მთავარი,სიახლეები

რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

12.11.2016 • 2776
რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

პირველი მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, გოჩა ფუტკარაძეა. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება 2013 წლიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ [საპენსიო ასაკამდე] გამწესდება თუ არა. „არის თუ არა უვადოდ მოსამართლის დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის გარანტი?

მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება – მიიჩნევენ მესამე სექტორში. აქ მთავარ ფაქტორად მოსამართლის დანიშვნა-გათავისუფლების წესს ასახელებენ, რომლის რეფორმირებასაც ხელისუფლება თავს არიდებს. გარდა ამისა, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებით უვადოდ დანიშნული მოსამართლის გათავისუფლებაც შეიძლება.

„კარტერულ გარიგებას დაემსგავსა ეს სისტემა,“- გვიყვება არჩილ ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. ის მიიჩნევს, რომ ძალიან რთულია სასამართლო სისტემაში ახალგაზრდა და კვალიფიციური სამართალმცოდნე მოხვდეს, მექანიზმი გაუმჭვირვალეა და შეიძლება სრულიად დაუმსახურებლად დარჩე მანტიის გარეშე:

„ახალი მოსამართლეები ინიშნებიან, მაგრამ, ძირითადად, ესენი არიან ყოფილი მოსამართლეები. ყველა მოსამართლე ცდილობს, იუსიტიციის უმაღლეს საბჭოს მოაწონოს თავი, რადგან იცის, რომ მისი უვადოდ დანიშვნა, თუ გათავისუფლება ამ საბჭოზეა დამოკიდებული. საბჭოს არამოსამართლე წევრები თავდაპირველად კრიტიკულ დამოკიდებულებას აჩვენებდნენ, მაგრამ შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის კანდიდატურებს დაუჭერდნენ მხარს. მთავარია, კვალიფიციური და გამოცდილი იურისტების სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა გაჩნდეს, მოსამართლის უფლებამოსილება გაიზარდოს და შემდეგ მისი გათავისუფლების პროცესი იყოს ძალიან რთული და გამჭვირვალე. ეს პირობა შექმნის მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიას და არა მხოლოდ უვადოდ დანიშვნა, რასაც ახლა არეკლამებენ“.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე საუბრის დროს მთავარ აქცენტს ეკა ციმაკურიძე გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე აკეთებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მართლმსაჯულების პროექტის კოორდინატორი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია, რაც მოსამართლეს პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გავლენისგან დაიცავს: „როცა ეს ცვლილებები მიიღეს, არასამთავრობო სექტორს, ასევე ვენეციის კომისიას ჰქონდა უარყოფითი შეფასება, რადგან გამოსაცდელი ვადა მოსამართლის შემთხვევაში არის ბევრ რისკთან დაკავშირებული. ჯერჯერობით მხოლოდ 12 მოსამართლე დაინიშნა უვადოდ. გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა მოსამართლეებმა კი შეიძლება ანგარიში გაუწიონ იმათ, ვინც მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. გარდა ამისა, თავად გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის იუსტიციის საბჭოსგან ყოველწლიური შეფასების პროცესი არის სრულიად დახურული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავიგოთ, რამდენად ობიქტურად ხდება მოსამართლეების შეფასება და მათი შემდგომი გამწესება უვადოდ“.

ეკა ციმაკურიძე ფიქრობს, რომ თუკი კანონმდებლობაში არ გაიწერება გარანტიები, უვადოდ დანიშნული მოსამართლეც შეიძლება დააშინონ დისციპლინური პასუხისმგებლობით: „ეს იმდენად გაუმჭვირვალე პროცესია, შეიძლება სრულიად დაუმსახურებლად მოხდეს მოსამართლის დისციპლინირება. მხოლოდ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ვერ იქნება ეფექტური. კანონმდებლობა უნდა ქმნიდეს გარანტიების მთელ სისტემას, რომელიც მოსამართლეზე ზეწოლის საშუალებას არავის მისცემს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არაა სავალდებულო მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, ევროპის ბევრ ქვეყანაში არ ნიშნავენ მოსამართლეებს უვადოდ, მაგრამ არსებობს კონკრეტული გარანტიები, რაც უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას. მთავარია, რომ მოსამართლე ინიშნებოდეს ხანგრძლივი ვადით და მოსამართლეობის ვადა არ უნდა იყოს განახლებადი. მოსამართლე მორიგ კონკურსზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე უნდა შეფასდეს მათი წარსული _ მიიჩნევს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. მას აბსურდად მიაჩნია მდგომარეობა, როცა პარლამენტმა 500-მდე ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად ჩათვალა და ციხიდან გამოუშვა, ხოლო მოსამართლეები, რომლებმაც ისინი ციხეში ჩასვეს, შესაძლოა, უვადოდ დაინიშნონ: „ეს არის მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ: მოსამართლეები, რომლებიც მუშაობდნენ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში და ასრულებდნენ დაკვეთებს, მინიმუმ ისინი უნდა შეაფასონ. წარმოუდგენელია მათი უვადოდ გამწესება“.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისგან პოზიტიური მოლოდინი აქვს ადვოკატ ედიშერ მახარაძეს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში მოსამართლის თვითშეფასების ხარისხი გაიზრდება: „ის ფაქტი, რომ უვადოდ არის დანიშნული მოსამართლე, მისასალმებელი ფაქტია. ეს გახდის მოსამართლეს ფიგურას, გაიზრდება მისი როლი და მისი გადაწყვეტილებების მიმართაც გაიზრდება ინტერესი. მესმის არგუმენტი, რომ უსამართლოდ გათავისუფლების ბერკეტი ისევ არსებობს, მაგრამ ფიგურადქცეულ მოსამართლეს დაუსაბუთებლად და ერთი ხელის მოსმით ვეღარ გაათავისუფლებენ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: