მთავარი,სიახლეები

ვის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა ფაროსანა

13.10.2017
ვის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა ფაროსანა

აზიური ფაროსანას გამო დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მანამდე, 25 სექტემბერს, ფაროსანას შესევის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის მეორე სართულზე. ფაროსანამ სოფლებში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი დააზიანა.

ფაროსანა მოხვდა „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო პროგრამაშიც, სადაც ვკითხულობთ:

„ბათუმის განაპირა უბნებში, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, ხშირია სხვადასხვა მავნებლების გააქტიურე­ბა. განსაკუთრებით საგრძნობია ამერიკული პეპელას, აზი­ური ფაროსანასა და სხვა პარაზიტების მოქმედება. ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს სურსათის უვნებლობის სამ­სახურსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველ­ყოფს მავნებლების წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას,“ – აღნიშნულია პროგრამაში.

საუბრობენ თუ არა სხვა პოლიტიკური სუბიექტები თავიანთ პროგრამებში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე?

ლევან ანთაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: „ცალკე ფაროსანაზე საარჩევნო პროგრამაში საუბარი არ არის. ფაქტია, რომ ეს ღონისძიებები საჭიროა და მთავრობამ ამას თავი ვერ გაართვა. „ქართულმა ოცნებამ“ რომ ეს ახლა პროგრამაში ჩაწერა, ეს ცვლის რამეს?“

ფაროსანა არც პეტრე ზამბახიძის საარჩევნო პროგრამაშია. „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ის ამომრჩეველს ჰპირდება თვითმმართველობის ეფექტურ მუშაობას „ეფექტურმა თვითმმართველობამ კი მსგავს პარაზიტებთან გამკლავება უნდა შეძლოს“, – დასძენს პეტრე ზამბახიძე.

ფაროსანა საარჩევნო პროგრამაში არა, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატის ოჯახში შესულა.

„ბარცხანაში ვცხოვრობ, ორი-სამი ცალი მოვკალი უკვე… პროგრამაში არ ჩაგვიწერია, რადგან ფაროსანა ძირითადად რაიონებს აწუხებს. პროგრამაში ჩაწერა არაფრის მომცემია, საქმე უნდა გაკეთდეს,“ – გვითხრა თენგიზ თავდგირიძემ.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.