მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში

23.04.2017 • 2399
აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტი – „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ქედის მუნიციპალიტეტში“ გასულ წელს დაასრულა, თუმცა სოფლებში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი დღემდე არ გაუმჯობესებულა.

თემებში ერთიანი ქსელის მოწყობისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, თვითმმართველი ორგანოებისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ქედის საკრებულომ ორგანიზაცია „ინტელექტის“ თანაავტორობით დაწერილი პროექტი წარადგინა.

პროექტი ქედის ცხრა თემში, თემის ადმინისტრაციული ოფისების მოწყობას, ავეჯის, ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკის შეძენასა და ოფისების ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვას გულისხმობდა. მთლიანი ბიუჯეტი იყო 78 365 ევრო. ევროკავშირის მოთხოვნით, პროექტის განსახორციელებლად მთლიანი ბიუჯეტის 10% [7836 ევრო] ქედის თვითმმართველობას უნდა დაეფინანსებინა, დანარჩენ 90% -ს კი ევროკავშირი დააფინასებდა.

ერთიანი ქსელის შემთხვევაში, თუ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეს გამგეობაში რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტის მიტანა დასჭირდებოდა, ეს დოკუმენტი ელექტრონულად გამგეობისთვის თემის ადმინისტრაციულ ოფისს უნდა გადაეგზავნა.

პროექტის დასრულების მიუხედავად, თემებში ადმინისტრაციული ოფისები ერთიან ქსელში დღემდე არ ჩართულა. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საჭირო დოკუმენტების წარსადგენად ათეულობით კილომეტრი გზის გავლა და  მუნიციპალურ ცენტრში მისვლა ისევ უწევს.

პროექტის კოორდინატორი და ქედის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  რეზო თურმანიძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში კომპიუტერების შეძენა და ერთიან ქსელში ჩართვა ვეღარ მოასწრეს:

„რვა თემის ცენტრში, ყოფილი საკრებულოს შენობებში, ორი ოთახი გავარემონტეთ. რადგან ზვარეს თემში შენობა საერთოდ არ იყო, იქ ახალი ავაშენეთ. ოფისები აღიჭურვა ავეჯითა და ინვენტარით, კომპიუტერების შეძენა და ქსელში ჩართვა ვერ მოხერხდა მხოლოდ, რადგანაც ხელშეკრულებით გათვლილი დრო ამოიწურა, ევროკავშირმა კი ხელშეკრულება არ გაგვიგრძელა.“

ერთიანი ქსელის მოწყობისთვის პროექტის განსახორციელებლად 2014 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა  ევროკავშირისგან 135 235 ლარი  მიიღო, 2015 წელს – 15 548, ხოლო 2016 წელს – 1 560 ლარი, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილს, ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 108 ლარი გამოყო.

რატომ ვერ გამოიყენა მუნიციპალიტეტმა შესაძლებლობა და ის ფინანსური რესურსი, რომელსაც ევროკავშირი მუნიციპალიტეტს ხარისხის გასაუმჯობესებლად სთავაზობდა? – შეკითხვას რეზო თურმანიძე პასუხობს:

„ვფიქრობ, პროექტის განხორციელება გვიან დაიწყო, სანამ ოფისები გარემონტდა, ავეჯი და ინვენტარი შევიძინეთ, პროექტის ვადა ამოიწურა, დაფინანსებას კი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ვიღებდით. ვადის ამოწურვის შემდეგ ევროკავშირმა ხელშეკრულება არ გაგვიგრძელა და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად თანხა ვეღარ მივიღეთ“.

„ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ინტელექტის“ თავმჯდომარე, ლევან გობაძე ამბობს, რომ ქედის საკრებულოს პროექტის შემუშავებაში დაეხმარნენ: „პროექტის ფარგლებში ჩვენს ორგანიზაციას ევალებოდა კონსულტირება, ქედის თემებში კვლევების ჩატარება, მოსახლეობაში მოთხოვნადი მომსახურების იდენტიფიკაცია, რეგლამენტის შემუშავება მუნიციპალური მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით და  და კონსულტაციები მუნიციპალური მომსახურების კომპიუტერული ტექნიკის სისტემის აწყობასა და შემდგომში მომსახურების გაწევაზე. რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს, ქედის საკრებულოს პრეროგატივა იყო, თვითონ აცხადებდნენ ტენდერებს და თვითონ იბარებდნენ სამუშაოს“.

ლევან გობაძის თქმით, თემებში არსებული კომპიუტერების პროგრამული მახასიათებლები ვერ აკმაყოფილებდა ერთიანი ქსელისთვის საჭირო პარამეტრებს და ამიტომ გაიწერა პროგრამაში ახალი კომპიუტერების შეძენა.

„პროექტის წარმატებულ დასრულებას ხელი შეუშალა იმან, რომ კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და კომპიუტერული პროგრამის დანერგვა ვერ მოხდა. პროგრამის დანერგვა ჩვენი და მუნიციპალიტეტის კომპეტენციის  ზღვარს სცილდებოდა, დამოკიდებული ვიყავით იუსტიციის სამინისტროს სიპ-ზე, რომელსაც ეს სამუშაოები უნდა განეხორციელებინა“ – ამბობს ლევან გობაძე.

პროექტით, ცხრა თემისთვის  12 კომპიუტერი უნდა შესყიდულიყო, რისთვისაც 8400 ევრო, ქსელური მოწყობილობებისთვის – 1200 ევრო და ცხრა მრავალფუნქციური პრინტერის შესაძენად – 2 340 ევრო იყო გაწერილი. მთლიანობაში ქედის საკრებულომ 11 940 ევროს ათვისება ვერ მოახერხა

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 152 343 ლარიანი პროგრამიდან, პროექტის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებზე, სამი წლის განმავლობაში 37 440 ლარი, ტერიტორიული ერთეულების ოფისის მოწყობა-რემონტზე  – 89 220 ლარი, კონდინციონერების შეძენა-მონტაჟზე – 9 360 ლარი, ოფისების ავეჯზე – 13 968 ლარი და საწვავისთვის – 2355 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში ყოველთვიურ ანაზღაურებას ღებულობდა ქედის საკრებულოს წევრი და პროექტის კოორდინატორი რეზო თურმანიძეც.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ ეს საკრებულოს პროექტი იყო და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი, პროექტის კოორდინატორი, რეზო თურმანიძეა.

„როცა გამგებლად დავინიშნე, თემის ოფისებში კომპიუტერებიც დამხვდა და პრინტერებიც, თუმცა პრინტერები არ მუშაობს. ვფიქრობთ, 6 000 ლარამდე თანხა გამოვყოთ პრინტერების შესაძენად,  თემების ოფისები მოდემის ინტერნეტით უზრუნველვყოთ და  არსებული პრობლემა ასე გადავჭრათ“ – ამბობს დავით დუმბაძე.

zundaga

ფოტო: ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული ოფისი ამ შენობაშია განთავსებული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: