აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 24 889 ლარად 1600 ცალ ბრენდირებულ საჩუქარს შეისყიდის. საჩუქრებში შედის ფლეშ მეხსიერების ბარათები, კალმები, ალი და ნინოს მეტალის სუვენირები 3D ფორმატში, კრისტალის მაგიდის სუვენირები – ბათუმის კონტური, ესეც 3D ფორმატში და ბლოკნოტები ჩამკეტით.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ბრენდირებული სასაჩუქრე სუვენირების შესყიდვა ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილებამ მოითხოვა. მოთხოვნა სამინისტროს სატენდერო კომისიამ ერთ კვირაში დააკმაყოფილა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა.
ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.
როგორც სამინისტროში გვითხრეს, სუვენირები და საჩუქრები იქნება მათი საპრომოუშენო მასალა, განკუთვნილი სტუმრებისთვის და იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც დაგეგმილია სამინისტროს მიერ, ეს იქნება ფორუმები თუ შეხვედრები.