482,3 კარატიანი ზურმუხტის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა – 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის პირობებს

არჩევნები და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ დარჩენილი მანდატების გამარჯვებულ პარტიაზე მიკუთვნება იყო საკითხი, რომელმაც დღეს, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპრატიული დემოკრატიისათვის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს [ნიმდი] ბათუმის ოფისში მეტი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია.

შეხვედრაზე იმყოფებოდა უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე, რომელიც მომხსენებლისგან ითხოვდა მათემატიკურ გამოთვლას, იმასთან დაკავშირებით, თუ მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებების ვარიანტით, როგორც ამას არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, როგორ მიაღწევს გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 20%-ს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების ხელისუფლების ვერსია უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას, არ უზრუნველყოფს მრავალპარტიულობას და ეს წარმოქმნის დისპროპორციას.

საარჩევნო კონონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლმა ელენე ნიჟარაძემ ისაუბრა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა თათული ჭუბაბრიამ კი შრომითი უფლებების თვალსაზრისით საქრთველოში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. მისი ინფორმაციით 2011 -2016 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავდა 776 და დაიღუპა 270 ადმიანი.

გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ორგანიზაცია „მწვანე ალტენატივას“ ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ მიმოიხილა. მისი შეფასებით ქვეყანაში კვლავაც არ არის გარემოსდაცვითი სახელმწიფო და მდგრადი განვითარების პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას ეკონომიკურ სექტორებში.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის საკითხებზეც ისაუბრეს.

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს – ამ თემაზე დღეს „ნიმდის“ ბათუმის ოფისში იმსჯელეს. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მოწვევით მომხსენებლებმა ოთხი ძირითადი თემის ირგვლივ ისაუბრეს. ფონდის წარმოამდგენლის ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ველდებულებების შესრულების მონიტორინგი, რომელსაც „ღია საზოგადოება საქართველო“ ახორციელებს, 14 თემას მოიცავს.

საცხოვრებელი ბინები 164 დევნილისა და 212 ეკომიგრანტი ოჯახისათვის

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად, წაბლანელებისათვის მშენებარე სახლი დაათვალიერა. მშენებლობის პროცესს გაეცნო ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

bსაცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც წაბლანაში მცხოვრებ 212 ეკომიგრანტ და 164 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. აჭარის მთავრობამ ხულოში 1989 წლის 19 აპრილის სტიიქიის შედეგად დაზარლებულთათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლითაც დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. კერძოდ, შეიქმნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“, რომელმაც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით საცხოვრებელი კორპუსიის აშენება დაიწყო. მთავრობამ ამხანაგობას საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 5000 კვმ მიწის ნაკვეთი გადასცა, ასევე გამოუყო 1 550 000 ლარი.

g

მშენებლობის დასრულების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 164 საცხოვრებელი ფართის დევნილებისათვის შესყიდვა მოხდება. სულ მალე, ბათუმში ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლში 212 ეკომიგრანტ ოჯახთან ერთად დევნილებიც შესახლდებიან.

f

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტით საბოლოოდ მოხდება როგორც 212 სტიქიით დაზარალებული ოჯახის, ისე 164 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. „წაბლანელებისთვის სახლის მშენებლობის პროექტი გრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება. აჭარის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად შეძლო ეს პროექტი ბოლომდე მიეყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე, წაბლანელ 212 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობა

122 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი 1 ლარად გადაეცა

დღეს, 28 აპრილს, აჭარაში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს 8 დასახლებაში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. ამ მიზნით დღეს აჭარაში იმყოფებოდა საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. დევნილებისთვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციითვე, ამ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ.

„ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი და რაც ყველაზე მთავარია, შენობები ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაშია და დღემდე სანამ არ გაირკვეოდა მფლობელის ვინაობა, თვითმმართველობას არ ჰქონდა საშუალება დახმარება გაეწია რემონტის ჩატარების კუთხით. დღეიდან, როგორც კი საკუთრების ფურცლებს მოქალაქეები ხელში დაიკავებენ, შესაძლებელი გახდება გარემონტდეს არსებული ფართები და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ოჯახებთან შეხვედრისას.

საცხოვრებლის გადაცემის პროცედურას ასევე ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელმაც განაცხადა: „ეს სწორი მენეჯმენტი, სწორი მუშაობა და სწრაფი რეაგირებაა ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის. თქვენ იცით, რომ სულ ეხლახანს აჭარის მთავრობას ეს ტერიტორია საკუთრებაში გადმოგვეცა. განკარგულება არსებობს და უახლოეს დღეებში სიმბოლურ ფასად ჩვენს დევნილებს ეს ფართები გადაეცემათ. უახლოეს დღეებში ორგანიზებულად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოხდება ამ ფართების დაკანონება. შემდგომში მოეწყობა ტერიტორია“.

 

უსაფუძვლო გამდიდრებას „ბათუმის კორპუსი“ საკუთარ თანამშრომლებს ედავება

ააიპ „ბათუმის კორპუსი“ უსაფუძვლო გამდიდრებას ედავება საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ. ახალი სასამართლო დავა მერიას დაქვემდებარებულმა „ბათუმის კორპუსმა“, აღნიშნული პირების სამსახურში აღდგენის შემდეგ წამოიწყო.

ამჯერად „ბათუმის კორპუსი“ ასაჩივრებს იმას, რომ სამსახურში აღდგენილმა პირებმა აიღეს კომპენსაციაც და განაცდურიც. გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ მათ შრომის კოდექსით გათვალისწინებული კომპენსაცია მიიღეს ორი თვის ხელფასის ოდენობით, ხოლო სასამართლო პროცესების მოგების შემდეგ – განაცდური, მათ შორის, იმ ორი თვისაც, რაზეც კომპენსაცია უკვე გაცემული იყო.

„ასე მოხდა, რადგან განაცდურის ანაზღაურების ვადად სასამართლომ განსაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლების დრო,“ – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში „ბათუმის კორპუსიდან“ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულების ინტერესებს იცავს.

ლაშა კილაბერია, თომა ხალვაში და ირაკლი მექვაბიშვილიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

სასამართლო პროცესზე ლაშა კილაბერიამ და ირაკლი მექვაბიშვილმა საბანკო ამონაწერები წარმოადგინეს. „ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ არათუ გამდიდრდნენ ეს ადამიანები, არამედ სამსახურიდან გათავისუფლებამ ისინი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა,“ – მიმართა მოსამართლეს ნინო სიორიძემ.

გათავისუფლებული პირები სამსახურში 2016 წლის თებერვალში აღადგინეს. რატომ აღმოაჩინა „ბათუმი კორპუსმა“ უსაფუძვლო გამდიდრება ნახევარი წლის შემდეგ, როცა სარჩელით სასამართლოს მიმართა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე „ბათუმის კორპუსის“ იურისტმა, ზაზა ვარშანიძემ ასე გვიპასუხა: „ეს არ ვიცი ზუსტად. მგონი, იურისტი არ ჰყავდათ მანამდე და იმიტომ არ გაასაჩივრეს“.

გასული წლის ივლისში შეტანილი სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ დღეს დაიწყო.

თუკი სასამართლო უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს დაადგენს, სამივე პირმა კომპენსაციის სახით აღებული თანხა „ბათუმის კორპუსს“ უკან უნდა დაუბრუნოს.

განახლებული სასჯელი ავტომანქანის ტარების გამო – პროცესი ბრალდებულის გარეშე

ბრალდებულ ილია ხ.-ს გამოძიება სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობას ედავება. მას ნარკოტიკის მოხმარების გამო პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და ავტომანქანის მართვის უფლება შეუზღუდეს. რამდენიმე დღის წინ ილია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პოლიციამ მანქანის მართვის დროს დააფიქსირა. პროკურატურამ იგი ხელახლა მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულის გარეშე განიხილა.

“სასამართლო ბრალდებულს, ასევე მის ოჯახს ვერ დაუკავშირდა. თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მის შესახებ?”- მიმართა პროკურორს, ალექსანდრე ძირკვაძეს მოსამართლემ.

პროკურორმა თქვა, რომ არც მას აქვს ინფორმაცია ბრალდებულის გამოუცხადებლობის თაობაზე. მან გირაოს შეფარდება მოითხოვა 5 ათასი ლარის ოდენობით.

“მოახერხებს ამის გადახდას?”- იკითხა მოსამართლემ.

“მას საცხოვრებელი სახლი აქვს ბათუმში,” – უპასუხა მოსამართლეს პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

ბრალდებულს არც ადვოკატი ჰყავს. აღმკვეთის შეფარდების დროს კანონი არ ითვალისწინებს ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას. შესაბამისად, მოსამართლეს ცარიელ დარბაზში მოუწია გადაწყვეტილების გამოცხადება. სასამართლო ვალდებულია, ბრალის წარდგენიდან 24 საათში პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილოს. ილია ხ.-ს კი ბრალი გუშინ წაუყენეს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ილია ხ.-ს გირაოს სახით 2500 ლარის გადახდა დააკისრა.

საქმიანობის უფლების შეჩერების საკითხს, რის გამოც ილია ხ. ხელახლა მიეცა პასუხისგებაში, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. თუკი ეს ნორმა ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევა, მაშინ საერთო სასამართლოებს აღარ ექნებათ უფლება, ვინმეს საქმიანობა შეუზღუდონ, მათ შორის, ავტომანქანის მართვა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდებულის შემოსავლის მიღების ერთადერთი წყაროა.

 

 

 

ვერცხლის 5-ლარიანი მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება. ის 15,5 გრამს იწონის. სულ მოიჭრება 1500 ცალი მონეტა. რაც შეეხება მონეტის შეძენას, ეს შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი მოგვიანებით დადგინდება.

„2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო საპატიო სტუმარი იქნება, სადაც იგი წარმოაჩენს როგორც  მევენახეობა-მეღვინეობას, ასევე ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ავერსი:

Print

მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე.

მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს შემდეგი წარწერები: „საქართველო“, „2017“, „GEORGIE“ (ფრანგულ ენაზე ), „5 ლარი“.

რევერსი:

Print

მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო  საპატიო სტუმარი იქნება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალი და ლარის სიმბოლო – „5 ლ“, ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე – „LA GÉORGIE – PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX“ – „საქართველო – ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი ნინო გონგაძეა.

ბოლო ოთხ თვეში საქართველოში ოჯახში ძალადობის გამო ექვსი მკვლელობა მოხდა

ბოლო ოთხი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის შედეგად საქართველოში ექვსი მკვლელობა მოხდა, მათგან 4 – იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ორი –  თბილისში – ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აჭარაში ოჯახში ძალადობის 16 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 15 შემთხვევაში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით საქართველოში  პოლიციამ ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამო 752 შემაკავებელი ორდერი გასცა, რომლებიც სასამართლომ დაამტკიცა. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას სასამართლო განსაზღვრავს.

გასულ, 2016 წელს, საქართველოში ოჯახში ძალადობის 1416 შემთხვევა მოხდა. 

 

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში – დემეტრე თავდადებულის  N35, მაზნიაშვილის  N6 – აბაშიძის N15, ზუბალაშვილის N38, კომახიძის  N4, ჟორდანიას  N14,  ვ. გორგასლის  N24 და  ქობულეთში მდებარე -„ეფენდიევის ვილა“ – ეს  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ის ძეგლებია, რომელთა რეაბილიტაციასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გეგმავს. შენობები კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით და იგეგმება არა მხოლოდ ფასადის შეკეთება, არამედ ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობების სრული რეაბილიტაცია.

სააგენტომ ტენდერი  რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე უკვე გამოაცხადა 240 ათას ლარზე. წინადადებების მიღება 25 მაისს უნდა დასრულდეს.

„შენობები შევარჩიეთ სპეციალისტებთან ერთად. ამჯერად ტენდერი გამოცხადებულია საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე. შემოდგომაზე ალბათ უკვე გვექნება სრული პაკეტი და იქ ასახული ბიუჯეტი გათვალისწინებული იქნება 2018 წლის ბიუჯეტში.  სამუშაოები ალბათ დაიწყება მომავალ წელს და ვფიქრობთ,  სამუშაოების ნაწილს ქალაქის მერია დააფინანსებს. ტენდერის დასრულების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება რა თანხა დასჭირდება ამ სახლების რეაბილიტაციას.

ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და შემოდგომაზე ჩვენ სხვა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების შერჩევაზე ვაპირებთ მუშაობას. ამის შეჩერება არ შეიძლება, უნდა გადავარჩინოთ ბათუმი და მოსახლეობამაც უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო ცდილობს გადაარჩინოს ქალაქის ურბანული მემკვიდრეობა.  ჩვენ ზეპირი საუბარი გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან და როგორც ითქვა, ყველა ასეთ ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება,“ – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი.

 

 

ქალები ცხენით და გუთნით ყანაში – ფოტოამბავი სოფელ ზოტიდან

გურიის მაღალმთიანეთში,  სოფელ ზოტში, მოსახლეობა მიწის დასამუშავებლად დღემდე ცხენს იყენებს. შრომობენ კაცებიც, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით უფრო ქალები არიან დაკავებულნი. ქალები ხნავენ ყანას, თესავენ, თოხნიან, მიდიან მთაში და მოჰყავთ კარტოფილი. კაცები სამუშაოდ თურქეთში დადიან.

“მთელი წელი გვიწევს მუშაობა, ყანას რომ დავთესავთ და პირველ-მეორე თოხს ჩავუტარებთ, მთაში მივდივართ. იაილებზე საქონელი მიგვყავს. იქაც კარტოფილს ვთესავთ და მოგვყავს. იმის გამო, რომ კაცები თურქეთში მიდიან სამუშაოდ, მთელი ტვირთი ჩვენზე მოდის. ჩვენც მივეჩვიეთ უკვე ასე შრომას. ზამთარი გვიყვარს, სამუშაო არაფერი არაა და ცოტას  ვისვენებთ,” – ამბობს “ბათუმელებთან”  ზოტის მცხოვრები ქეთევან ირემაძე.

 

 

ქეთევან ირემაძე ყანას ცხენით ხნავს
ქეთევან ირემაძის თქმით, როცა კაცები თურქეთში მიდიან სამუშაოდ, ოჯახს ქალები უძღვებიან.

 

სოფელში პატარა გოგონებს ადრიდანვე აჩვევენ შრომას. 9-10 წლის გოგონები დედებთან ერთად თოხნიან ყანას. ირინა 15 წლისაა. საკუთარ საყანე მიწას მეზობელთან ერთად ამუშავებს. ხან ცხენს მიუძღვის, ხან გუთანს იჭერს.

“10 წლის ვიყავი, როცა ყანაში მუშაობა დავიწყე. ყველა ასე ვიწყებთ აქ. თავიდან ცხენს ვუძღვებოდი და ასე ვეხმარებოდი, ახლა გუთნის დაჭერაც შემიძლია. მიწა ჩვენი შემოსავლის  ერთ-ერთი  წყაროა. მიწაზე რაც მოდის, ყველაფერს ვყიდით,” – ამბობს ირინა ანთაძე.

ქალების თქმით, სოფელში ქალს უფრო მეტი შრომა უწევს, ვიდრე კაცს – გარდა იმისა, რომ მიწაზე მუშაობენ, სახლის საქმეები მთლიანად ქალზეა მინდობილი.

 

15 წლის ირინა ყანას ხნავს
15 წლის ირინა ყანას ხნავს.

IMG_0343 (Copy)

 

კოკოტაურის მცხოვრები: სასაფლაოები გადათხარეს და მაღალი ძაბვის სადენები გაჰყავთ

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სოფელში კომპანია „საქართველოს ენერგოსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სოფლის სასაფლაოზე გაყვანას აპროტესტებენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, გათხრების დროს სასაფლაოები დაზიანდა და ბოძების ჩასამაგრებელ ადგილზე მიცვალებულების ძვლები  გამოჩნდა.

„99 წლის კაცი ვარ და არავინ არ მისმენს. ადგილები არის იმისთვის, რომ ელექტროსადენები გაიყვანონ, მაგრამ პრინციპულად არ ცვლიან გეგმას. ელექტროსადენები სოფლის ძველ სასაფლაოზე გადის, ზოგი სასაფლაო ჩანს, ზოგი არა. ერთ ადგილზე მიწა ამოთხარეს და ძვლები გამოჩნდა, დატოვეს ასე და წავიდნენ,“- გვეუბნება სოფლის მცხოვრები ავთანდილ ბერიძე.

ის ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტერიტორია სოფლის სასაფლაოა, თუმცა სამუშაოებს ჯერჯერობით არ წყვეტენ.

„გვითხრეს, რომ სამარხებს სხვა ადგილზე გადაიტანენ. მათ უნდათ, რომ საფლავები ამოთხარონ და სხვაგან გადაიტანონ, ამის უფლებას კი ჩვენ არ მივცემთ“.

ავთანდილ ბერიძის თქმით, სოფლის ძველი სასაფლაო დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

აქციის მონაწილეებთან იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ამ დროისთვის 60-მდე ადამიანია შეკრებილი. „ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ელექტროგადამცემი ხაზების ადგილმონაცველობას მოითხოვენ“-ამბობს თამაზ ბაკურიძე.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სოფელ კოკოტაურის გარდა, კიდევ რამდენიმე სოფელში კეთდება.

 

ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ქედაში სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად ვასაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძარი ნახევრად კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, სადაც ოთხი წევრი ცხოვრობდა, ღამით, დაახლოებით ორ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

როგორც ქედის გამგეობაში აღნიშნეს, ოჯახის დახმარების საკითხს სამთავრობო კომისიას გადაუგზავნიან, დაზარალებულ ოჯახს კი ბინის ქირის გადახდას მანამდე შესთავაზებენ, ვიდრე სამთავრობო კომისია ოჯახთან დაკავშირებით დახმარების თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

ხანძრის შედეგად ამ თვეში ქედაში უკვე მეორე სახლი დაიწვა.

მთავარ ფოტოზე: ხანძარი ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

უახლოესი სამი დღის მანძილზე ბათუმში და აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში ამ დღეებში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში, თუმცა ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სანაპირო რაონებში ღამით მოსალოდნელია  7-12 გრადუსი, დღისით – 17-22 გრადუსი.

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში დღისით ჰაერი 12-17 გრადუსამდე გათბება, ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი.

პარკი ტბის პირას. მანანა ქველიაშვილის ფოტო
პარკი ტბის პირას. მანანა ქველიაშვილის ფოტო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 24 ათას ლარს დახარჯავს საჩუქრებში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 24 889 ლარად 1600 ცალ ბრენდირებულ საჩუქარს შეისყიდის. საჩუქრებში შედის ფლეშ მეხსიერების ბარათები, კალმები, ალი და ნინოს მეტალის სუვენირები 3D ფორმატში, კრისტალის მაგიდის სუვენირები – ბათუმის კონტური, ესეც 3D ფორმატში და  ბლოკნოტები ჩამკეტით.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ბრენდირებული სასაჩუქრე სუვენირების შესყიდვა ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილებამ მოითხოვა. მოთხოვნა სამინისტროს სატენდერო კომისიამ ერთ კვირაში დააკმაყოფილა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.

როგორც სამინისტროში გვითხრეს, სუვენირები და საჩუქრები იქნება მათი საპრომოუშენო მასალა, განკუთვნილი სტუმრებისთვის და იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც დაგეგმილია სამინისტროს მიერ, ეს იქნება ფორუმები თუ შეხვედრები.

bt

შს მინისტრმა აჭარაში პოლიციელები დააჯილდოვა

27 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი გიგა ქათამაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწეული წარმატებისათვის მედლებით დააჯილდოვა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცათ ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს.

შს სამინისტროს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, ძალოვანების დაჯილდოვება უკავშირდება თუ არა 11-12 მარტის აქციებს ბათუმში.

________________________________

ამავე თემაზე: 

11-12 მარტის აქცია ბათუმში 

 

 

 

შეზღუდვები აჭარის ენერგომომარაგებაში

ხვალ,  28 აპრილს, 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5890 აბონენტს ბათუმის მიმდებარე სოფლებში: ორთაბათუმში, ყოროლისთავში, აგარაში, დაბა მახინჯაურსა და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასახლებაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შეზღუდვების მიზეზი ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ვინ დაამახსოვრდათ „ბათუმის აქციის“ ორგანიზატორად ჟურნალისტებს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯამში 20 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა ისინი 23 აპრილს დააკავეს. სასამართლო ჯერ არ გაცნობია მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ მოაგროვა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, 11 მარტის ღამეს, შენიშნეს თუ არა, ან რა ვითარებაში დააფიქსირეს გამოძიების მხრიდან აქციის ორგანიზატორებად დასახელებული პირები ჟურნალისტებმა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.

[red_box]პირველი აქცია ბათუმი პლაზასთან[/red_box]

11 მარტს საპროტესტო აქცია „ბათუმი პლაზასთან“ დაიწყო, სადაც პოლიციამ მოქალაქე ჯიმი ვარშანიძე კანონდარღვევით გაჩერებული ავტომანქანის გამო დააჯარიმა. იმავე საღამოს პლაზასთან მდებარე ლომბარდთან პატრულმა მოქალაქე რამაზ ხიმშიაშვილი ჯერ დააჯარიმა, ხოლო შემდეგ წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავა. მათი დაკავების ამბავი 22 მარტს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განიხილა და დაკავებულები გაამართლა.

ხალხი პლაზასთან სწორედ ჯიმი ვარშანიძის დაკავების შემდეგ შეგროვდა. ჟურნალისტების თქმით, პლაზასთან შეკრებილები, ძირითადად, დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ საპატრულო პოლიცია ბოლო დროს უსამართლოდ ან ზედმეტი სიმკაცრით აჯარიმებს მძღოლებს.

მერაბ წულუკიძე
მერაბ წულუკიძე

მერაბ წულუკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ჟურნალისტი: „ექვსი საათი იქნებოდა, როცა პლაზასთან მივედი. შეკრებილები ამბობდნენ, რომ დაკავება იყო უსამართლო, სცემეს დაკავებულს და ისინი უნდა გათავისუფლდნენ… მერაბ ღოღობერიძეს თვალი მოვკარი, იქვე იყო, მაგრამ ინტერვიუ მასთან არ ჩამიწერია. ამ პროცესში ის წინა რიგებში საერთოდ არ იდგა.“

დაჯი ჩხიკვაძე
დაჯი ჩხიკვაძე

დაჯი ჩხიკვაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი: „შეკრებილები ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას. იყო კახა ბუხრაძის [აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი] გადადგომის მოთხოვნაც. აქციის მონაწილეების თქმით, გახშირდა ჯარიმები – 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით გვაჯარიმებენო. ახსენებდნენ პოლიციელ ხალვაშსაც, რომელმაც დაუწერა ჯარიმა და შემდეგ დააკავა რამაზ ხიმშიაშვილი… იქვე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, იყო მერაბ ღოღობერიძეც. მერაბი ამბობდა, რომ ეს არის შედეგი, რასაც მე ვამბობდიო, წინა დღის აქციებს იხსენებდა კახა ბუხრაძის წინააღმდეგ. იქვე იყო უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი. გვითხრა, რომ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს შესაბამის ორგანოებთან დაკავებულების გათავისუფლებაზე“.

მარი კეკელიძე
მარი კეკელიძე

მარი კეკელიძე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი: „როცა მივედი აქციაზე, მოქალაქეებს ჭავჭავაძის ქუჩა უკვე გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ დაშლას, თუ უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებდნენ. თქვეს, რომ შვილმკვდარი მამა ცუდად გახდა, აფთიაქთან გააჩერა და ამისთვის დააჯარიმეს, ეს როგორ შეიძლებაო. თანდათან პოლიციელების რაოდენობამ იმატა… პერიოდულად იყო სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის, მაგრამ ასე, ვიღაც მოვიდა და ამას ორგანიზებას უწევდა, არ იყო. ეს არ ჩანდა. მერაბ ღოღობერიძე მე იქ საერთოდ არ მინახავს. იქ იყვნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მაგალითად, ელგუჯა ბაგრატიონი („ნაციონალური მოძრაობის“ წევრი) მოუწოდებდა სამართალდამცველებს, გაეთავისუფლებიათ დაკავებულები…. შევესწარი საუბარს, როცა ახალგაზრდა ბიჭები საუბრობდნენ, წავიდეთ ახლა პოლიციის მთავარ შენობასთანო. ცოტა ხანში მართლა წავიდნენ, ქუჩაში სკანდირებდნენ, შემოგვიერთდით ბათუმიო“.

[red_box]პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან [/red_box]

„…ეს იყო რაღაც ველური ჟინის გამოვლენა, აბსოლუტურად ქაოტური, – გვიყვება დავით ტარაპაიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს“ ჟურნალისტი, – „იტყოდნენ, მოდი, ახლა ეს დავამტვრიოთ, ამტვრევდნენ, მერე – ვისროლოთ რამეო და ისროდნენ ქვებს, რასაც ქუჩაში, პირდაპირ ტროტუარიდან იღებდნენ. ამას ვიღებდი და კადრებშიც ჩანს… დავინახე ასევე ქვებით სავსე ტომარა როგორ მოათრია ერთმა ნიღბიანმა ბიჭმა, აი, ბიჭებო ქვები, ახლა თქვენ იცითო. ქვებით სავსე ტომარა იქვე ახლოს სამშენებლო ნარჩენებიდან მოიტანა. ჩემი დაკვირვებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ საერთოდ არ ყოფილა იქ. ეს იყო ნაბეღლავის ბოთლში ჩასხმული ბენზინი და რაღაც ამგვარად დამზადებული. იქ არ ჩანდა, ვის მოჰქონდა ეს ბოთლები, მაგრამ რამდენიმე ასეთი პირი მახსოვს ბოთლით ხელში.

დათო ტრაპაიძე
დათო ტრაპაიძე

სწრაფად ვრცელდებოდა ლეგენდებიც: აქციის თავში თუ ერთს ამბობდნენ, ბოლოში – სულ სხვა ამბავს მოგიყვებოდნენ. გაფუჭებული ტელეფონის ამბავს ჰგავდა ეს ყველაფერი… ბევრი ისე მოდიოდა და უერთდებოდა აქციას, საერთოდ არ იცოდა, რა უნდოდა, ცნობისმოყვარეობის გამო მოდიოდა. ერთი მიყვებოდა, ბიჭები სასტიკად უცემიათ და ამიტომ მოვედიო. მეორე ამბობდა, თათრები დაგვიძახეს და ბოდიში მოიხადოს პოლიციის უფროსმაო, მესამე – საერთოდ გათავისუფლებას ითხოვდა კახა ბუხრაძის. მე დავინახე განწყობა, რომ რადგან პოლიციამ რეაგირება დააგვიანა, აქციის მონაწილეებს გაუჩნდათ განცდა, რომ კაციშვილი მათ პასუხს არ მოსთხოვდა და უფრო მეტ აგრესიაზე გადავიდნენ…“

მარი კეკელიძე, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი: „დაახლოებით 11 საათისთვის მოქალაქეები ცდილობდნენ პოლიციის ეზოში შესვლას. აქციის მონაწილეების ნაწილი შეურაცხყოფდნენ პოლიციელებს… არ ვიცი ქვები საიდან გაჩნდა. სიბნელე იყო, მაგრამ ეს უფრო ტროტუარებიდან ამოყრილ ფილებს ჰგავდა. ქვების მოტანა, ან მოლოტოვის კოქტეილები არ მახსოვს. აქციის მონაწილეებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ წევრები. უფრო გვიან, აქციის მონაწილეები აგრესიული გახდნენ ჟურნალისტების მიმართაც, გადაღებას გვიკრძალავდნენ…“

დაჯი ჩხიკვაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი: „რამდენჯერმე იყო პოლიციის სამმართველოს შენობაში შეჭრის მცდელობა. მე ვხედავდი ქვების უწყვეტ ნაკადს, ასევე „კოქტეილებს“, მაგრამ საიდან მოჰქონდათ, ან ვინ მოიტანა, არ ვიცი. „მოლოტოვის კოქტეილები“ მას შემდეგ გამოჩნდა, როცა გმირთა მოედანთან პირველი მანქანა გადააბრუნეს. მე ვიყავი მოვლენების ეპიცენტრში და ამ პროცესში იქ, მერაბ ღოღობერიძე არ დამიფიქსირებია, საერთოდ არ დამინახავს. აქციაზე დილამდე ვიყავი, როცა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს…“

მერაბ წულუკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ჟურნალისტი: „ქვები, რასაც ისროდნენ, ტროტუარიდან იყო ამოყრილი, თუმცა იმდენად ბევრი ქვა იყო, მოტანილიც იქნებოდა ჩემი ვარაუდით. იმდენად სპონტანური იყო ეს აქცია, რთული იყო იმის გარკვევა, ვინ რას აკეთებდა. სპონტანურობის განცდა დამიტოვა იმან, რომ ყველას თავისი აზრი ჰქონდა და ყველა განსხვავებულ მოთხოვნას აყენებდა. ერთიანი მოთხოვნა არ იყო. აქციის მონაწილეების ნაწილი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, ზოგი კახა ბუხრაძის გადადგომას; ზოგს – მხოლოდ სეპარატისტული გზავნილები ჰქონდა და თათრებზე ლაპარაკობდა. ვნახე ადამიანებიც, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ, რისთვის იყვნენ იქ. ეს ადამიანები არაფერს მალავდნენ და კამერის წინ ყველაფერს ყვებოდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ჟურნალისტების მიმართაც გაუჩნდათ აგრესია… უცნაური და საეჭვო იყო ის, რომ როცა პოლიციის შენობაში შესვლა აქციის მონაწილეებმა სცადეს, იქ იდგნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ადამიანები, რომლებიც არაფერს ამბობდნენ, არც არაფერს აკეთებდნენ, გარდა იმისა, რომ პოლიციის ჭიშკართან შეკრებილებს ისინი აწვებოდნენ მიზანმიმართულად და ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებს განზრახვა შეესრულებინათ.

[red_box]რა ვითარებაში დაამახსოვრდათ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია ჟურნალისტებს[/red_box]

მარი კეკელიძე, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი: „მერაბ ღოღობერიძე პოლიციის სამმართველოს შენობასთან საერთოდ არ დამინახავს. შესაძლოა, სიბნელე იყო და ამიტომ, მაგრამ მეორე დილის 12 საათამდე მე იქ ვიყავი… ისე ვითარდებოდა პროცესი, ვერ დაადგენდი, ვინ რას გეგმავდა. აგრესიული ადამიანების დიდი ნაწილი ნასვამი იყო. ირაკლი ჩხვირკია დაახლოებით დილის 6 საათზე გამოჩნდა, როცა აქცია უკვე იშლებოდა.

მერაბ წულუკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ჟურნალისტი: „მერაბ ღოღობერიძე მართლა არ შემიმჩნევია პოლიციის სამმართველოს შენობასთან. ჩვენ, ჟურნალისტები, ძირითადად, ვიყავით მოვლენის ეპიცენტრში და გვერდით თუ რამე ხდებოდა, არ ვიცი. ძალიან სპონტანურად ვითარდებოდა პროცესი…“

დაჯი ჩხიკვაძე, ტელეკომპანია „იმედის“ჟურნალისტი: „ირაკლი ჩხვირკია დილისკენ გამოჩნდა და მოთხოვნები მან დააყენა პოლიციის მისამართით. მანამდე მოთხოვნების გაგება რთული იყო. ვერავის იპოვიდი, ვისაც შეეძლო ეთქვა, რას აპირებდნენ, ან რა მოთხოვნები ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მერაბ ღოღობერიძე პოლიციის შენობასთან მე არ მახსოვს“.

დავით ტრაპაიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს“ ჟურნალისტი: „არც მერაბ ღოღობერიძე და არც ირაკლი ჩხვირკია არ მახხოვს… დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე დავტოვე აქციის ადგილი. მერე გავიგე, სპეცრაზმელები მივიდნენო, დასაწვავი უკვე იქ აღარაფერი იყო დარჩენილი.

ამავე თემაზე:

რა მოხდა ბათუმში – 11-12 მარტის ქრონიკა

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე  სულ 523 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 396 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 85 – ნიშანში დგომის გამო, 33 – ტროტუარზე დგომისთვის, 3 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 6 კი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.


 

ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და მისი მშენებლობა სექტემბერში დასრულდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 377 773 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება.

სამუშაოებს შპს „ინტერ პლიუსი“ აწარმოებს.

უმაღლეს საბჭოსთან სამკერვალო ფაბრიკა აშენდება

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ, 10 230 კვ/მ ტერიტორიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. ქონების გაყიდვის საწყისი ფასი 2 მილიონ 133 ათასი ლარია. მთავარი პირობა კი ამ ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკის აშენებაა, რაშიც მომავალმა ინვესტორმა 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

აუქციონზე გასაყიდი ქონება ქობულეთში, დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა N2-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე მდებარეობს შენობა-ნაგებობებიც, საერთო ფართობით: 1254,7 კვ/მ. აუქციონი მიმდინარე წლის 11 მაისს დასრულდება.

აუქციონის პირობა
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სამკერვალო ფაბრიკისთვის საჭირო შენობა-ნაგებობ(ე)ბის სარემონტო სამუშაოების ან/და სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედება;
  • სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 200 მოქალაქის, ხოლო 12 თვის ვადაში დამატებით 200 მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა რაოდენობის არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში დამატებითი საწარმოს ამოქმედება და აღნიშნულ საწარმოში არანაკლებ 25 მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა რაოდენობის არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები;
  • პროექტის ფარგლებში, არაუგვიანეს 60 თვის ვადაში, არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილის და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება.

საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის [50 ათასი ლარის] ოდენობა.


ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს. განიხილება ნებისმიერი ქონების პრივატიზება, რომლის გასხვისებასაც კანონი არ კრძალავს. გარდა დაინტერესებისა, სამინისტრო თვითონ უზრუნველყოფს ინიციატივას ამა თუ იმ ობიექტის საპრივატიზაციოდ გამოტანის თაობაზე და აცხადებს აუქციონს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჩაქვში მდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით იყო ინვესტორის დაინტერესება, რომ აქ სწორედ სამკერვალო ფაბრიკას ააშენებს. ქონების შეძენით დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაციას კი სამინისტრო არ ასაჯაროებს.

download
გასაყიდი ტერიტორია / ფოტოები ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან

download (1)download (3)

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. მათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება არ ეზღუდებათ.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულიდან მედიკამენტები დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს. მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფებისთვის (სულ 19 კატეგორია) ასევე დასაშვებია კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაშიც კი მათ სრულად შეუნარჩუნდებათ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება.

 

1-ელი მაისიდან:

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000-ზე ნაკლები ლარია და თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირები – ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით ისარგებლებენ. კერძო დაზღვევის ქონის შემთხვევაში კი, პროგრამის ფარგლებში ურგენტულ (გადაუდებელ) სერვისებს მიიღებენ უცვლელად. მათთვის, ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.


საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000-ზე მეტი ლარია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს – მიეცემათ არჩევანის საშუალება, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
კერძო დაზღვევის პაკეტით სარგებლობის მიუხედავად, მათ შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

– მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ, მაგრამ დაუფინანსდებათ მშობიარობა/საკეისრო კვეთა.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.

ამავე თემაზე:  დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებისთვის

ბულვარში 420 ათას ყვავილს დარგავენ

ძველ  ბულვარში  420 ათასი, ერთწლოვანი ყვავილი  დაირგვება. ბულვარის ადმინისტრაციის თქმით,  წელს შეძენილი ყვავილების რაოდენობა უპრეცედენტოა. ყვავილების შესაძენად 189 ათასი ლარი დაიხარჯება. ბულვარმა ყვავილები „მწვანე სახლისგან“  შეიძინა. მაისის ბოლოს კი, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 7 დასახელების მრავალწლოვან ყვავილსაც შემოიტანენ.

გამწვანდება იახტ-კლუბის ტერიტორიაც, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები  უკვე  მიმდინარეობს  ბულვარის ნაწილში, სადაც დეკორატიული ფილები და ბორდიურები უნდა გაკეთდეს.

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

„დეკორატიული ფილები დაიგება შუა ალეაში, ერთი ნაწილი დაიგება კაფე „ტყუპებიდან“ სასტუმრო „კემპინსკის“ მიმართულებით, შიდა საფეხმავლო ბილიკებში, რომლებიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული და ახლა იცვლება,“- გვითხრა „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის უფროსმა, მაგდა ჯაიანმა.

მისივე ინფორმაციით,  ფილების დაგება დაგეგმილია ბამბუკების ხეივნის  გვერდით და საჩოგბურთო  მოედნის უკანა მხარესაც.

„ბულვარის ნაწილში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.  უნდა დამონტაჟდეს საწვიმარი ჭები, სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ასრულებს, მან სამუშაოები მაისის ბოლოს უნდა დაასრულოს“.

ბათუმის ბულვარი. ფოტო: ლელა დუმბაძე
ბათუმის ბულვარი.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ძველი ბულვარიდან აკვაპარკის ტერიტორიამდე კი 4 400  მეტრზე ბაზალტის ბორდიურები გაკეთდება  და ტერიტორიაც მოპირკეთდება.  ამ სამუშაოებს ბერძნული კომპანია  შეასრულებს.

მაგდა ჯაიანის თქმით, უნდა გაიწმინდოს ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული სალამურიანი ბიჭების სკულპტურებიც.

„გასაწმენდია ცენტრალურ შესასვლელში არსებული „ქორწინების სახლიც“, თუმცა ის იუსტიციის სახლის დაქვემდებარებაშია. ჩვენ მივწერეთ, რომ  მოაწესრიგონ, შარშან გაწმინდეს და იმედი გვაქვს, წელსაც გაწმენდენ,“-ამბობს მაგდა ჯაიანი.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე  ბიუჯეტიდან 137 ათას 844 ლარია  გამოყოფილი, მრავალწლოვანი ხე-მცენარეებისა და ბუჩქების  შეძენაზე კი – 169 601 ლარი.

„საოცრებათა მოედანზე“ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდიანრეობს
„საოცრებათა მოედანზე“ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობისთვის 116 ათასი ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ხელვაჩაურის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო თანხა 116 ათას 725 ლარია. სამუშაოებს გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა ბორდიურები, გაზონები, გარეგანათება. დაიგება ქვაფენილები, ღობეები მოეწყობა მილკვადრატებით.

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოს საგარანტიო ვადაა არანაკლებ 2 წელი სამუშაოების დასრულების დღიდან.

2

უფასო კონსულტაციები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

შაბათს, 29 აპრილს, დილის  9.30-დან 15 საათამდე  ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარები პაციენტებისთვის  უფასო სამედიცინო კონსულტაციებისთვის გაიღება.

კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანგიოლოგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, მამოლოგია, თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, პედიატრია, ტრავმატოლოგია, პროქტოლოგია, ენდოკრინოლოგია, დერმატოლოგია – ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც მაღალკვალიფიციური კონსულტაციების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს.

ნინო ქაჯაია – IUHB-დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში:

„ამ დღეს ჩვენი  პაციენტები  ფართო სპექტრის და, რაც მთავარია, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. კონსულტირებას პაციენტებს ჩვენი ჰოსპიტლის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.

კონსულტაციის პარალელურად, ექიმის  მიმართვის შემთხვევაში პაციენტები შეძლებენ უფასოდ ჩაიტარონ ექოსკოპიური და კარდიოექოსკოპიური გამოკვლევები,  ხოლო ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები [მამოგრაფია,  მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი] – 20 პროცენტიანი ფასდაკლებით. ჩვენი ჰოსპიტალი უახლესი ციფრული აპარატურითაა აღჭურვილი, რაც კვლევების მაღალ ხარისხს და პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის  საშუალებას იძლევა.“

უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ერთჯერადი აქციის სახე არ ექნება და სამომავლოდ რეგულარულად გაიმართება. 12-13 მაისს ქირურგიული, ხერხემლისა და სახსრების პრობლემების მქონე პაციენტებს თბილისიდან მოწვეული პროფესიონალები – ქირურგი მერაბ კილაძე, ნეიროქირურგები-თამაზ კერძევაძე და გოგა გეგია,  ვერტებროლოგი შალვა გადაბაძე გაუწევენ კონსულტაციებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ (0422) 21 33 33
ბათუმი გენ.  ას.აბაშიძის 14

booooollll - Copy

კლიენტი ბანკს და ბანკი კლიენტს სასამართლოში უჩივის – უარი სესხის გალარებაზე

მოქალაქე ნანა ღვინჯილიას დოლარში აღებული სესხის გალარებაზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ უარი უთხრა. სესხი დოლარში ნანა ღვინჯილიამ 2013 წელს აიღო. მას შემდეგ, რაც მთავრობამ დოლარში აღებული სესხის გალარებაზე დაიწყო საუბარი და დადგენილებასაც მოაწერა ხელი – მიმდინარე წლის 11 იანვარს მოქალაქემ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მიმართა, სადაც სესხი ჰქონდა აღებული. ამბობს, რომ ბანკისგან პასუხი საერთოდ არ მიუღია. პირიქით, ნანას შეტყობინება მიუვიდა, რომ მისი ქონება აუქციონზე იყიდება… რეაგირებისთვის მოქალაქემ წერილი ეროვნულ ბანკს მისწერა, საიდანაც 31 მარტს გამოგზავნილ პასუხში ვკითხულობთ:

„გაცნობებთ, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკი უარს აცხადებს თქვენი ვალდებულების გალარებაზე…“ – ეროვნული ბანკისგან გამოგზავნილ წერილში არაფერია ნათქვამი მიზეზზე, რის გამო უთხრა კომერციულმა ბანკმა უარი მოქალაქეს, ან ბანკისგან პასუხის მიღების შემდეგ მოიკვლია თუ არა ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა, რატომ ვერ ისარგებლა მოქალაქემ გალარებით, რაშიც ბიუჯეტის ფულიც დაიხარჯა.

„ეს არის პრობლემური სესხი, ამიტომ ვუთხარით მას უარი გალარებაზე… დეტალებს ვერ გაგაცნობთ, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა,“- გვითხრა ნინო ბენდელიანმა, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

„სესხის გადახდა რომ იყო პრობლემა, ამიტომაც სურდა ნანას გალარება. მთავრობაც ამაზე აქცენტირებდა, რომ მოქალაქეებს უჭირდათ დოლარში აღებული სესხის დაფარვა და გალარება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა მათთვის,“ – ამბობს რუსლან ბერიძე. ის ნანა ღვინჯილიას ინტერესებს დაიცავს სასამართლოში. ნანა ღვინჯილია აპირებს სამოქალაქო სარჩელით სასამართლოს მიმართოს, ასევე პროკურატურას – საცხოვრებელი სახლის უკანონოდ აუქციონზე გატანის გამო. რუსლან ბერიძე სახლის გაყიდვის მცდელობას ბანკის მხრიდან განხორციელებულ მუქარად აფასებს.

მთავრობის დადგენილებით განსაზრულია კრიტერიუმები, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს დოლარში აღებული სესხის გალარება. განკარგულებაში არაფერი წერია ე.წ. „პრობლემურ სესხზე“, ანუ როცა მოქალაქე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევს.

რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე უთხრა ბანკმა უარი მოქალაქეს სესხის გალარებაზე და რა უფლებით გაიტანა ბანკმა აუქციონზე კლიენტის ქონება? – კითხვები ბანკის წარმომადგენელს დავუსვით.

ნინო ბენდელიანის თქმით, საკითხი მრავალ ნიუანსს მოიცავს და პასუხის გაცემას დრო სჭირდება. რაც შეეხება აუქციონს, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აუქციონზე ქონება აღარ არის გატანილი, ხოლო აუქციონის შეწყვეტის მიზეზებზე ვერაფერს გვეტყვის. მოგვიანებით, ნინო ბენდელიანი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ყველა კითხვას პასუხს საარბიტრაჟო სასამართლო გასცემს: „ჩვენ გადავწყვიტეთ, სასამართლოს მივმართოთ. ყველა დეტალი იქ გახდება ცნობილი. მეტს ამ საქმეზე ვეღარაფერს გეტყვით“.

ეროვნულ ბანკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომერციულ ბანკს სესხის გალარებას ვერ მოსთხოვდნენ. ბანკისგან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში არ წერია, რა ინფორმაცია მოიკვლია ბანკმა, როცა მოქალაქეს გალარებაზე უარი უთხრეს:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკს მოსთხოვოს ვალდებულების გალარება, თუ აღნიშნული ბანკი საკუთარი რისკების შეფასების შემდეგ კრედიტის გალარებაზე უარს აცხადებს. ამასთან, მომხმარებლის მხრიდან პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხი განიხილება დეტალურად, როგორც ბანკთან, ასევე მომხმარებელთან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. თავად  მოქალაქე ნინო ღვინჯილიამ, როგორც კომერციული ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებიდან პირადად მიიღო დეტალური ინფორმაცია და ახსნა-განმარტება ამ შემთხვევასთან დაკავშრებით,“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოგზავნილ წერილში.

ფინანსისტი გიორგი ქათამაძე მიიჩნევს, რომ პრობლემაა თავად მთავრობის დადგენილება, რომელიც გალარების პირობებს განსაზღვრავს, არ ახლავს კონკრეტიკა, ასევე არ არის დაწესებული სანქცია, თუკი ბანკი უსაფუძვლოდ ეტყვის უარს კლიენტს სესხის გალარებაზე. ის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გაკეთებულ განმარტებას იხსენებს, სადაც ეწერა, რომ „არასტანდარტული კლიენტის“ შემთხვევაში, ბანკს შეეძლო უარი ეთქვა გალარებაზე.

„ამ შემთხვევაშიც, ეროვნულ ბანკს არ დაუკონკრეტებია, ვინ უნდა მიიჩნეოდეს არასტანდარტულ კლიენტად, ვინც საერთოდ ვერ ახერხებს სესხის გადახდას და უკვე დაწყებული სამართლებრივი პროცედურები, თუ ვისაც ერთ-ორდღიანი დავალიანება აქვს. კომერციულ ბანკს თავისუფლად შეეძლო ეროვნული ბანკის ამ განმარტების ინტერპრეტირება იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დოლარში აღებული სესხის მქონე მოქალაქეებისთვის მიიღო,“ – ამბობს ფინანსისტი გიორგი ქათამაძე.

რაც შეეხება აუქციონს, ამის შესახებ ნანა ღვინჯილიამ წერილობითი შეტყობინება შპს „ემჯი ჰოლდინგისგან“ მიიღო. წერილის მიხედვით, აუქციონი კომერციული ბანკის დაკვეთით ამ კომპანიას უნდა განეხორციელებინა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“. ამ ბანკისგან მივიღეთ წინადადება, რომ ჩაგვეტარებია აუქციონი. გამოცხადდა და შემდეგ შევწყვიტეთ. ასეთი იყო მოთხოვნა. რატომ შეწყდა, ვერ გეტყვით, ეს ბანკმა უნდა გითხრათ,“ – გვითხრა მამუკა ღვინიაშვილმა, კომპანია „ემჯი ჰოლდინგის“ დირექტორმა. მისი განმარტებით, სამოქალაქო კოდექსი აძლევდა უფლებას გამოეცხადებინა აუქციონი იმ პირის ქონებაზე, ვინც სესხის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება დაარღვია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აღებული სესხების მხოლოდ 25 პროცენტის გალარება მოხერხდა. უცნობია, რა შემთხვევებში უთხრეს უარი მოქალაქეებს დოლარში აღებული სესხების ლარში გადატანაზე.

არა ფობიას! – TDI-ის განცხადება კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.

 სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისგან წერილობით მოითხოვს სასულიერო პირთა სიას მათი სასულიერო ხარისხის მითითებით და სხვადასხვა პირად ინფორმაციას მათ შესახებ, მათ შორის, პირადობის მოწმობების ასლებს და საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონი). მიგვაჩნია, რომ ამ ინფორმაციის შეგროვება, მისი დამუშავების მიზნით, უკანონოა და არღვევს საქართველოს კანონის “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” მოთხოვნებს. სააგენტომ რელიგიურ გაერთიანებებს ასევე მოსთხოვა მათი საკულტო ნაგებობების სრული სიის გადაცემაც. როგორც წერილშია მითითებული, აღნიშნული ინფორმაცია ემსახურება „რელიგიური რუკის“ პროექტის განხორციელებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები დაკავშირებულია პირთა რელიგიურ მრწამსთან, დაცულია საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ – წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის გარეშე, აკრძალულია ამავე კანონის მე-6 მუხლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს;
  • მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;
  • მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე;
  • მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან;

შესაბამისად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს და ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში, არ აქვს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვების და დამუშავების უფლებამოსილება, ხოლო რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელებს არ აქვთ ზემოაღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების უფლება შესაბამისი პირების წერილობითი თანხმობის გარეშე.

ჯერ კიდევ 2015 წლის 19 მარტის განცხადებაში, რომელიც „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის“ შეფასებას შეეხებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვთქვამდით შიშს, რომ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის დამატებითი სამართლებრივი რეგულირება, მათთვის განსხვავებული სამართლებრივი სტატუსების დადგენა და აქედან გამომდინარე, მათი ფინანსური და ქონებრივი საკითხების რეგულირება რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევის რისკებს წარმოშობდა.

გასათვალისწინებელია რომ, რელიგიური გაერთიანებების წინაშე წლების განმავლობაში წამოჭრილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, სახელმწიფო, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ხელით, შესაძლოა, ცდილობდეს არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და მათი სამოქმედო არეალის შეზღუდვას, რაც წინააღმდეგობაში მოდის რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის პრინციპებთან.

განცხადებას ხელს აწერს რვა არასამთავრობო ორგანიზაცია:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო (BBSA)

თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)

კონსტიტუციის 42- ე მუხლი (Article 42 of the Constitution)

 

რა ეკონომიკურ დანაშაულზე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მალე პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებები გულისხმობს ზოგიერთი ეკონომიკური დანაშაულის შემდგომში დეკრიმინალიზაციასაც.

„ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ინიცირებულია უკვე მთავრობისგან. ეს ითვალისწინებს გადასახადისგან თავის არიდების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ზღვარის, 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას. ასევე, მთელი რიგი სამართალდარღვევებისთვის  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას. ეს სამართალდარღვევები თავისი შინაარსით წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას და მასზე არ უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს არის ზედნადებთან დაკავშირებული დარღვევები და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება უშუალოდ ზღვრის – 100 ათას ლარამდე – დადგენას, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს განხორციელდა შესაბამისი ანალიზისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით: „ჩვენ მიერ გაანალიზებული იქნა მთელი რიგი ინფორმაცია, რაც ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში იყო აღრიცხული. სტატისტიკას თუ მოვიყვანთ, 100-ათასიანი ზღვარის ქვევით თავსდება, მაგალითად, 90%, ვინც თავს არიდებდა გადასახადის გადახდას 2016 წელს, ეს ჩვენი შემოწმეებიდან გამომდინარე. ასევე 6 წლიდან 3 წლამდე შემცირდა საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა [ეს უკვე მოქმედებს] და ესეც მნიშვნელოვანი ეფექტის მომცემი იქნება. თუ მანამდე 6-წლიანი შემოწმების შემდეგ ხდებოდა არსებული 50-ათასლარიანი ზღვარის დადგენა, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში 3-წლიანი შემოწმების შემდეგ მოხდება 100-ათასლარიანი ზღვარის დადგენა“.

რაც შეეხება ზედნადებს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ აღურიცხავი, ანუ ზედნადების გარეშე, ტრანსპორტირებადი საქონლის ღირებულება აღემატება 10 ათას ლარს, დგება პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც შესაბამისად, ითვალისწინებს სასჯელს; 10 ათასამდე ლარის აღურიცხავი საქონლის გადაადგილებისას კი მოქმედებს დაჯარიმების მექანიზმი.

ანალოგიურად, ჯარიმები მოქმედებს 2 ათას ლარამდე ღირებულების არამარკირებული არააქციზური საქონლის შემთხვევაში; 2 ათას ლარზე მეტი ღირებულების ასეთი არამარკირებული საქონლის გამოვლენის შემთხვევაში კი დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. არააქციზურ საქონელში აქ იგულისხმება მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები.

ახალი ინიციატივით, თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს, ორივე შემთხვევაში გაუქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, „100 ათასამდე ლარის გადასახადის თავის არიდებისთვის არ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება გადასახადის გადამხდელი. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ფაქტობრივად იმოქმედებს ის მექანიზმი, რაც დღესაც მოქმედებს. უბრალოდ, გაუქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გაგრძელდება ადმინისტრაციული მექანიზმი – ჯარიმები, რაც არის დაწესებული გადასახადის გადახდისგან თავის არიდებისთვის“.

მთავრობის ინიციატივა სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს ცალკეული დარგებისთვის.

გიორგი ერმაკოვი ბათუმში უკანონო მშენებლობების შესაძლო დაკანონებაზე

ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში უკანონოდ აშენებული მაღლივი სართულების დაკანონებას მერია ერთი პირობით აპირებს – მენაშენემ 1 კვადრატულ მეტრზე 400 ლარი უნდა გადაიხადოს. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, უკანონოდ აშენებული ფართობის დაკანონებაზე მენაშენემ ასევე უნდა წარუდგინოს მათ აჭარის მთავრობის შუამდგომლობა. გავრცელდება თუ არა ეს ცვლილება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე? – ამ და სხვა კითხვებს გიორგი ერმაკოვმა უპასუხა.

ბატონო გიორგი, მინდა გკითხოთ არქიტექტურის სამსახურის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც მენაშენეებს უკანონოდ აშენებული ფართობის დაკანონების საშუალება მიეცემათ. თქვენ რას ფიქრობთ?

როგორც მე ვიცი, ეს პროექტი ითვალისწინებს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების გადახედვას გარკვეულ პერიოდამდე, რომლებზეც სანქცია გაატარა მუნიციპალიტეტმა. ეს შეიძლება იყოს ჯარიმა, სააღსრულებლოში გადაცემა, აღსრულება… ეს გულისხმობს მოსაკრებლის დადგენას, თუკი ისინი მიიღებენ შუამდგომლობას მთავრობისგან.

ანუ მენაშენეები კვადრატული მეტრში გადაიხდიან 400 ლარს?

ასე ნუ აყენებთ საკითხს. ამ ცვლილებით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას [მენაშენეს] მოსაკრებელი გადაიხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას მიეცემა შუამდგომლობა. ეს კი არის მთავრობის პრეროგატივა.

მთავრობის პრეროგატივა ხომ მხოლოდ შუამდგომლობაა და საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მერია იღებს?

შუამდგომლობის მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ მიზანშეწონილად მიგვაჩნია თუ არა ეს.

ჩვენ ვიცით კომპანიები, რომლებმაც დაარღვიეს თქვენ მიერ გაცემული სანებართვო პირობები და შეთანხმებული 12 სართულის ნაცვლად ააშენეს – 15. ეს ინიციატივა სწორედ მსგავს დარღვევებზე ხომ არ არის მორგებული?

კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუკი იქნება შუამდგომლობა და ჩვენ ჩავთვლით მიზანშეწონილად, რომ აღნიშნული პროექტი იქნას სისრულეში მოყვანილი, რა თქმა უნდა, დარღვევით გაკეთებული, მაგრამ თუკი ის ნორმების შესაბამისია… აქ ისეთ შემთხვევებზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ზომები გვაქვს მიღებული ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაზე. თუკი იქნება შუამდგომლობა, გარკვეულ დრომდე შემთხვევებს ვგულისხმობ, ამას განვიხილავთ, მივიღებთ თუ არ მივიღებთ, ეს მეორე საკითხია.

იმ ფონზე, როდესაც აღმასრულებელმა უკანონოდ აშენებული ერთი სართულის დემონტაჟიც კი ვერ მოახერხა, ეს ხომ არ წაახალისებს მენაშენეებს გააგრძელონ სართულების უკანონოდ დამატება?

სხვის კომპეტენციაზე ნუ მასაუბრებთ. მე ვსაუბრობ იმ მოქმედებებზე, რასაც მუნიციპალიტეტი ატარებს და ახორციელებს კანონით მინიჭებული უფლებით, სხვა დანარჩენზე – ვინ აღასრულა და ვინ ვერ აღასრულა, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ამით გარკვეულ დრომდე ვაძლევთ საშუალებას მენაშენეებს, რომ თუკი მშენებლობა არქიტექტურულად, ტექნიკურად გამართულია, თუკი ეს დასაშვებია, ამ შემთხვევაში განვიხილავთ. მე არ ვარ სპეციალისტი.

ბოდიში ბატონო გია, მაგრამ ვერ მივიღე კითხვაზე პასუხი, ეს ხომ არ წაახალისებს კანონდამრღვევ მენაშენეს?

მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არის გარკვეულ დრომდე [2017 წლის პირველ აპრილამდე]. თქვენ უშვებთ მთავარ მომენტს, რასაც მე გეუბნებით – მე კი არ ვაძლევ უფლებას უკანონოდ ააშენოს. ეს კი არ არის შეთავაზება ააშენე უკანონოდ და მერე დაგიმტკიცებთო. ასე არ ხდება. თუკი მთავრობა ჩათვლის საჭიროდ და გასცემს შუამდგომლობას, ეს მხოლოდ მაშინ ამოქმედდება.

მაგრამ მთავრობა მხოლოდ სარეკომენდაციო შუამდგომლობას გასცემს, გადაწყვეტილებას კი თქვენ იღებთ. ხომ ასეა?

ჰოდა, ამ შუამდგომლობას განვიხილავ, როცა მოვა მერიაში. წინასწარ რატომ ვისაუბრო. თუკი იქნება სარეკომენდაციო წერილი, ჩვენ შევისწავლით მას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ ამით და არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გაკეთდება ეს. თუ არ გასცემს მთავრობა შუამდგომლობას, ასეთ შემთხვევებს ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ.

არჩილ ხაბაძეც გიგზავნიდათ შუამდგომლობის წერილებს ხშირად. ახლახან კი მისმა მრჩეველმა თქვა, რომ ქალაქში მშენებლობების მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა. შესაბამისად, მაინტერესებს – ამ შემთხვევაში მთავრობა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს?

ეს შეკითხვა დაუსვით იმას, ვისზეც თქვენ საუბრობთ. ნუ მაკეთებინებთ კომენტარს სხვის გამონათქვამებზე.

მივმართეთ და მისგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ქალაქმა მიიღო კასკადური შენობები, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგაკისრათ, რადგან ოფიციალურად გადაწყვეტილების მიმღები პირი თქვენ ხართ.

ამ პოლემიკაში ვერ შემიყვანთ. მე დამაბრალა თუ არ დამაბრალა. მე გავარკვევ მაგას, რა დამაბრალეს და რა არა. შუამდგომლობის გამცემს ჰკითხეთ. ძალიან გთხოვთ, დაუსვით ეს კითხვა თვით შუამდგომლობის გამცემს და მე ნუ მთხოვთ მაგ შეკითხვაზე პასუხს.

მაშინ სხვა რამეს გკითხავთ – ეს ცვლილება დაუშვებს იმას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემული საქმეები უკან შემოვიდეს მერიაში, კანონის ჩარჩოში მოსაქცევად?

თუ შეიძლება ლოგიკას მიჰყევით: თუკი შუამდგომლობა იქნება, თუკი ამ შუამდგომლობას დათანხმდება მუნიციპალიტეტი, თუკი ტექნიკურად, არსობრივად შესაძლებელია იყოს ამ სახით, რასაც შუამდგომლობა ითვალისწინებს და თუკი ის გადაცემულია აღსრულებაში, რასაკვირველია აღსრულებიდან მობრუნდება და დამთავრდება ამით საკითხი.

 

 

მოქალაქემ, რომელსაც 4 წელია შუქი არ აქვს, სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე დავით ცინცაძემ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოუგო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. მისი ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთი შენობაში თვითნებურადაა შესახლებული და 4 წელია უშუქოდაა დარჩენილი.

სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში დავით ცინცაძე 2006 წლიდან ცხოვრობს. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰქონდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი მოუვიდათ. მეზობელმა კი ელექტროენერგიით სარგებლობაზე უარი უთხრა.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დავით ცინცაძე, შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ცალკე აბონენტად არ დაარეგისტრირა. შენობის მესაკუთრე, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ კი, დავით ცინცაძეს არ მისცა თანხმობა, ამ შენობაში აბონენტად დარეგისტრირებულიყო.

დავით ცინცაძემ სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს დაავალა, გაეცა ნებართვა სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაზე, რომლის საფუძველზეც „ენერგო პრო ჯორჯია“ შეძლებდა დავით ცინცაძის ოჯახის ცალკე აბონენტად დარეგისტრირებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ თვითნებურად შესახლების მიუხედავად, ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების ქონის უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება ენერგოკომპანიას აღარ გაუსაჩივრებია. სააგენტომ კი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თამარ ბურჯანაძის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ქონების მართვის სააგენტომ ამჯერად უზენაეს სასამართლოს მიმართა.

უზენაესი სასამართლოს პასუხი დავით ცინცაძემ უკვე მიიღო. გადაწყვეტილება ცინცაძის სასარგებლოდაა და მას ვეღარ გაასაჩივრებს ქონების მართვის სააგენტო, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეს უარს ეუბნებოდა ელექტროენერგიით სარგებლობაზე.

„ჩვენ წავაგეთ ყველა სასამართლო პროცესი და ბუნებრივია, აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება,“- უთხრეს დღეს „ბათუმელებს“ ქონების მართვის სააგენტოს პრესცენტრში. უწყებაში ვერ დაგვიკონკრეტეს, სააღსრულებო ფურცელს დაელოდებიან, რასაც გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, თუ პირდაპირ გაუგზავნიან თანხმობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დავით ცინცაძის ოჯახისთვის შუქის მიწოდების შესახებ.

„ოთხი დღის წინ მივმართე სააგენტოს წერილობით, რომ დაჩქარებულად მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. პასუხი სააგენტოსგან არ მიგვიღია. ასევე მივმართე სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად. თუ სააგენტო პასუხს არ გაგვცემს, მაშინ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართავთ და იმედია, მალე ექნება შუქი დავით ცინცაძის ოჯახს,“ – გვითხრა გივი მამულაძემ, ორგანიზაცია „სიმართლის და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვის“ ხელმძღვანელმა. ის სასამართლოში დავით ცინცაძის ინტერესებს იცავდა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ 

 

davit cincadze

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ დაჯარიმების სისტემას აუმჯობესებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, დაჯარიმების სისტემაში ცვლილებების შეტანას აპირებს. ცვლილებების შესახებ დადგენილებას საკრებულოს მომავალ სხდომაზე წარადგენენ. რა იგეგმება კონკრეტულად? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ „ბათუმის ავტოტრანსპონტის“ დირექტორმა, პაატა დუმბაძემ  ისაუბრა.

ბატონო პაატა, კონკრეტულად რა იცვლება დაჯარიმების სისტემაში?

ხელშეკრულება მომსახურებაზე ადრე გვქონდა „ლიბერთი ბანკთან“, ამ ხელშეკრულებას ვადა გასდის და სამომავლოდ მომსახურებას გაგვიწევს „საქართველოს ბანკი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბარათების  აღება. ამავდროულად, ვიზრუნეთ იმაზეც, რომ დაჯარიმების უფრო უკეთესი სისტემა გვქონოდა, ვიდრე აქამდე გვქონდა. ბათუმის საკრებულოში შეგვაქვს საკითხი, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის გამოწერა მოხდება  ელექტრონულად, აქამდე კი ხელით ხდებოდა ქვითრის შევსება.  კონტროლიორებს სპეციალური მოწყობილობები ექნებათ, მათ შორის პრინტერიც და ავტომატურად დაუბეჭდავს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. უბილეთო მგზავრს ჩამოიყვანს კონტროლიორი ავტობუსიდან და შემდეგ მოხდება მისი დაჯარიმება.

გარდა ამისა, მგზავრის მონაცემების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ მივიღებთ იუსტიციის სახლის ბაზიდან, ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები იუსტიციასთან და სერვისთან გვექნება წვდომა. ამისთვის გვჭირდება საკრებულოს დადგენილება და გადაწყვეტილება, რომ ამ ბაზასთან გვქონდეს წვდომა. პიროვნების იდენტიფიცირებას უფრო ადვილად მოახდენს, რადგან სურათიც გამოჩნდება მონაცემთა ბაზაში.

დღის განმავლობაში რამდენჯერ შეიძლება დაჯარიმდეს მგზავრი?  იყო შემთხვევები, როცა დაჯარიმების შემდეგ მაინც მგზავრობდნენ  ადამიანები უბილეთოდ.  

მგზავრი იმდენჯერ დაჯარიმდება დღის განმავლობაში, რამდენჯერად  იმგზავრებს უბილეთოდ.  სამჯერაც შეიძლება დაჯარიმდეს და ათჯერაც, თუ ბილეთს არ აიღებს.

ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევაში თანხა იზრდება, თუ სტანდარტულია?

საჯარიმო თანხა არის 5 ლარი.  მეორედ დაჯარიმების შემთხვევაშიც და მეხუთედაც. თუ ჯარიმის გადახდის ვადას დაარღვევს, რომელიც 30 კალენდარული დღეა, მაშინ  გადაიხდის პირი საურავს, 50 ლარის ოდენობით.

არასრულწლოვნებთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა? უფასოდ მგზავრობენ ისევ თუ არა?

სკოლის მოსწავლეები მგზავრობის საფასურს არ იხდიან, ოღონდ მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოსწავლის სამგზავრო ბარათები. მგზავრებს საფასურის გადახდა შეუძლიათ მეტრომანის ბარათების მეშვეობითაც.

თუ ბარათი არ აქვს და ისე იმგზავრა, დაჯარიმდება?

ბარათი თუ არ აქვს, დაჯარიმდება.

როგორ მოხდება ეს, მოსწავლეს ხომ არ აქვს შემოსავალი, როგორ გადაიხდის ის ჯარიმას?

6-დან 15 წლამდე ბავშვების შემთხვევაში მშობელს ეწერება ჯარიმა, თუ არ ახლავს მშობელი ავტობუსში ბავშვს, მაშინ შეიძლება ვერ დაჯარიმდეს. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვებსაც აქვთ პირადი ნომერი და მათი მონაცემებიც არსებობს იუსტიციის ბაზაში, შესაძლებელია მათი დაჯარიმებაც. თუმცა ამ დეტალებს იურიდიულად გავივლით.

როგორია დაჯარიმების მაჩვენებელი, იზრდება თუ იკლებს?

დაჯარიმების მაჩვენებელმა იკლო, გამომდინარე იქედან, რომ  კონდუქტორის სისტემის დანერგვის შემდეგ მგზავრები ვეღარ არიდებენ თავს ბილეთის აღებას. კონდუქტორის მოვალეობაა, რომ ადგილზე შეაძენინოს ბარათი მგზავრს და თუ არ აიღებს ბილეთს მგზავრი, მაშინ კონდუქტორი გამოუწერს ჯარიმას.

საკრებულოში წარსადგენ დოკუმენტში ნახსენებია „მოწმის ხელმოწერა საჯარიმო ქვითარზე“.  ეს რას ნიშნვს, მგზავრმა უნდა მოუწერს ხელი კონდუქტორს?

ეს კანონიდან ამოღებული ფრაზაა,  მოწმის ხელმოწერა სავალდებულო არ არის, ნებაყოფლობითია.

თქვენ თქვით, რომ ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ კონდუქტორებს ექნებათ პრინტერებიც, რამდენია ბიუჯეტი გათვალისწინებული ტექნიკური ცვლილებებისთვის?

პირველ ეტაპზე 2 ცალი სატესტო პრინტერი გვექნება, რომლებსაც „საქართველოს ბანკი“ გვჩუქნის, შემდეგ კი, როცა სისტემა აეწყობა, იმის მიხედვით გავითვალისწინებთ ბიუჯეტს მომავალში.

როდის იქნება ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული?

საკითხი ბიუროზე გატანილია და საკრებულოზე განხილვის შემდეგ, იმედია, მომდევნო სხდომაზე დამტკიცდება.

მერია 1 კვადრატულ მეტრ უკანონო მშენებლობას 400 ლარად დააკანონებს – ახალი ინიციატივა 

 

400 ლარი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული თითოეული კვადრატული მეტრის სანაცვლოდ – ბათუმის მერია მენაშენეებს სპეციალური მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერების ჩარჩოში მოქცევას სთავაზობს. მერიის ახალი ინიციატივით, ბათუმის ტერიტორიაზე სანებართვო პირობების დარღვევით განხორცილებულ მშენებლობაზე სპეციალური [ზონალური] მოსაკრებელი შემოვა.

პროექტის თანახმად, ეს ცვლილება გავრცელდება მხოლოდ იმ დარღვევებზე, რომელზეც 2017 წლის პირველ აპრილამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება. გარდა ამისა, მენაშენემ მერიას უნდა წარუდგინოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობა მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [k-2] გაზრდის თაობაზე.

ცვლილების პროექტის მიხედვით, სპეციალური შეთანხმების [ზონალური] გაცემის მოსაკრებლის ოდენობა არ გამოიანგარიშება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად და ერთ კვადრატულ მეტრზე 400 ლარით განისაზღვრება.

ბათუმში ხშირია შემთხვევა, როცა მენაშენეები უკვე დამტკიცებულ პროექტს თვითნებურად ცვლიან და აშენებულ კორპუსებზე უკანონოდ ამატებენ სართულებს, ანუ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს მერიასთან შეთანხმების გარეშე ზრდიან. ასე აშენებს დეველოპერი, მაგალითად, შეთანხმებული 12 სართულის ნაცვლად 15 სართულს.  გარდა ამისა, მენაშენე დარწმუნებულია, რომ სანებართვო პირობების დარღვევით აშენებულ რამდენიმე სართულს არ დაანგრევინებენ – ეს მიღებული პრაქტიკაა.

მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა. სამსახურში არ უარყოფენ, რომ მენაშენეები შეთანხმებულ პირობებს ხშირად არღვევენ. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ამ დარღვევებზე ადგენენ აქტებს, აკისრებენ საჯარიმო სანქციებს, რის შემდეგაც მენაშენე ხარვეზს ძირითადად არ ასწორებს [ჯარიმები იმდენად დაბალია, რომ მენაშენეებს ხშირ შემთხვევაში მისი გადახდა უღირთ – ავტ].

კანონმდებლობით, შემდეგ ეტაპზე რეაგირების ვალდებულება აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ აღმასრულებლის მიერ სანებართვო პირობების დარღვევით, ან სულაც უკანონოდ აშენებული შენობის დანგრევის არც ერთი შემთხვევა არ ახსენდებათ.

რაც შეეხება 2013 წლის დადგენილებას „ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური [ზონალური] მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ – ამ დადგენილებით წინა მოწვევის საკრებულომ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და ამ ქუჩების სამხრეთით, ჭავჭავაძის ქუჩამდე ტერიტორიაზე მშენებლობისთვის მოსაკრებელი დააწესა. ზონირების წესების მიხედვით, ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივ-საქმიანი, მისი მცირე ნაწილი კი საცხოვრებელი ზონაა. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ მიიღო, ამ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორ გადასახადს ითვალისწინებს, რაც მშენებლობის მდებარეობის მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარის, საცხოვრებელ ზონაში კი – 143 ლარის გადახდას ითვალისწინებს.

ბათუმის მერიის ინიციატივა ახალ ნორმად მას შემდეგ გადაიქცევა, თუ საკრებულო დაამტკიცებს ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივას, „ზონალური მოსაკრებლის შემოღების თაობაზე 2013 წლის დადგენილებაში ცვლილების შესახებ“.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

როგორ უნდა მოგვარდეს თვითმარქვია გიდების პრობლემა

თვითმარქვია გიდების პრობლემაზე და არა მხოლოდ ამ საკითხზე, დღეს, 26 აპრილს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს.

„გამოკითხვები აჩვენებს, რომ იზრდება იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებსაც ბათუმში გიდები არასწორ ინფორმაციას აწვდიან,“ – ამბობს თეო ზოიძე, „აჭარის გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ტურიზმის ამ  მიმართულებას აუცილებლად სჭირდება საკანონმდებლო რეგულირება.

თეო ზოიძის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევა, როცა ქვეყნიდან წასული ტურისტი უკვე ინტერნეტში სხვა მონაცემებს ეცნობა საქართველოზე. ასევე უცხოელი გიდები ხშირად ამახინჯებენ ისტორიულ მონაცემებს. ცალკე პრობლემაა ტაქსის მძღოლები, რომლებიც ასევე კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ, გიდობას სთავაზობენ ტურისტებს.

ზვიად ელიზიანს, „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარეს, უცხო ქვეყნების, მაგალითად, თურქეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც უცხო ქვეყნიდან ჩასულ ადამიანს არ აქვს გიდობის უფლება და მას სანქცია დაუწესდება, თუკი რომელიმე ობიექტზე გიდის ფუნქციას შეასრულებს. „ძირითადად სხვა ქვეყნებში ეს საკითხი არის დარეგულირებული ლიცენზიით და სპეციალური მოწმობებით, რასაც კონკრეტული დაწესებულება უწევს ადმინისტრირებას. ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება ამ კუთხით,“ – აღნიშნა ზვიად ელიზიანმა.

კითხვაზე, გიდების ასოციაცია რამდენად უზრუნველყოფს გიდების მომზადებას და რა ადასტურებს მათ კვალიფიკაციას, თეო ზოიძემ, გიდების ასოციაცის ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ ტურისტები ავსებენ კითხვარს და ჩანს, რომ ისინი გადამზადებული გიდების მომზადებით კმაყოფილნი არიან.

„ჩვენი მიზანია გაუმჯობესდეს ტურისტული სერვისი, რაც მეტი გადამზადებული გიდი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება… ტურისტულ სააგენტოებს ძირითადად კვალიფიციური გიდები ჰყავთ. პრობლემა უფრო კერძო გიდების შემთხვევაა, რომლებსაც ქუჩაში,  შესაძლოა, ყველგან შეხვდეთ,“ – გვითხრა თეო ზოიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი, აკაკი ბერიძე. ის ტურისტული სააგენტო „აკარტურის“ დირექტორია. მისი თქმით, პრობლემაა უსისტემოდ მომუშავე ტაქსებიც და შესაძლებელია ამ საკითხის მოგვარებაც პარკირების სისტემის მოწესრიგებით.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტურიზმის საკანონმდებლო რეგულაციებზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე არსებობს, თუმცა მისი განხილვა და დამტკიცება დროში გაიწელა.

 

 

უფასო ფემინისტური გაზეთი „ქალთა მზერა” ბათუმში

მემარცხენე ფემინისტური ჯგუფის ,,ქალთა მზერის” გაზეთის პირველი ნომერი ბათუმშიც ვრცელდება. გაზეთი, რომელშიც ქალთა სოციალურ-პოლიტიკური უფლებების შესახებ არის საუბარი, მკითხველს შეუძლია მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” უფასოდ მიიღოს.

ოთხგვერდიანი გაზეთის პირველ ნომერში წაიკითხავთ მასალებს ქალთა შრომითი უფლებებისა და ქალთა ჯანდაცვის სპეციფიკური საკითხების შესახებ. ასევე, ამონარიდებს საქართველოს შრომითი კოდექსიდან, სადაც წერია მეძუძური ქალებისთვის დამატებითი შესვენების, ორსულობის მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

„ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს ცოდნა და წარმოდგენა ჩვენი სოციალური და პოლიტიკური უფლებების შესახებ. გაზეთი „ქალთა მზერა“ სწორედ ამის განსახორციელებლად შეიქმნა. ჩვენ ვეცდებით, გავერთიანდეთ და ჩამოვაყალიბოთ საერთო ცოდნა და წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა გვჭირდება ქალებს საქართველოში დღეს, რა გზებით მიიღწევა ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება, როგორ შეიძლება შევკავშირდეთ პროგრესული ცვლილებების მისაღებად და როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა ოჯახებში, საჯარო სივრცეში, სამუშაო ადგილებზე” – წერია გაზეთის სარედაქციო სვეტში.

ორგანიზაცია „ქალთა მზერას“ ცნობით, 27 აპრილს გაზეთის მეორე ნომერიც გამოვა, რომელიც შეეხება კონტრაცეპტივების ისტორიას, ქართული ჯანდაცვის სისტემის კრიზისების ანალიზს, ქალიშვილობის კონცეპტის ისტორიულ და კულტურულ ანალიზს.

 

ბრინჯულა – გურული საუზმე სამი ინგრედიენტით

გურიაში ბრინჯულას ეძახიან კერძს, რომელიც ერთდროულად ჰგავს ხაჭაპურსაც და ომლეტსაც, თუმცა არც ერთია და არც მეორე, ეს უფრო სქელი ბლინია ყველითა და კვერცხით.

ბრინჯულას მომზადება საკმაოდ მარტივია და იგი ძალიან ნოყიერი საუზმეა. მიუხედავად სახელწოდებისა, ბრინჯულას მოსამზადებლად ბრინჯს არ იყენებენ.  გურიაში ამბობენ, რომ სახელწოდება იმ დროს უკავშირდება, როცა ბრინჯულას მოსამზადებლად არა ხორბლის ფქვილი, არამედ დაქფული ბრინჯი გამოიყენებოდა. ბრინჯულას გურიაში კეცხე აცხობდნენ, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ტაფაზე მომზადების ვერსიას.

 

მასალად საჭიროა:

[checklist]

  • 1,5- 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი [დამოკიდებულია ტაფის დიამეტრზე];
  • 150 გრ. ყველი (იმერული);
  • 2 ცალი კვერცხი.
  • [/checklist]

 

[red_box]მომზადება: [/red_box]

ხორბლის ფქვილს დაამატეთ ერთი მწიკვი მარილი და ცივი წყალი, თვალზომით, ისე, რომ მიიღოთ სქელი, თხევადი ფაფა. აურიეთ კარგად, რომ ცომში არ დარჩეს გაუზავებელი ფქვილი. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი.

მიღებული ცომი დაასხით სქელძირიან, ფქვილმოყრილ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე. დაახურეთ ტაფას და აცადეთ 4-5 წუთი, სანამ ცომი ოდნავ გაშრება და გამაგრდება.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტაფაზე მოთავსებულ ცომს მოაყარეთ დაფშვნილი ან დახეხილი ყველი და მოასხით  კარგად ათქვეფილი კვერცხი ისე, რომ კვერცხი განაწილდეს მთელ ზედაპირზე.

ტაფას დაახურეთ თავი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 8-10 წუთი.

შეამოწმეთ, გამომცხვარია თუ არა ბრინჯულას ქვედა ნაწილი და ფრთხილად გადააბრუნეთ კვერცხიანი ზედაპირით ტაფაზე. დატოვეთ რამდენიმე წუთი, სანამ კვერცხი და ყველი კარგად არ მოიბრაწება. თუ ჩათვლით, რომ ცომი ზედმეტად რბილია, შეგიძლიათ ისევ გადმოაბრუნოთ და აცხოთ სასურველი ფერის მიღებამდე.

ბრინჯულას გამოცხობა შეიძლება ღუმელშიც, ასეთ შემთხვევაში გადაბრუნება საჭირო არ იქნება.

ბრინჯულა
ბრინჯულა

ბრინჯულას მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, მაგალითად, ცომის ოდენობა, მხოლოდ, შეეცადეთ, ძალიან ბევრი ცომი არ დაასხათ ტაფაზე, რადგან ბრინჯულა გამოშრობას ვერ მოასწრებს.  ასევე, შესაძლებელია, ცომს თავიდანვე შეურიეთ კვერცხი და ყველი და ისე გამოაცხოთ, თუმცა მობრაწული ბრინჯულა უფრო კარგად გამოიყურება.

ამ მარტივ კერძს გურიაში უკვე იშიათად აკეთებენ, თუმცა, წლების წინ, ბრინჯულა საკმაოდ პოპულარული იყო, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: მისი მომზადება სწრაფადაა შესაძლებელი და ცოტა ინგრედიენტი სჭირდება, შედეგად კი საკმაოდ ნოყიერი კერძი მიიღება.

 

 

ბათუმის, ქედისა და ხულოს რეფერალურ ჰოსპიტალში ნევროლოგები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ

28, 29 და 30 აპრილს ხულოს, ქედისა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში წამყვანი ნეიროქირურგები შოთა ინგოროყვას ხელმძღვანელობით, ასევე  ნევროლოგები და ტრავმატოლოგ-ორთოპედები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ.

სამედიცინო კონსულტაციები 28 აპრილს ხულოს რეფერალურ ჰოსპიტალში, 29 აპრილს ქედას ჰოსპიტალში, ხოლო 30 აპრილს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება.

კონსულტაციები 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.

სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.

 

პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. ორივე მათგანს 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად.

„სთხოვდით თუ არა ადამიანებს შეეცვალათ თქვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება?“ – ჰკითხა პროკურორმა რამაზ შავაძემ ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს.

„არანაირად, – კატეგორიული უარის ნიშნად თავი გაიქნია ბრალდებულმა, – თუ გაქვთ რამე მტკიცებულება, წარმოადგინეთ“.

კითხვები ბრალდებულთან პროკურორ ფრიდონ ქარცივაძესაც ჰქონდა, თუმცა ადვოკატმა პაატა შავაძემ შეახსენა მას, რომ დღეს სასამართლო მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა.

მერაბ ღოღობერიძემ დაკავება თავის სამოქალაქო აქტიურობას დაუკავშირა: „ყოველთვის ვაქტიურობდი და პროტესტს გამოვხატავდი. მიშას დროს ვერ გამაჩუმეს და ახლა უნდა დავისაჯო იმის გამო, რომ ჩემი უკმაყოფილება გამოვთქვი?“

ირაკლი ჩხვირკიამ კი თავის გამოსვლაში თქვა, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა: „იმის გამო ვისჯები, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ვიყავი, თორემ პოლიციელს ყველას პატივს ვცემ. ოთხი წელი გამომძიებლად ვმუშაობდი და 26 მაისის აქციის დაშლის დროსაც იქ ვიყავი“.

ირაკლი ჩხვირკიას მტკიცებით, ის 12 მარტის დილის ხუთ საათზე ჩამოვიდა ბათუმში და მანამდე მხოლოდ სოციალური ქსელიდან ადევნებდა თვალს მოვლენებს.

„საქმეში არაა არანაირი მტკიცებულება, რასაც მე გავეცანი და რაც დაადასტურებდა ჩემი მხრიდან მასობრივი არეულობის ორგანიზებას. თუ ასეთი არსებობს, მაჩვენეთ… პროკურორის დრამატურგია, რომ ცეცხლის ალში იყო გახვეული აბუსერიძის ქუჩა, იმედია თქვენზე არ იმოქმედებს, ქალბატონო მოსამართლევ,“ – თქვა ირაკლი ჩხვირკიამ, რომელიც ემოციურად საუბრობდა და ხშირად ეხებოდა ხელით ბრალდებულის საკნის გისოსებს.

მერაბ ღოღობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან ერთად ალიანსში მოქმედების დაბრალება. „ეს ჩემი ღირსების შეურაცხყოფაა. სულ ამ პარტიას ვებრძოდი,“- მიმართა მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძემ.

„შეექმნა თუ არა გამოძიებას მერაბ ღოღობერიძესთან თანამშრომლობის პრობლემა, დაიბარეთ და არ მოვიდა? რით ადასტურებთ, რომ მისგან მიმალვის საფრთხე არსებობს, გადაკვეთა მან თუნდაც ერთხელ ქვეყნის საზღვარი?“ – ეს კითხვები პროკურორებს ადვოკატმა პაატა შავაძემ დაუსვა.

პროკურორმა რამაზ შავაძემ აღნიშნა, რომ დაკავებამდე მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა გამოძიება შეცდომაში შესულიყო.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, მოსართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განმარტება გააკეთა, სადაც ორჯერ ახსენა „პოლიტიკური გავლენა“. მოსამართლის მტკიცებით, პოლიტიკურ პროცესებს არავითარი გავლენა არ აქვს სასამართლოზე.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ფაქტების სინამდვილეს დღევანდელ პროცესზე სასამართლო ვერ დაადგენდა და გადაწყვეტილება „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტის შესაბამისად მიიღო.

მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიჩნია მან პროკურორების ვარაუდი დასაბუთებულად, ადვოკატების – არა. ვიოლეტა ფორჩხიძემ ხაზი მხოლოდ იმას გაუსვა, რომ „მიმალვის საფრთხე არსებობს“.

სასამართლო სხდომა 4 საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ გააკეთა. თქვა, რომ მტკიცებულებები არსებობს და გამოძიება განაგრძობს მუშაობას. მან არ უპასუხა „ბათუმელების“ შეკითხვას: რატომ არ იყო საუბარი საბრალდებო დასკვნაში მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით, რაზეც პროკურორმა რამაზ შავაძემ მერაბ ღოღობერიძეს ჰკითხა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდა ირაკლი ჩხვირკიას დედა. ის პროკურორების მისამართით გამოხატავდა საყვედურს. ბრალდებულის დედა მანდატურებმა გაიყვანეს შენობიდან. პროკურორებმა კი გვერდითი გასასვლელიდან დატოვეს სასამართლოს შენობა.

IMG_20170425_225038

IMG_20170425_190203

 

Exit mobile version