მთავარი,სიახლეები

ვინ დაამახსოვრდათ „ბათუმის აქციის“ ორგანიზატორად ჟურნალისტებს

27.04.2017 • 3379
ვინ დაამახსოვრდათ „ბათუმის აქციის“ ორგანიზატორად ჟურნალისტებს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯამში 20 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა ისინი 23 აპრილს დააკავეს. სასამართლო ჯერ არ გაცნობია მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ მოაგროვა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, 11 მარტის ღამეს, შენიშნეს თუ არა, ან რა ვითარებაში დააფიქსირეს გამოძიების მხრიდან აქციის ორგანიზატორებად დასახელებული პირები ჟურნალისტებმა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.

[red_box]პირველი აქცია ბათუმი პლაზასთან[/red_box]

11 მარტს საპროტესტო აქცია „ბათუმი პლაზასთან“ დაიწყო, სადაც პოლიციამ მოქალაქე ჯიმი ვარშანიძე კანონდარღვევით გაჩერებული ავტომანქანის გამო დააჯარიმა. იმავე საღამოს პლაზასთან მდებარე ლომბარდთან პატრულმა მოქალაქე რამაზ ხიმშიაშვილი ჯერ დააჯარიმა, ხოლო შემდეგ წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავა. მათი დაკავების ამბავი 22 მარტს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განიხილა და დაკავებულები გაამართლა.

ხალხი პლაზასთან სწორედ ჯიმი ვარშანიძის დაკავების შემდეგ შეგროვდა. ჟურნალისტების თქმით, პლაზასთან შეკრებილები, ძირითადად, დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ საპატრულო პოლიცია ბოლო დროს უსამართლოდ ან ზედმეტი სიმკაცრით აჯარიმებს მძღოლებს.

მერაბ წულუკიძე

მერაბ წულუკიძე

მერაბ წულუკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ჟურნალისტი: „ექვსი საათი იქნებოდა, როცა პლაზასთან მივედი. შეკრებილები ამბობდნენ, რომ დაკავება იყო უსამართლო, სცემეს დაკავებულს და ისინი უნდა გათავისუფლდნენ… მერაბ ღოღობერიძეს თვალი მოვკარი, იქვე იყო, მაგრამ ინტერვიუ მასთან არ ჩამიწერია. ამ პროცესში ის წინა რიგებში საერთოდ არ იდგა.“

დაჯი ჩხიკვაძე

დაჯი ჩხიკვაძე

დაჯი ჩხიკვაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი: „შეკრებილები ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას. იყო კახა ბუხრაძის [აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი] გადადგომის მოთხოვნაც. აქციის მონაწილეების თქმით, გახშირდა ჯარიმები – 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით გვაჯარიმებენო. ახსენებდნენ პოლიციელ ხალვაშსაც, რომელმაც დაუწერა ჯარიმა და შემდეგ დააკავა რამაზ ხიმშიაშვილი… იქვე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, იყო მერაბ ღოღობერიძეც. მერაბი ამბობდა, რომ ეს არის შედეგი, რასაც მე ვამბობდიო, წინა დღის აქციებს იხსენებდა კახა ბუხრაძის წინააღმდეგ. იქვე იყო უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი. გვითხრა, რომ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს შესაბამის ორგანოებთან დაკავებულების გათავისუფლებაზე“.

მარი კეკელიძე

მარი კეკელიძე

მარი კეკელიძე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი: „როცა მივედი აქციაზე, მოქალაქეებს ჭავჭავაძის ქუჩა უკვე გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ დაშლას, თუ უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებდნენ. თქვეს, რომ შვილმკვდარი მამა ცუდად გახდა, აფთიაქთან გააჩერა და ამისთვის დააჯარიმეს, ეს როგორ შეიძლებაო. თანდათან პოლიციელების რაოდენობამ იმატა… პერიოდულად იყო სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის, მაგრამ ასე, ვიღაც მოვიდა და ამას ორგანიზებას უწევდა, არ იყო. ეს არ ჩანდა. მერაბ ღოღობერიძე მე იქ საერთოდ არ მინახავს. იქ იყვნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მაგალითად, ელგუჯა ბაგრატიონი („ნაციონალური მოძრაობის“ წევრი) მოუწოდებდა სამართალდამცველებს, გაეთავისუფლებიათ დაკავებულები…. შევესწარი საუბარს, როცა ახალგაზრდა ბიჭები საუბრობდნენ, წავიდეთ ახლა პოლიციის მთავარ შენობასთანო. ცოტა ხანში მართლა წავიდნენ, ქუჩაში სკანდირებდნენ, შემოგვიერთდით ბათუმიო“.

[red_box]პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან [/red_box]

„…ეს იყო რაღაც ველური ჟინის გამოვლენა, აბსოლუტურად ქაოტური, – გვიყვება დავით ტარაპაიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს“ ჟურნალისტი, – „იტყოდნენ, მოდი, ახლა ეს დავამტვრიოთ, ამტვრევდნენ, მერე – ვისროლოთ რამეო და ისროდნენ ქვებს, რასაც ქუჩაში, პირდაპირ ტროტუარიდან იღებდნენ. ამას ვიღებდი და კადრებშიც ჩანს… დავინახე ასევე ქვებით სავსე ტომარა როგორ მოათრია ერთმა ნიღბიანმა ბიჭმა, აი, ბიჭებო ქვები, ახლა თქვენ იცითო. ქვებით სავსე ტომარა იქვე ახლოს სამშენებლო ნარჩენებიდან მოიტანა. ჩემი დაკვირვებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ საერთოდ არ ყოფილა იქ. ეს იყო ნაბეღლავის ბოთლში ჩასხმული ბენზინი და რაღაც ამგვარად დამზადებული. იქ არ ჩანდა, ვის მოჰქონდა ეს ბოთლები, მაგრამ რამდენიმე ასეთი პირი მახსოვს ბოთლით ხელში.

დათო ტრაპაიძე

დათო ტრაპაიძე

სწრაფად ვრცელდებოდა ლეგენდებიც: აქციის თავში თუ ერთს ამბობდნენ, ბოლოში – სულ სხვა ამბავს მოგიყვებოდნენ. გაფუჭებული ტელეფონის ამბავს ჰგავდა ეს ყველაფერი… ბევრი ისე მოდიოდა და უერთდებოდა აქციას, საერთოდ არ იცოდა, რა უნდოდა, ცნობისმოყვარეობის გამო მოდიოდა. ერთი მიყვებოდა, ბიჭები სასტიკად უცემიათ და ამიტომ მოვედიო. მეორე ამბობდა, თათრები დაგვიძახეს და ბოდიში მოიხადოს პოლიციის უფროსმაო, მესამე – საერთოდ გათავისუფლებას ითხოვდა კახა ბუხრაძის. მე დავინახე განწყობა, რომ რადგან პოლიციამ რეაგირება დააგვიანა, აქციის მონაწილეებს გაუჩნდათ განცდა, რომ კაციშვილი მათ პასუხს არ მოსთხოვდა და უფრო მეტ აგრესიაზე გადავიდნენ…“

მარი კეკელიძე, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი: „დაახლოებით 11 საათისთვის მოქალაქეები ცდილობდნენ პოლიციის ეზოში შესვლას. აქციის მონაწილეების ნაწილი შეურაცხყოფდნენ პოლიციელებს… არ ვიცი ქვები საიდან გაჩნდა. სიბნელე იყო, მაგრამ ეს უფრო ტროტუარებიდან ამოყრილ ფილებს ჰგავდა. ქვების მოტანა, ან მოლოტოვის კოქტეილები არ მახსოვს. აქციის მონაწილეებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ წევრები. უფრო გვიან, აქციის მონაწილეები აგრესიული გახდნენ ჟურნალისტების მიმართაც, გადაღებას გვიკრძალავდნენ…“

დაჯი ჩხიკვაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი: „რამდენჯერმე იყო პოლიციის სამმართველოს შენობაში შეჭრის მცდელობა. მე ვხედავდი ქვების უწყვეტ ნაკადს, ასევე „კოქტეილებს“, მაგრამ საიდან მოჰქონდათ, ან ვინ მოიტანა, არ ვიცი. „მოლოტოვის კოქტეილები“ მას შემდეგ გამოჩნდა, როცა გმირთა მოედანთან პირველი მანქანა გადააბრუნეს. მე ვიყავი მოვლენების ეპიცენტრში და ამ პროცესში იქ, მერაბ ღოღობერიძე არ დამიფიქსირებია, საერთოდ არ დამინახავს. აქციაზე დილამდე ვიყავი, როცა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს…“

მერაბ წულუკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ჟურნალისტი: „ქვები, რასაც ისროდნენ, ტროტუარიდან იყო ამოყრილი, თუმცა იმდენად ბევრი ქვა იყო, მოტანილიც იქნებოდა ჩემი ვარაუდით. იმდენად სპონტანური იყო ეს აქცია, რთული იყო იმის გარკვევა, ვინ რას აკეთებდა. სპონტანურობის განცდა დამიტოვა იმან, რომ ყველას თავისი აზრი ჰქონდა და ყველა განსხვავებულ მოთხოვნას აყენებდა. ერთიანი მოთხოვნა არ იყო. აქციის მონაწილეების ნაწილი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, ზოგი კახა ბუხრაძის გადადგომას; ზოგს – მხოლოდ სეპარატისტული გზავნილები ჰქონდა და თათრებზე ლაპარაკობდა. ვნახე ადამიანებიც, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ, რისთვის იყვნენ იქ. ეს ადამიანები არაფერს მალავდნენ და კამერის წინ ყველაფერს ყვებოდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ჟურნალისტების მიმართაც გაუჩნდათ აგრესია… უცნაური და საეჭვო იყო ის, რომ როცა პოლიციის შენობაში შესვლა აქციის მონაწილეებმა სცადეს, იქ იდგნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ადამიანები, რომლებიც არაფერს ამბობდნენ, არც არაფერს აკეთებდნენ, გარდა იმისა, რომ პოლიციის ჭიშკართან შეკრებილებს ისინი აწვებოდნენ მიზანმიმართულად და ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებს განზრახვა შეესრულებინათ.

[red_box]რა ვითარებაში დაამახსოვრდათ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია ჟურნალისტებს[/red_box]

მარი კეკელიძე, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი: „მერაბ ღოღობერიძე პოლიციის სამმართველოს შენობასთან საერთოდ არ დამინახავს. შესაძლოა, სიბნელე იყო და ამიტომ, მაგრამ მეორე დილის 12 საათამდე მე იქ ვიყავი… ისე ვითარდებოდა პროცესი, ვერ დაადგენდი, ვინ რას გეგმავდა. აგრესიული ადამიანების დიდი ნაწილი ნასვამი იყო. ირაკლი ჩხვირკია დაახლოებით დილის 6 საათზე გამოჩნდა, როცა აქცია უკვე იშლებოდა.

მერაბ წულუკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ჟურნალისტი: „მერაბ ღოღობერიძე მართლა არ შემიმჩნევია პოლიციის სამმართველოს შენობასთან. ჩვენ, ჟურნალისტები, ძირითადად, ვიყავით მოვლენის ეპიცენტრში და გვერდით თუ რამე ხდებოდა, არ ვიცი. ძალიან სპონტანურად ვითარდებოდა პროცესი…“

დაჯი ჩხიკვაძე, ტელეკომპანია „იმედის“ჟურნალისტი: „ირაკლი ჩხვირკია დილისკენ გამოჩნდა და მოთხოვნები მან დააყენა პოლიციის მისამართით. მანამდე მოთხოვნების გაგება რთული იყო. ვერავის იპოვიდი, ვისაც შეეძლო ეთქვა, რას აპირებდნენ, ან რა მოთხოვნები ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მერაბ ღოღობერიძე პოლიციის შენობასთან მე არ მახსოვს“.

დავით ტრაპაიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს“ ჟურნალისტი: „არც მერაბ ღოღობერიძე და არც ირაკლი ჩხვირკია არ მახხოვს… დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე დავტოვე აქციის ადგილი. მერე გავიგე, სპეცრაზმელები მივიდნენო, დასაწვავი უკვე იქ აღარაფერი იყო დარჩენილი.

ამავე თემაზე:

რა მოხდა ბათუმში – 11-12 მარტის ქრონიკა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: