Batumelebi | მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ – Batumelebi

მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ

სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებიდან „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მან გვითხრა, რომ აწუხებს გაუსაძლისი ტკივილი და ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, ქირურგიულ ოპერაციას არ უკეთებენ.

„კონსულტაცია გავიარე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მაქვს ექიმის, ნატალია რევიაშვილის სამედიცინო დასკვნა, რომელიც 20 ივლისით თარიღდება და სადაც წერია, რომ მესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია. საშინელი ფიზიკური ტკივილები მაქვს… პატიმრებს აღარ სცემენ, მაგრამ სამი და ოთხი თვის შემდეგ ხდება ადამიანების გამოკვლევა ჯანმრთელობაზე, რასაც მე აქ ვისმენ. სამედიცინო კუთხით ყურადღება არის ნული მეორე დაწესებულებაში. გაუსაძლისი ტკივილები მაქვს და ვერ გავაგებინე… ტკივილგამაყუჩებელს მიკეთებენ, მაგრამ არ მიყუჩდება,“ – გვითხრა მერაბ ღოღობერიძემ სატელეფონო საუბრის დროს.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ მერაბ ღოღობერიძეს კლინიკა “მედინაში” სურს ოპერაციის ჩატარება საკუთარი ხარჯებით:

“ბრალდებული მ.ღ. ისევე, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, უზრუნველყოფილია სრული სამედიცინო სერვისით. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მ.ღ.-ს მაისში შესაბამისი პროფილის ექიმ-სპეციალისტის დანიშნულებით ჩაუტარდა მედიკამენტური მკურნალობა, ასევე ის რამდენჯერმე იყო გაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ოპერაციული მკურნალობის რეკომენდაცია მიეცა. ოპერაციული მკურნალობის ჩატარების მიზნით ბრალდებული იმავე დღეს დარეგისტრირდა რეფერალის ელექტრონულ ბაზაში, თუმცა მან უარი თქვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და ოპერაციის ჩატარება კლინიკა „მედინაში“ საკუთარი ხარჯებით მოითხოვა. ბრალდებულს მიეწოდა ინფორმაცია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რეფერალის დასაგეგმად წარსადგენი საჭირო დამატებითი დოკუმენტაციის შესახებ, მოთხოვნილი ინფორმაცია ბრალდებულს დღემდე არ წარმოუდგენია”.

მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში ედება ბრალი. 27 ივლისის სასამართლო სხდომას მერაბ ღოღობერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, რომ თუკი ბრალდებულს ოპერაციას ჩაუტარებენ, შესაძლოა სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაგრძელდეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი