მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია 10746 კვ/მ მიწას საცხოვრებელი ბინების სანაცვლოდ ყიდის

05.08.2017
ბათუმის მერია 10746 კვ/მ მიწას საცხოვრებელი ბინების სანაცვლოდ ყიდის

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, 127-ში მდებარე  მიწის ორ ნაკვეთს ბათუმის მერია ცალ-ცალკე აუქციონზე იდენტური პირობებით ყიდის. ნაკვეთებზე საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს და მესაკუთრემ აშენებული საერთო ფართობის 10 %, საცხოვრებელი ბინების სახით, ბათუმის მერიას საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. პირობებიან აუქციონებზე გატანილი ორივე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 2 მილიონ 256 ათასი ლარია.

ნაკვეთები, რომლებიც რეგისტრირებულია  მისამართზე – ბაგრატიონის ქუჩა 127 [რეფერალური საავადმყოფოს გვერდით], ფაქტობრივად ჟიული შარტავას ქუჩის გასწვრივ მდებარეობს.

ნაკვეთების შემძენმა ქონების საბოლოო ღირებულება სრულად, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა გადაიხადოს.

პირველ ნაკვეთზე, რომელიც 5429 კვ/მ-ია,  მყიდველმა უნდა უზრუნველყოს  მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე საცხოვრებელი სახლ(ებ)ის [კომერციული/არაკომერციული] მშენებლობა. შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო ტექნიკური პარამეტრები უნდა იყოს:

ა) მიწის ნაკვეთზე შენო(ებ)ის მოშენების ფართობი (კ-1) – არანაკლებ 3800,0 კვ.მ.;
ბ) შენობ(ებ)ის სარეალიზაციო ფართობი (კ-2) – არანაკლებ 21700 კვ.მ.; 
გ) ტერიტორიის გამწვანებული ფართობი (კ-3) – არანაკლებ 543,0 კვ.მ.

მეორე ნაკვეთზე, რომელიც 5317 კვ/მ-ია, მყიდველმა უზრუნველყოს ასევე მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე საცხოვრებელი სახლ(ებ)ის (კომერციული/არაკომერციული) მშენებლობა. შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო ტექნიკური პარამეტრები უნდა იყოს:

ა) მიწის ნაკვეთზე შენო(ებ)ის მოშენების ფართობი (კ-1) – არანაკლებ 3700,0 კვ.მ.;
ბ) შენობ(ებ)ის სარეალიზაციო ფართობი (კ-2) – არანაკლებ 21260 კვ.მ.; 
გ) ტერიტორიის გამწვანებული ფართობი (კ-3) – არანაკლებ 532,0 კვ.მ.

მომავალმა მესაკუთრემ/მესაკუთრეებმა: 

[checklist]

  • საცხოვრებელი სახლ(ებ)ის საერთო ფართობის (მათ შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) 10 % საცხოვრებელი ბინების სახით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადმოსცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს. საანგარიშო საერთო ფართობში არ გაითვალისწინება ტექნიკურ სართულში არსებული ფართობი, სადარბაზოსა და ლიფტის შახტის ფართობი.
  • მითითებული ფართობის გადმოცემა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის უნდა მოხდეს ამავე საცხოვრებელ სახლ(ებ)ში შემდეგ მდგომარეობაში: ბინის კონტურის კედლები; მეტალოპლასტმასის ფანჯრები; ბინის შესასვლელი რკინის კარი; მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი, სახურავი და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
  • მშენებლობა დაიწყოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 თვეში, მშენებლობა დაასრულოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვეში და საცხოვრებელი ბინები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს გადმოსცეს მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.

[/checklist]

ორივე აუქციონი დაწყებულია და ორივე 2017 წლის 15 აგვისტოს დასრულდება.


აღნიშნული ნაკვეთების მიმდებარედ არსებული ორი მიწის ნაკვეთი [ჯამში 1 ჰექტარზე მეტი] ბათუმის მერიამ გასულ წელს აუქციონზე მინისტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქციის სანაცვლოდ გაიტანა. ქონების საწყისი ფასი ჯამში 2 მილიონ 467 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ კი ნაკვეთები ჯამში 3 მილიონ 843 ათას ლარად გაიყიდა.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით გაყიდული ნაკვეთების მესაკუთრე შპს „ჯეო დეველოპმენტია“. დღევანდელი დღის მდგომარეობით ნაკვეთები ცარიელია და იქ მშენებლობა დაწყებული არ არის.

IMG_20170805_092935

ბათუმის მერიის მიერ პირობებით გაყიდული და გასაყიდი მიწის ნაკვეთები / ბათუმი, ბაგრატიონისა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთა / 5.08.2017 /

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: