ავარია მოხდა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველის ინფორმაციით, შუქნიშანთან შეჩერებულ ავტომანქანას უკნიდან ისეთი ძალით დაეჯახა ავტომანქანა, რომ მის წინ მყოფი მესამე ავტომანქანაც დაზიანდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მგზავრები არ დაშავებულან.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით.
სახალხო დამცველის აპარატი ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის საქმის შესწავლას აპირებს. „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორი და ამავე ორგანიზაციის წევრი დღეს, გამთენიას დააკავეს ბათუმის ბულვარში. დაკავებულების ადვოკატი სალომე ღოღობერიძე აცხადებს, რომ დაკავებამდე მათ ბულვარში უცნობი პირები თავს დაესხნენ, ხოლო ადგილზე მისული პოლიციელები დამამცირებელად მოექცნენ.
„ჩვენ მოგვმართეს დაკავებულების ახლობლებმა. ლევანი და თორნიკე მოვინახულეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათ აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაკავებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს და შემდეგაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ჰომოფობიურ გამონათქვამებს, ასევე ფიზიკურ ძალადობას. დაკავებულებმა ასევე გვითხრეს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უფლებები. საქმისწარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი ეცდება დაადგინოს, ფიზიკური დაზიანების მიზეზები, ასევე ადგილი ჰქონდა თუ არა ჰომოფობიურ გამონათქვამებს და დაირღვა თუ არა პროცესუალური ნორმები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, „პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ რადგან არსებობს პრეტენზია, შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს საკითხს“.
ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. შემთხვევას დღეს, 25 აგვისტოს განიხილავს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ადმინისტრაციული საქმისწარმოების გარდა, ამავე შემთხვევაზე, ოღონდ ამჯერად ლევან ბერიანიძის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ქვეწარმავლებისა და ტურების მომრავლებაზეც იმსჯელეს. საკრებულოს წევრმა, თემურ ყურაშვილმა განაცხადა, რომ მასთან მივიდნენ ამომრჩევლები და ჯავახიშვილის ქუჩაზე ქვეწარმავლების მომრავლებაზე შესჩივლეს. საკრებულოს წევრმა, ჯაბა ბერიძემ კი, მის სამაჟორიტარო უბანში, მახინჯაურში, ტურების მომრავლებაზე ისაუბრა. „ ვიცი, რომ გიყვართ მერიაში ნადირობა და მიხედეთ მაგ საქმეს“, – მიმართა საკრებულოს წევრმა მერიის წარმომადგენლებს.
როგორ დაიცავს მერია ამომრჩეველს ქვეწარმავლებისა და ტურებისგან, ამაზე საკრებულოს წევრებისთვის მერიის წარმომადგენლებს დღეს სხდომაზე არ უპასუხიათ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და მთელს აჭარაში უახლოეს დღეებში გრილი ამინდია მოსალოდნელი.
„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით იქნება 18-23 გრადუსი, დღისით – 24-29 გრადუსი, მთაში ღამით – 12-17, დღისით – 20-25 გრადუსი სითბო.
ზღვის წყლის ტემპერატურა დღეს 28, 5 გრადუსია.
შაბათ-კვირას, 26-27 აგვისტოს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ტემპერატურა ღამით – 20-22 გრადუსი სანაპირო რაიონებში, დღისით – 25-30 გრადუსი. ზღვაზე ღელვა 2-3 ბალია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა, მარინე ქათამაძემ.
„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები,“ – აფრთხილებს შს სამინისტრო ზღვაზე დამსვენებლებს.
სამინისტროსვე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 25 აგვისტოს, ზღვაზე ღელვა 3 ბალია, წყლის ტემპერატურა 28,5 გრადუსია, თუმცა წყალი მღვრიეა.
ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ საქმის მასალების გაცნობის უფლებას ციხის ადმინისტრაცია არ აძლევს. ლ.მ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მას გამომძიებელმა გივი ფურცხვანიძემ წარუდგინა ბრალი.
„მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა არ გადმომცა საქმის მასალები და წავიდა, მე-3 პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ გამომძიებელს საქმის მასალები, მათ შორის ერთი დისკი, მისთვის დაუტოვებია. ვთხოვე, გადმოეცა ჩემთვის წერილობითი მტკიცებულებები, რაზედაც უარი მივიღე. მან მითხრა, რომ მომცემდა მხოლოდ 100 ფურცელს…“
იმავე დღეს, 14 აგვისტოს, პატიმრის დედას სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაურეკავს. ადგილზე მისულ ომბუდსმენის წარმომადგენელს ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ შიდა დებულების საფუძველზე, 100 გვერდზე მეტს ვერ მისცემდნენ ბრალდებულ ლ.მ.-ს.
„ჩვენ მოვინახულეთ ეს პატიმარი 16 აგვისტოს. მას ადმინისტრაცია 100 გვერდს აძლევს, გაცნობის შემდეგ კი უკან ართმევს და ახალ მტკიცებულებებს აძლევს. ჩვენი შესვლის პერიოდში დაახლოებით მტკიცებულებების 200 გვერდს იყოს გაცნობილი პატიმარი,“ – ამბობს ციალა ქათამიძე, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი.
როგორია სახალხო დამცველის პოზიცია, როცა ციხის შიდა დებულება ეწინააღმდეგება იერარქიულად მაღლა მდგომ კანონს – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს? – ციალა ქათამიძე განმარტავს, რომ ომბუდსმენის აპარატის ამ შემთხვევას სწავლობს: „ამ ეტაპზე ვსწავლობთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც დაკავშირებულია ბრალდებულის სავარაუდო სისხლის სამართლის საპროცესო უფლებების დარღვევასთან. კანონის მიხედვით, ბრალდების მხარეს აქვს ვალდებულება დაცვის მხარეს, ანუ ბრალდებულს მოთხოვნისთანავე გადასცეს მის ხელთ არსებული საქმის მასალები სრულად. აღნიშნულ საქმეზე ისევ მიმდინარეობს საქმისწარმოება ჩვენთან“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე „საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
„დაუშვებელია, თუკი ბრალდებულს ციხის ადმინისტრაციამ საქმის მასალების გაცნობა შეუზღუდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებულნი არიან, მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.
იურისტი დაუშვებლად მიიჩნევს ასევე მტკიცებულებების „ფორმალურ გადაცემასაც“, ანუ თუკი გამოძიებამ საქმის მასალები ციხის ადმინისტრაციას დაუტოვა:
პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „საქმის მასალების ბრალდებულისთვის გადაცემა არ შეიძლება ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, სწორედ აღნიშნულზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში, თუნდაც ისეთი შემთხვევა, როცა ბრალდებულის საქმის მასალები გადაეცემა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას და არა უშუალოდ ბრალდებულს, ხოლო მტკიცებულებათა გაცვლის ოქმში კეთდება ჩანაწერი, რომ საქმის მასალები სრულად გადაეცა ბრალდებულს.“
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ: „ლ.მ.-ს საქმის მასალები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცა, რომელსაც უკვე გაეცნო.“
პატიმარი ლ.მ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს: „იმის დასადასტურებლად, რომ მე ვითხოვდი მტკიცებულებებს და არ მაძლევდნენ, ვწერდი ჩემს მოთხოვნებს და ვანახებდი ვიდეოსათვალთვალო კამერას, დავანახებდი და შემდეგ თვალსაჩინო ადგილას ვაკრავდი, სადაც დღემდეა გაკრული…“.
„ბრალდების მხარის მიერ გადმოგეცათ თქვენი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რაც დასტურდება 2017 წლის 14 აგვისტოს ინფორმაციის გაცვლის ოქმით. ამდენად, უსაფუძვლოა თქვენს განცხადებაში მოყვანილი გარემოებები“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის წერილში.
„გამომძიებელი არ მოიქცა სწორად, – დასძენს პატიმარი, – როდესაც ჩემი სისხლის სამართლის საქმის მასალები დაუტოვა დაწესებულებას, ანუ დაინტერესებულ მხარეს, ვინაიდან ჩემს საქმეში დაზარალებული პირები არიან მე-3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. ერთ-ერთი დაზარალებული, ბექა გაგნიძე, დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილეა… ასევე ვითხოვდი დისკზე არსებული მასალის გაცნობას. ჩემი სამდღიანი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, 2017 წლის 16 აგვისტოს, სოციალურმა მუშაკმა, ეთერ ნიკოლაიშვილმა, და უსაფრთხოების ინსპექტორმა, კობა გოგმაჩაძემ, გამაცნეს ვიდეომასალა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მოწმეს, რაც დასტურდება პროკურორის დადგენილებით ჩემი ბრალდების შესახებ. დისკი იდო წერილების საშუალო კონვერტში არადალუქულ მდგომარეობაში.“
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. გასული წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის შენობაში, ფიროსმანის ქუჩაზე, გათბობის სისტემა მოიშალა. სამუშაოები უნივერსიტეტის ამ შენობაში კომპანია „დიასი 2007“-მა შეასრულა.
„გარანტია იყო სამი წელი. საგარანტიო ვადაში მოიშალა გათბობის სისტემა, რომლის შეკეთებაც უნივერსიტეტს დაუჯდა 6470 ლარი. კომპანიამ უარი თქვა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, გვითხრა, რომ დარღვეული იყო, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესები, ან ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო მოიშალა სისტემა,“ – განმარტავს რამინ მაჭარაშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი.
რის გამო მოიშალა გათბობის სისტემა უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის შენობაში – ექსპერტიზა არ ჩატარებულა. უნივერსიტეტის იურისტის აზრით, გათბობის სისტემა საგარანტიო ვადაში მოიშალა, „შესაბამისად, საპირისპირო მტკიცებულება თავად სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას უნდა წარმოედგინა სასამართლოში,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.
„პირიქით, უნივერსიტეტს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ ჩვენი ბრალეულობით მოიშალა სისტემა. საგარანტიო ფურცელში წერია, რომ ზიანი არ ანაზღაურდება, თუკი ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო დაზიანდება რამე,“- გვითხრა ვახტანგ დიასამიძემ, კომპანია „დიასი 2007“-ის დირექტორმა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი.
„სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ჩვენი მიმართულებით დაინახა. ჩვენ ამოვედით კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე. ვნახოთ, როგორი იქნება სასამართლოს დასაბუთება. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრებაზე,“ – ამბობს უნივერსიტეტის იურისტი, რამინ მაჭარაშვილი.
ცენტრალური გათბობისა და საქვაბის მშენებლობაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტენდერი შპს „დიასი 2007“-მა 2013 წელს მოიგო. სამუშაოების ღირებულებამ 74 908 ლარი შეადგინა.
„ცუდით ვერ გამაკვირვებ, მე კარგი, ჰუმანური და ადამიანური ნაბიჯები თუ გამაკვირვებს, სხვა ვერაფრით მოახდენ ჩემზე გავლენას“, – ამბობს ყოფილი პატიმარი მაქს შულგატი, რომელიც 1980 წელს თბილისში დაიბადა. თავისი ცხოვრების ნაწილიც თბილისში გაატარა, ვიდრე 1998 წელს, პირველად არ მოხვდა საპატიმროში. როგორც მაქსი ამბობს, მან თავისი მამის დანაშაული აიღო თავზე, რის გამოც 10 წელი მიუსაჯეს. დღეს მაქსი სრულიად მარტოა [2012-2013 წლებში გარდაეცვალა მშობლები], არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი, სამსახური და ითხოვს ხელშეწყობას სახელმწიფოსგან.
2013 წელს ციხიდან გამოსული მაქსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი თოქშოუს მთავარი გმირიც იყო. ის მოჰყვა თავის ისტორიას, თუ როგორ უჭირდა ცხოვრება. კითხვაზე, შეიცვალა თუ არა იმ გადაცემის შემდეგ მისი ცხოვრება, მაქსმა მითხრა, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, საზღვრის კვეთის უფლებაზე, მაგრამ თურქეთში მუშაობა დიდი ხნით ვერ შეძლო – დეპორტით გამოუშვეს უკან. ამის შემდეგ კი, კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოუწია შებრუნება.
სამწლიანი სასჯელის შემდეგ მაქსი ციხიდან გამოვიდა და ისევ ის მდგომარეობა – არ აქვს უფლება გადაკვეთოს საზღვარი, ისევ ვერ მუშაობს. ის ახლაც ითხოვს, რომ მოუხსნან პრობაციონერის სტატუსი – ამჯერად გეგმავს რუსეთში წავიდეს, თავის ნათესავებთან.
ციხეში ყოფნის დროს მაქსმა აითვისა გიდის პროფესია, ისწავლა Windows-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და თუ აქამდე ეუბნებოდნენ, პროფესია არ გაქვსო, ახლა ვერ ხვდება, რის გამო უჭირს დასაქმება. ყველა მცდელობა უშედეგოა, ყველა უარს ამბობს მის დასაქმებაზე: „მეუბნებიან – მაქს, ცხოვრების ნახევარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარე და ახლა მომინდომე ნორმალური ცხოვრება?! ნურას უკაცრავად. შენ ხელს არ შეგიწყობთ. თუ შენ ერთ შეცდომას მაინც დაუშვებ, ჩვენ ღია გვაქვს ციხის კარი… მე ყოველდღიურად ამ დამოკიდებულებას ვეჯახები“.
მაქსი სხვადასხვა მთავრობის დროს იჯდა ციხეში და ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ყველაფერი მხოლოდ ფასადურად შეიცვალა. სინამდვილეში კი ციხეში ზუსტად იგივე მდგომარეობაა, ზუსტად იგივე სახეები, იგივე მოპყრობა ადმინისტრაციის მხრიდან, დამცირება, უფლებების შელახვა, შეურაცხყოფა, დაცინვა, გინება. მაქსი ასახელებს კონკრეტულ გვარებს და სახელებსაც, ამბობს, რომ მათ შესახებ 21-მდე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, მაგრამ სათანადო რეაგირება არავის ჰქონია.
„მე, პირადად, ასეთი შემთხვევა მქონდა, ბათუმის მესამე დაწესებულების დირექტორმა კ.-მ და მისმა მოადგილემ – ბ. გ.-მ [მათ ვინაობას უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე არ ვასახელებთ. იმ შემთხვევაში თუ ძიება დაინტერესდება ამ საკითხით, მაქსი მზად არის, სამართალდამცავებს მათი შესახებ ისევ უამბოს -ავტორი], იმ მიზეზით, რომ მე ვითხოვდი დაავადებაზე მკურნალობას, როდესაც რამდენიმე საჩივარი მივწერე ჯანდაცვის მინისტრს, გადამიყვანეს ანტივანდალურ საკანში. და როდესაც იქ გადამიყვანეს, დამხვდა მ. ხ. სხვა თანამშრომლებთან ერთად, ი.ხ. და კ.ნ… ამ ადამიანებმა დამაგდეს იატაკზე და მაგინებდნენ, ხელს მირტყამდნენ, პირი ძალით გამაღებინეს და ხელს მთხრიდნენ, რომ მეტალის რაღაც საგანი ჩაეტენათ პირში. შემდგომში ისინი ყვიროდნენ, რომ მე მქონდა „ბრიტვა“, ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ქმედება და შემდგომში, როცა მოვიდა გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველი და გადამიყვანეს საავადმყოფოში, იქ უკვე აღმოჩნდა, რომ მე მქონდა გადაყლაპული მეტალის რაღაც საგანი“.
შულგატის თქმით, თავის სიმაღლეზე არც სამედიცინო პერსონალი დგას – პატიმრისა და ექიმის ურთიერთობაში კი, ხშირად ერევიან ადმინისტრაციის თანამშრომლები, რის გამოც პატიმრების დროული მკურნალობა ფერხდება:
„დაწესებულებაში ცნობილია, რომ მ. ხ.-ა აგროვებს „ბრიტვებს“ და შემდგომში, რომელი პატიმარიც ამორჩეული ჰყავს, უდებს ჯიბეში. ასე უმატებენ სასჯელის ვადას პატიმრებს. მომკითხავი არავინ არის, მაკონტროლებელი არავინ არ არის, მათ დღესაც აქვთ სრული განუკითხაობა“.
ბათუმის მესამე საპყრობილეს იდენტური მდგომარეობაა რუსთავის მეექვსე ციხეში, ამბობს მაქსი. თუმცა რუსთავში ყოფილა საკნები, რომლებიც წყლით არის დაფარული და პატიმრებს ამ საკნებში უწევთ ცხოვრება, რაც საბოლოოდ იწვევს ტუბერკულოზს და სხვა სახის დაავადებებს.
მაქს ყველაზე მეტად მშვიდი ცხოვრება სურს, უნდა, რომ ჰქოდნეს სამსახური, მოეხსნას პრობაციონერის სტატუსი და შეძლოს საზღვრის კვეთა, უნდა ყოველთვიური შემოსავალი, არ ახსენებდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ ყოფილი პატიმარია და ნახევარი ცხოვრება ციხეში აქვს გატარებული. უნდა, რომ შექმნას ოჯახი და იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
მაქსის ცხოვრება არ იცვლება, უკვე წლებია ამ პირობებში ცხოვრობს, წლებია ამტკიცებს, იბრძვის, ცდილობს უკეთესი პირობები შეიქმნას, მაგრამ არაფერი გამოსდის, მიეჩვია ყვირილს, კატეგორიულ ტონს, აღელვების გარეშე ვერ ყვება ვერც ერთ ისტორიას და როცა სტანდარტული კითხვებიდან უფრო პირად კითხვებზე გადავდივართ, ყოფილი მსჯავრდებული იბნევა, არ არის მიჩვეული ამ ტიპის კითხვებს და ცოტა არეულად მპასუხობს, მაინც პატიმრობის წლებს და გაუსაძლისი ცხოვრების აღწერას უბრუნდება.
არადა, ამ კაცის პატიმრობის ისტორიის უკან იმალება უფრო მეტი ისტორია, ისტორია იმისა, თუ როგორ იზრდებოდა მშობლებთან ერთად, როგორ უნდოდა გამხდარიყო იურისტი, როგორ იზიდავდა სამართალმცოდნეობა, როგორ შეუყვარდა პირველად, როგორ გაიცნო ციხეში ადამიანი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი გახდა, ამ ადამიანის უკან იმალება ისტორია მეორე ოჯახისა, რომლებაც შეიყვარეს ის, ყვება ადამიანებზე, რომლებიც დაეხმარნენ მას, ყვება გარდაცვლილ დედაზე და მამაზე, ყვება იმ დაკარგულ წლებზე, რომელიც მშობლებთან ერთად უნდა გაეტარებინა, ყვება იმ ცხოვრებაზე, როცა ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა სამყაროს და ეგონა, დრო ყველაფრისთვის ექნებოდა, რომ ცხოვრება ძალიან დიდია და ყველაფერს მოასწრებს, მოიხდის სასჯელს და ყველაფერი გამოსწორდება.
მაგრამ ცხოვრება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორც მაქსს წარმოედგინა – რთულია ახალი ცხოვრების დაწყება, როცა ცხოვრების ნახევარს პატიმრობაში ატარებ. როგორც ჩანს, არც მაქსია ამ ახალი ცხოვრებისთვის შემზადებული და არც მით უმეტეს, ჩვენი საზოგადოება.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
ბათუმის ქუჩებში, ცალკეულ ადგილებზე, ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა გამოჩნდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ დროისათვის არც ერთ უწყებას: ბათუმის მერიას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს არა აქვს პროგრამა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე თეთრ პეპელასა და ფაროსანას შეწამვლას ითვალისწინებს.
„თაყაიშვილის #101-ში მსხლის ხე დგას და ხე გაახმო. ჯავახიშვილიდან ლერმონტოვის ქუჩამდე, განსაკუთრებით პირველი ნახევარი ჯავახიშვილის, კაკლის ხეებზე სულ მოდებულია ამერიკული პეპელა. დავუკავშირდით გარემოს დაცვას ერთი კვირის წინ და ჩვენ მაგას ვერ გავაკეთებთ, თბილისიდან უნდა იყოს [დაშვებული] და პროგრამა ამოწურულიაო. არადა, ასეთი პატარა კერების დროულად ლოკალიზება ძალიან მნიშვნელოვანია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში ქალაქის ტერიტორიაზე მხოლოდ კოღოების, ტკიპებისა და მღრღნელების შეწამვლა შედის და არა თეთრი პეპლისა და ფაროსანას, თუმცა ქალაქის გამწვანების სამსახური, სადაც ამერიკული პეპელასა და ფაროსანას ქალაქის ტერიტორიაზე გავრცელებაზე რამდენიმე განცხადებაა შესული, მზადაა ქალაქში ხეები შეწამლოს:
„მოლაპარაკება მიდის აგროსერვისცენტრთან, მათ უნდა გადმოგვცენ პრეპარატები. ამინდმა შეგვაფერხა გუშინ და დღეს, წვიმაში არ შეიძლება შეწამვლა. 15-მდე განცხადებაა შემოსული. ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ შეწამვლა, ეს ჩვენი კი არა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ რადგან ქალაქი ჩვენია და ჩვენ ვუვლით, ამიტომ იძულებული ვართ, რეაგირება გვქონდეს ამაზე. მაგრამ სულ 27 ლიტრი წამალი გვაქვს დარჩენილი, რაც ძალიან ცოტაა და უკვე უნდა გაირკვეს წამლის საკითხი. ვწამლავთ ამერიკულ ფრთათეთრას და ფაროსანასაც. ამ წუთას რითაც ვწამლავთ, ქიმიური პრეპარატია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში იშლება და უვნებელი ხდება. შეწამვლის დროს ჩვენი ხალხი დგას ადგილზე და არავის ვუშვებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ჭანუყვაძემ, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისათვის შესაბამისი პროგრამა არ აქვთ, მაგრამ მუშაობენ და კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, რა ზომებს მიმართავენ.
„ამერიკული თეთრი პეპელა შეყვანილია საკარანტინო მავნებელთა ნუსხაში, შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამმართველო ყოველწლიურად ახორციელებდა წამლობით ღონისძიებებს. იქედან გამომგინარე, რომ ბოლო 2-3 წლის მანძილზე ამერიკული პეპელა არ წარმოადგენდა პრობლემას, ამ მხრივ არ განხორციელებულა შეწამვლა. წელს შევეცდებით ჩვენი რერსურსებით მოვახერხოთ ეს,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. იგი პროფესიით აგრონომია და ამბობს, რომ ამჟამად მავნებელი მწერის მეორე თაობაა გამოსული: „20 სექტემბრამდე შეიძლება შევხვდეთ ხეებზე მეორე და მესამე თაობას. ასე, რომ შეწამვლამ საკმაოდ კარგი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, ამით სამომავლოდ მის გავრცელებას ავარიდებთ თავს.“ კითხვაზე, ხომ არ გვიანდება შეწამვლა, მამუკა თურმანიძე პასუხობს, რომ შეიძლება დაგვიანებული იყოს ცალკეული კულტურების შემთხვევაში, მაგრამ შეწამვლა მაისიდან სექტემბრის ბოლომდე შედეგს იძლევა.
„ბათუმელები“ სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც დაუკავშირდა. სწორედ ეს სააგენტო უზრუნველყოფს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლას. „აღნიშნულ საკითხზე ჩვენთანაც არის შემოსული შეტყობინება და ამ საკითხს შევისწავლით. გამოყენებული უნდა იქნას ბიოლოგიური პრეპარატი,“ – განაცხადეს სააგენტოში.
რაც შეეხება რეკომენდაციას, ამერიკული პეპლის მცირე კერების შემთხვევაში, დაზიანებული ფოთლები უნდა მოიჭრას და დაიწვას, რადგან ფოთოლში 1500-მდე მატლი შეიძლება იყოს.
აჭარაში ამერიკული თეთრი პეპელა განსაკუთრებით 2011-2012 წლებში იყო გავრცელებული. მაშინ „ბათუმელებს“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატმა, ავთანდილ მურვანიძემ, რომელიც ეროვნული გრანტის ფარგლებში, სამი წლის მანძილზე იკვლევდა ამერიკული თეთრი პეპლის გამოვლენისა და ლიკვიდაციის მეთოდს, უთხრა, რომ ამერიკულ თეთრ პეპელას ზიგზაგისებური განვითარების ციკლი გააჩნია: „არის კლებადობისა და მატების პერიოდები. 2007 წელს შეინიშნებოდა კლებადობა, 2008 წლიდან დაიწყო მატება, 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის განვითარება პიკზეა, 2012 წლის შემდეგ გაივლის ოთხ-ხუთწლიან კლებადობის ციკლს და შემდეგ ისევ მატებას დაიწყებს.“ მისივე თქმით, მაისის შემდეგ მხოლოდ ხის შეწამვლა საკმარისი არ არის – „როგორც კი დავიწყებთ შესხურებას, მწერი გრძნობს წამალს, იგორგლება, ცვივა დაბლა და ტოვებს ტერიტორიას. მაშინ უნდა შევწამლოთ ის ტერიტორიაც, სადაც ჩამოვარდა მწერი.”
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საწარმოს ამოქმედების პირობით დაბა ხელვაჩაურში 10 418 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას გეგმავდა, თუმცა ამ მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დღეს შეწყდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ დაბა ხელვაჩაურში, სამრეწველო ზონაში, სადაც ნაკვეთის იჯარით გაცემა იგეგმება, შიდა გზის გაყვანაა დაგეგმილი. გზის გაყვანას გარკვეულ ტერიტორია სჭირდება, ამიტომაც საიჯარო ნაკვეთის საზღვრები უნდა დააკორექტირონ.
იჯარით გასაცემად გამოტანილი ფართობის ფასი, საზღვრების დაკორექტირებამდე, 35 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი – 800 ლარი.
საწარმოს მოწყობის გარდა, აუქციონის პირობაა, მინიმუმ 600 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას სამინისტრო 2022 წლის ოქტომბრამდე გეგმავს.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“ მონაკვეთში] ტროტუარის შეკეთებისთვის ბათუმის მერიას 94 978 ლარი აქვს გათვალისწინებული. ქუჩის ამ მონაკვეთში ტროტუარი მხოლოდ ერთ, „პლაზას“ მხარეს [ჭავჭავაძის N7-დან N15-მდე] შეკეთდება.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტროტუარზე დაიგება გრანიტის ტიპის დეკორატიული ფილები, მოეწყობა რკინის დეკორატიული მოაჯირები, ასევე ზებრა გადასასვლელებთან ტროტუარზე ეტლით ასასვლელები შშმ პირთათვის.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში. ტენდერი 2017 წლის 13 სექტემბერს დასრულდება.
შესაკეთებელი ტროტუარი ჭავჭავაძის ქუჩაზე – აღნიშნულია წითელი ხაზით / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
ჭავჭავაძის ქუჩაზე, ხელახლა მოსაწყობი ტროტუარის გაგრძელებაზე – „ბათუმი პლაზადან“ გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში – ზებრა გადასასვლელები ისეა დახაზული, რომ გზიდან ტროტუარზე და პირიქით, ქვეითი ვერანაირად ვერ მოხვდება, თუ მოძრაობისა და, შესაბამისად, უსაფრთხოების წესებს არ დაარღვევს.
ქალაქში ბევრ ადგილზეა საჭირო „შემოვლითი გზა“, რათა ტროტუარზე გახვიდე ზებრადან. გადასასვლელები ბევრ ადგილზე არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეებისთვისაც.
ბათუმში ზებრების დახაზვაზე პასუხისმგებელი მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოა. სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ჩხეიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ამ პრობლემის შესახებ მან კარგად იცის, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს: „თავისი სტანდარტი აქვს ზებრას… მაგრამ ისეა ქალაქი დაგეგმილი, ისეა ინფრასტრუქტურა, რომ სხვა საშუალებას არ იძლევა…“
აჭარის განათლების ფონდმა საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსზე შერჩეული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში [CERN – Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire] .
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიაT აჭარის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს მასწავლებელს ან პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ფიზიკის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ისინი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ უნდა იყვნენ ნამყოფი ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში.
განათლების ფონდის [ბათუმის მასწავლებლის სახლი]ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, შემდეგ კი მათ უნდა წარადგინონ გაკვეთილის პრეზენტაცია.
შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
ამ წუთებში ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის მიმართულებით, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თვითმხილველების თქმით, ფრიდონ ხალვაშის #122-ში ავტომაგისტრალზე ევკალიპტის ხე წაიქცა და ორ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, ისინი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.
მოესწრება თუ არა ფერმერებისთვის ნივრის სათესლე მასალის მიწოდება სექტემბრისთვის, როცა ნივრის დათესვის დროა და რაც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მოესწრება, თუმცა ამ უწყების ააიპ-მა – „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ ტენდერში უკვე მეორე კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია. კომპანია „ჰერმესმა“ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. გადაწყვეტილების მიღებამდე ტენდერის პროცედურები შეჩერებულია.
48 ტონა „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სათესლე მასალის შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. ყველაზე დაბალი ფასი – 499 201 ლარი „მათე +“-მა დააფიქსირა.
„ნივრის სათესლე მასალის ჯიშის დამადასტურებელი ცნობა გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ“, – აღნიშნულია ტენდერში დისკვალიფიკაციის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ წერილში.
საქონლის ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტაციის მოტივით ამ ცენტრმა მორიგ კომპანიასაც მიანიჭა დისკვალიფიკაცია, კომპანია „ჰერმესს“, რომელმა ნივრის შეძენა 523 380 ლარად შესთავაზა „აგროპროექტების მართვის ცენტრს“. სატენდერო კომისიამ წერილი დაზუსტებაზე კომანია MARGIO LTD-ს უკვე გაუგზავნა, მაგრამ ამ დროს „ჰერმესმა“ ტენდერში დისკვალიფიკაცია შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა.
„ჩვენ წარმოვადგინეთ „ლუბაშას“ ჯიშის ნიორის დამადასტურებელი დოკუმენტი უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინსიტროს, ასევე უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან. სამინისტრომ მოგვთხოვა ამონაწერი უკრაინის სასაქონლო ერთიანი რეესტრიდან. ამ რეესტრში „ლუბაშას“ ჯიში რეგისტრირებულია 2008 წლიდან, მაგრამ დროებით შეჩერებულია რეგისტრაცია ამ ჯიშის სათესლე მასალაზე. კონკრეტული პიროვნება „ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალის პატენტზე აცხადებს პრეტენზიას და ეს დავა არის ხანგრძლივი. ტენდერში მოთხოვნილი იყო ნივრის ბოლქვები, რაც არ მიიჩნევა სათესლე მასალად, ეს სარგავი მასალის კატეგორიაში გადის. ეს ყველაფერი ავუხსენით სატენდერო კომისიას, მაგრამ ისინი მაინც მოითხოვენ ინფორმაციას ერთიანი რეესტრიდან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვაჟა მკურნალიძემ, კომპანია „ჰერმესის“ წარმომადგენელმა.
„დროებით შეჩერებულია სატენდერო პროცედურები, ვიდრე შესყიდვების სააგენტო გადაწყვეტილებას არ გამოაქვეყნებს. სატენდერო პირობა ითვალისწინებდა ნივრის სათესლე მასალის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას, რაც ამ კომპანიამ ვერ წარმოგვიდგინა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებას სააგენტო,“ – გვითხრა ჯამბულ აბულაძემ, „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ დირექტორმა.
ჯამბულ აბულაძე ირწმუნება, რომ ფერმერებისთვის ნივრის სათესლე მასალის მიწოდება არ დაგვიანდება, რადგან სატენდერო პირობების მიხედვით, სათესლე მასალის მიწოდება სექტემბრისთვის იყო გათვალისწინებული. შესყიდვების სააგენტომ კი უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ქედის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გიორგი ბზიშვილი დაინიშნა. ის ქედაში დეტექტივების განყოფილებას უხელმძღვანელებს. გიორგი ბზიშვილი მანამდე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა – ჯერ უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, შემდეგ კი – ამავე სამმართველოს უფროსი.
ქედის სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ყოფილი მოადგილე, როსტომ ცინცაძე, რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ იმავე ხაზით ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ქედის პოლიციას დღეს გიგლა მოსიძე ხელმძღვანელობს, რომელიც პოლიციის ქედის სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაინიშნა. მანამდე გიგლა მოსიძე შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
„ბათუმელებმა“ გიორგი ბზიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით თავდაპირველად გიგლა მოსიძეს ჰკითხა, მაგრამ მან თქვა, რომ „არ სცალია“, „სხვა დროს დავურეკოთ“ და ტელეფონი გამორთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ნებისმიერი საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად წერილობით მივმართოთ შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს. შესაბამისად, უწყებაში ბზიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვებს არ უპასუხეს.
კერამიკა, ტექსტილი, ჭურჭელი, მაისურები, ჩანთები და ასანთის კოლოფები – განსხვავებულ მედიებში წარმოდგენილი პრინტის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს პრინტის საერთაშორისო ფესტივალზე მიეცა.
პრინტფესტივალი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, 21 აგვისტოს ბათუმში, თიბისი გალერეაში გაიხსნა.
თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, ბეჭდვითი მედიის გასაცოცხლებლად განხორციელებულ პროექტში, ქართველი არტისტების გარდა, ავსტრიელი, აზერბაიჯანელი, ამერიკელი, გერმანელი, ესპანელი, თურქი და რუსი მხატვრები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა მასტერკლასები ხელით ბეჭდვაში და შეიქმნა უნიკალური, ორიგინალური პრინტები, რომლებიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი. ფოტო: თიბისი ბანკი
ნანა ყირმელაშვილი, ფესტივალის დირექტორი:
„ეს დარგი (სერიგრაფია, ოფორტი, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, გრავიურა) მივიწყებულია, არავის აღარ აინტერესებს. ხელით ბეჭდვა დღეს ჩაანაცვლა ციფრულმა ტექნოლოგიებმა – ადვილია, გადაიღო ფოტო და გადაიტანო ნებისმიერ მასალაზე, ან აიღო რეპროდუქცია და სახლში დაიკიდო რემბრანდტი. ჩვენ გვინდა, გავაცოცხლოთ ხელით ბეჭდვა, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიაა და ციფრული პრინტისგან განსხვავებით, სრულიად სხვა ღირებულება აქვს. ხელით ბეჭდვაში თვითონ არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშვარი ორიგინალია. ცნობილ ქართველ მხატვრებთან მუშაობით დავიწყეთ ამ დარგის აქტუალიზება. დამატებით, ფოტოგრაფებსაც მივეცით საშუალება, რომ თავიანთი თავი პრინტში გამოევლინათ.
პროექტს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორისაა თიბისი ბანკი, რომელსაც მადლობა ეთქმის, რადგან ამ დარგის პოპულარიზება ნამდვილად საჭირო და სასარგებლოა, როგორც მხატვრებისთვის, ისე თვითონ არტის განვითარებისთვის და მისი ყოველდღიურობაში შეტანისთვის. პროექტში ჩართვით მხატვრებს შეუძლიათ შემოსავალი მიიღონ. ძალიან მომგებიანი შეიძლება გახდეს ეს დარგი“.
პრინტფესტივალს რამდენიმე მხარდამჭერი ჰყავს: „თიბისი ბანკი“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, წიგნის ხელოვნების ცენტრი და სხვა.
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი
ნინა ახვლედიანი, თიბისი ბანკის არტკურატორი:
„მეორე წელია ვთანამშრომლობთ ფესტივალთან. შარშან იმდენად წარმატებული და კარგი ფესტივალი შედგა, რომ გადავწყვიტეთ წელსაც დაგვეჭირა მათთვის მხარი. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, ისეთ პროექტებში ჩავერთოთ, სადაც საგანმანათლებლო მხარეა გათვალისწინებული. პრინტფესტივალი მოიაზრებდა ვორქშოფებს, რომლებიც ჩატარდა შოლკოგრაფიასა და ბეჭდვითი მედიის სხვადასხვა მიმართულებებში. ამ ვორქშოფებში ახალგაზრდა არტისტები მონაწილეობდნენ და ჩვენ სწორედ მათ ხელშეწყობა-განვითარებაზე ვზრუნავთ. ახალგაზრდებს უწევთ უფროს თაობასთან, უკვე ჩამოყალიბებულ, შემდგარ არტისტებთან ურთიერთობა. ეს მათთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გვაინტერესებს ეს ფესტივალი არის ის, რომ მასშტაბურ სახეს იძენს, სცდება დედაქალაქს და გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობს. ასეთი პროექტები ვიზუალურ ხელოვნებაში იშვიათია საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ძველია და პოპულარულია უცხოეთში, საქართველოში ხელით ბეჭდვის შესაძლებლობა არტისტებს არ ჰქონდათ. იმედი გვაქვს, რომ ფესტივალი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მომავალში არტისტებს ექნებათ თავიანთი სტუდია და დანადგარი იმისთვის, რომ მუდმივად შეძლონ ამ ტექნოლოგიის გამოყენება. ხელით ბეჭდვა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნამუშევრის ტირაჟირება მოხდეს. შესაბამისად, ეს ნამუშევრები ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდება, უფრო ნაკლებ ფასად გაიყიდება. ჩვენი სურვილია, უფრო მეტ ხალხს ჰქონდეს შეხება ხელოვნებასთან.“
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი. ფოტო: თიბისი ბანკი
პრინტფესტივალი მხატვრებისთვის მნიშვნელოვანი და სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.
ვახო ბუღაძე, მხატვარი:
„პრინტფესტივალზე ერთი ნამუშევარი მაქვს წარმოდგენილი. ორი მიზეზის გამო იყო ეს პროექტი ჩემთვის საინტერესო – პირველი, აქამდე არასდროს გამიკეთებია შოლკოგრაფია და მეორე, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მონაწილეობდა, მინდოდა, მათთან ერთად მეც მეცადა. ძალიან კარგია, როცა ბევრი მხატვარი იკრიბება ერთად. ასეთი ფესტივალები ხშირად უნდა ჩატარდეს“
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი. ფოტო: თიბისი ბანკი
ოლეგ ტიმჩენკო, მხატვარი:
„პრინტფესტივალში მეორედ ვიღებ მონაწილეობას. 90-იან წლებში ტილოზე, ზეთში შესრულებული ძველი ნამუშევარი გადავიტანე ახალ მასალაში და გამოვიტანე ფესტივალზე. შოლკოგრაფია უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი პრინტი. იმიტომაა ის უფრო ფასეული, რომ მხატვარი ხელით აკეთებს ყველაფერს და მერე იბეჭდება სხვადასხვა მასალაში. ბეჭდვის დროს არ იცი, რა გამოვა. პრინტში რომ აკეთებ, წინასწარ, კომპიუტერში ხედავ და იცი, რა გამოვა. შოლკოგრაფიის შემთხვევაში, სტამბაში ბეჭდავ, არ იცი ფერები ერთმანეთს როგორ დაედება. შეიძლება უკეთესიც გამოვიდეს, ვიდრე ჩაფიქრებული გქონდა. ეს უფრო ცოცხალი პროცესია და საინტერესო“.
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი . ფოტო: თიბისი ბანკი
მარი ათანელი, ფოტოგრაფი
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობა იმიტომ, რომ თუკი ვინმე ცნობილი მხატვარია მთელს მსოფლიოში, ყველა მონაწილეობს. ჩვენთვის, ფოტოგრაფებისთვის, უფრო მარტივია ნამუშევრის შესრულება. იმიტომ, რომ ჩვენ ფირი მოგვაქვს, რომელიც გადადის აბრეშუმის ჩარჩოზე, იქ ესხმება საღებავი და იბეჭდება. მხატვრებისთვის შედარებით რთულია, ხელით ხატავენ მასალაზე. საოცარი პროცესია. ახალი, ცოცხალი ორგანიზმი იბადება. ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ პროცესმა. ყველას ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ვურჩევ, რომ მიიღონ მონაწილეობა პროექტში“.
პრინტფესტივალი ბათუმის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – მესტიაში, თელავსა და ოზურგეთში იმოგზაურებს. სექტემბერში კი დასკვნითი გამოფენა თბილისში გაიმართება.
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი. ფოტო: თიბისი ბანკი
დღეს დილით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. გადარჩა მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 50 წლის არის. ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზაზე მიმავალ მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას მოძვრა მისაბმელი, რომელიც მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავების მიერ შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე ტარდება. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს, დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები ბათუმის პროზექტურაში გადმოასვენეს / 24.08.2017 / ეთერ თურაძის ფოტო
„შავ სიაში“ კომპანია „მომავლის ფერმერის“ ჩასმას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა. ამ კომპანიას, ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ინოვაციური პროგრამა „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ უნდა განეხორციელებინა. ექსტენცია ადგილზე ფერმერის თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმირებას გულისხმობს. სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა კომპანიის „შავ სიაში“ ჩასმაზე.
კომპანიასთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ შეწყვიტა, როცა შემსრულებელმა – „მომავლის ფერმერმა“ სამუშაოს შესრულებისთვის ვადის გახანგრძლივება ითხოვა. მაშინ ამ კომპანიის დირექტორმა, რუსუდან გიგაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვერ იპოვა ადამიანები, ვისაც პროგრამით უნდა ესარგებლა, ხოლო სია, რომელიც სამინისტრომ მიაწოდა „მკვდარი სულებით იყო სავსე“.
„მკვდარი სულების არსებობა“ სამინისტროს არ უარუყვია, მაგრამ განაცხადა, რომ მიწოდებული სიებით შესაძლებელი იყო ფერმერების შერჩევა.
ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და კომპანიის „მომავლის ფერმერის“ შავ სიაში ჩასმა მოითხოვა. სამინისტრომ კომპანიას ასევე დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 9 ათასი ლარის გადახდა. კომპანიამ პირგასამტეხლო არ გადაიხადა და სასამართლოს მიმართა.
„ჩვენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ასევე მოვითხოვეთ სასამართლოსგან, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ მიეღო გადაწყვეტილება „შავ სიაში“ ჩასმის შესახებ. სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა“, – ამბობს კომპანია „მომავლის ფერმერის“ იურისტი, ნათია ხითარიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აქაც სამინისტროს კომპანიის „შავ სიაში“ ჩასმაზე უარი უთხრეს.
„კანონი გვავალდებულებს, როცა შემსრულებელი არ ასრულებს ხელშეკრულებას, ამ დროს უნდა მივმართოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თხოვნით – კომპანია ჩაისვას „შავ სიაში“. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ უკვე სააგენტოს ნებაზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა კომპანია „შავ სიაში“. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ იყო საჭირო კომპანიისთვის „შავ სიაში“ ჩასმა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამ კუთხით ჯერ არ გამართულა სასამართლო პროცესები,“ – განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურისტი თამილა გაბაიძე.
2017 წლის მაისში ლაშა კომახიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ექსტენციის პროგრამის განხორციელებისთვის რეალურად მზად არ იყო. მინისტრის დაპირებით, ინოვაციური პროგრამა მხოლოდ საზაფხულო სამუშაოებზე ჩატარდებოდა.
მოახერხა თუ არა სამინისტრომ „აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამის განხორციელება? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ პროგრამა ნაწილობრივ განხორციელდა და ფერმერებს 700 ჰექტარ ტერიტორიაზე მცენარეთა დაავადებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ეს პროგრამა უნდა ყოფილიყო მასობრივი, რაც არ გამოვიდა იმის გამო, რომ ტენდერი ჩაიშალა, – გვიყვება ააიპ„აგროსერვის ცენტრის“ დირექტორი გოჩა ბერიძე, – პროგრამა გაეროს განვითარების ფონდმა დააფინანსა. ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ფონდმა გამოგვიყო 34 ათასი ლარი. ტენდერი 28 ათას ლარად „შავი ზღვის ეკო-აკადემიამ“ მოიგო. ამ პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს მივაწოდეთ ინფორმაცია მავნებელ დაავადებებზე, როგორ უნდა გამოიყენონ შესაწამლი ნივთიერებები, რა ფორმით და ასე შემდეგ“.
„შავი ზღვის ეკო-აკადემია“ იმ ტენდერშიც მონაწილეობდა, რომელიც „მომავლის ფერმერმა“ მოიგო. საუბარია „აგრარული ექსტენციის მიწოდებაზე“, რაც სამინისტროს „ეკო-აკადემიამ“ 208 242 ლარად შესთავაზა, „მომავლის ფერმერმა“ კი – 179 230 ლარად. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 211 833 ლარი იყო.
„აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამა მთელი წლის განმავლობაში მოიცავდა ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებას როგორც მემცენარეობის, ისე მეცხოველეობის და მეთევზეობის კუთხით.
აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო მომსახურებაში საქართველოს განათლების სამინისტრო მაქსიმუმ 1 მილიონ 537 ათას 664 ლარს გადაიხდის. მომსახურება 4 თვეს – 2017 წლის სექტემბრიდან, მომავალი წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება.
ტენდერის ზოგადი პირობების მიხედვით:
საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, მიკროავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი) თითოეული მარშრუტისათვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. დაცული უნდა იყოს უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა.
ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს. ასევე, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ ხორციელდება ბავშვების გადაყვანა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა მართავდნენ შესაბამისი მართვის უფლების მქონე მძღოლები.
საჯარო სკოლის მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სასწავლო დროის დაწყებამდე და დასრულებიდან გონივრულ ვადაში (მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუმეტეს 40 წუთისა. ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 40 წუთისა).
ერთი სატრანსპორტო საშუალებით მოსწავლეთა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 8 გზისა (რაც გულისხმობს ოთხჯერ წაყვანა-წამოყვანას).
სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში სავალდებულოა მოსწავლეთა დაზღვევა, რომლის ასანაზღაურებელი ლიმიტი არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები.
სამუშაოს შესრულების ვადაა 2017 წლის 15 სექტემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, სასწავლო დღეების შესაბამისად.
სასწავლო დღეების სავარაუდო რაოდენობა:
ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში – 75 სასწავლო დღე,
პანსიონის ტიპის სკოლებში – 32 სასწავლო დღე (კვირაში ერთი წაყვანა და ერთი წამოყვანა),
იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შაბათ დღესაც – 91 სასწავლო დღე.
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წელს სულ 9 მილიონ 392 ათასი ლარი ჰქონდა ბიუჯეტში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 2016-2017 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა 6 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის 4 ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ერთი არ შედგა, ხოლო ერთი – შეწყდა. შესაბამისად, განათლების სამინისტრომ 7,9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა დაგეგმა, რაზედაც საბოლოოდ შესყიდვების სააგენტოს თანხმობაც მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს პროგრამაში ჩართული იყო 335 საჯარო სკოლა 578 მარშრუტით, ხოლო წელს – 1213 საჯარო სკოლა 3503 მარშრუტით. საერთო ჯამში 66 000-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს უფასო ტრანსპორტით.
ხობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანასწორობაზე ვიდეოკლიპი გადაიღეს. „არ გამკიცხონ იმის გამო, რომ მიყვარს“, „ჩემი თავისუფლებაა არ მომწონდეს“, „ჩემი თავისუფლება არ არის, ზიანი მივაყენო იმის გამო, რომ მძულს“, – ამ და ბევრ სხვა ფრაზას პიროვნულ, რელიგიურ, თუ სექსუალური ცხოვრების თავისუფლებაზე მე-11 კლასელები აჟღერებენ.
კლიპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორი გაკიცხა, განათლების მინისტრს გადადგომა მოსთხოვა იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს „ამ საქმეს არ გადააყოლებდა“. გაზეთმა არასრულწლოვნების ფოტოები დაბეჭდა წარწერით: „ხობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ლგპტ კლიპში გადაიღეს“.
„ეს ვიდეო მეამაყება და ასეთი გაზეთის აზრი არ მოქმედებს ჩემზე, საერთოდ არ ვნერვიულობ,“ – გვითხრა ხობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. გვიყვება, რომ თანასწორობაზე კლიპის გადაღების იდეა მას გაუჩნდა, როცა სკოლაში „თავისუფლების კვირეული“ ჰქონდათ. ნიკამ თანაკლასელებს და რამდენიმე მასწავლებელს კლიპის სცენარი აჩვენა.
„სტატიაში აბსურდული რაღაც დაწერეს, თითქოს ვიღაც ჯგუფი გვმართავდა და რაღაცაში ჩაგვრთეს. იმაზე ვნერვიულობდი, რომ ჩემი კლასელები ინერვიულებდნენ, თორემ მეტი არაფერი. იყო საუბარი, რომ სკოლას შეუქმნიდნენ პრობლემას. არ მესმის, რა დავაშავეთ? ჩემი აზრით, განათლების სამინისტროს უნდა ჰქონოდა რეაქცია ამაზე და მინისტრს შეეძლო „ფეისბუქში“ მაინც დაეწერა რამე. არ უნდა ვუჩივლოთ ამ გაზეთს, ასე ვფიქრობ, რადგან მათი მიზანიც ესაა, ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ასეთ მედიაგამოცემებს არ უნდა აქცევდეს საზოგადოება ყურადღებას,“- ამბობს მოსწავლე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მასალებზე არ აკეთებენ კომენტარს. რატომ არ გააკეთა სამინისტრომ მოსწავლეების გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერი განცხადება? – „ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მოსწავლეების უფლებები და მათი გამოხატვის თავისუფლება. ამ საკითხზე ვმუშაობთ,“ – გვითხრა ნატა ასათიანმა, განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.
„ასავალ-დასავალმა“ მოზარდების მიმართ სიძულვილის ენის შემცველი სტატია 14 აგვისტოს გამოაქვეყნა.
განათლების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს ცალსახად უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, თუკი მოსწავლეებს თანასწორობასთან დაკავშირებული იდეების გავრცელების გამო თავს დაესხნენ. „შესაძლოა, ასავალ-დასავალს სამინისტრო იგნორირებას უკეთებს, რადგან, ზოგადად, ამ გაზეთში ხშირად იწერება სინამდვილესთან შეუსაბამო ამბები. სამინისტრო, ბუნებრივია, ყველა აბსურდულ განაცხადს ვერ გამოეხმაურება, მაგრამ თუკი პრინციპებს უტევენ, ვსაუბრობ, გამოხატვის თავისუფლებაზე, სამინისტრომ ყველა მსგავს შემოტევას საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან, ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. სამინისტროს შეეძლო არ გამოხმაურებოდა სტატიას, მაგრამ ამ მოსწავლეების და სკოლის მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებია,“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.
„ვაპირებ, მივმართო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ბავშვების უფლებები დაარღვია „ასავალ-დასავალმა“, – ამბობს ნანა ქვარაია, ხობის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი. გვიყვება, რომ ბავშვების ფოტოების გამოქვეყნებამდე ამავე გაზეთში სხვა სტატიაც დაიბეჭდა, სადაც ეწერა, რომ ბავშვები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიყვანეს შეცდომაში.
„სტატიის შემდეგ მშობლებს შევხვდი. რამდენიმემ გაზეთის რედაქციაში დარეკა და გააპროტესტა ის, რაც დაიბეჭდა და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს ჟურნალისტისგან. რამდენიმე დღეში ანალოგიური შინაარსის მასალა გამოქვეყნდა, ამჯერად უკვე ბავშვების ფოტოებით,“ – დასძენს ნანა ქვარაია.
„გადასარევი კლიპი იყო გადაღებული, არაფერი სასწაული არ ყოფილა იქ,“ – ასე აფასებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, მილენა სიორდია ვიდეოკლიპს თანასწორობაზე. კლიპის ჩვენებას საკლასო ოთახში ისიც დასწრებია. მილენა სიორდიას მიაჩნია, რომ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ ბავშვების უფლებები დაარღვია. „სხვა მშობლებთან ერთად მოვიპალაპარაკებთ, ვუჩივლოთ თუ არა. ვფიქრობ, უნდა ვუჩივლოთ,“ – ამბობს მილენა.
რა მიზნით გამოაქვეყნა გაზეთმა ბავშვების ფოტოები? – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ფიქრობს, რომ მიზანი ცალსახად ჩანს – ბავშვების დისკრიმინაცია.
„ჟურნალისტურ ეთიკაში ხაზგასმით და ცალსახად არის მინიშნება იმაზე, რომ ჟურნალისტმა, პირველ რიგში, უნდა დაიცვას ბავშვის ინტერესები, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სენსიტიურ საკითხებს. ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს ბავშვის სტიგმატიზებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მან არ უნდა შეუწყოს ხელი, ვინმეს მოუნდეს ბავშვისთვის სამაგიეროს გადახდა, ან ბავშვის დისკრიმინაცია, საზოგადოებიდან გარიყვა. ფაქტობრივად, ამ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ეს ფოტოები ზუსტად იმ ნიშნით, რომ მომხდარიყო მათი დისკრიმანიცია, რომ სანიმუშოდ გამოეყვანა ბავშვები, ვინც უნდა დაგმოს საზოგადოებამ. ვფიქრობ, ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ამ სტატიას აქვს,“ – მიიჩნევს ნატა ძველიშვილი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გარდა, მოსარჩელეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს სამოქალაქო წესით „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების“ კანონის დარღვევის გამო.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვახტანგ ბერიძის სარჩელი. ეს მოქალაქე შუახევის კულტურის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასაჩივრებდა. მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს ნებისმიერ დროს აქვს, მათ შორის, დარღვევის არარსებობის შემთხვევაშიც.
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული ის გადაწყვეტილებაც ახსენა, რომლითაც ახალი პრაქტიკა დამკვიდრდა.
გასული წლის ბოლოს უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა ლაშა ბერძენიშვილის საქმეზე.
ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი იყო 2015 წლის 23 აპრილამდე. ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, იგი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე გაუშვა სამსახურიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ დასაბუთების გარეშე დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა უსამართლოა იმის მიუხედავად, რომ ააიპ-ის უფროსთან მიმართებაში შრომის კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთობები არ ვრცელდება.
ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბათუმის მერიამ ლაშა ბერძენიშვილი სამსახურში აღადგინა და სამ დღეში ისევ გაათავისუფლა – ამჯერად, კონკრეტული დასაბუთებით, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. ამის მიუხედავად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.
განსხვავებული გადაწყვეტილება ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ მიიღო, რომელმაც თქვა, რომ ბათუმის მერიას ააიპ-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეეძლო, მათ შორის, მაშინაც, როცა ააიპ-ის უფროსს კონკრეტულად არაფერი დაურღვევია, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დავალების ხელშეკრულებასთან და არა შრომის კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებთან.
როცა უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საუბრობდა რისკებზე, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა, რადგან დამკვიდრდებოდა ახალი პრაქტიკა. მაშინ ეს ორგანიზაცია ლაშა ბერძენიშვილის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ახლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ვახტანგ ბერიძეს იცავს და ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად საფუძვლიანი იყო ვახტანგ ბერიძის გათავისუფლება. მინიმუმ უნდა დადგინდეს, გათავისუფლების საფუძვლის კანონიერება. ეს მნიშვნელოვანია საქმიანი რეპუტაციისთვის. მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს საერთოდ არ უმსჯელია, რამდენად სამართლიანი იყო ვახტანგ ბერიძის სამსახურიდან გათავისუფლება და გვქონდა თუ არა სახეზე დისციპლინური გადაცდომა, რაც მიუთითა შუახევის მუნიციპალიტეტმა… მოველოდით კიდეც, როცა მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ ლაშა ბერძენიშვილის საქმის ნომერი გამოაცხადა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოიშველია,“ – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.
ამ ორგანიზაციის კიდევ ერთ იურისტს, ანა ბერძენიშვილს ვკითხეთ, როგორ უნდა შეიცვალოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურის უფროსს ნებისმიერ დროს შეუძლია გაათავისუფლოს არასამეწარმეო იურიდიული პირის უფროსი.
„საკანონმდებლო რეგულაცია უნდა შეიქმნას იმდაგვარი, რითაც კონრკეტულად განისაზღვრება მერიის, ან გამგეობის უფლებამოსილებები ააიპ-ებთან მიმართებაში… ვახტანგ ბერიძესთან მიმართებით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არ გამორიცხავდა იმას, რომ ხელვაჩაურის სასმართლოს ემსჯელა, ადმინისტრაციულ გადაცდომებს ჰქონდა თუ არა ადგილი,“ – მიიჩნევს ანა ბერძენიშვილი.
ვახტანგ ბერიძე 2017 წლის 4 მაისს გაათავისუფლა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ. მანამდე „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იტალიაში იმყოფებოდა.
გამგებელი აცხადებს, რომ მივლინება იტალიაში მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ვახტანგ ბერიძემ „თვითნებურად მიატოვა სამსახური“.
ვახტანგ ბერიძის გათავისუფლების შემდეგ, ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ დირექტორის სავარძელი მაკა მაკარაძემ დაიკავა, რომელიც შუახევის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა, ასევე არის აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის – თეონა ბერიძის ნათესავი.
ფოტოზე: ვახტანგ ბერიძე და შუახევის მუნიციაპლიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა იმ მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც წელს, სექტემბერში, ბათუმში გამართულ ფესტივალზე საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. კინოფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.
ფესტივალის საკონკურსო სექციაში წელს ათი მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები:
[checklist]
პატიოსანი კაცი – მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ.
წვეულება – სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ.
აფრენა – ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017
[/checklist]
მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი და ჟიურის სპეციალური პრიზი. კინოფესტივალის 5 წევრისგან შემდგარ ჟიურის წელს ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი უხელმძღვანელებს.
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი:
[checklist]
აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ.
ბურმის მოთხრობების კრებული, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ.
აჩრდილების ქალაქი, მეთიუ ჰეინმან, აშშ, 2017, 90 წთ.
მზის ქალაქი, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.
თავისუფლების დღე, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.
ჩემი გარეუბნის ისტორია, იუნუს კურკუტ, თურქეთი, 2017
ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.
ცოცხლად დარჩენის მეთოდი, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.
[/checklist]
დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთაშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავმჯდომარე ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება.
მთავარ ფოტოზე: კადრი მარიამ ხიჭვანის ფილმიდან „დედე”. ფოტო: www.gnfc.ge
„აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი,“- უთხრეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. ობსერვატორიის მონაცემებით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი 15-22 მეტრი წამში, ასევე შტორმი ზღვაზე – 4-5 ბალი.
ტემპერატურა დღისით 25-30 გრადუსი იქნება, ღამით 20-25. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ისევ გამოიდარებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, „სხვადასხვა კლინიკაში გადაყვანილია 29 მოქალაქე. პირველადი კვლევების შემდეგ კი დადასტურდა ოთხი საოპერაციო შემთხვევა მოტეხილობის გამო, მათ შორის ორ შემთხვევაში დაფიქსირდა სახის ძვლების მოტეხილობა. დაშავებულთაგან არც ერთს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
დღეს, დაახლოებით დილის ექვს საათზე აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთმანეთს ორი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.
დღეს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთმანეთს ორი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ოთხი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მისივე ინფორმაციით, კლინიკებში ექიმები დილიდანვე მობილიზდნენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემებისა და იურიდიულ სამსახურებს დაევალათ მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა და ამ მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე განთავსების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე, დღეიდან, 2017 წლის 22 აგვისტოდან ამოქმედდა.
საქართველოს სოფლებში სათამაშოების მაღაზიები არ არის, თუმცა ზოგიერთ სოფელში მაინც შეძლებთ სათამაშოს ყიდვას სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების პატარა მაღაზიაში, სადაც ბავშვის სათამაშოებს, ძირითადად, მოკრძალებული ადგილი უჭირავს. არჩევანი დიდი არ არის: რამდენიმე ავტომანქანა, თოჯინა, პლასტმასის პისტოლეტი… რა სათამაშოები აქვთ და რაზე ოცნებობენ ბავშვები აჭარის სოფლებში?
ცხრა წლის ჯაბა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოდან. მისი სათამაშოების კოლექციაში ორი სათამაშო პისტოლეტი, ერთი ავტომატი, თეთრი მექანიკური მანქანა და ერთი ძველი ბურთია. ჯაბა ამბობს, რომ ამ სათამაშოებიდან ყველაზე მეტად სწორედ ამ ბურთით თამაში უყვარს. „ბევრი ვთამაშობთ და სახალისოა“ – ამბობს ჯაბა. იგი სათამაშო მანქანაზე ოცნებობს: „ოღონდ პულტით სამართავი, ამ მანქანაზე უფრო დიდი და წითელი ფერის რომ იყოს“.
ექვსი წლის ანუკი რიჟვაძე სოფელ ვაშლოვანიდან. ანუკის ყველაზე მეტად თოჯინებით თამაში უყვარს, თუმცა მისი სათამაშოების კოლექციაში ძირითადად პლუშის ცხოველები და ბურთებია. თავის სათამაშოებში ყველაზე მეტად ბარბის თოჯინას ნახვა გაუხარდებოდა. ანუკის კიდევ ერთი გასართობი ზღაპრების კითხვაა, ოღონდ -„მზეთუნახავების გარდა“. ყველაზე მეტად წითელქუდასთან, ფიფქიასა და ჩექმებიან კატასთან შეხვედრას ისურვებდა. რომ გაიზრდება, უნდა „სალონისტი“ გამოვიდეს, ანუ სილამაზის სალონი ჰქონდეს.
ხუთი წლის ნია გვიანიძე დაბა შარაბიძეებიდან. მისი საყვარელი სათამაშო ანიმაციური ფილმის პერსონაჟი მაშაა, რომელიც ხელის დაჭერისას მღერის. ნია ამბობს, რომ მას და მაშას ერთნაირი ნაწნავები აქვთ და ამიტომაც მოსწონს ის განსაკუთრებით. ნია მომავალ წელს სკოლაში მიდის და მისი ყველა სურვილი სკოლის ირგვლივ ტრიალებს. ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად ნახატებიან ჩანთას ისურვებდა, მომავალში კი, უნდა რომ დირექტორი გამოვიდეს, „ალბათ სკოლის“.
შვიდი წლის დათო კახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთიდან. დათოს სათამაშოების ძირითად ნაწილს ავტომობილები შეადგენენ. სათამაშო ავტოპარკიდან ყველაზე მეტად თეთრი მანქანა მოსწონს, ის სხვა მანქანებისგან განსხვავებით მეტალისაა. დათო ამბობს, რომ მისთვის ყველაზე სასურველი სათამაშო ლურჯი ფერის, პულტით მართვადი თვითმფრინავია. როცა გაიზრდება, უნდა პოლიციელი გამოვიდეს.
ხუთი წლის ანი შარაბიძეს ხულოს სოფელ დიდაჭარიდან, ყველაზე მეტად ხატვა უყვარს. აქვს ბევრი ფანქარი, მაგრამ არ აქვს ფლომასტერები. ამბობს, რომ სათამაშოებზე მეტად სახატავ ინვენტარსა და გასაფერადებლებს ისურვებდა. ანის თქმით, სახლში თამაშისას და ხატვისას მისთვის ყველაზე მყუდრო ადგილი მაგიდის ან ლოგინის ქვეშაა – „აქ დამალობანასაც ვთამაშობ და იმიტომ“. ანის ხატვის უკეთ სწავლა სურს.
ექვსი წლის ელენე კონცელიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისიდან. იგი უმეტესად ამ თოჯინით თამაშობს. თოჯინას ნინი ჰქვია. ელენე ამბობს, რომ მისი ოცნების სათამაშო ამავე ზომის ახალი თოჯინაა, ოღონდ გრძელი თმითა და წითელი კაბით. რომ გაიზრდება, უნდა მწერალი გამოვიდეს. „ჯერ არაფერი დამიწერია, მაგრამ მინდა, რომ ბავშვებზე დავწერო ლექსებიო,“ – ამბობს. ელენეს ძმა, ზაური, ოთხი წლისაა. მისი საყვარელი სათამაშო პლუშის ძაღლია, რომელიც თამაშისას მგლის როლს ასრულებს. ზაურს ყველაზე მეტად სათამაშო თოფი სურს, რომლითაც ნადირობანას ითამაშებდა.
ოთხი წლის ნოდარ ცეცხლაძე სოფელ თაგოდან. თაგოში საბავშვო ბაღი არ არის, ამიტომ ნოდარი ძირითად დროს სახლში ატარებს. ნოდარს მანქანებით თამაში უყვარს. თავის სათამაშოებში ყველაზე მეტად წითელი ფერის ჯიპი მოსწონს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად კიდევ ერთ ჯიპს ისურვებდა, ოღონდ უფრო დიდს, ყვითელს და პულტით სამართავს. კითხვაზე, თუ ვინ უნდა გამოვიდეს როცა გაიზრდება, ნოდარს კარნახობენ, რომ ექიმი, თუმცა იგი ჩუმად გამოგვიტყდა, რომ მძღოლობა უნდა.
ექვსი წლის მარი იაკობაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა შარაბიძეებიდან. მისი საყვარელი სათამაშო სამზარეულოს ინვენტარია, რომლითაც სახლობანასა და მზარეულობანას თამაშობს. მარი ბარბის თოჯინასა და მის სახლზე ოცნებობს. „ბარბის სახლში შეიძლება იყოს ის, რაც არის ნამდვილ სახლებში. მინდა, ბარბის თეთრი თმა ჰქონდეს და „ელზას“ ცისფერი კაბა ეცვას“, – ამბობს მარი. მარის და, ანანო იაკობაძე, 8 წლისაა. ისიც სათამაშო სახლზე ოცნებობს, ოღონდ მისი თოჯინის პერსონაჟი ანიმაციური ფილმის პერსონაჟის, ელზას და – ანაა. ანანოს უნდა, რომ ცეკვის მასწავლებელი გამოვიდეს.
„ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ 191 879 ლარი აქვს გათვალისწინებული ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის შენობის გასარემონტებლად. შენობა მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. აშენებულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში. თავდაპირველად ფუნქციონირებდა სხვა დანიშნულებით, ამჟამად განთავსებულია სამეცნიერო ლაბორატორიები და კაბინეტები.
შენობა იმ პროექტის მიხედვით გარემონტდება, რომელიც „ბოტანიკურმა ბაღმა“ შეისყიდა. სარემონტო სამუშაოებზე კი ცალკე ტენდერია გამოცხადებული. ტენდერი პირველ სექტემბერს დასრულდება. შენობა კი გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღეში უნდა გაარემონტოს. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ერთი წელია.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის შენობა / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
ტექნიკური დავალების მიხედვით, „შენობის გაბარიტული ზომებია 23.2X45.8მ. სიმაღლე – 10.3 მ. შენობას გააჩნია სარდაფი 1.9 მ. სიმაღლის… გამოიცვლება ძველი ხის კარ-ფანჯრები, მოეწყობა ხის იატაკი, მოიხვეწება იატაკები, შეილესება და შეიღებება კედლები და ჭერები. კედლებზე ზოგან შპალერი. გამოიცვლება რამდენიმე ოთახში სართულშუა გადახურვის კოჭები, მოეწყობა ახალი იატაკი, გარე ფასადზე მეორე სართულზე მოეწყობა ახალი აივნის ქოლგა და მოაჯირი. გამოიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციების დაზიანებული ელემენტები ნაწილობრივ. აგრეთვე გამოიცვლება ძველი კრამიტისა და თუნუქის სახურავი, მოეწყობა ახალი სახურავის ბურვილი, ფასადზე მოეწყობა ახალი წყალსაწრეტი მილები და ძაბრები“.
ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ ფინანსდება როგორც ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან, ასევე მას აქვს საკუთარი შემოსავლები შესასვლელი ბილეთების, ნერგების და სხვა საქონელისა და მომსახურების რეალიზაციიდან.
აუდიტის ინფორმაციით, 2014 წელს ბოტანიკურმა ბაღმა ბიუჯეტიდან 1 093 421 ლარი მიიღო, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან – 1 506 838 ლარი. 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო, შესაბამისად, 1 158 208 და 1 685 174 ლარი.
2016 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონ 399 ათასი ლარის გარდა, ამავე წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბოტანიკურმა ბაღმა, ბაღის ბუღალტრის, ზინა გელაძის ინფორმაციით, „შიდა შემოსავლების სახით დაგეგმილზე მეტი – 1 მილიონ 630 ათასი ლარი მიიღო“.
როგორც მაშინ ზინა გელაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებიდან 717 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურებაზე იხარჯება. ხელფასებზე დაიხარჯება შიდა შემოსავლებიდან მიღებული 1 მილიონ 9 ათასი ლარიც. ბოტანიკურ ბაღში 187 შტატია. დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 400 ლარია, საშუალო – 600 ლარი, მაქსიმალური კი – 1 650 ლარი.
ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხა – 316 101 ლარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაანაწილა. ბიუჯეტით ქობულეთის რამდენიმე სოფელში ახალი სპორტული მოედნის მოწყობა, რამდენიმე სოფელში კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია დაიგეგმა.
გარდა ამისა, 54 000 ლარით გაიზარდა გამგებლის სარეზერვო ფონდი. სულხან ევგენიძე აქამდე განკარგავდა სარეზერვო ფონდს, რომლის ბიუჯეტიც აქამდე 150 000 ლარი იყო.
ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ბონდო თედორაძემ. მისი თქმით, ციფრები, რომლებიც ბიუჯეტში ახალი პროექტების დაფინანსების ნაწილში აისახა, ოპოზიციას კითხვებს უჩენს. მათ აინტერესებთ, რატომ გაითვალისწინეს ბევრად მეტი თანხა არსებული მოედნების რეაბილიტაციისთვის, მაშინ როცა ბევრად ნაკლებია გათვალისწინებული ახალი მოედნების გაკეთებაზე:
„… ჩვენი ვარაუდით ამ ტენდერებს მოიგებენ კომპანიები, რომლებიც შემდეგ დიდ თანხებს შეწირავენ ოცნებას“, – ამბობს ენმ-ის წევრი.
გამგებლის მოადგილის მალხაზ რომანაძის განმარტებით, ახალი და სარეაბილიტაციო მოედნების პროექტი და, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვაც გამგეობამ უკვე შეისყიდა: „ძველი სტადიონები არსებულის რეაბილიტაციას და შემდეგ ახლის გაკეთებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზოგიერთი მოცულობით უფრო დიდია“, – ამბობს გამგებლის მოადგილე.
ბიუჯეტში ცვლილებები ერთი ახალი პროგრამის დამატებასაც ითვალისწინებს. გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პირველი სექტემბრიდან ჯანდაცვის ახალი მიზნობრივი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის მობილური გუნდის მომსახურებას ითვალისწინებს. პროგრამისთვის 25 800 ლარია გათვალისწინებული. საწყის ეტაპზე ერთი მობილური გუნდი დაფინანსდება, რომელმაც თვის განმავლობაში 50 პაციენტთან ბინაზე ვიზიტი და მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა უზრუნველყოს.
ბათუმში, რესტორან“ ისტანბულის“ უკან, პატარა, საერთო ეზოში შესვლისთანავე ზაფხულის სიცხე ორმაგდება. ეზოში რესტორნის კონდიცირების სისტემა გამოდის, სამზარეულოს ორთქლი, ნახშიროჟანგი გამწოვებიდან…
რესტორანი „ისტანბული“ ქუთაისის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. რესტორნის უკან მდებარე იტალიურ ეზოში რვა ოჯახი ცხოვრობს. მათგან ყველაზე ახლოს, რესტორნის სამზარეულოს უკანა შესასვლელთან, სვეტლანა ლიხვაროვას ბინაა.
„ნახეთ, თერმომეტრი 34 გრადუსს აჩვენებს, არადა, საღამოს 10 საათია უკვე,“ – პირველად ამას მეუბნება სვეტლანა, როცა მის პატარა ბინაში შევდივარ ეზოს პირველ სართულზე. მერე ჰაერის გამაგრილებელს ჩემს სკამთან ახლოს დგამს და იწყებს:
„43 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი დედა, მამა, ძმაც აქ ცხოვრობდნენ. ახლა როგორ მივატოვო აქაურობა?“ – მეკითხება და დაძაბულ მზერას ფანჯრისკენ აპარებს, საიდანაც ხელისგულზე ჩანს რესტორან „ისტანბულის“ სამზარეულო. მზარეულები აჩქარებული ნაბიჯებით მიდი-მოდიან, ხმაური არ წყდება. სვეტლანას ფანჯარასთან მაგიდა უდგას, სკამები. ოთახის სიღმეში საწოლია და კარადა. მეუბნება, რომ მისი ცხოვრება ბოლო რამდენიმე თვეა აუტანელი გახდა.
„კარგია ბიზნესი, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? რესტორანი მთელი დღე და ღამე შეუჩერებლად მუშაობს, 40 ადამიანი მუშაობს, როგორც ვიცი… თავიდან საშინელი სუნი გამოდიოდა გამწოვებიდან. მერე ის მილები ცოტა მაღლა ასწიეს, მაგრამ ისევ სიცხეა, აუტანელი ხმაური… როცა გავაპროტესტე, დამელაპარაკა რესტორნის ხელმძღვანელის ახლობელი. მითხრა, ყოველდღე შეგიძლია ჩვენს რესტორანში უფასოდ ისადილო და თვეში 100 ლარსაც მოგცემთო. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ეს შეთავაზება. ბინას გიქირავებთო, ესეც მითხრეს, მაგრამ ბავშვი ხომ არ ვარ, იქეთ-აქეთ ვირბინო? რატომ უნდა გადავიდე სადმე, არ მესმის. ნორმალურად ცხოვრება მინდა. აქამდე არავისთან კონფლიქტი არ მქონია, სანამ ეს რესტორანი არ გაიხსნებოდა,“ – გვიყვება სვეტლანა. ის ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. მეუბნება, რომ თუკი სასამართლო ვერაფერს შეცვლის, ბოლომდე იბრძოლებს, რადგან ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ.
სვეტლანა ლიხვაროვასთან სტუმრობამდე „ბათუმელები“ სასამართლო პროცესს დაესწრო, სადაც რესტორან „ისტანბულის“ წინააღმდეგ განიხილებოდა ადმინისტრაციული დავა. მიმდინარე წლის 20 ივნისს რესტორნის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეადგინა. ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით, რესტორნის გამწოვის მილებიდან გამოსულმა ნაჯერი ნახშირყალბადების ოდენობამ 39 მგ შეადგინა მაშინ, როცა დასაშვები ნორმა მხოლოდ 1 მგ.-ია. ნახშირწყალბადების ოქსიდმა 11,45 მგ შეადგინა [დაშავები ნორმა არის 5 მგ].
რესტორან „ისტანბულის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხმაურის გამო შეადგინა. დასკვნის მიხედვით, კანონით დასაშვები 65 დეციბალის ნაცვლად, იტალიურ ეზოში 77.7 დეციბალი დაფიქსირდა.
„ყურს თუ მიადებს ახლა მოტორს, იქნება ხმაური,“ – უთხრა მოსამართლე სალიხ შაინიძეს გია დუმბაძემ, რესტორან „ისტანბულის“ დირექტორმა. მერე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტისკენ გაიხედა და უთხრა: „საერთოდ, იტალიური ეზო არის საერთო. შეიძლება, მეც მაწუხებს ხმაური, რა ვქნათ? ხმაური უნდა გაგეზომათ ეზოში და არა უშუალოდ დანადგართან“.
„ასე იზომება საერთოდ, ხმაურის წყაროდან 2 მეტრის რადიუსში“, – უპასუხა რესტორნის ხელმძღვანელს ქეთევან ჯორბენაძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა. მისი განმარტებით, ლაბორატორიული კვლევა ხმაურსა და ჰაერში ნახშირწყალბადების შემცველობაზე თბილისიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. სპეციალისტებისვე დასკვნით, მოქალაქის მიმართ მიყენებულმა ზარალმა 3 ათასი ლარი შეადგინა. სარჩელის მოთხოვნა ჯარიმასთან ერთად, 3 ათასი ლარის ოდენობით ზარალის ანაზღაურებაცაა.
„უნდა დადგინდეს, ზუსტად ამ რესტორნის გამწოვიდან თუ იყო გამოფრქვეული ეს ნაჯერი ნახშირწყალბადები. იქ სხვა რესტორნებიცაა, ქარი ამ ჰაერს ხან აქეთ წაიღებს, ხან – იქეთ. არავის დაუდგენია, რომ ჰაერის დაბინძურება მაინცადამაინც რესტორანმა „ისტანბულმა“ მოახდინა,“ – აღნიშნა ადვოკატმა ალეკო ბერაიამ. იგი სასამართლოში რესტორან „ისტანბულის“ ინტერესებს იცავს. ადვოკატმა მოწმის სახით იმ სპეციალისტის დაკითხვა მოითხოვა, ვინც დასკვნები დადო.
„იმ ეზოში სხვა რესტორნის აგრეგატები არ დგას,“ – მოკლედ უპასუხა რესტორნის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტის იურისტმა.
„საკმაო დროა გასული და რატომ არ ჩაატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, თუ ამ კვლევის შედეგს არ ენდობით?“ – იკითხა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
რესტორნის დირექტორმა გია დუმბაძემ მოსამართლეს პასუხი გასცა: „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გვითხრეს, რომ ხმაურზე ექსპერტიზას ვერ ატარებენ და ნახშირწყლებზე ექსპერტიზის ჩატარება 800 ლარი ჯდებაო, ჯარიმა 500 ლარია და რა აზრი ჰქონდა.“
გია დუმბაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ სტანდარტების შესახებ აქამდე ინფორმირებული არ იყო და ყველაფერი გამოასწორა, მილები მაღლა ასწია, რის გამოც ნახშირწყლებისგან ჰაერი აღარ ბინძურდება და ეზოში სუნიც არ დგას: „გარდა ამისა, ჩამოვიტანე სპეციალური მოტორი გამწოვებისთვის, ამუშავებს ჰაერს და ისე გამოდის გარეთ. რაც მთავარია, იმ ქალბატონს აღარ აქვს პრეტენზია, ვის გამოც ეს ოქმები შედგა“.
„ის ქალბატონი დღესაც იყო მოსული ჩვენთან…“ – ჩაილაპარაკა ქეთევან ჯორბენაძემ.
„ვუთხარი, ბინას გიქირავებთ-მეთქი და გადავიდეს მაშინ, რა გავაკეთოთ, აბა? დამწყები ბიზნესმენი ვარ. მე ახალ ბინას ვერ ვუყიდი“, – თქვა რესტორნის დირექტორმა.
მოსამართლე: „გასაგებია, რომ თქვენ გაქვთ ბიზნესი, მოგებაზე ხართ ორიენტირებული, მაგრამ ცხოვრობს იქ ადამიანი“.
სასამართლოს შემდეგ სხდომაზე მოწმის სახით სპეციალისტი დაიკითხება, ვინც ჰაერის დაბინძურებასა და ხმაურზე დასკვნები დადო. სხდომის დასრულებამდე მოსამართლემ რესტორნის დირექტორს ჰკითხა: რა მოლოდინი გაქვთ, რა უნდა გვითხრას სპეციალისტმა? ფიზიკასა და ქიმიაში უკეთ გარკვევა თუ გვინდა, ამისთვის აჯობებს უნივერსიტეტს მივმართოთ…“
აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა.
სხდომაზე დღეს, 22 აგვისტოს, განიხილავენ ბათუმში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახის დახმარების საკითხს. თითოეულზე 5 000 ლარის ოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული. მთავრობის ინფორმაციით ამ ოჯახებს 5 000 – 5 000 ლარით უკვე დაეხმარა ბათუმის მერია.
კომისია განიხილავს ასვევ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 18, 19 და 23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 3 კორპუსის აღდგენის დაფინანსების საკითხს. მთავრობის ინფორმაციით ამ კორპურების აღდგენისათვის გათვალისწინებულია 58 964 ლარის გამოყოფა.
დღესვე იმსჯელებენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში არსებულ სოციალურ სახლში, 14 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების თაობაზე.
მთავრობის ინფორმაციით 2017 წელს, შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით აჭარის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულ 178 ოჯახის დახმარების მიზნით გამოიყო 2 814 564 ლარი. 139 ოჯახს კი საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა.
დაცული იყო თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 17 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა? – „ბათუმელების“ კითხვაზე ბათუმის მერიაში დღეს, 21 აგვისტოს გვითხრეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნის, დაშავების, ან გარდაცვალების ტენდენცია გრძელდება. ბათუმის ქუჩებში ზედიზედ შეგიძლიათ ნახოთ მშენებლობები სამშენებლო ბადეების, ან მოაჯირების გარეშე.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ საკითხში გარკვევის შემდეგ გვითხრა, რომ მშენებლობას ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ორბი“ აწარმოებს და სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით იგი ამ დრომდე გაფრთხილებული არ ყოფილა.
„არ იყო დაწყებული მშენებლობა, მიმდინარეობდა მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. მე დავუკავშირდი ამ კომპანიაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს და მითხრა, რომ მუშა სამშენებლო კონსტრუქციიდან, დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. ეს კომპანია ამ დღეებში წარმოგვიდგენს მასალებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუკი დავაფიქსირეთ დარღვევა,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ.
რომ არ ჩამოვარდნილიყო მუშა, როდის შეამოწმებდა მერიის ზედამხედველობის სამსახური სამშენებლო ობიექტს? – ირაკლი მოქია განმარტავს, რომ უსაფრთხოების კუთხით ობიექტს ამოწმებენ მას შემდეგ, როცა 7 მეტრზე მეტია აშენებული: „ყოველი შვიდი მეტრის აშენების შემდეგ კომპანიამ უნდა წარმოგვიდგინოს ანგარიში. შემოწმება, ძირითადად, ხდება ვიზუალური დათვალიერების დროს, ან როცა სატელეფონო შეტყობინება შემოდის. სხვა ვალდებულებას ჩვენ კანონი არ გვაკისრებს“.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს ვკითხეთ სამშენებლო ბადეებზეც, რასაც მიმდინარე მშენებლობების უმრავლესობაზე ვერ ნახავთ.
„ბადე არ არის აუცილებელი, რადგან ის სამშენებლო მტვრის გარდა, ვერაფერს აკავებს. ბადე აუცილებელია იმ შემთხვევაში, როცა მშენებლობას გააჩნია სამეზობლო მიჯნა,“ – ამბობს ირაკლი მოქია.
2016 წელს, ბათუმში გამართულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშენებლობებია, კერძოდ კი ის, რომ მშენებლობები არ არის შემოსაზღვრული სპეციალური დამცავი ბადეებით. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალი იყო.
არსებობს ბათუმში ისეთი მშენებლობა, სადაც სამეზობლოს სამშენებლო მტვერი არ შეაწუხებს? – ირაკლი მოქია მიიჩნევს, რომ არსებობს. ამის მაგალითად იგი ხიმშიაშვილის ქუჩას გვისახელებს, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიას, საიდანაც მუშა ჩამოვარდა.
სამშენებლო ბადეების მოწყობაზე გადაწყვეტილებას ზედამხედველობის სამსახური იღებს. ირაკლი მოქიას თქმით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა სამსახურს სამშენებლო კომპანიისთვის ბადის განთავსების დავალებისთვის თავი აერიდებინოს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ქალაქში მიმდინარე მშენებლობებიდან წელს 40 შემთხვევაში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება. აქედან 18 კომპანიას სამსახურის რეკომენდაცია შეუსრულებია, 22 შემთხვევაში კი საქმისწარმოება გრძელდება. ირაკლი მოქიას თქმით, დარღვევები, ძირითადად, მშენებლობებზე უსაფრთხოების კუთხით ღობეების არარსებობას უკავშირდება.
მერიის წარმომადგენელს ასევე ვკითხეთ შემთხვევაზე, როცა სამშენებლო კომპანიას ტროტუარზე გამოკრული აქვს განცხადება და გამვლელებს აფრთხილებს, რომ 20 მეტრის მონაკვეთში მოძრაობა, ან ავტომანქანის გაჩერება მშენებლობის სიახლოვეს სახიფათოა.
„როგორც ჩანს, კომპანია იზღვევს თავს და ირიდებს პასუხისმგებლობას. მე არ მინახავს ასეთი განცხადება. კანონით არის განსაზღვრული მშენებლის პასუხისმგებლობა სამშენებლო უსაფრთხოებაზე და ბუნებრივია, მსგავსი განცხადება ვერაფერს შეცვლის,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.
„ბათუმელებმა“ მშენებლობის უსაფრთხოების პრობლემები მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩაზე გავლის დროს დააფიქსირა. ამ მშენებლობიდან ნარჩენები პირდაპირ ტროტუარებზე ცვივა. გარდა ამისა, თვალშისაცემია სამშენებლო მტვერი, რომლითაც დაფარულია როგორც სახლები, ისე გარშემო მცენარეები.
2017 წლის 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დაბა ქედაში, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გამართავენ დისკუსიას თემაზე:
„რატომ კლავენ კაცები ქალებს“
მოდერატორი:ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.
მომხსენებელი:თიკო ცომაია, პროფესორი, პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
დისკუსია იმართება ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. დისკუსიის დროს გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
„მთელი ცხოვრება პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობდი, არაფერი დამიშავებია. დავფიქრებულვარ, ციხეში რომ მოვხვდე, შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავძლებ, ვერ შევეგუები-მეთქი, მაგრამ იქ ყოფნის დროს მივხვდი, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება, იმ ცუდ პირობებსაც ეჩვევი“, – თავისთვის დამახასიათებელი აუღელვებელი და მშვიდი ტონით მეუბნება 40 წლის ტარიელ აბაშიძე ამ სიტყვებს. ტარიელი ყოფილი პატიმარია, 2010-2013 წლებში გლდანის მერვე ციხეში გაატარა 314-ე მუხლით – ჯაშუშობის ბრალდებით.
პროფესიით სამხედრო პილოტია. პილოტის პროფესიის შესწავლას 2000 წელს შეუდგა, 25 ადამიანი შეარჩიეს მთელს აჭარაში, ეძებდნენ რუსული ენის მცოდნეებს, ტარიელი ერთ-ერთი აღმოჩნდა ამ 25 ადამიანში. გამოცდებით, ჩათვლებით, ინტენსიური მეცადინეობით 25 ადამიანისგან საბოლოოდ 13-მა გააგრძელა ეს საქმიანობა. წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მსახურობდა ტარიელი, ვიდრე 2010 წლამდე, როცა ის დააკავეს. ტარიელის თქმით, ბრალდებას ერთადერთი ნივთმტკიცება ჰქონდა – 9 ადამიანის ოთახიდან ამოღებული მიკრო-მეხსიერების ერთნაირი ბარათები. ამბობს, რომ ეს ბრალდება იმდროინდელ ხელისუფლებას პიარისთვის სჭირდებოდა.
ტარიელისთვის ყველაზე რთული ფეხმძიმე ცოლის დატოვება აღმოჩნდა, ერთი წლის განმავლობაში კაცს აეკრძალა სატელეფონო თუ რამე სხვა სახის კონტაქტი ოჯახთან, ოჯახზე ამბებს მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით იგებდა. ციხეზე მისი წარმოდგენები ძალიან მწირი იყო, არ იცოდა შიგნით რა დახვდებოდა – ელოდა, რომ კარგი არაფერი იქნებოდა იქ, მაგრამ არც მთლად ისე წარმოედგინა, რაც შიგნით დახვდა – ბადრაგთან პირველი კონტაქტის დროს მიხვდა, რომ ციხეში სასტიკი პირობებში მოუწევდა ყოფნა.
„პირველი ოცი დღე კარანტინში გავატარე, მე რომ შევედი 26-ე ვიყავი ექვსკაციან საკანში. იყო ცარიელი საწოლები, არც ზეწრები, არც ლეიბები, არც საპონი, არც ჭურჭელი, არაფერი საერთოდ. თითო საწოლზე 2-2 ადამიანი იძინებდა მორიგეობით, დანარჩენები ფეხზე ვიდექით. არ გვაძლევდნენ ხმის ამოღების საშუალებას, დაინახავდნენ რომელიმე პატიმარს ჩაძინებულს, დაუვლიდნენ მთელ საკანს და უმოწყალოდ სცემდნენ. ისე გადიოდა თვეები, პატიმრები ჰაერზე არ გავდიოდით, ბანაობენ იყო კვირაში ერთხელ, ისიც 5 წუთით. მიზეზებს არ ხსნიან“.
კარანტინის შემდეგ პატიმარი ჩვეულებრივ საკანში გადაიყვანეს, შედარებით უკეთეს პირობებში. კითხვაზე, თუ რა ხდებოდა ციხეში, იყო თუ არა ძალადობრივი ან სასტიკი მოპყრობა ბადრაგების მხრიდან, ტარიელი ამბობს, რომ სასტიკი მოპყრობა იყო და გახსენება რთულია, ბევრი რამე ახსენდება და არც იცის რომლით დაიწყოს, არეულად ყვება ხან ერთი სისასტიკის გამოვლინებას, ხან მეორეს.
„შემოვიდნენ ერთ დღეს, ერთ-ერთი კამერაში პატიმარს პურის ნამცეცები გადაუყრია ფანჯრიდან ჩიტებისთვის, შემოვიდნენ და წყლიანი ბოთლებით გვცემეს ყველა წვივებზე, იყო ლოგინის ქვეშ შეწიხლვა, ცემა არაფრის გამო, უმიზეზოდ, უაზროდ. ერთი დღე არ გავიპარსე წვერი და მაგის გამოც ვუცემივარ”.
პატიმრებს ხმამაღლა ლაპარაკი ეკრძალებოდათ, ხმაური, სიცილი, გადალაპარაკება საკნიდან-საკანში შეუძლებელი იყო. ტარიელიც ძველ ჩვევას ვერ ტოვებს, ჩურჩულით მელაპარაკება, მიყვება სასტიკ ამბებს აუღელვებლად, ტონს არ იცვლის, არც ინტონაციას, ვერც დიდად ემოციებს შეატყობ სახეზე, რაც უფრო დიდხანს ლაპარაკობს, უფრო და უფრო უდაბლდება ხმა, ჩურჩული ყველგან, სიჩუმე სახლში, სიჩუმე სადარბაზოში, სიჩუმე სატელეფონო საუბრების დროს, წინ თვითონ მიდის, უკან ჩუმად მივყვები, ხმას არ იღებს, ჩუმად მესალმება, სადარბაზოსკენ დამნაშავესავით მიიპარება. ჩუმად არიან ოჯახის წევრები, ბავშვები გვიყურებენ, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. სიჩუმე აბაშიძეების ოჯახის განუყოფელი ნაწილია.
პატიმრობიდან ერთი წლის შემდეგ ოჯახთან პაემანი დაუნიშნეს, 400 კილომეტრი გაიარა ტარიელის ცოლმა მცირეწლოვან შვილებთან ერთად და არ შეუშვეს, არც ის აუხსნეს, რატომ. ტარიელი ამბობს, რომ მათ არ სჭირდებოდათ არაფრის ახსნა.
ტარიელმა ამ პირობებშიც მოახერხა მეგობრების შეძენა, საკანში ყველა ცდილობდა გაფრთხილებოდნენ ერთმანეთს. იცოდნენ, თუ ერთი დააშავებდა, აუცილებლად ყველას დასჯიდნენ, ამიტომ აკონტროლებდნენ ერთმანეთს, არ აძლევდნენ აღელვების და სისულელეების კეთების უფლებას. ყველა ერთად იდგა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტარიელს ერთი წელი არაფერი უკეთებია. ამბობს, რომ ყოველ მეორე დღეს მიცვალებულები გაჰყავდათ ციხიდან… ამ ყველაფერს გადახარშვა და დავიწყება სჭირდებოდა. შვილი ვერ ცნობს, ბიძიას ეძახის, ერთი წელი ცდილობდა, რომ ნორმალური ცხოვრება დაეწყო, დაევიწყებინა ყველაფერი ის, რასაც სამი წელი უყურებდა, მაგრამ რამდენად დაივიწყა, ეს სხვა ამბავია. ფაქტია, რომ დღემდე ჩურჩულით ლაპარაკობს და ნერვიულობს უფროსი შვილზე, რომელზეც პატრულის მანქანაც კი ძალიან ცუდად მოქმედებს.
სცადეს კიდეც თავისი პროფესიით მუშაობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, – არავის სჭირდება პილოტი. ამბობს, რომ რთულია ქვეყნის მოღალატის სტატუსით ცხოვრება, ამაზე მძიმე არაფერია, ვერსად იმართლებს თავს. სხვა ქვეყანაში იმუშავებდა თავისი პროფესიით, მაგრამ 7 წელია არ უტარებია ვერტმფრენი, ეს კი ძალიან დიდი დროა პილოტისთვის, რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება.
ფოტო: Wikipedia.org
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ტარიელი უქმად არ ზის სახლში, ძალიან სწრაფად შეისწავლა მღებავის ხელობა და მუშაობს ხელოსნად, შემოსავალი არ არის ბევრი, მაგრამ სტაბილურობის შეგრძნება ძალიან ბევრს ნიშნავს ტარიელისთვის. სამომავლო გეგმებზე ბევრს არაფერს ამბობს, უნდა, რომ მოღალატის დაღის გარეშე იცხოვროს.
ძალიან ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ სამხედრო პილოტებს, როცა მათ ამ პროფესიის შესწავლა დაიწყეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტარიელმა ციხის კედლებისა და ბადრაგის სასტიკი მოპყრობის გარდა ვერაფერი მიიღო.
ჩუმად დამემშვიდობა, მომიხურა კარი, გარეთ კი ხმაური დამხვდა, ადამიანები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ეხუმრებოდნენ ერთმანეთს, წუხდნენ ცხელი ამინდის გამო, გამყიდველი ქალი ხალისით ალაგებდა სხვადასხვა ხილს დახლზე.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმროპროექტს წარმოადგენს.
https://youtu.be/dDOksf7DO0g
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ინვესტორი კომპანიის „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვანო ლომიძესთან ერთად ჩაუყარა.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ზურაბ პატარაძის თქმით, ქობულეთში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, რომელიც საკურორტო ზონას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
40 000 კვ/მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.
,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო ქობულეთში. მინდა გავიხსენო შეხვედრები მოსახლეობასთან, მათ შორის წინასაარჩევნო შეხვედრები. ძალიან ბევრი ქობულეთელი თანაქალაქელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ძირითადად აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ბათუმისკენ. შენდება დიდი სასტუმროკომპლექსები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დიდი პროექტები ხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში და ქობულეთში ინვესტიციები უხვად არ არის. და იყო თხოვნა, იქნებ გაითვალისწინოთ და რეკომენდაციები მისცეთ ინვესტორებს ქობულეთშიც განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები. მიხარია, რომ დღეს უშუალოდ ქობულეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი დაიწყო: 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ამ პროექტში და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
40 000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შევა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.
40 000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი. სასტუმროს ექნება 220 ნომერი, არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები.
40 000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შევა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.
კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ,,Crystal Building“- ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.
40 000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შევა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.სასტუმროს მაკეტი