სიახლეები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება

27.04.2017
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდება. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. მათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება არ ეზღუდებათ.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულიდან მედიკამენტები დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს. მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფებისთვის (სულ 19 კატეგორია) ასევე დასაშვებია კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაშიც კი მათ სრულად შეუნარჩუნდებათ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება.

 

1-ელი მაისიდან:

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000-ზე ნაკლები ლარია და თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირები – ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით ისარგებლებენ. კერძო დაზღვევის ქონის შემთხვევაში კი, პროგრამის ფარგლებში ურგენტულ (გადაუდებელ) სერვისებს მიიღებენ უცვლელად. მათთვის, ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.


საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000-ზე მეტი ლარია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს – მიეცემათ არჩევანის საშუალება, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
კერძო დაზღვევის პაკეტით სარგებლობის მიუხედავად, მათ შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.

– მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ, მაგრამ დაუფინანსდებათ მშობიარობა/საკეისრო კვეთა.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.

ამავე თემაზე:  დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებისთვის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: