მთავარი,სიახლეები

რაზე ისაუბრეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე

10.05.2017
რაზე ისაუბრეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე

დღეს, 10 მაისს, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ტურისტული, სასოფლო სამეურნეო და სამეწარმეო კომპანიების, ასევე, ბათუმის საზღვაო პორტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარაში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ელჩმა აჭარაში მოქმედი ბიზნესმენების კითხვებს უპასუხა, ძირითადი განხილვის საგანს ციტრუსის ინდუსტრია წარმოადგენდა.

განსაკუთრებით დიდი ყურადღება საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის საკითხს დაეთმო. ციტრუსის დარგში მომუშავე სპეციალისტების თქმით, ერთ-ერთ დიდ პრობლემას ეკონომიკის მხრივ ციტრუსის საბაჟო გადატვირთვები წარმოადგენს, სადაც ექსპორტიორები ხშირად კორუფციისა და ტვირთში არაოფიციალური თანხის გადახდის პრობლემებს აწყდებიან. ამასთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს და თავად გააკონტროლებს საქართველოდან უკრაინის მიმართულებით გასულ პირველივე გემს.

შეხვედრაზე ციტრუსის შეფუთვის კულტურაზეც ისაუბრეს, ასევე, რატომ არ არის შეფუთვაზე აღნიშნული, რომ ციტრუსი ქართულია.

იგორ დოლგოვის თქმით, ეკონომიკასა და სახელმწიფოთაშორისს ურთიერთობებს ცოტა აქვთ  საერთო მსხვილი ბიზნესის გარეშე. ამგვარად, ყველაზე დიდი ყურადღება შავი ზღვის პორტის ლოგისტიკას უნდა დაეთმოს.

„ტრანსპორტის პრობლემა  ჩვენთვის, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონებს –  ბათუმსა და ოდესას შორის აუცილებელია კავშირის დამყარება“ – აღნიშნა მან.

11 მაისს ელჩი ბათუმისა და ფოთის პორტების დათვალიერებას გეგმავს.

საქართველოში უკრაინის ელჩი იმედოვნებს, რომ მსგავსს შეხვედრებს უფრო რეგულარული სახე მიეცემა და მომავალში უკრაინასა და საქათველოს შორის ურთიერთობებიც უფრო გამყარდება.

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილის, ასლან ლორთქიფანიძის თქმით, აჭარისთვის უკრაინული ბაზარი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ციტრუსის პროდუქციის თითქმის ნახევარი უკრაინაში გადის. მისივე თქმით, წელს აჭარასა და ოდესას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. ასევე, საქართველოსა და უკრაინის ბიზნესფორუმი წელს ბათუმში ჩატარდება.

შეხვედრის დასასრულს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, თამაზ შავაძემ, ელჩს საჩუქრად აჭარაში დამზადებული თაფლი და ღვინო გადასცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: