მთავარი,სიახლეები

უმაღლეს საბჭოსთან სამკერვალო ფაბრიკა აშენდება

27.04.2017 • 1968
უმაღლეს საბჭოსთან სამკერვალო ფაბრიკა აშენდება

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ, 10 230 კვ/მ ტერიტორიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. ქონების გაყიდვის საწყისი ფასი 2 მილიონ 133 ათასი ლარია. მთავარი პირობა კი ამ ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკის აშენებაა, რაშიც მომავალმა ინვესტორმა 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

აუქციონზე გასაყიდი ქონება ქობულეთში, დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა N2-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე მდებარეობს შენობა-ნაგებობებიც, საერთო ფართობით: 1254,7 კვ/მ. აუქციონი მიმდინარე წლის 11 მაისს დასრულდება.

აუქციონის პირობა

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სამკერვალო ფაბრიკისთვის საჭირო შენობა-ნაგებობ(ე)ბის სარემონტო სამუშაოების ან/და სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედება;
  • სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 200 მოქალაქის, ხოლო 12 თვის ვადაში დამატებით 200 მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა რაოდენობის არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში დამატებითი საწარმოს ამოქმედება და აღნიშნულ საწარმოში არანაკლებ 25 მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა რაოდენობის არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები;
  • პროექტის ფარგლებში, არაუგვიანეს 60 თვის ვადაში, არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილის და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება.

საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის [50 ათასი ლარის] ოდენობა.


ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს. განიხილება ნებისმიერი ქონების პრივატიზება, რომლის გასხვისებასაც კანონი არ კრძალავს. გარდა დაინტერესებისა, სამინისტრო თვითონ უზრუნველყოფს ინიციატივას ამა თუ იმ ობიექტის საპრივატიზაციოდ გამოტანის თაობაზე და აცხადებს აუქციონს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჩაქვში მდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით იყო ინვესტორის დაინტერესება, რომ აქ სწორედ სამკერვალო ფაბრიკას ააშენებს. ქონების შეძენით დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაციას კი სამინისტრო არ ასაჯაროებს.

download

გასაყიდი ტერიტორია / ფოტოები ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან

download (1)download (3)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: