ბათუმის მერია 10746 კვ/მ მიწას საცხოვრებელი ბინების სანაცვლოდ ყიდის

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, 127-ში მდებარე  მიწის ორ ნაკვეთს ბათუმის მერია ცალ-ცალკე აუქციონზე იდენტური პირობებით ყიდის. ნაკვეთებზე საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს და მესაკუთრემ აშენებული საერთო ფართობის 10 %, საცხოვრებელი ბინების სახით, ბათუმის მერიას საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. პირობებიან აუქციონებზე გატანილი ორივე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 2 მილიონ 256 ათასი ლარია.

ნაკვეთები, რომლებიც რეგისტრირებულია  მისამართზე – ბაგრატიონის ქუჩა 127 [რეფერალური საავადმყოფოს გვერდით], ფაქტობრივად ჟიული შარტავას ქუჩის გასწვრივ მდებარეობს.

ნაკვეთების შემძენმა ქონების საბოლოო ღირებულება სრულად, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა გადაიხადოს.

პირველ ნაკვეთზე, რომელიც 5429 კვ/მ-ია,  მყიდველმა უნდა უზრუნველყოს  მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე საცხოვრებელი სახლ(ებ)ის [კომერციული/არაკომერციული] მშენებლობა. შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო ტექნიკური პარამეტრები უნდა იყოს:

ა) მიწის ნაკვეთზე შენო(ებ)ის მოშენების ფართობი (კ-1) – არანაკლებ 3800,0 კვ.მ.;
ბ) შენობ(ებ)ის სარეალიზაციო ფართობი (კ-2) – არანაკლებ 21700 კვ.მ.; 
გ) ტერიტორიის გამწვანებული ფართობი (კ-3) – არანაკლებ 543,0 კვ.მ.

მეორე ნაკვეთზე, რომელიც 5317 კვ/მ-ია, მყიდველმა უზრუნველყოს ასევე მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე საცხოვრებელი სახლ(ებ)ის (კომერციული/არაკომერციული) მშენებლობა. შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო ტექნიკური პარამეტრები უნდა იყოს:

ა) მიწის ნაკვეთზე შენო(ებ)ის მოშენების ფართობი (კ-1) – არანაკლებ 3700,0 კვ.მ.;
ბ) შენობ(ებ)ის სარეალიზაციო ფართობი (კ-2) – არანაკლებ 21260 კვ.მ.; 
გ) ტერიტორიის გამწვანებული ფართობი (კ-3) – არანაკლებ 532,0 კვ.მ.

მომავალმა მესაკუთრემ/მესაკუთრეებმა: 

[checklist]

  • საცხოვრებელი სახლ(ებ)ის საერთო ფართობის (მათ შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) 10 % საცხოვრებელი ბინების სახით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადმოსცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს. საანგარიშო საერთო ფართობში არ გაითვალისწინება ტექნიკურ სართულში არსებული ფართობი, სადარბაზოსა და ლიფტის შახტის ფართობი.
  • მითითებული ფართობის გადმოცემა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის უნდა მოხდეს ამავე საცხოვრებელ სახლ(ებ)ში შემდეგ მდგომარეობაში: ბინის კონტურის კედლები; მეტალოპლასტმასის ფანჯრები; ბინის შესასვლელი რკინის კარი; მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი, სახურავი და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
  • მშენებლობა დაიწყოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 თვეში, მშენებლობა დაასრულოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვეში და საცხოვრებელი ბინები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს გადმოსცეს მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.

[/checklist]

ორივე აუქციონი დაწყებულია და ორივე 2017 წლის 15 აგვისტოს დასრულდება.


აღნიშნული ნაკვეთების მიმდებარედ არსებული ორი მიწის ნაკვეთი [ჯამში 1 ჰექტარზე მეტი] ბათუმის მერიამ გასულ წელს აუქციონზე მინისტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქციის სანაცვლოდ გაიტანა. ქონების საწყისი ფასი ჯამში 2 მილიონ 467 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ კი ნაკვეთები ჯამში 3 მილიონ 843 ათას ლარად გაიყიდა.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით გაყიდული ნაკვეთების მესაკუთრე შპს „ჯეო დეველოპმენტია“. დღევანდელი დღის მდგომარეობით ნაკვეთები ცარიელია და იქ მშენებლობა დაწყებული არ არის.

IMG_20170805_092935
ბათუმის მერიის მიერ პირობებით გაყიდული და გასაყიდი მიწის ნაკვეთები / ბათუმი, ბაგრატიონისა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთა / 5.08.2017 /

 

აჭარის მთიანეთის საოჯახო სასტუმროებში ტურისტების ნაკლებობაზე საუბრობენ

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად აჭარის მთაში საოჯახო ტიპის სასტუმროების ზოგიერთი მფლობელი ტურისტების ნაკლებობას უჩივის, ზოგიერთი კი სეზონით კმაყოფილია. ტურისტების რაოდენობა გაცილებით მეტია მთიანი აჭარის შედარებით დაბალ სოფლებში, რაც შეეხება მაღალი ზონის სოფლებს, იქ დამსვენებელთა რაოდენობა, ადგილობრივების თქმით, ყოველწლიურად იკლებს.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში, ქართველ და უცხოელ ტურისტებს ემზარ სამნიძის საოჯახო სასტუმრო უკვე მეორე წელია   მასპინძლობს. ემზარის თქმით, მის საოჯახო ტიპის სასტუმროს ძირითადად უცხოელები აკითხავენ. ემზარი წელს ტურისტების ნაკლებობაზე არ ჩივის და ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ის სანახაობებია, რომელიც სოფელ პირველ მაისთან ახლოს მდებარეობს – მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი და ეკლესია.

საოჯახო სასტუმროში დასვენება ერთი დღით ორი ადამიანისთვის 50-70 ლარი ღირს.

„საძინებელში ორი საწოლია განთავსებული. იმ შემთხვევაში, თუ  ერთი დღით ორი დამსვენებელი დაიქირავებს ფართობს, ერთ საძინებელში 50 ლარი უნდა გადაიხადოს,  ღირებულებაში ერთჯერადი კვებაც [სადილი] შედის. სადილის გარდა თუ დამატებით კერძებს მოითხოვენ – ფასი მატულობს. ტურისტები აქ ძირითადად რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი-ორი დღით რჩებიან,“ – ამბობს ემზარი.

ემზარისგან განსხვავებით ტურისტებისნაკლებობაზე საუბრობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში არსებული  საოჯახო სასტუმროს მფლობელი ამირან ბოლქვაძე. ამ სოფელში საოჯახო ტიპის სასტუმრო ოთხ ოჯახს აქვს, აქედან ორმა – არასამთავრობო ორგანიზაციის თანადაფინანსებით,  ორმა ოჯახმა კი  საკუთარი ფინანსებით მოაწყო სასტუმრო.

„საოჯახო სასტუმრო 2008 წელს გავხსენი, გახსნიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების სიმცირეს არ ვუჩიოდით, თანდათანობით რაოდენობამ იკლო, წელს კი სეზონის გახსნის დასაწყისში მხოლოდ ორი დღე მყავდნენ დამსვენებლები საზღვარგარეთიდან, მას შემდეგ არავინ გამოჩენილა, დამსვენებლები არ ჰყავთ ჩემს თანასოფლელებსაც,“ – ამბობს ამირანი.

ამირან ბოლქვაძის საოჯახო სასტუმროში ერთი ადამიანის ერთი დღით დასვენების ფასი 60 ლარია, ამ თანხაში შედის სამჯერადი კვება დღეში.

კითხვაზე, ტურისტების რაოდენობის კლებას სერვისი და ფასი ხომ არ განაპირობებს, ამირან ბოლქვაძე ამბობს:

„ჩემთან დასვენება 60 ლარი ღის, ამ თანხაში შედის სამჯერადი კვება, კერძების ოდენობა კი მაქსიმუმ ოთხია. სოფელში მოსულ დამსვენებელს ყველაფერი აინტერესებს, თევზაობა, ველური ბუნება… დაგვყავს, სადაც მოისურვებენ, მათი უსაფრთხოების გარანტი ვართ, არ მახსენდება დამსვენებელი, რომელიც ჩემგან უკმაყოფილო წასულიყო, პირიქით საკონტაქტო ნომრებს იწერენ, არ ვიცი რა არის ტურისტების კლების მიზეზი,“ – ამბობს ამირანი.

დამსვენებლების ნაკლებობაზე საუბრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში არსებული საოჯახო სასტუმროს მფლობელი ციური გელაძე. ციურის თქმით, სოფელ დანისპარაულს დამსვენებლები უფრო ზამთარში აკითხავენ, მაშინ, როდესაც სოფელი თოვლით იფარება.

დასვენების ფასი აქ  გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქედაში არსებულ საოჯახო სასტუმროებში.

„გასულ წელს კრედიტით ბანკიდან თანხა გამოვიტანე და დეკემბრის თვეში საოჯახო სასტუმრო მოვაწყე, ტურისტები უფრო ზამთრის პერიოდში იყვნენ, ვერ ვიტყვი ჭარბად იყო- მეთქი, მაგრამ ახლა რომ არავინ მოდის, ასე არ იყო. ზამთარში ერთი ტურისტის დასვენება სამჯერადი კვებით 40 ლარი ღირს, ახლა 20 ლარშიც კი მივიღებ სამჯერადი კვებით, დამსვენებლები რომ იყვნენ, ბანკის ვალი მაქვს დასახური და მინიმალური მოგებაც რომ დამრჩეს, კმაყოფილი დავრჩები“ – ამბობს ციური.

საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს

„ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს“ და „საგამოძიებო ორგანოების მიმართ გარკვეულ უნდობლობას ნერგავს“, – ამ ფრაზებით აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დაწყებულ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებულ საქმეებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საშიშ ტენდენციას იმ საქმეებში ხედავს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღია პროკურატურას.

ერთ-ერთი საქმე, რომელზეც პროკურატურა შემაჯამებელ გადაწყვეტილებისგან თავს იკავებს „ირაკლი ქაჯაიას ამბავია“. შემთხვევა გასული წლის პირველ აგვისტოს მოხდა. ირაკლი ქაჯაია პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ირაკლი ქაჯაია პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური დაზიანებების გარეშე შევიდა. განყოფილებიდან კი მოქალაქე რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მაშინვე დაიწყო გამოძიება და ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, – გვიყვება პაატა დიასამიძე, რომელიც ირაკლი ქაჯაიას ინტერესებს იცავს, – დაიკითხნენ მოწმეები, ამოიღეს ვიდეო მასალები. საგამოძიებო მოქმედება დაწყებიდან დაახლოებით სამ თვეში დასრულდა. იმის შემდეგ გაურკვეველია, რა ხდება, რატომ არ იღებენ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.“

რა ეტაპზეა ირაკლი ქაჯაიას საქმის გამოძიება? – ამ კითხვაზე პროკურატურამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ 20 ივლისს უპასუხა მხოლოდ ორი სიტყვით: „მიმდინარეობს გამოძიება“.

პაატა დიასამიძე ამბობს, რომ საქმეში აშკარად იკვეთება პოლიციელთა მხრიდან ბრალეულობა, თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ „პროკურატურამ უნდა მიიღოს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“.

გიგა ჩხეიძის საქმე“ – გიგა ჩხაიძე 12 მარტის დილით დააკავეს ბათუმის აქციის შემდეგ. გამოძიება მას ადმინისტრაციული წესით ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა. სასამართლო პროცესზე მოქალაქემ პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა – ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, რომელიც მან სამსახურიდან ამოიღო. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძე გაამართლა.

ამ სასამართლო პროცესზე გიგა ჩხაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკურად შეურაცხყეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება. გიგა ჩხაიძის დაზარალებულად ცნობაზე პროკურატურამ უარი თქვა. შესაბამისად, მას არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გააცნეს, სადაც მისი ფიზიკური დაზიანების ხარისხია შეფასებული.

გამოძიება არ დასრულებულა ბათუმში, ღამის კლუბ Sector 26-ში ერთ-ერთი ადვოკატის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზეც. ზ.მ.-ს  და მის მეგობარს კლუბში, დაახლოებით ღამის ორ საათზე, დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა მას შემდეგ დაუწყო ცემა, როცა ისინი კლუბის ტერიტორიაზე მდებარე აუზში საბანაოდ ჩავიდნენ. კლუბიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა პოლიცია გამოიძახეს და ჩვენება მისცეს, ასევე გაიარეს ექსპერტიზა სხეულზე მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე.

