მთავარი,სიახლეები

ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის

02.08.2017
ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთს, პირობებიან აუქციონზე, 1,3 მილიონ ლარად ყიდის.

მიწის ნაკვეთი დღეს აჭარის ქონებას წარმოადგენს და ის გარკვეული პერიოდი ბათუმის სასპორტო სკოლის სარგებლობაში იყო. ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები უნდა აშენდეს.

ქონების მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამინისტროში წარადგინოს საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი; ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში კი, უზრუნველყოს არანაკლებ 1800 კვ.მ-დან არაუმეტეს 2115,4 კვ.მ ფართობზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება [ამასთან, აუქციონის პირობის მიხედვით, დაუშვებელია მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაზე ღია ტიპის აივნების არსებობა და საინჟინრო კომუნიკაციების [ქსელების] გარე ფასადზე განთავსება. მათ შორის: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, გაზმომარაგება და სხვა].

მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს:

[checklist]

  • სასტუმროს – არანაკლებ 100 ნომერს;
  • საცხოვრებელ აპარტამენტებს;
  • არანაკლებ 160 ავტომანქანაზე გათვლილ მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომს;
  • სტილობატს [ე.წ „პოდიუმი“], საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით გამოყენების მიზნით.
  • საცურაო აუზს, კომერციულ ფართობებს, დედათა და ბავშვთა გასართობ ცენტრს, სუპერმარკეტს,
  • საზოგადოებრივ კვების ობიექტებს და ა.შ.

[/checklist]

საპროექტო ობიექტის საორიენტაციო სიმაღლეა – 130 [±7] მეტრი.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში უნდა დაიწყოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. აღნიშნულ პროექტში ინვესტორმა არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მომავალმა მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება და მხოლოდ აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები.

ქონების შემძენი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან საზოგადოებრივი სივრცის [საფეხმავლო ბილიკის] მოწყობის მიზნით – არანაკლებ 6 მეტრი სიგანის მიწის ნაკვეთის სერვიტუტის უფლებით დატვირთვა.

აუქციონი 2017 წლის 15 აგვისტოს დასრულდება.


ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის კუთვნილი ტერიტორია [მათ შორის სკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები] აჭარის მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ გადასცა, სადაც კომპანია სასტუმრო კომპლექსს აშენებს.

ქონების გადაცემას ბათუმის საკრებულომ გასული წლის ბოლოს მხარი ერთხმად დაუჭირა.

ქალაქის მერის, გიორგი ერმაკოვის მაშინდელი განცხადებით, ქალაქს სჭირდება ახალი სასტუმროები, რადგან „სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ამაზე მოთხოვნა არსებობს“.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე კი, ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე შენდება.

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / სასპორტო სკოლა / 2.08.2017

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / სასპორტო სკოლა / 2.08.2017

ბათუმის სასპორტო სკოლის გვერდით არსებული ნაკვეთი, რომელიც გასაყიდად აუქციონზეა გატანილი

ბათუმის სასპორტო სკოლის გვერდით არსებული ნაკვეთი, რომელიც გასაყიდად აუქციონზეა გატანილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: