მთავარი,სიახლეები

„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“

02.06.2017
„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“

„ძეგლი არ არის ცალკეული ობიექტი – ასეთი მიდგომა უკვე დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ ჯერ კიდევ არის ჩვენს მენტალობაში. ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ ერთ ობიექტს, თითქოს მას გარემო არ გააჩნია,“ – განაცხადა ლეილა თუმანიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსმა თავისი მოხსენების წარდგენისას. შეხვედრა 2 ივნისს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.

ლეილა თუმანიშვილმა ხაზი გაუსვა ფონური შენობების შენარჩუნების მნიშვნელობას ისტორიული განაშენიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და აღქმაში.

„ფონური ნაგებობის გარეშე ძეგლები არ არსებობენ, არ არსებობს ისტორიული განაშენიანება, ქალაქის ქსოვილი.  ფონური ნაგებობები არის შენობები,  რომლებსაც არ გააჩნიათ არც ინდივიდუალური მახასიათებლები, შეიძლება არც ლამაზი დეკორი ჰქონდეს, მაგრამ თავისი მასშტაბით, დამუშავებით, შესრულების ხარისხით ეხამება ისტორიულ განაშენიანებას, ტიპიურია თავისი დროისთვის და აყალიბებს ქალაქმშენებლობით ქსოვილს. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით ფონური შენობები არ შედის დაცულ ობიექტთა რიგში. პირადად ბევრჯერ მქონდა ინიციატივა, რომ მათ ჰქონოდათ გარკვეული დაცვის სტატუსი, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ მივაღწიე.

ფონური შენობების ჩანაცვლების შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული ურბანული კონტექსტუალობის თვისებები, მასშტაბი, სართულიანობა და ასე შემდეგ. სწორედ ფონური ნაგებობებია ის მასა, რომელიც გვაძლევს იმ განუმეორებელ ქსოვილს, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ“ – განაცხადა ლეილა თუმანიშვილმა.

ლეილა თუმანიშვილმა ხაზი გაუსვა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის არსებობის აუცილებლობას:  „თუ არ იარსებებს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, არ იარსებებს შესაბამისი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია“.  მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ სრულიად იძლეოდა ქალაქების დაცვის საშუალებას.

ლეილა თუმანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ კონკრეტულ შენობას დარგის რომელიმე გამოჩენილ მოღვაწესთან აქვს კავშირი, ან სამოსახლოს ნაწილს წარმოადგენს, მას შეიძლება მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რამდენად აქვს შენარჩუნებული ავთენტურობა.

გამოჩენილ მოღვაწესთან, ცნობილი დირიჟორ ოდისეი დიმიტრიადთან იყო დაკავშირებული ისტორიული შენობა ბათუმში, ბარათაშვილის #26-ში, თუმცა სახლი დაანგრიეს და ამ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსი შენდება.

ბათუმში ბოლო წლების მანძილზე ასევე არა ერთი ისტორიული შენობა და ფონური ნაგებობა დაანგრიეს, სწორედ იმ მოტივით, რომ სახლებს არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენდნენ ქალაქისთვის.

ამ თემაზე წაიკითხეთ: ისტორიული სახლების ნგრევის სერია ბათუმში 

შეხვედრის – „ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის“ – ორგანიზატორები კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოება „ბათომი“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იყვნენ. შეხვედრის მიზანი ძველი ბათუმის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ მსჯელობა იყო. თუმცა შეხვერას არ დასწრებია ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი და არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, საკრებულოს უმრავლესობიდან შეხვედრას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ნატალია ზოიძე ესწრებოდა.

საზოგადოება „ბათომი“ ისტორიული ბათუმის ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავებამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს, თუმცა ამაოდ. მშენებლობები ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილში გრძელდება, რისი შედეგიც ქალაქის შეცვლილი ურნაბული გარემო და ხშირ შემთხვევებში, არასათანადო პირობებია ახალ შენობებში მაცხოვრებელთათვის.

ამ თემაზე წაიკითხეთ: ქალაქი შენი ფანჯრიდან 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: