სიახლეები

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში გამარჯვებულები

10.05.2017
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში გამარჯვებულები

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში  პირველი ადგილი სიმღერაში ქობულეთის სახელოვნებო სკოლის გოგონათა ფოლკლორულმა ანსაბლმა „იარამაშამ“ აიღო, ხოლო გრან-პრით ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „იბერიონი” დაჯილდოვდა.

რაც შეეხება ცეკვას, პირველი ადგილის მფლობელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „აისი“ გახდა, გრან-პრი კი ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „საუნჯეს“ გადაეცა.

ოლიმპიადის ფინალში ორმოცდასამი კოლექტივი გავიდა, ამათგან სულ თოთხმეტი გამარჯვებული გამოვლინდა – შვიდი სიმღერაში და შვიდი – ცეკვაში.

პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

გარდა ამისა, ოლიმპიადის ორგანიზატორის, მადონა თევზაძის თქმით, ოლიმპიადის 500-მდე მონაწილეს აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო საჩუქრად ქართულ ხალხურ კოსტიუმებს შეუკერავს, რაზეც სამინისტრო ბიუჯეტიდან 100 000 ლარს გამოყოფს.

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი 8 მაისს სსიპ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა.

გამოსვლის შემდგომ ყველა მონაწილეს რეკომენდაციები თბილისიდან მოწვეულმა ჟიურის წევრებმა: უჩა დვალიშვილმა, შოთიკო ჭიშკარიანმა, ნანა ვალიშვილმა, თეონა რუხაძემ და ბადრი ცხოვრებაურმა მისცეს.

ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2017 წლის 26 აპრილს დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველი ეტაპი 26 აპრილს აჭარის მუნიციპალიტეტებში, ხოლო მეორე, 5 მაისს ქედის კულტურულ ცენტრსა და აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიიღეს, სულ 90-მა ანსამბლმა, 2000-ზე მეტი შემსრულებლით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.