2015 წლის ნოემბერში დაიწყო გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტზე ვაჟა-ფშაველას 13-ში. აქ ახალი კორპუსის აშენებას კომპანია „სლავა 2015“ გეგმავდა. სწორედ ამ კომპანიამ მოხსნა ეტაპობრივად მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ ისტორიულ სახლს აივანი, შემდეგ სახურავი… სახლის დანგრევის შემდეგ კი, კომპანიაში განაცხადეს, რომ არ იცოდნენ, თუ სახლი ძეგლის სტატუსს ატარებდა. ამ შემთხვევაზეც პროკურატურას ორსიტყვიანი პასუხი აქვს: მიმდინარეობს გამოძიება. ამ შინაარსის პასუხი მიუღია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც, რომელსაც პროკურატურისთვის 2017 წლის აპრილში მიუმართავს კითხვით: რა ეტაპზეა გამოძიება?

სამი წლის გასვლის მიუხედავად, გამოძიება არ დასრულებულა არც „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“. 2014 წლის სექტემბერში ქობულეთში მუსლიმურ პანსიონს ღორის თავი მიაჭედეს და მუსლიმ თემს შენობაში შესვლა შეუზღუდეს. გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ გაუგებარია ისიც, თუ რატომ დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ვერც მუსლიმი თემი იგებს ვერაფერს. პროკურატურამ მათ დაზარალებულად ცნობაზე უარი თქვა.

რამდენიმე დღეში მუსლიმი თემი ევროსასამართლოს სარჩელით მიმართავს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დასადგენად. სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილ უმოქმედობას ეხება.

„მხოლოდ გამოძიების დაწყება არაფერს ცვლის“, – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. – გამოძიების არაგონივრულად გაჭიანურება და გამოძიების შედეგების შესახებ დაინტერესებული მხარეების არასაკმარისი ინფორმირებულობა, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ყველა მსგავსი დანაშაულის დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების პოზიტიური ვალდებულების შესრულებას.“

 

ავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილების ჯანმრთელობას ექიმები აკვირდებიან

4 აგვისტოს ავარიის შედეგად დაზარალებული დედისა და შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში არ არიან მოთავსებულნი:

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი და კვლევის პროცესი, ჯერჯერობით ვაკვირდებით. რეანიმაციაში არ არიან, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში მიმდინარეობს შესაბამისი დახმარება“. ბავშვების დედა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ფოტოები „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა.

1

2

ბათუმში ზებრაზე დედასა და ბავშვებს ავტომობილი დაეჯახა

ავტოავარია ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელზე, დღეს, 4 აგვისტოს მოხდა.

„დედას ბავშვები ზებრაზე გადაჰყავდა, ერთი ბავშვი საბავშვო ეტლში იყო, მეორეც მცირეწლოვანია და სამივეს დაეჯახა მანქანა. რეფერალურ საავამდყოფოში გადავიყვანეთ სამივე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

რატომ მიყვარს ბანაკები

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე

ხომ გესმით, რა მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იგივეს კეთება, – სკოლა, მეცადინეობა, დავალებებზე ფიქრი, დიდი და დამღლელი საზეპიროები, ფორმულები, რომლითაც ტვინი გადადუღებული გვაქვს… ერთი სიტყვით, ყოველდღიური ფაციფუცი. ამ რუტინისგან თავის დაღწევაში სწორედ ბანაკები მეხმარება.

ბანაკი გაძლევს შესაძლებლობას შეცვალო ყოველდღიური ცხოვრების სტილი, გახდე უფრო აქტიური, გაბედული ახალი გამოწვევების მიმართ, გაიჩინო ახალი ჰობი და რაც მთავარია, შეხვდე ახალ, საინტერესო ადამიანებს, რომლებთანაც დაუვიწყარ დროს ატარებ.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში
ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ყოველდიური გართობის საშუალებები ძალიან მწირია ჩვენს რეალობაში. ძირითადად ინტერნეტი ან ტელევიზორი, რაც ასევე მომაბეზრებელია. ზაფხული კი სწორედ ის დროა, როცა ცდილობ, რაც შეიძლება კარგად გაერთო, დაივიწყო მოწყენილობა.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში
ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ვინც ჯერ არ ყოფილა არც ერთ ბანაკში, ვეტყვი, რომ ეს არის რამდენიმე დღით სრულიად ახალ, პატარა სამყაროში შებიჯება, ახალი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება, ახალი ოჯახის და საყვარელი ადგილის შეძენა.

ბევრისგან მსმენია, ესა თუ ის ბანაკი ჩემი მეორე სახლიაო. ალბათ ხვდებით, როგორ უყვარდებათ ბავშვებს ის ადგილი, სადაც მხოლოდ რამდენიმე დღეს ატარებენ, მაგრამ არასდროს ავიწყდებათ. ამის მიზეზი ის არის, რომ ბანაკში ისინი იცვლებიან, საშუალება ეძლევათ თავიანი შესაძლებლობები გამოამჟღავნონ და, ზოგადად, უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში
ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ბანაკს უკავშირდება ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება, აღმოჩენა, ისტორია, ეს ისტორიები ჩვეულებრივი ისტორიები არ არის, რომლებიც რამდენიმე დღეში გავიწყდება. ამ ისტორიებს ძალიან ბევრი შენი თანატოლი იზიარებს, ისინი ბევრის გონებაში ცოცხლობენ და სწორედ ისინი აერთიანებენ ახალგაზრდებს, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ დღემდე სალაპარაკო არ გამოგვლევია მე და ჩემს ბანაკელებს მიუხედავად იმისა, რომ წლებია ერთმანეთი არ გვინახავს და საცხოვრებელი ადგილებიც ერთმანეთისგან კილომეტრებით არის დაშორებული. ჩვენ ბანაკის შემდეგაც ვაგრძელებთ მეგობრობას. ამიტომ ბანაკის ერთ-ერთი ხიბლი ესეცაა.

ბანაკში უფრო მეტად გახსნილი ხარ – გარემო, სიტუაცია გიბიძგებს იმისკენ, რომ სხვები გაიცნო, დაუახლოვდე, გაერთო, უფრო მეტი ისწავლო და უფრო აქტიური გახდე.

ასევე გაქვს შესაძლებლობა მეტი გაიგო ბუნებაზე – მოინახულო ტბები და მდინარეები. მოკლედ, უფრო ახლოს იყო ბუნებასთან.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში
ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

წელს პირველად ვცხოვრობდით კარვებში, რომელიც ჩემთვის ასევე ახალი გამოცდილება იყო. ამერიკელი მოხალისეების მიერ  მოწყობილი ბანაკი კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე იყო. ეს ადგილი აქამდე არ მენახა, ამიტომ ამ მხრივაც ძალიან საინტერესო გამოდგა ჩემთვის. მდინარეში ნიჩბიანი ნავით პირველად  მივიღე შეჯიბრში მონაწილეობა და ესეც ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის.

ძალიან მიყვარს დილის ძილი, როცა სკოლაში წასასვლელი ვარ, მინდა მაღვიძარამ რაც შეიძლება გვიან დარეკოს, თუმცა ბანაკში 7 საათზე ვიღვიძებ და არ მაღიზიანებდა. წლევანდელი ბანაკი იმითაც იყო გამორჩეული, რომ საჭმელს ჩვენ თვითონ ვიმზადებდით. ასე რომ ცოტა კულინარიაშიც წავივარჯიშე:)

უცხოენოვანი ბანაკი ინგლისური ენის გაუმჯობესებაშიც მეხმარება, ასევე ახალი კონტაქტების გაჩენაში.

ჩემთვის ასევე დაუვიწყარი იყო ყოფნა კიდევ ერთ ამერიკულ ბანაკში – “Space Camp”. იქედან დაბრუნების შემდეგ სულ სხვა თვალით შევხედე კოსმოსს და ახალი ინტერესები გამიჩნდა. კოსმოსზე და პლანეტებზე იმდენი რამ გავიგე, რაც ათი წლის განმავლობაშიც კი არ მისწავლია სკოლაში.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში
ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ერთი სიტყვით, ძალიან კარგია გარემოს შეცვლა, თუნდაც რამდენიმე დღით. ახალი მეგობრები, ახალი გამოწვევები, ახალი ინტერესები და, რაც მთავარია, აქტიური ცხოვრება.

ქალის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც დღეს, 4 აგვისტოს, ოპტიკის მაღაზიაში ქალს დანით მიაყენა ჭრილობები ყელის არეში. ქალის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით  გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა მოულოდნელად მოხდა და მას წინ არ უძღოდა შეხლა-შემოხლა. დაკავებულს ხელზე ჭრილობა აქვს, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა ადგილზე დაამუშავა.

 

 

ბათუმში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ყელის არეში დანით დაჭრეს. იგი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

ყოფილი პატიმრის ახალი ცხოვრება

ზუსტად იმ დროს, როცა დამსვენებლები ურეკის ქვიშიანი სანაპიროთი ტკბებიან და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები თმაშესველებულები და გარუჯული სხეულებით ქალაქში მიდი-მოდიან, 31 წლის ყოფილ პატიმარს, დათოს (ისტორიაში სახელი შეცვლილია) კარავი აქვს გაშლილი სანაპიროზე და როგორც თვითონ ამბობს, მცირე ბიზნესს ეწევა. დათო ყოფილი პატიმარია, მას და მის რამდენიმე მეგობარს ქორწილში კამათი მოუვიდათ სტუმრებთან, კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ერთი ადამიანი მძიმედ დაზიანდა, ხოლო მეორე სასიკვდილოდ დაიჭრა. დათომ დანაშაული საკუთარ თავზე აიღო, მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოიხადა 6 წელი და გათავისუფლდა ამნისტიით.

რესპონდენტს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე დავურეკე და დეტალები შევუთანხმე, მეორე დღეს გვიან შუადღით უკვე ურეკის სანაპიროზე ვიყავი. ინტერვიუს დასაწყისში დამპირდა, რომ აუცილებლად გაბერავდა ბატუტს, რომელიც ამ ეტაპზე მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ყოფილი პატიმარი საშუალო სიმაღლისაა, სანდომიანი სახე აქვს და შეხვედრის პირველი წუთებიდან მოიპოვა ჩემი ნდობა, მზად არის ყველანაირი ინფორმაცია მომცეს, ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და პერიოდულად ცდილობს, უშუალო იუმორით მოიხსნას დაძაბულობა. სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებთ, მიხსნის, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა.

ნახევრად კარავში ერთი შეზლონგი დგას, რომელიც საწოლის ფუნქციას ითავსებს, შეზლონგთან ერთად პლასტმასის მაგიდა და ორი სკამია, სადაც დათოს ტანსაცმელი აწყვია, სწრაფად ათავისუფლებს სკამებს და ვიწყებთ ინტერვიუს ჩაწერას. პირველი კითხვა მოთელვითი ხასიათისაა, ვთხოვ, გვითხრას ისეთი ინფორმაცია, რასაც თვითონ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენც უნდა ვიცოდეთ. დათო დიდხანს არ ფიქრობს, მაშინვე იწყებს მოყოლას, რომ პატიმრობის შემდეგ პირველ სერიოზულ საქმეს შეეჭიდა, შეიძინა გასაბერი ბატუტი, ბურახის აპარატი და სეზონურ ბიზნესს მიჰყო ხელი. ერჩივნა, ბათუმში ან ქობულეთში დაეწყო საქმიანობა,  მაგრამ ტენდერში მონაწილეობის მიღება ვეღარ მოასწრო. ურეკში კერძო პირისგან იქირავა ადგილი სანაპიროსთან ახლოს და შეუდგა საქმიანობას.

მსგავსად სხვა ადამიანებისა ურეკში, ბიზნესით კმაყოფილი ჯერ არ არის, უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ იმედს არ კარგავს და ამბობს, რომ ეს ძალიან კარგ გამოცდილებას მისცემს მას, მომავალ წელს ეცდება უფრო დახვეწოს და გააუმჯობესოს საქმიანობა.

კითხვაზე, თუ რას აპირებს არასეზონურ პერიოდში, მპასუხობს, რომ აპირებს თავისი ხელობის დახვეწას, რომელიც ციხეში გატარებულ წლებში შეიძინა. დათო ხეზე მუშაობს – ხისგან და ფერადი ქვებისგან ამზადებს სხვადასხვა ნივთს. უნდა, რომ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იმუშაოს, დახვეწოს ხელობა და მომდევნო სეზონზე პატარა ჯიხური გახსნას, სადაც გასაყიდად გამოიტანს თავის ნამუშევრებს ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის. ამბობს, რომ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა არამარტო საქართველოში, არამედ საბერძნეთში, იტალიაში,  ესპანეთში და სხვა ქვეყნებშიც არის შესაძლებელი.

ინტერვიუს განმავლობაში ორჯერ ახსენა, რომ ძალიან უნდა ჰქონდეს სახელოსნო, თუნდაც  ძალიან პატარა ფართობი, სადაც შეძლებდა მუშაობას და ასევე სხვა ადამიანებისთვის თავისი ხელობის შესწავლას, „გამოვყოფდი კვირაში სამ თუნდაც ოთხ დღეს და ვასწავლიდი სხვებს ხეზე მუშაობას, თუ სურვილი იქნებოდა, გავუზიარებდი ჩემს ცოდნას. ვისაც ოდნავი ნიჭი აქვს, ისწავლის“.

20630069_1953799874899104_2088768018_o

ციხეში გატარებულ წლებზე და სპეციალურ საკნებზე საუბარს თავს არიდებს, მოკლედ და ზედაპირულად მიყვება იმ დროინდელ მდგომარეობაზე, ამბობს, რომ ძალიან ცუდი პირობები იყო, ადამიანებს მორიგეობით ეძინათ, ზოგს სკამზე, ზოგს საწოლზე,  იმასაც ამბობს, რაც უნდა ეცადო, რთულია იქაური სიტუაციის გადმოცემა სრულად.  ყველაზე დიდი პრობლემა მისთვის, მაინც ციხის ადმინისტრაციის ცუდი მოპყრობა იყო: „ზოგი ბადრაგი პატიმარს  „მაზოლზე“ ადგამდა ფეხს, პატიმართან რომ მიხვალ ცემით, ჩხუბით და კამათით, მოქმედებს ფსიქოლოგიურად.“

პატიმრების ფსიქოლოგიური დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი პატიმარი არ ემორჩილება ციხის ადმინისტრაციას და გამოირჩევა წინააღმდეგობრივი ხასიათით, მაინც საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა მათთან. ბევრი ფიქრობს, რომ ვეღარაფერს შეცვლის.

ციხიდან გამოსულ დათოს ყურები არ ჩამოუყრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა თავისი სტატუსის გამო, მაინც ცდილობს უკეთესი ცხოვრების შექმნას და თითქმის საათნახევრიანი ინტერვიუს განმავლობაში არავის სდებს ბრალს, არ ჩანს ვინმეს მიმართ განაწყენებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთი დიდი კომპანიის დისტრიბუციაში ვერ დაიწყო მუშაობა ყოფილი პატიმრის სტატუსის გამო და ბენზინგასამართ სადგურებშიც ჭირს სამსახურის შოვნა ისევ და ისევ სტატუსის გამო, მაინც არ კარგავს მომავლის იმედს. ამბობს, რომ ქვეყანაში ისედაც არის უმუშევრობის პრობლემა და დამსაქმებლების მიმართ უკმაყოფილებას არ გამოთქვამს, არც ის უხსენებია, რომ ვინმე უნდობლობით უყურებს ან ეშინიათ მისი სტატუსის. პრობლემას უფრო სამუშაო ადგილების არარსებობას აბრალებს, ვიდრე პატიმრის სტატუსს.

მთელი ინტერვიუს განმავლობაში ენთუზიაზმით საუბრობს სამომავლო გეგმებზე – თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არ ენანება სხვებისთვის. ვერც ბიზნესის არამომგებიანობა უგდებს მოტივაციას, ცდილობს ყველაფერს სხვადასხვა კუთხიდან შეხედოს – ეს არ გამოვა, მოდი, იმას ვცდი, თუ ისიც არ გამოვა, მოდი ბატუტს შევიძენ, ბატუტმაც თუ არ გაამართლა, მომდევნო წელს სერვისს გავაუმჯობესებ. ბევრი გეგმა აქვს, ყველაფერს მარტივად უყურებს. კითხვაზე, თუ რა ოცნება აქვს, მპასუხობს, რომ განსაკუთრებული ოცნებები არ აქვს, სურვილები უფრო მეტი აქვს, თუ ოდესმე ძალიან მოუნდა იახტა, არ იოცნებებს, იმუშავებს და იყიდის.

„როგორც კი გამოდიხარ, მარტო რჩები სამყაროსთან. არაფერი არ არის გარშემო“, – ამბობს დათო. გამოსულზე არავის უთქვამს მათთვის, მოდი დაგასაქმებთო. ზოგი პატიმარი თურქეთში მიდის, იქ მუშაობს, ზოგი თავისი ძალებით ახერხებს სამსახურის დაწყებას, ზოგს სხვა ეხმარება, ბევრი საერთოდ ვერ პოულობს სამსახურს, ასეთია სხვა პატიმრების ცხოვრება დათოს დაკვირვებით ციხის შემდეგ.

ამბობს, რომ დანაშაულს ადამიანები უსაქმურობის გამო სჩადიან, „თუ ადამიანებმა არ იციან რა გააკეთონ, არა აქვთ საქმე, იქ დანაშაულიც მატულობს, მე სულ ვფიქრობდი, რომ უსაქმურობისგან იწყება  ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა“. დათოც ზუსტად ამ უმოქმედობას და უსაქმურობას ებრძვის თავისი აქტიური ცხოვრებით.

ინტერვიუს დასასრულს ფოტოების გადაღება დავიწყე კარვის გარეთ, თვითონ დაპირებისამებრ ბატუტის გაბერვას შეუდგა. რამდენიმე წუთში ნახევრად გაბერილი ბატუტის გარშემო ბავშვებმა მოიყარეს თავი, ზოგი ქართულად ლაპარაკობდა, ზოგი – რუსულად. დათო ყველა ბავშვის კითხვას ხალისით პასუხობდა, აკონტროლებდა,  ჯერ კიდევ დაჩუტულ ბატუტზე არავინ ასულიყო და არ დაზიანებულიყო. ისე დავტოვე სანაპირო, საქმეში გართულმა ვერც კი შეამჩნია.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

„მის და მისტერ პლანეტა“ – რაში დახარჯავს ბათუმის მერია 61 ათას ლარს

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა  3 აგვისტოს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მერიის აპარატის შესყიდვების განყოფილებას კონკურსის – „Miss & Mister Planet“-ის ორგანიზებისთვის დაევალა:

  • გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა;
  • სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში კი, კონკურსის ორგანიზების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების ღონისძიებების გატარება.

ბათუმის მერიამ შესყიდვების სააგენტოს გუშინვე მიმართა. მერია სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა კონკურსის ორგანიზების მიზნით ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმოს შპს „მის პლანეტა-საქართველოსთან“.

პროექტის საერთო ღირებულება 60 967 ლარია. შესყიდვების სააგენტომ მერიას ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხი 9 აგვისტომდე უნდა გასცეს.

კონკურსის ფარგლებში ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები და ხარჯთაღრიცხვა [შპს „მის პლანეტა-საქართველოს“  წერილის მიხედვით]:

[checklist]

  • 12 სექტემბერი – „ნაციონალური სამოსის ტური“ – 5 750 ლარი;
  • 13 სექტემბერი – „FESHION SHOW“ და საცურაო კოსტიუმების ტური – 5 250 ლარი;
  • 14 სექტემბერი – ტალანტ შოუ – 4 500 ლარი;
  • 16 სექტემბერი – ფინალი – 45 467 ლარი.

[/checklist]

შპს მის პლანეტა-საქართველოს წერილი

„მიმდინარე წლის 28 ივლისს, შპს „მის პლანეტა-საქართველომ“ ქ. ბათუმის მერიაში წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ სავაჭრო მარკის – „Miss Planet“ და „Mister Planet“  მფლობელი ირინა პაპაზოვა შპს „მის პლანეტა-საქართველოს“ ანიჭებს უფლებამოსილებას, ორგანიზება გაუწიოს მსოფლიო სილამაზის კონკურსის „Miss & Mister Planet“-ის ქალაქ ბათუმში ჩატარებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურსის – „Miss & Mister Planet“-ის ორგანიზების გაწევა შპს „მის პლანეტა-საქართველოს“ ექსკლუზიური უფლებაა და კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვა მიმწოდებლის მიერ… მიზანშეწონილია კონკურსის ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, კერძოდ, გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება შპს „მის პლანეტა-საქართველოსთან“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განაცხადში.


ბათუმის საკრებულომ მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მის და მისტერ პლანეტას“ ჩატარებას, შესაბამისად, ქალაქის ბიუჯეტიდან, ჯამში 91 ათასი ლარის დახარჯვას, მხარი მიმდინარე წლის 5 ივლისს დაუჭირა.

ამ თემაზე:

ბათუმის საკრებულოს წევრები „აჭარა ფეშენ ვიკის“ გახსნაზე

რას ფიქრობენ ბათუმში „მის და მისტერ პლანეტას“ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

 

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე სახლი იწვის

ამ წუთებში ხანძარია ბათუმში, გორგასალის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში. ცეცხლი ერთსართულიან სახლს უკიდია. ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული.

განახლება: ხანძარი ლოკალიზებულია. დაიწვა სამი მაღაზია და ორი საცხოვრებელი ფართი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძარი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ხანძარი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ხანძარი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ხანძარი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

უნდა არსებობდეს თუ არა ნუდისტური პლაჟი საქართველოში? [გამოკითხვა]

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ვარიანტი.


უნდა არსებობდეს თუ არა ნუდისტური პლაჟი საქართველოში?

პრობლემური საფრის ხიდი ხულო-გოდერძის გზაზე – როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციის დასრულება ოქტომბრამდე გადაიწევს. ე.წ. საფრის ხიდთან, რომელიც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე [რიყეთის თემში] მდებარეობს, იყო სხვადასხვა დაზიანებები – მორღვეული მოაჯირები, გამორეცხილი მისასვლელი ყრილები, დაზიანებული რკინაბეტონის ღარი და სხვა, რაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქმნიდა მოძრაობის ჩაკეტვის საშიშროებას.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად დეპარტამენტმა პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია „იბერია-ჯ“-სთან ხელშეკრულება 667 405 ლარზე 2016 წლის ოქტომბერში გააფორმა. პროექტირებასთან ერთად კომპანიას ასევე ევალებოდა ხიდდთან რამდენიმე კილომეტრში გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაც. გზის ამ მონაკვეთში „აღინიშნება გზის ქვედა და ზედა ფერდობების დამეწყვრა, რაც იწვევს გზის საფარის დაზიანებას, იქმნება მოძრაობის ჩაკეტვის საშიშროება“.

სამუშაოები 2017 წლის პირველ აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შპს „იბერია-ჯ“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში უნდა შევიდეს ცვლილება და სამუშაოების შესრულების ვადა უნდა განისაზღვროს 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

„არსებული სახიდე გადასასვლელი მდებარეობს რთულ რელიეფურ და კლიმატურ ზონაში, ზღვის დონიდან 1 400 მეტრის სიმაღლეზე. ზამთარში თოვლის საფარმა გადააჭარბა 3 მეტრს, ხოლო გაზაფხულზე ინტენსიური თოვლის დნობისას ადიდებული მდინარე არ იძლეოდა სამუშაოების შესრულების საშუალებას. არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა და მაღალმთიანი რეგიონისათვის დამახასიათებელი რელიეფური მდგომარეობის გამო შეფერხდა სამუშაოების წარმოება.
შესაბამისად შეუძლებელი იყო წინასწარ ყოფილიყო განსზღვრული შემაფერხებელი გარე ფაქტორები“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

გზების დეპარტამენტის მიერ შექმნილმა კომისიამ მიიჩნია, რომ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები შეწყდეს, რადგან ამ მონაკვეთზე სამუშაოები ჩატარდება ხულო-ზარზმის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

რაც შეეხება სახიდე გადასასვლელს, სამუშაოები უნდა შესრულდეს „იბერია-ჯ“-ს მიერ, ისე, როგორც იყო დაგეგმილი. დეპარტამენტი თანახმაა კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუგრძელოს, თუმცა შესაძლოა გამოიყენოს საჯარიმო სანქციებსაც, ვინაიდან კომპანიამ „არ გამოიყენა ყველა რესურსი და დაარღვია საკონტრაქტო ვალდებულება“.

დეპარტამენტში გვითხრეს, რომ კომპანიას გარკვეული სამუშაოები შესრულებული აქვს და სამუშაოები სახიდე გადასასვლელზე ამჟამადაც მიმდინარეობს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, ახალი გზის მშენებლობა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერის თვეში დაიწყება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47-კილომეტრია და პირველ ეტაპზე გზის 29 კილომეტრი [დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე] უნდა აშენდეს.

მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. დეპარტამენტის ინფორმაციით პროექტის განხორციელებას დაახლოებით 100 მილიონი ლარი დასჭირდება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კომპანია, რომელიც ახალ გზას ააშენებს, ამ დროისთვის შერჩეული არ არის.

xidii
„საფრის ხიდი“, ხულო, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / ფოტო შესყიდვების დოკუმენტაციიდან

ბათუმში პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება

ბათუმში, 6 მაისის პარკში, პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება. „ჩვენ ვკრავთ წრეს“ –  დაარქვა ფესტივალს ორგანიზატორების ჯგუფმა, რომლებიც ფესტივალს პირველად აწყობენ. ისინი ტურისტებს და ადგილობრივებს 19 და 20 აგვისტოს ელიან.

„ჩვენი მიზანია რეგიონში არსებული სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაცია გართობასთან ერთად,“ – ამბობს მაია ანანიძე, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შპს „წრე“, რომელიც ამ ფესტივალს ამზადებს, სამომავლოდ სხვა ფესტივალების ორგანიზებასაც აპირებს.

პიკნიკ-ფესტივალი 19 აგვისტოს დილის 10 საათზე დაიწყება. დღის პირველ ნახევარში ბათუმში მოქმედი სხვადასხვა საბავშვო სტუდიის ანიმატორები გაართობენ ბავშვებს. დღის მეორე ნახევარში – მასტერკლასები ჩატარდება.

„მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მზარეული ადგილზე აჩვენებს დაინტერესებულ პირებს, როგორ მზადდება აჭარული ხაჭაპური. იქნება ხატვის მასტერკლასები, სხვადასხვა ნივთის დამზადების სწავლება, ნიჭიერი გამომგონებელი ბავშვებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს“, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.

საღამოობით პიკნიკ-ფესტივალს მუსიკოსები შეუერთდებიან. 19 აგვისტოს საღამოს, ფესტივალის ფარგლებში, 6 მაისის პარკში ზვიად ბოლქვაძე დაუკრავს.

 

შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შს სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 ნატეხი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა ბათუმში დასრულდა

კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა ბათუმში დასრულდა.  სკოლის ორგანიზატორი  საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.

საზაფხულო სკოლის მეათე ნაკადს 27 მსმენელი წარმოადგენდა. ისინი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის შეარჩიეს. 27 მსმენელისგან 7 საუკეთესო გამოვლინდა, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2 საუკეთესო მონაწილე. საუკეთესო მსმენელებს სიმბოლური საჩუქარი – მოსამართლის ჩაქუჩი გადაეცათ. საზაფხულო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მსმენელებმა ორი კვირის განმავლობაში მოისმინეს ლექციები შემდეგ თემებზე: სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელები; სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები; რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება. ლექციებს უძღვებოდნენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ლექტორები, მათ შორის: რიჩარდ ვოგლერი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი; ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი; ნატან სეილსი, სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი; ჯეიმს პ. კელი, ამერიკის სამართლისა და მართლმსაჯულების სოლიდარობის ცენტრის პრეზიდენტი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები და უნივერსიტეტების პროფესორები.

საზაფხულო სკოლა ხორციელდება USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ასევე, EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

 

 

 

 

ცვლილებები წინასაარჩევნოდ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ქედის თვითმმართველობამ ადგილობრივ ბიუჯეტში ბოლო კორექტირება 30 ივნისს შეიტანა – ბიუჯეტი 1 მილიონ 959 ათას 70 ლარით გაიზარდა.

ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 1 639 000 ლარი  ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო, ხოლო დანარჩენი – 320 070 ლარით, ადგილობრივი ბიუჯეტი ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებითა და ჭარბი შემოსავლით შეივსო.

კორექტირების შედეგად ბიუჯეტში შესული თანხიდან ქედის გამგეობამ ყველაზე მეტი – 693 940 ლარი, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად გაწერა.

545 060 ლარი დაიხარჯება დაბაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის საცხოვრებელ სახლად გადაკეთებისთვის.

20 000 ლარით გამგეობამ მოქალაქეებისთვის 1 800 მეტრი სიგრძის სასმელი წყლის მილის შეძენა დააფინანსა.

ასევე,  კორექტირების დროს მოძიებული თანხით დაფინანსდება ზუნდაგის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.

ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ბიუჯეტის კორექტირების შედეგად მოძიებული თანხით, ქედის გამგეობამ, ფსიქონევროლოგიური პაციენტების ადგილზე მკურნალობაც დააფინანსა. ჯანდაცვის ეს პროგრამა ქედაში წელს პირველად განხორციელდება და პროგრამის განსახორციელებლად 25 400 ლარია გამოყოფილი.

წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა შუახევის მუნიციპალიტეტმაც.

ბოლო კორექტირებით, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტში 28 ივლისს შევიდა, შუახევის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხის ნაწილი შუახევის მუნიციპალიტეტმა  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სოფლების –  ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენების გამართვისთვის მიიღო.

საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, კორექტირების დროს მოძიებული თანხის 99% ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა 4 მილიონიდან, გამგეობამ წინასაარჩევნოდ, სოციალურად დაუცველი 11 ოჯახისა და ანალოგიური სტატუსის მქონე 40 – მდე ოჯახისთვის სახლის სახურავის შესაძენად 35 000 ლარი გამოყო. ხის სახლების შესაძენად კი 119 900 ლარია გამოყოფილი.

164 393 ლარი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას მოხმარდება. ქედის მუნიციპალიტეტის მგავსად, შუახევის გამგეობამ, კორექტირების დროს მოძიებული თანხიდან 28 800 ლარით  დააფინანსა ფსიქონერვოლოგიური პაციენტების ადგილზე მკურნალობის პროგრამა.

„ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენზე მუშაობას წელს დავიწყებთ, მიმდინარე წელს, პროექტის განსახორციელებლად მილიონ ნახევარი დაიხარჯება, წყალსადენებთან ერთად ძვირადღირებული პროექტია კლდის უბნის საავტომობილო ხიდს მშენებლობა, რისთვისაც 360 000 ლარია გამოყოფილი, მილიონამდე ლარი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა და ბეტონის საფარის დაგებას მოხმარდება,“ – ამბობს ანზორ ცეცხლაძე.

ბოლო კორექტირება ბიუჯეტში 27 ივლისს შეიტანა ხულოს საკრებულომ. შედეგად, ხულოს ბიუჯეტი 94 364 ლარით გაიზარდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ კოჩალიძის ინფორმაციით, კორექტირების დროს მოძიებული თანხის დიდი ნაწილი არსებულ სოციალურ პროგრამებს დაემატა. სოციალურ პროგრამებზე თანხის მატების მიზნობრიობას საფინანსო კომისიის თავმჯდომარე კი, ბენეფიციართა მატებით ხსნის:

„დიალიზის პროგრამას 14 000 ლარი დაემატა, ეპილეფსიის პროგრამას – 13 000,  ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამას – 10 000, გარდაცვლილთა დაკრძალვის პროგრამას – 3 000 ლარი.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება? მალხაზ კოჩალიძე პასუხობს: „ასე რომ ყოფილიყო, არსებული პროგრამების დაფინანსებას კი არ გავზრდიდით, სხვა პროგრამას შევიმუშავებდით, ეს პროგრამები არსებობს და მოსარგებლე ბენეფიციართა კრიტერიუმებიც გაწერილია“.

სოციალური პროგრამების გარდა კორექტირების დროს 4 200 ლარით გაიზარდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაც. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კორექტირების დროს მოძიებული თანხით მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაფინანსებულა.

არჩევნები იყო გასულ წელსაც. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განხორციელებულ კორექტირებას თუ შევადარებთ, მიმდინარე წელს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია, გაცილებით მეტი სოციალური პროგრამები დაფინანსდა აჭარის მთიან მუნიციპალიტეტში, ვიდრე შარშან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შუახევის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ბოლო კორექტირება 20 ივლისს დაამტკიცა, რითაც შუახევის ბიუჯეტი 821 000 ლარით გაიზარდა. ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, კორექტირების დროს მოძიებული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. თანხის დიდი ნაწილით კი, ფურტიო-ბუთურაული-ნენიის სოფლების წყალსადენების მშენებლობის გარდამავალი პროექტი დაფინანსდა.

გასულ წელს ხულოს ბიუჯეტში არჩევნებამდე ბოლო კორექტირება ხუთ აგვისტოს შევიდა [საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა] და 87 200 ლარით გაიზარდა. აქედან 67 200 ლარით კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო 20 000 ლარით – „ფერმერთა და აგრომეწარმეთა ხორცისა და ხორცპროდუქტების ხელშეწყობის“ მიზნობრივი პროგრამა დაფინანსდა.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ბიუჯეტში კორექტირება 13 ივნისს შევიდა და ადგილობრივი ბიუჯეტი 843 267 ლარით გაიზარდა. 42 700 ლარი ქედაში მცხოვრები ოჯახებისთვის სახურავების გადასახურად, თუნუქის ფურცლების შესაძენად გამოიყო, აღნიშნული თანხა კი გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლების საპრემიო ფონდით შეივსო.

ტურისტული სეზონი მახუნცეთის ჩანჩქერთან

მახუნცეთის ჩანჩერი სულ უფრო პოპულარული ხდება უცხოელ ტურისტებს შორის. აქ დილის ათი საათიდან ხალხმრავლობაა.

IMG_0262

7

ბდალა ამრაათი, ცოლთან ჰენდი ამრაათთან ერთად იორდანიიდან. „ულამაზესი ბუნება გაქვთ ქართველებს, მაგრამ აქ ყველაფერი ძალიან ძვირია, ასე რომ არ იყოს, ვფიქრობ უფრო მეტი ვიზიტორი გეყოლებათო“ – ამბობს ამრაათი. 
8
აბუდმი ერაკმი ძმასთან და ქალიშვილებთან ერთად, ისინი აბუდაბიდან არიან. 
20623783_1442463145849387_294078670_n
სერგეი ბუშინი მახუნცეთში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან. იგი მახუნცეთში ქუთაისელ დათო კაპანაძესთან ერთად მუშაობს. ამ თუთიყუშთან ერთი ფოტოს გადაღება 5 ლარი ღირს.
20623347_1442463979182637_1036876260_o
20622797_1442465652515803_1313324751_o

მურატ კაშევოი ქუჩის მუსიკოსია რუსეთიდან. ამბობს, რომ მახუნცეთში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და აქ ვიზიტორებისთვის რუსულ და ინგლისურ ენაზე მღერის.

IMG_0281

აქვე მოისმენთ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

20629063_1442469362515432_2134347893_o
ეს რამინ გოლომანიძის მცირე ბიზნესია. იგი ბაგირის მიმართულებით ნავით ტურისტებს ასეირნებს, ნავით გასეირნება 5 ლარი ღირს.
20623423_1442481192514249_1459871693_o
მახუნცეთის ჩანჩქერთან რამდენიმე კაფეა. აქვე იყიდება ადგილობრივი წარმოების თაფლი და სუვენირები. გამყიდველები უცხოელი ტურისტების ყურადღების მიქცევას დამტვრეული ინგლისურით ცდილობენ.
IMG_0243
1
2
20630077_1442469312515437_1939281568_o
IMG_0296

საჯარო განცხადება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო #2-394/2017 საქმე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის  ადმინისტრაციის  განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე.

უპატრონოდ საცნობი 2,48 მ3 II ხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 465,30 ლარი.

იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ  თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მისამართზე: ქ. ბათუმი, ფრ. ხალვაშის გამზირი #358.

თუ დანიშნული ვადის გასვლამდე არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნობა მის მიერ გამოკითხულ ი პირთა ჩვენებებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე, შესაბამისი ორგანოებიდან  გამოთხოვილ ცნობებს.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ფოტოამბავი: პრომო გოგონებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა „ომი“

ქუჩაში მიმავალს ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ რომელიმე კომპანიის პრომო გოგონა და თქვენთვის საინფორმაციო ბუკლეტი მოუცია. ან სულაც მანქანის საქარე მინაზე დაგხვედრიათ ფლაერი მიკრული. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი სარეკლამო  სერვისი, სერიოზულ პრობლემებს უქმნის დასუფთავების  სამსახურის თანამშრომლებს.  მოქალაქეები, ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხშირად სარეკლამო ფლაერებს პირდაპირ ქუჩაში ყრიან, დასუფთავების სამსახურს კი ერთი და იმავე ქუჩის დალაგება დღეში რამდენჯერმე უწევს.

ფოტოზე ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩაა ასახული. მას შემდეგ, რაც პრომო გოგონამ ფლაერები მანქანებზე ჩამოარიგა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა სათითაოდ ჩამოუარა და ყველა აკრიფა.

4

 

3

 

ბათუმის ისტორიული შენობები ძეგლის სტატუსის მოლოდინში

ბათუმში მდებარე 43 ისტორიული სახლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა განიხილოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები 2017 წლის იანვარში გადაიგზავნა თბილისში, თუმცა მიანიჭებენ თუ არა ძეგლის სტატუსს ამ სახლებს, ჯერ ისევ გაურკვეველია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ საკითხი დამუშავების პროცესშია და მასზე საბჭოს, რომელიც განიხილავს შენობისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, სრულმა შემადგენლობამ უნდა იმსჯელოს, საბჭოს შეკრებას კი ახლა ზაფხული აფერხებს. კითხვაზე, რატომ დასჭირდა რამდენიმე თვე ამ საკითხის განხილვას, სააგენტოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ შენობისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ბევრი მასალაა შესასწავლი, რადგან ეს შრომატევადი პროცესია და სავარაუდოდ ეს პროცესი სექტემბერში დაიწყება.

ბათუმში მდებარე 43 შენობას რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები აქვს და მათთთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაა რეკომენდებული, ამის შესახებ კვლევა კომპანია „გეოგრაფიკმა“ ჯერ კიდევ 2015 წელს მოამზადა ბათუმის მერიის დაკვეთით. სპეციალისტები ძეგლების ინვენტარიზაციასა და შენობების კონსტრუქციულ, არქიტექტურულ, სამართლებრივ და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებების შეფასებაზე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.  ქალაქის ბიუჯეტიდან ამისათვის 100 000 ლარი დაიხარჯა.

სანამ სააგენტოს საბჭოს 43 შენობისთვის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას მოახერხებს, სია მცირდება. ორი შენობა, რომელსაც, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი მიეღო, ბათუმში უკვე დაანგრიეს და ამ ადგილას კორპუსების აგება იგეგმება.

New Microsoft PowerPoint Presentation

ერთ-ერთი შენობა 30 ივლისს, უნებართვოდ დაანგრიეს.

ამავე თემაზე: 

„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“

როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?

სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე

აჭარაში ახალი ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა იწყება. გაზსადენი ბათუმიდან შუახევის სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთში, მაქსიმუმ ორ წელში უნდა აშენდეს. მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიკაცია ცენტრალური გაზსადენის აშენების შემდეგ დაიწყება.

ახალი გაზსადენის მშენებლობა ბათუმში, სალიბაურის დასახლებაში, დაიწყება და შინდისისა და სვიშევსკის ქუჩების გავლით გაზსადენი გადავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ სამებაში. სამებადან გაზსადენი გაივლის მარშრუტს: ახალშენი-ხეღრუ-ქვემო ჯოჭო-ერგე. ერგედან მდინარე ჭოროხის გასწვრივ-მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ-სოფელი აჭარისწყალი-მაღლაკონი.

მაღლაკონიდან გაზსადენი გადავა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ დოლოგანთან. აქედან გაზსადენი მიყვება მდინარე აჭარისწყლის ხეობას [ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალს]: ქვედა მახუნცეთი-პირველი მაისი-ცხემნა-დაბა ქედა-ცხმორისი-კოკოტაური-დანდალო.

დანდალოდან გაზსადენი გადავა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხიჭაურში.

გაზსადენი მაგისტრალი იქნება მიწისქვეშა და ის ფაქტობრივად მთლიანად სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე გაივლის.

ბათუმი-ხიჭაურის ახალი გაზსადენი შპს „გაზპროექტი 2009“-ის პროექტით აშენდება. პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერით შეისყიდა, რომელშიც მხოლოდ „გაზპროექტი 2009“ მონაწილეობდა. ამ კომპანიასთან მიმდინარე წლის მარტში ხელშეკრულება სამინისტრომ 147 777 ლარზე გააფორმა.

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 26 მილიონ 100 ათასი ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2 აგვისტოს გამოაცხადა. გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2017 წლის 14 აგვისტოს მთავრდება.

გაზსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს „ახალშენის გზა – ზედა ახალშენი-ჯოჭოს“ მონაკვეთზე და ამ მონაკვეთზე სამუშაოები დაასრულოს არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში. ზოგადად, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადაა – არანაკლებ სამი წელი.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, პრეტენდენტს [ქვეკონტრაქტორების გარეშე] 2014 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების საშუალო ან/და მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები.

სატენდერო პირობის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, ან მისი წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათავო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები და სხვა), ის ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ბოლო სამი წლის შემოწმებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ, რომელიც უნდა ასახავდეს ინფორმაციას პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობის მდგრადობის, საქმიანობის უწყვეტობის შესახებ და მიუთითებდეს მის პერსპექტიულ გრძელვადიან რენტაბელობაზე. აუდიტორული დასკვნა გაცემული უნდა იყოს მსოფლიო ტოპ ათეულში შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ: Deloitte, PWC, E&Y, KPMG, BDO, RSM, Grant Thornton, Baker Tilly International, Crowe Horvath International და Nexia“.

ცენტრალური გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია [შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობების ჩართულობით] დაიწყებს სოფლების გაზიფიკაციას.

გაგრძელდება თუ არა სოფელ ხიჭაურიდან გაზსადენი შუახევი-ხულოს მიმართულებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ მათი მიზანია აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიკაცია, რისთვისაც განიხილება რამდენიმე ვარიანტი, ან გაგრძელდება ეს მილსადენი, ან ხულოსა და შუახევში გაზსადენი გადმოვა ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან [გოდერძის უღელტეხილის გადმოვლით].

გაზსადენის კონტური ხელვაჩაური
გაზსადენის კონტური – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია
გაზსადენის კონტური - ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია
გაზსადენის კონტური – ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია
გაზსადენის კონტური - შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია [ხიჭაური]
გაზსადენის კონტური – შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია [ხიჭაური]

„ემ ბი სის“ ახალი ფილიალი ბათუმში და ვაკანსიები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიმ“ ბათუმში ახალი სერვის ცენტრი გახსნა. სერვის ცენტრში მისულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა სასესხო პროდუქტებით, მათ შორის ბიზნეს, იპოთეკური და ავტო სესხებით.

კომპანია ორიენტირებულია ხელი შეუწყოს აჭარაში ბიზნესის განვითარებას. მომხმარებლებს, რომლებიც „ემ ბი სის“ სერვისებით დაინტერესდებიან, საშუალება ექნებათ სესხებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიმ“ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიმ“ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა

„აჭარა მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად აქტიური რეგიონია. ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს სესხებს ახალი საქმის დასაწყებად ან არსებული ბიზნესის გასაფართოვებლად. გარდა ამისა დაინტერესებული ვართ აგრო ბაზრით, გვინდა ეკონომიკურ სუბიექტებს შევუქმნათ კონკურენტული გარემო და დავაფინანსოთ აგრო სესხები. „ემ ბი სი“  მომხმარებლებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს საკრედიტო ბარათებს, რომელიც ორიენტირებული იქნება მოკლევადიან ბიზნესის ინტერესების დაფინანსებაზე და შესაბამისად სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტების განვითარებაზე. სპეციფიკიდან გამომდინარე აჭარის რეგიონს ვთავაზობთ ტურისტულ სესხებსაც,“ – განაცხადა ფილიალის გახსნის ცერემონიალზე „ემ ბი სის“ საკრედიტო განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ღვალაძემ.

გიორგი ღვალაძე
გიორგი ღვალაძე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია. „ემ ბი სი“ ყოველთვის გამოირჩევა ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების მაღალი სტანდარტით. სესხებთან ერთად „ემ ბი სიში“ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფულადი გზავნილებით, კომუნალური ან სხვა გადახდებით.

„ემ ბი სიმ“ ბათუმში ახალი სერვის ცენტრი გახსნა
„ემ ბი სიმ“ ბათუმში ახალი სერვის ცენტრი გახსნა

„ემ ბი სი“ მოტივირებულ და პროფესიონალურ კადრებს ეძებს. ამჟამად, ახლადგახსნილ ფილიალში ოთხი ვაკანსიაა:

[checklist]

  • გარე გაყიდვების ოფიცერი
  • საკრედიტო განყოფილების სტაჟიორი
  • დაკრედიტების ექსპერტი

[/checklist]

მისამართი: ქალაქი ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა N44

ტელ.:032 250 50 02

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მერვე ფილიალია

 

უმაღლესი საბჭოს ახალი ინიციატივა გრანტების მისაღებად

დონორი ორგანიზაციებისგან პირდაპირი წესით გრანტების მისაღებად უმაღლესი საბჭო კანონპროექტის შემუშავებას აპირებს. დადგენილების პროექტს უმაღლესი საბჭოს ბიურომ უკვე დაუჭირა მხარი.

თუკი უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაამტკიცებს, კანონში „გრანტების შესახებ“, ასევე საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება შევა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სახელისუფლებო ორგანოებს პირდაპირ შეეძლებათ სხვადასხვა სახის გრანტის მიღება.

დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, გრანტის მისაღებად, მაგალითად EBRD-ს, აჭარაში მოქმედმა რომელიმე სახელისუფლებო უწყებამ ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი რგოლის გავლით უნდა მიმართოს. გრანტის დამტკიცების შემთხვევაშიც, პროექტის შესრულებაზე ვალდებულება, პირველ რიგში, ცენტრალურ ორგანიზაციას აქვს.

„ეს იქნება ახალი უფლება ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებისთვის, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საშემოსავლო ნაწილის გაზრდაზე… ამ გრანტების საშუალებით მოგვეცემა საშუალება, გარკვეულწილად განვავითაროთ სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით,“ – ამბობს ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

 

 

 

 

ბათუმში ვალდორფის საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება

ბათუმში ვალდორფის ბაღის გახსნის იდეა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულს, შტუტგარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ილია კალანდაძეს გაუჩნდა. მისი თქმით, თანამოაზრეების შემოკრებას სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაც მოჰყვა. ილია კალანდაძის თქმით, დღეს ეს ჯგუფი საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს და ახლო მომავალში ბათუმში საერთაშორისოდ აღიარებული ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით მოქმედი ბაღიც აშენდება. რითი გამოირჩევა ვალდორფის საგანმანათლებლო სისტემა დღეს არსებული სხვა საბავშვო ბაღების სისტემისგან და რა არის მისი უპირატესობა? ამ თემაზე „ბათუმელებს“ პროექტის კოორდინატორი ილია კალანდაძე ესაუბრა.

ილია კალანდაძე
ილია კალანდაძე

რაში მდგომარეობს ვალდორფის ბაღის უნიკალურობა, რითი გამოირჩევა ის დღეს არსებული საბავშვო ბაღებისგან?

ვალდორფის სკოლა პირველად 1919 წელს გერმანიაში, შტუტგარდში დაარსდა. ვალდორფის პედაგოგიკას საფუძვლად უდევს  ფილოსოფია, რომელიც მორგებულია მთლიანად ადამიანის განვითარებაზე, როგორც საბავშვო, ასევე მოზარდობის ასაკში და ამავდროულად ზუსტად არის მორგებული ადამიანის განვითარების ეტაპებზე.

ანუ, ეს არის მთლიანად გერმანული მოდელი?

დიახ, გერმანული სისტემაა, თუმცა თითოეულ ქვეყანაში ეს სისტემა ერგება იმ ეროვნულ მოცემულობას, ღირებულებებს, კულტურას, რაც, ასე ვთქვათ, მასპინძელ ქვეყანაშია.

შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რას ისწავლიან საბავშვო ბაღში ბავშვები, რა აქტივობებს მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამა?

ვალდორფის ბაღები ცნობილია იმით, რომ აქ ბავშვის შესაძლებლობების სრულყოფილი, ყოველმხრივი, ჰარმონიული განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო-პირობებია შექმნილი. მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს ბავშვის ფიზიკური, მოტორული, მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარებას. სხვადასახვა აქტივობასთან ერთად ისწავლება ხელსაქმე, რომელიც ძალიან კარგად აისახება ბავშვის ფანტაზიაზე, წარმოსახვაზე. ხელით მუშაობის დროს ბავშვები უფრო მოქნილები ხდებიან. სწავლობენ თიხაზე ძერწვას, ამუშავებენ სხვადასხვა მასალას, მათ ეძლევათ ფერადი დაფები და აღმზრდელის დახმარებით პატარა ნივთებიც შეუძლიათ შექმნან. გარდა ამისა, სწავლობენ ხატვას, უცხო ენებს, მაგრამ არა ტრადიციული მეთოდით. უცხო ენის სწავლა ხდება მხოლოდ მოყოლით, თხრობითი სახით და არა ძალდატანებით და ზეპირობით. როცა აღმზრდელი ლექსს წაუკითხავს, რაღაცას მოუყვება ან თუნდაც უმღერებს და ამას ექნება სისტემური ხასიათი, ბავშვი ბევრად უფრო კარგად ითვისებს.

სახელმწიფო აბავშვო ბაღებში არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო სისტემა და ხშირად იცვლება პროგრამები. ვალდორფის პროგრამაში თუ შედის ცვლილებები და ვინ მუშაობს ამაზე?

რა თქმა უნდა, არსებობს საბავშვო ბაღის პროგრამების ერთიანი მოდელი, თუმცა ეს პროგრამები მუდმივად ვითარდება. მნიშვნელოვანია, პროცესი თანამედროვეობას, ახალ გამოწვევებს უწყობდეს ფეხს. ეს არ არის კონსერვატორული სისტემა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა სკოლის და ბაღის სისტემას საფუძვლად ვალდორფის პედაგოგიკა უდევს, რომელზეც პატარ-პატარა „აგურების“ დაწყობით ვაღწევთ საბოლოო შედეგს.

როგორი გრაფიკი ექნებათ ბავშვებს, რომელი საათიდან რომელ საათამდე იქნებიან საბავშვო ბაღში?

მშობელს შესაძლებლობა ექნება საბავშვო ბაღში ბავშვი რვა საათზეც მოიყვანოს. გვექნება ორი ჯგუფი –  რვა საათიდან 2 საათამდე და მეორე – ორი საათის შემდეგ.  თუმცა, თუ მშობელს სურს, რომ ბავშვი დატოვოს გახანგრძლივებულ ჯგუფში, ამის შესაძლებლობაც ექნება. ბუნებრივია, ეს საკითხი დამუშავების პროცესშია, ამიტომ ბევრი რამ საჭიროებების მიხედვითაც შეიძლება შეიცვალოს ან დაიგეგმოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შენობა, ბაღის ინფრასტრუქტურა და მდებარეობა. თქვენ როგორ გაქვთ ჩაფიქრებული, საბავშვო ბაღი აშენდება თუ უკვე აშენებულ შენობაში გაიხსნება ბაღი?

ჯერჯერობით ვეძებთ ადგილს ბათუმში, სადაც შეგვეძლება ბაღის აშენება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ უკვე აშენებულ შენობაშიც გავხსნათ ბაღი. ეს საკითხიც დამუშავების პროცესშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემო იყოს მშვიდი, გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა. ბავშვებს მიწასთან ურთიერთობის, მიწის დამუშავების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ისინი თავად იზრუნებენ ნარგავებზე, უნდა იყოს ბოსტნეულის, მარცვლეულის დათესვის საშუალებაც.

ადგილმდებარეობა თუ გაქვთ განსაზღვრული?

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბაღი იყოს განთავსებული ქალაქთან ახლოს, გარეუბანში. მისასვლელად მოსახერხებელ ადგილს შევარჩევთ.

დაახლოებით რამდენ ბავშვზე გაქვთ გათვლილი ბაღი?

ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად იქნება მოთხოვნა და ინტერესი მშობლების მხრიდან. დასაწყისისთვის სულ მცირე ორი ჯგუფი გვინდა რომ იყოს, დაახლოებით 20-იდან 30 ბავშვამდე, თუმცა ამაზე ნაკლები რაოდენობის ბავშვიც რომ იყოს, არ გავჩერდებით. დარწმუნებული ვართ, ინტერესი აუცილებლად გაჩნდება.

სერვისის ღირებულება რამდენი იქნება? იგივე ფასი ეღირება, რაც თბილისის ვალდორფის ბაღშია დაწესებული, თუ იქნება განსხვავება?

ზოგადად, ამ ბაღის იდეა არის ის, რომ იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს ბაღი არის პირდაპირ ბავშვისთვის შექმნილი და, შესაბამისად, თუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვი განვითარდეს, ფასიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. რეალურად, საბავშვო ბაღის საფასური დაითვლება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და მაქსიმალურად გათანაბრდება ამ რეალობასთან.

საბავშვო ბაღის დაარსების შემდეგ სკოლაც გაიხსნება, თუ ესეც მოთხოვნაზეა დამოკიდებული?

ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზუსტ ვადებს და ვერც იმას განვაცხადებთ გადაჭრით, რომ სკოლა გაიხსნება, თუმცა გამორიცხული არც ესაა. ზოგადად, ევროპული გამოცდილებაც ამას აჩვენებს, რომ სადაც ბაღი იხსნება, თუნდაც ერთი ჯგუფი, ინტერესი იმდენად მზარდია, რომ ამას სკოლა და საკუთრივ ბაღის გაფართოებაც მოჰყვება ხოლმე.

კადრები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.  უკვე შერჩეული გყავთ კადრები?  

ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი უკვე გვყავს შერჩეული, მათ გაიარეს ვალდორფის პედაგოგიკის სემინარი, რომელიც თბილისში ჩატარდა და ასევე შტუტგარდში. აქედან ერთი ბათუმელია.

სახელმწიფოს მხარდაჭერა გჭირდებათ ამ იდეის განსახორციელებლად, თუ მხოლოდ საკუთარი ძალებით აპირებთ მიწის შესყიდვას?

ჩვენ აჭარის მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოსგანაც მივიღებთ მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს დიალოგი და თანამშრომლობა შედგა. საკმაოდ მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

დაახლოებით როდის გეგმავთ ბაღის გახსნას, წელს გაიხსნება?

ზუსტი თარიღის თქმა, ჯერჯერობით, გაგვიჭირდება, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს იყოს ძალიან მალე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაღის გახსნას წინ უნდა უძღოდეს საინფორმაციო, შემეცნებითი შეხვედრები საზოგადოებასთან, რათა ის კითხვები, რაც გაჩნდება, არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ამ მიზნით დეკემბრისთვის დაიგეგმება შეხვედრა-სემინარები, რომლებსაც წარმართავენ თბილისიდან და გერმანიიდან მოწვეული პროფესორები, სპეციალისტები, ჩვენი ჯგუფის წევრები.

 

 

 

 

 

 

 

ჩინურის ბათუმელი მასწავლებელი

დავით ანდღულაძე ბსუ-ში ჩინურს ასწავლის. ამბობს, რომ საქართველოში ამ  ენის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. ვიდრე ჩინეთის განხრით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გახდებოდა, ერთი წელი ჩინეთში ისწავლა ენის კურსზე, მერე კი ისევ თბილისში გააგრძელა სწავლა. დავითი მოგვიყვა თანამედროვე ჩინეთზე და ასევე იმ სტერეოტიპებზე, რაც ჩინეთთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს:

არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ჩინურის სწავლა – 2011 წელს, პერსპექტივის თვალსაზრისით, ჩინეთი ასე ძალიან არ იყო ჩვენთან წარმოდგენილი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კარგი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა ეს ენა მოთხოვნადია. ბათუმშიც ვმუშაობ და თბილისშიც – ოთხი დღე აქ ვარ, სამი დღე – თბილისში. უნივერსიტეტებში ვასწავლი და ენების კერძო ცენტრში.

დაინტერესება ამ ენის მიმართ არის. მაგალითად, როცა მე ჩავაბარე თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში, მხოლოდ 36 კაცი მიიღეს ფაკულტეტზე – მათგან ჩინური 16-მა ავირჩიეთ. წელს, თუ არ ვცდები, 70 ადამიანი მიიღეს. გარდა ამისა, სხვა უნივერსიტეტებშიც გაიხსნა ფაკულტეტი – ჯავახიშვილს აქვს, საპატრიარქოს უნივერსიტეტსაც უნდა ჰქონდეს. ასევე ბევრი კერძო ცენტრია, სადაც ასწავლიან.

ბათუმს რაც შეეხება, შარშან, ოქტომბრიდან დავიწყე ბსუ-ში მუშაობა. უნივერსიტეტს ჰქონდა მოთხოვნა და მოწვეულ ლექტორად ვმუშაობ. ჯერჯერობით ერთი ჯგუფი მყავს – მხოლოდ ინგლისურის მესამე-მეოთხე კურსის ფილოლოგებს ჰქონდათ არჩევის უფლება. თავიდან აირჩია ცხრამ, მეორე სემესტრში დარჩა ექვსი, მიხვდნენ, რომ არ იყო მათი საქმე. ახალი სასწავლო წლიდან მგონი ყველას შეეძლება ჩინურის არჩევა, კურსის მიუხედავად. გარდა ამისა, საღამოს სკოლის გახსნაც იგეგმება.

დავით ანდღულაძე
დავით ანდღულაძე
  • თქვენს სტუდენტებს რეალურად უნდათ ჩინურის სწავლა, თუ უფრო ერთობიან?

მგონი ყველაფერი ერთად არის. ჩემი ყველა მეგობარი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ჩინურთან, მათ შორის ჩემი მოსწავლეებიც [თბილისს ვგულისხმობ] უკვე მუშაობენ თარჯიმნებად მაინც, მათ შორის „ხუალინში“. ამ კომპანიაში სხვა პოზიციების დაკავებაც შეიძლება, თუ ენა იცი. გარდა ამისა, არის „სინო ჰიდრო“, ავიაკომპანია – სამხრეთ ჩინეთის ავიახაზებია, ახლახან კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოვიდა. საელჩოში სჭირდებათ კადრები – ჩვენთან და ჩინეთშიც. საქართველოდან  5 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო რომ გავიტანეთ ჩინეთში, ესეც ცნობილი ამბავია. ამ მოლაპარაკების პროცესში ყოველთვის საჭიროა ენის მცოდნე. მოკლედ, ბევრი სფეროა, სადაც საჭიროა ჩინურის მცოდნე ქართველი. აქედან გამომდინარე, ეს ენა ახლა ძალიან პერსპექტიულია. ჩემმა მოსწავლეებმა ეს, რა თქმა უნდა, იციან.

  • ინტენსიური მეცადინეობის პირობებში ერთ წელიწადში რა დონეზე შეიძლება ჩინურის სწავლა?

ერთი წლის თავზე უნივერსიტეტში ჩავაბარე A2 დონე, მაგრამ რეალურად უფრო მეტი ვიცოდი. ქართულ ენაზე, ჯერჯერობით, ერთადერთი სახელმძღვანელო არსებობს – თავისუფალი უნივერსიტეტის გამოცემა. იმ სახელმძღვანელოში არის 1000 სიტყვა. ეს ნიშნავს B1-ზე ცოტა მაღალ დონეს. შესაბამისად, საყველპურო ჩინური არის. ჩინურის გამოცდას თავისი სპეციფიკა აქვს – ინგლისურის გამოცდებზე სიტყვების ლისტი არ არის, ჩინურში პირიქით – პირველი დონე 150 სიტყვაა, მეორე დონე – 300, მერე – 600 და ასე შემდეგ. პირველ კურსზე ჩვენ მეორე დონე ჩავაბარეთ, მაგრამ რეალურად სხვა დონე გვქონდა.

მე ხუთი წელი ვსწავლობდი, ახლა მინდა ჩავაბარო C2, ანუ ყველაზე მაღალი საფეხური. წელს ჩავაბარე სამაგისტროც – მე და ჩემი სტუდენტები ერთად ვაბარებდით გამოცდებს, ესეც საინტერესო გამოცდილება იყო.

  • თქვენ იყავით ჩინეთში, იქ როგორი განათლების სისტემა აქვთ?

რაღაც სფეროები კარგად არის განვითარებული – ვთქვათ, ბიზნესი, ეკონომიკა, IT სპეციალობა – ესენი ძალიან, ძალიან კარგად ისწავლება. არის სპეციალობები, რომლებზეც ქართველებს არ უსწავლიათ, მაგალითად, მე არ გამიგია, რომ აქედან, ერთის გარდა, ვინმეს ესწავლოს იურიდიულზე. მათ სპეციფიკური შიდა სამართლებრივი სისტემა აქვთ, რაც ჩვენთვის, ალბათ, გამოუსადეგარი იქნება.

სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩინელები დატვირთულად მუშაობენ, უცხოელებს ასეთი დატვირთვა არ გვაქვს. მაგალითად, ბავშვები სკოლაში სადღაც 6 საათამდე რჩებიან. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ვერ უძლებენ ამ სტრესს, დატვირთვას და თავს იკლავენ. ეს ახასიათებთ.

  • ჩვენთან ფიქრობენ, რომ ჩინელები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია. ეს მითია თუ რეალობა?

ჩინელები ძალიან ბევრს მუშაობენ და ეს ფაქტია. ქუჩაში რომ გადიხარ, როგორც წესი, ყველა რაღაცას აკეთებს. ჩვენთან ქალისა და კაცის შრომა განსხვავდება ერთმანეთისგან, იქ განსხვავება არ არის – იქ ქალი შემდუღებელი თუ ავტობუსის მძღოლი, ჩვეულებრივი ამბავია. არავინ ეპუება მუშაობას. მათხოვარს შეხვდები, მაგრამ მილიარდ ნახევართან შედარებით ძალიან ცოტას.

ჩინეთში ჭამის კულტურა ძალიან განვითარებულია. ქალაქში თუ სოფლად – ყველგან არის რაღაც ჯიხურები, სადაც შეგიძლია ჭამო გემრიელად.

მე, პირადად, რაღაც პერიოდი დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ჩინეთში – მინდა, დავბრუნდე და სწავლა გავაგრძელო.

  • როგორ შეიძლება ჩინეთში სასწავლებლად წასვლა, ჩინეთის სახელმწიფო აფინანსებს საქართველოში სასწავლო პროგრამებს?

ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა [1992 წელს] და მალევე დაიწყო სასწავლო პროგრამები.

როგორც წესი, ჩინეთში სწავლის გაგრძელების ორი გზა არსებობს – ერთია, როცა უშუალოდ ეკონტაქტები უნივერსიტეტს, აგზავნი საბუთებს და ისინი  განიხილავენ მიგიღონ თუ არა; მეორე არის ჩინეთის სახელმწიფოს სტიპენდია. ჩინეთი საქართველოსთვის ყოველწლიურად გამოყოფს 20 ადგილს, ეს გულისხმობს ენის კურსს, ბაკალავრიატს და მაგისტრატურასაც. გადიხარ კონკურსს, გასაუბრებას და მერე თუ შეგარჩიეს, მიდიხარ. როგორც წესი, იქ ის აბარებს, ვინც ჩინურად ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, სწავლა შეიძლება ინგლისურადაც, მაგრამ უპირატესობა ენიჭება იმას, ვინც ჩინური იცის და მიდის ჩინურ ფაკულტეტზე. ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს ჩინეთში.

  • სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც, ჩინელების მიგრაციის მიმართ არსებობს შიშები. მსგავსი შიშები ვინმეს მიმართ თუ აქვთ ჩინეთში?

არის გარკვეული ისტორიული მეხსიერება, მაგალითად, გულზე დიდად არ ეხატებათ იაპონელები – ოკუპაციის პერიოდში, ერთ დღეში, 300 ათასი კაცი გაჟლიტეს. კონკურენტად  უფრო ამერიკას აღიქვამენ, ვიდრე რუსეთს, მაგრამ შიში – „ჩინელობას გვართმევენ“ არ არსებობს.

საქართველოში, იმ წრეში, სადაც მე ვარ, ჩინელების მიმართ შიში არ შემიმჩნევია. ნათესავებსა და ახლობლებს კი ახასიათებთ ალბათ, მაგრამ ჩემთან არ უთქვამთ. ჩემს ახლობლებთან უფრო ეს სტერეოტიპი მუშაობს – „ჩინური როგორ ისწავლე“.

მასობრივ მიგრაციას ყველგან ახლავს კითხვები – ჩინელები კომპაქტურად სახლდებიან სხვაგან და ეს იწვევს გარკვეულ კითხვებს.

თავად კი ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია მათთვის მოსაწონი ხალხის მიმართ, ვგულისხმობ ევროპეიდული რასის ხალხებს. უცხოელის კულტი აქვთ, პეკინისა და შანხაის გარდა, სადაც ბევრი უცხოელია და შეჩვეულები არიან, ევროპეიდული გარეგნობის ადამიანები უყვართ – გეპატიჟებიან სახლში, კაფეში, კლუბში… შეუძლიათ სხვა ქალაქშიც კი წაგიყვანონ. ჩვენზე მეტად არიან სტუმართმოყვარე.

საკმაოდ ღია ხალხია, ემოციის კონტროლი არ უყვართ და ყველაფერს უყურებენ ფინანსური კუთხით. ერთ შემთხვევას გავიხსენებ – სხვა ქალაქში ჩემს მეგობრებთან ვცხოვრობდი, გოგოებთან – ისინი ბინას ქირაობდნენ. უეცრად თავზე დაგვადგა ბინის მეპატრონე და პირველი რეაქცია რაც ჰქონდა – ესენი ბინას აქირავებენ და ფულს ჩემ გარეშე აკეთებენო.

  • საქართველოდან ხშირად მიდიან გოგონები ჩინეთში სამუშაოდ, ძირითადად მოდის ინდუსტრიაში. წინა წლებში მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ ეს გოგონები ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან. თქვენ რა იცით ამაზე?

ქართველები მოდელებად არა, მაგრამ ღამის კლუბებში მუშაობენ. მაგალითად, პრომო გოგონა საკმაოდ მაღალანაზღაურებადია, რეკლამებში იღებენ. ადგილობრივ კომპანიას რეკლამაში უცხოელი როცა ჰყავს, ეს დიდ პლუსად ითვლება.

ცხადია, მცირე ჯგუფი მოდელობის გარდა სხვა საქმითაც არის დაკავებული, მაგრამ კლუბში მუშაობა არ ნიშნავს, რომ მაინცადამაინც სექსმუშაკი ხარ, აბსოლუტურად არა – ყველაფერი ნებაყოფლობითია. თუ მუშაობ კლუბში, შეგიძლია შემოიფარგლო მხოლოდ ცეკვით. ასევე შეგიძლია დამატებითი სერვისი შესთავაზო კლიენტს.  იშვიათად მსმენია სექსმუშაკობის იძულების შემთხვევებზეც.

  • ჩინეთი ისევ მიიჩნევა იაფი მუშახელის ქვეყნად?

დიდი კომპანიები, რომლებიც იაფი მუშახელისთვის იყვნენ ჩინეთში, ნელ-ნელა გადადიან აფრიკაში, რადგან მუშახელი იქ უფრო იაფია, ვიდრე ჩინეთში. რა თქმა უნდა, ეს მასობრივი არ არის, მაგრამ საგრძნობია.

ქვეყნის ეკონომიკა დიდი ტემპით ვითარდება. ამ კუთხით, ახლახან ამერიკასაც კი გადაასწრო. მაგრამ იქ მოსახლეობა ძალიან ბევრია და განვითარებაც არ ხდება ერთიანად – აღმოსავლეთი რეგიონები უფროა განვითარებული, ვიდრე დასავლეთი. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთში ცხოვრების დონე უკეთესია, ვიდრე დასავლეთში თუ სამხრეთში. იაფი მუშახელიც, შესაბამისად, არის დასავლეთ ან სამხრეთ რეგიონში. ჩვენთან, ძირითადად, სამხრეთიდან ჩამოდიან.

  • ჩინეთში აკრძალულია სოციალური ქსელები, დღეს კი ცხოვრება ამ ქსელების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. არ აწუხებთ ჩინელებს ეს აკრძალვები?

ჩინეთში შეზღუდულია წვდომა Google-ზე, Facebook-ზე, Youtube-ზე, მაგრამ ეს შეზღუდვა უცხოელს არ ეხებოდა, გადმოწერ ვიპიენს [პროგრამა] და ჩვეულებრივ სარგებლობ ქსელებით. ამ მხრივ ვითარება ახლა კიდევ უფრო გამკაცრდა. თუმცა, ჩინელებმა ამ ყველაფრის ანალოგია შექმნეს – გუგლის ნაცვლად პაიტუ აქვთ, ფეისბუქის ნაცვლად ქიუ-ქიუ. ჩინურენოვან ინფორმაციას აქედან იღებენ და სხვა ენა არც სჭირდებათ.

ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთს, პირობებიან აუქციონზე, 1,3 მილიონ ლარად ყიდის.

მიწის ნაკვეთი დღეს აჭარის ქონებას წარმოადგენს და ის გარკვეული პერიოდი ბათუმის სასპორტო სკოლის სარგებლობაში იყო. ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები უნდა აშენდეს.

ქონების მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამინისტროში წარადგინოს საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი; ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში კი, უზრუნველყოს არანაკლებ 1800 კვ.მ-დან არაუმეტეს 2115,4 კვ.მ ფართობზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება [ამასთან, აუქციონის პირობის მიხედვით, დაუშვებელია მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაზე ღია ტიპის აივნების არსებობა და საინჟინრო კომუნიკაციების [ქსელების] გარე ფასადზე განთავსება. მათ შორის: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, გაზმომარაგება და სხვა].

მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს:

[checklist]

  • სასტუმროს – არანაკლებ 100 ნომერს;
  • საცხოვრებელ აპარტამენტებს;
  • არანაკლებ 160 ავტომანქანაზე გათვლილ მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომს;
  • სტილობატს [ე.წ „პოდიუმი“], საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით გამოყენების მიზნით.
  • საცურაო აუზს, კომერციულ ფართობებს, დედათა და ბავშვთა გასართობ ცენტრს, სუპერმარკეტს,
  • საზოგადოებრივ კვების ობიექტებს და ა.შ.

[/checklist]

საპროექტო ობიექტის საორიენტაციო სიმაღლეა – 130 [±7] მეტრი.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში უნდა დაიწყოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. აღნიშნულ პროექტში ინვესტორმა არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მომავალმა მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება და მხოლოდ აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები.

ქონების შემძენი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან საზოგადოებრივი სივრცის [საფეხმავლო ბილიკის] მოწყობის მიზნით – არანაკლებ 6 მეტრი სიგანის მიწის ნაკვეთის სერვიტუტის უფლებით დატვირთვა.

აუქციონი 2017 წლის 15 აგვისტოს დასრულდება.


ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის კუთვნილი ტერიტორია [მათ შორის სკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები] აჭარის მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ გადასცა, სადაც კომპანია სასტუმრო კომპლექსს აშენებს.

ქონების გადაცემას ბათუმის საკრებულომ გასული წლის ბოლოს მხარი ერთხმად დაუჭირა.

ქალაქის მერის, გიორგი ერმაკოვის მაშინდელი განცხადებით, ქალაქს სჭირდება ახალი სასტუმროები, რადგან „სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ამაზე მოთხოვნა არსებობს“.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე კი, ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე შენდება.

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / სასპორტო სკოლა / 2.08.2017
ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / სასპორტო სკოლა / 2.08.2017
ბათუმის სასპორტო სკოლის გვერდით არსებული ნაკვეთი, რომელიც გასაყიდად აუქციონზეა გატანილი
ბათუმის სასპორტო სკოლის გვერდით არსებული ნაკვეთი, რომელიც გასაყიდად აუქციონზეა გატანილი

ენმ-ის სამი წევრი ქედაში „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქედის ორგანიზაცია  პარტიული მანდატის მქონე სამმა წევრმა დატოვა:  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ქედაში – ომარ ავალიანმა, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა – იზოლდა ბარამიძემ და პარტიის ქედის შტაბის ყოფილმა თავმჯდომარემ – ზვიად თურმანიძემ.

ზვიად თურმანიძის ინფორმაციით, მასთან ერთად ომარ ავალიანი და იზოლდა ბარამიძე პარტია „ევროპულ საქართველოში“ გადავიდნენ და ამ დროისთვის ისინი ამ პარტიის აქტივს წარმოადგენენ.

„პარტიული ცვლილების მიზეზი პერსპერტიული ხედვაა. იმ პრობლემების მოგვარება, რაც ქედის მუნიციპალიტეტშია, „ევროპულ საქართველოს“ უფრო ძალუძს, ამ პარტიას მეტი პერსპექტივა გააჩნია,“ – ამბობს ზვიად თურმანიძე.

ზვიად თურმანიძეს  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის მანდატი 2003 წლიდან აქვს, 2008-2010 წლებში ის ქედის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, ხოლო წინა მოწვევის ქედის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა და ოთხი წლის განმავლობაში ამ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

ენმ-ის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს მოქმედი წევრი, ვაჟა ბოლქვაძე, თანაგუნდელების პარტიიდან წასვლის მიზეზად საარჩევნო სიებს ასახელებს: „მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭომ საარჩევნო სიები დაამტკიცა და ეს ადამიანები პარტიული სიის მათთვის სასურველ ადგილზე ვერ მოხვდნენ, წავიდნენ, მხოლოდ ესაა მიზეზი. ზვიად თურმანიძე პარტიული სიით მეოთხე ადგილზე იყო, იზოლდა ბარამიძე – მეექვსეზე, ხოლო ომარ ავალიანი – მეცხრე ადგილზე“.

ამავე თემაზე:

„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ოფისი გახსნა

ვინ იქნებიან „ევროპული საქართველოს“ სახეები ბათუმში

ქართველი ემიგრანტები ერაყში სამუშაოდ

რამდენიმე წელია ქართველი ემიგრანტები სამუშაოდ ერაყშიც მიდიან. იმის მიუხედავად, რომ ცხელ წერტილებთან ახლოს უწევთ მუშაობა, უფრო იმას დარდობენ, რომ იქ ზაფხულობით განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. განსხვავებული კლიმატის გამო ბევრ მათგანს აწუხებს სტომატოლოგიური პრობლემები, ასევე ცვივა თმა. „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ ერაყში მყოფ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ნაცნობების დახმარებით მოახერხეს ერაყში სამუშაოდ წასვლა.

ჯემალ მემარნე ქობულეთიდან: „სამუშაო ვიზის მიღება არ გამჭირვებია. ერთწლიანი ვიზა მაქვს და პერიოდულად ჩამოვდივარ საქართველოში. ქართველები, ძირითადად, ერთად ვმუშაობთ. ძალიან კარგი პირობები გვაქვს, ნორმალური ანაზღაურება, იმდენია, რომ თავს ვირჩენთ და ოჯახებსაც ვეხმარებით. აქვე ვრჩებით დასაძინებლად. ახლა ნავთობის გადამამუშავებელ ერთ-ერთ საწარმოში ვმუშაობთ. სამუშაო ტექნიკურია და დიდად არ ვიღლებით, მაგრამ ახლა 53 გრადუსი სიცხეა. კონდიციონერის გარეშე მუშაობა შეუძლებელია… გარეთ იშვიათად გავდივარ. კარგი ხალხი ჩანს ერაყელები, მაგრამ ვინმე კონკრეტულად არ გამიცნია.“

ემიგრანტები ამბობენ, რომ ნაკლები კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივებთან. ერთ-ერთმა ემიგრანტმა გვითხრა, რომ ქართველი მზარეულიც კი ჩაიყვანეს, საჭმელად გარეთ გასვლა თუ „უცხო კერძებთან შეგუება“ რომ არ დასჭირვებოდათ.

„როცა ჩამოვედი სამუშაოდ, მზარეული უკვე აქ იყო. სურვილი არ მქონია გამესინჯა ადგილობრივი კერძები“, – გვიყვება ჯანო რომანაძე ქობულეთიდან, რომელიც ამჟამად  ქალაქ ერბილში მუშაობს. – „ძირითადად ერთად ვართ ქართველები. საცხოვრებელიც აქვე გვაქვს და არ გვიწევს გარეთ გასვლა. თან ისე ცხელა, ძნელია ამ დროს სადმე გახვიდე. აქაური კლიმატი ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, განსაკუთრებით სასმელი წყალი აფუჭებს კბილებს. საქართველოში როცა ჩამოვდივართ, პირველად სტომატოლოგთან მივდივართ. ვინც დროულად აქცევს ყურადღებას და მკურნალობს, მას არ აქვს პრობლემა…“

რა ინფორმაცია აქვთ „ცხელ წერტილებზე“ და გააჩნიათ თუ არა ინსტრუქცია, როგორ უნდა იმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციაში – ემიგრანტებმა გვითხრეს, რომ ამ კუთხით საშიშროება არასდროს უგრძნიათ და არც კონკრეტული ინსტრუქცია აქვთ. „ტელევიზორს ვადევნებთ თვალს, მაგრამ აღარაა მასეთი სიტუაცია,“ – გვიპასუხა ჯანო რომანაძემ.

საქართველოს რამდენი მოქალაქეა ემიგრირებული ერაყში – ზუსტი მონაცემი არ არსებობს. 2012 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოდან სულ 88 ათასი ადამიანი წავიდა უცხო ქვეყანაში, მათ შორის 364 – ერაყში. ამ მონაცემით ერაყი 25-ე ადგილს იკავებდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქართველები სამუშაოდ წავიდნენ.

jemuka memarne

ქართველი ემიგრანტები ერაყში
ქართველი ემიგრანტები ერაყში

 

მთავარი ფოტო: მთავარი ფოტო: ახალი ერბილი. antoniozambardino.com

 

 

შსს: განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში, ახლობლის სახლში, განზრახ  მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ცეცხლაურში ჩადენილი მკვლელობა ედება ბრალად.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ს.დ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იმერეთში, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში, ახლობლის სახლში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლი).

44 წლის მამაკაცი სოფელ ცეცხლაურში 30 ივლისს მეზობელმა დაჭრა. მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.

ქობულეთში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

სამი დღის წინ, 30 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მეზობელმა დანით დაჭრა 44 წლის მეზობელი მამაკაცი. ის მიყენებული ჭრილობის შედეგად წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული სოფელში არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მეზობლის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ  წუხელვე დააკავა. ბრალდებული აქამდეც იყო გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსით.

 

შუამთობა ბეშუმში ექვს აგვისტოს გაიმართება

ექვს აგვისტოს ბეშუმში შუამთობას იზეიმებენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ბადრი მელაძის ინფორმაციით, შუამთობაზე სპორტულ- კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორ საათსა და 30 წუთს მოიცავს, კულტურული ღონისძიებით დაიწყება და სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, წელს პირველად, ბეშუმში „მრგვალ გორზე“ ავტორბოლა გაიმართება. სპორტულ-კულტურული ღონისძიების პარალელურად  ქორწილის ინსცენირებაც შედგება.

სადღესასწაულოდ სუფრაც გაიშლება.ბადრი მელაძის თქმით, სუფრა მოწვეული სტუმრებისთვის, სულ 200 ადამიანისთვისაა გათვალისწინებული. სუფრითვის თანხა ხულოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება. შუამთობაზე ბეშუმში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.

„ველოდებით სტუმრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან, თეატრისა თუ კინოს წარმომადგენლებს, მეცნიერებს, მოწვეული გვყავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. სუფრა, რომელიც დაახლოებით 200 ადამიანზეა გათვლილი, იქვე ახლოს, „შქერნალში“, ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან მოეწყობა,“ – ამბობს ბადრი მელაძე.

შუამთობის ჩასატარებლად ხულოს გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარს დახარჯავს.

შუამთობის ღონისძიებას ბეშუმში ესწრებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანანმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და უმაღლესი სასულიერო პირები.

შუამთობა საზაფხულო იალაღებზე, ტრადიციულად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას  ეწყობა.

ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ

ქუჩებსა და კერძო ობიექტებში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ. აქამდე ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლებას კანონი, ექსკლუზიურად, მხოლოდ პროკურორებს აძლევდა. 2017 წლის 27 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი გააუქმა, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერის მფლობელი ვალდებული იყო, პროკურორისთვის ჩანაწერი გადაეცა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ძალადაკარგული ნორმა პარლამენტს უნდა შეეცვალა, მაგრამ პარლამენტარებს ამ დროისთვის პროექტიც კი არ მოუმზადებიათ, რა ფორმით უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლი. პარლამენტის იურიდული კომიტეტის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ამ კუთხით მზად არ არის.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა ემყარებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა შინაარსა თუ განმარტებებს. ამ შემთხვევაში იქმნება სტაბილური სამართლებრივი სივრცე, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები უფრო დაცული და გარანტირებულია“.

ადვოკატების თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მათ შუამდგომლობას ვიდეოჩანაწერების ამოღებაზე უკვე აკმაყოფილებს სასამართლო.

„უკეთესია კანონში იყოს დაზუსტებული, რომ ადვოკატებსაც გვაქვს იგივე უფლება, რაც პროკურორს ჩანაწერის ამოღების დროს, მაგრამ საერთო სასამართლოებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ასეც ხდება უკვე. თუ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს ადვოკატი სასამართლოს, რომ ვიდეოჩანაწერი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მოსამართლე მის დაკმაყოფილებაზე უარს არ ამბობს,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

აქამდე ადვოკატებს შეეძლოთ მხოლოდ ვიდეოსათვალთვალო მფლობელის თანხმობის შემთხვევაში მოეპოვებინათ კამერის ჩანაწერი. პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში კი, ჩანაწერის განმხორციელებელი ობიექტის მფლობელი ვალდებული იყო, ჩანაწერი მისთვის გადაეცა.

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გამოძახება გვქონდა ღამის 2 საათიდან 3 საათის შუალედში, იყო დაჭრის ფაქტი. პოლიციელი დაჭრილი იყო წინა მხრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით. ის გადავიყვანეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში“.

სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გადაყვანის დროს სტაბილური იყო. დაჭრილი პოლიციელი 30-იდან 35 წლამდეა.

შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პოლიციელის დაჭრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა ამბობენ, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის პრესსამსახურში  „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს.

მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ

სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებიდან „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მან გვითხრა, რომ აწუხებს გაუსაძლისი ტკივილი და ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, ქირურგიულ ოპერაციას არ უკეთებენ.

„კონსულტაცია გავიარე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მაქვს ექიმის, ნატალია რევიაშვილის სამედიცინო დასკვნა, რომელიც 20 ივლისით თარიღდება და სადაც წერია, რომ მესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია. საშინელი ფიზიკური ტკივილები მაქვს… პატიმრებს აღარ სცემენ, მაგრამ სამი და ოთხი თვის შემდეგ ხდება ადამიანების გამოკვლევა ჯანმრთელობაზე, რასაც მე აქ ვისმენ. სამედიცინო კუთხით ყურადღება არის ნული მეორე დაწესებულებაში. გაუსაძლისი ტკივილები მაქვს და ვერ გავაგებინე… ტკივილგამაყუჩებელს მიკეთებენ, მაგრამ არ მიყუჩდება,“ – გვითხრა მერაბ ღოღობერიძემ სატელეფონო საუბრის დროს.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ მერაბ ღოღობერიძეს კლინიკა “მედინაში” სურს ოპერაციის ჩატარება საკუთარი ხარჯებით:

“ბრალდებული მ.ღ. ისევე, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, უზრუნველყოფილია სრული სამედიცინო სერვისით. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მ.ღ.-ს მაისში შესაბამისი პროფილის ექიმ-სპეციალისტის დანიშნულებით ჩაუტარდა მედიკამენტური მკურნალობა, ასევე ის რამდენჯერმე იყო გაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ოპერაციული მკურნალობის რეკომენდაცია მიეცა. ოპერაციული მკურნალობის ჩატარების მიზნით ბრალდებული იმავე დღეს დარეგისტრირდა რეფერალის ელექტრონულ ბაზაში, თუმცა მან უარი თქვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და ოპერაციის ჩატარება კლინიკა „მედინაში“ საკუთარი ხარჯებით მოითხოვა. ბრალდებულს მიეწოდა ინფორმაცია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რეფერალის დასაგეგმად წარსადგენი საჭირო დამატებითი დოკუმენტაციის შესახებ, მოთხოვნილი ინფორმაცია ბრალდებულს დღემდე არ წარმოუდგენია”.

მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში ედება ბრალი. 27 ივლისის სასამართლო სხდომას მერაბ ღოღობერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, რომ თუკი ბრალდებულს ოპერაციას ჩაუტარებენ, შესაძლოა სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაგრძელდეს.

 

 

Exit mobile version