მთავარი,სიახლეები

რა ეკონომიკურ დანაშაულზე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

26.04.2017 • 2382
რა ეკონომიკურ დანაშაულზე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მალე პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებები გულისხმობს ზოგიერთი ეკონომიკური დანაშაულის შემდგომში დეკრიმინალიზაციასაც.

„ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ინიცირებულია უკვე მთავრობისგან. ეს ითვალისწინებს გადასახადისგან თავის არიდების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ზღვარის, 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას. ასევე, მთელი რიგი სამართალდარღვევებისთვის  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას. ეს სამართალდარღვევები თავისი შინაარსით წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას და მასზე არ უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს არის ზედნადებთან დაკავშირებული დარღვევები და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება უშუალოდ ზღვრის – 100 ათას ლარამდე – დადგენას, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს განხორციელდა შესაბამისი ანალიზისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით: „ჩვენ მიერ გაანალიზებული იქნა მთელი რიგი ინფორმაცია, რაც ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში იყო აღრიცხული. სტატისტიკას თუ მოვიყვანთ, 100-ათასიანი ზღვარის ქვევით თავსდება, მაგალითად, 90%, ვინც თავს არიდებდა გადასახადის გადახდას 2016 წელს, ეს ჩვენი შემოწმეებიდან გამომდინარე. ასევე 6 წლიდან 3 წლამდე შემცირდა საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა [ეს უკვე მოქმედებს] და ესეც მნიშვნელოვანი ეფექტის მომცემი იქნება. თუ მანამდე 6-წლიანი შემოწმების შემდეგ ხდებოდა არსებული 50-ათასლარიანი ზღვარის დადგენა, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში 3-წლიანი შემოწმების შემდეგ მოხდება 100-ათასლარიანი ზღვარის დადგენა“.

რაც შეეხება ზედნადებს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ აღურიცხავი, ანუ ზედნადების გარეშე, ტრანსპორტირებადი საქონლის ღირებულება აღემატება 10 ათას ლარს, დგება პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც შესაბამისად, ითვალისწინებს სასჯელს; 10 ათასამდე ლარის აღურიცხავი საქონლის გადაადგილებისას კი მოქმედებს დაჯარიმების მექანიზმი.

ანალოგიურად, ჯარიმები მოქმედებს 2 ათას ლარამდე ღირებულების არამარკირებული არააქციზური საქონლის შემთხვევაში; 2 ათას ლარზე მეტი ღირებულების ასეთი არამარკირებული საქონლის გამოვლენის შემთხვევაში კი დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. არააქციზურ საქონელში აქ იგულისხმება მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები.

ახალი ინიციატივით, თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს, ორივე შემთხვევაში გაუქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, „100 ათასამდე ლარის გადასახადის თავის არიდებისთვის არ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება გადასახადის გადამხდელი. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ფაქტობრივად იმოქმედებს ის მექანიზმი, რაც დღესაც მოქმედებს. უბრალოდ, გაუქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გაგრძელდება ადმინისტრაციული მექანიზმი – ჯარიმები, რაც არის დაწესებული გადასახადის გადახდისგან თავის არიდებისთვის“.

მთავრობის ინიციატივა სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს ცალკეული დარგებისთვის.

გადაბეჭდვის წესი