მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის მთიანეთის საოჯახო სასტუმროებში ტურისტების ნაკლებობაზე საუბრობენ

05.08.2017 • 3997
აჭარის მთიანეთის საოჯახო სასტუმროებში ტურისტების ნაკლებობაზე საუბრობენ

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად აჭარის მთაში საოჯახო ტიპის სასტუმროების ზოგიერთი მფლობელი ტურისტების ნაკლებობას უჩივის, ზოგიერთი კი სეზონით კმაყოფილია. ტურისტების რაოდენობა გაცილებით მეტია მთიანი აჭარის შედარებით დაბალ სოფლებში, რაც შეეხება მაღალი ზონის სოფლებს, იქ დამსვენებელთა რაოდენობა, ადგილობრივების თქმით, ყოველწლიურად იკლებს.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში, ქართველ და უცხოელ ტურისტებს ემზარ სამნიძის საოჯახო სასტუმრო უკვე მეორე წელია   მასპინძლობს. ემზარის თქმით, მის საოჯახო ტიპის სასტუმროს ძირითადად უცხოელები აკითხავენ. ემზარი წელს ტურისტების ნაკლებობაზე არ ჩივის და ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ის სანახაობებია, რომელიც სოფელ პირველ მაისთან ახლოს მდებარეობს – მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი და ეკლესია.

საოჯახო სასტუმროში დასვენება ერთი დღით ორი ადამიანისთვის 50-70 ლარი ღირს.

„საძინებელში ორი საწოლია განთავსებული. იმ შემთხვევაში, თუ  ერთი დღით ორი დამსვენებელი დაიქირავებს ფართობს, ერთ საძინებელში 50 ლარი უნდა გადაიხადოს,  ღირებულებაში ერთჯერადი კვებაც [სადილი] შედის. სადილის გარდა თუ დამატებით კერძებს მოითხოვენ – ფასი მატულობს. ტურისტები აქ ძირითადად რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი-ორი დღით რჩებიან,“ – ამბობს ემზარი.

ემზარისგან განსხვავებით ტურისტებისნაკლებობაზე საუბრობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში არსებული  საოჯახო სასტუმროს მფლობელი ამირან ბოლქვაძე. ამ სოფელში საოჯახო ტიპის სასტუმრო ოთხ ოჯახს აქვს, აქედან ორმა – არასამთავრობო ორგანიზაციის თანადაფინანსებით,  ორმა ოჯახმა კი  საკუთარი ფინანსებით მოაწყო სასტუმრო.

„საოჯახო სასტუმრო 2008 წელს გავხსენი, გახსნიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების სიმცირეს არ ვუჩიოდით, თანდათანობით რაოდენობამ იკლო, წელს კი სეზონის გახსნის დასაწყისში მხოლოდ ორი დღე მყავდნენ დამსვენებლები საზღვარგარეთიდან, მას შემდეგ არავინ გამოჩენილა, დამსვენებლები არ ჰყავთ ჩემს თანასოფლელებსაც,“ – ამბობს ამირანი.

ამირან ბოლქვაძის საოჯახო სასტუმროში ერთი ადამიანის ერთი დღით დასვენების ფასი 60 ლარია, ამ თანხაში შედის სამჯერადი კვება დღეში.

კითხვაზე, ტურისტების რაოდენობის კლებას სერვისი და ფასი ხომ არ განაპირობებს, ამირან ბოლქვაძე ამბობს:

„ჩემთან დასვენება 60 ლარი ღის, ამ თანხაში შედის სამჯერადი კვება, კერძების ოდენობა კი მაქსიმუმ ოთხია. სოფელში მოსულ დამსვენებელს ყველაფერი აინტერესებს, თევზაობა, ველური ბუნება… დაგვყავს, სადაც მოისურვებენ, მათი უსაფრთხოების გარანტი ვართ, არ მახსენდება დამსვენებელი, რომელიც ჩემგან უკმაყოფილო წასულიყო, პირიქით საკონტაქტო ნომრებს იწერენ, არ ვიცი რა არის ტურისტების კლების მიზეზი,“ – ამბობს ამირანი.

დამსვენებლების ნაკლებობაზე საუბრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში არსებული საოჯახო სასტუმროს მფლობელი ციური გელაძე. ციურის თქმით, სოფელ დანისპარაულს დამსვენებლები უფრო ზამთარში აკითხავენ, მაშინ, როდესაც სოფელი თოვლით იფარება.

დასვენების ფასი აქ  გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქედაში არსებულ საოჯახო სასტუმროებში.

„გასულ წელს კრედიტით ბანკიდან თანხა გამოვიტანე და დეკემბრის თვეში საოჯახო სასტუმრო მოვაწყე, ტურისტები უფრო ზამთრის პერიოდში იყვნენ, ვერ ვიტყვი ჭარბად იყო- მეთქი, მაგრამ ახლა რომ არავინ მოდის, ასე არ იყო. ზამთარში ერთი ტურისტის დასვენება სამჯერადი კვებით 40 ლარი ღირს, ახლა 20 ლარშიც კი მივიღებ სამჯერადი კვებით, დამსვენებლები რომ იყვნენ, ბანკის ვალი მაქვს დასახური და მინიმალური მოგებაც რომ დამრჩეს, კმაყოფილი დავრჩები“ – ამბობს ციური.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: