას იზიარებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა და მათ ზუსტად იციან, ყოველ წელს რამდენით უნდა შემცირდეს ავტოავარიები, რომ მიაღწიონ მიზანს. ასეთი კონკრეტული მიზანი აკლია ჩვენს ხელისუფლებას.

თქვენი აზრით, ახალ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, უნდა ხდებოდეს თუ არა ქალაქის საკრებულოებში ამ საკითხის განხილვა? მაგალითად, აჭარაში, სამ ადამიანზე საშუალოდ ერთი ავტომანქანა მოდის, უნდა დაწესდეს თუ არა გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობის შეზღუდვა, რომ საცობები იქნას თავიდან აცილებული, თვითმმართველობამ უნდა იმსჯელოს თუ არა ამაზე?  

უნდა ხდებოდეს საკრებულოში ამ საკითხების განხილვა და არა მარტო ადგილობრივ, არამედ ეროვნულ დონეზე უნდა ხდებოდეს, რადგან ეს  სერიოზული პრობლემაა და მისი გადაჭრა შეგვიძლია, თუ ჩავდებთ ფინანსურ რესურსს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში. დაგვიანებული და გაუკეთებელი არაფერია, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ვიზრუნოთ ადამიანებზე.

პატარა ქალაქს ფეხით მოივლი და სულ არ გჭირდება მანქანა მოკლე მანძილზე. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეიძლება აბსოლუტურად უზრუნველყოს ქალაქში მოძრაობა და ასევე, ფეხით სიარული უნდა იყოს წახალისებული. თუმცა დღეს წახალისებული კი არა, ქვეითებისთვის არ არის ხელმისაწვდომი გარემო, არ არის მწყობრში გადასასვლელები, ტროტუარები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ავტომანქანის სადგომადაა ქცეული… როცა ეს არ არის მოწესრიგებული და უსაფრთხო გარემო ფეხით მოსიარულისათვის, ბუნებრივია, ყველას უჩნდება სურვილი, რომ გადაჯდეს ავტომობილში.

ავტომობილის ქონა საქართველოში გარკვეულწილად უკავშირდება სოციალურ სტატუსს, რომ „მაქვს საშუალება მყავდეს ავტომაქანა“. ამას თუ ხედავთ, როგორც პრობლემას? იგივე პატარა ქალაქში, სადაც შესაძლებელია ფეხით გადაადგილება ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება?  

ბუნებრივია, ეს მენტალური პრობლემაა. ვიყიდით ძვირადღირებულ მანქანას და მერე გადაგვყავს გაზზე, რომ უფრო იაფი იყოს მისი შენახვა, რაც ასევე პრობლემაა, რადგან ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის.

ყველა ევროპულ ქვეყანაში ძალიან კარგ ტონად ითვლება, თუ დადიხარ ველოსიპედით. თანამდებობის პირები დადიან ველოსიპედებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით… ჩვენ დაგვჭირდება წლები, რომ ამაზე გადავეწყოთ და ამის მაგალითის მიცემა უნდა დაიწყონ საჯარო მოხელეებმა პირველ რიგში.

ავტოპარკის დიდ ნაწილს ძველი ავტომანქანები შეადგენს, ათ წელზე და მეტი ხნის. კანონში ცვლელების შედეგად, რაც ავტომობილის ფასს ზრდის, როგორ ფიქრობთ, შემცირდება თუ არა საქართველოში ავტომობილების ზრდის ტენდენცია?

ძალადობრივი მეთოდებით ვერაფერს შევამცირებთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ავტოპარკის 90 პროცენტს ძველი ავტომანქანები შეადგენენ, პირიქით, უნდა წავახალისოთ ახალი ავტოპარკი. კი, გვესმის, რომ ევროპული ტაქტიკაა, მაგრამ როცა ასეთ მდგომარეობაში ვართ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ახალი ავტომანქანის შემოყვანა უფრო ნაკლები უჯდებოდეს ადამიანს და ეს უნდა იყოს წახალისებული.

ევროპული ქალაქების მაგალითი ახსენეთ. გადატვირთულ ქუჩების პრობლემებთან ბრძოლის წარმატებული მაგალითები როგორია?

შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია – ეს არის ქვეყნები, რომლებმაც შეამცირეს მსხვერპლი გზებზე და თუ ასი ათას ადამიანზე ჩვენთან იღუპება 15 ადამიანი, ამ ქვეყნებში იღუპება 3-4 ადამიანი. ამ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველა ტიპის ტრამვაი, ძალიან პოპულარულია. ამ ტიპის მიდგომებით გადაჭრეს პრობლემა.

ეს არ არის რთული, თუ ჩვენ ამ გეზს ავიღებთ. არც ერთ მძღოლს არ უნდა ყოველდღიურად დიდი ხარჯი გაიღოს, მანქანის ქონა ხომ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეიძლება მყავდეს ავტომანქანა, მაგრამ თუ სახლიდან სამსახურამდე ყოველ დღე კომფორტულად მიგვიყვანს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბუნებრივია, აღარ მოგვინდება, რომ საწვავი ვხარჯოთ, საცობში ვიდგეთ, პარკინგის თანხა ვიხადოთ… ავტომანქანას გამოვიყენებთ საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასასვლელად, ეს განტვირთავს მოძრაობას.

__________________

ამავე თემაზე: 

1 126 000 მანქანა – საქართველოს ავტოპარკი 2016 წელს 8%-ით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]

“იარე ფეხით”: კანონში ცვლილებები ქვეითების ყველაზე დიდ პრობლემას გვერდს უვლის

სიკვდილი გზებზე – ავტოავარიების სტატისტიკა [ინფოგრაფიკა]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: