მთავარი,სიახლეები

როგორ აისახა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შუახევის გამგეობაზე

23.08.2017 • 2388
როგორ აისახა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შუახევის გამგეობაზე

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვახტანგ ბერიძის სარჩელი. ეს მოქალაქე შუახევის კულტურის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასაჩივრებდა. მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს ნებისმიერ დროს აქვს, მათ შორის, დარღვევის არარსებობის შემთხვევაშიც.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული ის გადაწყვეტილებაც ახსენა, რომლითაც ახალი პრაქტიკა დამკვიდრდა.

გასული წლის ბოლოს უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა ლაშა ბერძენიშვილის საქმეზე.

ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი იყო 2015 წლის 23 აპრილამდე. ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, იგი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე გაუშვა სამსახურიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიჩნია, რომ დასაბუთების გარეშე დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა უსამართლოა იმის მიუხედავად, რომ ააიპ-ის უფროსთან მიმართებაში შრომის კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთობები არ ვრცელდება.

ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბათუმის მერიამ ლაშა ბერძენიშვილი სამსახურში აღადგინა და სამ დღეში ისევ გაათავისუფლა – ამჯერად, კონკრეტული დასაბუთებით, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. ამის მიუხედავად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.

განსხვავებული გადაწყვეტილება ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ მიიღო, რომელმაც თქვა, რომ ბათუმის მერიას ააიპ-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეეძლო, მათ შორის, მაშინაც, როცა ააიპ-ის უფროსს კონკრეტულად არაფერი დაურღვევია, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დავალების ხელშეკრულებასთან და არა შრომის კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებთან.

როცა უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საუბრობდა რისკებზე, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა, რადგან დამკვიდრდებოდა ახალი პრაქტიკა. მაშინ ეს ორგანიზაცია ლაშა ბერძენიშვილის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ახლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ვახტანგ ბერიძეს იცავს და ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად საფუძვლიანი იყო ვახტანგ ბერიძის გათავისუფლება. მინიმუმ უნდა დადგინდეს, გათავისუფლების საფუძვლის კანონიერება. ეს მნიშვნელოვანია საქმიანი რეპუტაციისთვის. მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს საერთოდ არ უმსჯელია, რამდენად სამართლიანი იყო ვახტანგ ბერიძის სამსახურიდან გათავისუფლება და გვქონდა თუ არა სახეზე დისციპლინური გადაცდომა, რაც მიუთითა შუახევის მუნიციპალიტეტმა… მოველოდით კიდეც, როცა მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ  ლაშა ბერძენიშვილის საქმის ნომერი გამოაცხადა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოიშველია,“ – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ამ ორგანიზაციის კიდევ ერთ იურისტს, ანა ბერძენიშვილს ვკითხეთ, როგორ უნდა შეიცვალოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურის უფროსს ნებისმიერ დროს შეუძლია გაათავისუფლოს არასამეწარმეო იურიდიული პირის უფროსი.

„საკანონმდებლო რეგულაცია უნდა შეიქმნას იმდაგვარი, რითაც კონრკეტულად განისაზღვრება მერიის, ან გამგეობის უფლებამოსილებები ააიპ-ებთან მიმართებაში… ვახტანგ ბერიძესთან მიმართებით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არ გამორიცხავდა იმას, რომ ხელვაჩაურის სასმართლოს ემსჯელა, ადმინისტრაციულ გადაცდომებს ჰქონდა თუ არა ადგილი,“ – მიიჩნევს ანა ბერძენიშვილი.

ვახტანგ ბერიძე 2017 წლის 4 მაისს გაათავისუფლა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ. მანამდე „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იტალიაში იმყოფებოდა.

გამგებელი აცხადებს, რომ მივლინება იტალიაში მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ვახტანგ ბერიძემ „თვითნებურად მიატოვა სამსახური“.

საპირისპიროს ამბობს ვახტანგ ბერიძე. იგი შუახევის გამგეობაში ნეპოტიზმის ნიშნებზე საუბრობს.

ვახტანგ ბერიძის გათავისუფლების შემდეგ, ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ დირექტორის სავარძელი მაკა მაკარაძემ დაიკავა, რომელიც შუახევის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა, ასევე არის აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის – თეონა ბერიძის ნათესავი.

ფოტოზე: ვახტანგ ბერიძე და შუახევის მუნიციაპლიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: