მთავარი,სიახლეები

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

28.04.2017
ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში – დემეტრე თავდადებულის  N35, მაზნიაშვილის  N6 – აბაშიძის N15, ზუბალაშვილის N38, კომახიძის  N4, ჟორდანიას  N14,  ვ. გორგასლის  N24 და  ქობულეთში მდებარე -„ეფენდიევის ვილა“ – ეს  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ის ძეგლებია, რომელთა რეაბილიტაციასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გეგმავს. შენობები კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით და იგეგმება არა მხოლოდ ფასადის შეკეთება, არამედ ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობების სრული რეაბილიტაცია.

სააგენტომ ტენდერი  რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე უკვე გამოაცხადა 240 ათას ლარზე. წინადადებების მიღება 25 მაისს უნდა დასრულდეს.

„შენობები შევარჩიეთ სპეციალისტებთან ერთად. ამჯერად ტენდერი გამოცხადებულია საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე. შემოდგომაზე ალბათ უკვე გვექნება სრული პაკეტი და იქ ასახული ბიუჯეტი გათვალისწინებული იქნება 2018 წლის ბიუჯეტში.  სამუშაოები ალბათ დაიწყება მომავალ წელს და ვფიქრობთ,  სამუშაოების ნაწილს ქალაქის მერია დააფინანსებს. ტენდერის დასრულების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება რა თანხა დასჭირდება ამ სახლების რეაბილიტაციას.

ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და შემოდგომაზე ჩვენ სხვა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების შერჩევაზე ვაპირებთ მუშაობას. ამის შეჩერება არ შეიძლება, უნდა გადავარჩინოთ ბათუმი და მოსახლეობამაც უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო ცდილობს გადაარჩინოს ქალაქის ურბანული მემკვიდრეობა.  ჩვენ ზეპირი საუბარი გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან და როგორც ითქვა, ყველა ასეთ ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება,“ – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: