მთავარი,სიახლეები

„შავ სიაში“კომპანიის მოხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა

23.08.2017 • 2266
„შავ სიაში“კომპანიის მოხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა

„შავ სიაში“ კომპანია „მომავლის ფერმერის“ ჩასმას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა. ამ კომპანიას, ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ინოვაციური პროგრამა „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ უნდა განეხორციელებინა. ექსტენცია ადგილზე ფერმერის თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმირებას გულისხმობს. სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა კომპანიის „შავ სიაში“ ჩასმაზე.

კომპანიასთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ შეწყვიტა, როცა შემსრულებელმა – „მომავლის ფერმერმა“ სამუშაოს შესრულებისთვის ვადის გახანგრძლივება ითხოვა. მაშინ ამ კომპანიის დირექტორმა, რუსუდან გიგაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვერ იპოვა ადამიანები, ვისაც პროგრამით უნდა ესარგებლა, ხოლო სია, რომელიც სამინისტრომ მიაწოდა „მკვდარი სულებით იყო სავსე“.

„მკვდარი სულების არსებობა“ სამინისტროს არ უარუყვია, მაგრამ განაცხადა, რომ მიწოდებული სიებით შესაძლებელი იყო ფერმერების შერჩევა.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და კომპანიის „მომავლის ფერმერის“ შავ სიაში ჩასმა მოითხოვა. სამინისტრომ კომპანიას ასევე დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 9 ათასი ლარის გადახდა. კომპანიამ პირგასამტეხლო არ გადაიხადა და სასამართლოს მიმართა.

„ჩვენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ასევე მოვითხოვეთ სასამართლოსგან, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ მიეღო გადაწყვეტილება „შავ სიაში“ ჩასმის შესახებ. სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა“, – ამბობს კომპანია „მომავლის ფერმერის“ იურისტი, ნათია ხითარიშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აქაც სამინისტროს კომპანიის „შავ სიაში“ ჩასმაზე უარი უთხრეს.

„კანონი გვავალდებულებს, როცა შემსრულებელი არ ასრულებს ხელშეკრულებას, ამ დროს უნდა მივმართოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თხოვნით – კომპანია ჩაისვას „შავ სიაში“. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ უკვე სააგენტოს ნებაზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა კომპანია „შავ სიაში“. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ იყო საჭირო კომპანიისთვის „შავ სიაში“ ჩასმა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამ კუთხით ჯერ არ გამართულა სასამართლო პროცესები,“ – განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურისტი თამილა გაბაიძე.

2017 წლის მაისში ლაშა კომახიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ექსტენციის პროგრამის განხორციელებისთვის რეალურად მზად არ იყო. მინისტრის დაპირებით, ინოვაციური პროგრამა მხოლოდ საზაფხულო სამუშაოებზე ჩატარდებოდა.

მოახერხა თუ არა სამინისტრომ „აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამის განხორციელება? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ პროგრამა ნაწილობრივ განხორციელდა და ფერმერებს 700 ჰექტარ ტერიტორიაზე მცენარეთა დაავადებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„ეს პროგრამა უნდა ყოფილიყო მასობრივი, რაც არ გამოვიდა იმის გამო, რომ ტენდერი ჩაიშალა, – გვიყვება ააიპ„აგროსერვის ცენტრის“ დირექტორი გოჩა ბერიძე, – პროგრამა გაეროს განვითარების ფონდმა დააფინანსა. ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ფონდმა გამოგვიყო 34 ათასი ლარი. ტენდერი 28 ათას ლარად „შავი ზღვის ეკო-აკადემიამ“ მოიგო. ამ პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს მივაწოდეთ ინფორმაცია მავნებელ დაავადებებზე, როგორ უნდა გამოიყენონ შესაწამლი ნივთიერებები, რა ფორმით და ასე შემდეგ“.

„შავი ზღვის ეკო-აკადემია“ იმ ტენდერშიც მონაწილეობდა, რომელიც „მომავლის ფერმერმა“ მოიგო. საუბარია „აგრარული ექსტენციის მიწოდებაზე“, რაც სამინისტროს „ეკო-აკადემიამ“ 208 242 ლარად შესთავაზა, „მომავლის ფერმერმა“ კი – 179 230 ლარად. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 211 833 ლარი იყო.

„აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამა მთელი წლის განმავლობაში მოიცავდა ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებას როგორც მემცენარეობის, ისე მეცხოველეობის და მეთევზეობის კუთხით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: