მთავარი,სიახლეები

განახლებული სასჯელი ავტომანქანის ტარების გამო – პროცესი ბრალდებულის გარეშე

28.04.2017
განახლებული სასჯელი ავტომანქანის ტარების გამო – პროცესი ბრალდებულის გარეშე

ბრალდებულ ილია ხ.-ს გამოძიება სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობას ედავება. მას ნარკოტიკის მოხმარების გამო პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და ავტომანქანის მართვის უფლება შეუზღუდეს. რამდენიმე დღის წინ ილია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პოლიციამ მანქანის მართვის დროს დააფიქსირა. პროკურატურამ იგი ხელახლა მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულის გარეშე განიხილა.

“სასამართლო ბრალდებულს, ასევე მის ოჯახს ვერ დაუკავშირდა. თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მის შესახებ?”- მიმართა პროკურორს, ალექსანდრე ძირკვაძეს მოსამართლემ.

პროკურორმა თქვა, რომ არც მას აქვს ინფორმაცია ბრალდებულის გამოუცხადებლობის თაობაზე. მან გირაოს შეფარდება მოითხოვა 5 ათასი ლარის ოდენობით.

“მოახერხებს ამის გადახდას?”- იკითხა მოსამართლემ.

“მას საცხოვრებელი სახლი აქვს ბათუმში,” – უპასუხა მოსამართლეს პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

ბრალდებულს არც ადვოკატი ჰყავს. აღმკვეთის შეფარდების დროს კანონი არ ითვალისწინებს ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას. შესაბამისად, მოსამართლეს ცარიელ დარბაზში მოუწია გადაწყვეტილების გამოცხადება. სასამართლო ვალდებულია, ბრალის წარდგენიდან 24 საათში პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილოს. ილია ხ.-ს კი ბრალი გუშინ წაუყენეს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ილია ხ.-ს გირაოს სახით 2500 ლარის გადახდა დააკისრა.

საქმიანობის უფლების შეჩერების საკითხს, რის გამოც ილია ხ. ხელახლა მიეცა პასუხისგებაში, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. თუკი ეს ნორმა ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევა, მაშინ საერთო სასამართლოებს აღარ ექნებათ უფლება, ვინმეს საქმიანობა შეუზღუდონ, მათ შორის, ავტომანქანის მართვა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდებულის შემოსავლის მიღების ერთადერთი წყაროა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: