მთავარი,სიახლეები

შუამთობა ბეშუმში ექვს აგვისტოს გაიმართება

02.08.2017 • 4928
შუამთობა ბეშუმში ექვს აგვისტოს გაიმართება

ექვს აგვისტოს ბეშუმში შუამთობას იზეიმებენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ბადრი მელაძის ინფორმაციით, შუამთობაზე სპორტულ- კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორ საათსა და 30 წუთს მოიცავს, კულტურული ღონისძიებით დაიწყება და სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, წელს პირველად, ბეშუმში „მრგვალ გორზე“ ავტორბოლა გაიმართება. სპორტულ-კულტურული ღონისძიების პარალელურად  ქორწილის ინსცენირებაც შედგება.

სადღესასწაულოდ სუფრაც გაიშლება.ბადრი მელაძის თქმით, სუფრა მოწვეული სტუმრებისთვის, სულ 200 ადამიანისთვისაა გათვალისწინებული. სუფრითვის თანხა ხულოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება. შუამთობაზე ბეშუმში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.

„ველოდებით სტუმრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან, თეატრისა თუ კინოს წარმომადგენლებს, მეცნიერებს, მოწვეული გვყავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. სუფრა, რომელიც დაახლოებით 200 ადამიანზეა გათვლილი, იქვე ახლოს, „შქერნალში“, ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან მოეწყობა,“ – ამბობს ბადრი მელაძე.

შუამთობის ჩასატარებლად ხულოს გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარს დახარჯავს.

შუამთობის ღონისძიებას ბეშუმში ესწრებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანანმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და უმაღლესი სასულიერო პირები.

შუამთობა საზაფხულო იალაღებზე, ტრადიციულად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას  ეწყობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: